როგორ გამოვიყენოთ YouTube ჰეშთეგები

ივნისი 13, 2022

როგორ გამოვიყენოთ YouTube ჰეშთეგები

სოციალური მედიისთვის ჰეშთეგები (Hashtag) იგივეა, რაც ქივორდები (Keyword) გუგლისთვის. ისინი კონტენტის კატეგორიზაციას და შესაბამისად, მათ მარტივ ძიებას უწყობენ ხელს.

სოციალური მედიისთვის ჰეშთეგები (Hashtag) იგივეა, რაც ქივორდები (Keyword) გუგლისთვის. ისინი კონტენტის კატეგორიზაციას და შესაბამისად, მათ მარტივ ძიებას უწყობენ ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ჰეშთეგების გამოყენებაზე, ძირითადად, ინსტაგრამი და ტვიტერი გვახსენდება, მათი პოტენციალი მხოლოდ ამ ორი პლატფორმით არ შემოიფარგლება. ისინი საკმაოდ ხშირად და ეფექტურად გამოიყენება იუთუბზეც.

სტატიაში სწორედ იუთუბის ჰეშთეგებზე ვისაუბრებთ — რატომ უნდა იყენებდეთ მათ, როგორ და რა წესებს უნდა მიჰყვებოდეთ.

 

რა არის YouTube ჰეშთეგი

YouTube ჰეშთეგი — რაიმე საკვანძო სიტყვა ან ფრაზაა, რომელიც # სიმბოლოთია გამოსახული. ამ სიმბოლოს ნებისმიერი სიტყვის წინ დამატება, მას კატეგორიად აქცევს და მომხმარებელს მასზე დაკლიკების შესაძლებლობასაც აძლევს. გარდა ამისა, ეს კონტენტ კრეატორებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ მათი ვიდეოების კატეგორიზაცია.

მომხმარებლებს ჰეშთეგების საშუალებით, ძიებაც კი შეუძლიათ.

ამ შემთხვევაში, სურათზე არსებულ #diy ჰეშთეგზე დაჭერით, მომხმარებელი ამ თემასთან დაკავშირებულ უამრავ ვიდეოზე მიიღებდა წვდომას. კატეგორიებში თქვენ შეგიძლიათ ყველაზე პოპულარული ვიდეოები, კონკრეტული ჰეშთეგის გარშემო მოიძიოთ.

რატომ უნდა ვიყენებდეთ ჰეშთეგებს YouTube-ზე?

ჰეშთეგები იუთუბს კონტენტის შინაარსის გაგებაში ეხმარება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პლატფორმა თქვენს ვიდეოს იმავე შინაარსის ვიდეოებთან დააკავშირებს. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი  კონტენტის მოძებნას ჰეშთეგის საშუალებით ეცდება, ისინი უამრავ სხვადასხვა ვიდეოს გაეცნობიან და მათ შორის, შესაძლოა თქვენიც აღმოჩნდეს. როგორც მიხვდით, ჰეშთეგი თქვენი ვიდეოს გავრცელებასაც ხელს უწყობს პლატფორმაზე.

მაგალითად, თუ ქვემოთ მოცემულ სურათს დააკვირდებით, აღწერაში რამდენიმე ჰეშთეგს შენიშნავთ — „#gaming“ და „#Minecraft“. ეს პლატფორმას ეხმარება მიხვდეს, თუ რა შინაარსისაა ვიდეო და შესაბამისად, საშუალება აქვს ის სწორ აუდიტორიას შესთავაზოს.

და თუ #minecraft ჰეშთეგის კატეგორიაზე გადახვალთ თქვენ ნახავთ, რომ ვიდეო საძიებო შედეგებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ის ფაქტი, რომ ვიდეო მასშტაბური იუთუბ არხის შექმნილია, ცხადია, მის რეიტინგსაც ეხმარება, თუმცა ჰეშთეგი იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს ვიდეო კონკრეტულ საძიებო შედეგებში გამოჩნდება.

რაც უფრო მარტივია თქვენი ვიდეოს მოძებნა, მით უფრო დიდია მნახველების მოზიდვის შესაძლებლობაც. მეტი ნახვები კი ხელს უწყობს რეიტინგის ზრდას და რელევანტურ საძიებო შედეგებში თქვენი ვიდეოს გამოჩენას.

YouTube ჰეშთეგებს საგრძნობლად შეუძლიათ თქვენი არხის გაზრდა და ეს მათ როგორც ბრენდებისთვის, ასევე მარკეტერებისა და კონტენტ კრეატორებისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვან იარაღად აქცევს. შესაბამისად, ჰეშთეგები YouTube SEO-ს სტრატეგიაშიც მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდნენ.

 

როგორ დავამატოთ ჰეშთეგები YouTube ვიდეოებს

იუთუბი საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენს ვიდეოებზე ჰეშთეგები ატვირთვისას დაამატოთ. ამის გაკეთება ვიდეოს დეტალების განახლების დროსაც შეიძლება. ჰეშთეგების დასამატებლად ორი ადგილი არსებობს — ვიდეოს სათაური და აღწერილობა.

თუ ჰეშთეგებს ვიდეოს სათაურში დაამატებთ, ცხადია, ისინი ვიდეოს დასახელებაში გამოჩნდებიან. ისევე როგორც ნებისმიერი ჰეშთეგი, ვიდეოს სათაურშიც ისინი ფერადი შეფერილობის იქნებიან. აი, მაგალითიც:

თუ ჰეშთეგებს ვიდეოს აღწერილობაში დაამატებთ, მათ ორ ადგილას იხილავთ. დასაწყისისთვის, ისინი ვიდეოს აღწერილობაში შემდეგნაირად გამოჩნდება.

დამატებით, პირველი სამი ჰეშთეგი, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ, ვიდეოს სათაურთანაც გამოჩნდება. ისევე, როგორც ეს ამ სურათშია.

რა უნდა გავითვალისწინოთ

YouTube-ს ჰეშთეგების განთავსებასთან დაკავშირებით, გარკვეული წესებიც აქვს. ისევე როგორც ვიდეოები, რომლებსაც პლატფორმაზე ტვირთავთ, ჰეშთეგებიც უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებსა და პირობებს. თუ თქვენი ჰეშთეგები ამ წესებს დაარღვევს, ისინი არ გამოჩნდება ვიდეოს სათაურში და შესაძლოა წაიშალოს კიდეც. YouTube-ზე ჰეშთეგის გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ:

  • არ დაამატოთ სივრცე სიტყვებს შორის გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორი ცალკეული ჰეშთეგის შექმნას არ ცდილობთ. მაგალითად, თუ გსურთ ფრაზა „ერთი ჰეშთეგი“ გადააქციოთ ერთ ჰეშთეგად, მაშინ ის უნდა დაწეროთ, როგორც "#ერთიჰეშთეგი", გამოტოვების გარეშე.
  • მოერიდეთ ერთ ვიდეოზე ძალიან ბევრი ჰეშთეგის დამატებას. ეს თქვენს ვიდეოს ნაკლებად რელევანტურს გახდის მნახველებისთვის. თანაც, იუთუბი მათ იგნორირებას დაიწყებს, იმ შემთხვევაში თუ, ჰეშთეგების რაოდენობა 60-ზე მეტი იქნება.
  • მოერიდეთ ისეთი ჰეშთეგების გამოყენებას, რომლებიც არ არიან პირდაპირ კავშირში თქვენს ვიდეოსთან. YouTube-მა შესაძლოა ვიდეო წაშალოს, თუ მას ჰეშთეგებს უსაფუძვლოდ დაურთავთ.
  • იუთუბი კრძალავს ისეთი ჰეშთეგების გამოყენებას, რომლებიც ძალადობრივ, დამცინავ, მანიპულაციურ ან დასაშინებელ ხასიათს ატარებს.

როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ჰეშთეგები იუთუბზე გამოსაყენებლად

გახსოვდეთ, რომ ჰეშთეგებს მხოლოდ დეკორაციისთვის არ ამატებთ. მათ იყენებთ, რათა თქვენი ვიდეოების გავრცელების არეალი და იდეალურ შემთხვევაში, მნახველთა რაოდენობა გაზარდოთ. შესაბამისად, რელევანტური ჰეშთეგების შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგრამ, როგორ დავრწუმნდეთ, რომ საჭირო ჰეშთეგებს ვიყენებთ?

მიიღეთ შთაგონება ტრენდული/პოპულარული ვიდეოებისგან

ის ვიდეოები, რომლებმაც უკვე უამრავი ნახვა და პოპულარობა მოიპოვეს, შესაძლოა თქვენ გზამკვლევადაც გამოიყენოთ. ვინაიდან, ეს ვიდეოები საკმაოდ გავრცელებულია, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მათ ჰეშთეგები ზედმიწევნით სწორად აქვთ შერჩეული. შესაბამისად, ამ ჰეშთეგების გამოყენება შესაძლოა თქვენთვისაც ეფექტური აღმოჩნდეს.

ტრენდული ვიდეოების სექციაში ბევრი ვიდეო შესაძლოა თქვენთან დაკავშირებული ან თქვენი მსგავსი სულაც არ იყოს. ამიტომ აჯობებს, რომ თქვენი მთავარი გვერდიდან რამდენიმე რეკომენდებული თემატიკა შეარჩიოთ.

ეს თემები თქვენი ნახვების ისტორიასა და ინტერესებზე იქნება დაყრდნობილი. შესაბამისად, შესაძლოა თქვენთვის უფრო მეტად რელევანტური და გამოსადეგი იყოს. თითოეული თემისთვის, იუთუბი ყველაზე პოპულარულ ვიდეოებსაც გაჩვენებთ. გადადით ვიდეოებზე და დააკვირდით, რომელ ჰეშთეგებს იყენებენ ისინი.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ვიდეოს შესაძლოა ჰეშთეგი სულაც არ ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი პოპულარულ გვერდებს ეკუთვნიან. საჭიროა მოძებნოთ ჰეშთეგიანი ვიდეოები და დაფიქრდეთ, რომლის გამოყენება შეიძლება იყოს თქვენთვის ხელსაყრელი. მაგალითად, სურათზე ხედავთ, რომ ვიდეოში გამოყენებულია ჰეშთეგები #BeYOUTiful, #skincare, #skinfluencer. მართალია, BeYOUTiful ამ არხისთვის სპეციფიკური ჰეშთეგია, თუმცა #skincare და #skinfluencer კანის მოვლის საშუალებებისთვისა და ამ თემასთან დაკავშირებული გვერდების, ზოგადი და საკმაოდ კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს.

შეისწავლეთ კონკურენტებიც

ერთ-ერთ საუკეთესო შთაგონების წყაროს, თქვენი კონკურენტები წარმოადგენენ. შეისწავლეთ მათ მიერ გამოყენებული ჰეშთეგები, დააკვირდით რა თემების გარშემო ქმნიან კონტენტს და რით ახერხებენ ისინი მნახველების მოზიდვას.

გადადით ვიდეოების სექციაში თქვენი კონკურენტის იუთუბ არხზე, შემდეგ კი გაფილტრეთ კონტენტი და აირჩიეთ „ყველაზე პოპულარული“.

ამის შემდეგ ნახეთ ის ვიდეოები, რომლებმაც არხს ყველაზე მეტი ნახვები მოუტანეს და დააკვირდით, რომელი ჰეშთეგებია გამოყენებული. მათი გამოყენება შესაძლოა, თქვენთვისაც რელევანტური იყოს.

ავტომატური რეკომენდაცია

კიდევ ერთ საშუალება იუთუბის ავტომატური რეკომენდაციებია. ჩაწერეთ საძიებო ველში, უბრალოდ „#“. აქ იუთუბი პლატფორმაზე მიმდინარე ყველაზე პოპულარულ და ძებნად ჰეშთეგებს შემოგთავაზებთ. ნახეთ, არის თუ არა აქ რაიმე ისეთი ჰეშთეგი, რომლის გამოყენებასაც შეძლებდით.

გამოიყენეთ იუთუბის ჰეშთეგების გენერატორი

შეგიძლიათ დამატებითი დრო დაზოგოთ და ამისათვის ჰეშთეგების გენერატორი გამოიყენოთ. ეს თქვენ დაგეხმარებათ, ავტომატურად აღმოაჩინოთ ყველაზე პოპულარული და რელევანტური ჰეშთეგები თქვენი კონტენტისთვის. Keywordtool.io და vidIQ სწორედ ასეთი ხელსაწყოების კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც იუთუბისთვის დამახასიათებელ ჰეშთეგებს გაპოვნინებენ.

მათი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ჰეშთეგების რეკომენდაციასთან ერთად, იმასაც გიაგებთ, თუ რატომ არის ეს ჰეშთეგები პოპულარული. ეს ნიშნავს, რომ თვენ მიიღებთ მონაცემებს თითოეულ ჰეშთეგზე — ძიების მოცულობას, ტენდენციისა და კონკურენციის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, თქვენ უფრო გონივრულ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

საუკეთესო პრაქტიკები იუთუბზე ჰეშთეგების გამოსაყენებლად

გამოიყენეთ მხოლოდ რელევანტური ჰეშთეგები

იუთუბი არ გვირჩევს ისეთი ჰეშთეგების გამოყენებას, რომლებიც ჩვენს ვიდეოსთან პირდაპირ კავშირში არ არიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ უბრალოდ ტრენდული ჰეშთეგების გამოყენებას ვერ შეძლებთ, თუ მათი შინაარსი ვიდეოსას საგრძნობლად სცდება. იუთუბმა შესაძლოა ეს დარღვევად ჩათვალოს და როგორც ვახსენეთ, ვიდეოც წაგიშალოთ.

ეცადეთ, ხშირად გამოიყენოთ ზემოთ განხილული ქივორდის გენერატორები, რათა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად რელევანტური ჰეშთეგების მოძიება შეძლოთ. ეს თქვენს ვიდეოს საჭირო ადამიანებამდეც მიიტანს და იუთუბის სიმპათიასაც მოგაპოვებინებთ.

მოერიდეთ ზედმეტი ჰეშთეგების გამოყენებას

ისევე როგორც სტატიების გადატვირთვა შეიძლება ქივორდებით, იუთუბის ვიდეოებსაც შეიძლება ძალიან ბევრი ჰეშთეგი დაურთოთ, რაც ცხადია, არასასურველია. ეს ყველანაირად უნდა აიცილოთ თავიდან. YouTube-მა თავად განაცხადა, რომ დააიგნორებს იმ ვიდეოებს, რომლებიც 60-ზე მეტ ჰეშთეგს გამოიყენებენ.

თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ 60 ჰეშთეგი სრულად უნდა შეავსოთ. გახსოვდეთ, რომ რელევანტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აქაც ზომიერება უნდა შეინარჩუნოთ და შეეცადოთ, რომ ჰეშთეგების რაოდენობა ორიდან ოთხამდე შუალედში მოაქციოთ.

შექმენით ბრენდირებული ჰეშთეგები

ჰეშთეგების გამოყენებისას არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ შესაძლოა მნახველმა მასზე გადასვლა მოინდომოს, თქვენი ვიდეოს გვერდი კი დატოვოს. ამგვარი მოქმედებით მომხმარებელი გადავა გვერდზე, სადაც სხვა არხების მსგავსი ვიდეოები იქნება განთავსებული. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ბრენდირებული ჰეშთეგები გამოიყენოთ.

ბრენდირებულია ჰეშთეგი, რომელიც თქვენი ბრენდის ან პროდუქტის სახელს იყენებს და მაქსიმალურად თქვენს არხზეა მორგებული. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ბიზნესებს, ისე კონტენტ კრეატორებს. როდესაც მნახველი ამ ბრენდირებულ ჰეშთეგზე გადავა, ის თქვენი არხის ყველა ვიდეოს ნახვას შეძლებს. არხზე დაყოვნებით, შესაძლოა მას თქვენი არხის გამოწერისკენაც უბიძგოთ. მაგალითად, ასე იყენებს Absolute History-ის არხი ბრენდირებულ ჰეშთეგს.

სწორი მიდგომით გამოყენებისას, იუთუბის ჰეშთეგები შესანიშნავი გზაა კონტენტის გავრცელების წასახალისებლად, მნახველების მოსაზიდად და შემდეგ, მათ გამომწერებად გადასაქცევად.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავზარდოთ YouTube ნახვები Storytelling-ის საშუალებით

სიახლეები Youtube SEO-სა და ვიდეოს სექციებში

21 იდეა სოციალური მედია პოსტებისთვის