მნიშვნელოვანი სტატისტიკები ინსტაგრამისთვის

გასულ წელს, როდესაც ინსტაგრამის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ დაანონსა, რომ ინსტაგრამი აღარ იქნებობდა „კვადრატული ფოტოების გასაზიარებელი აპლიკაცია“, ის ამას ნამდვილად გულისხმობდა. ერთი შეხედვაც კი საკმარისია ინსტაგრამის წლევანდელ სტატისტიკაზე იმის მისახვედრად, თუ რამდენად განვითარდა და დაშორდა ინსტაგრამი მის საწყისებს.
გასული წლების განმავლობაში ინსტაგრამი საგრძნობლად განვითარდა და შეიცვალა, ისევე როგორც მისი მომხმარებელთა ბაზა, ბიზნეს ფუნქციონალი, ალგორითმი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები. შესაბამისად, სანამ 2022 წლის მარკეტინგულ სტრატეგიას შეიმუშავებდეთ, საჭიროა, აპლიკაციის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გქონდეთ შეგროვებული. იმისათვის, რომ თვენი სამუშაო პროცესი სწორი ინფორმაციის მიხედვით დაგეგმოთ, ჩვენ შევადგინეთ იმ მნიშვნელოვანი სტატისტიკების სია, რომლის შესახებაც წელს აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ინსტაგრამის ზოგადი სტატისტიკა
- ინსტაგრამი მეშვიდე ყველაზე ნახვადი ვებ-გვერდია მსოფლიოში
Semrush-ის კვლევებზე დაყრდნობით, ვებ-გვერდის საერთო ტრაფიკის მოცულობის მიხედვით ინსტაგრამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი საიტია. მას ყოველთვიურად 2.9 მილიარდი ადამიანი სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამს უმრავლესობა მობილური აპლიკაციის საშუალებით იყენებს. შესაბამისად, აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მომხმარებლები თქვენს პოსტებს შესაძლოა, დესკტოპზე ან ლეპტოპშიც ნახულობდნენ. ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი სურათები ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ მასშტაბზე იდეალურად გამოიყურება.
- ინსტაგრამი Google-ის საძიებო შედეგებში მე-9 ადგილს იკავებს
რა არის იმაზე მარტივი, რომ ბრაუზერში „Instagram.com” ჩაწეროთ? - ამ საქმის Google-სათვის მინდობა.
Facebook, YouTube და “Weather” (ამინდი), ინსტაგრამის ძიების შედეგებს, რასაკვირველია, აჭარბებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ინსტაგრამზე მომხმარებლები აპლიკაციით შედიან, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მომხმარებლები ჩვენს კონტენტს ბრაუზერებიდანაც შეიძლება ეცნობოდნენ, იქნება ეს მობილური თუ კომპიუტერი.
(უცნაური ფაქტი: ყველაზე მოძებნადი ტერმინი Google-ში, თავად “google”-ია. დიახ, ჩვენც ვერ ვხვდებით რატომ!)
- ინსტაგრამი მე-4 ყველაზე გამოყენებადი სოციალური პლატფორმაა
მხოლოდ ფეისბუქი, იუთუბი და ვოთსაპი ახერხებს ინსტაგრამის დაჯაბნას ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების მიმართულებით. ამ მხრივ, ინსტაგრამის მაჩვენებელი მაინც საკმაოდ შთამბეჭდავია და 1.3 მილიონ მომხმარებელს შეადგენს.
ამ დროისათვის, ის უსწრებს ტიკტოკს, ტვიტერს, პინტერესტსა და სნაპჩატს. შესაბამისად, თუ თქვენი ბიუჯეტის ყველაზე ეფექტურად გამოყენებას ცდილობთ და გსურთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა, ალბათ, ინსტაგრამი უფრო ძლიერი არჩევანი იქნება.
- ინსტაგრამის მომხმარებელთა მხოლოდ 0.1% იყენებს მხოლოდ ინსტაგრამს
იმის ალბათობა, რომ ინსტაგრამის მომხმარებელს სხვა სოციალურ პლატფორმაზეც აქვს ანგარიში შექმნილი, 99.99%-ია. მაგალითად, ინსტაგრამის მომხმარებელთა 83%, ასევე იყენებს ფეისბუქს, ხოლო 55% კი ტვიტერს.
რას ნიშნავს ეს მარკეტოლოგებისთვის? თითოეულ მომხმარებელს, სავარაუდოდ, სხვადასხვა პლატფორმაზე ხვდებით, ამიტომ ეცადეთ, ხშირად არ განმეორდეთ და აპლიკაციებისთვის შესაფერისი და უნიკალური კონტენტი შექმნათ.
- მსოფლიოში, ინსტაგრამი მე-2 ადგილს იკავებს ჩამოტვირთვების მიხედვით
მხოლოდ ტიკტოკი ახერხებს ინსტაგრამის დამარცხებას ამ მაჩვენებელში. ეს საკმაოდ შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ აპლიკაცია უკვე 12 წელია, რაც არსებობს.
ინსტაგრამის მომხმარებელთა სტატისტიკა
- 1.22 მილიარდი ადამიანი იყენებს ინსტაგრამს ყოველთვიურად
თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ინსტაგრამი საოცრად პოპულარულია, მაშინ ახლა ამისათვის საუკეთესო დროა. თუმცა, ეს საოცარი მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ფეისბუქისა და იუთუბის.
- 18-34 წლის მომხმარებლებს ინსტაგრამის აუდიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავთ
ეს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი ინსტაგრამის აუდიტორიის 60%-ს შეადგენს.
- ინსტაგრამი თაობა Z-ის რჩეული პლატფორმაა
გლობალური ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობა (16-24 წელი) ინსტაგრამს საკუთარ რჩეულ აპლიკაციად მიიჩნევს. დიახ, ტიკტოკზე მეტადაც. თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება, მაშინ ინსტაგრამის გამოყენება უდაოდ ეფექტური იქნება. მიუხედავად ამისა, არსებული რეალობა შეიძლება შეცვალოს ახლად შექმნილმა სოციალურმა ქსელმა - tagg-მა, რომელიც სწორედ თაობა Z-ისთვის შეიქმნა.
- თაობა X-ის მამაკაცები ინსტაგრამის აუდიტორიის ყველაზე მზარდი ჯგუფია
გასულ წელს, 55-64 ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცების მიერ ინსტაგრამის გამოყენების მაჩვენებელი 63.5%-ით გაიზარდა. დიახ, ეს არის აპლიკაცია, სადაც მოზარდების უმრავლესობა იყრის თავს, თუმცა არც სხვა თაობების დატოვება შეიძლება უყურადღებოდ.
- ინსტაგრამის აუდიტორია თითქმის თანაბრადაა გაყოფილი მდედრობით და მამრობით სქესს შორის
ამ დროისათვის, ფეისბუქის რეპორტინგის ხელსაწყოების დახმარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტაგრამის აუდიტორიის 50.8% ქალბატონებისგან, ხოლო 49.2% მამაკაცებისგან შედგება.
- ინდოეთში ყველაზე მეტი ინსტაგრამის მომხმარებელია
ეს ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინსტაგრამი საკუთარ პლატფორმაზე წვდომას გლობალურ აუდიტორიას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამის აუდიტორიიდან 201 მილიონი მომხმარებელი ინდოელია. მის შემდეგ, სიაში ადგილს ამერიკა იკავებს, რომელსაც მოსდევს ბრაზილია, შემდეგ კი ინდონეზია და რუსეთი.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და გამოსადეგი ინფორმაციაა და ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, სანამ საკუთარ სამიზნე აუდიტორიაზე და კონტენტის ხასიათზე დაიწყებთ ფიქრს.
- ინდოეთი ასევე ყველაზე მზარდი ბაზარიცაა
კვარტლიდან კვარტლამდე, ინდოეთი საკუთარი მომხმარებლების ბაზას 16%-ით ზრდის და ინსტაგრამისთვის ყველაზე სწრაფად მზარდ აუდიტორიად სახელდება. თუ ეს ის ბაზარია, რომელზე გასვლასაც თქვენი ბრენდი ცდილობს, მაშინ გილოცავთ!
- 11 წლამდე ამერიკელ ბავშვთა 5% იყენებს ინსტაგრამს
მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამის პოლიტიკის მიხედვით აპლიკაციის გამოყენება 13 წლიდანაა შესაძლებელი, 9-11 წლამდე ბავშვების 11% მაინც იყენებს მას.
- ამერიკელ მოზარდთა 14%-ს არასდროს სმენია ინსტაგრამის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამი ამერიკაში საკმაოდ გავრცელებულია, ის ყველას მაინც ვერ სწვდება. სწორედ ამიტომ არის საკუთარი აუდიტორიის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ინსტაგრამის მოხმარების სტატისტიკა
- ამერიკელ მოზარდთა 59% ყოველდღიურად იყენებს ინსტაგრამს
მათ შორის, ამ ყოველდღიურ მომხმარებელთა 38% აპლიკაციაში დღეში რამდენჯერმე შედის. ამიტომაც, უმჯობესია, თუ მათ დასათვალიერებელ კონტენტსაც შესთავაზებთ. დარწმუნდით, რომ მუდმივად გაქვთ ახლად შექმნილი კონტენტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოველდღიურად შესვლას და პოსტის განთავსებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ისინი წინასწარ დაგეგმოთ.
- ინსტაგრამი არ არის პოპულარული პლატფორმა ახალი ამბების გასაცნობად
ათიდან მხოლოდ ერთი ამერიკელი შედის ინსტაგრამზე ახალი ამბების გასაცნობად და ამასთანავე, 42% მას სანდო ინფორმაციის წყაროდაც არ მიიჩნევს. შესაბამისად, თუ მნიშველოვან ინფორმაციას ავრცელებთ, ინსტაგრამი თქვენთვის გამოსადეგი პლატფორმა ნამდვილად არ იქნება.
- ინსტაგრამის მოზარდი მომხმარებლები ყოველდღიურად 30 წუთს მაინც უთმობენ აპლიკაციას
ისინი მხოლოდ სიახლეების კედელს არ ათვალიერებენ. ინსტაგრამის სთორები, ლაივ ვიდეოები და რილსებიც მათთვის არანაკლებ მიმზიდველია. მოხერხებული ბრენდები კონტენტს ყველა ამ არხის საშუალებით გაავრცელებენ და ამგვარად, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასაც შეძლებენ.
- ათიდან ცხრა მომხმარებელი ინსტაგრამის ვიდეოებს ყოველკვირეულად უყურებს
გასცდით სტატიკური სურათების ფარგლებს და გამოიყენეთ ვიდეოები, რათა მომხმარებლების ჩართულობა და კმაყოფილება უფრო გაზარდოთ.
ინსტაგრამის Story-ის სტატისტიკები
- 500 მილიონი მომხმარებელი ინსტაგრამის სთორებს ყოველდღიურად იყენებს
მართალია, ინსტაგრამს ოფიციალური სტატისტიკა 2019 წლის შემდეგ არ გამოუქვეყნებია (რაც საუკუნედ ითვლება სოციალური მედიისთვის), თუმცა სთორების მოხმარება, აშკარად გაიზარდა. სნაპჩატით შთაგონებული ვიდეოებით დაწყების შემდეგ, ეს ინსტაგრამის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა და დღემდე, ბიზნესებს უსაზღვრო კრეატივის შესაძლებლობას სთავაზობს.
- 58% ბრენდით უფრო დაინტერესებულია მას შემდეგ, რაც მის სთორის ნახულობს
Story საკმაოდ ძლიერი და ეფექტური ხელსაწყოა. მისი ნახვის შემდეგ ინსტაგრამის მომხმარებელთა 50% სტუმრობს კომპანიის ვებ-გვერდს და ხშირად, პროდუქტსაც ან მომსახურებასაც ყიდულობს. ამიტომაც, მაქსიმალურად გამოიყენეთ სთორის პოტენციალი.
- ყველაზე აქტიური ბრენდები თვეში სულ მცირე 17 სთორის აქვეყნებენ
სთორების სიხშირე წელს კიდევ უფრო მომატებულია, ამიტომ თუ გსურთ, რომ ტოპ შემსრულებლებს არ ჩამორჩეთ, სასურველია სთორები ყოველდღიურად გამოაქვეყნოთ.
- ინსტაგრამის სთორები პლატფორმის სარეკლამო შემოსავლების მეოთხედს აგენერირებენ
მიუხედევად იმისა, რომ სთორი შესაძლოა ისევე ვერ მისწვდეს მომხმარებელს, როგორც პოსტი, 2022 წელს სთორების სარეკლამო შემოსავლების ზრდა $16 მილიარდამდეა ნავარაუდები.
- #Love ყველაზე პოპულარული ჰეშთეგია
ალბათ მარტივი მისახვედრია, რომ ინსტაგრამზე ყველას სილაღის, პოზიტივის და სიმსუბუქის შენარჩუნება სურს.
ინსტაგრამის ბიზნეს სტატისტიკები
- ინსტაგრამის მომხმარებელთა 90%-ს ერთი ბიზნეს ანგარიში მაინც აქვს გამოწერილი
ნუ მოერიდებით თქვენი ბრენდის სოციალურ აქტივობებში და ქსელში ჩართვას, ამას ხომ ყველა აკეთებს. როგორც თავად ინსტაგრამი ამბობს, ეს არის ადგილი სოციუმის გასაზრდელად და კავშირების, ურთიერთობების გასამყარებლად როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. აპლიკაცია რეგულარულად გვთავაზობს ახალ ბიზნეს ხელსაწყოებს - მათ შორის შოპინგის ფუნქციონალებს, ლაივ ვიდეოებს და სხვა.
- საშუალოდ, ბიზნეს ანგარიში საკუთარი გამომწერების რიცხვს თვეში 1.69%-ით ზრდის
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბრენდი და კომპანია განსხვავებულია, ზოგადი ზრდის ნიშნულის ცოდნა მაინც გამოსადეგია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი ბრენდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ესაა. თუ ასეთ ზრდას ვერ აღწევთ, მაშინ დროა გადახედოთ და შეისწავლოთ სხვადასხვა პრაქტიკები და შესაბამის რჩევებსაც გაეცნოთ.
- ბიზნეს ანგარიშები საშუალოდ დღეში 1.6 პოსტს აქვეყნებენ
კიდევ უფრო რომ განვავრცოთ ეს სტატისტიკა, ბიზნეს ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული პოსტების 62.7% ფოტოა, ხოლო 16.3% კი ვიდეოები. ამასთანავე, 21% ფოტო კარუსელებზე მოდის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ბრენდი განსხვავებულია, თუმცა სად როგორი კონკურენციაა, ამის ცოდნაც მნიშვნელოვანია. ეცადეთ, სხვადასხვა ტიპის კონტენტი გამოიყენოთ.
- ორიდან ერთი ადამიანი ინსტაგრამს ახალი ბრენდის აღმოსაჩენად იყენებს
აღმოჩენისათვის ინსტაგრამი შეუდარებელი პლატფორმაა. მომხმარებელთა 50% მას სწორედ ახალი ბრენდების აღმოსაჩენად იყენებს. გარდა ამისა, სამიდან ორი ადამიანი თვლის, რომ აპლიკაცია მათ ბრენდებთან სიღრმისეული კავშირის დამყარებაში ეხმარება.
ამ წამსაც შეიძლება, თქვენი პოტენციური მომხმარებელი გათვალიერებდეთ და თქვენი ბრენდი უყვარდებოდეს.
- 57%-ს მოსწონს ბრენდების ქვიზებისა და პოლების ნახვა
სხვა პლატფორმებთან შედარებით, აუდიტორია ქვიზებისა და პოლების ნახვას ინსტაგრამზე ამჯობინებს. ამიტომ, შეუდექით საქმეს და ჰკითხეთ საკუთარ მომხმარებლებს, თუ რა სურთ მათ.
ეს მათ დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე და ეს გადაწყვეტილების მიღებისას, მათ თავდაჯერებულობასაც გაზრდის.
- საშუალო ჩართულობა ბიზნეს ანგარიშის პოსტზე 0.83%-ია
ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია კარუსელის პოსტებზე, ხოლო შედარებით დაბალი ვიდეოზე, თუმცა ამ მაჩვენებლის მიღწევა დამაკმაყოფილებლად ითვლება.
საინტერესოა, რომ რაც უფრო მეტად იზრდება ბრენდის გამომწერთა რიცხვი, მით უფრო იკლებს ჩართულობის მაჩვენებელი. კვლევები აჩვენებს, რომ 10,000 გამომწერიანი გვერდები უფრო მაღალი ჩართულობით ხასიათდებიან, ვიდრე 100,000 გამომწერიანი. ზოგჯერ, ცოტა უფრო მეტია.
- ინსტაგრამის მაღაზიას მომხმარებლების 44% ყოველკვირეულად იყენებს
ინსტაგრამმა შოპინგის საშუალება საკუთარ მომხმარებელს რამდენიმე წლის წინ მისცა, თუმცა მან ელექტრონული კომერციის სამყარო შტორმით აიღო. ბიზნეს გამოკითხვების თანახმად, ინსტაგრამის მომხმარებელთა 44% მაღაზიას ყოველკვირეულად იყენებს.
- ინსტაგრამის სარეკლამო რიჩმა გადააჭარბა ფეისბუქისას
თუ ფასიანი რეკლამირება და რიჩი თქვენი სოციალური მედია სტრატეგიის ნაწილია, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ინსტაგრამის სარეკლამო რიჩმა გასულ წელს ფეისბუქისას გადააჭარბა. ბოლო წლის განმავლობაში, ფეისბუქის გლობალური სარეკლამო რიჩი მხოლოდ 6.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინსტაგრამის 20.5%-ით.
ასევე დაგაინტერესებთ:
NFT და ინსტაგრამი
როგორ იყენებენ Instagram Reel-ებს ბიზნესები
როგორ გამოვჩნდეთ ინსტაგრამზე უფრო ხშირად