media-4

21 იდეა სოციალური მედია პოსტებისთვის

  • 02 მაი 2022
  • სოციალური მედია
21 იდეა სოციალური მედია პოსტებისთვის

თუ ფეისბუქზე მრავალფეროვანი კონტენტ სტრატეგიის შემუშავება გსურთ, მაშინ შესაძლოა აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ არ იცოდეთ, რა ტიპის კონტენტი გამოაქვეყნოთ. ის, თუ როგორი ტიპის პოსტი იქნება უფრო ეფექტური პლატფორმაზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თავად ინდუსტრიაზეც, თუმცა არსებობს ისეთი პოსტებიც, რომელთა ადაპტირებაც ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია.

სტატიაში გაგაცნობთ 21 იდეასა და მაგალითს ფეისბუქის პოსტებისთვის, რომლებიც შთაგონების მიღებასა და გზის მარტივად გაკვალვაშიც დაგეხმარებათ.

 

  1. ისაუბრეთ ტრენდულ საკითხებზე

2022 წლის 22 თებერვალს, თითქმის მთელი მსოფლიო აღტაცებული იყო ორიანების დღით — 2/22/22. ბევრმა ბრენდმა ეს მუხტი სახალისო კონტენტად გარდაქმნა და საკუთარ სოციალურ მედია არხებში გაავრცელა.

გამონაკლისი არც „Ritual Vitamins“-ი აღმოჩნდა:

რიტუალ ვიტამინების მომხმარებლებს ორი ვიტამინის მიღება უწევთ — ეს კი კომპანიამ მიმდინარე მოვლენას კრეატიულად დაუკავშირა და შესაბამისი პოსტიც შექმნა.

დააკვირდით ყველა მიმდინარე აქტუალურ საკითხს სოციალურ მედიაში, რათა სახალისო იდეების მოფიქრებაც შეძლოთ და აუდიტორიის წინაშეც დროული პოსტით წარსდგეთ. უბრალოდ დარწმუდით, რომ სწორად და ზუსტად გესმით ტრენდის შინაარსი. ასეთ შემთხვევაში შეცდომის დაშვება თქვენს კამპანიასა და ბრენდზე საკმაოდ ცუდად აისახება.

  1. გადააზიარეთ ბლოგის კონტენტი

ბლოგ პოსტის შექმნა საკმაოდ დიდ რესურსებსა და ინფორმაციას მოითხოვს. ამას სჭირდება წყაროების მოძიება, გადამოწმება, ინფორმაციის შეკრება და დამუშავება. ბლოგის დაწერის შემდეგ მნიშვნელოვანია იმაზე ზრუნვაც, რომ ის საჭირო აუდიტორიამდე მივიდეს. ამისათვის კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისი სოციალურ მედიაში გაზიარებაა.

დააკვირდით ამ მაგალითს:

უახლესი ბლოგ პოსტების გაზიარება კონტენტის დამატებითი, შესანიშნავი და თანაც მარტივი გზაა. გააზიარეთ პოსტები, როდესაც ისინი ახალი შექმნილია. შეგიძლიათ ისინი რამდენიმე თვის შემდეგაც გადააზიაროთ, თუ თემა კვლავ აქტუალური და რელევანტურია, რაც თქვენს ტრაფიკს კიდევ უფრო გაზრდის.

 

  1. დასვით კითხვები

თუ საკუთარი აუდიტორიის ჩართულობა გსურთ, ხშირ შემთხვევაში საუკეთესო გზა — თხოვნაა. ისეთი სოციალური მედია კონტენტის შექმნა, რომელიც ისეთივე მარტივია, როგორც უბრალოდ კითხვის დასმა, მნახველთა ყურადღებას მარტივად იქცევს, თქვენ კი ჩართულობის გენერირებაში გეხმარებათ.

ესეც „Misfits Market“-ის მაგალითი:

მათ ფეისბუქის საშუალებით მარტივი ტექსტური პოსტი შექმნეს, რომელიც ახალი წლის თემატიკასთან იყო დაკავშირებული. იფიქრეთ იმ კითხვებზე, რომელიც შეიძლება, რომ კონკრეტულად თქვენს აუდიტორიას დაუსვათ.

  1. შექმენით ბრენდირებული გრაფიკები

ბრენდირებული გრაფიკები შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული შთამაგონებელი ციტატებით, დამთავრებული საგანმანათლებლო კონტენტით. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელვანი ვიზუალურად მიმზიდველი გამოსახულების შექმნაა, გამოსახულების, რომელიც თქვენი ბრენდის ფერებსა და ფონტებს იყენებს.

  1. გაუზიარეთ აუდიტორიას რჩევები და ხრიკები

გააზიარეთ კონტენტი, რომელიც მომხმარებელს გარკვეულ რჩევებსა და ხრიკებს სთავაზობს. ცხადია, ეს ხრიკები და რჩევები თქვენს პროდუქტთან ან შეთავაზებასთანაც უნდა იყოს კავშირში. დაპოსტეთ ისეთი ვიდეოები და ინფორმაციული კონტენტი, რომელშიც მათთვის რაიმე გამოსადეგს აჩვენებთ.

მაგალითად, „obe fitness“-ის ეს მოკლე ვიდეო მომხმარებელს აჩვენებს მარტივ, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე შესასრულებელ პილატესის ვარჯიშებს.

ბრენდი მომხმარებლებს ფიტნესს გაკვეთილებს სთავაზობს. მართალია, ეს კონტენტი საკმაოდ ვიწრო აუდიტორიაზეა მორგებული, თუმცა ბრენდისთვის გამოსადეგი მაინც იქნება და მაქსიმალურად დაინტერესებულ ხალხსაც მოიზიდავს.

  1. ასწავლეთ თქვენი ბიზნესის ან ინდუსტრიის შესახებ

კონტენტის კიდევ ერთი ტიპი, როგორიც შეგიძლიათ შექმნათ — საგანმანათლებლო კონტენტია, რომელიც კონკრეტულად თქვენს ბიზნესზეა მორგებული. ეს განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, თუ ოპერირება კომპლექსურ ინდუსტრიაში გიწევთ.

  1. გაარეკლამეთ პროდუქტები და მომსახურება

ამას ბევრი ახსნა ნამდვილად არ სჭირდება, პროდუქტისა და სერვისის რეკლამები თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის ისედაც მსუყე ნაწილი იქნება. ეცადეთ, რომ საინფორმაციო და სარეკლამო კონტენტს შორის ოქროს ბალანსი დაიცვათ.

  1. ვიდეო კონტენტი

ცხადია, ეს ზოგადი იდეაა, თუმცა ფეისბუქისთვის არსებითად მნიშვნელოვანი. ვიდეო ყველაზე მოხმარებადი კონტენტის სახეობაა, შესაბამისად, მისი მარკეტინგულ სტრატეგიაში გათვალისწინება აუცილებლად დაგჭირდებათ.

ფეისბუქ ლაივს, სახალისო და იუმორისტულ ვიდეოს, თუ უფრო მეტად საინფორმაციო ტიპის ვიდეოს შეარჩევთ, მრავალფეროვნება აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ.

  1. წარმოაჩინეთ პროდუქტის/სერვისის გამოყენების პროცესი

აცნობეთ საკუთარ აუდიტორიას სოციალური მედიის საშუალებით, თუ როგორ შეუძლიათ თქვენი პროდუქტის ან სერვისის გამოყენება.

„MUD/WTR“-ის ეს მაგალითი შესანიშნავია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ უნდა აჩვენოს ბრენდმა საკუთარი პროდუქტის გამოყენების გზები. ამ მაგალითში ისინი აუდიტორიას უზიარებენ რეცეპტს, სადაც, რა თქმა უნდა, მათი პროდუქტიც მონაწილეობს.

დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მოარგოთ ეს იდეა თქვენს ბიზნესს. რა გზებით შეუძლიათ მომხმარებლებს პროდუქტის გამოყენება? აჩვენეთ ეს მათ მოქმედებაში.

  1. შექმენით ინფოგრაფიკები

ინფოგრაფიკების უამრავი სახეობა არსებობს, დაწყებული ინფორმაციულიდან, დამთავრებული ვიზუალური გამოსახულებებით, ჩარტებითა და გრაფიკებით. თითოეული მათგანი კი სოციალური მედიისთვის იდეალურ პოსტს ქმნის.

ისინი სხვადასხვა ზომისა და ფორმისაც შეგხვდებათ. სოციალური მედიისთვის, უმეტესწილად, კვადრატული ან ჰორიზონტალური ინფოგრაფიკები გვხვდება, თუმცა ფეისბუქზე, ვერტიკალური სურათიც შეიძლება გამოგადგეთ.

მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას შედარებითი ინფოგრაფიკა აქვს წარმოდგენილი, რომელშიც საკუთარ ბრენდს მის კონკურენტს ადარებს. მოიძიეთ ინფოგრაფიკების განსხვავებული ტიპები და დაფიქრდით, თუ როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება.

  1. გააზიარეთ მომხმარებლის მიერ წარმოებული (UGC) კონტენტი

UGC არის ის კონტენტი, რომელსაც თქვენი მომხმარებლები პოსტავენ და თქვენს ბრენდსაც ნიშნავენ. ამის შემდეგ, თქვენ იღებთ ნებართვას პოსტის გამოსაყენებლად და მას საკუთარ არხებში აზიარებთ.

ეს საქორწინო კაბების ბრენდის ფოტო, შესანიშნავი მაგალითია UGC კონტენტისთვის:

UGC კონტენტის მიღება მისი წახალისებითაც შეგიძლიათ. სთხოვეთ ან მოუწოდეთ მომხმარებელს ფოტოების გაზიარებისკენ, ჩართეთ ისინი ჰეშთეგ კამპანიებში, სადაც თქვენს პროდუქტს გამოიყენებენ.

ამისთვის კიდევ ერთი საშუალება ინფლუენსერებთან თანამშრომლობა ან მათთვის უფასო პროდუქტების გაგზავნაა.

  1. აჩვენეთ ბრენდის ხასიათი

იხალისეთ და გაახალისეთ აუდიტორიაც თქვენი ფეისბუქ კონტენტით. თუ თქვენს ბრენდს რაიმე დამახასიათებელი აქვს ან განსაკუთრებული ხასიათის მატარებელია, მაშინ ის სოციალურ მედიაში შესაბამისად უნდა წარმოაჩინოთ და გააბრწყინოთ. ბრენდის პერსონალურობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ბრენდინგში, ასევე აუდიტორიასთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

ფოტოში ასახავთ თქვენს ხასიათსა და პიროვნულობას თუ ტექსტში, პირველ რიგში დარწმუნდით იმაში, რომ ის თქვენი ბრენდის საერთო მისიას და სამიზნე აუდიტორიას შეესაბამება.

  1. გათამაშებები და კონკურსები

კონკურსისა და სასაჩუქრე გათამაშებების გამართვა შესანიშნავი მეთოდია ჩართულობის გასაზრდელად და უფრო მეტი ადამიანის მოსაზიდად. ეს ასევე ეფექტური სტრატეგიაა ფეისბუქ გვერდის მოწონებების ან გამომწერების გასაზრდელადაც.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის პრიზი თქვენს ბრენდთან ან პროდუქტთან უნდა იყოს დაკავშირებული. ისეთი რამ, რაც სწორედ თქვენს აუდიტორიას დააინტერესებს. ფულადი ჯილდო ან უნივერსალური ნივთები უფრო ფართო აუდიტორიაზეა მორგებული. ამიტომ შეეცადეთ, რომ რაიმე სპეციფიკური მოიფიქროთ.

  1. გაარეკლამეთ ფასდაკლებები და აქციები

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სარეკლამო კონტენტის შექმნა, ასევე ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც თქვენს ბრენდს გაყიდვების გაზრდასა და სოციალურ მედიაში გამოჩენაში დაეხმარება.

მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება:

  1. დაპოსტეთ სამოტივაციო ფრაზები

კიდევ ერთი ეფექტური პოსტის იდეა სოციალური მედიისთვის სამოტივაციო ფრაზების გაზიარებაა — თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს ბრენდირებული ვიზუალებიც გამოიყენოთ.

ეს შეიძლება იყოს ცნობილი ფრაზა ან ციტატა გავლენიანი ადამიანებისგან, ან უბრალოდ რაიმე მსუბუქი ფრაზა, რომელიც თქვენი ბრენდის შესაფერისი იქნება.

  1. ჩაატარეთ გამოკითხვები

ინდუსტრიის ექსპერტებთან გამოკითხვების ჩატარება, კიდევ ერთი პოპულარული კონტენტის მაგალითია, განსაკუთრებით კი B2B ინდუსტრიაში. ასეთი ინტერვიუს ჩატარება პირდაპირ ფეისბუქის ლაივიდანაც შეგიძლიათ, ან შეგიძლიათ ჯერ ჩაწეროთ ვიდეო, შემდეგ კი ის ფეისბუქზე გამოაქვეყნოთ.

თუ ვიდეოს ჩაწერას დააპირებთ, გირჩევთ, რომ ვიდეოსთან ერთად, გამოსახულებას ტექსტიც დაურთოთ, რათა მომხმარებლისთვის ვიდეოს ნახვა უფრო კომფორტული იყოს.

  1. გააზიარეთ შეფასებები და მიღწევები

დადებითი გამოხმაურებებისა და შეფასებების გაზიარება თქვენს სტატუსს სოციალურ ქსელში კიდევ უფრო გაამყარებს. ბედნიერი და კმაყოფილი მომხმარებლის ჩვენება საკმაოდ ეფექტური მეთოდია პოტენციური მომხმარებლის მოსაზიდად.

მაგალითისთვის დააკვირდით, თუ როგორ აზიარებს „Mila Air“-ი მომხმარებლის შეფასებას პროდუქტთან ერთად.

გააზიარეთ მსგავსი სურათები, ვიდეოები, ბრენდირებული გრაფიკები მომხმარებელთა შეფასებებთან ერთად. ასევე შეგიძლიათ, გაარეკლამოთ ის ონლაინ გვერდები, სადაც მომხმარებლებს შეფასების დატოვება შეუძლიათ.

  1. დააფასეთ საკუთარი გუნდი

როგორი იქნებოდა კომპანია გუნდის გარეშე? საკუთარი დასაქმებულების, მენეჯმენტისა და გუნდის ლიდერების დაფასება და აღიარება თქვენი სოციალური მედია მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს.

ისაუბრეთ თქვენი დასაქმებულების წარმატებაზე, კომპანიაში განვლილ გზებსა და მიღწევებზე.

  1. გააზიარეთ მიმები

მიმების გაზიარება — კიდევ ერთი გზაა ბრენდის ხასიათისა და პიროვნულობის წარმოსაჩენად. თუმცა, უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი თქვენი ბრენდის რელევანტურია. ალბათ, ამ დროის განმავლობაში, თქვენ უამრავი მიმი შეგხვედრიათ სხვადასხვა გვერდებისა და კომპანიებისგან.

არაერთი პლატფორმა არსებობს, რომელიც მიმების გენერირებაში დაგეხმარებათ. მთავარია, რომ ვინმეს მიერ შექმნილი მიმი არ მიითვისოთ და საკუთარ სოციალურ ქსელებში არ გადმოიტანოთ. ნუ შეცვლით სადმე ნაპოვნ მიმს მისი შემქმნელის გარეშე. თუ ამის გაკეთებას დააპირებთ, აუცილებლად მიიღეთ ავტორის ნებართვა.

  1. გადით ლაივში

კვლავ დავუბრუნდეთ ფეისბუქ ლაივს. შესაძლოა, ლაივების მართვა შრომატევადი აღმოჩნდეს, თუმცა ის ჯერ კიდევ საკმაოდ ეფექტური საშუალებაა აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. მთავარია დარწმუნდეთ, რომ თქვენი აუდიტორია ამ ლაივს ნამდვილად ნახავს. ამისთვის, შეგიძლიათ წინასწარ დააანონსოთ ან გაარეკლამოთ თქვენი ლაივის ივენთი. ამგვარად, აუდიტორიას წინასწარ ეცოდინება, თუ რის მოსმენას შეძლებს ამ ლაივზე და შესაბამისად, მეტად დაინტერესდება.

  1. გაარეკლამეთ ივენთები

და ბოლოს, სოციალური მედია პოსტის კიდევ ერთი იდეა — მომავალი ივენთების გარეკლამებაა. ეს ივენთები შესაძლოა იმართებოდეს, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ. ვებინარები, კონფერენციები, პრეზენტაციები და ლაივები, ნებისმიერი რამის შესახებ შეგიძლიათ წინასწარ გაავრცელოთ ინფორმაცია სოციალურ მედია არხებში.

შექმენით სარეგისტრაციო ან Landing (ლენდინგ) გვერდი თქვენი ივენთისთვის, რათა მისი ონლაინ გაზიარება და დამსწრეების მოზიდვა შეძლოთ.

ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია კონტენტის მრავალფეროვანი სახეობებით იქმნება. მოინიშნეთ, დაიმახსოვრეთ თითოეული პოსტის იდეა და გამოიყენეთ ისინი საკუთარ სოციალურ მედია არხებში. რაც მთავარია, მაქსიმალურად გაზარდეთ აუდიტორიის ჩართულობა, რაშიც ზემოთ ჩათვლილი იდეები, აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვიდეოს 8 სახეობა სოციალური მედიისთვის

როგორ იყენებენ Instagram Reel-ებს ბიზნესები

რა უნდა გავითვალისწინოთ ფეისბუქის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას 2022 წელს