media-4

ფეისბუქ შოპების გზამკვლევი

  • 11 თებ 2022
  • სოციალური მედია
ფეისბუქ შოპების გზამკვლევი

ფეისბუქის მაღაზიები მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესებისთვის, შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნიან, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, მიაწვდინონ საკუთარი ხმა ფართო აუდიტორიას და მზარდ ბაზარს.

ფეისბუქის მაღაზიის შექმნა შემოსავლების გენერირებისთვის ერთ-ერთი უმარტივესი და უფასო გზაა სოციალურ ქსელში. სტატიის განმავლობაში გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ფეისბუქის მაღაზია და როგორ შექმნათ ის. გარდა ამისა, შთაგონებისთვის რამდენიმე მცირე ბიზნესსაც განვიხილავთ.

რა არის ფეისბუქის მაღაზია?

ფეისბუქის მაღაზია არის ვირტუალური სივრცე, რომელიც თქვენი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდზეა წარმოდგენილი. მისი დახმარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ აღმოაჩინონ, გააზიარონ ან შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი, პირდაპირ სოციალური პლატფორმიდან (საქართველოში ჯერჯერობით ეს ფუნქციონალი არ მოქმედებს).

ფეისბუქის მაღაზია არაერთ ფუნქციონალს გვთავაზობს, რომელიც ონლაინ პროდუქტის მარტივად გაყიდვაში გვეხმარება. მაგალითად, მაღაზიის დახმარებით შეგიძლიათ:

  • შექმნათ შიდა საშოპინგე გამოცდილება, რათა თქვენი პროდუქტების აღმოჩენა მარტივად იყოს შესაძლებელი ბიზნეს გვერდიდან.
  • გადააკეთოთ დიზაინის ელემენტები, შეცვალოთ ფერი და ფონტი, რათა მაღაზიის სტილი თქვენს ბრენდს დაემთხვეს.
  • შექმნათ ერთი მაღაზია, რომელიც ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ვოთსაპსა და მესენჯერში იქნება განთავსებული.

ფეისბუქის მაღაზიის შექმნას რაიმე საფასური სჭირდება?

ფეისბუქი სრულიად უფასოდ გაძლევთ საშუალებას, შექმნათ საკუთარი მაღაზია. კომპანიის გათვლებით, რაც უფრო მეტი ადამიანი შექმნის მაღაზიას, მით უფრო მეტი თანხა დაიხარჯება რეკლამებზე და კომპანიაც მიიღებს სასურველ შემოსავლებს.

რატომ მჭირდება ფეისბუქის მაღაზია?

ფეისბუქის მაღაზიები, მცირე ბიზნესებისთვისაც კი, მარტივი და რენტაბელური გადაწყვეტილებაა და ამარტივებს დახვეწილი ონლაინ შოპინგის გამოცდილების შექმნას. ონლაინ მაღაზიის შექმნა მცირე ბიზნესებისთვის მრავალი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს.

ფეისბუქის მაღაზიის შექმნას შეძლებთ მაშინაც კი, თუ ონალინ მაღაზია ან ელექტრონული კომერციის პლატფორმა არ გაქვთ. აქ შეძლებთ განათავსოთ პროდუქტები, უპასუხოთ მომხმარებელთა შეკითხვებს და, რაც მთავარია, აწარმოოთ გაყიდვები.

იმ შემთხვევაში კი, თუ ონლაინ მაღაზიას ან ელექტრონული კომერციის პლატფორმას ფლობთ, შეგიძლიათ მარტივად მოახდინოთ მათი სინქრონიზაცია. ამგვარად, თქვენ განაახლებთ ინვენტარს, ფასებს და შემდგომი ცვლილებებიც ავტომატურად აისახება.

მომხმარებელს უმარტივებთ პროდუქტის შეძენას. Shopify-ის კვლევის თანახმად, გადახდის პროცესი მთავარი მიზეზია, რის გამოც ადამიანები პროდუქტის ყიდვის პროცესს არ ასრულებენ. ფეისბუქის მაღაზია ამ პრობლემას ორი გზით აგვარებს.

პროდუქტის პირველად შეძენის შემდეგ, მომხმარებლის საგადასახადო ინფორმაცია და მისამართი ავტომატურად ივსება. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ, ერთი აპლიკაციიდან მეორეზე გადავიდნენ და შოპინგის პროცესიც გააგრძელონ. შესაბამისად, თუ მომხმარებელს ინსტაგრამზე შეხვდება საინტერესო პროდუქტი და მას კალათაში დაამატებს, შეეძლება ის შემდგომ ფეისბუქიდან შეიძინოს.

მომხმარებლებს მაღაზიის მოძებნა ფეისბუქის პოპულარული აპლიკაციებითაც შეუძლიათ. ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ადამიანები სხვადასხვანაირად ერთობიან. ფეისბუქის მაღაზია გეხმარებათ, მომხმარებლის ყურადღება მომენტალურად მიიქციოთ, რომელ აპლიკაციასაც არ უნდა იყენებდეს ის. მაგალითად, შეგიძლიათ წარმოაჩინოთ პროდუქტები, კოლექციები და დაუკავშიროთ ისინი მაღაზიას სპეციალური ბმულით.

გარდა ამისა, შეგიძლიათ დაურთოთ იმ პროდუქტის ბმულები, რომლებსაც ლაივ ვიდეოების დროს ყიდით.

ასევე შესაძლებელია, რომ თქვენს რეკლამებსა და ორგანულ პოსტებს შესაბამისი თეგები დაურთოთ, რომლებიც ლიდებს პროდუქტების გვერდებზე გადაამისამართებენ.

თქვენი პროდუქტების აღმოჩენას,მომხმარებელი ინსტაგრამისა და ფეისბუქის მაღაზიის საძიებო ველშიც შეძლებს.

შოპინგის საძიებო ველი, ფაქტობრივად, ფეისბუქისა და ინსტაგრამის სავაჭრო ცენტრია. თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ იმისათვის, რომ ბიზნესის პროდუქტები აქ მოხვდეს. ფეისბუქის ალგორითმი ეცდება, მომხმარებლებს ის პროდუქტები წარუდგინოს, რომლითაც შეიძლება ყველაზე მეტად დაინტერესდნენ.

როგორ შევქმნათ ფეისბუქის მაღაზია?

ფეისბუქს სურს, რომ სოციალური კომერცია ყველა მცირე ბიზნესისათვის გახადოს ხელმისაწვდომი, ამიტომ პლატფორმაზე მაღაზიის შექმნა ძალიან მარტივია. თუ უკვე ფლობთ ფეისბუქის ბიზნეს გვერდს და გასაყიდ პროდუქციას, შეგიძლიათ მაღაზია რამდენიმე წუთში შექმნათ. თუმცა, სანამ ამას დაიწყებდეთ დარწმუნდით, რომ:

  • იცავთ ფეისბუქის კომერციის წესებს.
  • ხართ ბიზნეს მენეჯერის ადმინი.
  • ფლობთ ფეისბუქის კომერციის მენეჯერს.

დაიწყეთ მაღაზიის შექმნა

ფეისბუქის კომერციის მენეჯერი არის ადგილი, სადაც თქვენს მაღაზიას შექმნით. აქედანვე შეგეძლებათ მისი მართვაც. გადადით პლატფორმაზე ამ პროცესის დასაწყებად. პირველ რიგში, აირჩევთ იმას, თუ სად გსურთ მომხმარებელმა დაასრულოს შეძენის პროცესი.

შემდეგ კი, ინფორმაციას სამი კატეგორიისთვის შეავსებთ. ამისათვის დააჭირეთ „Set Up” ღილაკს:

ბიზნეს ინფორმაციის სექციაში დაგჭირდებათ ბიზნესის სახელის შეყვანა და მისი ბიზნეს მენეჯერთან დაკავშირება. თუ ჯერ არ გაქვთ მსგავსი ანგარიში, მისი შექმნა უმარტივესადაა შესაძლებელი.

განაგრძეთ პროცესი და გადაინაცვლეთ ინვენტარისა და შიპინგის სექციაზე. აქ შეძლებთ, შექმნათ კატალოგი, დააწესოთ მიწოდების ვარიანტები და დაამატოთ დაბრუნების პოლიტიკა.

საბოლოოდ კი, დაასრულებთ გადახდების სექციით. აქ დაამატებთ თქვენი ბიზნესის ფიზიკურ ადგილმდებარეობას, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ბიზნესის კატეგორიას და საგადასახადო ინფორმაციას.

გილოცავთ! ამით თქვენი მაღაზიის შექმნის პროცესი დასრულებულია. ახლა დროა, რომ მასში პროდუქტები დაამატოთ და მაღაზია თქვენი ბრენდის ხასიათს მოარგოთ.

პროდუქტების დამატება

პროდუქტების კატალოგის შექმნის რამდენიმე მეთოდი არსებობს ფეისბუქზე. თუ ყველაფერს ნულიდან იწყებთ, შეგიძლიათ პროდუქტები თავად ან API-ს საშუალებით შეიყვანოთ. უბრალოდ, მთავარია, შექმნათ კატალოგი და შემდეგ მასში პროდუქტები დაამატოთ. თუ უკვე იყენებდით ფეისბუქის გვერდის მაღაზიას ან ინსტაგრამის პროდუქტის თეგებს, მაშინ ეს პროდუქტები ავტომატურად გამოჩნდება ახალ მაღაზიაშიც.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისეთი ელექტრონული კომერციის პლატფომით სარგებლობდით, როგორიცაა Shopify, პროდუქტების იმპორტირებას პირდაპირ შეძლებთ თქვენს ფეისბუქის მაღაზიაში.

შექმენით პროდუქტების კოლექციები

კოლექცია მოიცავს ექვსიდან ოცდაათამდე პროდუქციას, რომელსაც ფერი, სეზონურობა ან რაიმე სხვა ნიშანი აერთიანებს. თქვენი კოლექციების გავრცელება რეკლამების საშუალებითაც შეგიძლიათ.

მაგალითისთვის, გავეცნოთ Adventure Cats-ის კოლექციას. მათი ფეისბუქის მაღაზიის გვერდზე შესვლისას, რასაც პირველად დაინახავთ, ეს გამორჩეული კოლექციებია. თითოეულ მათგანს, გააჩნია სათაური, ფოტო და ნავიგაციის ღილაკი. ნებისმიერ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, შეძლებთ სრულად გაეცნოთ კოლექციაში შემავალ პროდუქციას.

პროდუქციის კოლექციის შესაქმნელად, დაბრუნდით კომერციის მენეჯერის მთავარ გვერდზე, შემდეგ გადადით „Shops” და შემდეგ “Collections”.

აირჩიეთ ახალი კოლექციის შექმნა.

ამის შემდეგ, შეძლებთ თქვენი კოლექციისთვის სასურველი დასახელება, გარეკანის ფოტო და მოკლე აღწერილობაც შეარჩიოთ.

დააჭირეთ „შემდეგ“ ღილაკს და დაიწყეთ პროდუქტების დამატება ახალ კოლექციაში. აქ შეგიძლიათ 6-30 პროდუქტი დაამატოთ. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პროდუქტი თქვენი კატალოგიდან, შესაძლოა დამატებულ იქნას კოლექციაშიც. გარდა ამისა, ერთი პროდუქტი შესაძლოა რამდენიმე კოლექციაშიც მოხვდეს.

კიდევ ერთხელ დააჭირეთ „შემდეგ“ ღილაკს და გადახედეთ თქვენს კოლექციას. შემდეგ კი მონიშნეთ „დადასტურების“ ღილაკი, რათა ფეისბუქს ამცნოთ, რომ თქვენი კოლექცია მზადაა განსახილველად. ფეისბუქის კომერციულ წესებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კოლექცია დაახლოებით ერთ დღეში უნდა დადასტურდეს.

პერსონალიზაცია

სანამ ფეისბუქი მაღაზიებს დანერგავდა, ბიზნესის ბრენდინგისთვის დიდი არჩევანი არ გვქონდა. ჩვენ მხოლოდ ფეისბუქის ფერების გამოყენება შეგვეძლო, მაგრამ ახლა, მაღაზიები პერსონალიზაციის და საკუთარი დიზაინების შექმნის შესაძლებლობასაც გვაძლევს.

ამისათვის, გადადით კომერციის მენეჯერში, შემდეგ „მაღაზიებში“ და შემდეგ აირჩიეთ „edit” ღილაკი. მარცხენა მხარეს თქვენ დაინახავთ განლაგებისა და სტილის ღილაკებს. განლაგება არის სექცია, სადაც თქვენ დაამატებთ, ამოშლით ან გადაადგილებთ კოლექციაში შემავალ პროდუქტებს. სტილი საშუალებას გაძლევთ, შეცვალოთ სათაურების ზომები, განლაგება, ღილაკის ფერები და ფორმები.

ფეისბუქ მაღაზიის 3 მაგალითი

ბუნებით, მცირე ბიზნესის მფლობელები კრეატიულები არიან და ისინი მაქსიმალურად იყენებენ ფეისბუქის მაღაზიის სარგებელს. გთავაზობთ სამი მცირე ბიზნესის მაგალითს, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს.

რამდენიმე პროდუქტი ერთ პოსტში: Gunner Kennels

Gunner Kennels ძაღლების გადასაყვან უსაფრთხო „სახლებს“ აკეთებს. ფეისბუქი საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი მაღაზიის რამდენიმე პროდუქტი, ერთ ორგანულ პოსტში მოაქციოთ. დააკვირდით, როგორ ახერხებს კომპანია სრულიად მოულოდნელი, ბრენდირებული ქუდის შეთავაზებას საკუთარ პოსტში - ის მაღაზიის თეგებს იყენებს. ეს მომხმარებელს ამცნობს, რომ მათ პროდუქტზე დაკლიკვა და მის შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მიღებაც შეუძლიათ.

  

კოლექციის აღწერილობის ეფექტური გამოყენება: The Tiny Tassel

The Tiny Tassel საკუთარ მომხმარებელს ფერად-ფერად, ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს სთავაზობს. მათი მიმზიდველად წარმოჩენისათვის ბრენდი კოლექციებს იყენებს.

დამატებით, რაც თვალშისაცემია, ეს კოლექციების მოკლე აღწერილობებია. მნახველებს ეცოდინებათ, რომ თითოეულ ჯგუფში შემავალი პროდუქტი უნიკალური, ხელნაკეთი და ზოგიერთი მათგანი, ბიზნესის მფლობელის დედის შექმნილია (“handmade by my mom”).

გამარტივებული ყიდვის პროცესი: Ink Meets Paper

Ink Meets Paper საკუთარი მომხმარებლისთვის შოპინგის და პროდუქტის შეძენის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. პირველ რიგში, ბრენდი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იყენებს სპეციალურ ღილაკს, რომელიც მომხმარებლებს ფეისბუქის მაღაზიაში ამისამართებს (ბევრი კომპანია ამ ღილაკს საიტზე გაგზავნისათვის იყენებს). შემდგომ, კომპანიას ინტეგრირებული აქვს გადახდაც, რათა მომხმარებელს ფეისბუქის დატოვება არ მოუწიოს.

ვინაიდან, კომპანიის მომხმარებლები ფეისბუქით გადახდით სარგებლობენ, მათ საკუთარი ინფორმაციის შევსება ყოველი შეძენისას აღარ უწევთ. ეს ყველაფერი საგრძნობლად ამცირებს მომხმარებლის დაყოვნებასაც და გადაფიქრების შანსებსაც.

გაზარდეთ ფეისბუქის მაღაზია რეკლამირების საშუალებით

ფეისბუქ მაღაზიის შექმნა რეკლამირების გარეშე იგივეა, რაც წვეულების გამართვა მოსაწვევების გარეშე. საბედნიეროდ, ფეისბუქი მაღაზიების გარეკლამებისთვის არაერთ მეთოდს გვთავაზობს.

თქვენ შეგიძლიათ, რეკლამაში გამოიყენოთ როგორც ცალკეული პროდუქტი, ასევე კოლექცია. რეკლამების განთავსება კი შეგიძლიათ როგორც სიახლეების კედელზე, ასევე სთორებში. მეტი სიმარტივისათვის, რეკლამას მაღაზიის ბმულსაც დაურთავთ, რათა მომხმარებლებმა პირდაპირ შეძლონ პროდუქტის მონახულება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რაში გვეხმარება Facebook კონვერსიების API

ქართული და უცხოური პლატფორმები ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად

როგორ შევქმნათ ფეისბუქ Shop - ი