როგორ გავზარდოთ მოწონებების რიცხვი ინსტაგრამზე

აგვისტო 17, 2022

როგორ გავზარდოთ მოწონებების რიცხვი ინსტაგრამზე

გსურთ გაიგოთ, თუ როგორ გაზარდოთ ინსტაგრამის მოწონებები? დიდი ალბათობით, გსურთ. ამიტომ განაგრძეთ სტატიის კითხვა.

გსურთ გაიგოთ, როგორ გაზარდოთ ინსტაგრამის მოწონებები? 

პასუხი შეიძლება კომპლექსური იყოს და არაერთ მეთოდს მოიცავდეს, თუმცა ერთი რამ ცხადზე ცხადია — მოწონებები არ უნდა იყიდოთ! მოწონებების, ისევე როგორც გამომწერების ყიდვის დროს, თქვენ ინსტაგრამის მოხმარების წესებს არღვევთ, რამაც შესაძლოა ანგარიშს გარკვეული პრობლემებიც შეუქმნას.

ნაცვლად ამისა, დაუთმეთ დრო მაღალხარისხიანი კონტენტის წარმოებას. ისეთი კონტენტის, რომელიც უშუალოდ თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე იქნება გათვლილი და მათ სურათზე ორჯერ დაკლიკებას მოანდომებს. თუმცა, ასეთი კონტენტის შექმნა, რასაკვირველია, საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სტატიაში შევეცდებით გაგიზიაროთ ისეთი სახის რჩევები, რომლებიც ამ პროცესს მაქსიმალურად გაგიმარტივებთ.

 

აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა ინსტაგრამის მოწონებებს?

 

2019 წელს ინსტაგრამმა ახალი ფუნქციონალის ტესტირება დაიწყო, რომლის საშუალებითაც, მომხმარებლებს პოსტიდან მოწონებების რაოდენობის დამალვა შეეძლოთ. როგორც ინსტაგრამის აღმასრულებელი დირექტორი, ადამ მოსერი აცხადებდა, ეს გადაწყვეტილება მიზნად პლატფორმაზე კონკურენციის შემცირებისა და მენტალური ჯანმრთელობის მოფრთხილებას ისახავდა. ინსტაგრამს სურს, რომ თქვენი მეგობრები კონცენტრირებულნი იყვნენ ფოტოებსა და ვიდეოებზე და არა იმაზე, თუ რამდენი მოწონება აქვს თქვენს პოსტს.

აზრთა სხვადასხვაობის გამო, 2021 წელს ინსტაგრამმა მომხმარებლებს არჩევანის საშუალება მისცა — დაემალათ მოწონებების რაოდენობა ყველა პოსტზე ან მხოლოდ საკუთარ ფიდზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, დავმალავთ თუ არა ჩვენ მოწონებებს, ინსტაგრამის ალგორითმი კვლავინდებურად დააკვირდება ჩართულობის მაჩვენებლებს და უფრო მეტად იმ პოსტებს გაავრცელებს, რომლებიც შედარებით მეტ მოწონებებსა და კომენტარებს აგროვებენ.

შესაბამისად, თუ გსურთ, რომ თქვენს პოსტებს რაც შეიძლება მეტი ადამიანი იწონებდეს, მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს რჩევებს.

 

1. გამოიყენეთ სწორი ჰეშთეგები

ინსტაგრამის ჰეშთეგების გამოყენება საკმაოდ ეფექტურ გზაა რიჩისა და აუდიტორიის გასაზრდელად. პოსტის გამოქვეყნების ან სთორის დადების შემდეგ, ის ჰეშთეგის გვერდზეც ჩნდება. თქვენი პოსტი შესაძლოა იმ ადამიანის ფიდზეც გამოჩნდეს, რომელიც ამ კონკრეტულ ჰეშთეგს მიჰყვება.

მაგალითად, Cartoon Network-ს ამ პოსტში გამოყენებული აქვს #mychildhood  და #nostalgia ჰეშთეგები. იმასთან ერთად, რომ ეს ჰეშთეგები რელევანტურია, პოსტი შესაბამისი ჰეშთეგების გვერდზეც ვრცელდება.

 

2. შექმენით მიმზიდველი აღწერები

მართალია, ინსტაგრამი საკმაო გულუხვობას იჩენს პოსტების აღწერაზე 2,200 სიმბოლოს დაშვებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიმიტი სრულად უნდა გამოიყენოთ. პოსტს შეგიძლიათ მისტიური და მოკლე წინადადებაც დაურთოთ. რა თქმა უნდა, ის პოსტის შინაარს უნდა აღწერდეს და მას შეესაბამებოდეს. თუმცა, თუ ლიმიტის შევსება ეფექტურ შედეგს გაძლევთ, მაშინ ცხადია, ასეც უნდა განაგრძოთ.

მთავარია, რომ ეს აღწერა აუდიტორიაში ჩართულობას იწვევდეს და მათ პოსტის მოწონებისაკენ უბიძგებდეს. ინსტაგრამის პოსტის ეფექტური აღწერები რელევანტურ ინფორმაციას შეიცავენ და ბრენდის პიროვნულ ხასიათსაც გადმოსცემენ.

მაგალითად, National Geographic საკუთარ პოსტებს საკმაოდ ვრცელ აღწერებს ურთავს. მიმზიდველი და საინტერესო სურათების წარმოჩენასთან ერთად, ისინი საკუთარ აუდიტორიას რაიმე ახალსაც ასწავლიან (რა თქმა უნდა, პოსტის კონტექსტში), რასაც ჩართულობის გამოწვევა ნამდვილად შეუძლია.

3. მონიშნეთ მხოლოდ რელევანტური მომხმარებლები

საკუთარ პოსტებზე ბრენდს ნიშნავთ, ინფლუენსერს, მეგობარს თუ იმ ადამიანს, რომელთანაც დაკავშირება გსურთ, მთავარია, გამოხატოთ თქვენი პატივისცემა და აჩვენოთ, თუ რამდენად აფასებთ მას.

როდესაც საკუთარ პოსტზე ბრენდს ან ადამიანს ნიშნავთ, ის შესაძლოა თქვენი აუდიტორიის გარდა, მათმა აუდიტორიამაც ნახოს. მაგალითად, მოდის ერთ-ერთი ინფლუენსერი Ebonee Davis-ი საკუთარ პოსტზე მეიქაფ არტისტსა და სტილისტს ნიშნავს, რაც მისი მხრიდან მადლიერების გამოხატვის ჟესტს წარმოადგენს. ამგვარი ქმედებით, შესაძლოა მისი პოსტი მონიშნული ანგარიშის აუდიტორიამაც ნახოს და მან ახალი გამომწერებიც მოიზიდოს.

4. მონიშნეთ თქვენი ლოკაცია

ლოკაციის მონიშვნა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე იმ საუცხოო ადგილის გაზიარება, სადაც ამჟამად იმყოფებით. გეოლოკაციის მონიშვნა ადამიანებს თქვენი პოსტის პოვნაში ეხმარება. ეს განსაკუთრებით გამოსადეგი და ეფექტურია, თუ თქვენს ბრენდს ადგილობრივი მაღაზიაც აქვს.

მაგალითად, The Duppy Share-ის მიერ საკუთარ პოსტზე, სადაც მომხმარებლებს რომისა და ჯინჯერის ლუდის რეცეპტს უზიარებენ, ლოკაციის მონიშვნა ზრდის იმის შანსებს, რომ ლონდონში მოხვედრის შემთხვევაში, ლუდის მოყვარულები მათაც ესტუმრებიან.

5. დაპოსტეთ საჭირო დროს

მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამი პოსტების ქრონოლოგიას არ მიჰყვება, ალგორითმი მაინც ახალ კონტენტს ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ თქვენი პოსტი საჭირო ადამიანებმა ნახონ, ის იმ დროს უნდა გამოაქვეყნოთ, როდესაც ისინი აქტიურები არიან.

დაპოსტვის საუკეთესო დრო თითოეული ბრენდისთვის განსხვავდება, სწორედ ამიტომ, თქვენს ანალიტიკას დაკვირვებით უნდა გაეცნოთ და შეისწავლოთ ის, თუ რა დროს არის თქვენი სამიზნე აუდიტორია ყველაზე აქტიური.

6. გამოაქვეყნეთ მიმზიდველი ფოტოები

მანამ, სანამ ფოტოგრაფია მარკეტინგულ ხელსაწყოდ იქცეოდა, ის ხელოვნება იყო. ზოგჯერ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ფოტოები იმაზე მაღალი ხარისხით გამოვაქვეყნოთ, ვიდრე შესაძლებელია.

ინსტაგრამზე ფოტოების წარმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია და აქ მარტივად შეიძლება ვერ „გამოძვრეთ“. 

Apple-ის ინსტაგრამის ანგარიში ერთ-ერთი შთამბეჭდავი ბიზნეს გვერდია. თითოეული ფოტო iPhone-ით არის გადაღებული, თუმცა დააკვირდით, როგორ და რამდენად პროფესიონალურად. ისინი საკუთარ პოსტებს შესაბამის ჰეშთეგსაც ურთავენ — #ShotoniPhone.

7. გამოეხმაურეთ მომხმარებლებს

ინსტაგრამის მთავარი მიზანი საკუთარი მომხმარებლების დაკმაყოფილებაა, ამიტომ მათ ისეთ პოსტებს აწვდის, რომლებიც რელევანტური და მათთან დაკავშირებულია. თუ გსურთ, რომ საკუთარი აუდიტორიაც გაზარდოთ და მასთან ერთად, მოწონებების რიცხვიც, მაშინ აუცილებლად მიჰყევით სხვადასხვა გვერდებს — მოიწონეთ მათი პოსტები, დააკომენტარეთ ან გააზიარეთ.

8. დაპოსტეთ მომხმარებლის მიერ წარმოებული (UGC) კონტენტი

საკუთარი მომხმარებლებისა და ფანების მიერ შექმნილი კონტენტის გაზიარება, იდეალური გზაა ჩართულობისა და კონვერსიების გასაზრდელად. მომხმარებლისთვის საკმაოდ სასიამოვნოა, როდესაც მისი საყვარელი ბრენდი, მის კონტენტს აზიარებს. ბრენდისთვის კი ეს სოციალურ მტკიცებულებას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები კომპანიას ენდობიან და მისი პროდუქტით კმაყოფილები არიან. ეს კი, თავის მხრივ, პოტენციურ მომხმარებლებს უბიძგებს, რომ თქვენი რეალური მომხმარებლები გახდნენ. ჩვენ, ადამიანები ხომ უფრო მეტად ადამიანებს ვენდობით?

Fenty Beauty-ის ინსტაგრამი, ძირითადად საკუთარი მომხმარებლის ვიდეოებითა და პროდუქტის მიმოხივლებით არის დატვირთული.

9. დაპოსტეთ კულისებს მიღმა კონტენტი

გარდა საბოლოო პროდუქტებისა და მუდმივი შრომის შედეგის ჩვენებისა, შეგიძლიათ მომხმარებლებს სრული სამუშაო პროცესი გაუზიაროთ და აჩვენოთ, თუ როგორ მიხვედით აქამდე.

ადამიანებს მოსწონთ იმის ნახვა, თუ როგორ კეთდება რაიმე. ამიტომ, „შეახედეთ“ მათ საკუთარი მუშაობის პროცესისთვის, აჩვენეთ გადაღებები, პროდუქტის შეფუთვის პროცესი, მისი დისტრიბუცია. ამ რილსის საშუალებით, Cold Stone Creamery - ი საკუთარ მომხმარებლებს აჩვენებს, თუ როგორ კეთდება ორეოს საუცხოო ნაყინი.

10. სცადეთ მიმების შექმნა

ალბათ მოგწონთ ისეთი კონტენტის ნახვა, რომელსაც თქვენი გაცინება და გამხიარულება შეუძლია, ხომ მართალია? დიდი ალბათობით, ეს თქვენს აუდიტორიასაც მოსწონს. ამიტომ, გააცინეთ ისინი სახალისო მიმების, ფრაზების, კომიქსებისა და გიფების საშუალებით.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ხუმრობა არ უნდა გაუზიაროთ საკუთარ აუდიტორიას. ის აუცილებლად ბრენდსა და მის ხასიათს უნდა ესადაგებოდეს.

ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია ამ მიმართულებით — Wendy’s - ია. ისინი საკუთარ ბრენდს ხუმრობებს პროფესიონალურად არგებენ და აუდიტორიასაც ამახსოვრებენ თავს.

11. დააკვირდით, რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები

საკმაოდ გონივრული იქნება, თუ თქვენი კონკურენტების კამპანიებსა და მეთოდებსაც შეისწავლით. დააკვირდით, რა მუშაობს მათ შემთხვევაში და რა არა. თუ თქვენი კონკურენტისთვის რაიმე კარგად მუშაობს, დიდია ალბათობა იმისა, რომ მსგავსი რამ თქვენს ბიზნესსაც წაადგება. სწორედ აქ ერთვება საქმეში კონკურენტული ანალიზი და სოციალური მედიის შესწავლა.

სოციალურ მედიაზე დაკვირვებით, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ტრენდები და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ნიშნები. გარდა იმისა, თუ რას ფიქრობენ მომხმარებლები თქვენს ბრენდზე, იმასაც გაიგებთ, თუ რას ფიქრობენ ისინი თქვენს კონკურენტებზე. ასეთი შემთხვევის ეფექტურად გამოყენებისას კი სწორედ იმ დროს გამოიჩენთ თავს, როდესაც კონკურენტი საკუთარ პოზიციებს კარგავს.

12. გამართეთ მოწონებებზე გათვლილი კონკურსები

ხარისხიანი კონკურსის დაგეგმვა, შესაძლოა საკმაო დროსა და ძალისხმევას მოითხოვდეს, თუმცა თუ ჩართულობის ძალიან სწრაფად გაზრდა გსურთ, მაშინ „მოიწონე, რათა მოიგო“ ტიპის კონკურსი ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა.

მთავარია, რომ მომხმარებელს ისეთი პრიზი შესთავაზოთ, რომელიც მას მოეწონება. ასეთი ტიპის კონკურსი ბევრ მოწონებას დაგიგროვებთ და პოტენციურ აუდიტორიასაც მოიზიდავს. გახსოვდეთ, არ არის საჭირო iPhone-ის, ვერსაჩეს ჩანთების ან მალდივების საგზურის გათამაშება. პრიზის სახით მომხმარებელს შეგიძლიათ საკუთარი პროდუქციაც გადასცეთ.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ინსტაგრამის 5 ანალიტიკური ხელსაწყო მარტივი მონიტორინგისთვის

რატომ არ უნდა დაპოსტოთ ყველა სოციალურ ქსელში ერთდროულად

ინსტაგრამის ხელსაწყოები 2022 წლისთვის