Tagg - ახალი სოციალური პლატფორმა

თაობათა ცვლილებასთან ერთად, გასაკვირი არაა, რომ მოთხოვნილებები და ინტერესებიც იცვლება. თაობა Z აღარაა კმაყოფილი იმ სოციალური მედია პლატფორმებით, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყენებდა, შესაბამისად, ისინი ისეთ პლატფორმას ქმნიან, როგორიც სურთ. ტვიტერის თანადამფუძნებლის - ბიზ სტოუნის $2 მილიონიანი საწყისი ინვესტიციის წყალობით, Tagg ახალ, სოციალური ბრენდინგის აპლიკაციას გვთავაზობს.
ამჟამად Tagg კერძო, დახურული აპლიკაციაა, რომელიც კვლავ ბეტა ვერსიის გამოცდის ეტაპზეა და მხოლოდ ათასობით მომხმარებელს აერთიანებს, თუმცა დამატებით რამდენიმე ათას ადამიანს უკვე სურს აპლიკაციაში გაწევრიანება. აღნიშნული აპლიკაცია ახალგაზრდა კრეატორებს მოუწოდებს ერთმანეთთან დაკავშირებისკენ, კოლაბორაციისა და მეგობრობისკენ.
ციფრულ სამყაროში, რაც უფრო ბუნებრივია ბრენდი, მით უფრო გულწრფელია ურთიერთობებიც. არსებული სოციალური პლატფორმები ამ ფაქტორს ნაკლებად ითვალისწინებენ, რადგან ისინი ბრენდინგისა და კავშირების დღევანდელ მიდგომებს ნაკლებად მიჰყვებიან - აცხადებენ კომპანიაში. “Tagg ქმნის და ავითარებს ისეთ გარემოს, სადაც ადამიანებს საკუთარი თავის კრეატიული გამოხატვა მაქსიმალურად შეეძლებათ - ყოველგვარი შეზღუდვებისა და დგომების გარეშე.“
იმის გათვალისწინებით, თუ რისთვის გსურთ პროფილის გამოყენება (ეს შეიძლება იყოს სოციალური პროფილი, შესაძლოა საკუთარი ხელოვნების ნიმუშების გარეკლამება გსურდეთ), შეგიძლიათ, ხუთიდან რომელიმე პროფილის ტიპი აირჩიოთ. ამის შემდეგ შეძლებთ საკუთარი გვერდის პერსონალიზაციას, მეგობრების გამოწერას და კონტენტის გამოქვეყნებას ისევე, როგორც სხვა პლატფორმებზე. თუმცა, Tagg-ზე ვერ შეხვდებით პოსტის მოწონებებს.
„ჩვენ არ გვექნება მოწონებები - მხოლოდ კომენტარები, ნახვები და გაზიარებები, რადგან გვსურს, ჩვენი კრეატორები სრულად ორიენტირდნენ საკუთარ გამორჩეულობაზე.“ - აღნიშნავს აპლიკაციის თანადამფუძნებელი, ვიქტორ ლულო.
განსაკუთრებით თაობა Z-ის აუდიტორიაში, ვისთვისაც აპლიკაციაა შექმნილი, მომხმარებლებს ყოველთვის არ სურთ მოწონებების დათვლა, რადგან ეს საკუთარი თავების სხვებთან შედარების სურვილს აჩენს. ამ საკითხზე უკვე ამერიკის სენატორებიც საუბრობენ და სავარაუდოა, რომ 16 წლამდე მომხმარებლებში მოწონებები სოციალურ მედიაში აიკრძალოს.
Tagg-ის სოციალური ბრენდინგის კონცეფცია ერთი შეხედვით შესაძლოა, მარტივი და შეზღუდული მოგეჩვენოთ, თუმცა დიზაინის მიმართულებით პლატფორმა მომხმარებლებს საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ უბიძგებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები საკუთარ პროფილებს წინასწარ შერჩეული შაბლონებით აწყობენ, სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, პროფილი ნულიდან, საკუთარი გემოვნებით ააწყონ.
მომხმარებლის პროფილს შესაძლოა უამრავი სახე ჰქონდეს და აპლიკაციის მთავარი სილამაზეც ამაში მდგომარეობს. კომპანიას სურდა, რომ ტრადიციულ, შეზღუდულ პროფილებს გასცდენოდა, რადგან თაობა Z, პირველ რიგში, თავისუფლებას და უნიკალურობას ანიჭებს უპირატესობას. მათ სურდათ, ეპოვათ სახალისო, მომხმარებელზე მორგებული დამაკავშირებელი რგოლი ტრადიციულ პროფილებსა და ცარიელ გვერდებს შორის - ეს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, სწორედ ამიტომ, კომპანიამ პროფილის შაბლონების დანერგვა გადაწყვიტა.
Tagg-ის შექმნისათვის შთაგონება მისმა თანადამფუძნებელმა პირადი გამოცდილებიდან მიიღო უნივერსიტეტში, სადაც მას საკუთარი თავის გამოხატვა სრულად არ შეეძლო - მას ყველა იცნობდა, როგორც ფეხბურთის მოთამაშეს. „ადამიანები, თითქოს ჩარჩოებში არიან მოქცეულნი. მაგალითად, თუ ვინმე კულინარიულ ვიდეოებს აქვეყნებს ტიკტოკზე, მაშინ მას ყველა კულინარად იცნობს. თუმცა, მას შეიძლება ძალიან მოსწონდეს ვიდეო თამაშები და განსხვავებული ჰობებიც გააჩნდეს. პლატფორმის მიზანი სწორედ განსხვავებული კრეატიული უნარების მაქსიმალურად წარმოჩენაა.
ამჟამად პლატფორმის მომხმარებლები ჩართულობის სანაცვლოდ გარკვეულ ქულებს აგროვებენ. დღეს ეს ქულები არაფერს ნიშნავს, თუმცა მისი სამომავლო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. მისი დამფუძნებლები ასევე აღნიშნავენ, რომ პლატფორმა web 3.0-ის ღირებულებებს იზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის აპლიკაცია დეცენტრალიზირებული არ არის. კომპანიის მიზანია, რომ კრეატორებს შორის მყარი ეკონომიკა შექმნას - რასაც კონტენტის გაზიარებისა და ჩართულობისთვის მყისიერი დაჯილდოებით ახერხებს.
სამომავლოდ, აპლიკაციაში შესაძლოა, მომხმარებლებმა ტოკენების ან მონეტების დაგროვებაც შეძლონ. თუმცა, ამ დროისთვის, აპლიკაცია უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვაზეა ორიენტირებული.
ასევე დაგაინტერესებთ: