Instagram Stories ბიზნესებისთვის

აგვისტო 14, 2021

Instagram Stories ბიზნესებისთვის

ყოველდღიურად ინსტაგრამის სთორს 500 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. ეს ადამიანები პლატფორმაზე ახალ პროდუქტებსა და ტენდენციებსაც ყურადღებით აკვირდებიან

ყოველდღიურად ინსტაგრამის სთორის 500 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. ეს ადამიანები პლატფორმაზე ახალ პროდუქტებსა და ტენდენციებსაც ყურადღებით აკვირდებიან. მომხმარებელთა 58% ამბობს, რომ პროდუქტის ან ბრენდის მიმართ უფრო დაინტერესებულები მას შემდეგ გახდნენ, რაც ისინი სთორიზე იხილეს და მათი ნახევარი ვებ-გვერდსაც კი ეწვია პროდუქტის ან სერვისის შესაძენად.

შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ 4 მილიონზე მეტი ბიზნესი სთორების საშუალებით არეკლამებს თავის პროდუქციას და თანაც ყოველდღიურად.

სტატიაში ისწავლით ყველაფერს, რისი ცოდნაც ბიზნესის სთორების საშუალებით გარეკლამებისთვის გჭირდებათ.

როგორ გამოვიყენოთ ინსტაგრამის სთორი?

ინსტაგრამის სთორები არის ვერტიკალური, სრულ ეკრანზე გაფართოებული ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც პროფილზე 24 საათის განმავლობაში ჩანს. მათი ნახვა აპლიკაციის ზედა ნაწილშია შესაძლებელი.

სთორებში შესაძლებელია ისეთი ინტერაქციული ელემენტების გამოყენება, როგორიცაა სტიკერები, გამოკითხვები და სხვადასხვა სახის ფილტრები. როგორ დავიწყოთ მისი გამოყენება:

როგორ შევქმნათ ინსტაგრამის სთორი?

  1. გახსენით აპლიკაცია და დააწექით პლუს ნიშანს ეკრანის სათავეში.
  2. ეკრანის ქვედა მხარეს აირჩიეთ Story მენიუს ნაწილიდან.
  3. თუ გსურთ სელფ კამერაზე გადართვა, უბრალოდ დააწექით შემობრუნების ნიშანს.
  4. დააწექით თეთრ წრეს და გადაიღეთ სურათი ან ვიდეო
  5. უკვე არსებული სურათებისა და ვიდეოების ასატვირთად, აუსვით თითი ეკრანს მიმართულებით ზევით.

ეკრანის მარცხენა მხარეს დაინახავთ სხვადასხვა ტიპის ფორმატებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოსცადოთ. ესენია: Create, ბუმერანგი, კოლაჟი, მულტი-კადრი და Hands-free ვიდეო.

როგორ შევამოწმოთ სთორის ნახვები ისნტაგრამზე?

თუ სთორის გამოქვეყნებიდან 24 საათი ჯერ არ გასულა, მაშინ შეგიძლიათ დააწვეთ თქვენს სთორიზე მთავარი გვერდიდან და ნახოთ მისი მნახველების რაოდენობა. უშუალოდ მნახველთა სიის სანახავად კი დააწექით რიცხვებს.

24 საათის შემდეგ თქვენ კვლავ შეგიძლიათ გაეცნოთ ინსაითებს - ანალიტიკურ მონაცემებს, მაგალითად რიჩსა და ჩვენებებს.

რიჩი არის უნიკალურ მომხმარებელთა ოდენობა, რომლებმაც ნახეს თქვენი სთორი. ჩვენებები კი არის საერთო ოდენობა - თუ რამდენჯერ გამოჩნდა თქვენი სთორი მომხმარებლების ეკრანზე.

როგორ ვნახოთ ეს მონაცემები?

  1. აპლიკაციის მთავარ გვერდზე დააწექით თქვენს პროფილის ფოტოს ქვედა მხარეს.
  2. შემდეგ გადადით Insights-ში.
  3. შეარჩიეთ სასურველი დროის მონაკვეთი.
  4. ჩამოსქროლეთ თქვენთვის სასურველ კონტენტამდე, ამ შემთხვევაში გადადით სთორებზე.
  5. შეარჩიეთ საზომი და დროის მონაკვეთი.

როგორ გამოვიყენოთ სტიკერები ინსტაგრამის სთორისთვის?

სტიკერის დასამატებლად:

  1. დაიწყეთ სთორის შექმნა ისე, როგორც ეს ზევით აღვწერეთ.
  2. სურათის ან ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, დააწექით სტიკერის ნიშანს ეკრანის ზედა მხარეს.
  3. აირჩიეთ სასურველი სტიკერი. თითოეულ მათგანს დამახასიათებელი ანიმაცია აქვს, ამიტომ სცადეთ როგორ მოერგება ის თქვენს კონტენტს. შეგიძლიათ მათი ზომებიც გაზარდოთ ან შეამციროთ.

როგორ დავამატოთ ჰეშთეგები ჩვენს სთორიზე?

ჰეშთეგების დამატებით თქვენს სთორებს ინსტაგრამზე უფრო აღმოჩენადს ხდით და შესაძლებლობა გეძლევათ, ის ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ.

ჰეშთეგების დამატებისთვის ორი მეთოდი არსებობს:

  1. გამოიყენეთ ჰეშთეგის სტიკერი სტიკერების სექციიდან.
  2. გამოიყენეთ რეგულარული ტექსტის ფუნქცია და დაამატეთ წინ # სიმბოლო.

ორივე შემთხვევაში, ტექსტის აკრეფასთან ერთად ინსტაგრამი რეკომენდებულ ჰეშთგებსაც შემოგთავაზებთ. თქვენ სთორიზე ათამდე ჰეშთეგის დამატება შეგიძლიათ.

როგორ დავამატოთ ლოკაცია ინსტაგრამის სთორიზე?

ჰეშთეგების მსაგვსად, ლოკაციის დამატება სტიკერების სექციიდან ხდება და ისიც საშუალებას გაძლევთ, გაზარდოთ თქვენი პოტენციური რიჩი.

ადგილებს და ბიზნესებს შესაძლოა, ლოკაციის გვერდიც გააჩნდეთ. მომხმარებლებს მათი მოძებნა “Places” სექციიდან შეუძლიათ. ასევე შესაძლებელია ლოკაციაზე გადასვლა კონკრეტული ვიდეოდან ან სურათიდან. თუ თქვენი სთორიც ასეთ ადგილას ხვდება, შანსი გაქვთ გაცილებით მეტი მნახველი მოიზიდოთ.

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესისთვის ლოკაციის გვერდი შექმნათ, ბიზნეს ანგარიში დაგჭირდებათ.

ლოკაციის სტიკერის გამოსაყენებლად გადადით სთორიზე და:

  1. დააწექით სტიკერების ღილაკს ეკრანის ზედა მხარეს.
  2. აირჩიეთ ლოკაციის სტიკერი.
  3. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია.
  4. დააწექით და გადაიტანეთ სტიკერი თქვენთვის სასურველ ადგილას. შეგიძლიათ მისი ზომა გაზარდოთ ან შეამციროთ.

როგორ დავამატოთ ტექსტი ჩვენს ინსტაგარმ სთორიზე?

მომხმარებელთა 60% სთორებს აუდიოთი უყურებს, რაც ნიშნავს, რომ 40%-ს ხმა გათიშული აქვს. თუ თქვენ ვიდეოს აქვეყნებთ, მაშინ ვიდეოზე ტექსტის დამატებით თქვენს კონტენტს გაცილებით უფრო გამოსადეგს და ღირებულს გახდით.

თუ ტექსტის სტიკერს დაამატებთ (საქართველოში ჯერ არ არის ხელმისაწვდომი), მაშინ ინსტაგრამი ავტომატურად დააგენერირებს ტექსტს თქვენი ვიდეოსთვის.

  1. დაიწყეთ სთორის შექმნა. ტექსტის სტიკერი გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, თუ ვიდეოს გამოიყენებთ.
  2. ვიდეოს ატვირთვის შემდეგ დააწექით სტიკერების ღილაკს თქვენს ეკრანზე.
  3. აირჩიეთ ტექსტის - Caption სტიკერი.
  4. ინსტაგრამი ავტომატურად დააგენერირებს ამ ტექსტებს. უმჯობესი იქნება, თუ ხელსაწყოს გამართულობას შეამოწმებთ და ვიდეოს გადაავლებდეთ თვალს. თუ რაიმე არასწორად იყო, შეგიძლიათ ტექსტი დაარედაქტიროთ კიდეც.
  5. შეგიძლიათ ტექსტის ფონტი და ფერიც შეცვალოთ. როდესაც დაასრულებთ, დააწექით დასრულების ღილაკს.
  6. ასევე შესაძლებელია ტექსტის გადაადგილება მთელს ეკრანზე.

იხილეთ ვიდეო:

იმ შემთხვევაში თუ მუსიკის სტიკერს გამოიყენებთ, შეგიძლიათ ტექსტის სტიკერის საშუალებით მუსიკის ტექსტიც (lyrics) დაურთოთ ვიდეოს.

  1. დაიწყეთ სთორის გადაღება. მუსიკის სტიკერი მხოლოდ ვიდეოს შემთხვევაში გამოჩნდება.
  2. როდესაც მზად იქნება ვიდეო, დააწექით სტიკერების ღილაკს ზედა მხარეს.
  3. დააწექით მუსიკის სტიკერს.
  4. აირჩიეთ სასურველი სიმღერა.
  5. აირჩიეთ სიმღერის სასურველი მონაკვეთი.
  6. შეგიძლიათ თანდართული ტექსტის ფონტები და ფერები სურვილსამებრ შეცვალოთ. შემდეგ კი დააწექით დასრულებას.
  7. ასევე შესაძლებელია ტექსტის გადაადგილება მთელს ეკრანზე.

როგორ გამოვიყენოთ სთორის “Highlights”-ები?

მართალია, 24 საათის შემდეგ სთორი ჩვენს პროფილზე აღარ ჩანს და ქრება, მაგრამ მისი შენახვა ჰაილაითების საშუალებით მაინც არის შესაძლებელი. ამ ფუნქციის დახმარებით სთორი თქვენს პროფილზე მანამდ დარჩება, სანამ თქვენით არ წაშლით მას. ეს საუკეთესო საშუალებაა თქვენი ბრენდირებული და გამორჩეული კონტენტის წარმოსაჩენად.

თითოეულ ჰაილაითში შეგიძლიათ უამრავი სთორი გააერთიანოთ და ამატოთ ახალი კონტენტიც.

როგორ შევქმნათ ინსტაგრამის სთორის ჰაილაითები:

  1. თუ სთორი ჯერ კიდევ ხილვადია პროფილზე - არ გასულა 24 საათი, მაშინ შეგიძლიათ გახსნათ თქვენი სთორი, ან
  2. თუ 24 საათზე მეტია გასული, სთორის ამოღებას არქივიდანაც შეძლებთ. დააწექით თქვენი პროფილის ღილაკს ქვედა მარჯვენა კუთხეში, შემდეგ გადადით მენიუში და აირჩიეთ არქივი. აქ მიუთითეთ სთორების ნაწილი და აირჩიეთ სასურველი სთორი.
  3. ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში, დააწექით ჰაილაითების ღილაკს.
  4. მონიშნეთ ჰაილაითი, სადაც გსურთ სთორის დამატება.
  5. თუ ჯერ არ გაქვთ შექმნილი, მაშინ დააწექით ახალი ჰაილაითის შექმნას.

ინსტაგრამის სთორი Explore (აღმოჩენის) სექციაში

ინსტაგრამის აღმოჩენის გვერდი არის ალგორითმის მიერ შერჩეული სურათებისა და ვიდეოების ერთობლიობა. ამ გვერდზე მოხვედრა, როგორც წესი, გაზრდილ რიჩსა და ჩართულობას გულისხმობს ბიზნესისთვის, რადგან ალგორითმი თქვენს კონტენტს ახლად შემოსულ, დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგენს.

მაგრამ ალბათ დაგაინტერესებთ, თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი აქ მოხვედრის შანსები. ინსტაგრამის თანახმად, ყველაზე დიდი სარეიტინგო ფაქტორებია:

  1. რამდენი ადამიანის ჩართულობას იწვევს კონტენტი და რამდენად სწრაფად.
  2. თქვენი ინტერაქციის ისტორია იმ ადამიანთან/ბრენდთან, რომელიც კონტენტს აქვეყნებს.
  3. როგორმა პოსტებმა გამოიწვია თქვენი ჩართულობა წარსულში.
  4. ინფორმაცია გამომქვეყნებლის შესახებ, მაგალითად რამდენად ბევრ ადამიანს ჰქონდა მასთან შეხება ახლო წარსულში.

როგორ გამოვიყენოთ ინსტაგარმის გამოკითხვები (poll)?

ინსტაგრამის გამოკითხვის შესაქმნელად:

  1. დაიწყეთ სთორის შექმნა
  2. როდესაც სასურველ ფოტოს ან ვიდეოს აარჩევთ, გადადით სტიკერების ღილაკზე.
  3. აარჩიეთ poll სტიკერი.
  4. შეიყვანეთ სასურველი კითხვა.
  5. დაწერეთ ორი შესაძლო პასუხი. საბაზისო ვარიანტებს დიახ/არა წარმოადგენს, მაგრამ თქვენ ნებისმიერი რამ შეგიძლიათ ჩაწეროთ, თუმცა აუცილებელია 24 სიმბოლოთი შემოიფარგლოთ.
  6. ეს გამოკითხვა 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
  7. ნუ დაგავიწყდებათ შედეგების გაზიარება.

როგორ შევქმნათ კითხვარი ინსტაგრამის სთორისთვის?

გამოკითხვების მსგავსად, ინსტაგრამის სთორიზე შესაძლებელია ინტერაქციული კითხვების დასმაც.

ნაცვლად იმისა, რომ შეეკითხოთ მომხმარებელს რას ფიქრობენ ისინი, შეგიძლიათ მათ საშუალება მისცეთ, რომ კითხვები თავად დაგისვან. კითხვების გამოსაყენებლად:

  1. შექმენით სასურველი ფოტო/ვიდეო სთორი.
  2. შემდეგ დააწექით სტიკერის ღილაკს.
  3. და აირჩიეთ კითხვების სტიკერი.
  4. შეიყვანეთ სასურველი ტექსტი და დააწექით დასრულებას.

კითხვებს თქვენი სთორის მნახველების სიაში იხილავთ. დააწექით ნებისმიერ შეკითხვას პასუხის გასაცემად და გასაზიარებლად. მკითხველის იდენტობა გამჟღავნებული არ იქნება.

როგორ დავამატოთ ბმულები ინსტაგრამის სთორზე?

იმისათვის, რომ Swipe Up ლინკები თქვენს სთორიზე დაამატოთ, საჭიროა სულ მცირე 10,000 გამომწერის ან ვერიფიცირებული ანგარიშის ქონა.

თუ რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მაშინ მოგვყევით. წინააღმდეგ შემთხვევაში იხილეთ ვიდეო: 

როგორ დავამატოთ Swipe Up ბმული ინსტაგრამის სთორზე:

  1. დაიწყეთ სასურველი სთორის შექმნა.
  2. ვიდეოს ან სურათის მომზადების შემდეგ დააკლიკეთ ბმულის ღილაკზე ეკრანის ზედა მხარეს.
  3. გადაიტანეთ თქვენი ბმული.
  4. დააწექით დასრულებას.

გარდა ამისა, ფასიანი რეკლამირების საშუალებით ყოველთვის შეგიძლიათ თქვენს სთორის სასურველი ბმული დაურთოთ.

როგორ გამოვიყენოთ ინსტაგრამის სთორი შოპინგისთვის?

თუ თქვენი ბიზნეს ანგარიში ჯერ არ გაგიმართავთ ინსტაგრამის შოპინგისთვის, მაშინ ბევრ დროს ნუღარ დაკარგავთ. თუ ანგარიში უკვე შექმნილი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ შოპინგის სტიკერი გამოიყენოთ სთორის სექციიდან.

  1. შექმენით სთორი.
  2. მანამ, სანამ გააზიარებდეთ მას, დააწექით სტიკერების ღილაკს.
  3. აირჩიეთ პროდუქტის სტიკერი.
  4. აირჩიეთ პროდუქტი თქვენი კატალოგიდან მის მოსანიშნად.
  5. გადაიტანეთ შოპინგის სტიკერი თქვენთვის სასურველი ადგილას.
  6. გააზიარეთ თქვენი სთორი.

ინსტაგრამის სთორის ზომები

თუ თქვენს სთორის ქმნით ან არედაქტირებთ დესკტოპზე ან ტვირთავთ სთორის რეკლამას ფეისბუქის ედს მენეჯერში, მაშინ თქვენ ამ განზომილებების გათვალისწინება აუცილებლად მოგიწევთ:

  • რეკომენდებული სურათის კოეფიციენტი: 9:16
  • რეკომდენებული რეზოლუცია: 1080:1920 (მინიმალური არის 600:1067, მაგრამ ძალიან დიდმა რეზოლუციამ შესაძლოა გაზარდოს ატვირთვისთვის საჭირო დრო)
  • ფაილის მაქსიმალური მოცულობა: 30MB სურათებისთვის. 250MB ვიდეოებისთვის
  • სურათის ზედა და ქვედა მხარეს დატოვეთ 14% ცარიელი სივრცე და არ დაიტანოთ ამ ადგილებში სათაური ან სხვა სახის ტექსტი.

ხრიკები და რჩევები ინსტაგრამის სთორისთვის

გადაიღეთ ვერტიკალური და lo-fi ვიდეოები/სურათები

თუ ახლა იწყებთ, მაშინ საკმაოდ ბუნებრივი იქნება თქვენს ხელთ არსებული კრეატიული აქტივების დანიშნულების შეცვლა და IG სთორებზე მორგება. რეალურად, თუ სთორის რეკლამის გაკეთება გსურთ, ინსტაგრამი ავტომატურად მოახდენს კონტენტის ოპტიმიზაციას სთორის ფორმატისთვის.

მაგრამ გაცილებით უკეთესი შედეგები გექნებათ, თუ სთორის გადაღებას წინასწარ დაგეგმავთ და თქვენით შეასრულებთ ყველაფერს. არ არის აუცილებელი, ძვირადღირებული აპარატურით იღებდეთ კადრებს. სინამდვილეში, ინსტაგრამის კვლევის თანახმად, მობილურით გადაღებული სთორის რეკლამების შედეგიანობა 63%-ით აჭარბებს სტუდიის პროფესიონალურ კადრებს.

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მობილურით გადაღებული სთორი მომხმარებლისთვის უფრო ავთენტური და მიმზიდველი ჩანს. ამიტომ ბრენდებს შეუძლიათ, შედარებით ბუნებრივი კონტენტი შექმნან, ისეთი, როგორის ნახვასაც მომხმარებელი სხვა ადამიანებისგან ელოდება.

მაგალითისათვის, KLM-ის სთორების სერია, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ერთვება ლაივში, იყენებს სწორედ მობილურით გადაღებულ ვიდეოებს.

განსაზღვრეთ ბრენდის ვიზუალური იდენტობა

მართალია აღვნიშნეთ, რომ დაბალი საწარმოო ღირებულებით კონტენტის შექმნა მისაღებია, მაგრამ ვიზუალური ბრენდინგის ფუნდამენტური პრინციპები არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, ზემოთ მოყვანილ KML-ის მაგალითში, გამოყენებულია ავიაკომპანიის ლოგოს ფერები, თეთრი და ლურჯი ფერი ტექსტშიც. ამასთანავე, ეკრანის ქვედა ნაწილში გამოსახულია გამცილებელი, რომელიც ლინკზე გადასვლისკენ მოგიწოდებთ.

თანმიმდევრული და დამახასიათებელი ვიზუალები გეხმარებათ, უკეთ წარმართოთ ურთიერთობა თქვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. ისინი უნდა სცნობდნენ თქვეს სტილსა და ხელწერას სახელის დანახვამდეც კი.

თანმიმდევრული ფერების, ფონტებისა და გიფების გამოყენება ინსტაგრამის სთორისთვის შესანიშნავი სტარტი იქნებოდა. ამისათვის შეგიძლიათ თქვენი საკუთარი ბრენდინგი შექმნათ შაბლონად და მას მოარგოთ შემდეგ კონტენტი.

გამოიყენეთ სწრაფი კადრები და დინამიკა ყურადღების შესანარჩუნებლად

სთორიზე სურათები 5 წამის განმავლობაში, ხოლო ვიდეოები მაქსიმუმ 15 წამის განმავლობაში გრძელდება. მაგრამ როდის გიყურებიათ სტატიკური სურათისთვის მთელი ხუთი წამის განმავლობაში? დაახლოებით არასდროს! სწორედ ასე იქნება თქვენი გამომწერიც.

ინსტაგრამის მშობელმა კომპანიამ - ფეისბუქმა აღმოაჩინა, რომ საუკეთესო სთორის რეკლამების სცენის საშუალო ხანგრძლივობა 2.8 წამია. ვიდეოებისთვის კარგი იქნება, თუ სწორ და მოძრავ დინამიკას შეინარჩუნებთ.

სურათის შემთხვევაში შესაძლოა სტიკერის ან გიფის გამოყენებაც, რაც თქვენი მნახველის ყურადღებას დამატებით მიიქცევს. ახლა უკვე შესაძლებელია, რომ სთორზე ტექსტის ანიმაციაც შევქმნათ.

მაქსიმალურად გამოიყენეთ პირველი სამი წამი

ყველაზე ეფექტური სთორი მთავარ მესიჯს პირველ სამ წამში გადმოსცემს. ეს შესაძლოა, სწრაფი მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად საკმარისი დროა.

თანმიმდევრული, ბრენდირებული ვიზუალი და ნათელი, მკაფიო შეთავაზება მნახველს მისცემს საბაბს, რომ თქვენი სთორის ყურება გააგრძელოს და საუკეთესო შემთხვევაში, თქვენს ბმულზეც გადავიდეს.

მაგალითად, Matt & Nat-ის ეს რეკლამა დასაწყისშივე გადმოსცემს ყველაფერს: ბრენდს, ბრენდის შეთავაზებას და მარტივ CTA-ს - მოწოდებას ქმედებისკენ.

დაურთეთ სთორის CTA

როგორც ყველა ეფექტური მარკეტინგული კონტენტი, თქვენი ინსტაგრამის სთორიც უნდა შეიცავდეს აშკარა მოწოდებას ქმედებისკენ. რა გსურთ, რომ მნახველმა თქვენი სთორის ნახვის შემდეგ მოიმოქმედოს?

Swipe Up შესანიშნავი მაგალითია ამისთვის, მაგრამ კარგი იქნება, თუ მას უფრო აშკარას გახდით. მაგალითად, ზემოთ აღნიშნულ მაგალითში, კომპანიას დამატებით გამოყენებული აქვს „Swipe Up Shop Now“ ტექსტი.

შექმენით სთორების კალენდარი წინასწარ

სთორების რეგულარულად გამოქვეყნება ეფექტური გზაა თქვენი აუდიტორიის ჩართულობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ყოველდღიური სამუშაო პროცესის შეწყვეტა და სთორის შექმნა, შესაძლოა ხშირად ხელისშემშლელი აღმოჩნდეს.

საბედნიეროდ, არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც წინასწარ მოგცემთ საშუალებას იზრუნოთ სთორების გამოქვეყნებაზე. შეგიძლიათ, წინასწარ დაგეგმოთ ეს პროცესი, ატვირთოთ სასურველი სთორი და მიუთითოთ გამოქვეყნების დრო. დანარჩენს უკვე პლატფორმები ავტომატურად შეასრულებენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავარეკლამოთ ინსტაგრამ Reels

ინსტაგრამის სარეკლამო თარგეთირება: 8 ღირებული აუდიტორია

როგორ გამოვიყენოთ ინსტაგრამის Reels Insights უკეთესი კონტენტის შესაქმნელად

ეფილიეიტ მარკეტინგი