როგორ გამოვიყენოთ ტელეგრამი ჩვენი ბიზნესისთვის

სექტემბერი 03, 2021

როგორ გამოვიყენოთ ტელეგრამი ჩვენი ბიზნესისთვის

ტელეგრამ მარკეტინგი - არის მესენჯერ მარკეტინგის სახეობა, რომელიც ბრენდის რეკლამირებას ტელეგრამის საშუალებით ახდენს.

ტელეგრამ მარკეტინგი არის მესენჯერ მარკეტინგის სახეობა, რომელიც ბრენდის რეკლამირებას ტელეგრამის საშუალებით ახდენს. ამ არხის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, გაზარდონ მათი რიჩი (მიღწევადობა), გაყიდვები და დაეხმარონ მომხმარებლებს მათი მომსახურების გამოცდაში.

ტელეგრამი არის ქლაუდ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შეტყობინებების აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერ მოწყობილობაზე მუშაობს. მათ შორის: სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და კომპიუტერებზე. ეს არის სწრაფი, უსაფრთხო და უფასო ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააგზავნოს შეტყობინებები, გააზიაროს სურათები, ვიდეოები და ფაილები. მომხმარებელს ასევე შეუძლია, შექმნას ჯგუფები და სასურველი არხები აუდიტორიის უკეთესი ჩართულობისთვის.

რატომ უნდა გამოიყენოთ ტელეგრამ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის?

2020 წლის აპრილისთვის, ტელეგრამის აუდიტორია უკვე შეადგენდა ყოველთვიურად 400 მილიონ აქტიურ მომხმარებელს. 1.5 მილიონი მომხმარებელი ყოველდღიურად ტვირთავდა აპლიკაციას და იყენებდა მას. ასეთი მზარდი მოთხოვნა მარკეტოლოგებს საშუალებას აძლევს, ტელეგრამის უპირატესობები შესაძლებლობებად გარდაქმნან.

ტელეგრამის სარგებელი:

  • საშუალებას აძლევს მარკეტოლოგებს, აუდიტორია მუდამ ინფორმირებული ჰყავდეს. ეს სავსებით შესაძლებელია ტელეგრამის არხების მეშვეობით. შექმენით საჯარო ან კერძო არხები და მოიწვიეთ არსებული მომხმარებლები გასაწევრიანებლად. გააზიარეთ თქვენი პროდუქტის ფოტოები და ვიდეოები, მოუყევით მათ ბრენდის შესახებ, გააცანით გუნდი, აცნობეთ ახალი შეთავაზებების შესახებ.
  • მარკეტოლოგებს უკეთესი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ტელეგრამის ჯგუფები დაგეხმარებათ მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროთ. ტელეგრამის ჯგუფი არის ჩატი, სადაც შეგიძლიათ აუდიტორიასთან კონტაქტი და ჯგუფის წევრებთან ინტერაქცია. ასევე გაქვთ საშუალება, ჯგუფში დაამატოთ ადმინისტრატორი მისი ეფექტური მართვისთვის. ჯგუფების საშუალებით შეძლებთ, თქვენს ლოიალურ მომხმარებლებს მისცეთ შესაძლებლობა, რომ ახალ წევრებს დაეხმარონ და მათ პროდუქტები და სერვისები გააცნონ. სოციუმის შეკრებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა.
  • ბრენდებს საშუალებას აძლევს 24/7 დაეხმარონ მომხმარებლებს. აქ უკვე ჩატბოტებიც შემოდიან თამაშში. ჩატბოტი არის ონლაინ ასისტენტი, რომლის გამოყენებაც ყოველდღიური რუტინის შესასრულებლად შეგიძლიათ. მოარგეთ მას ხშირად დასმული კითხვები, მიეცით უფლება მართოს შეკვეთები და კონსულტაცია გაუწიოს კლიენტებს. ამგვარად, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს შეეძლება უფრო კომპლექსურ და რთულ საკითხებს დაუთმოს საკუთარი დრო. ჩატბოტების შექმნა არაერთი ხელსაწყოსა და პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ.
  • ბრენდებს ეხმარება ვებ-გვერდის ტრაფიკის გაზრდაში. გააზიარეთ ბმულები თქვენი ლენდინგ გვერდისთვის, მოიწვიეთ მომხმარებლები ახალი კოლექციების დასათვალიერებლად და გააზიარეთ ბმულები მომხმარებელთა მიმოხილვებისთვის. ამგვარად, თქვენ შეძლებთ გაზარდოთ ტრაფიკი კონკრეტული გვერდებისთვის.
  • გაზრდით ჩართულობას. ამის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ ტელეგრამის “poll”-ების დახმარებით. შექმენით ისინი რამდენიმე პასუხით და გააცანით ეს ალტერნატივები თქვენს მომხმარებლებს. შექმენით ქვიზი, სადაც მომხმარებელს აუხსნით, რატომ აირჩიეს მათ არასწორი ვარიანტი. ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით ეფექტურია საგანმანათლებლო სერვისებისთვის.

ახლა კი, როდესაც უკვე გაეცანით, თუ რა სარგებლისა და სიკეთეების მოტანა შეუძლია ტელეგრამს , დროა გადავიდეთ უშუალოდ ამ ტაქტიკების დანერგვასა და სტრატეგიის შემუშავებაზე.

ტელეგრამის მარკეტინგული სტრატეგია

  1. დაისახეთ მიზნები
  2. შექმენით ტელეგრამის ანგარიში
  3. გაარეკლამეთ თქვენი ახალი ანგარიში
  1. დაისახეთ მიზნები

ნებისმიერი სტრატეგიის შემუშავება მიზნების განსაზღვრით იწყება. თქვენი მიზანი განსაზღვრავს იმ შესაძლო ხელსაწყოებს, რომლებსაც გამოიყენებთ, კონტენტის ფორმატს, წარმატების საზომებს და სხვა. ტელეგრამის საშუალებით, თქვენ არაერთი მიზნის განხორციელება შეგიძლიათ. მათ შორის:

  • ვებ-გვერდის ტრაფიკის გაზრდა
  • მომხმარებელთა ჩართულობის წახალისება
  • სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • რუტინული დავალებების ავტომატიზაცია
  • მომხმარებელთა დახმარება
  • გაყიდვების გაზრდა

მაგალითად, თუ თქვენი მიზანი სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებაა არსებულ აუდიტორიასთან და ამავდროულად, გაყიდვების გაზრდა გსურთ, შეგიძლიათ შექმნათ დახურული არხი თქვენი ყველაზე ლოიალური მომხმარებლებისთვის. იყავით პირველი, ვინც მათ მიმდინარე შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ აცნობებს.

  1. შექმენით ტელეგრამის ანგარიში

ახლა, როდესაც თქვენი მიზნები უკვე დაისახეთ, დროა საქმეს შევუდგეთ. თქვენთვის სამი ვარიანტი არსებობს: ჯგუფი, არხი და ჩატბოტი.

ჯგუფი

ჯგუფი არის ჩატი, სადაც უამრავი წევრის დამატება შეგიძლიათ. მათი რიცხვი შესაძლოა 200,000-მდეც გაიზარდოს. ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ, წევრებს შეუძლიათ მესიჯების, ფოტოების, ვიდეოებისა და აუდიო ფაილების გაზიარება. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ როგორც საჯარო, ასევე დახურული, კერძო ჯგუფიც. საჯაროს შემთხვევაში, მისი მოძებნა საძიებო ველიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა დახურულის დროს ადამიანები პირადად უნდა მოიწვიოთ.

ჯგუფის შესაქმნელად მენიუდან აირჩიეთ ფუქნცია „ახალი ჯგუფი.“ დაამატებთ წევრები, შეურჩიეთ მას სახელი და გარეკანის ფოტო.

ჯგუფის უფრო ეფექტურად მართვისთვის კარგი იქნება, თუ ადმინებსაც დაამატებდით, ადამიანებს, რომლებსაც შეეძლებათ ჯგუფის ინფორმაციის შეცვლა, მესიჯების წაშლა, მომხმარებლების დაბლოკვა, ახალი წევრების მოწვევა ან მნიშვნელოვანი შეტყობინებების გამოყოფა. ასევე შეგიძლიათ, კონკრეტულ ადამიანებს მიანიჭოთ „poll”-ების შექმნის პრივილეგიაც.

თუ უკვე საკმაოდ პოპულარული ბრძანდებით და ათასობით გამომწერი ან გულშემატკივარი გყავთ, მაშინ არხების შექმნაზეც შეგიძლიათ იფიქროთ.

არხები

ტელეგრამის არხები მსხვილი აუდიტორიისთვის მესიჯების გადაცემისთვის, ბროდქასთინგისთვის არის განკუთვნული. არხებზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს წევრებთან დაკავშირებით. ჯგუფებსა და არხებს შორის განსხვავება რამდენიმე ფაქტთან ასოცირდება. პირველ რიგში, მხოლოდ არხის ადმინებს შეუძლიათ რაიმეს დაპოსტვა. გარდა ამისა, თითოეულ წევრს მისდის შეტყობინება ახალი პოსტის გამოქვეყნებისას და ისინი ცალკეული გამგზავნის ნაცვლად, ხედავენ არხის სახელსა და სურათს. არხის წევრებს არ შეუძლიათ ერთმანეთის დანახვა, ისევე როგორც ადმინების. მხოლოდ ადმინებსა და არხის შემქმნელს შეუძლია წევრების დანახვა.

არხის შესაქმნელად გადადით მენიუს გრაფაში და მოძებნეთ „ახალი არხის“ პანელი. დაარქვით მას სახელი, შეურჩიეთ აღწერილობა, დააყენეთ გარეკანის ფოტო და გადაწყვიტეთ, დახურული იქნება არხი თუ საჯარო. შემდეგ შექმენით მოსაწვევი ბმული და დაამატეთ წევრები.

თითოეული პოსტის ქვევით შეგეძლებათ, ნახოთ მნახველთა რაოდენობა. თუ 500-ზე მეტი გამომწერი გეყოლებათ, მაშინ დეტალური სტატისტიკის მიღებასაც შეძლებთ:

  • გამომწერთა სასაუბრო ენა
  • მომხმარებელთა შემოსვლის, გასვლისა და მათ მიერ არხის „ჩუმ რეჟიმზე" გადაყვანის რიცხვები
  • როგორ პოულობენ გამომწერები თქვენს არხს
  • როგორი ჩართულობით ხასიათდებიან გამომწერები

ტელეგრამის საშუალებით შეგიძლიათ, პოსტების გამოქვეყნებისთვის წინასწარ მიუთითოთ დრო და ის ავტომატურად გამოქვეყნდება. ასევე საშუალება გაქვთ გააგზავნოთ ჩუმი შეტყობინებები არასამუშაო საათებში, რის შედეგადაც თქვენს გამომწერებს შეტყობინება ხმოვანი სიგნალის გარეშე მიუვათ. უკეთესი ნავიგაციისთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის, გამოიყენეთ ჰეშთეგებიც. თქვენ შეგიძლიათ, დაამატოთ ადმინები და ხელწერები არხის უკეთ სამართავად. ეს საკმაოდ გამოსადეგი ფუნქციაა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დიდ კომპანიას ფლობთ და თქვენი ტოპ მენეჯერები ადმინები არიან. თქვენს თანამშრომლებს სჭირდებათ იცოდნენ, თუ ვინ აქვეყნებს სიახლეს და ვინ პოსტავს, იქნება ეს დირექტორი, HR მენეჯერი თუ ბუღალტერი.

თუ გამომწერების აზრით დაინტერესდებით, შეგიძლიათ განსახილველი ჯგუფებიც შექმნათ. თქვენი ყველა პოსტი გადამისამართდება ამ ჯგუფში, სადაც წევრები შეძლებენ თითოეულ პოსტზე კომენტარის და მათი შენიშვნების დაფიქსირებას. ამის ალტერნატივას „poll”-ების შექმნა წარმოადგენს.

თუ მომხმარებელთა მხარდაჭერა 24/7-ზე გსურთ და ამაში მინიმალური ძალისხმევის გაღება გინდათ, მაშინ ჩატბოტების შექმნაზეც უნდა იფიქროთ. ამისათვის არ გიწევთ კოდების წერა და პროგრამირება, ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს, სადაც ჩატბოტებს შექმნით.

ჩატბოტები

თუ კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება და ვითარდება, მასთან კომუნიკაცია ყოველდღიურად ასობით და ათასობით მომხმარებელს უწევს. ამ შემთხვევაში კი აუცილებლად დაგჭირდებათ ჩატბოტი. ეს არის ვირტუალური ასისტენტი, რომელიც რეალური კომუნიკაციის იმიტირებას ახდენს წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით. ჩატბოტებს შეუძლიათ, ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს თქვენი ბრენდის, პროდუქტის, ფასებისა და შეთავაზებების შესახებ, ასევე შეასრულონ რუტინული დავალებები და უპასუხონ მომხმარებელთა კითხვებს. მისი მოქნილობა სრულად თქვენზეა დამოკიდებული - რამდენსაც ასწავლით, იმდენი ეცოდინება.

ჩატბოტი შემდეგნაირად მუშაობს: თქვენ ქმნით კითხვების სიას, რომლებიც მომხმარებელმა შეიძლება დასვას და პასუხობთ მათ, ანუ შეგყავთ სათანადო პასუხები. რაც უფრო მეტი ბრძანება, კითხვა ეცოდინება ბოტს, მით უფრო გამართულად იმუშავებს ის. შემდეგ, როდესაც მომხმარებელი რაიმე ქივორდს შეიყვანს, ირთვება ავტომატური პასუხის რეჟიმი და ჩატბოტი ამ ქივორდზე აგებული სცენარის მიხედვით იწყებს კომუნიკაციას. ჩატბოტების შექმნა ზოგიერთი პლატფორმის მეშვეობით უფასოც კი არის. მაგალითად SendPulse. თქვენ შეძლებთ, ყოველთვიურად 10,000-მდე მესიჯი გააგზავნოთ სრულიად უფასოდ.

ბოტის შესაქმნელად, საჭიროა გქონდეთ SendPulse-ის ანგარიში, რათა ბოტი მას დაუკავშიროთ.

1. გადადით თქვენს ტელეგრამის ანგარიშზე, საძიებო ველში ჩაწერეთ @Botfather და დააწექით აქტივაციას.

2. ჩაწერეთ /newbot ბრძანება და გააგზავნეთ ის.

3. დაარქვით სახელი თქვენს ბოტს და დააკოპირეთ შემდეგი ბმული:

შემდეგ გადადით თქვენი SendPulse-ის ანგარიშზე და მოძებნეთ ჩატბოტების სექცია. გადააკოპირეთ ბმული შესაბამის ველში და თქვენი ბოტიც მზადაა.

ახლა კი დროა, თქვენი საკუთარი პროცესი შექმნათ. დაიწყეთ მისასალმებელი ეტაპით. იფიქრეთ ისეთ ქივორდებზე, რომლებზეც შესაძლოა პასუხად შეტყობინება გაიგზავნოს. შექმენით ტექსტები გამომწერთა მისასალმებლად, პროდუქტების გასაყიდად, მომხმარებელთა დასახმარებლად.

ჩატბოტების საშუალებით აუდიტორიის სეგმენტაციაც შესაძლებელია. თეგები და ცვლადები დაგეხმარებათ, საჭირო მესიჯი საჭირო ადამიანებს გაუგზავნოთ. შეინახეთ მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სამომავლოდ, მათთვის რელევანტური შეთავაზებების მისაწოდებლად.

ეტაპი #3: გაარეკლამეთ თქვენი ტელეგრამის ანგარიში

მიზნების დასახვის შემდეგ თქვენი დავალება ანგარიშის ტიპის შერჩევა ხდება - იქნეა ეს ჯგუფი, არხი თუ ჩატბოტი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ის აუდიტორიისთვის იყოს თვალსაჩინო. ტელეგრამის ანგარიშის გარეკლამებისთვის რამდენიმე ეფექტური ხერხი არსებობს, მათ შორის კი:

  1. სოციალური მედია. დღესდღეობით, სოციალური ქსელები ლიდების მოძიების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თქვენ შესაძლოა, უკვე გყავთ ათასობით გამომწერი ფეისბუქზე, ინსტაგრამსა თუ ტიკტოკზე. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა და აცნობეთ გამომწერებს თქვენი ტელეგრამის არხის შესახებაც. შექმენით სპეციალური ბმული ან ექსკლუზიური შეთავაზება მათთვის, ვინც თქვენს ტელეგრამს შემოუერთდება.
  2. ჯვარედენი რეკლამირება. მოძებნეთ პოპულარული ტელეგრამის ანგარიშები თქვენი ნიშიდან და სცადეთ მათთან თანამშრომლობა. მაგალითად, თუ თქვენ ტურებს ყიდით, სთხოვეთ ცნობილ მოგზაურს ან ბლოგერს თქვენი სააგენტოს გარეკლამება დიდი ფასდაკლების სანაცვლოდ ან თუ თავის მოვლის საშუალებებს ყიდით, მაშინ ამ სფეროს სპეციალისტთან დაიჭირეთ საქმიანი ურთიერთობა.
  3. ფეისბუქის რეკლამები. ტელეგრამის გვერდის გარეკლამება ფეისბუქის სარეკლამო კამპანიებითაც შეგიძლიათ. მოამზადეთ ისეთი შეთავაზება, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის, შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია და აჩვენეთ მათ თქვენი რეკლამა. გაითვალისწინეთ, რომ ეს ხარჯებთან ასოცირდება, ამიტომ დარწმუნდით, რომ ჩადებულ ინვესტიციას ფუჭად არ ფლანგავთ.
  4. ჯგუფები. ეს არის მსგავსად მოაზროვნე ადამიანების მიერ შექმნილი ჩატი, რომელიც გარკვეული საკითხების განხილვას ემსახურება. შესაძლოა, ასეთი ჯგუფებიც მოიძიოთ და სცადოთ მისი საშუალებით თქვენი პროდუქტის, სერვისის გარეკლამება. გახსოვდეთ, რომ ეს ჯგუფი რელევანტური უნდა იყოს თქვენი ბრენდისთვის და არა უბრალოდ ნებისმიერი.
  5. თქვენი ვებ-გვერდი. დასაწყისთვის, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. გამოიყენეთ ყველაზე პოპულარული გვერდები ან პროდუქტის ლენდინგ გვერდები მომხმარებლებისთვის თქვენი ტელეგრამის გასაცნობად. ცხადია, მომხმარებელს გარკვეული სტიმული უნდა მისცეთ ტელეგრამზე გასაწევრიანებლად. თუ ტელეგრამის არხს ფლობთ, მაშინ აუმაღლეთ მათ მოტივაცია სპეციალური შეთავაზებებით.

აქედან შეგიძლიათ აარჩიოთ საუკეთესო მეთოდი, რომელიც თქვენს ბიზნესს შეეფერება ან სულაც რამდენიმე მათგანის კომბინაცია გამოიყენოთ.

ტელეგრამ მარკეტინგის მაგალითები

წინამდებარე სექციაში რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ ეფექტური ჩატბოტებისთვის.

Eddy Travels-ის ბოტი არის ვირტუალური ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება, იპოვონ საუკეთესო ფრენები სულ რამდენიმე წამში. თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ როგორც რეისები, ასეევე სასტუმროები. მთავარია, შეიყვანოთ ქვეყნის დასახელება და თარიღი. ჩატბოტი თქვენთვის ყველაზე რელევანტურ შეთავაზებებს მოძებნის. მესენჯერიდან კი შეძლებთ პირდაპირ გადახვიდეთ Booking.com-ზე.

 

AsosHelperBot არის ელექტრონული კომერციის ჩატბოტი. კომპანიის პროდუქტებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფასები აქვს, ამიტომ ბოტი ადარებს ამ ფასებს და ეძებს საჭირო პროდუქციას მინიმალურ ფასად, მოთხოვნილ ვალუტაში.

Smokey არის ბოტი, რომელიც კონკრეტული რეგიონისთვის გვიჩვენებს ჰაერის დაბინძურების დონეს. მისი საშუალებით დეტალური ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ გამონაბოლქვის შესახებაც და იმ გზების შესახებ, რომლითაც მასთან გამკლავებას შეძლებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქ მესენჯერის გამოყენება ბიზნესებისთვის

როგორ გამოვითვალოთ მომხმარებლის ჩართულობის კოეფიციენტი

ინსტაგრამის სარეკლამო თარგეთირება: 8 ღირებული აუდიტორია

 

 

ეფილიეიტ მარკეტინგი