როგორ გამოვიყენოთ TikTok-ი ბიზნესისთვის

მაისი 27, 2022

როგორ გამოვიყენოთ TikTok-ი ბიზნესისთვის

მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად — TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა გახდა

მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად — TikTok-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა გახდა. მომხმარებელთა ბაზის კოლოსალური მოცულობის გარდა, ბრენდებისთვის ის ფაქტიც საკმაოდ მიმზიდველი უნდა იყოს, რომ TikTok-ის მომხმარებლები ყოველთვიურად $110 მილიონამდე ხარჯავენ, რაც მსგავსი პლატფორმისგან ნამდვილად გასაკვირია.

თუ ზემოთ აღნიშნულმა ფაქტებმა უკვე დაგარწმუნათ, რომ TikTok-ს თქვენი ბიზნესისთვისაც უნდა იყენებდეთ, მაშინ ეს სტატია იმის გააზრებაშიც დაგეხმარებათ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ის.

 

ვინ უნდა იყენებდეს TikTok-ს?

ადამიანების გარკვეული რაოდენობა შესაძლოა TikTok-სადმი სკეპტიკურად იყოს განწყობილი, რადგან თვლიან, რომ ის მხოლოდ თაობა Z-სთვის არის შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმაზე მეტწილად ახალგაზრდები არიან, არც მოზარდებისა და საშუალო ასაკს გადაცილებული ადამიანების რიცხვია პატარა.

Statista-ს კვლევის თანახმად, TikTok-ის მომხმარებელთა 25%, 10-19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. 20-29 წლის ადამიანები კი პლატფორმის 22.4%-ს მოიცავენ. რაც შეეხება 30-39 წლის ასაკობრივ ჯგუფს, მათი რიცხვი პლატფორმაზე 21.7%-ს შეადგენს.

თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება. დარჩენილი 20.3%-ის პოვნას 40-49 წალმდე ადამიანთა ჯგუფშიც შეძლებთ. ასევე აღსანიშნავია, რომ TikTok-ის აუდიტორიის 11%-ს, 50 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ. შესაბამისად, თუ პლატფორმის მომხმარებლის დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ეჭვები TikTok-ის შესაქმნელად გაფერხებდათ, დროა ეს ეჭვები გაფანტოთ და თქვენს აუდიტორიასთან დაკავშირებას შეეცადოთ.

ასევე ფართოდ გავრცელებულია ის შეხედულებაც, რომ TikTok მხოლოდ გასართობი კონტენტისთვისაა შექმნილი. მართალია, ეს კატეგორია ყველაზე პოპულარულია, თუმცა აქ შეხვდებით საგანმანათლებლოსა და ინფორმაციულ კონტენტსაც, როგორც ბრენდებისგან, ასევე ინფლუენსერებისგან. სწორედ ამიტომ არის, რომ ბევრი ბრენდი, რომელთა გამოჩენას TikTok-ზე ალბათ, ვერც წარმოიდგენდით, პლატფორმაზე დიდ წარმატებას აღწევს.

თუ კვლავ ფიქრობთ, რომ TikTok-ის პლატფორმა თქვენი ინდუსტრიისთვის შესაფერისი არ არის, მაშინ დროა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ. დააკვირდით, რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები და მოიძიეთ ის კრეატიული გზები, რომლითაც პლატფორმაზე თქვენს ბრენდს წარმატებით წარმოაჩენთ.

 

TikTok-ის გამოყენების 9 ეტაპი ბიზნესისთვის

თუ მოვახერხეთ თქვენი დარწმუნება იმაში, რომ TikTok-ს თქვენი ბრენდიც უნდა იყენებდეს, მაშინ დროა ისწავლოთ, თუ როგორ შეიძლება მისი წარმატებით გამოყენება ბიზნესისთვის.

ეტაპი #1: TikTok ბიზნეს ანგარიშის შექმნა

ცხადია, პირველი ეტაპი ბიზნეს ანგარიშის შექმნაა. ამისათვის, ჩამოტვირტეთ აპლიკაცია და დარეგისტრირდით საკუთარი ტელეფონის ნომრით ან ელექტრონული ფოსტით. თუ უკვე ფლობთ რეგისტრირებულ სოციალურ მედია ანგარიშს თქვენი ბრენდისთვის, შეგიძლიათ ესეც გამოიყენოთ.

„Me“ გვერდის სექციიდან დააწექით სამი წერტილის ღილაკს და აირჩიეთ ანგარიშის მართვა (Manage Account). აირჩიეთ ბიზნეს ანგარიშზე გადართვის ფუნქცია, შემდეგ მონიშნეთ შესაფერისი ინდუსტრია და მზადაა. ახლა თქვენ უკვე ფლობთ TikTok-ის ბიზნეს გვერდს, რომლის გამოყენება საკუთარ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ.

ეტაპი #2: პროფილის ოპტიმიზაცია

როდესაც TikTok-ის გამოყენებაზე სერიოზულად ფიქრობთ, მხოლოდ ბიზნეს ანგარიშის ფლობა, რასაკვირველია, საკმარისი არ არის. მას შემდეგ, რაც გვერდს შექმნით, შეგეძლებათ თქვენი პროფილის რედაქტირებაც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სწორედ თქვენი გვერდი წარმოადგენს ბიზნესის სახეს ონლაინ სივრცეში. შესაბამისად, მისი ოპტიმიზაცია და ბუნებრივი სახის შენარჩუნება, ძალიან მნიშვნელოვანია.

თავდაპირველად, საჭირო იქნება ინფორმაციის (bio) შეყვანა, პროფილის ფოტოსა და საჭირო ბმულების დამატება.

შეარჩიეთ ფოტო, რომელიც საუკეთესოდ წარმოადგენს თქვენს ბრენდს

ფოტო არა მხოლოდ კარგად უნდა გამოიყურებოდეს, არამედ ის ვიზუალურადაც უნდა წარმოადგენდეს თქვენს ბრენდს. დარწმუნდით, რომ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში თანმიმდევრულ ბრენდინგს მიჰყვებით. ამისათვის, სულ მცირე, ერთი და იმავე ლოგოს და ფერების გამოყენება დაგჭირდებათ. ამგვარად, აუდიტორია მარტივად მიხვდება, რომ თქვენს კონტენტს ხედავს.

მაგალითად — „Chipotle“ საკუთარ Twitter-სა და Instagram-ის გვერდებზე ერთსა და იმავე ლოგოს იყენებს.

შექმენით მოკლე „bio“ თქვენი ბრენდისთვის

TikTok-ის შემთხვევაში, აღწერილობა თქვენ მხოლოდ 80 სიმბოლოთი შეგიძლიათ დაწეროთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ლაკონური და კონკრეტული უნდა იყოთ იმის შესახებ, თუ რას ემსახურება თქვენი ბრენდი. შეგიძლიათ ბრენდის სლოგანი და დამახასიათებელი ფრაზაც გამოიყენოთ. ან შესაძლოა გამოიყენოთ ისეთი ციტატა, რომელიც ბრენდის პიროვნებას გაუსვამს ხაზს.

მაგალითად — „BUXOM Cosmetics“ საკუთარ აღწერაში მხოლოდ სამ სიტყვას იყენებს — Big, Bold, Sexy. ეს არის მოკლე, კონკრეტული და ბრენდთან დაკავშირებული აღწერა.

 

სტრატეგიულად მიუდექით თქვენს URL-ს (ბმულს)

TikTok-ი საშუალებას გაძლევთ, რომ საკუთარ პროფილზე URL ბმულიც დაიტანოთ, ეს კი არის ის საშუალება, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. იქ შეგიძლიათ განათავსოთ: თქვენი ვებ-გვერდის მთავარი გვერდი, ლენდინგ გვერდი, ბლოგ-პოსტი ან ჩამოსატვირთი აპლიკაცია. მაგრამ დარწმუნდით, რომ ბმული სანდოდ გამოიყურება და მომხმარებელი მასზე გადასასვლელად თავს არ შეიკავებს.

გირჩევდით Linktree-ს გამოყენებას, სადაც შეძლებთ თქვენი ვებ-გვერდის, Facebook, Instagram თუ YouTube ბმულების გაერთიანებას.

მაგალითად — „Florence by mils“ საკუთარი LikeShop-ის ბმულს იყენებს იმისათვის, რომ მნახველებმა მარტივად შეძლონ მათი პროდუქტების გვერდზე გადასვლა. საყურადღებოა, რომ ბმულში მკაფიოდ ჩანს ბრენდის სახელიც, რაც მას კიდევ უფრო სანდოს ხდის. ანალოგიურად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ხელსაწყოებიც, მაგალითად InstaBio და LinkFolio.

ეტაპი #3: გესმოდეთ სამიზნე აუდიტორიის

შესაძლოა თქვენი მიზანი კონკრეტული და უნიკალური იყოს, თუმცა არ იცოდეთ ნათლად მიზეზი იმისა, რატომაც იყენებთ TikTok-ს აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. მაგრამ, აუდიტორიასთან კონტაქტს ვერ დაამყარებთ, თუ მათ შესაფერის კონტენტს არ შექმნით. სწორედ ამიტომ, კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული — ვინ არის თქვენი აუდიტორია და როგორი კონტენტით ინტერესდებიან ისინი.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, TikTok-ის აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანია. მოძებნეთ ის არეალი, სადაც TikTok-ის აუდიტორია თქვენს აუდიტორიასთან იკვეთება. თუმცა, ამით შემოფარგვლა საჭირო არ არის და შეგიძლიათ, ახალ აუდიტორიებზე გასვლაც სცადოთ. მაგრამ, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, მათ ქცევებსა თუ ინტერესებზე დაკვირვება, ყველა შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი სტრატეგიისთვის.

BarkBox-მა კარგად იცის, ვინ არის მისი სამიზნე აუდიტორია და როგორი ტიპის კონტენტი უნდა შესთავაზოს მათ. ისინი საკუთარ TikTok-ს, ცხოველთა სახალისო ვიდეოების გასაზიარებლად იყენებენ.

ეტაპი #4: შეისწავლეთ, როგორ მუშაობს TikTok-ის ალგორითმი

თუ TikTok-ის გამოყენებას სერიოზულად უდგებით, აუცილებლად უნდა გესმოდეთ ისიც, თუ როგორ მუშაობს პლატფორმის ალგორითმი. უნდა იცოდეთ ის ფაქტორები, რომლებიც მასზე ახდენენ გავლენას და რომელთა გამოყენებაც საკუთარი ხილვადობის გასაზრდელად შეგიძლიათ.

ამ ყველაფერში მოიაზრება რელევანტური ტექსტისა და რელევანტური ჰეშთეგების გამოყენებაც. გარდა ინფორმაციისა და ტექსტებისა თქვენს ვიდეოზე, გავლენას მომხმარებელთა ინტერაქციაც მნიშვნელოვნად ახდენს და ამას ალგორითმი ყურადღებით აკვირდება.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც თქვენს აუდიტორიას რეალურად დააინტერესებს და მათ ჩართულობას გამოიწვევს. თქვები საბოლოო მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს.

გარდა ამისა, TikTok-ის პოპულარული მუსიკების გამოყნებაც, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ამ პლატფორმის ალგორითმის მოსახიბვლად. ეძებეთ შესაძლებლობები და ეცადეთ ისინი თქვენს ვიდეოებში აქტიურად გამოიყენოთ. ეს თქვენს ვიდეოებს უფრო მარტივად მოსაძებნს გახდის.

ეტაპი #5: კონკურენტების ანალიზი

არიან თუ არა თქვენი კონკურენტები პლატფორმაზე? თუ კი, მაშინ რას აკეთებენ ისინი, რა ტიპის კონტენტს აქვეყნებენ საკუთარი აუდიტორიის ჩართულობის ასამაღლებლად?

თქვენს უმთავრეს კონკურენტებზე დაკვირვება და იმის შესწავლა, თუ რას და როგორ აკეთებენ ისინი, შესანიშნავი მეთოდია სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად და ეს TikTok სტრატეგიის განსაზღვრაშიც დაგეხმარებათ. ვინაიდან, მათ უკვე გამოსცადეს პლატფორმა და სხვადასხვა ტიპის კონტენტი, მათგან ბევრი რამის სწავლას შეძლებთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ტიპის კონტენტს, რომელიც ყველაზე მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. თუ არსებობს რაიმე კრეატიული მიდგომა, რომლითაც მსგავსი კონტენტის შექმნას შეძლებთ, მაშინ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.

ეტაპი #6: ძლიერი კონტენტ სტრატეგიის შემუშავება

ჩატარებული კვლევების მიხედვით, უკვე შეგიძლიათ TikTok კონტეტ სტრატეგიის შექმნაც დაიწყოთ. ეს მოიცავს კონტენტის სახეობების შერჩევას, გამოქვეყნების სიხშირესა და დროებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასართობი და სახალისო კონტენტი პლატფორმაზე აშკარად დომინირებს, ინფორმაციული და პრაქტიკული კონტენტიც არანაკლებ პოპულარულია. ეს მოიცავს how-to ვიდეოებს, საყოფაცხოვრებო ხრიკებს, რჩვებს და სხვა. იპოვეთ გზები, რომლითაც ამ ყველაფერს თქვენს სტრატეგიაში დანერგავთ და აუდიტორიას გაუზიარებთ. ასევე ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბალანსიც სხვადასხვა ტიპის კონტენტს შორის.

მაგალითად, სახალისო და გასართობი ვიდეოები შესაძლოა იდეალური იყოს ზოგადი ჩართულობისთვის. თუმცა, შეგიძლიათ აუდიტორიას ისეთი ვიდეოებიც შესთავაზოთ, სადაც რაიმე პროდუქტის შექმნის პროცესს აჩვენებთ. ამგვარად, ადამიანებს თქვენს ბრენდთან ემოციურად უფრო მჭიდროდ დააკავშირებთ.

მაგალითად, ერთ-ერთი ბრენდი „Le Creuset“ რეგულარულად აზიარებს ვიდეოებს საკვების მომზადების შესახებ, სადაც საკუთარი პროდუქტების წარმოჩენასაც თავისუფლად ახერხებს. ვიდეოები პროცესში კონკრეტულ პროდუქტებსაც აჩვენებს და მათ ხარისხსაც უსვამს ხაზს. დანარჩენი კონტენტი კი უბრალოდ სასიამოვნო საყურებელია.

გარდა ამისა, აუცილებლად დაგჭირდებათ პლატფორმის შესაბამისი კონტენტ კალენდარის შექმნაც. ისევე, როგორც სხვა სოციალური პლატფორმებისთვის, სტაბილური ხილვადობის მოსაპოვებლად თანმიმდევრულობა აქაც მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კალენდრის შექმნა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ და ეფექტურად მართოთ გამოქვეყნების სიხშირე.

ეტაპი #7: ინფლუენსერებთან თანამშრომლობა

ათასობით ან მილიონობით მომხმარებელთან დასაკავშირებლად, ინფლუენსერებთან თანამშრომლობა საუკეთესო გზაა. თუმცა, მათი შერჩევის დროსაც უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვვა ფაქტორები. მაგალითად, რამდენად შეესაბამება მათი და თქვენი აუდიტორია ერთმანეთს.

ეცადეთ მოიფიქროთ ისეთი გზები, რომლითაც ინფლუენსერი თქვენი პროდუქტის კრეატიულად წარმოჩენას შეძლებს. შეგიძლიათ მათთან ერთად დუეტიც გადაიღოთ, ბრენდირებული ჰეშთეგები შექმნათ ან რაიმე ჩელენჯი გაარეკლამებინოთ.

მაგალითად, როდესაც ლეიბების მწარმოებელ ბრენდს — „Simmons“-ს, TikTok-ით ახალგაზრდა მომხმარებლებთან დაკავშირება სურდა, მან თანამშრომლობა რამდენიმე ინფლუენსერთან დაიწყო. ისინი კომპანიას ბრენდის ცნობადობის და ჰეშთეგ ჩელენჯის #Snoozzzapalooza-ს გავრცელებაში დაეხმარნენ. ამ ყველაფერმა 2 მილიონი ვიდეოს შექმნასა და 6 მილიარდი ვიდეო ნახვის დაგროვებას შეუწყო ხელი.

ეტაპი #8: TikTok რეკლამირების გამოყენება

კიდევ ერთი მეთოდი თქვენი TikTok გვერდის გასავრცელებლად, TikTok-ის რეკლამირების გამოყენებაა. ვინაიდან ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, საჭიროა ამ საკითხს ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდოთ. ამისათვის, პირველ რიგში, ნათელი და მკაფიო მიზანი უნდა დაისახოთ და განსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი, უკვე შეგიძლიათ შექმნათ შესაბამისი კონტენტიც. შექმენით მყარი სარეკლამო სტრატეგია, რომელიც სწორ ადამიანებზე, სწორი გავლენის მოხდენაში დაგეხმარებათ.

ეტაპი #9: ანალიტიკაზე დაკვირვება

რასაკვირველია, წარმატების მისაღწევად მუდმივი დაკვირვება და ოპტიმიზაციაც საჭიროა. მაქსიმალურად გამოიყენეთ TikTok-ის ანალიტიკური ხელსაწყოები შედეგიანობის გასაზრდელად და მიდგომების გამოსასწორებლად. გამოიყენეთ ანალიტიკა ჩართულობის გასაზომად, ჰეშთეგებსა და დროებზე დასაკვირვებლად. ამგვარი ინფორმაციის მიღება საუკეთესო საწყისია კონტენტის დაგეგმვისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

TikTok მარკეტინგული რჩევები

UGC - მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი

როგორ იყენებენ ბრენდები TikTok მარკეტინგს