როგორ შევქმნათ ფეისბუქ Shop - ი

სექტემბერი 04, 2021

როგორ შევქმნათ ფეისბუქ Shop - ი

რამდენ პლატფორმაზე ყიდით ახლა თქვენს პროდუქციას? ერთზე, სამზე თუ ათზე? არის ერთ-ერთი მათგანი ფეისბუქის მაღაზია? ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს

რამდენ პლატფორმაზე ყიდით ახლა თქვენს პროდუქციას? ერთზე, სამზე თუ ათზე? არის ერთ-ერთი მათგანი ფეისბუქის მაღაზია? ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს. აი რატომ აქვს აზრი ფეისბუქზე პროდუქციის გაყიდვას:

თქვენ უნდა ისწავლოთ როგორ გაყიდოთ ფეისბუქზე!“ ყველა ბიზნესი, იქნება ეს დიდი თუ მცირე, ისმენს ამ სიტყვებს, თუმცა რეალურად მათ რჩევას არავინ აძლევს, როგორ შეძლონ ეს წარმატებით. თუ ონლაინ მაღაზიას ფლობთ, მაშინ აუცილებლად უნდა განიხილავდეთ პროდუქციის გაყიდვას სხვა არხებშიც, მაგალითად ამაზონი, ფეისბუქი ან ეთსი. ცხადია, ეს დაგეხმარებათ თქვენი რიჩის გაზრდასა და მეტი მომხმარებლის მოზიდვაში, რადგან ადამიანები უფრო მეტ დროს ამ პლატფორმებზე ატარებენ და არა თქვენს ვებ-გვერდზე.

სტატიის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ფეისბუქის მაღაზიაზე ვფოკუსირდებით. აქ შეიტყობთ, თუ როგორ შექმნათ ფეისბუქის მაღაზია და დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა. ჩვენ თითოეულ დეტალს, თითოეულ ეტაპს განვიხილავთ, თუმცა სანამ ამაზე გადავიდოდეთ:

რატომ და როგორ უნდა გავყიდოთ ფეისბუქზე?

დღევანდელ სამყაროში რთულია, გაუძლო კონკურენციას, თუ ბიზნესის გაფართოებას არ ცდილობთ ისეთ სივრცეებში, სადაც თქვენი პოტენციური მომხმარებლები იმყოფებიან. რასაკვირველია, ფეისბუქი სწორედ იმ ადგილთაგანია, სადაც ადამიანების უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზეზიც საკმარისია იმისთვის, რომ ფეისბუქზე პროდუქციის გაყიდვა გონივრულ გადაწყვეტილებად ჩათვალოთ.

რეალურად, ფეისბუქის მომხმარებლები ყოველდღიურად პლატფორმაზე საშუალოდ 40 წუთზე მეტს ატარებენ და ამ დროის მნიშვნელოვანი წილი სწორედ მაღაზიებზე მოდის.

ეს საკმაოდ დიდი დროა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს ყოველდღიურად ხდება. ისევ ჩვენს თავებს დავაკვირდეთ და გავიხსენოთ, თუ რამდენ ბმულზე გადავდივართ დღეში და რამდენ პოსტს ვიწონებთ ფეისბუქზე.

შესაბამისად, უკვე დროა ეს ჩვენს უპირატესობად გამოვიყენოთ და დავიწყოთ ფეისბუქის პლატფორმის გამოყენება, როგორც გაყიდვის ხელსაწყო. შესაძლოა, ფეისბუქზე ელექტრონული კომერციის იმდენივე მახასიათებელს ვერ შეხვდეთ, როგორც Shopify ან BigCommerce, თუმცა საწყისი ეტაპისთვის და პროდუქტის გაყიდვისთვის ყველა საჭირო პირობას მიიღებთ.

რაც ყველაზე მთავარია, ფეისბუქ მაღაზიის შესაქმნელად არ გჭირდებათ აქამდე არსებული ონლაინ მაღაზია. თქვენ შეგიძლიათ, მთელი ოპერაციები ფეისბუქის საშუალებითაც მართოთ. თუმცა, ეს მისი ერთადერთი სარგებელი არ არის. ფეისბუქ შოპის დახმარებით თქვე შეძლებთ:

  1. დაამატოთ პროდუქტების უსაზღვრო რაოდენობა.
  2. დაახარისხოთ თქვენი პროდუქცია კოლექციებისა და კატეგორიების მიხედვით.
  3. დაუკავშირდეთ მომხმარებლებს გვერდის მეშვეობით.
  4. გაეცნოთ სტატისტიკას გაყიდვების, ნახვებისა და მაჩვენებლების შესახებ.
  5. გამოაჩინოთ თქვენი პროდუქცია ფეისბუქის სავაჭრო ბაზარზე (marketplace), რაც გაცილებით მეტ პოტენციურ მომხმარებელზე მოგცემთ წვდომას.

ჩამოთვლილი მიზეზები სრულიად საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ დარწმუნდეთ ფეისბუქ მაღაზიის სარგებლიანობაში.

როგორ შევქმნათ ფეისბუქის მაღაზია?

ფეისბუქის შოპის შესაქმნელად მიჰყევით შემდეგ ეტაპებს:

ეტაპი #1: გადადით თქვენს ფეისბუქ გვერდზე და შემდეგ მაღაზიის გვერდზე.

ეტაპი #2: შეიყვანეთ თქვენი მაღაზიის დეტალები

ეტაპი #3: გამართეთ თქვენი გადახდები (ფეისბუქ შოპით გადახდები ჯერჯერობით საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა განვიხილავთ ზოგად ინფორმაციას, თუ როგორ გამართოთ მაღაზია მისი არსებობის შემთხვევაში)

ეტაპი #4: დაამატეთ პროდუქტები ფეისბუქ მაღზიაში.

ეტაპი #5: მართეთ შეკვეთები

ეტაპი #6: ყველაფერი მზადაა!

ახლა კი დეტალურად გავიაროთ ფეისბუქ მაღაზიის შექმნასთან დაკავშირებული თითოეული საკითხი.

რა გჭირდებათ ფეისბუქ მაღაზიის შესაქმნელად?

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ფეისბუქ მაღაზიის შექმნა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რათა მომენტალურად დაიწყოს პროდუქციის შეთავაზება მისი გამომწერებისთვის.

რა გვჭირდება დასაწყისისთვის:

  • ფეისბუქის ანგარიში
  • ფეისბუქის ბიზნეს გვერდი

ამ სიის შესრულება რთული ნამდვილად არ უნდა იყოს. შესაძლოა, ბიზნეს გვერდი უკვე გაქვთ, ამიტომ ამ ნაწილს გამოვტოვებთ და პირდაპირ საქმეზე გადავალთ.

გარდა ზემოთ მოყვანილი ორი მოთხოვნისა, თქვენი ფეისბუქ გვერდი შემდეგ პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ყიდდეს ფიზიკურ ნივთებს - შეუძლებელია ფეისბუქის საშუალებით ციფრული პროდუქტის გაყიდვა ან რაიმე ისეთის, რასაც ჩამოტვირთვა სჭირდება.
  • ეთანხმებოდეს ფეისბუქის სავაჭრო პირობებს.
  • დაკავშირებული იყოს საბანკო ანგარიშთან
  • გააჩნდეს საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი

საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი შესაძლოა ქვეყნების მიხედვით განსხვავებული იყოს.

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილთაგან არც ერთი თქვენთვის პრობლემური საკითხი არ იქნება, მაშინ შეგიძლიათ ფეისბუქ მაღაზიის შექმნას შეუდგეთ:

ეტაპი #1: გადადით თქვენს ფეისბუქ გვერდზე და შემდეგ მაღაზიის სექციაზე.

პირველ რიგში, გადადით თქვენს ფეისბუქ ბიზნეს გვერდზე. ამისათვის დაგჭირდებათ გვერდის გააქტიურება და ადმინის პრივილეგიები.

საწყისი პარამეტრების მიხედვით, ფეისბუქის ბიზნეს გვერდების უმრავლესობას მაღაზიის გვერდი უჩანს შესვლისთანავე. ამას თქვენი მომხმარებლები ვერ ხედავენ, თუმცა თქვეთვის ეს თვალსაჩინოა.

დასაწებად მოძებნეთ ეს გრაფა მენიუს მარცხენა მხარეს და დააწექით მას.

 

ეტაპი #2: შეიყვანეთ თქვენი მაღაზიის დეტალები

მაღაზიის გრაფაზე გადასვლის შემდეგ თქვენ გაოგიჩნდებათ სავაჭრო პირობების ფანჯარა, რომელსაც უნდა დაეთანხმოთ, თუ რა თქმა უნდა, გაგრძელება გსურთ.

შემდეგ კი უნდა აირჩიოთ რეალური მეთოდი, რომლითაც თქვენი შეკვეთების მიღება და შესრულება განხორციელდება.

შენიშვნა: ქვეყნების მიხედვით, შესაძლოა წინამდებარე ფანჯარა სულაც არ გამოგიჩნდეთ, თუმცა გადამისამართდეთ პირდაპირ მაღაზიის შექმნის გვერდზე.

  • (ა) ყიდვისათვის შეტყობინების გამოგზავნა არის შეკვეთების ორგანიზების ყველაზე სწორხაზოვანი მოდელი - როდესაც ვინმეს თქვენი პროდუქტის შეძენა მოუნდება, ის უბრალოდ მესიჯს გამოგიგზავნით, საიდანაც უკვე მარტივი კომუნიკაცია იწყება. შედეგად შესაძლოა პროდუქტიც გაყიდოთ.
  • (ბ) სხვა ვებ-გვერდზე შეძენა არის შედარებით მომხმარებელზე მორგებული მიდგომა - სადაც ყველაფერი ფეისბუქის გარეთ, ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე გრძელდება.

რომელი ავირჩიოთ?

პირველი მოდელის უპირატესობა გახლავთ ის, რომ თქვენ არ გიწევთ ონლაინ მაღაზიის შექმნა იმისათვის, რომ შეკვეთები მიიღოთ და პროდუქტები გაყიდოთ. ამ პროცესის თითოეული ეტაპი შესაძლოა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებითაც იქნას მოგვარებული, მათ შორის გადახდისა და მიწოდების მეთოდები. რაც შეეხება ნაკლოვანებას, ძალიან ბევრი შეტყობინების მართვა დიდ ძალისხმევას და რესურსს მოითხოვს, თანაც, ამ პროცესში შესაძლოა რომელიმე შეტყობინება უყურადღებოდაც დაგრჩეთ და მომხმარებელიც დაკარგოთ.

მეორე მოდელის უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელს საშუალებას აძლევთ, პროდუქცია მარტივად აარჩიოს ფესიბუიდან და შემდეგ შესაბამის საიტზე დაასრულოს მისი შეძენის პროცესი. ცალსახაა, რომ ამ მოდელის ნაკლოვანებას ონლაინ მაღაზიის საჭიროება წარმოადგენს.

რელურად, არჩევანი საკმაოდ მარტივია:

  • თუ უკვე ფლობთ ონლაინ მაღაზიას თქვენი ვებ-გვერდის სახით ან სხვა ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე, მაშინ მეორე მოდელს უნდა მიმართოთ,
  • ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ შექმნილი პლატფორმა ელექტრონული კომერციისთვის, მაშინ პირველი მოდელი ცალსახად თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნება.

ყურადღება მიაქციეთ, რომ პირველი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, მაღაზიის შექმნის პროცესი თითქმის იდენტური იქნება, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მიჰყვეთ წინამდებარე გზამკვლევს.

შემდეგი ეტაპი ვალუტის შერჩევა იქნება, რაშიც რთული არაფერია:

ამის შემდეგ, თქვენ გადახვალთ მაღაზიის გვერდზე, სადაც უკვე პროდუქტების და სხვა დეტალების დამატებას დაიწყებთ.

ეტაპი #3: გამართეთ თქვენი გადახდები

ოპერირებადი ქვეყნის მიხედვით, ფეისბუქის მაღაზიის მოდული განსხვავებული იქნება ყველასთვის. ამერიკაში დაფუძნებული ბიზნესებისთვის ძირითადად საბანკო ანაგრიშის მიმაგრება და დეპოზიტების აქ განთავსებაა საჭირო.

სხვადასხვა ქვენყებში კი ფეისბუქმა შესაძლოა საშუალება მოქცეთ Paypal ან Stripe-ის ანგარიშები მიაბათ თქვენს მაღაზიას. ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ მარტივია, თუმცა ის დროდადრო იცვლება.

შესაძლოა ეს სექცია სულაც არ გამოგიჩნდეთ, თუმცა ეს იმიტომ, რომ ევროკავშირის ქვეყანაშია თქვენი ბიზნესი დაფუძნებული. ამ შემთხვევაში, უბრალოდ მიჰყვევით ინსტრუქციას და გადადით შემდეგ საფეხურებზე. ამერიკის შემთხვევაში, შემდგომ საჭირო იქნება საბანკო ანგარიშის დამატება, გადახდის ღილაკის დაყენება და საგადასახადო ინფორმაციის შეყვანა.

ეტაპი #4: დაამატეთ პროდუქტები ფეისბუქის მაღაზიაში.

ასე გამოიყურება თქვენი ახლად შექმნილი მაღაზიის გვერდი:

როგორც ხედავთ, ფეისბუქი მოგიწოდებთ პირველი პროდუქტის დამატებისკენ. ამის გაკეთება პროდუქტის დამატების (Add Product) ღილაკით შეგიძლიათ. ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაინახავთ ასეთ ფანჯარას, თუმცა ის შესაძლოა ქვეყნების მიხედვით ასევე განსხვავებული იყოს:

ეს ფორმა შეიცავს ყველა საჭირო დეტალს, რომელიც თქვენი პროდუქტის აღწერისთვის არის საჭირო.

  • პროდუქტის სურათები ან ვიდეოები. თქვენი პროდუქტისთვის სულ მცირე ერთი ფოტოს ატვირთვა მაინც არის სავალდებულო, თუმცა უკეთესი იქნება, თუ რამდენიმე სურათს მაინც დაურთავთ მას. გარდა ამისა, თუ პროდუქტისთვის რელევანტური იქნება, შეგიძლიათ ვიდეოც დაამატოთ აღწერას. დააწექით სურათის დამატებას მათ ასატვირთად.
  • სახელი და აღწერილობა საკმაოდ მარტივი მისახვედრია, თუ რას უნდა შეიცავდეს. აქ ყველაფერი ისევ პროდუქტის სახეობაზეა დამოკიდებული. მიმართეთ კრეატიულობას და ისაუბრეთ იმაზე, რაც თქვენს პროდუქტს უნიკალურს ხდის. მარტივად შეგიძლიათ ასევე პროდუქტის აღწერილობა სხვა ელექტრონული კომერციის მაღაზიიდანაც გადმოიტანოთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ფასი. ვერც ერთი პროდუქციის სია იარსებებს შესაბამისი ფასების გარეშე.
  • შესყიდვის ბმული. ეს გრაფა მხოლოდ მაშინ გამოგიჩნდებათ, თუ თავდაპირველად გადახდის მეთოდად სხვა საიტზე გადასვლა აირჩიეთ. ეს არის სპეციალური ბმული ელ. კომერციის პლატფორმისთვის, სადაც მომხმარებელს თქვენი პროდუქტის შეძენა შეუძლია. ამ ბმულის გამოყენება ჩვეულებრივ, თქვენი ბრაუზერიდან შეგიძლიათ. უბრალოდ გადადით პროდუქტის გვერდზე და დააკოპირეთ ბმული.
  • გააზიარეთ პროდუქტი თქვენს გვერდზე. ამ უჯრის მონიშვნა დაგჭირდებათ, თუ გსურთ, რომ ახალი პროდუქტის დადებისას ავტომატურად იქნეს ის გადაზიარებული თქვენს გვერდზე.
  • ხილვადობა. აუცილებლად დააყენეთ ეს გრაფა „საჯარო“-ზე.

დააწექით შენახვას და თქვენი პროდუქტიც ატვირთულია. ამის შემდეგ თქვენი პირველი პროდუქტი მაღაზიის გვერდზეც გამოჩნდება.

მაღაზიაში ახალი პროდუქტების დამატებას ნებისმიერ დროს შეძლებთ, ისევ პროდუქტის დამატების ღილაკის მეშვეობით.

ასევე შესაძლებელია პროდუქტების კოლექციის დამატებაც.

პროდუქტების მართვა

მას შემდეგ, რაც პროდუქტების გარკვეულ რაოდენობას ატვირთავთ, თითოეული მათგანი მაღაზიის მართვის პანელის სიაში გამოგიჩნდებათ. აქ გადასასვლელად დააწექით გამოსაქვეყნებელ ხელსაწყოებს (Publishing Tools) მენიუს გრაფიდან.

შემდეგ კი გადადით პროდუქტებზე, საიდანაც უკვე ნებისმიერი პროდუქტის შეცვლასა და ახლების დამატებასაც შეძლებთ. აქ ასეთ ფანჯარას დაინახავთ:

 

ეტაპი #5: შეკვეთების მართვა

შეკვეთების მართვის ფუნქცია ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოსთვის არ არის. ის ძირითადად ამერიკაშია გავრცელებული და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

როგორ გავიგოთ ჩვენს ქვეყანაში არის თუ არა ეს ხელმისაწვდომი?

მარტივად, გადადით გამოქვეყნების ხელსაწყოებზე მთავარი მენიუდან და მოძებნეთ მომლოდინე შეკვეთების (Pending Orders) ბმული. თუ ასეთ ველს ხედავთ, მაშინ შეკვეთების მართვის შესაძლებლობა თქვენც გექნებათ.

ბმულზე გადასვლის შემდეგ საშუალება გექნებათ, მართოთ თქვენი შეკვეთები, შეამოწმოთ მათი დეტალები, გაეცნოთ ინფორმაციას მყიდველის შესახებ და დაუკავშირდეთ მას საჭიროებისამებრ და რა თქმა უნდა, შეასრულოთ შეკვეთა. დამატეით, ფეისბუქი შეტყობინებასაც გამოგიგზავნით შეკვეთის შემოსვლასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, თითოეული შეკვეთის მიწოდება ფეისბუქის წესების თანახმად, სავალდებულოა სამ სამუშაო დღეში, რის შემდეგაც შეკვეთა სრულდება და მას ნიშნავთ, როგორც მიწოდებულს.

ალტერნატიული მეთოდი: როგორ გავყიდოთ ფეისბუქზე არსებული პროდუქტი ელ. კომერციის მაღაზიის საშუალებით?

სტატიაში აქამდე წარმოდგენილი სცენარები საკმაოდ მექანიკური იყო და ფეისბუქზე მაღაზიის შექმნა სრულად ჩვენზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ამისათვის სხვა შესაძლებლობებიც არსებობს.

ელექტრონული კომერციის ზოგიერთ თანამედროვე პლატფორმას შეუძლია ფეისბუქთან მარტივი ინტეგრაცია და ამგვარად მაღაზიის ავტომატურად შექმნა. გარდა ამისა, ისინი თქვენს ფეისბუქ მაღაზიასა და საიტს ერთმანეთთან აკავშირებენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეძლებთ ყველა შეკვეთა და პროდუქტი ერთი სივრციდან მართოთ და ეს ორი პლატფორმა სინქრონულად ამუშაოთ. მაგალითისათვის ორ ყველაზე პოპულარულ კომერციის პლატფორმას, Shopify-სა და BigCommerce-ს განვიხილავთ.

როგორ გავყიდოთ ფეისბუქზე Shopify-ს დახმარებით?

Shopify, როგორც ელექტრონული კომერციის პლატფორმა, უდავოდ შესანიშნავია. თუ ონლაინ მაღაზიის შექმნის სწრაფ და მარტივ გამოსავალს ეძებთ, ის თქვენთვის სწორედ რომ სათანადო არჩევანი იქნება.

მისი ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ საშუალება გაქვთ, თქვენი მაღაზია ფეისბუქზეც გადაიტანოთ დამატებითი ტექნიკური ოპერაციების გარეშე. ერთადერთი რაც დაგჭირდებათ, Shopify-ს პანელზე გადასვლა და ფეისბუქის არხის აპლიკაციის დამატება იქნება.

აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ, პლატფორმა იღებს ყველა თქვენს პროდუქტს და გადააქვს ისინი ფეისბუქის მაღაზიის გვერდზე. შემდეგ ყველაფრის სინქრონიზაცია ხდება, რაც საშუალებას გაძლევთ, მაღაზია პლატფორმაზე მართოთ, შემდეგ ეს ცვლილებები ავტომატურად ფეისბუქზეც ასახოთ. ის ფეისბუქის მესენჯერის დახმარებითაც გაძლევთ პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლიბას.

გაითვალისწინეთ, რომ Shopify-ის ინტეგრაციის რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიები არ გენიჭებათ. წესები და რეგულაციები ისეთივე იქნება ფეისბუქზე, როგორც სხვებისთვის. ქვეყნების შეზღუდვა პლატფორმასთან ერთადაც იგივე დარჩება.

როგორ გავყიდოთ ფეისბუქზე BigCommerce-ის დახმარებით?

BigCommerce Shopify-ის მთავარი კონკურენტი და ძალიან ბევრი კუთხით შესანიშნავი ალტერნატივაა ონლაინ მაღაზიის სამართავად. საკმაოდ მაღალი შანსია იმისა, რომ თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით, ეს ორი პლატფორმა სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს.

ფეისბუქის მაღაზიის გვერდზე, BigCommerce-იც დაახლოებით ისეთივე შესაძლებლობებს განიჭებთ, როგორც Shopify. მისი დაინსტალირებისა და მართვის მეთოდიც ისეთივე მარტივია, უბრალოდ პლატფორმის ინტეგრაციაა საჭირო.

BigCommerce-ს ასევე ძალიან კარგი მოდული გააჩნია ფეისბუქის რეკლამებისთვის, რაც დამატებით სიანტერესო გზების მოძიების საშუალებასაც გაძლევთ მომხმარებლისთვის პროდუქტების შესათავაზებლად.

ხშირად დასმული კითხვები ფეისბუქის მაღაზიის შექმნასთან დაკავშირებით

ონლაინ მაღაზიის შექმნისას შესაძლოა უამრავი კითხვა გაუჩნდეს მომხმარებელს და წინამდებარე სექციაში ვეცდებით ყველაზე გავრცელებული საკითხები მიმოვიხილოთ.

„როგორია პროდუქტის სურათებისთვის საჭირო ზომები ფეისბუქის მაღაზიაში?“

პროდუქტების სიისა და განთავსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, უმჯობესია თუ ხშირად შეამოწმებთ სპეციალურ ინსტრუქციებს, ვინაიდან ისინი პერიოდულად იცვლება.

ასევე არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ზომები და სურათის ფორმატი. მაგალითად, ამჟამად ფეისბუქის მიერ რეკომენდებული ზომა სურათებისთვის 1024:1024 პიქსელი ან მეტია.

„რატომ არ შეუძლიათ მომხმარებლებს კალათიდან რამდენიმე პროდუქტის შეძენა?“

ეს ყველაფერი სრულად თქვენს საიტზე და გადახდის მექანიზმზეა დამოკიდებული. ფეისბუქი ზოგიერთ რეგიონს არ სთავაზობს მის მიერ შექმნილ საშოპინგო კალათას.

„რომელი პროდუქტების გაყიდვას ვერ შევძლებ ფეისბუქის მაღაზიიდან?“

ფეისბუქზე გარკვეული პროდუქტების გაყიდვა დაუშვებელია და ამისათვის  სპეციალური სიაც შეგიძლიათ იხილოთ. აკრძალული პროდუქტები შეიცავს ნარკოტიკებს, იარაღს, ცხოველებს, ალკოჰოლსა და ნებისმიერ დისკრიმინაციულ საგანს.

გარდა ამისა, მაღაზიიდან მხოლოდ ფიზიკური ნივთების გაყიდვა შეგიძლიათ. მომხმარებელს არ შეეძლება რამეს ჩამოტვირთვა თქვენი საიტიდან.

„რატომ ვერ ხედავს ზოგიერთი ადამიანი ჩემს მაღაზიას?“

ამის მიზეზი შეიძლება ორი რამ იყოს:

  • თქვენი მაღაზია არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ქვეყანაში, გარდა თქვენისა.
  • პირადი პარამეტრები შესაძლოა არასწორად იყოს დაყენებული - ამ შეცდომის დაშვება საკმაოდ მარტივია. გადადით პარამეტრების გვერდზე და დარწმუნდით, რომ გვერდის თვალისაჩინოების ნაწილში მითითებული გაქვთ გვერდის გამოქვეყნება.

„მექანიკურად მიწევს პროდუქტების დამატება?“

ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • თუ თქვენი მაღაზია გარე რესურსის დახმარებით შექმენით, მაგალითად Shopify ან BigCommerce, მაშინ ყველაფრის სინქრონიზაცია ავტომატურად მოხდება. ამგვარად, ფეისბუქს ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაუკავშირდეს თქვენს მაღაზიას და გადმოიტანოს ყველა პროდუქტი.
  • თუ ფეისბუქის მაღაზია თქვენით შექმენით, მაშინ პროდუქტების ან მათი კოლექციის დამატება მექანიკურად მოგიწევთ. იგივე პრინციპი ვრცელდება მათი დეტალების განახლებაზეც.

შეჯამება

ამრიგად, თქვენ უკვე ისწავლეთ, როგორ შექმნათ ფეისბუქის მაღაზია და იმედია, უკვე საკუთარსაც მართავთ. სამწუხაროდ, ფეისბუქზე ძალიან ბევრი რამ სწრაფად იცვლება, ამიტომ თუ რაიმე დახმარება ან სპეციალური ოპერაციის შესრულება დაგჭირდათ, უმჯობესია თუ პროფესიონალებს მიმართავთ ან საჭირო ინფორმაციას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მოიძიებთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია ელექტრონული კომერციისთვის

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფეისბუქზე რეკლამირებისას

როგორ შევქმნათ ფეისბუქ ბიზნეს გვერდი

ეფილიეიტ მარკეტინგი