ფეისბუქის ჯგუფების მარკეტინგი

თებერვალი 20, 2022

ფეისბუქის ჯგუფების მარკეტინგი

გასული წლების განმავლობაში, ალბათ შეამჩნევდით, რომ ბიზნესების მიერ შექმნილი ჯგუფების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ესენია ბრენდირებული ფეისბუქ ჯგუფები, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ ადამიანს, მხოლოდ მომხმარებლებს ან კონკრეტული ტიპის ადამიანებს შეუძლიათ.

ფეისბუქის რამდენ ჯგუფში ხართ ამჟამად გაწევრიანებული? დარწმუნებული ვართ, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ. ასევე დარწმუნებული ვართ, მომენტალურად მხოლოდ რამდენიმე ჯგუფის გახსენებას შეზლებთ. ეს ის ჯგუფები იქნება, რომლებიც თქვენთვის რაიმე ღირებულს წარმოადგენს, გაწვდით სასარგებლო ინფორმაციას ან გაცნობთ საინტერესო თანამოაზრეებს.

ბრენდები და ბიზნესები სწორედ ასეთი ჯგუფების შექმნას უნდა ცდილობდნენ. სტატიის განმავლობაში მიმოვიხილავთ ფეისბუქის ჯგუფებს, გაიგებთ, თუ როგორ შექმნათ, მართოთ და შეინარჩუნოთ ისინი. გარდა ამისა, გაეცნობით საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებასაც.

ფეისბუქის ჯგუფის სარგებელი ბიზნესებისთვის

გასული წლების განმავლობაში, ალბათ შეამჩნევდით, რომ ბიზნესების მიერ შექმნილი ჯგუფების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ესენია ბრენდირებული ჯგუფები, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ ადამიანს, მხოლოდ მომხმარებლებს ან კონკრეტული ტიპის ადამიანებს შეუძლიათ. ჯგუფების მოხმარების ზრდას გარკვეული მიზეზები გააჩნია:

ამყარებს გრძელვადიან ურთიერთობას მომხმარებლებთან

ზოგადად, ფეისბუქის ჯგუფები საკმაოდ ღირებულია და მათ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ მარკეტინგულ სტრატეგიაზეც. ბიზნესებს, რომლებიც საკუთარი ბრენდის გარშემო ქმნიან ჯგუფებს, შეუძლიათ გარკვეული სოციუმიც შემოიკრიბონ. ეს კი დამატებით ღირებულებას ქმნის როგორც ბრენდისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.

დაფიქრდით ციფრული გაყიდვების ძაბრზე: ალბათ არ გსურთ, რომ მომხმარებლმა ერთხელ შეიძინოს თქვენი პროდუქტი და ამით მასთან ურთიერთობა დამთავრდეს. სავარაუდოდ, მისი ლოიალურობის მოპოვებას ეცდებით. ფეისბუქის ჯგუფები კი ამისთვის ერთ-ერთი იდეალური საშუალებაა.

ზრდის ორგანულ გავრცელებას

2018 წელს ფეისბუქმა ახალი ალგორითმი - „Facebook Zero” დანერგა და სწორედ ამიტომაა, რომ სიახლეებში ჯგუფის კონტენტი დომინირებს. ფეისბუქის განცხადებით, მომხმარებლებს პირველ რიგში მათი ოჯახის, მეგობრებისა და ჯგუფების კონტენტის ნახვა სურდათ. ადამიანები ხშირად საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ჯგუფებში, რაც სოციუმის ზრდის და შენარჩუნებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ჯგუფების კონტენტს გაცილებით მაღალი ორგანული რიჩი აქვს, ვიდრე სტანდარტულ გვერდებს. მაღალი შედეგიანობის მქონე ჯგუფები 5.20%-ით გაზრდილ რიჩს იღებენ. შეგიძლიათ, იდენტური კონტენტი ჯგუფებსა და გვერდზე გამოაქვეყნოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ ჯგუფში პოსტი გაცილებით მაღალ ჩართულობას დაიმსახურებს.

აჩენს დამატებით ღირებულებას

გარდა სხვა სარგებელისა, ჯგუფებს შესანიშნავი ფუნქციონალი გააჩნიათ. ფუნქციონალი, რომელსაც დამატებითი ღირებულების შექმნა შეუძლია. ასეთია მაგალითად, მენტორობის შესაძლებლობა, სასწავლო ბლოკები და ლაივები. შეგიძლიათ, ჯგუფის წევრებისთვის ექსკლუზიური კონტენტიც შექმნათ, რაც პოტენციურ მომხმარებლებს პროდუქტის შეძენის და ამ კლუბში გაწევრიანებისკენ უბიძგებს.

ფეისბუქის გვერდი და ჯგუფები: რა განსხვავებაა?

ბიზნესებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა: „თუ ბიზნეს გვერდი უკვე მაქვს, რისთვის მჭირდება დამატებით ჯგუფი?“

ფეისბუქის გვერდი თქვენი ბიზნესის პროფილია. აქ წარმოდგენილია ინფორმაცია ბიზნესის შესახებ, მომხმარებელთა შეფასებები, ვირტუალური მაღაზია და რასაკვირველია, კონტენტი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვენს გვერდზე კონტენტის გამოქვეყნება, თუმცა მათი პოსტები განცალკევებით, დაფარულ სექციაშია თავმოყრილი. ყველა გვერდი, როგორც წესი, საჯაროა.

რაც შეეხება ჯგუფს, ეს არის სივრცე ფეისბუქზე, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთთან და ბრენდთან დაკავშირება შეუძლიათ. უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი ჯგუფისთვის არის ინტერაქცია. ჯგუფები შესაძლოა, იყოს დახურული ან საჯარო, რაც საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებული სოციუმების განცდას აჩენს. დამატებითი ღირებულებისთვის, შეგიძლიათ, ჯგუფის წევრებისთვის ექსკლუზიური კონტენტიც აწარმოოთ.

როგორ შევქმნათ ჯგუფები

მზად ხართ, შექმნათ პირველი ჯგუფი თქვენი ბიზნესისთვის? ამისათვის, თქვენს პროფილზე „+“ ნიშანზე დაჭერა და ჯგუფის მოძებნაა საჭირო.

ამის შემდეგ დაინახავთ ფანჯარას, სადაც ჯგუფისათვის საჭირო ინფორმაციის შეყვანაა აუცილებელი. პირველ რიგში, ჯგუფის სახელი და კატეგორია (დახურული, საჯარო) უნდა აირჩიოთ.

თუ გადაწყვეტთ, რომ ჯგუფი საჯარო იყოს, მას ყველა დაინახავს და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მისი მოძებნა. დახურული ჯგუფის შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ, გამოუჩნდეს თუ არა ჯგუფი ყველას.

ამ ეტაპისთვის, უკვე შეგეძლებათ ჯგუფის წევრების მოწვევა, თუმცა გირჩევთ, რომ თავდაპირველად, ჯგუფის ყველა პარამეტრი მოაწესრიგოთ. სანამ ხალხის მოწვევას დაიწყებთ:

  • დაამატეთ ჯგუფის აღწერილობა. ეს პოტენციური ჯგუფის წევრებისთვისაც თვალსაჩინოა. აღწერილობის მეშვეობით ეცნობიან მომხმარებლები, თუ რა არის ჯგუფის შექმნის მიზანი. აქ აუცილებლად ახსენეთ თქვენი ბრენდის სახელიც.

  • დააწესეთ შეზღუდვები ჯგუფის წევრობაზე. გსურთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს ჯგუფში გაწევრიანება? თუ გსურთ, რომ მასზე წვდომა მხოლოდ თქვენთვის სასურველ ადამიანებს ჰქონდეთ? შეგიძლიათ, მოწვევები ჯგუფის წევრებსაც დაადასტურებინოთ, ან ეს სრულად ადმინმა აკონტროლოს. ბრენდირებული ჯგუფებისთვის უმჯობესია, თუ ამ ყველაფერს ჯგუფის ადმინი გაუძღვება.

  • ატვირთეთ ჯგუფის გარეკანის ფოტო. გარეკანის ფოტო, ფაქტობრივად, ჯგუფის პროფილის სურათია, შესაბამისად, ის ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ბიზნეს ჯგუფებისთვის, კარგი იქნება, თუ სურათზე ბრენდის ლოგო იქნება დატანილი.

 

 

როგორ შევქმნათ ჯგუფი ბიზნესისთვის

გსურთ ფეისბუქის ჯგუფი თქვენი ბიზნესისთვისაც შექმნათ და მისი საშუალებით ბრენდის გარშემო სოციუმი გააერთიანოთ? ეს საკმაოდ მარტივია.

პირველ რიგში, ბიზნესთან დაკავშირებული ჯგუფის მართვისას აუცილებელია, რომ ის ბიზნესის ოფიციალურ გვერდთან იყოს ბმულით დაკავშირებული. ამგვარად, თქვენ საშუალება გეძლევათ, რომ მომხმარებლები პირდაპირ გვერდზე გადაამისამართოთ. ბმულის თეგი ჯგუფის გარეკანის ფოტოსთან გამოჩნდება „Groub by-„ დასახელებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჯგუფი ბიზნესის მიერ არის შექმნილი.

ფეისბუქის ახალი ინტერფეისის გათვალისწინებით, ბიზნესის ჯგუფის შექმნა ისევეა შესაძლებელი, როგორც სტანდარტული ჯგუფი. მთავარია, რომ შემდგომ ის ბიზნესის გვერდთან დააკავშიროთ. გადადით ჯგუფის პარამეტრებში და მოძებნეთ „Advanced Settings”. ჯგუფის ბმულით დაკავშირების ფუნქციას სწორედ აქ იპოვით.

ფეისბუქის ჯგუფის რომელი კატეგორია უნდა შევარჩიოთ?

როგორც უკვე იცით, ჯგუფის შექმნისას შეგიძლიათ აირჩიოთ, იქნება ის დახურული თუ საჯარო. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ, გამოუჩნდება თუ არა ის ძიებისას ყველა ადამიანს. განვიხილოთ თითოეული შესაძლებლობა და გავიგოთ, რომელია თქვენთვის ოპტიმალური. გახსოვდეთ, რომ ამ პარამეტრის ცვლილება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

საჯარო და დახურული ჯგუფები

ფეისბუქის საჯარო ჯგუფის მოძებნა და მასში არსებული კონტენტის ნახვა ყველა ადამიანს შეუძლია. თუმცა, აქტიური მონაწილეობისთვის ჯგუფში გაწევრიანების მოთხოვნა კვლავ საჭიროა. საჯარო ჯგუფების „დამალვა“ შეუძლებელია, ამიტომ მისი შექმნა რეკომენდებულია, თუ წევრების რაოდენობის გაზრდაზე ხართ ორიენტირებული. თუ სწრაფად გსურთ ზრდა და არც იმას ანიჭებთ მნიშვნელობას, თუ ვინ შემოუერთდება ჯგუფს, მაშინ ეს კატეგორია თქვენთვისაა.

თუმცა, ხშირად დახურული ჯგუფები ბიზნესებისთვის საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენენ. ისინი საშუალებას გაძლევენ, აკონტროლოთ ჯგუფის ხარისხი და მოიზიდოთ დაინტერესებული ადამიანები. შეგიძლიათ, კითხვების სიაც შექმნათ, რომელზე პასუხიც მომხმარებელს ჯგუფში გაწევრიანებამდე მოუწევს. ეს კითხვები შესაძლოა, ძალიან მარტივიც იყოს, მაგალითად: „რატომ გსურთ ჯგუფში გაწევრიანება?“ გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფში განვითარებული მოვლენები პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ბრენდზე, ამიტომ მის სამართავად, საკმარისი დრო და ყურადღებაც უნდა გამოყოთ.

დაფარული და თვალსაჩინო ჯგუფები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯგუფი დახურულია, დამატებით შეგიძლიათ კიდევ ერთი არჩევანი გააკეთოთ - დაფარული იყოს ჯგუფი თუ თვალსაჩინო. დახურულ და დაფარულ ჯგუფებს, ხშირად „Secret” - საიდუმლო ჯგუფებსაც ვუწოდებთ.

დახურული, თუმცა თვალსაჩინო ჯგუფების მოძებნა საძიებო სისტემაშიც არის შესაძლებელი, თუმცა ის გაწევრიანების მოთხოვნის დადასტურებას მოითხოვს. ასეთ ჯგუფებს მომხმარებელი შემდეგნაირად ხედავს:

დახურული ჯგუფი, რომელიც ასევე დაფარულია, შეუძლია მოძებნოს მხოლოდ წევრმა ან იმ ადამიანმა, ვინც ჯგუფში გასაწევრიანებლად მოიწვიეს. ჯგუფში არსებული კონტენტის ხილვა მხოლოდ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ.

ბიზნესების ჯგუფთა უმრავლესობა ყველაზე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, თუ ის დახურული, მაგრამ ამავდროულად, თვალსაჩინოა. ადამინებს შეუძლიათ თქვენი მოძებნა, თუმცა თქვენ სრულ კონტროლს ფლობთ იმაზე, თუ ვინ შემოუერთდება ჯგუფს - ეს კი ხარისხსა და რაოდენობას შორის ბალანსის დაცვაში დაგეხმარებათ. დაფარული ჯგუფები საუკეთესო ალტერნატივაა შიდა გუნდებისა და ექსკლუზიური სოციუმებისთვის.

როგორ შევქმნათ პოსტი ფეისბუქის ჯგუფში

ფეისბუქის ჯგუფში დასაპოსტად ამჟამად რამდენი გზა არსებობს, მათ შორის პოსტის წინასწარ დაგეგმვაც. პოსტის შესაქმნელად გადადით ჯგუფის განხილვის სექციაში და იპოვეთ შესაბამისი გრაფა.

ამის შემდეგ, შეგიძლიათ შეიყვანოთ ტექსტი, დაამატოთ სურათები, ვიდეოები, GIF-ები და სხვა. უკვე შესაძლებელია პოსტის წინასწარ დაგეგმვაც, რაც საშუალებას გაძლევთ, პოსტი მოგვიანებით, კონკრეტულ დროს გამოაქვეყნოთ. ამისათვის, პოსტის გრაფაში პატარა კალენდრის ნიშანს უნდა დააჭიროთ.

კალენდრის ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეძლებთ, აირჩიოთ კონკრეტული თარიღი და დრო პოსტის გამოქვეყნებისთვის. ამგვარად, საშუალება გეძლევათ, წინასწარ შექმნათ კონტენტი და დარწმუნდეთ, რომ საინტერესო და აქტუალურ თემებს არ გამოტოვებთ.

პოსტის წინასწარი შექმნა და დაგეგმვა ასევე შესაძლებელია ჯგუფის მენიუდანაც - „Scheduled Posts” სექციაში. შეგიძლიათ, შექმნათ ახალი კონტენტი და მისი გამოქვეყნების დროც განსაზღვროთ.

ფეისბუქის ჯგუფის გამოყენების განსხვავებული გზები ბიზნესებისთვის

ფეისბუქ ჯგუფების სარგებელს ბიზნესებისთვის უკვე გავეცანით, თუმცა რა უპირატესობებს მოგიტანთ ის, დამოკიდებულია მისი გამოყენების გზებსა და მიზნებზე. ბრენდის სასარგებლოდ ჯგუფების გამოყენების რამდენიმე გზა არსებობს.

მომხმარებელთა მხარდაჭერა

მომხმარებლთა მხარდაჭერა, დღესდღეობით, მთავარი განმასხვავებელი ნიშანია კონკურენტებს შორის - მომხმარებელთა 96% მსოლფიოს მასშტაბით, ბიზნესის შერჩევისას ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად, სწორედ მას ასახელებს.

ჯგუფების გამოყენება ისეთი მომხმარებლების დასახმარებლად, რომლებიც მათი წევრები ხდებიან, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ჯგუფში მომხმარებლებს შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი აზრი, დაასახელონ ხარვეზები და პრობლემები და დამატებითი დახმარებაც მიიღონ.

სივრცე, ბრენდის მხარდამჭერების გასაერთიანებლად

სოციუმის შექმნა და გაზრდა მხოლოდ თქვენსა და თქვენს მომხმარებლს შორის არ გულისხმობს ურთიერთობის გაღრმავებას. ეს ურთიერთობები მომხმარებელთა შორისაც შეიძლება ჩამოყალიბდეს. რაც უფრო დიდი და საინტერესო ღირებულება აერთიანებთ მომხმარებლებს, მით უფრო ფასეული ხდება ჯგუფი და ბრენდისადმი ერთგულებაც იზრდება. ნებისმიერი ჯგუფი შეიძლება გახდეს ადგილი, რომელიც კონკრეტული თემის გამო შეკრებილ ადამიანთა ჯგუფზე მეტია.

ფორუმი უკუკავშირის მისაღებად

ისეთი მომხმარებლისგან გულწრფელი უკუკავშირის მიღება, რომლებიც თქვენს ჯგუფში არიან გაწევრიანებულები და ბრენდთან ემოციურად დაკავშირებულნი, საკმაოდ ღირებულია. ნებისმიერ ბიზნესს უნდა სურდეს ასეთი აზრის მოსმენა, რადგან ეს განვითარების და დახვეწის საშუალებას გვაძლევს.

ჯგუფის წევრებს შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე ესაუბროთ - იქნება ეს პროდუქტი, მისი დიზაინი, ფორმა, ხელმისაწვდომობა თუ სამომავლო მოლოდინები. შეგიძლიათ ისიც ჰკითხოთ, თუ რა ტიპის კონტენტის ნახვა ესიამოვნებოდათ თქვენს გვერდზე.

დასვით კონკრეტული კითხვები და პირდაპირ, სამოქმედო უკუკავშირსაც მიიღებთ.

სტიმული ლიდების კონვერტაციისთვის

შესაძლოა შეამჩნიეთ, რომ გასული წლების განმავლობაში ბევრი კომპანია მიმართავს საკუთარ ახლად შეძენილ მომხმარებლს ექსკლუზიურ ჯგუფში გაწევრიანების მოთხოვნით. სწორედ აქ ერთვება საქმეში ფეისბუქის ჯგუფების მარკეტინგი. ჯგუფებს ბიზნესების გარეკლამება შეუძლიათ, თუმცა ჯგუფის მარკეტინგს - ახალი მომხმარებლების მოზიდვა.

ექსკლუზიური ჯგუფების გამოყენება თქვენი მარკეტინგის დამატებით ფაქტორად შეგიძლიათ. ეს მომხმარებლების დაინტერესებასა და მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული.

ბეტა ტესტერების, ბრენდის ამბასადორებისა და ეფილიეიტ პარნტნიორების მოძიება

ახალი პროდუქტის ან ფუნქციონალის შექმნისას, ახალ ბაზარზე შესვლისას, ბრენდთან დაკავშირებული ადამიანების აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჯგუფის გამოყენება იმ ადამიანების მოსაძებნადაც შეგიძლიათ, რომლებიც სიამოვნებით გამოცდიან თქვენს ბეტა ვერსიებს და უკუკავშირსაც მოგაწვდით.

ჯგუფში შეგიძლიათ იპოვოთ ბრენდის ამბასადორებიც, რომლებიც ბიზნესის გარეკლამებაში word-of-mouth მარკეტინგის საშუალებით დაგეხმარებიან. ზოგიერთი გულშემატკივარი სიამოვნებით „იყვირებს“ თქვენი ბრენდის სახელს, თუ მას მცირედ სტიმულსაც მისცემთ.

6 რჩევა და ფუნქციონალი ფეისბუქის ჯგუფების მარკეტინგისთვის

თუ ფეისბუქ ჯგუფების მარკეტინგის საშუალებით ბიზნესის გარეკლამება და მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, მაშინ განაგრძეთ კითხვა და მიჰყევით რჩევებს.

  1. ჩამოაყალიბეთ მკაფიო პირობები და წესები

ჯგუფის პოლიტიკის, წესებისა და მოხმარების პირობების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის ჯგუფებისთვის. ამ წესების დატანა აღწერილობაშიცაა შესაძლებელი, თუმცა განახლებული ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ, ათამდე ოფიციალური წესი შეადგინოთ.

ეს წესები ჯგუფის “About” სექციაში იქნება განთავსებული, რაც მას გაცილებით შესამჩნევს გახდის. ამ ყველაფერს „ჯგუფის წესების“ სექციიდან გამართავთ, რომელზე წვდომაც მხოლოდ ადმინებს ექნებათ.

  1. გამოაქვეყნეთ განცხადებები, რათა სიახლეებს არავინ ჩამორჩეს

ჯგუფის ადმინებს შეუძლიათ, შექმნან სპეციალური განცხადებები, რომლებიც ჯგუფის სათავეში თავსდებიან და შესაფერისი გრაფითაც გამოიყოფიან. ამის გამოყენება შესაძლებელია ჯგუფის ახალი წესების, ან სამომავლო ივენთის დაანონსებისთვის - ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც თვლით, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ეს ყველა პოსტისთვის არ უნდა გამოიყენოთ და ეცადოთ, რომ ამ ფუნქციით, მხოლოდ მაღალი პრიორიტეტის მქონე კონტენტი დატვირთოთ.

  1. ხშირად ატვირთეთ მისასალმებელი პოსტები

ეს ყველა ჯგუფისთვის შეიძლება არ იყოს გამოსადეგი, შესაბამისად, უნდა დაფიქრდეთ. სოციალურად აქტიურ ჯგუფებში, სადაც ახალი წევრების ერთმანეთისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია, მისასალმებელი პოსტების გამოქვეყნება ნამდვილად გამოგადგებათ. ეს შესანიშნავ გზას წარმოადგენს ახალი წევრების დაძაბულობის მოხსნისა და ჩართულობის გაზრდისთვის.

  1. მუდმივი ჩართულობა

ჯგუფის წევრებთან მუდმივი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დაბალი ჩართულობის შემთხვევაში ისინი ინტერესს აუცილებლად დაკარგავენ. უპასუხეთ მათ კითხვებს მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვებმა უკვე უპასუხეს. მოიწონეთ პოსტები და გამოეხმაურეთ კომენტარებს.

ეს არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ ყოველთვის ჯგუფში იყოთ. ჯგუფის წევრებსაც უნდა მისცეთ დრო, რომ ერთმანეთს გაეცნონ და დაუმეგობრდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფს ადამიანები ექსპერტის აზრის მოსასმენად უერთდებიან, მაშინ რასაკვირველია, აქტიურად უნდა იყოთ ჩართული. თუმცა, თუ ეს ჯგუფი ძაღლების ტრენერის მიერ არის შექმნილი, სადაც ადამიანები ერთმანეთის რჩეულ სათამაშოებზე და აქსესუარებზე საუბრობენ, მაშინ ყოველ პოსტზე გამოხმაურება საჭირო არაა.

  1. გამოიყენეთ მოდერაციის ფუნქციები თქვენს სასარგებლოდ

ჯგუფის მოდერაციის ფუნქციები თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება, განსაკუთრებით ჯგუფის ზრდის დროს. ამ ფუნქციებს შორის გამორჩეული, ალბათ ქივორდებისა და მოდერაციის სიგნალებია.

ზოგიერთი პოსტი, სხვასთან შედარებით, უფრო სასწრაფო და საყურადღებო იქნება. მაგალითად, შესაძლოა პოსტი ისეთ ქივორდს შეიცავდეს, რომელიც საიტის გაუმართაობასთან ან პროდუქტთანაა დაკავშირებული. ასეთი პოსტების გამოყოფა და კატეგორიზაცია ნამდვილად დაგჭირდებათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისეთი ქივორდების სიგნალების შექმნა, რომლებიც სიძულვილის ენაზე მიუთითებს. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ სიტუაცია მარტივად და ადრეულ ეტაპზევე განმუხტოთ.

  1. გამოიყენეთ ლაივ ვიდეოები

ფეისბუქის ლაივ ვიდეოები საუცხოოდ პოპულარულია და შესანიშნავ ჩართულობასაც იღებენ. ლაივ ვიდეო თქვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პირდაპირ დაგისვან კითხვა და რეალურ დროში მიიღონ პასუხი. ფეისბუქის ჯგუფებში ურთიერთობების გასაღრმავებლად ეს შესანიშნავი საშუალებაა.

საუკეთსო შედეგებისთვის უმჯობესი იქნება, თუ თქვენს ლაივებს წინასწარ დაანონსებთ - ამგვარად, ჩართულობას და მაყურებელთა ოდენობას მაქსიმალურად გაზრდით. გარდა ამისა, მათთვის საინტერესო კითხვებსაც შეაგროვებთ მოსამზადებლად.

შეჯამება

ფეისბუქის ჯგუფებს ყოველთვის დიდი პოტენციალი ჰქონდათ ბიზნესებისთვის, ახლა კი, ახალი ფუქნციონალითა და შესაძლებლობებით, ისინი კიდევ უფრო ეფექტურები ხდებიან.

გახსოვდეთ, ჯგუფსა და ბიზნეს გვერდს შორის არჩევანი არასოდეს უნდა გააკეთოთ - თქვენ ორივე მათგანს უნდა ფლობდეთ, რათა უკეთ შეძლოთ ბრენდის გარშემო ხალხის შემოკრება და მათთან ურთიერთობების გაღრმავება. ჯგუფის ექსკლუზიურობა და პერსონალური ინტერაქციები ამაში მეტად დაგეხმარებათ.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მივიღოთ შემოსავლები Facebook-ის დახმარებით?

ფეისბუქის ახალი ხელსაწყოები ჯგუფისა და გვერდის ადმინებისთვის

რა უნდა გავითვალისწინოთ ფეისბუქის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას 2022 წელს