სოციალური მედია მენეჯერების 10 საჭირო უნარი

ივლისი 07, 2021

სოციალური მედია მენეჯერების 10 საჭირო უნარი

ორგანიზაციის მასშტაბების მიხედვით სოციალური მედია მენეჯერის მოვალეობები შესაძლოა განსხვავდებოდეს.

2020 წლისთვის ინტერნეტ მომხმარებელთა დაახლოებით 44.8% იყენებდა სოციალურ მედიას ბრენდზე ინფორმაციის მოსაძიებლად. მისი მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, დღეს ბიზნესებს უკვე კარგად აქვთ გააზრებული სოციალური მედიის მნიშვნელობა და ცდილობენ, მის სამართავად პროფესიონალი დაიქირავონ.

სოციალური მედია მენეჯერის პოზიცია საკმაო გამოწვევებით შეიძლება იყოს სავსე. ამ პროფესიის ადამიანების საერთო მახასიათებელი ის გახლავთ, რომ მათ ერთდროულად რამდენიმე ქუდის მორგება უწევთ. კონტენტის შექმნიდან დაწყებული, მომხმარებელთა მომსახურებითა და პიარით დამთავრებული, ბიზნესები ხშირად სწორედ სოციალურ მედია მენეჯერებზე არიან დამოკიდებულნი და მათი იმედი აქვთ.

მომავალი სოციალური მედია მენეჯერი ბრძანდებით, თუ HR მენეჯერი, რომელიც კადრის აყვანას გეგმავს - ეს სტატია დაგეხმარებათ ამ პოზიციის და მისი საჭიროებების შესახებ უფრო მეტი შეიტყოთ.

ყველაფერი, რისი ცოდნაც სოციალური მედია მენეჯერების შესახებ გჭირდებათ

რა ევალება სოციალურ მედია მენეჯერს?

ორგანიზაციის მასშტაბების მიხედვით სოციალური მედია მენეჯერის მოვალეობები შესაძლოა განსხვავდებოდეს.

შედარებით პატარა კომპანიებში, მათ შესაძლოა რამდენიმე საქმის შეთავსებაც მოუწიოთ, მათ შორის კონტენტისა და დიზაინის შექმნა, ქოფირაითინგი და ფოტოსა თუ ვიდეო მასალის დამუშავება. უფრო მსხვილ ორგანიზაციებში კი ისინი შესაძლოა, ამ საქმის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ.

ტიპური სოციალური მედია მენეჯერის სამუშაო აღწერილობა შემდეგ მოვალეობებს მოიცავს:

  • კონტენტ კალენდრის შექმნა და კონტენტის გამოქვეყნება
  • სოციუმის მართვა (კომენტარებზე გამოხმაურება, მესიჯები, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა)
  • ყველა სოციალური მედია არხის მართვა
  • კამპანიების შექმნა და დაგეგმვა ბიზნეს და მარკეტინგული პრიორიტეტების მიხედვით.
  • კრეატიული ტექსტების შექმნა სხვადასხვა სააგენტოებისთვის, ვიდეოებისა და ქოფირაითერებისთვის
  • ინფლუენსერ მარკეტინგის მხარდაჭერა და ახალი წამოწყებები
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება
  • სოციალური მოსმენა (ჰეშთეგების მონიტორინგი, ქივორდებზე დაკვირვება და ბრენდის პრობლემური საკითხების იდენთიფიცირება)
  • კონტენტის გადახედვა და უკუკავშირის მომზადება სხვადასხვა გუნდებისთვის

სოციალური მედია მენეჯერის ერთი დღე

სოციალური მედია მენეჯერის ტიპიური დღე მოიცავს კონტენტის შექმნას, შეხვედრებს, ქსელებში კომენტარებზე პასუხის გაცემას, შეტყობინებებზე გამოხმაურებას და კმაყოფილ მომხმარებელთა შენარჩუნებას. მართალია, სოციალური მედია საკმაოდ სწრაფად განვითარებადი და ცვალებადია, მაგრამ ყოველდღიურად სოციალური მედია მენეჯერის საქმიანობები მოიცავს:

  • მეილების შემოწმებას და მონიშვნებზე გამოხმაურებას
  • ფოკუსირებულ მუშაობას (კონტენტის წერა, უკუკავშირის მომზადება, კონტენტ კალენდარის შექმნა)
  • სხვადასხვა გუნდებთან და დეპარტამენტებთან შეხვედრას
  • შედეგების ანალიზსა და რეპორტის მომზადებას
  • შეტყობინებებზე პასუხის გაცემას
  • მომდევნო დღისთვის კონტენტის დაგეგმვას

10 მნიშვნელოვანი უნარი სოციალური მედია მენეჯერისთვის

არ არსებობს რაიმე კონკრეტული საგანმანათლებლო წყარო ან სამუშაო ისტორია სოციალური მედია მენეჯერისთვის. შესანიშნავი სოციალური მედია მენეჯერი შესაძლოა, ნებისმიერი სფეროდან ვიხილოთ და ნებისმიერი ბექგრაუნდით. მთავარია უნარები.

წარმატებულ სოციალურ მედია მენეჯერს საჭიროა, გააჩნდეს რამდენიმე უნარი:

1. წერა

თითქმის ყველა სოციალურ მედია პოსტს სჭირდება ტექსტი, აღწერა, ამიტომ გამართული წერის უნარი აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

წერასთან ერთად, კარგი სოციალური მედია მენეჯერი რედაქტირებისა და მოკლე ტექსტების დაწერითაც უნდა გამოირჩეოდეს. რა თქმა უნდა, ნიჭს მოითხოვს მოკლე ბრენდული მესიჯების შექმნაც.

2. რედაქტირება

თუკი რაიმე წარმოაჩენს ცუდად სოციალურ მედია მენეჯერს, პირველ რიგში, ეს ბეჭვდითი შეცდომებია. გაუმართავი გრამატიკის გამოყენება ან წერითი შეცდომები ბრენდის რეპუტაციას ნამდვილად ავნებს და სოციალური მედია მენეჯერმა ყველაზე ხშირად აქ შეიძლება დაუშვას შეცდომა. ამიტომაც, ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა რედაქტირებისას საკმაოდ გამოსადეგია ამ პოზიციისთვის.

3. დიზაინი

იმის გათვალისწინებით, რომ ვიზუალები სოციალურ მედიაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, გრაფიკული დიზაინის ცოდნა სოციალური მედია მენეჯერისთვის ნამდვილად გამოსადეგი უნარი იქნება.

შესაძლოა, გრაფიკული დიზაინერი სპეციალობით არ იყოს მენეჯერი, მაგრამ გამჭრიახი ხედვა და ფოტოების რედაქტირების შესაძლებლობა ძალიან გაუმარტივებს მათ სამუშოს დიზაინერულ მასალასთან.

4. მიმდინარე მოვლენების გაცნობა

მიმებითა და ტრენდებით გაჯერებული სოციალური მედია სრულიად აგებულია პოპ კულტურასა და მიმდინარე მოვლენებზე. ეს განსაკუთრებით ისეთი პლატფორმებისთვისაა ჭეშმარიტი, როგორიც ტიკტოკია.

სოციალური მედია მენეჯერები მუდმივად ადევნებენ თვალს, თუ რა ხდება სოციალურ ქსელებში, რათა ბრენდისთვის რელევანტური კონტენტ მასალა არ გამორჩეთ. ამგვარი დაკვირვება მათ ეხმარება, რომ მუდმივად იცოდნენ, როდის არის საჭირო სოციალური მედია აქტივობის შეჩერება, როდის ხუმრობა და როდის სერიოზულობა.

5. ორგანიზებულობა

როდესაც საქმე კონტენტ კალენდრის მართვას ეხება, შესაძლოა, ბევრი რამის ცვლილება გახდეს საჭირო. ყოველდღიურად დაპოსტვა სწრაფ ტემპში მუშაობას გულისხმობს. ამიტომაც, პოსტების კალენდრის შედგენა ძალიან დიდი დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

სოციალურ მედია მენეჯერებს მკაცრად მოეთხოვებათ ორგანიზებულობა, რათა ყველაფერი საჭირო დროს იქნას მიწოდებული და დადასტურებული. ადამიანები, რომლებსაც უყვართ სისტემური მუშაობა და საქმის შინაარსის ცვლილებასაც ეგუებიან, შესანიშნავ სოციალურ მედია მენეჯერებად ყალიბდებიან.

6. ბიზნესის გრძნობა და მიზანმიმართულობა

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედია მენეჯერს არ მოეთხოვება ბიზნესის ხარისხი, მნიშვნელოვანია, რომ მას ესმოდეს, როგორ მუშაობს ბიზნესი. სოციალური მედია მენეჯერის პასუხისმგებლობაა, რომ სოციალური მედია სტრატეგია ბიზნესის საერთო და საბოლოო მიზნებს შეესაბამებოდეს.

საუკეთესო მენეჯერებს კარგი სტრატეგიის უნარი აქვთ, რაც მათ სრული სურათის დანახვაში და ბიზნესის პრიორიტეტების განსაზღვრაში ეხმარება.

7. მონაცემთა ანალიზი

მართალია, სოციალური მედია პროფესიონალებისთვის უფრო მნიშვნელოვანი მათი კრეატიული მხარეა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რიცხვებში არ უნდა ერკვეოდნენ. სოციალური მედია პლატფორმები უმარავ მონაცემებს ინახავენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერს ამ მონაცემებში გზის გაკვლევა და ყველაზე საჭირო ინფორმაციის ამოღება შეეძლოს.

Excel-ის საბაზისო ცოდნა სოციალურ მედია მენეჯერებს მონაცემთა ექსპორტირებისა და მისით მანიპულირების საშუალებას აძლევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული პოსტების პერფორმანსის გაანალიზებისას. თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებობს არაერთი ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც მათ სამუშაოს გაცილებით უმარტივებს.

8. მუშაობა სტრესულ გარემოში

ბიზნესის სოციალური ქსელების მართვა ხშირად გულისხმობს იმას, რომ სოციალური მედია მენეჯერი ბრენდის ხმა იყოს. ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა - რამხელაც არ უნდა იყოს ბიზნესი. ამიტომაც, წნეხი და სტრესი საკმაოდ დიდია.

9. სიმტკიცე

როდესაც სოციალური მედია მენეჯერი ბრენდის ხმაა, ძალიან მარტივად შეიძლება ბრენდის მიმართ წამოსული გამოხმაურებები და ნეგატიური მესიჯები მან პერსონალურადაც მიიღოს. ამას ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მენეჯერის მენტალურ მდგომარეობაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ საკუთარ თავს მუდმივად შეახსენონ ის, რომ საკუთარი თვი ბრენდისგან გამოჰყონ და გამოარჩიონ და თუკი აუცილებელი გახდა, კომენტარების კითხვაც შეწყვიტონ.

10. საზღვრების დაწესების შესაძლებლობა

წინა საკითხთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ მედია მენეჯერს შეეძლოს ზღვრის გავლება ბიზნესსა და პირად ცხოვრებას შორის. შეტყობინებების გაჩუმება ან შესვენების აღება იქნება ეს, თუ შვებულების მოთხოვნა - ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი აქტივობები „გადაწვისგან“ თავის შესაკავებლად.

მზად ვარ ჩემი უქმეებით ვისიამოვნო.

სოციალური მედია მენეჯერები კვირას, საღამოს 6 საათზე.“

სოციალური მედიის „მუდმივად საქმიანი“ ბუნების გამო,  სოციალურ მედია მენეჯერებს მუდმივად ახასიათებთ შეტყობინებების შემოწმება. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, არის სისტემური, დალაგებული დოკუმენტაციის შექმნა ბრენდის ხმის, სტილისა და პლატფორმის ელემენტების შესახებ, რათა მათ მცირედით მაინც ისიამოვნონ შვებულებით.

როგორ გავხდეთ სოციალური მედია მენეჯერი?

უამრავი გზა არსებობს იმისათვის, რომ სოციალური მედია მენეჯერისთვის საჭირო უნარები და ცოდნა მიიღოთ. თუმცა, არ არსებობს ერთი კონკრეტული მიდგომა, რომელსაც სხვებთან შედარებით ენიჭება უპირატესობა.

გთავაზობთ რამდენიმე გზას სოციალურ მედია მენეჯერად ჩამოსაყალიბებლად:

  • ონლაინ კურსები: ისწავლეთ სოციალური მედია მარკეტინგის საფუძვლები ონლაინ, საკუთარი ტემპით. კურსების სანახავად უამრავი საიტი და პლატფორმა არსებობს. 
  • სერტიფიცირება: ისეთი კურსები, რომლებიც სერტიფიკატსაც გასცემენ, ძირითადად უფრო სიღრმისეულ ცოდნას გაწვდიან და თქვენი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობასაც გაძლევენ.
  • სტაჟირებასტაჟირება, იდეალურ შემთხვევაში ანაზღაურებადი, შესანიშნავი გზაა ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. სოციალური მედიის გარდა, იფიქრეთ სტაჟირებებზე ციფრულ მარკეტინგში, კომუნიკაციებში, პიარსა და სარეკლამო სააგენტოებში.

ასევე შესაძლებელია, მენტორობა სთხოვოთ თქვენს კომპანიაში მომუშავე პროფესიონალ სოციალურ მედია მენეჯერს ან უბრალოდ მიიღოთ ნებართვა, რომ მათ ყოველდღიურ საქმიანობას დააკვირდეთ და შეისწავლოთ საჭირო პროცესები.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური

როგორ შევქმნათ სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია

სოციალური მედია მარკეტინგის 15 მნიშვნელოვანი ტერმინი