როგორ დავიცვათ ფეისბუქის სარეკლამო ანგარიში ჰაკერთა თავდასხმისგან

ივლისი 29, 2021

როგორ დავიცვათ ფეისბუქის სარეკლამო ანგარიში ჰაკერთა თავდასხმისგან

როდესაც თქვენს ფეისბუქ ანგარიშზე თავდასხმა ხდება, უპირველესად, ამ პროცესის შეჩერებაზე კონტროლის მოპოვებით უნდა იფიქროთ.

როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი ფეისბუქის სარეკლამო ანგარიში გატეხეს?

როდესაც თქვენს ფეისბუქ ანგარიშზე თავდასხმა ხდება, უპირველესად, ამ პროცესის შეჩერებაზე კონტროლის მოპოვებით უნდა იფიქროთ. ამისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ.

ნაბიჯი #1: დაადგინეთ ვისი ანგარიში იქნა გატეხილი

გახსოვდეთ, რომ ფეისბუქის სარეკლამო ანგარიშზე წვდომას მხოლოდ თქვენი პერსონალური ანგარიშის მეშვეობით იღებთ. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ვინმემ წვდომა სარეკლამო ანგარიშზე მიიღო, ამის ერთადერთი გზა თქვენი გუნდის რომელიმე წევრის ანგარიშის გატეხვა იქნებოდა.

შეგიძლიათ შეამოწმოთ აქტივობების ისტორია და დააკვირდეთ, ვის შეჰქონდა ცვლილებები კამპანიებში. ამის საპოვნელად თქვენი Ads Manager-ის პროფილზე დააწექით ზედა მარჯვენა მხარეს განთავსებულ საათის ნიშანს:

მონიშნეთ სასურველი დროის მონაკვეთი და დააკვირდით იმ ცვლილებების სიას, რომლებიც ამ პერიოდში განხორციელდა და ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ ვისი სახელით არის ისინი გაკეთებული.

თუ შეამჩნევთ ისეთ ანგარიშს, რომელიც ამ ყალბ რეკლამებს აკეთებდა, მაშინ უკვე უპრობლემოდ უნდა შეძლოთ მათი იდენტიფიცირება.

იმის აღმოსაჩენად, გატეხა თუ არა ვინმემ თქვენი ანგარიში, ალტერნატიული გზაც არსებობს. გადადით თქვენს პერსონალურ გვერდზე, შემდეგ პარამეტრებში და გადადით „Security and Login” სექციაზე. აქ არის პატარა ფანჯარა, რომელიც გაჩვენებთ ყველა იმ მოწყობილობებს და მათ ადგილმდებარეობებს, საიდანაც თქვენი ანგარიშის გამოყენება მოხდა.

თუ დაინახავთ ისეთი მოწყობილობიდან ან ადგილიდან შესვლას თქვენს ანგარიშზე, რომელსაც ვერ ცნობთ, მაშინ დიდი ალბათობით თქვენი ანგარიში გატეხეს. ძალიან კარგი იქნება, თუ მომენტალურად ყველა თქვენი გუნდის წევრს შეამოწმებინებთ ამ ინფორმაციას.

ნაბიჯი #2: ამოშალეთ გატეხილი ანგარიშები

რაც შეიძლება სწრაფად უნდა იზრუნოთ გატეხილი ანგარიშების სარეკლამო ანგარიშიდან ამოშლაზე. ამის გაკეთებას თქვენი ბიზნეს გვერდის პარამეტრებიდან შეძლებთ. დააკლიკეთ „People” და შემდეგ ნაგვის ურნის ნიშანზე დაჭერით, რომელიც სახელის გასწვრივ არის მოთავსებული, გააუქმებთ ამ ანგარიშიდან წვდომას:

ამ ზომების მიღებით შეძლებთ ჰაკერს სარეკლამო ანგარიშზე წვდომა შეუჩეროთ.

ნაბიჯი #3: დაიცავით თქვენი ანგარიში

საბოლოოდ თქვენ დაგჭირდებათ ანგარიშის დაცვა და ჰაკერის თავიდან მოშორება.

ფეისბუქზე ამისათვის სპეციალურად გაწერილი პროცესის გავლა მოგიწევთ. ამის საპოვნელად შედით თქვენს ანგარიშზე და მოძებნეთ სიტყვა „hacked”. შედეგების სათავეში უნდა დაინახოთ ასარჩევი ფუნქცია „Secure Your Account on Facebook” - დაიცავით თქვენი ფეისბუქ ანგარიში.

აქედან გადამისამართდებით გვერდზე, სადაც ფეისბუქი რამდენიმე კითხვას დაგისვამთ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მიჰყევით ინსტრუქციას თქვენი ანგარიშის დასაცავად და ჰაკერის თავიდან მოსაშორებლად. თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებთ თქვენს ანგარიშში შესვლას, მაინც შეძლებთ საკუთარი გვერდის დაცვას შემდეგ ბმულზე გადასვლით:

https://www.facebook.com/hacked/

ნაბიჯი #4: უამბეთ ფეისბუქს მომხდარის შესახებ

თქვენი სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა ეს ეტაპი სულაც გამოტოვოთ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, თუ ჰაკერმა სარეკლამო ბიუჯეტის დახარჯვა მოასწრო მანამ, სანამ კონტროლს დაიბრუნებდით, სასურველია ფეისბუქს ამის შესახებ აცნობოთ და სთხოვოთ, რომ ეს თანხა ანგარიშიდან არ ჩამოგაჭრან.

ძირითად შემთხვევებში, ფეისბუქის წარმომადგენელთან დაკავშირებას ამ ბმულის მეშვეობით შეძლებთ:

https://www.facebook.com/business/help

ჩამოდით გვერდის ბოლოში და მოძებნეთ დაკავშირების ფუნქცია:

თუ ვერ ხედავთ ამ ფუნქციას, ეს ნიშნავს, რომ ფეისბუქის მხარდაჭერის გუნდი ზედმეტად დაკავებულია. ამიტომ მოგვიანებით სცადეთ მათთან დაკავშირება.

ფეისბუქის წარმომადგენელთან დაკავშირების შემდეგ აუცილებლად აცნობეთ მას მომხდარის შესახებ. შესაძლოა მათ კამპანიების დატოვება მოგთხოვონ, რათა შეძლონ იმის დადასტურება, რასაც თქვენ ამბობთ. ამიტომ ნუ იჩქარებთ ჰაკერის მიერ გაშვებული კამპანიების წაშლას.

 

7 ეტაპი, რომელიც ფეისბუქის სარეკლამო ანგარიშის გატეხვისგან დაცვაში დაგეხმარებათ

ამ მომენტისთვის თქვენ უკვე უნდა შეგეძლოთ ანგარიშზე კონტროლის მოპოვება და იმედია, ფეისბუქმაც შეაჩერა თქვენი ბიუჯეტის გაფლანგვა.

მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე ზომები, რაიმე ხერხი იმისგან დასაცავად, რომ ასეთი რამ კიდევ არ განმეორდეს?

სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე მაგიური ხელსაწყო, რომელიც 100% დაცულს გახდის თქვენს ანგარიშს, მაგრამ რისკების შესამცირებლად გარკვეული ზომების მიღება მაინც შეგიძლიათ.

#1 ეტაპი: გაიაზრეთ, როგორ ახერხებენ ჰაკერები ანგარიშებში შემოღწევას

იმის ცოდნა, თუ როგორ ახერხებენ ჰაკერები სარეკლამო ანგარიშების გატეხვას, ნახევარ ბრძოლას უკვე მოგაგებინებთ. არსებობს რამდენიმე გავრცელებული ხრიკი:

ფიშინგის თაღლითობები

ალბათ ერთხელ მაინც მიგიღიათ თაღლითური მეილი ფეისბუქისგან, ამაზონისგან, ფეიფალისგან ან სხვა საიტისგან. ასეთი მეილები ისეთ საიტებზე გამისამართებთ, რომლებიც რეალური საიტებსაც წააგავს, მაგრამ, რასაკვირველია, ისინი ყალბი ვერსიებია, რომლებიც თქვენი მონაცემების მოპარვას ისახავს მიზნად.

მეილებზე მიმაგრებული ფაილები

კიდევ ერთ ვარიაციას წარმოადგენს მეილი, რომელიც შეიცავს გარკვეულ „ინვოისს“ ისეთი შესყიდვისთვის, რომელიც თქვენ არასდროს გაგიკეთებიათ. მისი გახსნისას, მომენტალურად ამოქმედდება ვირუსი, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას მოიპარავს თქვენი კომპიუტერიდან.

ასეთი ინციდენტებისას მთავარია, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და ნებისმიერ მეილს, რომელიც ოდნავ მაინც ყალბად მოგეჩვენებათ, ფრთხილად მოეკიდოთ. შეამოწმეთ საიდან არის ის გამოგზავნილი, რათა დარწმუნდეთ, რომ გამომგზავნები ნამდვილად კომპანიის წარმომადგენლები არიან.

მონაცემთა ბაზაში შეღწევა

ფეისბუქისთვის იმავე მეილსა და პაროლს იყენებთ, რასაც სხვა პლატფორმებისთვის? თუ ეს ასეა, მაშინ შესაძლოა თქვენი ანგარიში სადღაც უკვე გატეხილია და ახლა მონაცემები შავ ქსელში გროვდება.

მას შემდეგ, რაც ჰაკერი თქვენს ინფორმაციას იგდებს ხელთ, არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, პროგრამები, რომლებიც ავტომატურად იწყებენ თქვენი მეილებისა და პაროლების კომბინაციების შემოწმებას სხვადასხვა საიტებზე.

შეგიძლიათ, ამ ორიდან რომელიმე სერვისი გამოიყენოთ - ისინი გაცნობებენ მონაცემებში შეღწევის თითოეული შემთხვევის შესახებ:

 

https://breachalarm.com/
https://haveibeenpwned.com/

 

#2 ეტაპი: გააძლიერეთ თქვენი პაროლები

#1 წესი: იქონიეთ ძლიერი პაროლი - ეს ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სასურველია, ეს პაროლები პერიოდულადაც შეცვალოთ.

როგორც მიხვდით, ჰაკერებს შეუძლიათ თქვენი ინფორმაცია ნაკლებად დაცული საიტებიდან მოიპარონ და შემდეგ ეს ინფორმაცია სხვა უფრო დაცულ საიტებზე შესაღწევად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ უნდა აირიდოთ თავიდან სხვადასხვა პლატფორმებზე ერთი და იმავე მონაცემების გამოყენება.

#3 ეტაპი: წაშალეთ ნებისმიერი ადმინი, რომელსაც წვდომა არ სჭირდება

ეს მარტივი ჰიგიენის დაცვას გავს: ნუ მისცემთ წვდომას ისეთ ადამიანებს, ვისაც რეალურად არ სჭირდება ეს. რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს წვდომა თქვენს სარეკლამო ანგარიშზე, მით მეტია მისი გატეხვის შანსიც.

იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს დამატება დროებით გჭირდებათ, ნუ დაგავიწყდებათ შემდგომ მისი ანგარიშის ამოშლა. ეს დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელი და არასასურველი შემთხვევების თავიდან აცილებაში.

#4 ეტაპი: ყურადღება მიაქციეთ თქვენს აპლიკაციებს

ისევე როგორც მომხმარებლები, აპლიკაციები და სხვა სახის ინტეგრაციებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ თქვენთვის, ხოლო შესაძლებლობას ჰაკერებისთვის. აქაც არანაკლები ყურადღება გჭირდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ აპლიკაციებს ან ინტეგრაციებს აძლევთ წვდომას თქვენს მონაცემებზე - ნამდვილად გჭირდებათ ყველა მათგანი?

თქვენ მიერ გამოყენებადი აპლიკაციების სანახავად შეგიძლიათ ბიზნეს პარამეტრებიდან გადახვიდეთ „აპლიკაციების“ სექციაში.

#5 ეტაპი: გააქტიურეთ ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია/ავტორიზაცია

ორ ფაქტორიანი ავტორიზაციის გააქტიურება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური რამ არის, რაც თქვენი ანგარიშისა და მონაცემების დაცვაში დაგეხმარებათ. თუ ეს ფუნქცია გექნებათ გააქტიურებული და ჰაკერი თქვენი ინფორმაციის მიღებას შეძლებს, სარეკლამო ანგარიშზე წვდომას თქვენი მობილურის გარეშე მაინც ვერ მიიღებენ.

შესაძლოა, ფეისბუქმა ამ ფუნქციის გააქტიურება სავალდებულოც კი გახადოს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამას არ დაელოდებით და ფუნქციას ახლავე გააქტიურებთ.

აი როგორ უნდა გააკეთოთ ეს - და გახსოვდეთ, ეს პერსონალური ანგარიშიდან კეთდება და არა ბიზნესის.

  • დააწექით მენიუს ღილაკს ზედა მარჯვენა კუთხეში
  • გადადით „Settings & Privacy”
  • გადადით “Settings” სექციაში

მას შემდეგ, რაც პარამეტრების სექციაზე გადახვალთ, ფუქნციის მოძებნასაც შეძლებთ:

ავთენტიფიკაციის გააქტიურება შეგიძლიათ ტექსტური შეტყობინების ან ისეთი აპლიკაციების მეშვეობით, როგორიც არის გუგლის ავთენტიფიკატორი ან Authy.

#6 ეტაპი: მოითხოვეთ ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ბიზნეს მენეჯერისთვის

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია შესანიშნავი მექანიზმია თავდაცვისთვის. მაგრამ მას თქვენს პერსონალურ ანგარიშზე ააქტიურებთ, რაც ნიშნავს, რომ სხვა ადმინებისთვის მისი ავტომატური გააქტიურება არ შეგიძლიათ.

მიუხედავად ამისა, ბიზნეს მენეჯერიდან შეგიძლიათ ყველა ანგარიშს, რომელსაც წვდომა აქვს, მოსთხოვოთ ამ ფუნქციის გააქტიურება. ამისათვის გადადით პარამეტრებში და შეცვალეთ შესაბამისი პარამეტრი, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები:

ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საგრძნობლად გაზრდის თქვენს უსაფრთხოებას.

 

#7 ეტაპი: იყავით პროაქტიული და შეიმუშავეთ უსაფრთხოების პოლიტიკა

თითოეული ეტაპი, რომელიც აქამდე განვიხილეთ, საკმაოდ კონკრეტულ ზომას წარმოადგენდა, რომლის მიღებაც უსაფრთხოების გასაზრდელად შეგეძლოთ.

თუმცა, მათ მაგიური ძალები არ გააჩნიათ.

ყველა ამ ზომის მიღების შემდეგაც კი, არსებობს შანსი, რომ ვიღაც თქვენს სარეკლამო ანგარიშში შეძლებს შემოღწევას. საუკეთესო რჩევა, რისი მოცემაც შეგვიძლია არის - იყოთ პროაქტიულები, ჩამოაყალიბოთ უსაფრთხოების კულტურა მთელს კომპანიაში და შექმნათ ისეთი სისტემები, რომლებიც ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობას აუმაღლებს.

თუ თქვენს გუნდს რამდენიმე წამით მაინც დააფიქრებთ საკუთარ უსაფრთხოებასა და როლზე ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე ცვლილება კეთდება - იქნება ეს ადმინის დამატება თუ რაიმე აპლიკაციის ინტეგრირება - ეს ყველაფერი ძალიან დაგეხმარებათ, შეამციროთ რისკები გრძელვადიან პერსპექტივაშიც.

ამიტომაც გირჩევთ, რომ სპეციალური უსაფრთხოების პოლიტიკა შეიმუშავოთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ამის მიზანი არ არის გუნდის რომელიმე წევრის დადანაშაულება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოხდა.

ამ ყველაფრის მიზანი გახლავთ ის, რომ თითოეული გუნდის წევრი დაფიქრდეს და იზრუნოს უსაფრთხოებაზე. უბრალოდ დარწმუნდით, რომ მათ ესმით ამ ყველაფერის მნიშვნელობა და ესმით ის, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია უსაფრთხოების გარღვევას კომპანიაზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რამ შეიძლება გამოიწვიოს რეკლამის უარყოფა ფეისბუქზე

როგორ შევქმნათ ფეისბუქ ბიზნეს გვერდი

6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფეისბუქზე რეკლამირებისას

ეფილიეიტ მარკეტინგი