როგორ გამოვჩნდეთ ინსტაგრამზე უფრო ხშირად

დეკემბერი 09, 2021

როგორ გამოვჩნდეთ ინსტაგრამზე უფრო ხშირად

სტატიის განმავლობაში ვისაუბრებთ იმ სამ მეთოდზე, რომლებიც ინტაგრამზე, თქვენი რიჩის გაზრდაში დაგეხმარებათ - ამ ყველაფერს კი ჰეშთეგების, ადგილმდებარეობის თეგებითა და ქივორდების დახმარებით შევძლებთ

გსურთ, თქვენი კონტენტი უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ინსტაგრამზე, მაგრამ არ იცით, როგორ გამოჩნდეთ უფრო ხშირად საძიებო შედეგებში?

სტატიის განმავლობაში ვისაუბრებთ იმ სამ მეთოდზე, რომლებიც ინსტაგრამზე, თქვენი რიჩის გაზრდაში დაგეხმარებათ - ამ ყველაფერს კი ჰეშთეგების, ადგილმდებარეობის თეგებითა და ქივორდების დახმარებით შევძლებთ. დამატებით, ისწავლით თქვენი პროფილისა და კონტენტის ოპტიმიზაციის გზებს, რაც ცალსახად დაგეხმარებათ, გაზარდოთ რიჩი და ძიების სიხშირე.

ინსტაგრამზე ძიება განსხვავებულია ჩვეულებრივი ძიებისგან

თუ სოციალური მედიის მიმართულებით მოკლე პერიოდით მაინც გიმუშავიათ, ალბათ თქვენც ფიქრობთ, მისი გამოყენება არც თუ ისე მოსახერხებელია და ხშირად გამაღიზიანებელიც კია, რადგან ჩვენთვის სასურველ საძიებო შედეგებს არ გვთავაზობს.

თუმცა, ეს ყველაფერი ინსტაგრამის ძიების დამახასიათებელი ელემენტებია - ჩაფიქრებულიც ასე იყო. ის არ არის შექმნილი იმგვარად, რომ სტანდარტული საძიებო სისტემის მსგავსად იმუშაოს. ნაცვლად ამისა, ის კონტენტის გავრცელების გზაა.

იმისათვის, რომ უკეთ გავიაზროთ მისი მუშაობის პრინციპები, დავაკვირდეთ მთავარ განსხვავებებს სტანდარტულ საძიებო სისტემებსა და ინსტაგრამის ძიებას შორის.

სტანდარტული საძიებო სისტემა:

  • საშუალებას გაძლევთ, რაიმე მოძებნოთ ფრაზებით ან წინადადებით, ნაცვლად კონკრეტული სიტყვისა ან ჰეშთეგისა.
  • შესაძლებელია, მოძებნოთ რამდენიმე რამ ერთდროულად. მაგალითად, რესტორანი კონკრეტულ ადგილას, კონკრეტული კერძით მენიუში.
  • ცდილობს, შეასწოროს ბეჭდური შეცდომები და მოგცეთ შესაბამისი რეკომენდაცია.
  • გაჩვენებთ თითოეული შედეგის წყაროს.
  • შედეგებს რეიტინგს ანიჭებს ავტორიტეტის მიხედვით.

ამ დროს, ინსტაგრამის საძიებო სისტემა განსხვავებულად მუშაობს:

  • შეგიძლიათ, მხოლოდ კონკრეტული სიტყვის ან ჰეშთეგის მოძიება.
  • არ შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე რამის მოძიება. მაგალითად, შეგიძლიათ მოძებნოთ რესტორანი, მაგრამ მისი ადგილმდებაროების ან დამატებითი ელემენტის გარეშე.
  • თუ შეცდომით შეიყვანთ ტექსტს, შედეგს ვერ მიიღებთ.
  • ინსტაგრამის საძიებო შედეგებში ხედავთ პოსტებს, ნაცვლად გვერდებისა.
  • საძიებო შედეგების რეიტინგი დამოკიდებულია რელევანტურობაზე, პოპულარობასა და თქვენს წარსულ აქტივობაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, ინსტაგრამის საძიებო შედეგები ორიენტირებულია კონტენტზე და არა მის წყაროებზე. მიზეზი იმისა, თუ რატომ შეგიძლიათ პლატფორმაზე მხოლოდ ცალკეული ტერმინით ან ჰეშთეგით ძიება არის ის, რომ სასურველი კონტენტის მოსაძებნად ბევრი ძიება და ათობით ან ასობით პოსტის ნახვა და სქროლვა დაგჭირდეთ. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს ის.

ამან შესაძლოა, იმედგაცრუებული დაგტოვოთ, რადგან რაიმე კონკრეტული ვერ მოიძიოთ. თუმცა, არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლითაც თქვენი ძიების პროცესს უფრო ზუსტს გახდით. გვერდების გამოჩენა, ჰეშთეგები, ადგილმდებარეობის თეგები, ქივორდები - დაგეხმარებათ თქვენი გვერდი და კონტენი სამიზნე აუდიტორიის კედელზე უფრო ხშირად მოახვედროთ.

ინსტაგრამის Explore გრაფით ძიება

პირველ რიგში, ინტაგრამის საძიებო შედეგების ჩაშლით დავიწყოთ - Explore სექცია. 

საძიებო ველში რაიმე ტერმინის ჩაწერისას, ინსტაგრამი დაიწყებს თქვენთვის რეკომენდაციების შემოთავაზებას. აქ შეხვდებით გვერდებს, რომლებიც გამოწერილი გყავთ, ასევე შეხვდებით ყველაზე პოპულარულ გვერდებსა და ჰეშთეგებს.

დააჭირეთ ყველა შედეგის ნახვას, რათა სრული კონტენტი იხილოთ.

ამის შემდეგ, დაინახავთ ოთხი სექციისგან შემდგარ ფანჯარას. Top სექციაში ნახავთ ყველაზე პოპულარულ და რელევანტურ კონტენტს, რომლებიც თქვენ მიერ ჩაწერილ ტერმინს უკავშირდება.

Accounts გიჩვენებთ ყველაზე პოპულარულ და რელევანტურ გვერდებს თქვენი საძიებო ტერმინისთვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ნაწილი სრულად ეხება გვერდის სახელებს; აქ ვერ შეხვდებით მხოლოდ ისეთ გვერდებს, რომლებიც თქვენი ტერმინის შესაფერის კონტენტს აწარმოებენ.

Tags გიჩვენებთ მსგავსი ჰეშთეგების სიას და მათ გარშემო შექმნილი პოსტების ოდენობას. ეს შესანიშნავი გზაა იმის გასაგებად, რომელი თეგია ყველაზე პოპულარული. თუ კონკრეტულ თეგს დააჭერთ, მაშინ შესაბამის პოსტებსაც გაეცნობით.

Places სექციაში შეხვდებით ყველაზე პოპულარულ და რელევანტურ ადგილებს თქვენი საძიებო შედეგისთვის. აქაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მთავარი ადგილის სახელწოდებებია, ამიტომ შედეგები თქვენი ძიების დანიშნულებას შესაძლოა არ დაემთხვეს. თუ რომელიმე კონკრეტულ ადგილს აირჩევთ, ამ ადგილას შექმნილ მრავალფეროვან კონტენტს იხილავთ.

როგორც ხედავთ, ყველა ეს სექცია სხვადასხვა კონტენტის აღმოჩენისთვის არის შექმნილი. ახლა კი, როდესაც უკვე იცით, როგორ მუშაობს ინსტაგრამის საძიებო სისტემა, შეგვიძლია იმ ნაწილზე გადავიდეთ, სადაც თქვენი გვერდისა და კონტენტის ოპტიმიზაციას იწყებთ მეტი ხილვადობის მისაღწევად.

#1: შეისწავლეთ ინსტაგრამის რეკომენდაციები

ინსტაგრამის Explore გვერდი და მისი შესაძლებლობები სათანადოდ არ არის დაფასებული. მას ახალი კონტენტის აღმოჩენის შესანიშნავი მეთოდი გააჩნია: რეკომენდაციები.

მისი გამოყენებისას, საძიებო ველის ქვევით დაინახავთ ჩარჩოში ჩასმულ ტექსტებს. შეგიძლიათ, გადასქროლოთ ეს ველი და თქვენთის საინტერესო კონტენტი მოძებნოთ.

ერთ დეტალს მომხმარებელი ხშირად ვერ აცნობიერებს - ამ რეკომენდაციებში სხვა, შესაბამისი რეკომენდაციებია ჩაშენებული. მას შემდეგ, რაც რომელიმე მათგანზე გადახვალთ, ინსტაგრამი ავტომატურად შემოგთავაზებთ დამატებით რეკომენდაციებს. მათ შეგიძლიათ სამ დონეზე გაყვეთ და თითოეულ კატეგორიაში თქვენთვის საინტერესო და კონკრეტული კონტენტი იპოვოთ.

იგივე სტრატეგიის გამოყენება შეგიძლიათ ახალი გვერდების აღმოსაჩენად. გვერდების, რომლებიც ერთი და იგივე აუდიტორიის გარშემო ერთიანდებიან. ახალი გვერდის გამოწერისას კი ინსტაგრამი ავტომატურად გირჩევთ იმ გვერდების გამოწერას, რომლებიც შეიძლება მისი მსგავსი იყოს.

გამოწერის შემდეგ წარმოდგენილ რეკომენდაციას შეგიძლიათ უსასრულოდ მიჰყვეთ, განსხვავებით წინა შემთხვევისა. ეს კი დაგვეთანხმებით, იდეალური გზაა ახალი და თქვენთვის საინტერესო გვერდების აღმოჩენისთვის, სხვა გვერდების კონტენტისგან შთგონების მიღებისა და პოტენციური პარტნიორობების მოძიებისათვის.

გვერდის ოპტიმიზაცია რეკომენდაციებში მოსახვედრად

ინსტაგრამი სამ ფაქტორს იყენებს იმის განსასაზღვრად, მოათავსოს თუ არა თქვენი გვერდი საძიებო შედეგებში. ეს ფაქტორებია:

  • ტექსტის შესაბამისობა: თქვენი საძიებო ტერმინი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საძიებო შედეგებისთვის.
  • წარსული აქტივობა: ინსტაგრამი ასევე აფასებს, რომელმა შედეგმა შეიძლება დაგაინტერესოთ, პლატფორმაზე თქვენი წარსული აქტივობისა და ინტერესების გათვალისწინებით.
  • პოპულარობის სიგნალები: პოსტები, ჰეშთეგები, გვერდები და ლოკაციები, რომლებსაც ბევრი მოწონება და ჩართულობა აქვთ, საძიებო შედეგებში უფრო მაღალ რეიტინგებს მოიპოვებენ.

შესაბამისად, თუ ინსტაგრამის საძიებო შედეგებში მაღალი რეიტინგის მოპოვება გსურთ:

  • გამოიყენეთ მთვარი საძიებო ქივორდები თქვენი გვერდის აღწერაში, ტექსტებსა და პოსტების თეგებში.
  • შექმენით ისეთი კონტენტი, რომელიც თქვენი აუდიტორიის ინტერესებსა და აქტივობას ემთხვევა.
  • ორიენტირდით მაღალი ჩართულობის მოპოვებაზე.

სწორი სახელის შერჩევა მაღალ რეიტინგებს ავტომატურად მოგაპოვებინებთ. მთავარია, ისეთი რამ შეარჩიოთ, რომელსაც ხალხი რეალურად მოძებნის.

  • ნუ ჩაანაცვლებთ სიტყვებს და ასოებს სიმბოლოებით.
  • ნუ გამოიყენებთ სასვენ ნიშნებს სიტყვის ან ფრაზის შუაში.
  • გამოიყენეთ მთავარი ტერმინები, რომლებიც თქვენს ბიზნესს, პროდუქტს ან მომსახურებას უკავშირდება.
  • დაურთეთ თქვენი ლოკაცია, თუ ბიზნესი კონკრეტულ ადგილზე ოპერირებს.
  • დარწმუნდით, რომ სახელი მარტივად იწერება და დასამახსოვრებელია.

იდეალურ შემთხვევაში, ისეთი სახელია სასურველი, რომელიც სამიზნე აუდიტორიის შესაძლო ძიების შედეგს ემთხვევა. ცხადია, ეს საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა 30 სიმბოლოში ჩასატევად, თუმცა დამატებით გვერდის აღწერის (Bio) გამოყენებაც არ უნდა დაგავიწყდეთ.

პროფილის აღწერა გაცილებით მეტ სივრცეს გთავაზობთ - აქ 150 სიმბოლოს შეყვანა შეგიძლიათ. ბიზნესის მისამართთან ერთად, შეგიძლიათ ქალაქის ან არეალის ინფორმაციაც შეიტანოთ. მთავარია, იმდენი მნიშვნელოვანი ქივორდი მოაქციოთ, რამდენსაც შეძლებთ, თუმცა მხოლოდ ქივორდებზე ნუ ორიენტირდებით.

გახსოვდეთ, ინსტაგრამი ტექსტის შესაბამისობის ფუნქციას იყენებს რეკომენდაციების გასაცემად. შესაბამისად, თუ თქვენი პროფილის აღწერა რაიმე სახით ემთხვევა მომხმარებლის საძიებო შედეგს, მაშინ თქვენი გვერდიც გამოჩნდება.

#2: შეისწავლეთ ინსტაგრამის ჰეშთეგები

ჰეშთეგების გამოყენება ყველაზე ეფექტური გზაა ინსტაგრამზე კონტენტის მოსაძებნად. სიტყვებით ძიებისას შეგიძლიათ, მაქსიმალურად კონკრეტული და სპეციფიკური იყოთ.

ეს სწორედ იმიტომ, რომ ჰეშთეგებით მოკლე ფრაზების მოძიება შეგიძლიათ. ხშირად, ფრაზა, რომელსაც ძალიან ცოტა საძიებო შედეგი მოჰყვება, ჰეშთეგად გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ მდიდარ კონტენტს გვაწვდის.

ჰეშთეგის კიდევ ერთი უმთავრესი სარგებელია მსგავსი რეკომენდაციები. ზოგჯერ, ეს რეკომენდებული ჰეშთეგები უფრო სპეციფიკურია და შეიცავენ ლოკაციას, თარიღს ან რაიმე კონკრეტულ დეტალს.

გარდა ამისა, ჰეშთეგების ძიება ნებისმიერი პოსტიდანვეა შესაძლებელი. ამისათვის, უბრალოდ გადადით პოსტში არსებულ ჰეშთეგზე და გაეცანით მის გარშემო შექმნილ მრავალფეროვან კონტენს.

კონტენტის ოპტიმიზაცია ჰეშთეგების ძიებაში გამოსაჩენად

როგორც უკვე იცით, ჰეშთეგები ინტაგრამზე ძიების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. ის ასევე ეფექტურია თქვენი კონტენტის სოციალურ ქსელში გამოსაჩენად. თარგეთირებული, კონკრეტული ჰეშთგების გამოყენებით შეძლებთ, თქვენს პოსტებს უფრო მაღალი რეიტინგი მოაპოვებინოთ სამიზნე აუდიტორიის საძიებო შედეგებში.

თუმცა, ჰეშთეგების არასწორად გამოყენებას შესაძლოა, საპირისპირო შედეგიც ჰქონდეს.

  • ყოველთვის დაურთეთ ჰეშთეგები პოსტის აღწერას და არა კომენტარებს. კომენტარებში შეყვანილი ჰეშთეგები საძიებო რეიტინგის ამაღლებაში არ გეხმარებათ.
  • აირჩიეთ კონკრეტული ჰეშთეგები, მაშინაც კი, თუ ისინი მცირე აუდიტორიას აინტერესებს. კონკრეტულ ჰეშთეგებს ნახვის უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე გლობალურად პოპულარულ ჰეშთეგებს, როგორიც არის მაგალითად, #baking

  • თუ ისეთი ჰეშთეგის გამოყენება გსურთ, რომელიც თქვენი ბრენდის სახელს შეიცავს, შეამოწმეთ, უკვე გამოიყენება თუ არა ის სხვა ბრენდის მიერ ან სხვა დანიშნულებით.

კონკრეტული ჰეშთეგის გავლენა შეგიძლიათ გაზარდოთ და სხვა პოსტებსაც ჩაერთოთ. პოსტებს, რომლებიც იგივე ჰეშთეგს იყენებენ. ინსტაგრამი ამ ჩართულობას აღიქვამს, როგორც თქვენი და ჰეშთეგის რელევანტურობასა და ინტერესს. გახსოვდეთ, პოსტებში შეგიძლიათ 30-მდე ჰეშთეგი გამოიყენოთ.

#3: გამოიკვლიეთ ინსტაგრამის ლოკაციების სექცია

ლოკაციების სექცია საძიებო შედეგებში ასევე გამოსადეგი ხელსაწყო შეიძლება იყოს, თუმცა მისი გამოყენება სტრატეგიულადაა საჭირო.  როგორც უკვე იცით, ინსტაგრამის საძიებო სისტემა ტექსტების შეთავსების ფუნქციით მუშაობს. თუ რომელიმე ადგილის მოძებნას ეცდებით, შედეგებში ისეთ ლოკაციებს შეხვდებით, რომელთა დასახელებაშიც თქვენ მიერ შეყვანილი ქივორდი ფიგურირებს.

დავუშვათ, თქვენ ადგილობრივ ინფლუენსერს ეძებთ. შეიძლება, ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი ადგილმდებარეობა სახელშივე შეიტანოს, თუმცა უმრავლესობა ამას არ გააკეთებს. კონკრეტული ადგილების მოძებნისას თქვენ ყველაზე პოპულარულ ლოკაციებს შეხვდებით საძიებო შედეგებში.

თუ კონკრეტულ ადგილებში ბიზნესისა და ადამიანების მოძებნა გსურთ, მაშინ შეიყვანეთ ამ ადგილმდებარეობის დასახელება და პოსტებში მოძებნეთ სასურველი ადამიანის/ბიზნესის გვერდი. შეგიძლიათ, ყველაზე პოპულარულ გვერდებს ან უახლეს პოსტებს დააკვირდეთ.

კონკრეტულ პოსტებთან ინტერაქციამაც შესაძლოა, თქვენი რეიტინგები საძიებო შედეგებში გაზარდოს.

კონტენტის ოპტიმიზაცია ლოკაციების საძიებო შედეგებისთვის

ლოკაციის თეგების დამატება თქვენს თითოეულ პოსტზე შეგიძლიათ, მათ შორის კედლის პოსტებზე, სთორებსა თუ რილსებზე. საძიებო შედეგებში რეიტინგის ამაღლება ორგვარადაა შესაძლებელი:

  • უფრო დიდი შანსია, რომ კონკრეტული ლოკაციისთვის გამოჩნდეთ საძიებო შედეგებში.
  • ინსტაგრამი მეტწილად ისეთ ადამიანებს აჩვენებს თქვენს კონტენტს, რომლებიც თქვენი ლოკაციით არიან დაინტერესებულნი.

გახსოვდეთ, ინსტაგრამის ალგორითმი და საძიებო ფუნქციები რელევანტურობას იყენებენ, როგორც სარეიტინგო სიგნალს. იმის ჩვენება, რომ თქვენ ახლო კავშირი გაქვთ კონკრეტულ ლოკაციასთან, დაგეხმარებათ, თქვენი კონტენტი სამიზნე აუდიტორიას უფრო მარტივად მიაწოდოთ და უფრო მეტ ადგილობრივებს დაუკავშირდეთ.

შეჯამება

ინსტაგრამის საძიებო სისტემა შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ახალი კონტენტი აღმოაჩინონ, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული პოსტი ან გვერდი მოძებნონ. თუმცა, სწორი ტექნიკების დახმარებით შეგიძლიათ, საძიებო შედეგებში თქვენი გამოჩენის ალბათობა გაზარდოთ და უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა ინსტაგრამის რეკომენდაციების საშუალებით.

ავტორი: ლაშა ხორგუაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ინსტაგრამის ახალი "Rage Shake" და "Carousel" ფუნქცია

16 ხერხი ინსტაგრამზე ჩართულობის გასაზრდელად

რა შეცდომებს ვუშვებთ ინსტაგრამზე რეკლამირებისას