ფეისბუქის ტოპ ტრენდები 2022 წლისთვის

რა არის პოპულარული ფეისბუქზე? როგორი კონტენტი მუშაობს უკეთ? რა ჰქვია პლატფორმას?
ფეისბუქის ხშირი განახლებები, ალგორითმის ცვლილებები და ახალი ფუნქციონალები — ამ ყველაფერზე დაკვირვება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. თუმცა, 2.91 მილიარდიანი მომხმარებელთა ბაზა და ყოველთვიურად დახარჯული 19.6 საათი პლატფორმაზე, არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ტემპს ჩამორჩეთ.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ფეისბუქის 2022 წლის მიმდინარე ტრენდებსა და ტენდენციებს მარკეტინგული სტრატეგიებისთვის.
2022 წლის 10 უმნიშვნელოვანესი ტრენდი ფეისბუქზე
წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი: ზაფხულის შემდეგ სკოლაში დაბრუნების დროა. ფეისბუქი საკლასო ოთახში აგვიანებს და სრულიად განსხვავებული ვარცხნილობითა და მომავლის სტილის ფეხსაცმლით ბრუნდება. ფეისბუქი ამბობს, რომ ზაფხული ტრანსფორმაციულ კურორტზე გაატარა, რის შემდეგაც, ის ცხოვრებას 3D სამყაროში აგრძელებს და ახლა მას „მეტა“-ს ეძახიან.
ფეისბუქის ტრანსფორმაცია თინეიჯერული შოუ რომ ყოფილიყო, ალბათ ასეთი სახე ექნებოდა. სახელის ცვლილება მარკ ზაკერბერგის ახალ ფოკუსს, ახალ ორიენტირს უკავშირდება, რომელიც მეტავერსისკენ არის მიმართული. სამგანზომილებიანი რეალობის შემოტანა, ახალი შესაძლებლობები, სოციალიზაციის, თამაშის, ვარჯიშის, განათლებისა და გართობის ახალ გზებთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ საწყისი ინტერესი „Meta“-ს მიმართ არც თუ ისე დიდი აღმოჩნდა. სტატისტას მიხედვით, ამერიკელ მოზარდთა 68% სულაც არ არის დაინტერესებული ფეისბუქის ამ ახალი პროექტით. თუმცა, ცვლილება მარტივი არასდროს არის. არც ფეისბუქი აპირებს დანებებას, რადგან მათ მეტაში $10 მილიარდის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.
- რილსები
ფეისბუქის რილსები უკვე 150 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი — ეს არის ფეისბუქის ახალი ვიდეო ფორმატი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მზარდ კონტენტთა რიცხვს მიეკუთვნება.
რილსები არის ყველგან — სთორიში, Watch სექციაში, სიახლეების კედლის სათავესა და ფეისბუქის რეკომენდაციებშიც. ეს ყურადღების მიმქცევი კლიპები მხოლოდ საღამოს დროის გასაყვანი კონტენტი არ არის, არამედ მას კრეატორებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლების გენერირებაც შეუძლია.
კრეატორებს შესაბამისი რეკლამების საშუალებით რილსების მონეტიზაციაც შეუძლიათ. “Overlay” რეკლამები არის რეკლამის ტიპი, რომლის ნახვაც მომხმარებელს რილსებთან ერთად შეუძლია. ასეთი ტიპის ორი რეკლამა არსებობს, რომელებიც ფეისბუქზე ამ დროისთვის ხელმისაწვდომია, კერძოდ, საბანერო და სტიკერ რეკლამა.
მონეტიზებულ რილსზე ჩართულობის მატებასთან ერთად, კრეატორის შემოსავლებიც იზრდება. ფეისბუქის თანახმად, ყოველთვიურად, მაქსიმუმ $35,000-ის გამომუშავებაა შესაძლებელი.
- ჯგუფების მართვა უფრო მარტივი გახდა
2022-მა წელმა უკვე ბევრი სასიამოვნო სიახლე შესთავაზა იმ ბრენდებს, რომლებიც ფეისბუქის ჯგუფებს საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიისთვის იყენებდნენ. 2022 წლის მარტში, ფეისბუქმა ჯგუფების ახალი ფუნქციონალის გამოჩენა დააანონსა, რომლის ფარგლებშიც ადმინებს დეზინფორმაციის შეზღუდვა, მართვის გამარტივება და რელევანტურ აუდიტორიებთან დაკავშირება შეეძლებოდათ.
ამ ფუნქციონალმა ადმინებს საშუალება მისცა, დროებით დაუბლოკონ მომხმარებლებს ჯგუფზე წვდომა და ავტომატურად უარყონ მათი პოსტები.
იმავე ანონსში ფეისბუქმა გამოაცხადა, რომ ჯგუფის ადმინებს მეგობრების მოწვევა უკვე მეილების საშუალებითაც შეეძლებოდათ. გარდა ამისა, ახლა ჯგუფებს უკვე აქვთ QR კოდები, რომლებსაც მომხმარებლის ჯგუფის აღწერილობაზე გადაყვანა შეუძლიათ. ამგვარად, ფეისბუქის ჯგუფები კიდევ უფრო ეფექტური საშუალება გახდა ბიზნესის განვითარებისთვისაც.
- მომხმარებლები ბრენდების შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე იძიებენ
როგორც „Hootsuite“-ის 2022 წლის ტრენდების კვლევამ აჩვენა, 16-24 წლამდე ინტერნეტ მომხმარებლების 53.2%, ბრენდების გამოსაკვლევად სწორედ სოციალურ მედია არხებს იყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ თაობა Z კომპანიის შესასწავლად მის საიტზე ნაკლებად გადადის. ნაცვლად ამისა, ისინი სოციალურ მედიას ათვალიერებენ.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი? თაობა Z-ის მსყიდველობითი უნარი იზრდება და 2026 წლისთვის ისინი ამერიკის უმსხვილესი მომხმარებელთა ჯგუფი გახდებიან. ამ აუდიტორიაში შესაღწევად, ბრენდებს სოციალურ მედიაში აქტიურობა მოეთხოვებათ. ფეისბუქისთვის, ეს ბიზნეს გვერდის ფლობას და მის მომხმარებელზე მორგებას გულისხმობს.
- მესენჯერი სოციალური კომერციისთვის
მომხმარებლები სოციალურ მედიას არა მხოლოდ ბრენდების შესასწავლად მიმართავენ, არამედ ეს სწრაფი კომუნიკაციის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. აღარ არის საჭირო კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გაგზავნა. დღესდღეობით, სოციალურ მედიაში პირდაპირი შეტყობინების გაგზავნა სრულად საკმარისი და ეფექტური საშუალებაა სწრაფი კომუნიკაციისთვის.
მომხმარებლებისთვის ბიზნესთან სოციალური მედიის საშუალებით დაკავშირების შესაძლებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრენდის შერჩევისას. მესიჯი ძალიან სწრაფი და ბიზნესთან დაკავშირების მეტად პერსონალიზებული მეთოდიცაა. გარდა ამისა, ბიზნესი კომუნიკაციას ამყარებს იმავე არხებით, რა არხებშიც ეს მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტულია.
მიუხედავად იმისა, რომ მესიჯებით კომუნიკაცია ყველაზე მარტივი მეთოდია მომხმარებლისთვის, ბიზნესისთვის ეს არაერთ გამოწვევასთან შეიძლება ასოცირდებოდეს. თუ პირადი შეტყობინებების მართვას ეფექტურად ვერ ახერხებთ, სჯობს, ამისათვის დამატებითი რესურსიც გამოჰყოთ.
- ბიზნესები (და მომხმარებლები) უფრო ხშირად იყენებენ ფეისბუქის მაღაზიებს
ფეისბუქის მაღაზიების გაცნობის შემდეგ, 2020 წლიდან დიდ და მცირე ბიზნესებს საშუალება მიეცათ, ოფიციალურად გაეყიდათ საკუთარი პროდუქტი პლატფორმაზე. 2021 წლის ივნისისთვის, ფეისბუქის მაღაზიებს ყოველდღიურად უკვე მილიონი მომხმარებელი ჰყავდათ და 250 მილიონი აქტიური მაღაზია მსოფლიოს მასშტაბით.
ფეისბუქის სოციალური კომერციის ნაწილი კიდევ აგრძელებს ზრდას და გაჩერებასაც არ აპირებს. ზოგიერთი ბრენდი იმასაც აცხადებს, რომ მათი გაყიდვები შოპებში 66%-ით მაღალია, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიებში. ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ფეისბუქი გადახდის განსახორციელებლადაც გამოიყენოთ.
- ლაივ შოპინგის პოპულარიზაცია
ლაივ შოპინგი არის ფეისბუქის პასუხი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მეტად ინტერაქციული გამოცდილების მიღება სურთ, ასევე იმ ბიზნესებისათვის, რომლებსაც საკუთარი პროდუქტის წარმოდგენა დინამიკაში სურთ. ასეთი ტიპის კონტენტისთვის, ფეისბუქი მსოფლიოში მეორე, ყველაზე პოპულარული პლატფორმაა.
ლაივ შოპინგი ბრენდებს გარკვეულწილად ბუნებრიობასაც მატებს. ბრენდის სახის გამოჩენა მომხმარებლების ყურადღებას უფრო მეტად იქცევს, ხოლო გვერდის გაჰუმანურება კი, ყოველთვის დადებითი ხერხია. რთულია, სადმე იმაზე ავთენტური და გამჭირვალე იყო, ვიდრე ლაივ ვიდეოში.
- პანდემიამ ფეისბუქის ლაივი კიდევ უფრო წაახალისა
ფეისბუქის ლაივები მხოლოდ შოპინგისთვის არ გამოიყენება. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ფეისბუქის ლაივები ადამიანებს სიახლეების გაშუქებასა და ივენთების გამართვაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მთავრდება, უამრავი მომხმარებელი კვლავ ვირტუალურ შეხვედრებსა და ლაივებს ანიჭებს უპირატესობას.
როდესაც საქმე ლაივ ვიდეო სტრიმინგს ეხება, ფეისბუქი იუთუბის შემდეგ პირველი პლატფორმაა.
- ფეისბუქი ზღუდავს „საზიანო კონტენტს“
რამდენადაც სოციალური მედია შეიძლება სახალისო და გასართობი იყოს, მოსალოდნელია ყოველ კუთხეში ჩასაფრებულ ტროლს, ბოტს ან იმ ნათესავს გადააწყდეთ, რომელთან კონტაქტიც არ გსურთ.
ინტერნეტის რეგულირება საკმაოდ რთულია, თუმცა ფეისბუქის თანახმად, 2021 წლის შემდეგ საზიანო კონტენტის გავრცელება საგრძნობლად შემცირდა, რაც ახალი პროაქტიული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის დამსახურებაა.
მაგალითად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, კომპანიამ 4 მილიონი სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონტენტი აიღო პლატფორმიდან. ასევე, 1.5 მილიონი იარაღთან დაკავშირებული კონტენტი და 1.2 მილიარდი სპამი. ფეისბუქმა, ასევე საგრძნობლად შეამცირა სიძულვილის ენა 2021 წლის განმავლობაში. ეს უკანასკნელი, მეტწილად ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელების დამსახურებაა.
თუმცა, მსგავსი ტექნოლოგიები იდეალურობისგან ჯერ საკმაოდ შორსაა და ამაზე ფეისბუქი აქტიურად მუშაობს.
- ფეისბუქის „Marketplace” — როგორც ადგილობრივი შესყიდვის ბაზარი
2022 წლის იანვრის მონაცემებით, ფეისბუქ Marketplace - ის რეკლამებს პოტენციურად 526.1 მილიონ ადამიანს შეუძლია მისწვდეს, რაც ონლაინ მყიდველების ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს იდეალური ადგილია მეორადი ტანსაცმლის, ავეჯისა და სხვადასხვა ტიპის პროდუქტების გასაყიდად.
მაგრამ რა განსხვავებაა მასსა და ფეისბუქის შოპებს შორის? ეს უბრალოდ ლოკაციას ეხება — ზოგადად, მომხმარებლები Marketplace-ს მიმართავენ იმისათვის, რომ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მოძებნონ რაიმე. ტრანზაქციების უმრავლესობა, მომხმარებლის მიერ პროდუქტის აღებას პერსონალურად მოიაზრებს, რაც ელექტრონული კომერციისთვის დამახასიათებელი სულაც არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადგილობრივად გსურთ რაიმეს შეძენა, მაშინ Facebook Marketplace — შესაფერისი ადგილია.
როგორც ხედავთ, 2022 წლის ფეისბუქ ტრენდები ძირითადად სოციალურ კომერციაზე და მის გამარტივებაზეა მორგებული. მისი მიზანი ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის გამარტივება და დადებითი გამოცდილების შექმნაა. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის დახვეწა ვირტუალურ სამყაროებს კიდევ უფრო რეალურს ხდის.
ასევე დაგაინტერესებთ:
ფეისბუქ შოპების გზამკვლევი
როგორ მივიღოთ შემოსავლები Facebook-ის დახმარებით?
როგორ გავზარდოთ ჩართულობა Facebook Ads-ის მეშვეობით