Facebook-ის ახალი ერა - Metaverse

დიახ, ეს უკვე ოფიციალურია - 17 წლის შემდეგ, სოციალური მედიების გიგანტის, ფეისბუქის, ინსტაგრამის, ვოთსაპისა და ოკულუსის უკან მდგარ კომპანიას ახალი სახელი აქვს.
ფეისბუქის კორპორაციულ ერთიანობას დღეიდან უკვე Meta ჰქვია.
ფეისბუქის დამფუძნებელმა - მარკ ზაკერბერგმა ეს ცვლილება კომპანიის AR/VR-ზე ფოკუსირებული კონტენტის ღონისძიებაზე დააანონსა და აუდიტორიას აცნობა, რომ ახალი სახელი კომპანიის მთავარ ამბიციებთან იქნებოდა დაკავშირებული. ეს ამბიციები კი მეტავერსის (Metaverse) შექმნა გახლავთ.
„იმისათვის, რომ გადმოვცეთ ვინ ვართ ჩვენ და რისი შექმნის იმედი მაქვს, ვამაყობ და ვამბობ, რომ დღეიდან, ჩვენი კომპანია არის Meta. ჩვენი მისია კვლავაც იგივე რჩება - ის ადამიანების გაერთიანებაა. არც ჩვენი აპლიკაციები და ბრენდები იცვლებიან“ - ამბობს ფეისბუქის დამფუძნებელი.
იმის გათვალისწინებით, რომ გასული კვირების განმავლობაში ყოფილი თანამშრომელი შიდა ინფორმაციას აწვდიდა მედიას და სამთავრობო რგოლებს ფეისბუქის შეცდომების შესახებ, რასაც ის წლების განმავლობაში უშვებდა, სახელის ცვლილება კომპანიისთვის საკმაოდ საჭირო და სწორ დროს მოხდა. ფეისბუქი ამ ცვლილებისთვის თვეებით ადრე ემზადებოდა - შეეცვალა მისი ბრენდინგი და თავიდან აერიდებინა მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტის - ფეისბუქის გარშემო გავრცელებული ნეგატიური აზრები და ფაქტები.
ივლისში ფეისბუქის CEO-მ Verge-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეისბუქი მთელ მის ძალისხმევას მეტავერსისკენ მიმართავდა. ტრილიონ დოლარად შეფასებული კომპანიისთვის ეს, რასაკვირველია, სიურპრიზი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი VR პროდუქტის განვითარება სრული კრახით მიმდინარეობდა. თანაც, ისინი აქამდე მათი სოციალური პლატფორმის - Horizons-ის ბეტა ვერსიაზეც არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებდნენ.
აგვისტოში ფეისბუქმა მისთვის არადამახასიათებელი, ვრცელი კონფერენცია გამართა, სადაც პრესას მისი ახლად შექმნილი VR აპლიკაციის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. ეს იყო აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ვირტუალური შეხვედრების გამართვა შეეძლებოდათ. ზაკერბერგმა ამ აპლიკაციის მედიაში წარმოჩენას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დაუთმო.
რაც შეეხება მეტავერსის შენებას, სექტემბერში მან ერთ-ერთ ბლოგ პოსტში - “Building the Metaverse Responsibly”, დააანონსა კომპანიის მიერ $50 მილიონიანი ინვესტიციის გამოყოფა, რაც მეტავერსის საფუძვლიან განვითარებას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში ფეისბუქმა კიდევ ერთი მცირე ინვესტიცია - $10 მილიონი გამოყო კრეატორთა ფონდისთვის - რომელიც Horizon Worlds პლატფორმის დეველოპერებს მოხმარდებოდა და ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირიდან კონკრეტულად მეტავერსის პლატფორმის განვითარებისთვის 10,000 დასაქმებულს დაიქირავებდა.
გასულ კვირას კი The Verge-მა გაავრცელა სიახლე იმის შესახებ, რომ ფეისბუქი მისი კორპორაციული ერთიანობის სახელის შეცვლას აპირებდა.
საბოლოოდ, კომპანიის მთავარი ბიზნესის პროდუქტისგან განცალკევება, რომელიც ბოლო პერიოდში ბევრ პრობლემას წააწყდა, გასაკვირი მოქმედება ნამდვილად არ არის. თუმცა, სახელის ცვლილების შემდეგ ფეისბუქის ბრენდის ახალ პროდუქტთან დაკავშირება იქნება საჭირო - პროდუქტთან, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წელი არ იქნება რელევანტური და მზა. ფეისბუქს ახლაც ჰყავს 2.5 მილიარდი მომხმარებელი, თუმცა მეტავერსის მომხმარებელთა რაოდენობა ჯერ მხოლოდ რამდენიმე ათასს ითვლის.
ასეთი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის სახელის ცვლილების პრეცედენტი აქამდეც არსებობდა. 2015 წელს, Google-მა გადაწყვიტა მისი მშობელი კომპანიისთვის შეეცვალა სახელი და მას Alphabet დაარქვა. Google კვლავაც მის შვილობილ კომპანიად რჩება, თუმცა უმრავლესობას ეს სახელი საერთოდ არ ახსენდება. სავარაუდოდ, ფეისბუქიც იგივეს უნდა ელოდოს საკუთარი მომხმარებლისგან.
მართალია, Google-ს არანაირი მოტივი არ ჰქონია მისი სახელისა და პროდუქტის განცალკევებისთვის, თუმცა Facebook-ს ეს რებრენდინგი ნამდვილად სჭირდებოდა. კომპანია აგრძელებს ზრდას, თუმცა ბრენდი საკმაოდ დიდ და მტკივნეულ დარტყმებს იღებდა გასული წლების განმავლობაში, მათ შორის 2016 წლის რუსეთის საარჩევნო დეზინფორმაციის, უსაფრთხოების დარღვევისა და Cambridge Analytica-ს სკანდალის ჩათვლით. გარდა ამისა, კონგრესშიც კი თანხმდებიან რესპუბლიკელები და დემოკრატები და საერთო, ნეგატიურ პოზიციას ინარჩუნებენ ფეისბუქისა და ინსტაგრამის გავლენის შესახებ თინეიჯერების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სიმპათიებიც არც ფეისბუქის ბიზნეს პრაქტიკების მიმართ არიან განწყობილი.
სენატის მოსმენის დროს, გასულ კვირას, სადაც TikTok, Snap და YouTube იყვნენ წარმოდგენილი, სოციალურმა მედია კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის სტილი მკაფიოდ გამიჯნეს ფეისბუქის ტაქტიკებისგან. YouTube-მა მაგალითად, განაცხადა, რომ მათთვის მოგება არასდროს ყოფილა უსაფრთხოებაზე პრიორიტეტული. თავის მხრივ ტიკტოკი და სნეპიც იცავდნენ თავს, თუმცა მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. სენატორის თქმით „ფეისბუქისგან განსხვავებულობა საკმარისი თავდაცვა არ არის.“
ასევე დაგაინტერესებთ: