როგორ მუშაობს LinkedIn-ის ალგორითმი

ივლისი 14, 2022

როგორ მუშაობს LinkedIn-ის ალგორითმი

რამდენადაც არ უნდა გვესახებოდეს ლინკდინი, როგორც ბიზნეს პლატფრომა, ის მაინც სოციალური მედია ქსელია და როგორც სხვა სოციალური ქსელები კონტენტის გავრცელებისას, ისიც სპეციალური ალგორითმით ხელმძღვანელობს.

რამდენადაც არ უნდა გვესახებოდეს ლინკდინი, როგორც ბიზნეს პლატფორმა, ის მაინც სოციალური მედია ქსელია და როგორც სხვა სოციალური ქსელები კონტენტის გავრცელებისას, ისიც სპეციალური ალგორითმით ხელმძღვანელობს. და როგორც ყველა სხვა ალგორითმი, მისი ალგორითმიც სხვადასხვა ფაქტორებს ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამ ფაქტორების ცოდნა კი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურთ, რომ თქვენი პოსტები ფართო აუდიტორიას მისწვდეს და ის საჭირო ადამიანებმა ნახონ. თუ პლატფორმის მაგიური ფორმულის გაგება გსურთ, მაშინ აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა და გაიგეთ, როგორ მუშაობს ლინკდინის ალგორითმი 2022 წელს.

 

რა არის ლინკდინის ალგორითმი

ლინკდინის ალგორითმი საკმაოდ ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ და რომელ პოსტს ნახავს პლატფორმაზე.

თემები, ადამიანები და პოსტების სახეობები, რომელთა მიმართებაშიც მომხმარებელი ყველაზე ხშირ ინტერაქციას გამოხატავს, მკვეთრად მოქმედებს მისი სიახლეების კედლის კონტენტზეც.

ლინკდინის ბაზაში 810 მილიონი მომხმარებელია. ალგორითმი მილიარდობით პოსტს ამუშავებს ყოველდღიურად — ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ ლინკდინის კედელი თქვენთვის მაქსიმალურად საინტერესო იყოს. (ალბათ, ლინკდინის ალგორითმს ყველა უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ის ამ დროისათვის, საქმეს ძალიან ეფექტურად ასრულებს).

ლინკდინის საბოლოო მიზანიც — რელევანტური კონტენტის წინა ფლანგზე წამოწევა და ჩართულობის გაზრდაა. მათაც სურთ, რომ თქვენ ამ პლატფორმაზე დრო პრდუქტიულად გაატაროთ. ეს არ არის უბრალოდ მოსაწყენი პლატფორმა ნეთვორქინგისთვის. ლინკდინი სოციალური ქსელია, სადაც თქვენი რეზიუმეც გაქვთ განთავსებული კომპანიებთან მომავალი პარტნიორობებისთვისა თუ თანამშრომლობისთვის.

 

ლინკდინის ალგორითმი 2022 წელს: როგორ მუშაობს ის

თუ იცით, როგორ მოაწონოთ საკუთარი კონტენტი ალგორითმს, მაშინ ის ყოველმხრივ თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. თუმცა, თუ ალგორითმს იმედებს გაუცრუებთ, შესაძლოა ის სამუდამოდ მიიმალოს ლინკდინის „საკუჭნაოში“. ცხადია, გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ მუშაობს ლინკდინის ალგორითმი?

 

ლინკდინი წყვეტს, ორგანულია თქვენი კონტენტი თუ სპამი

ლინკდინის ალგორითმი გარკვეულ მახასიათებლებს ითვალისწინებს იმის დასადგენად, რელევანტურია თუ არა თქვენი პოსტი მოცემული აუდიტორიისთვის. ის თქვენს კონტენტს, სამიდან ერთ-ერთ კატეგორიაში მოათავსებს: სპამი, დაბალხარისხიანი, მაღალხარისხიანი. თითოეული მათგანის განმარტება კი ასეთია:

სპამი — თქვენი კონტენტი შესაძლოა ჩაითვალოს სპამად, თუ პოსტის გრამატიკა გაუმართავია ან ბევრ ბმულს შეიცავს. ასევე მოერიდეთ ძალიან ხშირად პოსტვას და ბევრი ადამიანის მონიშვნას.

დაბალხარისხიანი — ასეთი პოსტები სპამებს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ არც კონტენტის საუკეთესო პრაქტიკებს ითვალისწინებენ. თუ თქვენი კონტენტი არ იწვევს ჩართულობას, მაშინ ალგორითმი მას დაბალხარისხიანად ჩათვლის.

მაღალხარისხიანი — ასეთი პოსტები ლინკიდინის ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებენ, მათ შორის:

  • პოსტი მარტივი წასაკითხია;
  • მომხმარებელს შეკითხვების დასმისკენ უბიძგებს;
  • იყენებს სამ ან სამზე ნაკლებ ჰეშთეგს;
  • მოიცავს ძლიერ საკვანძო სიტყვებს;
  • მხოლოდ ისეთ ადამიანებს ნიშნავს, რომლებიც რეალურად ეხმაურებიან პოსტს.

რჩევა: გამავალი ბმულები კომენტარების სექციისთვის შემოინახეთ.

 

ლინკდინი თქვენს პოსტს ტესტავს

მას შემდეგ, რაც ლინკდინის ალგორითმი დარწმუნდება, რომ თქვენი პოსტი სპამი არ არის, ის მას შედარებით ვრცელ აუდიტორიაზე გაავრცელებს. თუ ამ პოსტს მაღალი ჩართულობა მოჰყვა (მოწონება, კომენტარი და გაზიარება), მაშინ ის კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას მისწვდება.

თუმცა, თუ ის ამ ეტაპს წარმატებით ვერ გაივლის და უარეს შემთხვევაში, აუდიტორია მონიშნავს მას სპამად ან საკუთარი კედლიდან დამალავს, ლინკდინი მას საერთოდ აღარ გაავრცელებს. ეს პროცესი პოსტის გამოქვეყნების პირველივე საათში მიმდინარეობს.

ტესტის შედეგების გასაზრდელად:

  • დაპოსტეთ იმ დროს, როდესაც თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია;
  • გამოეხმაურეთ ნებისმიერ კომენტარსა და შეკითხვას;
  • წაახალისეთ ჩართულობა შეკითხვებით;
  • დაპოსტეთ თანმიმდევრულად, რათა აუდიტორიას თქვენი პოსტების მოლოდინი ჰქოდნეს;
  • გააქტიურდით საკუთარი კედლის გარეთაც, გამოეხმაურეთ სხვადასხვა პოსტებს. ამგვარად, შესაძლოა დამატებითმა აუდიტორიამ გაიგოს თქვენ შესახებ და თქვენს გვერდზეც გადმოვიდეს.

უკვე ვახსენეთ, რომ თუ თქვენი პოსტი საკმაო ჩართულობას აგროვებს, მაშინ ლინკდინის ალგორითმი მას უფრო მეტ ადამიანს წარუდგენს. ის, თუ ვინ ნახავს თქვენს პოსტებს, უკვე სამ სარეიტინგო სიგნალზეა დამოკიდებული:

1. რამდენად ახლოს ხართ გამომწერებთან — რაც უფრო მეტად ხართ დაკავშირებული გამომწერებთან, მით მეტია იმის შანსი, რომ მას თქვენი კონტენტი შეხვდება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობთ ან გიმუშავიათ, უფრო ხშირად გაეცნობიან თქვენს პოსტებს.

2. თემისადმი ინტერესი — მომხმარებლის ინტერესებს ლინკდინი იმ ჯგუფების, გვერდების, ჰეშთეგებისა და ადამიანების მიხედვით განსაზღვრავს, რომლებიც მათ გამოწერილი აქვთ.  თუ თქვენი პოსტი ისეთ თემას ეხება, რომელიც მომხმარებლის ინტერესების სფეროში ჯდება, მაშინ ეს ნამდვილად კარგი ამბავია.

გარდა ამისა, ალგორითმი კიდევ რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებს. მათ შორის, პოსტში გამოყენებულ ენას, მონიშნულ ადამიანებსა და პოსტის თემატიკას.

3. ჩართულობის ალბათობა — ჩართულობის ალბათობა ორგვარად იზომება. პირველ რიგში, რამდენად გამოხატავს მომხმარებელი ჩართულობას კონკრეტული პოსტისადმი. ეს დამოკიდებულია წარსულ ქცევასა და აქამდე გამოხატულ ინტერაქციებზე.

მეორე სიგნალია ის, თუ ზოგადად, რამხელა ჩართულობას იწვევს პოსტი. თუ ეს პოსტი საკმაოდ აქტუალური გახდა და ბევრი დიალოგის წამოწყებასაც დაუდო საფუძველი, მაშინ ალგორითმი თვლის, რომ მისი ნახვა უფრო მეტ ადამიანსაც მოუნდება.

 

11 რჩევა ლინკდინის ალგორითმის „მოსახიბლად“

იყავით რელევანტური

კონტენტ კრეატორებს რელევანტურობის მიღწევა რამდენიმე გზით შეუძლიათ. პირველი და უმთავრესი წესია — იცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას. დაიწყეთ აუდიტორიის გამოკვლევით და გამოიყენეთ ანალიტიკური მონაცემები სხვა პლატფორმებიდანაც. გამოყავით ინტერესები, გაიგეთ, თუ რა მისწრაფებები აქვს აუდიტორიას. საკუთარი მომხმარებლის პერსონის შესაქმნელად, შეგიძლიათ კონკურენტის აუდიტორიაც გამოიყენოთ.

რელევანტურობა შესაძლოა ფორმატთანაც იყოს დაკავშირებული. პოსტები, რომლებსაც სურათებიც აქვთ დართული, უფრო მეტ კომენტარს აგროვებენ. რაც შეეხება ლინკდინის ვიდეოებს, ისინი ხუთჯერ მეტ ჩართულობას აგენერირებენ. კრეატორებმა ისეთი ფორმატები უნდა გამოიყენონ, რომლებიც ლინკდინის აუდიტორიაში გავრცელებული და პოპულარულია. ეს მათ ინტერესებსაც დააკმაყოფილებს და თქვენს პოსტებს რელევანტურობასაც შესძენს.

 

დაგეგმეთ თქვენი პოსტები ოპტიმალური დროისათვის

მაღალი ჩართულობის გამოწვევა პირველ საათებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ცხადია, თქვენს პოსტზე ვერ ნახავთ უხვ კომენტარებსა და მოწონებებს მაშინ, როდესაც თქვენს აუდიტორიას სძინავს.

მაქსიმალური შედეგიანობისთვის საჭიროა, რომ თქვენი პოსტები ოპტიმალურ დროს გამოაქვეყნოთ. იმ დროს, როდესაც თქვენი აუდიტორია ყველაზე აქტიურია. შესაძლოა ზოგადი დროები სხვადასხვა კვლევებიდან მოვიძიოთ, მაგალითად, სამშაბათისა და ოთხშაბათისთვის დილის 9 საათი, თუმცა თითოეული ბრენდი საკუთარ აუდიტორიას და ანალიტიკას უნდა აკვირდებოდეს.

 

გააპიარეთ საკუთარი პოსტები (ლინკდინზე და მის გარეთ)

ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჩართულობის გასაზრდელად, იმ ადამიანების რიცხვის გაზრდაა, რომლებიც თქვენს პოსტს ხედავენ. კრეატორებს ამის მიღწევა არაერთი გზით შეუძლიათ:

  • მონიშნეთ რელევანტური კომპანიები ან ადამიანები;
  • სტრატეგიულად გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები (Keyword);
  • დაურთეთ პოსტს რელევანტური ჰეშთეგები

ბრენდირებული ჰეშთეგებიც საკმაო პოტენციალით ხასიათდებიან. თუ ისეთ ჰეშთეგს შექმნით, რომელსაც ბევრი ადამიანი გამოიწერს, თქვენი კონტენტის გავრცელების ალბათობა საკმაოდ დიდი იქნება. ასეთი ჰეშთეგების მაგალითს წარმოადგენს: Google-ის — #GrowWithHashtag, Adobe-ის — #AdobeLife, Nike-ის — #Justdoit…

გაითვალისწინეთ, არ არის აუცილებელი, რომ პოსტი მხოლოდ ლინკდინის პლატფორმაზე დარჩეს. თუ მისით შესაძლოა, რომ უფრო ფართო აუდიტორიაც დაინტერესდეს, გადააზიარეთ ის სხვა პლატფორმებზე ან დაურთეთ თქვენს ყოველკვირეულ მეილებს. ამგვარად, შესაძლოა არააქტიური ლინკდინის წევრები ჩართოთ თქვენს კონტენტში.

 

მოერიდეთ გამავალ ბმულებს

ლინკდინს არ სურს, რომ სადმე წახვიდეთ. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ალგორითმს არ მოსწონს გამავალი ბმულები. ამაზე არაერთი ექსპერიმენტი ჩატარებულა და ცალსახაა, რომ პოსტები გამავალი ლინკების გარეშე, გაცილებით ეფექტურია.

თუ აუცილებლად გჭირდებათ ისეთი ბმულის გაზიარება, რომელსაც მომხმარებელი სხვა პლატფორმაზე გადაჰყავს, მაშინ ის კომენტარების სექციაში დატოვეთ.

 

წაახალისეთ ჩართულობა

ლინკდინის ალგორითმი ჩართულობისთვის, შესაბამისადაც გაჯილდოვებთ, განსაკუთრებით ისეთი პოსტებისთვის, რომლებსაც ბევრი დიალოგი მოჰყვება. დიალოგების წამოწყების საუკეთესო გზას კი — კითხვების დასმა წარმოადგენს.

სთხოვეთ აუდიტორიას საკუთარი მოსაზრების გაზიარება. ამგვარად, თქვენი აუდიტორიისა და მათი ინტერესების შესახებ, უფრო მეტსაც შეიტყობთ. რასაკვირველია, დიალოგში თქვენც უნდა ჩაერთოთ და მათი პასუხები უკომენტაროდ არ დატოვოთ.

 

შექმენით ორიგინალი კონტენტი

თქვენ მიერ შექმნილი პოსტები გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე გადაზიარებული პოსტები. თუ მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტის გამოყენებას აპირებთ, შეიტანეთ მასში საკუთარი წვლილი, ელემენტი და მას შემდეგ გამოაქვეყნეთ პოსტი.

მაგალითად, Allbirds-ის სოციალური მედიის ჯგუფმა უბრალოდ მიმოხილვის პოსტს საკუთარი კომენტარი და რჩეული ციტატაც დაურთო. ამგვარად, მათ ეს პოსტი ორიგინალ კონტენტად აქციეს.

რჩევა: ნუ დაიტვირთებით გამოკითხვებით. 2022 წლის მაისში, ლინკდინმა დააანონსა, რომ ისინი ფიდზე გამოჩენილი გამოკითხვების რაოდენობას შეამცირებენ. ეს კი მომხმარებლის უკუკავშირით იყო გამოწვეული. მათ სიახლეების კედელზე, უკვე ზედმეტად ბევრი გამოკითხვის ტიპის პოსტი ხვდებოდათ.

 

გაამყარეთ თქვენი კავშირები სტრატეგიულად

კავშირები და რელევანტურობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ალგორითმის „გულის მოსაგებად“. საბოლოოდ, აქტიური სოციუმის შემოკრება ძალიან დიდ გავლენას ახდენს გვერდის განვითარებაზე.

პერსონალურ გვერდს მართავთ ლინკდინზე თუ ბიზნეს გვერდს, აუცილებლად:

  • შეავსეთ პერსონალური ან ბიზნეს პროფილი ყველა საჭირო ინფორმაციით და მუდმივად განაახლეთ ის;
  • დაამყარეთ კავშირები;
  • უბიძგეთ თანამშრომლებს იმისაკენ, რომ მათ თქვენთან მუშაობის შესახებ პოსტონ და კორპორატიული ჰეშთეგი გამოიყენონ;
  • მონაწილეობა მიიღეთ ლინკდინის ჯგუფებში ან შექმენით საკუთარი;
  • გაეცით და მიიღეთ რეკომენდაციები;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი საჯაროა და ადამიანებს მისი მოძებნა შეუძლიათ;
  • ჩაერთეთ დიალოგში;
  • გაარეკლამეთ თქვენი გვერდი საიტსა და სხვა შესაფერის პლატფორმებზე.

 

სცადეთ ახალი ფორმატები

როდესაც ლინკდინი რაიმე ახალ ფორმატს უშვებს, ალგორითმი მას ყველაზე მეტად უჭერს მხარს. შესაბამისად, ამ ექსპერიმენტში ჩართვა საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ლინკდინის სტატიები იქნება ეს, ლაივ ვიდეოები თუ სლაიდერები, მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ეტაპზევე აითვისოთ სიახლეები. ეს მაშინაც ეფექტურია, თუ ახალი ფუნქციონალი საერთოდ არ გაამართლებს. მაგალითად, ასე დავემშვიდობეთ ლინკდინის სთორებსაც.

ლინკდინის ანალიტიკა და ოპტიმიზაცია

თუ რაიმე ეფექტურად მუშაობს, აუცილებლად გაიმეორეთ ის. გამოიყენეთ ლინკდინის ან სხვა სოციალური მედია მენეჯმენტის ხელსაწყოს ანალიტიკა, რათა გაიგოთ, თუ რა ტიპის კონტენტი მუშაობს ყველაზე კარგად.

შესაძლოა, რომ ეს პოსტები ერთსა და იმავე დროს იქნა გამოქვეყნებული, ან თითოეული მათგანი რაიმე კითხვას უსვამდა აუდიტორიას. რაც არ უნდა იყოს გამომწვევი ფაქტორი, დააიდენტიფიცირეთ ის და ხშირად გაიმეორეთ კონტენტის გამოქვეყნებისას.

დაპოსტეთ ლინკდინისთვის შესაფერისი კონტენტი

ლინკდინის მომხმარებლები — პროფესიული სამყაროს წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, პოსტების შედგენისას ამის გათვალისწინება აუცილებლად დაგჭირდებათ. ეს ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც თქვენი ძაღლის იუბილესადმი მიძღვნილი წვეულების ვიდეო უნდა გააზიაროთ.

საჭიროა, რომ იცნობდეთ კონკრეტულ ნიშას და მისდევდეთ მას. არსებობს გარკვეული მიმართულებები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია პლატფორმაზე:

  • რჩევები მცირე ბიზნესის გასაზრდელად;
  • კორპორატიული კულტურის წარმოჩენა;
  • კულისებს მიღმა ოფისის კადრები;
  • კონტენტი შთამაგონებელი კონფერენციებიდან.

არ არის აუცილებელი, რომ თქვენი პოსტების ხასიათი უგულო რობოტის კორპორატიულ ხასიათს გავდეს. ბუნებრიობა, ადამიანურობა და იუმორი აქ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა პლატფორმებზე.

იყავით სანდომიანი, ბუნებრივი და თქვენი აუდიტორიაც იმავეთი გიპასუხებთ

Thinkific-ის ეს ვიდეო, თანამშრომლებზე გადაღებული ვიდეო სერიების ნაწილია, რომელიც საკმაოდ მეგობრულია და სამუშაო კულტურასაც წარმოაჩენს.

ნუ სთხოვთ ადამიანებს ცარიელ, არაფრისმომცემ ჩართულობას

ყველამ კარგად ვიცით, რომ მოწონებებს, რეაქციებსა და კომენტარებს შეუძლიათ პოსტის რეიტინგის გაზრდა. ბევრი მომხმარებელი სისტემას ეთამაშება და საკუთარ ნაცნობებს ჩართულობისაკენ აქტიურად მოუწოდებს (მოიწონეთ პოსტი, დაგვიტოვეთ კომენტარი...).

რასაკვირველია, ლინკდინს ასეთი ჩართულობა არ სურს და 2022 წლის მაისში, მათ განაცხადეს, რომ პლატფორმა აღარ წაახალისებს ასეთი ტიპის კონტენტს. ისინი ყველას მოუწოდებენ, რომ შექმნან ღირებული და ავთენტური კონტენტი. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და განაახლეთ 2022 წლის ლინკდინის სტრატეგია საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

LinkedIn-ის ახალი ფუნქციონალი ბიზნესებისთვის

სოციალური მედიის 9 ტენდენცია 2022 წლისათვის

TikTok მარკეტინგული რჩევები