როგორ გამოვიყენოთ ჰეშთეგები ეფექტურად

სექტემბერი 30, 2021

როგორ გამოვიყენოთ ჰეშთეგები ეფექტურად

ჰეშთეგების მეშვეობით ჩვენი კონტენტი უფრო ხილვადი ხდება ფართო აუდიტორიისთვის - თუ რა თქმა უნდა, ის სწორად არის გამოყენებული.

სოციალურ მედია ქსელებში ბრენდის გავრცელებასა და გარეკლამებაში ჰეშთეგები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ჰეშთეგების მეშვეობით ჩვენი კონტენტი უფრო ხილვადი ხდება ფართო აუდიტორიისთვის - თუ, რა თქმა უნდა, ის სწორად არის გამოყენებული.

თავდაპირველად ჰეშთეგები ყველაზე ხშირად ტვიტერზე გამოიყენებოდა, თუმცა ისინი მალე სხვა პლატფორმებზეც გავრცელდა. მათ შორის: Facebook, Instagram, LinkedIn და Pinterest. ჰეშთეგების პრინციპის შესწავლა დაგეხმარებათ აუდიტორიის ჩართულობის ამაღლებაში და საშუალებას მოგცემთ, გაზარდოთ თქვენი სოციალური გავლენა თითოეულ პლატფორმაზე, მიჰყვეთ ტრენდებს და დარჩეთ სამიზნე აუდიტორიის ყურადღების ცენტრში.

ჰეშთეგების სწორად გამოყენებით თქვენ საკუთარ სამიზნე აუდიტორიას, რომელიც კონკრეტული საკითხითაა დაინტერესებული, ეხმარებით თქვენი კონტენტის აღმოჩენასა და საჭირო ინფორმაციის მიღებაში.

რა არის ჰეშთეგი?

ჰეშთეგი უბრალოდ სიტყვა ან ფრაზაა, რომელიც „#“ სიმბოლოთი აღინიშნება. მისი გამოყენება სოციალურ მედიაში კონკრეტული მიზნით ხდება - მიაწვდინოს პოსტი რაც შეიძლება მეტ ადამიანს, განსაკუთრებით რომელიმე კონკრეტული საკითხით დაინტერესებულ პირებს. ზოგიერთ პლატფორმაზე გვერდების მსგავსად, ჰეშთეგების გამოწერაც (following) შესაძლებელია.

ვრცელი ჰეშთეგების გამოყენებისას აუცილებელია, სიტყვებს შორის არ იყოს გამოტოვება, მაგალითად #ციფრულიმარკეტინგი. ის შეიძლება შეიცავდეს რიცხვებს, მაგრამ არა სიმბოლოებს და სასვენ ნიშნებს. ჰეშთეგის დართვა პოსტზე შესაძლებელია როგორც დასაწყისში, ასევე შუაში და დასასრულში - ამაში შეზღუდული არავინაა. მათი გამოყენებით თქვენი პოსტების ნახვა ისეთ ადამიანებსაც შეეძლებათ, რომლებსაც თქვენი გვერდი არ აქვთ გამოწერილი.

ჰეშთეგის პრინციპები

მართალია, საკმაოდ მარტივად ჩანს ჰეშთეგის გამოყენება რომელიმე ქივორდის წინ, თუმცა მისი სტრატეგიად გამოყენებისას, სიმბოლოს დასმის გარდა კიდევ უნდა ითვალისწინებდეთ გარკვეულ ფაქტორებს. ჰეშთეგების გამოყენება მარკეტინგში გავლენას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს, თუ ის სწორად არის ინტეგრირებული სტრატეგიაში. გასათვალისწინებელი ფაქტორები მოიცავს:

  • ნუ გამოიყენებთ ჰეშთეგებს ყოველ მეორე სიტყვაში. მათი რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმ პლატფორმაზე, რომელსაც იყენებთ. თუმცა, ძირითად შემთხვევებში რამდენიმე ერთეულ ჰეშთეგს გაცილებით დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე მათ უხვად გამოყენებას.
  • ეცადეთ თქვენი ჰეშთეგები მოკლე და დასამახსოვრებელი იყოს და არა მაგალითად #გილოცავთახალ2022წელს
  • ნუ ეცდებით, იყოთ ზედმეტად „ჭკვიანი“ ან ორიგინალური. თუ ისეთ ჰეშთეგს აირჩევთ, რომელსაც არავინ ეძებს და აკვირდება, მაშინ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ.
  • კონკრეტული და სპეციფიკური ჰეშთეგები გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იქნება. ზოგადი თემები ძირითადად არ იძებნება და თუ ასეთ ჰეშთეგებს გამოიყენებთ, მაშინ თქვენი პოსტები არარელევანტური კონტენტის უდაბნოში ჩაეფლობა.
  • ნუ დატვირთავთ ჰეშთეგებით თითოეულ პოსტს. გამოიყენეთ ისინი მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ რაიმე ღირებულების მოტანა ან ინტერაქციის გამოწვევა შეეძლებათ.
  • ჰეშთეგების გამოყენება მხოლოდ სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად არ ხდება. მათი საშუალებით კონკურენტების გამოკვლევასაც შეძლებთ. ეცადეთ ჰეშთეგებით ძიებას, რაც საკითხის გარშემო რელევანტური კონტენტის აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

როგორ ვიპოვოთ ეფექტური ჰეშთეგები: დაიწყეთ ინფლუენსერებით

საკმაოდ ზოგად ჰეშთგებსა და ისეთ ჰეშთეგებს შორის, რომლებიც კომპლექსურია და რთულად იძებნება, შესაბამისი განსხვავებაც არსებობს. ეფექტური ჰეშთეგების მოსაძიებლად, პირველ რიგში, შეგიძლიათ ინფლუენსერების მიერ გამოყენებულ ჰეშთეგებს დააკვირდეთ თქვენს ნიშაში.

შესაძლოა, უკვე იცით, ვინ არის თქვენს სექტორში ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი, თუ არ იცით გამოიკვლიეთ. ინფლუენსერი ის ადამიანია, ვისაც კონკრეტულ აუდიტორიაში საკმაო აღიარება აქვს მოპოვებული და მას ხალხი ენდობა, ითვალისწინებს მის აზრს. ეს შეიძლება იყოს ცნობილი სახე, სატელევიზიო ვარსკვლავი ან ბლოგერი.

ჰეშთეგების გამოსაკვლევი ხელსაწყოები

არსებობს სპეციალური ხელსაწყოები/პლატფორმები, სადაც ჰეშთგების მოძიებას შეძლებთ. მაგალითად, RiteTag რეალურ დროში გვირჩევს მაღალი ჩართულობის გამომწვევ ჰეშთეგებს.  ასევე არსებობს Hashtagify.me, რომელიც პოპულარული და ტრენდული ჰეშთეგების მოძიებაში გვეხმარება. ასევე შეგიძლიათ ინსტაგრამზეც მოძებნოთ ჰეშთეგები, დააკვირდეთ მათ გამომწერთა ოდენობას და ამის მიხედვით განსაზღვროთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტები.

ჰეშთგების გამოყენება Facebook-ზე

როდესაც ფეისბუქზე უფრო მაღალი გამოხმაურებისა და ხილვადობის მოპოვებას ცდილობთ, ჰეშთეგები შესაძლოა გამოსადეგი გახდეს. მნიშვნელოვნია, რომ ფეისბუქზე ძალიან ბევრი ჰეშთეგი არ გამოიყენოთ. როგორც წესი, ერთი ან ორი ჰეშთეგის გამოყენება ამ პლატფორმაზე სრულიად საკმარისია. დიდი ოდენობით მათი დართვა არ გამოგაჩენთ პროფესიონალურად და ამან შესაძლოა, მკითხველთა გაღიზიანებაც გამოიწვიოს. არ დაგავიწყდეთ თქვენ მიერ გამოქვეყნებული პოსტის გასაჯაროება.

ჰეშთეგების გამოყენება LinkedIn-ზე

ლინკდინზე ჰეშთეგების გამოყენებას ხაზს არავინ უსვამს, თუმცა ისინი ისევე ეფექტურად მუშაობენ ამ პლატფორმაზე, როგორც სხვებზე. თუ შედარებით ვრცელ კონტენტს აქვეყნებთ ლინკიდნზე, მაშინ რამდენიმე ჰეშთეგი ტექსტშიც შეგიძლიათ დაურთოთ. პლატფორმაზე ჰეშთეგების რეკომენდებული რაოდენობა ერთიდან სამამდეა. ჰეშთეგების გამოყენება თქვენი ქსელის გარეთაც დაგეხმარებათ მესიჯის გავრცელებაში.

ჰეშთეგების გამოყენება Instagram-ზე

ინსტაგრამზე, როგორც წესი, მეტი ჰეშთეგების გამოყენება მეტ ჩართულობასაც გულისხმობს. მართალია, აქ 30-მდე ჰეშთეგის გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა საუკეთესო შედეგებისთვის ამ პლატფორმაზე 10-15-მდე ჰეშთეგი გამოიყენეთ. შესაძლოა, ამდენის გამოყენება არც დაგჭირდეთ, თუმცა კარგია იმის ცოდნა, რომ ბევრი ჰეშთეგის დართვაც შეგიძლიათ. ამიტომ მოსინჯეთ სხვადასხვა რაოდენობები.

გამოიყენეთ ინსტაგრამის საძიებო ველი ჰეშთეგებისთვის, რათა ნახოთ, რომელ მათგანს იყენებს ყველაზე ხშირად თქვენი ნიშის ინფლუენსერი ან თქვენი კონკურენტი. ვინაიდან, აქ ყველაზე დიდი ოდენობაა დაშვებული, სცადეთ სხვადასხვა ჰეშთგების გამოყენებაც. დაურთეთ ისინი პოსტებს, ფოტოებს ან გამოიყენეთ კომენტარებში.

ჰეშთეგების სტრატეგიის შემუშავება

შეძლებისდაგვარად შეარჩიეთ კონკრეტული და სპეციფიკური ჰეშთეგები, რადგან ეს ყველაზე ეფექტურია და მეტად გეხმარებათ სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მიქცევაში. თქვენი კონკურენტი შესაძლოა, უკვე იყენებს ჰეშთეგებს სოციალურ მედია სტრატეგიაში. რამდენად წარმატებით ახერხებენ ისინი აუდიტორიის ჩართულობის ამაღლებას? დააკვირდით რამდენად ხშირად ან იშვიათად იყენებენ ისინი ჰეშთეგებს და რომელი მათგანი იღებს ყველაზე დიდ გამოხმაურებას.

როდესაც საქმე ჰეშთეგების შერჩევას ეხება, არ არსებობს რაიმე კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რომელი უნდა აირჩიოთ ან როგორ დანერგოთ ისინი თქვენს სტრატეგიაში. წარმატებული ჰეშთეგ სტრატეგია საკუთარი სამიზნე აუდიტორიის გაცნობითა და პლატფორმების შესწავლით იწყება. ამის შემდეგ, მცდელობებთან ერთად ისწავლით, თუ რა მუშაობს ყველაზე ეფექტურად სხვადასხვა სოციალურ მედია არხებში და გაანალიზებთ საკუთარი კამპანიის შედეგებს.

ჰეშთეგები შესანიშნავი საშუალებაა როგორც გამომწერებთან საკომუნიკაციოდ, ასევე ჩართულობის გასაზრდელად და ახალი მომხმარებლების მოსაზიდად. ისეთი სოციალური მედია სტრატეგიის შემუშვება, რომელიც დაგეგმარების ნაწილში ჰეშთეგებსაც ითვალისწინებს, შრომატევადი, მაგრამ ღირებული და საჭიროა.

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

5 რჩევა ინსტაგრამზე ბიზნესის სწორად წარმოჩენისთვის

სოციალური მედია მარკეტინგის ახალი ტრენდები 2021 წლისთვის

ინსტაგრამის სარეკლამო თარგეთირება: 8 ღირებული აუდიტორია

 

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი