UGC - მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი

თებერვალი 20, 2022

UGC - მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი არის უნიკალური, ბრენდზე მორგებული კონტენტი, რომელსაც მომხმარებელი საკუთარ სოციალურ მედიაში ან სხვა არხებში აქვეყნებს.

ახალი ტანსაცმელი ან აქსესუარი შეიძინეთ და ერთი სული აქვთ, როდის აჩვენებთ მას თქვენს მეგობრებს? დიდი ალბათობით, ლამაზ სურათს გადაიღებთ და მას სოციალურ ქსელში გაავრცელებთ. ან იქნებ ახალი პროდუქტი მიიღეთ, რომლის გახსნის ვიდეოს ჩვენებას იუთუბ არხის საშუალებით გეგმავთ? ორივე შემთხვევაში, ეს მომხმარებლის მიერ წარმოებულ კონტენტად ითვლება (UGC - User Generated Content).

სტატიის განმავლობაში თქვენ შეიტყობთ, თუ რა არის მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი და ასევე:

  • გაეცნობით, რა სარგებლის მოტანა შეუძლია UGC-ს თქვენი კამპანიებისთვის;
  • ნახავთ, თუ როგორ იყენებენ მას მცირე და მსხვილი ბრენდები;
  • მიიღებთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აქციოთ მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი ბრენდის ჩართულობისა და კონვერსიების წყაროდ.

რა არის მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი?

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი არის უნიკალური, ბრენდზე მორგებული კონტენტი, რომელსაც მომხმარებელი საკუთარ სოციალურ მედიაში ან სხვა არხებში აქვეყნებს. UGC-ის ბევრი ფორმა არსებობს, მათ შორის: სურათები, ვიდეოები, განხილვები და პოდკასტები.

საიდან მოდის UGC?

მომხმარებლები

გაიხსენეთ შეფუთვების გახსნის ვიდეოები ტიკტოკზე ან შეფასების ჩანაწერები ინსტაგრამზე. თქვენი მომხმარებლები არიან ის ადამიანები, ვისთანაც UGC კონტენტი უნდა ეძებოთ - თავად სთხოვეთ მათ ეს თუ უბრალოდ საკუთარი სურვილით შექმნეს კონტენტი.

ბრენდის გულშემატკივრები

ლოიალური მომხმარებლები, ამბასადორები, გულშემატკივრები ან უბრალოდ ენთუზიასტები. სწორედ ისინი არიან ყველაზე დადებითად განწყობილი თქვენი ბიზნესის მიმართ. გარდა ამისა, UGC- ს გაზიარებაზე ნებართვის მოპოვება, მათგანაც გაცილებით მარტივი იქნება.

თანამშრომლები

თანამშრომლების მიერ წარმოებული კონტენტი (EGC) გადმოსცემს ბრენდის უკან არსებულ ღირებულებასა და ამბავს. მსგავსი კონტენტის მაგალითი შეიძლება იყოს ვიდეო, სადაც თანამშრომლები პროდუქტებს ან შეკვეთებს ამზადებენ, საუბრობენ იმაზე, თუ რატომ უყვართ ამ კომპანიაში მუშაობა. ასეთი „კადრს მიღმა“ კონტენტი ბრენდის იდენტობას აყალიბებს და მის ბუნებრიობასაც უსვამს ხაზს.

რატომაა მნიშვნელოვანი UGC?

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი მყიდველის მიერ განვილილი გზის თითოეულ ეტაპზე გამოიყენება. იქნება ეს ჩართულობის გასაზრდელად განკუთვნილი, თუ კონვერსიებისთვის. მისი გამოყენება სოციალურ მედიაში, ისევე როგორც სხვა არხებშია შესაძლებელი, მაგალითად: ელექტრონული ფოსტა, ლენდინგ და ჩექაუთ გვერდები.

ზრდის ბრენდის ბუნებრიობის ხარისხს

დღესდღეობით, ბრენდებს გამუდმებული ბრძოლა უწევთ იმისათვის, რომ სოციალურ მედიაში ადგილი დაიმკვიდრონ და ონლაინ სივრცეში გამოჩდნენ. გარდა ამისა, მომხმარებლებიც უფრო მეტად აფასებენ საკუთარ დროს და ფიქრობენ, თუ რომელ ბრენდთან ღირს „საქმის დაჭერა“.

თანაც, მხოლოდ მომხმარებლები არ ანიჭებენ უპირატესობას ბუნებრივ და უშუალო კონტენტს. მარკეტოლოგების 60%-საც მიაჩნია, რომ ბუნებრიობა და ხარისხი თანაბრად მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმატებისთვის. მომხმარებლის მიერ წარმოებულ კონტენტზე ბუნებრივი კონტენტი კი იშვიათად არსებობს.

ნურასდროს ეცდებით, რომ მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი გააყალბოთ პოსტების სახით. აუდიტორია ამას მალე მიგიხვდებათ და ეს თქვენს ბრენდს სერიოზულ ზიანსაც მიაყენებს. ნაცვლად ამისა, დარწმუნდით, რომ UGC-ს მხოლოდ მომხმარებლისგან, ბრენდის ენთუზიასტებისა და თანამშრომლებისგან იღებთ.

ადამიანები ყველაზე მეტად მაინც სხვა ადამიანებს ენდობიან. ამიტომაც, მომხმარებლის მიერ წარმოებულ კონტენტზე შეგიძლიათ იფიქროთ, როგორც თანამედროვე word-of-mouth მარკეტინგზეთუ ჯერ ვერ დარწმუნდით UGC-ის ეფექტურობაში, გეტყვით, რომ მომხმარებლები 2.4-ჯერ უფრო მეტად ეცნობიან მას, ვიდრე ბრენდის მიერ წარმოებულ კონტენტს. სწორედ ამიტომ, ასეთი მიდგომებისთვის ბიუჯეტისა და ძალისხმევის გამოყოფისთვის საუკეთესო დროა.

აყალიბებს ლოიალობას ბრენდის მიმართ და ზრდის მომხმარებელთა რიცხვს

UGC მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთოს ბრენდის ზრდის პროცესში და არ იყოს უბრალოდ დამკვირვებლის როლში. ეს ყველაფერი ბრენდის ლოიალობაზეც მოქმედებს, რადგან ადამიანებს სურთ, იყვნენ რაღაც უფრო დიდის ნაწილი. კონტენტის შექმნა და ბრენდის სოციუმში გაწევრიანება კი ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

გარდა ამისა, UGC მომხმარებელსა და ბრენდს შორის კომუნიკაციის დაწყების საშუალებას გვაძლევს, ის სოციუმის ჩამოყალიბებასა და ზრდასაც უწყობს ხელს.

მოქმედებს, როგორც ნდობის სიგნალი

მასმედია საშუალებებს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ენდობა. ეს უნდობლობა განსაკუთრებით გააძლიერა 2020 წლის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა დეზინფორმაციამ.

ბრენდებსაც საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაღება სჭირდებათ იმისათვის, რომ მომხმარებელთა ნდობა მოიპოვონ. მარკეტოლოგთა 93% თანხმდება იმაზე, რომ მომხმარებლები UGC-ს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ბრენდის წარმოებულ კონტენს. შესაბამისად, ის სიგნალები, რომლებსაც მსგავსი კონტენტი გასცემს, ამაღლებს ბრენდისადმი ნდობას.

მომხმარებლები UGC-ს ისევე ეცნობიან, როგორც საკუთარი მეგობრების, ოჯახის წევრების ან კოლეგების კონტენტს. მილენიალნთა დაახლოებით 50% საკუთარ გადაწყვეტილებებს რეკომენდაციებზე ამყარებს. სწორედ აქ შეიძლება დავინახოთ UGC-ის ღირეულება და აღვიქვათ ის, როგორც პირადი რეკომენდაცია პოტენციური მომხმარებლისთვის.

ზრდის კონვერსიებს და გავლენას ახდენს შესყიდვის გადაწყვეტილებაზე

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი განსაკუთრებულ გავლენას მყიდველზე ბოლო საფეხურზე ახდენს. იმ საფეხურზე, სადაც თქვენ ცდილობთ, პოტენციური მომხმარებელი საბოლოო მყიდველად აქციოთ.

UGC მოქმედებს, როგორც ბუნებრივი სოციალური მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქტი ღირებულია და მისი ყიდვა ნამდვილად ღირს. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ხედავს, რომ მისი მსგავსი მომხმარებელი ატარებს ან ფლობს ამა თუ იმ პროდუქტს, მასაც უჩნდება შეძენის სურვილი.

მოქნილი და ადაპტირებადი

სოციალური მედია არხების გარდა, UGC-ის გამოყენება სხვა გზებითაც შეიძლება. მაგალითად, მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტის გამოყენება სურათების სახით იმეილ მარკეტინგისთვისაც შეგიძლიათ. დაურთეთ ეს სურათები იმ მეილებსაც, რომლებსაც დაუსრულებელი შესყიდვის მქონე მომხმარებლებს უგზავნით. ასევე შეგიძლიათ, ისინი ლენდინგ გვერდებზე გამოიყენოთ, რათა მომხმარებელთა კონვერსიის მაჩვენებელი გაზარდოთ.

Calvin Klein-მა UGC-ისთვის სპეციალური ლენდინგ გვერდიც შექმნა. აქ ბრენდი საკუთარი მომხმარებლების სურათებს წარმოაჩენს, რაც ადამიანებს ამ პროდუქტის აღქმაში და საკუთარ თავთან გაიგივებაში ეხმარება.

უფრო რენტაბეულურია, ვიდრე ინფლუენსერ მარკეტინგი

ინფლუენსერ კამპანიის მართვა შესაძლოა, ათი და ასი ათასობით დოლარიც დაგიჯდეთ. თუმცა, რა დაგიჯდებათ თქვენი აზრით მომხმარებლისთვის,~ მისი პოსტის გაზიარებაზე ნებართვის თხოვნა? ალბათ, პასუხს ხვდებით.

UGC საკმაოდ ეფექტური და რენტაბელური გზაა ბიზნესის გასაზრდელად და ახალი მარკეტინგული კამპანიის წამოსაწყებად. გარდა ამისა, ცნობილი კრეატიული სააგენტოს დაქირავებაც არ არის აუცილებელი ბრენდული აქტივებისა და კონტენტის წარმოებისთვის.

უბრალოდ დაუკავშირდით ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს თქვენი ბიზნესისთვის - თქვენს მომხმარებლებს. ბევრი მათგანი სიამოვნებით დაგთანხმდებათ საკუთარი კონტენტის თქვენს არხზე განთავსებაზე. UGC განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ბრენდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ზრდას.

ჰარმონიულად მუშაობს სოციალურ კომერციასთან ერთადაც

ონლაინ შოპინგის მომავალი სოციალური კომერციაა - შოპინგი პირდაპირ სოციალური მედია არხიდან. მთავარი ხიბლი სოციალური კომერციის არის ის, რომ მომხმარებელს აპლიკაციის დატოვება და სხვა საიტზე გადასვლა აღარ უწევს. შესყიდვის პროცესიც გაცილებით გამარტივებულია.

წარმოიდგინეთ, რომ ფეისბუქს ან ინსტაგრამს ათვალიერებთ და უცბათ, თქვენთვის საინტერესო მაისურის სურათი შეგხვდათ. გადადიხართ პროდუქტის გვერდზე, გადაწყვეტთ მის შეძენას და ასრულებთ შესყიდვას აპლიკაციიდანვე. სწორედ ეს არის სოციალური კომერცია.

UGC და სოციალური კომერცია იდეალურად ეწყობა ერთმანეთს, რადგან UGC კონვერსიების გაზრდას უწყობს ხელს. დაახლოებით 80% აღნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი მათ გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას, რაც საერთო ჯამში იდეალურ კოლაბორაციას გვაძლევს.

 

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტის ტიპები

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელსაც მარკეტოლოგები აუცილებლად უნდა იყენებდნენ. ის საკმაოდ ბევრი სტილით და ფორმატითაც გვხვდება, ამიტომ შეგიძლიათ, რომ თქვენი ბრენდის შესაფერისი სტილი მარტივად შეარჩიოთ.

  • სურათი
  • ვიდეო
  • სოციალური მედია კონტენტი
  • პროდუქტის მიმოხილვა
  • ლაივ სტრიმები
  • ბლოგები
  • იუთუბ კონტენტი

 

UGC-ის საუკეთესო მაგალითები

არ აქვს მნიშვნელობა მოცულობას, ბრენდები UGC-ს ცნობადობის, რიჩის, კონვერსიებისა და სოციალური მედია ჩართულობის გასაზრდელად იყენებენ.

GoPro

ვიდეო აპარატურის ყველასათვის კარგად ნაცნობი ბრენდი - GoPro, UGC-ს საკუთარი იუთუბ არხისთვის იყენებს და უნდა აღინიშნოს, რომ მათი საუკეთესო ვიდეოების უმრავლესობაც სწორედ მომხმარებლის მიერ არის შექმნილი. ასეთი სამი ყველაზე პოპულარული ვიდეოს ნახვები მათ არხზე 400 მილიონსაც აღწევს.

დაგვეთანხმებით, რომ ცუდი არაა ისეთი კონტენტისთვის, რომლის წარმოებაც GoPro-ს არაფერი უჯდება. რეალურად, UGC კომპანიისთვის იმდენად ღირებული გახდა, რომ ისინი ახლა სპეციალურ შოუსაც მართავენ, სადაც მომხმარებლებს ჯილდოებს გადასცემენ და ფოტო კონკურსებსაც ატარებენ.

LuluLemon

კანადური ბრენდი - LuluLemon, უმაღლესი ხარისხის გამაშებისა და იოგას აქსესუარების წარმოებით არის ცნობილი. კომპანიის რიჩის გასაზრდელად სოციალურ მედიაში მათ მომხმარებლებს და ბრენდის გულშემატკივრებს სთხოვეს, რომ ჰეშთეგ კამპანიის ფარგლებში კომპანიის სამოსით გადაეღოთ სურათები. ამ კამპანიამ საგრძნობლად გაზარდა ბრენდის ცნობადობა და მიღწევადობა სოციალურ მედია არხებში, რადგან ის გაზიარებადი, ძებნადი და ბუნებრივი კონტენტი იყო.

La Croix

LuluLemon-ის მსგავსად, საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში მინერალური წყლების ბრენდი - La Croix-იც ჰეშთეგებს იყენებს UGC-ის მოსაზიდად. თუმცა, ბრენდი ნაკლებადაა დამოკიდებული ბრენდის ერთგულ მომხმარებლებსა და ინფლუენსერებზე, ისინი ნებისმიერი ადამიანის კონტენტს აქვეყნებენ.

ამგვარი მიდგომა და UGC-ის მსგავსი გამოყენება, ბრენდს საკმაოდ სანდოს ხდის აუდიტორიისთვის, რადგან ადამიანები ამ ფოტოებში საკუთარ თავებს ხედავენ და არა ბრენდის ამბასადორებს.

Well Traveled

UGC მხოლოდ მსხვილი და წარმატებული ბრენდებისთვის არ არის. მისი გამოყენება სოციალური კამპანიებისთვის მცირე კომპანიებსაც შეუძლიათ. Well Traveled საკუთარი სოციუმის გარშემო შექმნილი ტურისტული ბრენდია, რომელიც მისი წევრების მიერ წარმოებულ კონტენტს იყენებს საკუთარი ბრენდის გარეკლამებისთვის.

როგორც კომპანიის პარტნიორობისა და ბრენდის მარკეტინგის მთავარი მენეჯერი აცხადებს, ისეთ ვიზუალურ ინდუსტრიაში, როგორიც მოგზაურობა და ტურიზმია, მომხმარებლის და წევრის მიერ წარმოებული კონტენტი, როგორც მტკიცებულება, შეუფასებელია. ულამაზესი მოგზაურობები, აღმოჩენები, მათი დაგეგმვა და დაჯავშნა ფენომენალური მარკეტინგული ხელსაწყოებია. კომპანია UGC-ს არა მხოლოდ ჩართულობისთვის, არამედ ბრენდის ცნობადობის, რიჩის და სოციუმის გაზრდისათვისაც იყენებს.

  

 

Copa90

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი მხოლოდ ინსტაგრამით არ შემოიფარგლება. სპორტული ბრენდი - Copa90, UGC-ს Snapchat-ისთვისაც იყენებდა, რათა ამით 2018 წლის FIFA-ს მსოფლიო თასი გაერეკლამებინა.

ფეხბურთის ახალგაზრდა მოყვარულებთან დასაკავშირებლად, კომპანიამ პირდაპირ სნაპჩატით გადაწყვიტა რელევანტური და მათთვის საინტერესო კონტენტის გაზიარება. აპლიკაციიდან, მათ მომხმარებელი სხვადასხვა არხებზეც გადაჰყავდათ.

შედეგი? 31 მილიონი უნიკალური მომხმარებელი სულ რაღაც 45 დღეში. მათ “Swipe Up“ ღილაკს კამპანიის ფარგლებში, 40% იყენებდა.

 

რჩევები UGC-ისთვის

ყოველთვის აიღეთ ნებართვა

ნებართვა კონტენტის გასაზიარებლად აუცილებელი და სავალდებულოა. ყოველთვის ჰკითხეთ მომხმარებელს, შეგიძლიათ თუ არა მათი კონტენტის გამოყენება.

ადამიანებმა შესაძლოა, უბრალოდ გამოიყენონ თქვენი ბრენდირებული ჰეშთეგები და არ იცოდნენ, რომ რაიმე კამპანიის მონაწილეები არიან. ასეთი კონტენტის ნებართვის გარეშე გაზიარება კი აუცილებლად დააზიანებს თქვენი ბრენდის იმიჯს. ნებართვის თხოვნით თქვენ გამოხატავთ პატივისცემას მომხმარებლის მიმართ. გარდა ამისა, საავტორო უფლებების დარღვევისგანაც დაიცავთ თავს.

ახსენეთ თავდაპირველი შემქმნელი

როდესაც მომხმარებლის მიერ წარმოებულ კონტენტს აქვეყნებთ სოციალურ მედია არხებში, აუცილებელი და თანაც ეთიკურია, რომ მისი შემქმნელი მოიხსენიოთ და თქვენი პატივისცემა გამოხატოთ. ეს შეიძლება მათი მონიშვნით გააკეთოთ ან უბრალოდ ისაუბროთ მათზე მცირედით. მთავარია, ყოველთვის დააფასოთ მათი შრომა.

თუ UGC-ს გაზიარებას აპირებთ სხვადასხვა პლატფორმებზე, იმასაც დააკვირდით, თუ როგორ ურჩევნია კრეატორს ამის გაკეთება. მაგალითად, თუ მათი ინსტაგრამის ფოტოს გაზიარება ფეისბუქზე გსურთ, ჰკითხეთ, აქვს თუ  არა მას ფეისბუქ გვერდი, რომელსაც მონიშნავთ. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომით კრეატორს ბრენდისადმი სიმპათიასაც უზრდით, თქვენ პოტენციურ მომხმარებელსაც აჩვენებთ, თუ რამდენად ჩართულია აუდიტორია და რამდენად ახლოს არიან ისინი თქვენს ბრენდთან.

ზუსტად იცოდეთ, რა სახის კონტენტს ეძებთ

UGC კრეატორებსაც სურთ, რომ მათი კონტენტი გააზიაროთ. შესაბამისად, ისინი თქვენგანაც ელოდებიან გარკვეულ მითითებებსა და მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რა ტიპის კონტენტი შექმნან.

ბრენდების მხოლოდ 16% სთავაზობს მომხმარებელს აშკარა მითითებებს კონტენტის შესახებ. ამავდროულად, მომხმარებელთა 50%-ზე მეტს სურს, რომ ზუსტად იცოდნენ, რისი შექმნა სჭირდება ბრენდს, როდესაც საქმე UGC კონტენტს ეხება. ამიტომ ნუ მოერიდებით, იყოთ კონკრეტული და სპეციფიკური - გაუმარტივეთ მომხმარებელს კონტენტის შექმნის პროცესი.

შეიმუშავეთ სტრატეგია და დაისახეთ მიზნები

როგორ მიხვდებით, რა სახის UGC უნდა მოითხოვოთ მომხმარებლისგან, თუ არ იცით, რა მოერგება თქვენს კამპანიასა და სტრატეგიას? ნამდვილად კარგია, როდესაც მომხმარებლები ლამაზ ფოტოებზე გნიშნავენ, თუმცა როგორ წაადგება ეს თქვენს მარკეტინგულ მიზნებს?

პირველ რიგში, შეისწავლეთ თქვენი სოცუალური მედია სტრატეგია და დააკვირდით, რა გზებით შეძლებთ UGC-ს გამოყენებას. შემდეგ კი შექმენით მარტივი საინფორმაციო დოკუმენტი, სადაც მომხმარებელს მოუყვებით თქვენი საჭიროებების შესახებ. მას შემდეგ, რაც მომხმარებლისთვის ამ მითითებებს ჩამოაყალიბებთ, შეგიძლიათ ის ნებისმიერ ადგილას გააზიაროთ, სადაც მომხმარებელია. ეს შეიძლება იყოს:

  • სოციალური მედია არხების აღწერილობა
  • სხვა UGC პოსტები
  • ვებ-გვერდი
  • ფიზიკური ლოკაცია
  • პროდუქტის შეფუთვა

UGC სტრატეგიის არსი მხოლოდ კონტენტის ტიპების გაცნობიერებით არ შემოიფარგლება. მათი შესაბამისობა უფრო ფართო სოციალური მედია მიზნებისთვისაც უნდა შეგეძლოთ. მაგალითად, ბრენდის ცნობადობის გაზრდა გსურთ, კონვერსიების მატება თუ ორივე მათგანი? გარდა ამისა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შეაფასოთ თქვენი კამპანიის ეფექტურობა და წარმატება.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სიახლეები აქვს ფეისბუქს კრეატორებისთვის?

როგორ გამოვჩნდეთ ინსტაგრამზე უფრო ხშირად

7 სოციალური მედია ხელსაწყო, რომელიც კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ