media-4

სოციალური მედიის 9 ტენდენცია 2022 წლისათვის

  • 01 დეკ 2021
  • სოციალური მედია
სოციალური მედიის 9 ტენდენცია 2022 წლისათვის

2021 წელი იწურება და მსოფლიოს გარშემო უამრავი სოციალური მედია მენეჯერი ფიქრობს იმაზე, თუ რა სიახლეებს მოიტანს 2022 წელი მარკეტინგში. მომდევნო წლისათვის არაერთი სტრატეგიაა შესამუშავებელი და არაერთი ტენდენცია გასათვალისწინებელი.

როგორი იქნება 2022 წელი? დაჩრდილავს თუ არა TikTok-ი ინსტაგრამს? იქნება ორგანული ჩართულობა უფრო მაღალი? აუცილებელი იქნება ლაივ ჩატებისა და ვიდეოების გაშუქება?

მართალია, ისეთ ინდუსტრიაში, რომელშიც ყველაფერი საოცრად სწრაფად ვითარდება და იცვლება, მუშაობა ძნელია. თუმცა, სანერვიულო არაფერია, რადგან 2022 წლისთვის, გარკვეული ტენდენციები უკვე გამოიკვეთა - რასაც სტატიის განმავლობაში გაგაცნობთ.

სოციალური მედიის 9 ტენდენცია 2022 წლისათვის

  1. სოციალურ მედია ქსელებში მარკეტინგისთვის, TikTok - ი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება (??!)

გასული წლების განმავლობაში, ინსტაგრამი მუდამ პირველი იყო სოციალური მედია მარკეტოლოგებისთვის. ის სწარაფად ვითარდებოდა, საუკეთესო ინვესტიციასაც წარმოადგენდა და გასართობადაც იდეალური პლატფორმა იყო. თუმცა, დღეს შედარებით განსხვავებული სურათის წინაშე ვდგავართ.

2021 წლის სექტემბრისთვის, ტიკტოკის მომხმარებელთა რიცხვმა 1 მილიარდს გადააჭარბა. თუ მესენჯერ ქსელებს გამოვრიცხავთ, ტიკტოკი მსოფლიოს მასშტაბით მეოთხე, ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმაა, ინსტაგრამის შემდეგ.

რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი? 2021 წლის იანვარში, ტიკტოკის გამომწერთა რიცხვი, მხოლოდ 689 მილიონს შეადგენდა. შესაბამისად, სექტემბრამდე მან 45%-იანი ზრდა აჩვენა. პარალელი რომ გავავლოთ, ინსტაგრამის მომხმარებელთა რიცხვი 2020 წელს, სულ რაღაც 6%-ით გაიზარდა.

კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Google Trends-ის მიხედვით, ტიკტოკის საძიებო შედეგები საგრძნობლად აჭარბებს ინსტაგრამის ვიდეო კონტენტს.

გასული წლის განმავლობაში, ტიკტოკის საძიებო მოთხოვნა 173%-ით გაიზარდა, ხოლო ინსტაგრამის რილსებისთვის - 22%-ით. რაც შეეხება ინსტაგრამის სთორებს, მათი რიცხვი 33%-ით შემცირდა.

თუმცა, ტიკტოკის გასაოცარი ზრდის მიუხედავად, ბევრი ბიზნესი თავს იკავებს ამ ქსელში ინვესტირებისგან. გამოკითხვების თანახმად, მხოლოდ 35% აპირებს პლატფორმისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაზრდას. ბიზნესთა უმრავლესობა ინვესტირებას კვლავ ინსტაგრამსა და ფეისბუქზე განაგრძობს.

ეს ყველაფერი არ არის. გამოკითხვის დროს, კომპანიათა 24% - მა აღნიშნა, რომ ტიკტოკი ყველაზე ეფექტური ხელსაწყო იყო მათი ბიზნეს მიზნების მისაღწევად - რაც 2020 წელთან შედარებით, 700%-იან ზრდას წარმოადგენს.

ტიკტოკმა, 2020 და 2021 წელს არაერთი ბიზნეს ხელსაწყო წარუდგინა საკუთარ მომხმარებელს, მათ შორის: ბიზნეს პროფილები, რეკლამები და კრეატორთა სივრცე. ეს ყველაფერი შესაძლოა იმის მიზეზიც იყოს, რატომაც არიან ბიზნესები განწყობილი ასე ოპტიმისტურად პლატფორმის მიმართ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ტიკტოკი ბაზარზე კიდევ უფრო გაიმყარებს ფესვებს და თუ ჯერ არ დაგიწყიათ მისი გამოყენება, უმჯობესია, საქმეს შეუდგეთ.

  1. ბიზნესები დიდი ოდენობით სარეკლამო ხარჯებს მიმართავენ მცირე სოციალურ ქსელებზე

მომავალი ტენდენციებიდან ალბათ ეს ყველაზე გასაკვირი იქნება თქვენთვის. უახლესი კვლევების თანახმად, მომხმარებლები შესაძლოა მეტი მიმღებლობით გამოირჩეოდნენ რეკლამების მიმართ ისეთ მცირე პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok, Snapchat, Pinterest.

  • გამოკითხული მომხმარებლებისთვის, ტიკტოკის რეკლამები მეტად შთამაგონებელი და სასიამოვნო აღმოჩნდა.
  • სნეპჩატის რეკლამებს გაცილებით მეტი რიჩი და ცნობადობა აქვთ, ვიდრე სატელევიზიო რეკლამებს.
  • Pinterest Business-ის კვლევებმა კი აჩვენა, რომ პინტერესტის რეკლამებს გაცილებით მაღალი ROI (უკუგება ინვესტიციაზე), გაცილებით დაბალ ფასად მოჰქონდა.

გარდა ამისა, გუგლის საძიებო ტრენდებიც საკმაოდ მზარდ ტენდენციას აჩვენებს ამ პლატფორმებზე გამოყენებული რეკლამებისთვის. სტატისტიკურად, აქაც ტიკტოკი ლიდერობს.

ეს გამოსახულება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ვარაუდები გამართლებულია და რომ ამ პლატფორმების მიმართ სარეკლამო ინტერესი იზრდება. სავარაუდოდ, ეს იმიტომ ხდება, რომ პატარა პლატფორმები რეკლამებით ნაკლებად არის გადატვირთული და ისინი მომხმარელებისთვის ნაკლებად შემაწუხებელია.

გარდა ამისა, სარეკლამო ინდუსტრიაში დიდი ცვლილებები გამოიწვია Apple iOS 14-ის განახლებამაც და რეკლამის განმთავსებლებს საკუთარი სტრატეგიების მცირედი დივერსიფიკაციაც დასჭირდათ.

ამასთანავე, ისეთი მცირე პლატფორმები, როგორიცაა ტიკტოკი, პინტერესტი და სნაპჩატი, მარკეტოლოგებს ბუნებრივი, ორგანული კონტენტის გავრცელებისკენ მოუწოდებენ - ისეთის, როგორსაც ყოველდღიურად ადამიანები აქვეყნებენ. ამის შედეგად, რეკლამები უფრო სახალისო და ბუნებრივია, შესაბამისად, მომხმარებლის გაღიზიანებასაც ნაკლებად იწვევს.

მაგალითად, სილამაზის ფრანგულმა ბრენდმა - MAKE UP FOREVER-მა, ტიკტოკზე მარტივი სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც კრეატორი მათ პროდუქციას ტესტავს. ამ უბრალო კამპანიით ბრენდმა 10 მილიონი ნახვა დააგროვა მხოლოდ საფრანგეთის მასშტაბით.

  • დააკვირდით თქვენს ჩართულობას ყველა პლატფორმაზე. იქნებ, რომელიმე მათგანს სათანადოდ ვერ აფასებდით ან პოტენციურ აუდიტორიას საკმარის ყურადღებას არ უთმობდით.
  • შეისწავლეთ, რა სახის კონტენტს აქვეყნებს მომხმარებელი და შეძლებთ თუ არა ამ სტილზე მორგებას.
  • მიმართეთ ექსპერიმენტებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ან სცადეთ თქვენი ბედი სრულიად ახალში.
  1. მომხმარებლები თქვენი პროდუქტის შეძენას პირდაპირ სოციალური მედიიდან ელიან

პანდემიამდე სოციალური მედია კომერცია მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ინოვაციური ბიზნესებისთვის. თუმცა, სოციალური ქსელების გაზრდილმა მოხმარებამ და პანდემიის ვითარებამ შესანიშნავი პირობები შექმნა სოციალური კომერციისა და ონლაინ შოპინგის განვითარებისთვის.

როგორც ნავარაუდებია, 2025 წლისათვის სოციალური კომერციის მოცულობა $80 მილიარდს გადააჭარბებს. მომხმარებელთა 81% პანდემიამდეც იყენებდა სოციალურ მედიას ახალი ბრენდებისა და პროდუქტების აღმოსაჩენად/შესასწავლად. ბევრმა ბიზნესმა გააცნობიერა, რომ მომხმარებლებისთვის ერთსა და იმავე პლატფორმაზე დათვალიერება და შეძენა საკმაოდ კომფორტული იქნებოდა. ამ პროცესში დამატებით მნიშვნელოვან როლს საიტზე ნავიგაცია თამაშობს, განსაკუთრებით კი მობილური მომხმარებლებისთვის, რომლებშიც კალათის მიტოვების რიცხვი გაცილებით მაღალია.

ბევრ სოციალურ ქსელს გააჩნია საკუთარ აპლიკაციაში ჩაშენებული ხელსაწყოები, რომლებიც აუმჯობესებენ შოპინგის გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. ასეთი შეიძლება იყოს პროდუქტის ლაივ ვიდეო. ამ მიმართულებით ინსტაგრამი, ფეისბუქი და პინტერესტი ყველაზე პოპულარულია, თუმცა მათ არც ტიკტოკი, ტვიტერი და იუთუბი ჩამოუვარდება.

სოციალური მედია კომერცია ელექტრონულ კომერციას ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა თუ თქვენი ბიზნეს საჭიროებები ამას მოითხოვს, ის უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

  • თუ პროდუქციას ყიდით, შექმენით ფეისბუქის ან ინსტაგრამის მაღაზიაც. შეგიძლიათ, პინტერესტიც მოსინჯოთ.
  • ამ პლატფორმების მაღაზიებში საკმაოდ მოქნილი დიზაინების შექმნაა შესაძლებელი, ამიტომ ეცადეთ, მომხმარებელთა გამოცდილება მიმზიდველი და მარტივი გახადოთ.
  • ნუ ინერვიულებთ, თუ სრული ინვენტარის განთავსებას ვერ ახერხებთ. იფიქრეთ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც თქვენი ინსტაგრამის/ფეისბუქის მომხმარებლისთვის იქნება საინტერესო.
  • მიმართეთ ექსპერიმენტებს შოპინგ პოსტებისა და რეკლამების დროს.
  1. შემცირდება ბრენდთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების რიცხვი

პანდემიიდან გამოწვეული ჩაკეტვის, გლობალური მასშტაბით მიწოდების შეზღუდვისა და სამუშაო ძალის შემცირების პერიოდში, მომხმარებელს უამრავი სასწრაფო შეკითხვა დაუგროვდა ბიზნესებთან. თუმცა, მათ აღმოაჩინეს, რომ ყველა საჭირო კითხვაზე პასუხის მიღება უფრო კომფორტული და დამაჯერებელი გზითაც შეეძლოთ - სოციალური მედიით.

Nielsen-ის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მომხმარებელთა 64% ბიზნესთან დაკონტაქტებას მესიჯის სახით ამჯობინებს. ასევე ნავარაუდებია, რომ 2023 წლისთვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მოთხოვნების 60%, ციფრულ არხებში გადაინაცვლებს.

ასეთი მოთხოვნის მიუხედავად, ბევრი ორგანიზაცია არაა მზად, რომ მომხმარებელთა ეფექტური მომსახურება სოციალური მედიის საშუალებით უზრუნველყოს.

  • დაიწყეთ ფიქრი სოციალური მედია მომხმარებლის მომსახურების სტრატეგიაზე.
  • შექმენით ქსელისათვის დამახასიათებელი შაბლონები ხშირად დასმული შეკითხვებისთვის.
  • თუ ჯერ არ შეგიქმნიათ, აუცილებლად დაიწყეთ ჩატბოტის გამოყენება.
  • გააერთიანეთ მომხმარებელთან გამართული კომუნიკაციები ერთ სივრცეში.
  1. გრძელი ვიდეოები აღარ იმუშავებს, გარდა YouTube-ისა.

ვიდეო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის - Vidyard-ის კვლევის თანახმად, 2020 წელს გამოქვეყნებული ვიდეოების 60% 2 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის იყო.

ორი წლის წინ, IGTV-სა და Facebook Watch-ის გამოჩენის შემდეგ, უმრავლესობას ეგონა, რომ გრძელი ვიდეოები მომავალი იქნებოდა. YouTube, რომელიც ვრცელი საინფორმაციო ვიდეოებით იყო განთქმული, სპეციალურად ასაჩუქრებდა ისეთ კრეატორებს, რომელთა ვიდეოებიც 10 წუთს სცდილდებოდა. ეს გახდა მიზეზი ფეისბუქის კონკურენციაში ჩართვისათვის.

ბიზნესებმაც დაიწყეს საკუთარი „TV სერიების“ გადაღება სოციალური პლატფორმებისთვის. Will Smith-მა National Geographic-ისთვის სპეციალური IGTV შოუს შექმნაც კი წამოიწყო. ამ დროისათვის, კომპანიები დიდ იმედებს ამყარებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ფეისბუქი არა მხოლოდ იუთუბს, არამედ სატელევიზიო არხებსაც დაჩრდილავდა.

თუმცა, შემდეგ გამოჩნდა ტიკტოკი სამხრეთ ამერიკაში. საპასუხოდ, ინსტაგრამზე გამოჩნდა რილსები 2020 წელს და დღეს კიდევ უფრო განსხვავებული სურათი დგას ჩვენ წინაშე.

რა ხდება დღეს?

ინსტაგრამის IGTV მოძველდა, ფაქტობრივად ყველამ დაივიწყა. აღარავინ ლაპარაკობს Facebook Watch-ზე. ვრცელი ვიდეოებით სახელგანთქმული იუთუბიც კი, ახალ ფორმატებს გვთავაზობს - YouTube Shorts-ს. დღეს უკვე მსოფლიოს ლიდერი სოციალური ქსელები ცდილობენ, უპირატესობა მოიპოვონ მოკლე ფორმატის ვიდეოებში, თუმცა ზოგიერთისთვის ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლები უბრალოდ ნებისმიერ მოკლე ვიდეოს არ უყურებენ. ისინი საჭიროა, იყოს გასართობი და საინტერესო.

დღესდღეობით, მოკლე ფორმატის ვიდეოებს პროდუქტების გასაყიდადაც არაერთი ბიზნესი იყენებს.

  • თუ ახალი გამომწერების მოზიდვა გსურთ, სცადეთ TikTok-ზე აქტიურობაც.
  • თუ არსებულ მომხმარებლებში გსურთ ჩართულობის ხელახლა ამაღლება, სცადეთ Reels-ებით აქტიურობა.
  • თუ მოკლე ფორმატის ვიდეოებით რომელიმე პლატფორმაზე წარმატებას მიაღწიეთ, მაშინ სცადეთ ის სხვა პლატფორმებზეც. არ დაგავიწყდეთ შედეგებზე დაკვირვებაც. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული პლატფორმისთვის დამახასიათებელი ვიდეო კონტენტი შექმნათ. ნუ ატვირთავთ ინსტაგრამზე ვიდეოებს ტიკტოკის ლოგოთი.
  1. თქვენი ჩართულობის დიდ ნაწილს სხვა კრეატორების დახმარებით მოიპოვებთ

კრეატორთა როლი სოციალურ მედია პლატფორმებზე ყოველთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პანდემიამ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.

ჩვენ მხოლოდ მილიონერ იუთუბერებზე არ ვსაუბრობთ. დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას საინტერესო კონტენტი, კონკრეტული მიმართულების ან ჰობისთვის და ამგვარად, შეიქმნას დამატებითი შემოსავლის წყარო.

ტერმინი „კრეატორი“ მოიცავს როგორც პროფესიონალ ინფლუენსერებს, ასევე დამწყებ კონტენტის შემქმნელებსაც - ნებისმიერ ადამიანს, რომელიც წერს, ქმნის და იღებს კონტენტს.

2021 წელს, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი უწოდებს საკუთარ თავს კრეატორს. გარდა ამისა, 2022 წლისთვის, ბიზნესები ინფლუენსერ მარკეტინგისთვის $15 მილიარდის გამოყოფას გეგმავენ. მხოლოდ და მხოლოდ ამერიკაში, მარკეტოლოგთა 72.5%, ინფლუენსერ მარკეტინგის გამოყენებას აქტიურად აპირებს 2022 წლისათვის.

მიმდინარე ტრენდებსა და ცვლილებებს სოციალური მედია პლატფორმებიც აქტიურად ეხმაურებიან და შესაბამის სიახლეებს სთავაზობენ საკუთარ მომხმარებელს. მაგალითად, უახლესი ცვლილებები მოიცავს:

აღნიშნული ცვლილებები კრეატორების წახალისებას და მათ მიერ დამატებითი შემოსავლების გამომუშავებას ემსახურება. რისთვისაა ეს საჭირო? იმისათვის, რომ მათ საინტერესო კონტენტის შექმნა გააგრძელონ.

რომელიც არ უნდა იყოს თქვენი ბიზნესის ნიშა - ამ ნიშისთვის დამახასიათებელი კრეატორი აუცილებლად იქნება სოციალურ ქსელში. კრეატორი, რომელსაც ამ ნიშით დაინტერესებული ხალხი ჰყავს მის გარშემო შემოკრებილი და თქვენთან პარტნირობაც სურს.

  • განსაზღვრეთ აუდიტორია, რომელთან დაკავშირებაც გსურთ;
  • მოძებნეთ კრეატორი შესაბამის სივრცეში და გამოყავით ის ადამიანები, რომლებთანაც პოტენციურად ითანამშრომლებთ;
  • მოემზადეთ სამართლიანი ანაზღაურების გადასახდელად. მიკრო ინფლუენსერებმაც კარგად იციან საკუთარი ღირებულება, ამიტომ უფასოდ ან დაბალ ფასად, თქვენთან საქმეს არავინ დაიჭერს.
  1. აუცილებლად დაგჭირდებათ ფასიანი რეკლამირების შესწავლა

ცხადია, ეს ტენდენცია ახალი სულაც არ არის, თუმცა აღნიშვნად ნამდვილად ღირს, განსაკუთრებით 2022 წლისათვის. 2021 წლისთვის, ორგანული ტრაფიკის ვარდნა და ფასიანი სარეკლამო ბიუჯეტის საჭიროება საკმაო გამოწვევას წარმოადგენდა მარკეტოლოგებისთვის. ამასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ორგანული რიჩის ოდენობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო.

ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის. ორგანული გავრცელების პრობლემა წლებია დგას, განსაკუთრებით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. სოციალურ მედია რეკლამირებაზე პანდემიამაც დიდი გავლენა იქონია - ბიზნესებმა შეამცირეს საკუთარი სარეკლამო ხარჯები და მათი უმრავლესობა რეკლამების შემცირებულ შედეგიანობაზეც საუბრობდა.

გარდა ამისა, Apple-მა ახალი განახლებაც შესთავაზა საკუთარ მომხმარებელს და გარკვეული შეზღუდვები შემოიტანა მონაცემთა აღრიცხვის მიმართულებით. ამან კი ფეისბუქის რეკლამის განმთავსებლებს საკმაო პრობლემები შეუქმნა და რეკლამირების პროცესიც გაართულა. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება და უნდა აღვნიშნოთ, რომ ფეისბუქის პოსტის საშუალო ორგანული რიჩი 5.2%-ია. ეს ნიშნავს, რომ თქვენი გამომწერების მხოლოდ 5%-მა შეიძლება ნახოს ახალი პოსტი, თუ მას არ გაარეკლამებთ, ან დიდი ინტერაქცია არ მოჰყვება აუდიტორიისგან.

რასაკვირველია, შეგიძლიათ ისეთი პლატფორმების გამოყენება დაიწყოთ, სადაც ფასიანი რეკლამირების გარეშეც შეიძლება, ვირუსულად გაავრცელოთ კონტენტი (მაგალითად, TikTok), თუმცა იმ აუდიტორიის იგნორირება, რომლის შემოკრებისთვისაც ბევრი იშრომეთ, ძალიან რთული და დაუშვებელიც კია.

არ აქვს მნიშვნელობა, რა მოცულობისაა თქვენი ბიუჯეტი ან სოციალური მედია მარკეტინგის გუნდი, ერთმა ადამიანმა მაინც უნდა იცოდეს ფასიანი რეკლამირება და მომხმარებელთა თარგეთირებაც შეეძლოს.

  • განაგრძეთ ორგანული სოციალური მედია კონტენტის წარმოება ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, მომხმარებელთა მომსახურებისა და აუდიტორიის ჩართულობისთვის.
  • მოსინჯეთ თქვენი გამორჩეული პოსტების რეკლამირება, რათა რაც შეიძლება მეტ პოტენციურ მომხმარებელს მიწვდეთ.
  1. სოციალური მედიის მოსმენის გარეშე კონტენტს აღარ გამოაქვეყნებთ

კოვიდ პანდემიის დროს ბევრმა ბიზნესმა დაიწყო სოციალური მედიისთვის „ყურის დაგდება“ - მომხმარებლისთვის დროული პასუხების გაცემა, რეალურ დროში დიალოგების გამართვა და მიმდინარე თემებზე დაკვირვება. პანდემიის ეფექტების შემცირების შემდეგაც, უფრო მეტმა ბიზნესმა გააცნობიერა, რომ სოციალური მედიის დახმარებით შეუძლიათ, გაუგონ საკუთარ მომხმარებლებს და გაეცნონ მათ სურვილებს.

ამ ტენდენციის გამოჩენას შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს. წლიდან წლამდე, Google-ის საძიებო სისტემაში „სოციალური მოსმენის ხელსაწყოებზე“ მოთხოვნა 22%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს მათ გამოყენებას ან მათზე ინფორმაციის მოძიებას.

  • გამოყავით სამი საძიებო არხი თქვენ მიერ შერჩეულ სოციალურ მედია მენეჯმენტის ხელსაწყოში შემდეგისთვის:
  1. ბრენდის მონიშვნები, ბრენდირებული ჰეშთეგები, პროდუქტები;
  2. თქვენი კონკურენტის ბრენდის მონიშვნები, ბრენდირებული ჰეშთეგები და პროდუქტები;
  3. ქივორდები და ჰეშთეგები, რომლებიც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია.
  • დარწმუნდით, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს შეუძლიათ ამ ყველაფერზე დაკვირვება და მათი ანალიზი. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბისაა თქვენი გუნდი, სოციალური მოსმენის საშუალებით არაერთი პრობლემისა და შესაძლებლობის აღმოჩენას შეძლებთ.
  1. დაგჭირდებათ სოციალური აუდიო სტრატეგია

2020 წლის აპრილში, ბაზარზე Clubhouse გამოჩნდა, რომელმაც პოპულარობა 2021 წლის დასაწყისშივე მოიპოვა. მის გამოჩენას მოჰყვა ტვიტერის მიერ აუდიო პლატფორმის შექმნა, შემდეგ Spaces-ის. არც ფეისბუქმა დააყოვნა და მანაც დაიწყო ლაივ აუდიო ფორმატში საკუთარი პლატფორმის ჩართვა.

აღნიშნულმა სიახლეებმა ბაზარზე არაერთი კითხვა გააჩინა. მარკეტოლოგებისთვის საინტერესო იყო, რამდენად ღირებული ინვესტიცია იქნებოდა აუდიო სტრატეგიის შექმნა სოციალური არხებისთვის - 2022 წლის სოციალური მედია ტენდენციების გამოკითხვაში კი გამოჩნდა, რომ ბიზნესების უმრავლესობა, აუდიო სტრატეგიების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ლაივ სტრიმების გაშუქებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ შედარებით მსხვილი და საშუალო ზომის ბიზნესები არიან ისინი, რომლებიც სოციალურ აუდიო სტრატეგიაში ჩართვას აქტიურად გეგმავენ. ასევე ის კომპანიებიც, რომლებსაც საკმაოდ სჯერათ ამ ინვესტიციის მომგებიანობის და უკვე დახვეწილი, გამართული სოციალური მედია მარკეტინგული ტაქტიკებიც გააჩნიათ.

სოციალური მედიის აუდიო კონტენში ლიდერობა საშუალებას გაძლევთ, ესაუბროთ უზომოდ ვრცელ აუდიტორიას. მათთვის კი, ვისაც საკმარისი ბიუჯეტი და თავდაჯერებულობა გააჩნია, ეს შესანიშნავი საშუალებაა მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად და პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ აუდიო სტრატეგიაში ჩართული უნარებისა და ინვესტირებული დროის ხარჯზე, ის კონტენტ მარკეტინგის არც თუ ისე ბიუჯეტური საშუალებაა. სწორედ ამიტომ, მცირე ბიზნესებისგან მასში ჩართვა ნაკლებად სავარაუდოა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ქლაბჰაუსის პლატფორმაზე მომხმარებელს რეკლამა არასდროს შეაწუხებს. ეს ბიზნესებისთვის შეიძლება დადებითი მხარეც იყოს და უარყოფითიც. ნებისმიერ შემთხვევაში, რეკლამების გარეშე თქვენი ბრენდის Clubhouse-ში ინტეგრაციისთვის კარგი წარმოსახვის უნარიც დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ამ ინვესტიციიდან უკუგების ამოღებაც გრძელვადიანი პროცესი იქნება და ხშირად, პლატფორმიდან მომხმარებლის გადამისამართება თქვენს სოციალურ მედია არხებშიც დაგჭირდებათ.

  • არაა საჭირო, რომელიმე აუდიო პლატფორმა სხვა პლატფორმის სანაცვლოდ აირჩიოთ. უბრალოდ უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ შეძლებს თქვენი ბიზნეს მოდელი სოციალური აუდიო სტრატეგიის სწორად გამოყენებას.
  • მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ, რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ აუდიო მსმენელისთვის, დაიწყეთ ფიქრი კონკრეტულ პლატფორმაზე. მაგალითად, სცადეთ ქლაბჰაუსის გამოყენება ახალი გამომწერების მოსაზიდად, ან Spaces-ის გამოყენება ტვიტერის გამომწერთა ჩართულობის ასამაღლებლად.
  • მოიზიდეთ ინდუსტრიის ლიდერები თქვენს კომპანიაში და ისაუბრეთ ბრენდის სახელით.
  • თუ ინდუსტრიის ლიდერისთვის საჭირო ბიუჯეტი არ გაქვთ, მაშინ იფიქრეთ იმ ინფლუენსერებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც თქვენი ბრენდის ღირებულებებს იზიარებენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სოციალური მედია სტრატეგიის შექმნის 5 საფეხური

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს TikTok-ისა და Contra-ს პარტნიორობა

ფეისბუქის ახალი ხელსაწყოები ჯგუფისა და გვერდის ადმინებისთვის