ინსტაგრამის ახალი "Rage Shake" და "Carousel" ფუნქცია

ნოემბერი 22, 2021

ინსტაგრამის ახალი "Rage Shake" და "Carousel" ფუნქცია

ინსტაგრამისგან სიახლეებს უკვე შეჩვეული ვართ და ალბათ, არც ამ სიახლის გამოჩენა გაგაკვირვებთ.

ინსტაგრამისგან სიახლეებს უკვე შეჩვეული ვართ და ალბათ, არც ამ სიახლის გამოჩენა გაგაკვირვებთ. ინსტაგრამმა ახალი “Rage Shake” ფუნქცია წარმოგვიდგინა - ტელეფონის შერყევით მომხმარებელს შეუძლია, აპლიკაციასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა დაარეპორტოს. ინსტაგრამის ხელმძღვანელმა - Adam Mosseri-იმ ამ ფუნქციის შესახებ ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა და აღწერა, თუ როგორ მუშაობს ის.

„ოდესმე გქონიათ ისეთი განცდა, რომ ინსტაგრამი ისე არ მუშაობდა, როგორც უნდა ემუშავა? შესაძლოა, სთორის ატვირთვა გიჭირდათ ან აუდიო ელემენტებს ვერ იყენებდით, იქნებ ფოტოს ატვირთვა არ შეგეძლოთ და ეს ძალიან გაღიზიანებდათ. ახლა, ტელეფონის შერყევის შედეგად, გამოგიჩნდებათ პატარა ფანჯარა, რომელიც პრობლემის დაფიქსირების საშუალებას მოგცემთ“.

პრობლემის დაფიქსირების დროს შეგიძლიათ, ახსნათ პრობლემის შინაარსი და გაუგზავნოთ ის კომპანიას. ეს კომპანიას ბაგების გასწორებაში და პრობლემური საკითხების მოგვარებაში დაეხმარება. ამ დროისათვის, ფუნქცია მხოლოდ ამერიკის მასშტაბით არის ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

სოციალური მედია გიგანტი დამატებით ფუნქციასაც გვთავაზობს, რომლის საშუალებითაც, კარუსელის ტიპის პოსტებიდან, ნებისმიერი ფოტოს ან ვიდეოს წაშლა შეგეძლებათ. კარუსელის პოსტებში შესაძლოა ათამდე ფოტო ან ვიდეო იყოს გაერთიანებული და თუ რომელიმე მათგანი აღარ მოგწონთ, შეგიძლიათ მარტივად გააქროთ ის თქვენი კარუსელიდან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კარუსელში ფოტოს ჩამატება ან არსებულის შეცვლა შესაძლებელი არ არის.

ადამ მოსერის თქმით, ეს ფუნქცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო წლების განმავლობაში. ხშირად, მომხმარებლები შეცდომას უშვებენ და კარუსელში ისეთი ფოტო შეაქვთ, რომელიც რეალურად არაა მათთვის სასურველი და ეს ყველაფერი საბოლოოდ პოსტის წაშლას იწვევდა.

ფოტოს ან ვიდეოს კარუსელიდან წასაშლელად საჭიროა, ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ სამ წერტილს დააჭიროთ და შემდეგ აირჩიოთ „edit”. შემდეგ კი გადახვალთ იმ ფოტოზე, რომლის წაშლაც გსურთ და დააჭერთ „delete” ღილაკს. ახალი ფუნქცია ამჟამად მხოლოდ iOS მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, თუმცა მას ანდროიდზეც ძალიან მალე ვიხილავთ.

მიმდინარე პერიოდი ინსტაგრამის ცვლილებებით არის დატვირთული. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, მათ არაერთი სიახლე შემოგვთავაზეს. მათ შორის, „Take a Break” ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, საკუთარ თავს შესვენებისაკენ და პლატფორმიდან გასვლისკენ მოუწოდოთ, იქნება ეს 10, 20 თუ 30 წუთით. გარდა ამისა, უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს „Add Yours” სტიკერი, რომელსაც მომხმარებლები ტრენდების გასავრცელებლად იყენებენ. ამ სტიკერის სთორიზე დამატების შემდეგ, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, გამოეხმაუროს თქვენს სთორის და მანაც დაამატოს საკუთარი, იმავე თემატიკის ფარგლებში. მაგალითად, თემა შეიძლება ბავშვობის სურათები იყოს.

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ინსტაგრამი - როგორი იქნება აპლიკაციის მომავალი

ინსტაგრამ IGTV - როგორ იყენებენ მას ბრენდები

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს TikTok-ისა და Contra-ს პარტნიორობა

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი