WhatsApp მარკეტინგი - გზამკვლევი

სექტემბერი 06, 2021

WhatsApp მარკეტინგი - გზამკვლევი

WhatsApp მარკეტინგი არის მესენჯერ მარკეტინგის ტიპი, რომელიც ბრენდის გარეკლამებას WhatsApp-ის დახმარებით ახდენს. ეს არხი ბრენდებს ეხმარება ვრცელ აუდიტორიასთან დაკავშირებაში და მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მტკიცე ურთიერთობის დამყარებაში.

WhatsApp მარკეტინგი არის მესენჯერ მარკეტინგის ტიპი, რომელიც ბრენდის გარეკლამებას WhatsApp-ის დახმარებით ახდენს. ეს არხი ბრენდებს ეხმარება ვრცელ აუდიტორიასთან დაკავშირებაში და მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მტკიცე ურთიერთობის დამყარებაში. ის ასევე ზრდის გაყიდვებსაც.

რატომ უნდა იყენებდეს თქვენი ბიზნესი WhatsApp მარკეტინგს?

WhatsApp მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესენჯერ პლატფორმაა. 2020 წელს მისი აუდიტორია 2 მიალიარდ აქტიურ მომხმარებლამდე გაიზარდა, რაც ბიზნესებისთვის ამ არხის ფლობას ძალიან მნიშვნელოვნად აქცევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ფართო აუდიტორიასთან დაკავშირება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა სურთ. მაგალითად, ინდოეთში აქტიურ მომხმარებელთა 340 მილიონი იყრის თავს, ხოლო ბრაზილიაში 100 მილიონი. თუმცა, პლატფორმა იდეალურია ამერიკის ბაზრისთვისაც, სადაც 68 მილიონ მომხმარებელს ყოველთვიურად აქვს წვდომა მასზე.

WhatsApp მარკეტინგი გეხმარებათ, მუდმივად კავშირში იყოთ მომხმარებელთან - მომხმარებელთა ნახევარზე მეტი აპლიკაციას ყოველდღიურად ამოწმებს. გარდა ამისა, დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი მომხმარებელი ყოველთვის ნახავს მესიჯს - ვინაიდან შეტყობინების გახსნის მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.

რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელს უყარს ეს საკომუნიკაციო არხი. ისინი ისეთ ბრენდებს უფრო მეტად ენდობიან, რომლებიც მესენჯერ აპლიკაციებს იყენებენ. მომხმარებელთან 53% ამბობს, რომ კომპანიისგან უფრო მეტად შეიძენენ პროდუქტს, თუ მათთან დაკავშირებას ჩათის საშუალებით შეძლებენ.

WhatsApp მარკეტინგის სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის

  1. მყარი ურთიერთობები მომხმარებლებთან
  2. მაღალი კონვერსიის მაჩვენებელი
  3. გაზრდილი გაყიდვები
  4. დაბალი მარკეტინგული ხარჯები

მესენჯერის გამოყენება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, გააუმჯობესოს მისი მარკეტინგული სტრატეგია. WhatsApp-ის გამოყენების ოთხი მნიშვნელოვანი და პოზიტიური გავლენა არსებობს ბიზნესებისთვის.

  1. მყარი ურთიერთობები მომხმარებლებთან

მომხმარებელთა დაახლოებით 55% ბრენდებთან უფრო დაკავშირებულად გრძნობს თავს, თუ ისინი მსგავს აპლიკაციებს იყენებენ. ეს კი WhatsApp მარკეტინგს მტკიცე სტრატეგიად აქცევს მომხმარებლებთან მყარი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ასეთი ურთიერთობებისა და კავშირის შენარჩუნება, ბრენდებს მომხმარებელთა შენარჩუნების ხარჯებსაც უმცირებს, რაც 5-25-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ახალი მომხმარებლის მოზიდვა.

ყველაფერთან ერთად, WhatsApp ბიზნესებს პერსონალიზაციის საშუალებასაც აძლევს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ პერსონალური მესიჯების, სპეციალური შეთავაზებებისა და მისალოცი წერილების გაგზავნაც. ასეთი დამოკიდებულება ამაღლებს მომხმარებლის ჩართულობასაც - მათი 70% პერსონალიზებულ მესიჯებს უფრო ეხმაურება.

  1. კონვერსიის მაღალი მაჩვენებელი

მომხმარებელთან საწყისი კომუნიკაციისთვის არხის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანები შეიძლება გაღიზიანდნენ სატელეფონო ზარებით, ან უყურადღებოდ დარჩეთ მეილები და სოციალური მედია.

სწორედ აქ ერთვება თამაშში WhatsApp. ბიზნესები აღნიშნავენ, რომ მომხმარებლები მათი WhatsApp შეტყობინებების 40%-ს პასუხობენ.

კიდევ უკეთესი - შეტყობინებები კონერსიის მაჩვენებელსაც ზრდის. გამართულ კომუნიკაციას საწყისი, პირველი კონტაქტის შემდეგ შეუძლია კონვერსიის შანსები 112.6%-ით გაზარდოს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ WhatsApp არ არის ერთადერთი გზა დიალოგების წასახალისებლად.

  1. გაზრდილი გაყიდვები

WhatsApp მარკეტინგი თქვენი გაყიდვებისთვის მაგიური ჯოხივით მუშაობს. უბრალოდ WhatsApp ნომრის დამატებით თქვენს ვებ-გვერდზე, შესაძლოა ლიდების რაოდენობა 27%-ით გაზარდოთ.

როგორც ჩანს, მესიჯების საშუალებით კომპანიასთან დაკავშირება პოტენციური მომხმარებლების თავდაჯერებულობასაც ამაღლებს. სულ მცირე 66% უფრო პოზიტიურად არის განწყობილი კომპანიისგან პროდუქტის შეძენის მიმართ, თუ ისინი მესენჯერს აქტიურად იყენებენ.

მხოლოდ WhatsApp-იც შეიძლება გაყიდვების არხად ჩაითვალოს. მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, ადამიანები უფრო მეტად მესენჯერ აპლიკაციებიდან შეიძენენ პროდუქტს. დაახლოებით, მომხმარებელთა 60% ფიქრობს, რომ ისინი მესენჯერს უფრო ხშირად გამოიყენებენ პროდუქტების შესაძენად.

  1. მარკეტინგის დაბალი დანახარჯები

WhatsApp ჯერ კიდევ საკმაოდ ხელმისაწვდომი მარკეტინგული არხია, რაც ამ პლატფორმას მცირე ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. ერთადერთი, რაც თავდაპირველად გჭირდებათ, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და მასთან დაკავშირებაა.

ამავდროულად, თქვენი მესიჯების მომხმარებლამდე მიღწევის შანსებიც საგრძნობლად იზრდება. საშუალოდ, მომხმარებელი WhatsApp-ს დღეში 23-ჯერ ამოწმებს.

WhatsApp მარკეტინგი ამაღლებს კონვერსიის, გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხს. ამასთანავე, მარკეტინგული ხარჯებიც მცირდება. განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ, როგორ იქმნება WhatsApp მარკეტინგული სტრატეგია.

WhatsApp მარკეტინგული სტრატეგია

  1. განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და KPI
  2. გამოყავით სამიზნე აუდიტორია
  3. ჩამოტვირთეთ ბიზნეს აპლიკაცია
  4. შექმენით ბრენდის პერსონა
  5. შექმენით საკონტაქტო სია
  6. ააგეთ კომუნიკაციის მეთოდი
  7. გაუწიეთ მომხმარებელს მაღალი სერვისი

ეფექტური სტრატეგია თითოეულ მარკეტინგულ არხს მაქსიმალურად და ეფექტიანად იყენებს. ის საშუალებას გაძლევთ, თქვენი ნაბიჯები წინასწარ დაგეგმოთ და შეცვალოთ მიმართულება, თუ რაიმე გეგმის მიხედვით არ განვითარდა. სტატიაში არაერთი რჩევა შეგხვდებათ, რომელიც ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაში დაგეხმარებათ.

  1. განსაზღვრეთ მიზნები და KPI

დასაწყისისთვის, აუცილებელი იქნება მარკეტინგული მიზნების განსაზღვრა. ეს საფეხური დაგეხმარებათ, თქვენი ფოკუსი აზრიანი აქტივობებისკენ მიმართოთ და არაფრის მომცემი ოპერაციები დააიგნოროთ.

დაიწყეთ თქვენი მარკეტინგული ძაბრის განხილვით და სუსტი წერტილების აღმოჩენით. სცადეთ, იფიქროთ ბიზნეს ამოცანებზე, რომელთა შესრულებასაც WhatsApp მარკეტინგული სტრატეგიის საშუალებით შეძლებთ. გამოყავით KPI (შეფასების საზომები), რომლებიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, შეასრულეთ თუ არა თქვენი ამოცანები.

მაგალითად, თუ თქვენს ბიზნესს უჭირს მომხმარებელთა შენარჩუნება, შეგიძლიათ სარეკლამო მესიჯების გაგზავნა WhatsApp-ის დახმარებით სცადოთ. ამ შემთხვევაში KPI შეიძლება იყოს კლიკები, ჩართულობა ან მომხმარებელთა შენარჩუნების კოეფიციენტი.

  1. სამიზნე აუდიტორია

საკუთარი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარკეტინგული ძალისხმევისა და წარმატებისთვის. შეგიძლიათ განსხვავებული მიდგომები სცადოთ მათი განსაზღვრისას. კლასიკურ მეთოდს მომხმარებლის პერსონის შექმნა წარმოადგენს.

ალტერნატიული მოდელია შესასრულებელი სამუშაოების სიის შედგენა (JTBD მოდელი). თუ ამ მოდელის გამოყენებას გადაწყვეტთ, მაშინ შემდეგი კითხვები დაუსვით საკუთარ თავს:

  • რატომ იყენებენ ადამიანები თქვენს პროდუქტს?
  • რა ღირებულების მიღება გსურთ ამისგან?
  • რისი მიღწევა სურთ მომხმარებლებს?

რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, ერიდეთ გამოცნობანას თამაშს და სპეკულაციებს. ნაცვლად ამისა, სცადეთ თქვენი აუდიტორიის სიღრმისეულად შესწავლა. დასაწყისისთვის გამოკითხეთ 10-15 არსებული მომხმარებელი, რომლებმაც პროდუქტი ახლო წარსულში შეიძინეს.

მომხმარებლის პერსონის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოკითხვის ჩატარება სოციალური მედიის საშუალებით და შემდგომ შეგროვებული მონაცემების Google Analytics, CRM ან ფეისბუქისა და გუგლის რეკლამებში დამატეა. ეს ხელსაწყოები დაგეხმარებათ თქვენი აუდიტორიის დემოგრაფიული და გეოგრაფიული მახასიათებლები გამოააშკარაოთ.

  1. ჩამოტვირთეთ ბიზნეს აპლიკაცია

მცირე და მსხვილი ბიზნესების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, WhatsApp-მა შექმნა ცალკეული ბიზნეს აპლიკაცია. ამ აპლიკაციას დამატებითი მახასიათებლებიც გააჩნია, მათ შორის:

  1. ბიზნეს პროფილი, არსებითი ინფორმაციით: მისამართი, ბიზნესის აღწერილობა, ელექტრონული ფოსტა და ვებ-გვერდი.
  2. კატალოგი - ვირტუალური გამოფენა თქვენი პროდუქტებისთვის.
  3. ეტიკეტი ჩატების ორგანიზებისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ დიალოგისთვის ეტიკეტი იმის მიხედვით შეარჩიოთ, ძაბრის რომელ სტადიაზე იმყოფება მომხმარებელი.
  4. სწრაფი და ავტომატური გამოხმაურება - მომხმარებელთან კავშირის შენარჩუნებისა და მყისიერი პასუხის გასაცემად.
  5. სტატისტიკები გაგზავნილი, მიღებული და წასაკითხი შეტყობინებებისთვის.

 

  1. შექმენით ბრენდის პერსონა

ადამიანებს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია ურჩევნიათ და არა უსულო ბიზნესთან. შესაბამისად, წარმატებული მარკეტინგისთვის გჭირდებათ ბრენდის პერსონაც. ბრენდის პერსონა არის მახასიათებლების, დამოკიდებულებისა და ფასეულობების ერთობლიობა.

გაიხსენეთ ბაზრის ლიდერები, თითოეულ მათგანს გააჩნია პერსონა. მაგალითად, Apple-ს კრეატიული და ინტელექტუალური სახე აქვს, Fanta-ს სიხარულისა და სილაღის, Nike-ს ენერგიული. თქვენს ბრენდსაც აქვს ალბათ პერსონალურობა. სცადეთ მისი აღმოჩენა და გამოააშკარავეთ მნიშვნელოვანი მახასიათებლები. ეს პერსონა განსაზღვრავს თქვენს ტონსა და კომუნიკაციის სტილს.

შექმენით ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მომხმარებელი რეალურ ადამიანს ეკონტაქტება. სცადეთ პერსონის სახელის გამოყენება, როგორც თქვენი ხელწერა - ეს ყველა კომპანიის სახელზე უკეთ მუშაობს.

 

  1. შექმენით საკონტაქტო სია

თუ WhatsApp-ის გამოყენებას მომხმარებელთა მხარდაჭერის გარდა სხვა დანიშნულებითაც გეგმავთ, მაშინ საკონტაქტო სია აუცილებლად დაგჭირდებათ. საუკეთესო გზა მათ შესაგროვებლად კი გამოწერის ფორმების შექმნაა. განათავსეთ ისინი თქვენი საიტის სხვადასხვა გვერდებზე და სანაცვლოდ რაიმე ღირებულიც გაეცით, მაგალითად ელექტრონული წიგნი ან ფასდაკლებები.

სცადეთ რამდენიმე, მულტიპლატფორმული ფორმები შექმნათ - ის საშუალებას აძლევს გამომწერებს შეარჩიონ, თუ სად სურთ შეტყობინებების მიღება - მეილზე, WhatsApp-ში, ფეისბუქზე თუ სხვაგან. ეს საშუალებას გაძლევთ, მომხმარებელთან მათთვის სასურველ არხზე იკომუნიკაციოთ. ამგვარი მიდგომა ჩართულობასაც ამაღლებს და კონვერსიის მაჩვენებელსაც ზრდის.

გახსოვდეთ, რომ აუდიტორიების სეგმენტირებაც დაგჭირდებათ, რათა ყველაზე რელევანტური კამპანიები და შეთავაზებები მიაწოდოთ აუდიტორიას.

 

  1. ააგეთ საკომუნიკაციო მოდელი

WhatsApp შეტყობინებებს საკმაოდ მიმზიდველი მაჩვენებელი აქვთ გახსნის კუთხით სხვა არხებთან შედარებით. თუმცა, თუ მაინც არარელევანტურ კონტენტს შესთავაზებთ მომხმარებელს, ცხადია თქვენი მარკეტინგული ძალისხმევა ამ არხზე ფუჭად ჩაივლის.

დაიწყეთ მთავარი თემებისა და მესიჯების გამოყოფა. სცადეთ არ შეიზღუდოთ თავი მხოლოდ სარეკლამო მესიჯებით და გახსოვდეთ, რომ მომხმარებელთა გართობა და განათლებაც მნიშვნელოვანია. თქვენი კომუნიკაცია ეცადეთ ლაკონური და ლაღი იყოს - WhatsApp-ს მომხმარებლები ხშირად ამოწმებენ და მათ დიდი დრო არ აქვთ ვრცელი მესიჯების წასაკითხად.

გაამრავალფეროვნეთ თქვენი მესიჯები მულტიმედია ფაილებით, როგორიც არის ვიდეო, ანიმაცია ან სურათი. Emoji-ს გამოყენებაც შესაფერისი იქნება WhatsApp მარკეტინგისთვის. თუ მათ გამოყენებას გადაწყვეტთ, სცადეთ მომღიმარი სახეები ან ბიზნესთან დაკავშირებული სტიკერები შეარჩიოთ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ არის მესიჯების სიხშირე. თუ თქვენს მომხმარებელს საათობრივი მესიჯებით დატვირთავთ, თქვენი შანსები მათ მოსახიბლად საგრძნობლად შემცირდება. გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, კვირაში 5-10 შეტყობინების გაგზავნაა აპრობირებული.

 

  1. მომხმარებელთა მომსახურების სერვისი

მომხმარებელთა უმრავლესობა მესენჯერ აპლიკაციებს ბრენდისგან მხარდაჭერის/დახმარების მისაღებად იყენებს. ადამიანების 59%-ს სჯერა, რომ ისინი უფრო სწრაფ პასუხს მესენჯერის საშუალებით მიიღებენ, ხოლო 50% ამ საკომუნიკაციო არხიდან უკეთეს რჩევასა და ყურადღებას იღებს. სწორედ ამ ნაწილში გეხმარებათ WhatsApp მარკეტინგი.

WhatsApp ბრენდს საშუალებას აძლევს, კითხვები სწრაფად მიიღოს და მომხმარებელს რეალურ დროში, მყისიერად დაეხმაროს. ეს შესაძლებლობა კი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან მომხმარებელთა 28% დახმარების მიღებას ერთ საათში მოელის, ხოლო 18% მომენტალურად.

ასეთი ტემპის შენარჩუნება საუცხოოდ რთული ჩანს, თუმცა WhatsApp ამის საშუალებას ნამდივლად იძლევა. ყველაფერი, რაც ამისთვის დაგჭირდებათ არის ჩატბოტი, რომელიც მომხმარებელთა ტიპურ შეკითხვებს გასცემს პასუხებს. ამგვარი მიდგომა ბიზნესს ეხმარება, მომხმარებელთა მხარდაჭერის ხარჯები 30%-ით შეამციროს.

რომ შევაჯამოთ, WhatsApp მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს მიზნების დასახვას, აუდიტორიის შესწავლას, ხარისხიანი კონტენტის მიწოდებას და მყარი ურთიერთობის შენარჩუნებას. ზოგიერთ ბრენდს ეს ტექნიკები უკვე ძალიან კარგად აქვს ათვისებული.

შემდეგ ნაწილში გადავალთ მაგალითებისა და იდეების განხილვაზე WhatsApp მარკეტინგისთვის.

 

WhatsApp მარკეტინგის 5 იდეა და მაგალითი

WhatsApp მარკეტინგი სრულად ურთიერთობებსა და ღირებულების მიწოდებას ეხება. თუმცა, კრეატივისთვის გარკვეული სივრცე მაინც რჩება. მოდით შევხედოთ WhatsApp კამპანიებს ყველა ტიპის ბიზნესებისგან და ვეცადოთ, რომ ისინი შთაგონების წყაროდ ვაქციოთ ჩვენი ბრენდის გარეკლამებისთვის.

 

Klook - ტრანზაქციული მესიჯები

ონლაინ ტურისტულმა პლატფორმამ - Klook, გადაწყვიტა WhatsApp აპლიკაცია მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზრდელად გამოეყენებინა. შესაბამისად, კომპანიამ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგია განახლებებსა და ჯავშნების შესახებ შეტყობინებებს მოარგო.

კომპანიამ საკუთარი მომხმარებლების ინტერესები გულთან მიიტანა და ეცადა, საკომუნიკაციოდ ყველაზე ეფექტური არხი მოეძებნა. ვინაიდან, კომპანიას აზია-წყნარი ოკეანეთის მასშტაბით უმსხვილესი აუდიტორია ჰყავს, მათ არჩევანი WhatsApp-ზე შეარჩიეს.

ტურისტულმა კომპანიამ მოიწვია მისი საიტისა და აპლიკაციის მომხმარებლები WhatsApp არხის გამოსაწერად - სადაც ისინი სიახლეებსა და შეხსენებებს მიიღებდნენ შეტყობინებების სახით. მომხმარებელთა შენარჩუნების კოეფიციენტი 40%-ით გაიზარდა.

Netflix - პერსონალური რეკომენდაციები

სტრიმინგის გიგატმა - Netflix-მა ძალიან კარგად იცის, როგორ აამაღლოს საკუთარი მომხმარებლის ჩართულობა სერვისის საშუალებით. მათი სერვისი მომხმარებელს პერსონალურ რეკომენდაციებს სთავაზობს მათ მობილურ აპლიკაციაში. 2017 წელს კომპანიამ გადაწყვიტა, გაეფართოვებინა და მისი პრაქტიკა WhatsApp-ზეც გაევრცელებინა.

კომპანიამ ეს კამპანია 2017 წელს, პირველად ინდოეთში დანერგა - WhatsApp-ის უმსხვილეს ბაზარზე. მომხმარებლებს, რომლებსაც ნეთფლიქსისა და WhatsApp-ის აპლიკაციები ჰქონდათ, მიუვიდათ შეტყობინება, რომ მესენჯერის საშუალებითაც შეეძლოთ კომპანიასთან კავშირი. თუ მომხმარებელი დაადასტურებდა მოწვევას, ისინი იწყებდნენ შეტყობინებების მიღებას მათი ანგარიშისა და სატელევიზიო პროგრამების შესახებ. ნახევარი წლის შემდეგ კომპანიამ ეს შესაძლებლობა ამერიკის ბაზარსაც მისცა.

ამის მთავარი იდეა მომხმარებელთან ინტერაქციის შენარჩუნება Netflix-ის აბონიმენტის შეჩერების შემდეგაც იყო. ახალი გადაცემების დაანონსებითა და შეხსენებებით, კომპანია ცდილობდა, ხელახლა მოეზიდა მომხმარებელი.

Agent Provocateur - სიღრმისეული კონსულტაცია

ქალის თეთრეულის კომპანიამ -Agent Provocateur-მა გადაწყვიტა, რეკომენდაციები შემდეგ დონეზე გადაეყვანა. რამდენიმე წლის წინ, კომპანიამ დაიწყო მისი „Menage a Trois” კამპანია, რომელიც შობისთვის იყო მიძღვნილი.

კომპანია წყვილებს სთავაზობდა ბრენდის ასისტენტთან ჯგუფური ზარის განხორციელებას WhatsApp-ის მეშვეობით. დიაოგის დროს კომპანიის წარმომადგენელი გასცემდა პირად რეკომენდაციებს და განიხილავდა, თუ რა სურდათ წყვილებს საშობაოდ.

ასეთი დიალოგების 31% მაღაზიის ვიზიტით დასრულდა, ხოლო 61% ვებ-გვერდის ტრაფიკად იქცა. წარმატებული კამპანიის შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა WhatsApp მუდმივ საკონსულტაციო არხად ექცია VIP მომხმარებლებისთვის.

Saffola - რეალურ დროში დახმარება

თუ ოდესმე რაიმე სახის დიეტა გიცდიათ, მაშინ თქვენთვის ნაცნობი იქნება პიცისადმი დაუოკებელი სურვილი. ინდურმა ჯანდაცვის ბრენდმა - Saffola-მ გადაწყვიტა, შეექმნა კამპანია არაჯანსაღი საკვებისადმი სურვილის წინააღმდეგ.

ამისათვის მათ WhatsApp-ის ჩატბოტი შექმნეს. მომხმარებელს შეეძლო, შეტყობინება გაეგზავნა ბოტისთვის მაშინ, როდესაც რაიმე საკვებისადმი სურვილი გაუმძაფრდებოდა. ამის შემდეგ კი ჩატბოტი ცდილობდა მისი ყურადღბა სხვა რაიმეზე გადაეტანა წინასწარ ჩაწერილი პოზიტიური მასალების, პაზლებისა და სიმღერების მეშვეობით. მცირე ხნის შემდეგ კომპანიამ საკუთარი გასახდომი სასმელის გარეკლამებაც კი დაიწყო.

Adidas - აუდიტორიის პრობლემებთან გამკლავება

სპორტული აქსესუარების ბრენდი - Adidas იყენებს WhatsApp-ს  მისი ახალი ფესხაცმლის გასარეკლამებლად. ბრენდმა გადაწყვიტა ვიწრო აუდიტორიაზე - დამწყებ ფეხბურთელებზე კონცენტრირება.

საფეხბურთო გუნდებს ხშირად აქვთ უამრავი პრობლემა. ზოგიერთი მოთამაშე შესაძლოა თამაშის დაწყებამდე გაბრუნდეს უკან და შესაძლოა მისი ჩამნაცვლებელიც არ იყოს. Adidas-მა ამისთვის გამოსავალი WhatsApp-ის საშუალებით იპოვა. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, WhatsApp-ის ცხელ ხაზზე შეტყობინების გაგზავნა და თამაშის შესახებ არსებითი ინფორმაციის გაზიარებაა. ამის შემდეგ ადიდასი ერთ-ერთ ფეხბურთელს გამოგიგზავნით თქვენი თამაშისთვის.

მართალია, კამპანია მხოლოდ ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდა და კონკრეტულ აუდიტორიაზე იყო მიმართული, თუმცა მისი შედეგები საუცხოო იყო. კომპანია ჩანდა ყველგან - საფეხბურთო მედიაში, რითეილ საიტებზე, ბლოგებზე...

ჩამოთვლილი მაგალითები საკმაოდ მარტივი და ამავდროულად ეფექტურია, ზოგიერთის გამეორება კი საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. თუმცა, ისინი წარმატებული მარკეტინგის მთავარ წესებს უსვამენ ხაზს: მოუსმინეთ საკუთარ აუდიტორიას და გაეცანით მათ საჭიროებებს, მიაწოდეთ ღირებულება და იყავით კრეატიული.

მარკეტინგის 4 რჩევა WhatsApp-ისთვის

  1. შექმენით ბროდქასთის სია (Broadcast List)
  2. გამოიყენეთ ჯგუფური ჩატები
  3. შემოიღეთ WhatsApp სტატუსები
  4. შექმენით პროდუქტის კატალოგი

ახლა კი დროა WhatsApp მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების კონკრეტულ ტექნიკებსაც გავეცნოთ.

ბროდქასთის სია (Broadcast List)

მოკლედ რომ ვთვათ, ბროდქასთის სია არის მომხმარებელთა ერთობლივი ჯგუფი. ამ ჯგუფში კონტაქტებს არ შეეძლებათ ერთმანეთის დანახვა და თქვენს მესიჯებსაც ყველა ცალკეულად მიიღებს.

ასეთი ფუნქციონალი ბროდქასთის სიას ხდის იდეალურ ხელსაწყოს რელევანტური კამპანიების გასავრცელებლად. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ყველა VIP მომხმარებელს მოუყაროთ თავი და გაუგზავნოთ მათ ექსკლუზიური შეთავაზებები. გამოიყენეთ ეს ფუქციონალი აუდიტორიის ჩართულობის შესანარჩუნებლადაც.

ჯგუფური ჩათები

ეს ფუნქციონალი ერთი შეხედვით პირველს წააგავს, თუმცა მათ შორის განსხვავება, რა თქმა უნდა, არსებობს. ბროდქასთისგან განსხვავებით, ჯგუფური ჩათები მის წევრებს საშუალებას აძლევს, დაინახონ ერთმანეთი და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი აზრები, ფოტოები, ვიდეოები...

შესაბამისად, ჯგუფური ჩათები ჩართულობის გასაზრდელად უფრო ოპტიმალურია. მაგალითად, ჩათის შექმნა შეგიძლიათ ვებინარის წინ მონაწილეთა შესაკრებად და წასახალისებლად.

 

WhatsApp სტატუსები

თუ ფეისბუქისა და ინსტაგრამის სთორებს კარგად იცნობთ, მაშინ ვოთსაპის სტატუსებსაც მარტივად აუღებთ ალღოს. ეს ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ, გაუზიაროთ თქვენს კონტაქტებს ტექსტური და მულტიმედია ფაილები, შემდგომ კი მიიღოთ უკუკავშირი. მისი გამოქვეყნება ასევე ფეისბუქზეც შეგიძლიათ. ისიც 24 საათში იწურება.

ინსტაგრამ მარკეტინგისთვის სთორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საკმაოდ ეფექტურია, ასევეა სტატუსები ვოთსაპის შემთხვევაში. მისი გამოყენება შეგიძლიათ სპეციალური შეთავაზებების, პროდუქტის განახლებების და პრომო კოდების გასავრცელებლად.

 

პროდუქტის კატალოგი

2019 წელს, WhatsApp-მა აუდიტორიას პროდუქტების კატალოგი გააცნო. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, წარმოადგინონ მათი პროდუქტები. ფუნქციონალს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს - ინსტაგრამმაც კი შექმნა მსგავსი ფუქნციონალი - Instagram Shop.

WhatsApp-ის კატალოგში 500-მდე პროდუქტის დამატებაა შესაძლებელი. პოტენციურ მომხმარებლებს შეუძლიათ მათი დათვალიერება და გაზიარება. კატალოგები განსაკუთრებით გამოსადეგია მცირე ბიზნესებისთვის და მომავალი მეწარმეებისთვის, რომლებსაც ჯერ ვებ-გვერდი არ გააჩნიათ.

WhatsApp მარკეტინგი ოქროს შესაძლებლობაა ბრენდის შენებისთვის და მომხმარებლებთან მყარი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. უკეთესი შედეგების მისაღწევად გასცდით WhatsApp-ს და აითვისეთ ყველა მარკეტინგული არხი. სცადეთ ასევე ფეისბუქისა და ტელეგრამის მესიჯები და გაამდიდრეთ თქვენი კამპანიები იმეილ მარკეტინგითაც.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოვიყენოთ ტელეგრამი ჩვენი ბიზნესისთვის

როგორ გამოვითვალოთ მომხმარებლის ჩართულობის კოეფიციენტი

როგორ შევქმანთ და წარვადგინოთ სოციალური მედიის რეპორტი

ეფილიეიტ მარკეტინგი