ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის 11 დანიშნულება და მათი გამოყენება

აგირჩევიათ ოდესმე კამპანიის არასწორი დანიშნულება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე? შესაძლებელი იყო თუ არა, რომ განსხვავებულ დანიშნულებას უკეთესი შედეგები მოტანა?
სტატიის ფარგლებში გაეცნობით, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ფეისბუქისა და ინსტაგრამის კამპანიის ისეთი მიზნები, რომლებიც თქვენი ბიზნესის მიზნებთან იქნება შესაბამისობაში. ასევე ნახავთ, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ კამპანიის არასწორი მიზანი შეარჩიეთ.
რომელია ფესიბუქის კამპანიის საუკეთესო დანიშნულება?
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ფეისბუქის რეკლამების მართვისას არის კამპანიის ისეთი მიზნების შერჩევა, რომლებიც თქვენთვის სასურველ შედეგებს არ შეესაბამება. არასწორი დანიშნულება კამპანიას დასაწყისშივე არაეფექტურს ხდის.
კამპანიის მიზანი ფეისბუქს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გსურთ თქვენ და რის გაკეთებას ელით მომხმარებლისგან რეკლამის დანახვის შემდეგ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ალგორითმი უჩვენებს რეკლამას თქვენი სამიზნე აუდიტორიის ისეთ წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად მოგცემენ სასურველ ქმედებას. თუ ტრაფიკის მიზანს აირჩევთ, მაგალითად ფეისბუქი რეკლამის ჩვენებას ისეთი მომხმარებლებისთვის ამჯობინებს, რომლებიც ყველაზე მეტად აკლიკებენ სხვადასხვა ბმულებზე.
მომხმარებლები მუდმივად აწვდიან ფეისბუქს ინფორმაციას მათი ქცევების, ინტერესებისა და მოქმედებების შესახებ, რასაც შემდგომ ფეისბუქი რეკლამების შესაბამისობისთვის იყენებს. თქვენი კამპანიის დანიშნულება ფეისბუქს ეუბნება, თუ რის გაკეთებას ელით ადამიანებისგან.
სწორი დანიშნულების შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან არასწორი მიზნის შემთხვევაში, ფეისბუქი თქვენს რეკლამას შესაძლოა სრულიად შეუსაბამო ადამიანებს უჩვენებდეს. განვიხილოთ თითოეული კამპანიის მიზანი და შემთხვევები, როდესაც მათი გამოყენებაა მიზანშეწონილი.
ცნობადობის დანიშნულება
ცნობადობის კამპანიაში ორი კატეგორია არსებობს - ბრენდის ცნობადობა (Brand Awareness) და რიჩი (reach), რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ რეკლამა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს მოცემული ბიუჯეტის გათვალისწინებით. ამ დანიშნულებების მთავარი მიზანია ადამიანებში ინტერესის ამაღლება თქვენი ბრენდის მიმართ, რაც რეკლამის ჩვენებით მიიღწევა.
ცნობადობის კამპანია ოპტიმიზებულია მომხმარებლისთვის რეკლამის ჩვენებაზე, რათა თქვენი რეკლამა სამიზნე აუდიტორიის რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა ნახოს. შესაბამისად, კლიკები და ჩართულობა რეკლამაზე, როგორც წესი, დაბალი იქნება.
თუ თქვენი მიზანი ვებ-გვერდზე ტრაფიკის მოზიდვაა, ნუ აირჩევთ აქედან რომელიმე დანიშნულებას.
#1: ბრენდის ცნობადობა (Brand Awareness)
ბრენდის ცნობადობის კამპანია მომხმარებელთა ნახვებზეა გათვლილი. ეს ნიშნავს, რომ ფეისბუქი თქვენს რეკლამას ისეთ ადამიანებს უჩვენებს, ვინც ყველაზე მეტად დაიმახსოვრებს თქვენს ბრენდს. Ads Manager-ში შეგიძლიათ ნახოთ „რეკლამის გახსენების (Estimated Ad Recall)“ მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც თქვენი რეკლამის გახსენება მისი ნახვიდან 2 დღეშიც შეეძლებათ.
თუმცა, ზუსტი მონაცემების მისაღებად გაცილებით მეტი შრომა და კვლევებია საჭირო. სწორედ ამიტომ, ბრენდის ცნობადობის კამპანიებს მეტწილად უფრო მსხვილი ბრენდები იყენებენ, რომლებსაც ბიუჯეტიც საკმარისად გააჩნიათ. მცირე ბიზნესებს უფრო ეფექტური შედეგების მიღწევა სხვა დანიშნულებებითაც შეუძლიათ.
როდის გამოვიყენოთ: ბრენდის ცნობადობის მიზნის გამოყენება კარგი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, თქვენი ბრენდი ან პროდუქტი უფრო დასამახსოვრებელი გახადოთ და, რა თქმა უნდა, თუ შედეგების გაზომვის საშუალებაც გაქვთ.
#2: Reach
რიჩის დანიშნულებაც ასევე რეკლამის ჩვენებაზეა გათვლილი. ფეისბუქი რეკლამას რაც შეიძლება მეტ ადამიანს უჩვენებს თქვენი სამიზნე აუდიტორიიდან. ამ დანიშნულების შერჩევა რეკომენდებულია, თუ გსურთ, რომ თქვენი ბრენდი ბევრ ადამიანს მოხვდეს თვალში - უბრალოდ მათგან რაიმე ქმედებას არ უნდა მოელოდეთ.
როდის გამოვიყენოთ: რიჩის დანიშნულების გამოყენება ეფექტურია, თუ მაგალითად რაიმე ადგილობრივ ღონისძიებას მართავთ და გსურთ, მის შესახებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აცნობოთ. თუმცა, თუ გსურთ, რომ ადამიანებმა ბილეთიც წინასწარ დაჯავშნონ, მაშინ ეს ყველაზე შესაფერისი დანიშნულება ნამდვილად არ იქნება.
განხილვის (Consideration) დანიშნულება
არსებობს განხილვის კამპანიის ექვსი დანიშნულება - ტრაფიკი, ჩართულობა, ვიდეოს ნახვები, ლიდების გენერირება, მესიჯები და აპლიკაციის ჩამოტვირთვები - ოპტიმიზებულია კონკრეტული ქმედებისთვის - კლიკები ან კომენტარები. ფეისბუქი რეკლამას ისეთ ადამიანებს უჩვენებს, რომლებისგანაც ქმედება მეტადაა მოსალოდნელი.
#3: ტრაფიკი
თუ თქვენი მიზანი ვებ-გვერდზე ტრაფიკის მოზიდვაა, მაშინ აირჩიეთ ტრაფიკის დანიშნულება და ბმულებზე კლიკები ან ლენდინგ გვერდის ნახვები.
თუ ლენდინგ გვერდის ნახვების არჩევას გადაწყვეტთ, მაშინ ფეისბუქი თქვენს რეკლამას ისეთ ადამიანებს უჩვენებს, რომლებიც არა მხოლოდ ბმულებზე გადადიან ხშირად, არამედ საიტის გახსნასაც ელოდებიან მის სანახავად.
სარეკლამო კამპანიის დონეზე აირჩიეთ ბმულის მისამართი (destination URL), რომელიც შესაძლოა ნებისმიერი გვერდი იყოს თქვენი საიტიდან. თუ ლენდინგ გვერდებისთვის გსურთ ოპტიმიზაცია, მაშინ საჭიროა, რომ თქვენი სარეკლამო ანგარიში დაკავშირებული იყოს საიტზე არსებულ ფეისბუქ პიქსელთან.
როდის გამოვიყენოთ: ტრაფიკი ეფექტური დანიშნულებაა, როდესაც გსურთ, რომ ადამიანები თქვენს საიტზე მოიზიდოთ ბლოგის წასაკითხად ან რესტორნის მენიუს სანახავად.
#4: ჩართულობა (Engagement)
თუ თქვენი მიზანია, რომ ფეისბუქის პოსტებზე მაღალი ჩართულობა მიიღოთ, მაშინ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ჩართულობის დანიშნულება. თქვენი სამიზნე აუდიტორიიდან რეკლამა ისეთ ადამიანებს გამოუჩნდება, რომლებიც ყველაზე ხშირად ერთვებიან პოსტებში, იწონებენ ან აკომენტარებენ მასზე.
ამ დანიშნულების არჩევისას, შეგიძლიათ ჩართულობის რამდენიმე ვარიანტი მონიშნოთ:
- პოსტის ჩართულობა: ასეთი ტიპის რეკლამიდან ჩართულობა გულისხმობს რეაქციებს, კომენტარებს, გაზიარებებს, ვიდეოს ნახვებსა და კლიკებს. მიუხედავად ამისა, როგორც ორგანული პოსტის შემთხვევაში, აქაც საჭიროა, რომ რეკლამა ადამიანებს ჩართულობის სურვილსაც უჩენდეს. თუ ორგანული პოსტი ჩართულობას ვერ აგროვებს, მაშინ იმავე პოსტის რეკლამაზე გაშვებითაც შესაძლოა არაფერი შეიცვალოს.
- გვერდის მოწონებები: თუ თქვენი გვერდისთვის გამომწერების მოზიდვა გსურთ, მაშინ დანიშნულებისთვის გვერდის მოწონებები აირჩიეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ისეთ ადამიანებს მიწვდეთ, რომლებიც უფრო მეტად არიან მზად, მოიწონონ თქვენი გვერდი. ეს ფუნქცია მხოლოდ ფეისბუქისთვის არის და ინსტაგრამზე გამომწერების მოზიდვაში ვერ დაგეხმარებათ.
- ივენთის გამოხმაურება: თუ რაიმე ივენთს მართავთ ფეისბუქზე, მაშინ ამ ტიპის ჩართულობა დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოხმაურება მიიღოთ ღონისძიებაზე. თუმცა, ეს დაბალი გავლენის მქონე ქმედებაა და მაგალითად, 100 ადამიანის მიერ „Going” მონიშვნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასივე მათგანი დაესწრება ღონისძიებას. ამიტომ, თუ გსურთ, უფრო მეტმა ადამიანმა იყიდოს ბილეთი ან დაესწროს ივენთს, უმჯობესია, თუ რეკლამისთვის კონვერსიის დანიშნულებას გამოიყენებთ და ხალხს თქვენს საიტზე გადაამისამართებთ.
როდის გამოვიყენოთ: ჩართულობის დანიშნულების გამოყენება იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, გვერდის გამომწერების გაზრდა/კონკრეტულ პოსტზე სოციალური მტკიცებულების (Social Proof) გამყარება ან ფეისბუქ ივენთზე რეგისტრაციების მოზიდვა.
#5: აპლიკაციის ჩამოტვირთვა
თუ რაიმე სახის აპლიკაციას ფლობთ და თქვენი მთავარი მიზანი მისი ჩამოტვირთვების ოდენობის გაზრდაა, მაშინ აპლიკაციის ჩამოტვირთვის (App Installs) მიზანი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ამის შემდეგ თქვენი რეკლამა ისეთ ადამიანებს გამოუჩნდებათ, რომლებიც ყველაზე ხშირად ტვირთავენ აპლიკაციებს. რეკლამაზე დაკლიკება კი მათ პირდაპირ app store-ში ან play store-ში გადაამისამართებს.
მაქსიმალური შედეგების მისაღებად, საჭიროა თქვენი აპლიკაცია ფეისბუქზე დაარეგისტრიროთ და SDK დანერგოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენს მონაცემებს დააკვირდეთ და ის აპლიკაციიდან, Ads Manager-ში გადმოიტანოთ.
აპლიკაციების კამპანიის ორი სახეობა არსებობს: ავტომატური და მექანიკური.
ავტომატური აპლიკაციების რეკლამა შექმნილია რეკლამის შექმნის პროცესის გასამარტივებლად. კამპანიის შექმნისას თქვენ ქმნით მხოლოდ ერთ სარეკლამო წყობას ერთი რეკლამით და შემდეგ იყენებთ “Dynamic Creative” ფუნქციას, რომელიც გაწვდით 50 უნიკალურ სურათსა და ვიდეოს, ხუთ ვარიანტს სარეკლამო ტექსტისთვის და ხუთ სათაურს. შემდეგ კი ფეისბუქი დინამიურად შექმნის რეკლამებს იმის მიხედვით, თუ როგორ გამოეხმაურება მას აუდიტორია.
გაითვალისწინეთ, რომ კონვერსიის დანიშნულება ასევე ხელმისაწვდომია აპლიკაციების ჩამოტვირთვისთვისაც.
როდის ვიყენებთ: აპლიკაციების ჩამოტვირთვის დანიშნულება ეფექტური იქნება, თუ თქვენ გსურთ, რომ ადამიანებმა ჩამოტვრითონ თქვენი აპლიკაცია და ამით ჩართულობაც აამაღლოთ.
#6: ვიდეო ნახვები
ვიდეო ნახვების არჩევის შემთხვევაში, ფეისბუქი რეკლამის ჩვენებისას აქცენტს ისეთ ადამიანებზე გააკეთებს, რომლებიც ყველაზე ხშირად უყურებენ ვიდეოებს და დიდი შანსია, რომ თქვენსასაც უყურონ.
ვიდეო ნახვების შერჩევისას შეგიძლიათ, არჩევანი ორ კატეგორიაზე გააკეთოთ. აუდიტორია, რომელიც ვიდეოს სულ მცირე 2 წამს უყურებს ან 15 წამს და მეტს.
ვიდეო ნახვების კამპანია დაგეხმარებათ ნდობისა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში „ცივ“ აუდიტორიასთან. ვიდეოს ნახვების შემდეგ შეგიძლიათ რეთარგეთირების კამპანიაც დაიწყოთ იმის მიხედვით, თუ ვინ რა ხანგრძლივობით უყურა თქვენს ვიდეოს.
მაქსიმალური შედეგების მისაღწევად საჭიროა ისეთი ვიდეოს შექმნა, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას მომენტალურად მიიპყრობს და სასურველ მესიჯსაც პირველ რამდენიმე წამში გადასცემს მათ. თუ ვიდეო აუდიო მასალასაც შეიცავს, მაშინ აუცილებლად დაიტანეთ მასზე სუბტიტრებიც, რათა ყველამ შეძლოს ვიდეოს ყურება.
გახსოვდეთ, რომ ფეისბუქის არაერთი სარეკლამო დანიშნულებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ „video creative” და აირჩიოთ მხოლოდ ვიდეო ნახვები იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ ხალხმა უბრალოდ ვიდეოს უყუროს და მისი ნახვის შემდეგ რაიმე ქმედება (მაგალითად შესყიდვა) არ განახორციელოს.
როდის ვიყენებთ: ვიდეო ნახვების დანიშნულების გამოყენება გონივრული იქნება მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ ადამიანებმა თქვენი გაცნობით საინფორმაციო ვიდეოს უყურონ ან მეტი ნახვები დააგროვოთ თქვენი ფეისბუქის ლაივ ჩანაწერზე.
#7: ლიდების გენერირება
ლიდების გენერირების დანიშნულება საშუალებას გაძლევთ, რომ ფეისბუქ რეკლამიდან მომხმარებელზე ინფორმაცია მოიპოვოთ (მაგ. ელ-ფოსტა, სახელი და გვარი, ა.შ.). ასევე შეგიძლიათ, სპეციალური ფორმა შექმნათ, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა შეკითხვას დაუსვამთ, თუ, რა თქმა უნდა, დამატებითი ინფორმაციის მოძიება გჭირდებათ პოტენციურ მომხმარებელზე.
როდესაც ვინმე თქვენს რეკლამაზე გადავა, მათ გამოუჩნდებათ შესავსები ფორმა, სადაც მათი სახელის, მეილის ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შევსება მოეთხოვებათ. ამ ინფორმაციის უმრავლესობა უკვე ფეისბუქზეც ინახება, ამიტომ მომხმარებელს სწრაფად და მარტივად შეუძლია შეიყვანოს მისი დეტალები.
შეგროვებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა თქვენი გვერდიდან ან სპეციალური CRM პლატფორმის დახმარებითაც შეგიძლიათ. ისეთის, რომელთანაც ფეისბუქი თანამშრომლობს.
როდის გამოვიყენოთ: ლიდების გენერირება იდეალურია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პოტენციური მომხმარებლისგან საკონტაქტო დეტალების მიღება გსურთ.
#8: მესიჯები
თუ თქვენი მიზანი მომხმარებლებთან კომუნიკაციის დაწყებაა მესენჯერისა და ინსტაგრამის შეტყობინებების მეშვეობით, მაშინ კამპანიისთვის მესიჯების დანიშნულება იდეალური იქნება. ფეისბუქი თქვენს რეკლამებს ისეთ ადამიანებს უჩვენებს, რომლებთანაც მეტი შანსია დიალოგის წამოწყებისთვის.
რჩევა: დარწმუნდით, რომ გყავთ გუნდში ისეთი ადამიანი, რომელიც მუდმივად თვალს ადევნებს შეტყობინებებს და დროულად გამოეხმაურება მათ. მომხმარებელთა უმრავლესობა პასუხს 10 წუთის განმავლობაში ელის.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს თქვენთან დიალოგის გამართვის შესახებ და ამისთვის აშკარა საბაბიც ჰქონდეს. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს, რომ რეკლამაზე გადასვლით პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში ხვდებიან, ამიტომ წინასწარ აცნობეთ მათ ამის შესახებ.
როდის ვიყენებთ: მესიჯების დანიშნულება საუკეთესო საშუალებაა, თუკი მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის დაწყება გსურთ ან გინდათ, რომ მათ შეკითხვებს პასუხები გასცეთ.
კონვერსიის დანიშნულება
ფეისბუქის კონვერსიის დანიშნულებები - კონვერსია, კატალოგის გაყიდვები და მაღაზიის ტრაფიკი მოუწოდებს ხალხს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი ბიზნესით, შეიძინონ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. ეს მიზნები აქცენტს პირდაპირ შესყიდვაზე აკეთებს და კამპანიის დაწყებამდე მცირედ შემზადებასაც საჭიროებს.
როდესაც საქმე რეკლამის ჩვენებასა და კლიკებს ეხება, კონვერსიის კამპანიები ხშირად მაღალ ხარჯებთან არის ასოცირებული. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ხარჯი იქნას გათვალისწინებული. ამ მიდგომის გამოყენებისას, დანახარჯი თითოეულ კონვერსიაზე შესაძლოა საკმაოდ დაბალიც აღმოჩნდეს, რადგან რეკლამას ისეთი ადამიანები ხედავენ, რომლებიც ხშირად მიმართავენ შესყიდვებს ფეისბუქის საშუალებით.
#9: კონვერსია
თუ თქვენი მიზანია, მისწვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ ქმედებას განახორციელებენ თქვენს ვებ-გვერდზე - ეს შეიძლება იყოს პროდუქციის კალათაში დამატება, რეგისტრაცია ან პროდუქტის შეძენა, მაშინ კონვერსიის დანიშნულება საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენი კამპანიისთვის.
ამ დანიშნულების გამოსაყენებლად, საჭიროა:
- ფეისბუქ პიქსელის ჩაშენება თქვენს საიტზე
- საიტზე კონვერსიების API-ს დაინსტალირება.
- ვებ-გვერდის დომენის ოფიციალური დადასტურება
- Events Manager-დან კონკრეტულად იმ ივენთების შეყვანა, რომელთა მონიტორინგიც გსურთ.
სარეკლამო წყობის დონიდან შეგიძლიათ აირჩიოთ კონვერსიის ყველაზე რელევანტური და ახალი ივენთები თქვენი მიზნებიდან გამომდინარე და ფეისბუქი თქვენს რეკლამას წარუდგენს ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც ქმედების განხორციელების შანსი ყველაზე მაღალია. მაგალითად, თუ თქვენი მთავარი მიზანი გაყიდვების ზრდაა, უმჯობესი იქნება, თუ კონვერსიის დანიშნულებას შესყიდვებს მოარგებთ.
როდის ვიყენებთ: კონვერსიის დანიშნულების გამოყენება იდეალურია იმ შემთხვევისთვის, როდესაც გსურთ, რომ მომხმარებელი თქვენს საიტზე გადაამისამართოთ, სადაც ის კონკრეტულ ქმედებას განახორციელებს - შეიძენს პროდუქტს ან გამოიწერს სიახლეებს.
#10: კატალოგის გაყიდვები
თუ თქვენი ბიზნესი პროდუქციის ფართო ასორტიმენტზეა დამყარებული, შეგიძლიათ, გააკეთოთ ფეისბუქის კატალოგი და გამოიყენოთ კატალოგური გაყიდვები კამპანიის დანიშნულებად, რათა თქვენი პროდუქცია სამიზნე აუდიტორიას წარუდგინოთ.
ასეთი ტიპის რეკლამებს დინამიური პროდუქტების რეკლამა ეწოდება და ის საშუალებას გაძლევთ, მომხმარებელს პროდუქციის ასორტიმენტი უჩვენოთ ან მიმართოთ რეთარგეთირებას კონკრეტული პროდუქტის მიხედვით. თუ ოდესმე რაიმე ფეხსაცმლის წყვილი დაგიმატებიათ კალათაში და შემდგომ ეს ფეხსაცმელი რეკლამის სახით შეგხვედრიათ ფეისბუქზე, მაშინ მისი მფლობელი სწორედ კატალოგურ გაყიდვებს იყენებდა ამისთვის.
ასეთი ტიპის რეკლამის მართვა საჭიროებს ფეისბუქის კატალოგის შექმნას. შემდეგ პლატფორმა აირჩევს სურათებს ამ კატალოგიდან და გამოიყენებს მას სარეკლამო მასალად, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები მიმზიდველია და მომხმარებლის ყურადღებას მომენტალურად მიიქცევს.
როდის გამოვიყენოთ: კატალოგური გაყიდვების დანიშნულება კარგი არჩევანია, თუ ბევრ ისეთ პროდუქციას ფლობთ, რომელთა ჩვენებაც პოტენციური მომხმარებლისთვის გინდათ.
#11: მაღაზიის ტრაფიკი
თუ მაღაზიების რამდენიმე ფიზიკურ ლოკაციას ფლობთ, სადაც გინდათ, რომ მომხმარებელი მოიზიდოთ, მაშინ მაღაზიის ტრაფიკის დანიშნულება ძალიან ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს. სანამ ამ კამპანიას დაიწყებდეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ფეისბუქზე ყველა მაღაზიის ადგილმდებარეობის შეყვანა, თქვენს სამუშაო საათებთან ერთად. ფეისბუქი რეკლამას ადგილმდებარეობის მიხედვით უჩვენებს ხალხს კონკრეტულ რადიუსში, რომლის შეყვანაც ხელითაც არის შესაძლებელი.
ეს დანიშნულება არის ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ერთზე მეტი ლოკაცია გააჩნიათ. თუ მხოლოდ ერთ ფილიალს ფლობთ, უმჯობესია, თუ რიჩის დანიშნულებას გამოიყენებთ.
როდის ვიყენებთ: მაღაზიის ტრაფიკის დანიშნულება იდეალურია, თუ თქვენ ერთზე მეტი მაღაზია გაქვთ და გსურთ, ადამიანები უახლოეს მაღაზიამდე მოიზიდოთ.
როგორ შევცვალოთ ფეისბუქ რეკლამის დანიშნულება?
ფიქრობთ, რომ კამპანიისთვის არასწორი დანიშნულება გაქვთ არჩეული? ვერ იღებთ იმ შედეგებს, რომელსაც ფიქრობთ, რომ ალტერნატიული დანიშნულების შემთხვევაში მიიღებდით? კამპანიის დონეზე შეგიძლიათ Ads Manager-ში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ, მაგრამ კამპანიის დანიშნულების ცვლილება, სამწუხაროდ, შეუძლებელია.
თუმცა, მარტივი გამოსავალიც არსებობს. მიჰყვებით ამ საფეხურებს კამპანიის დუბლირებისთვის, თუ მაინც გსურთ რეკლამისგან სასურველი შედეგების მიღება.
პირველ რიგში, აირჩიეთ ის კამპანია, რომლის დუბლირებაც გსურთ და დააწექით შესაბამის ღილაკს - “duplicate”.
გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ახალი კამპანიის შექმნა და დააწექით დუბლირებას.
ამგვარად, თქვენ შეძლებთ, შექმნათ ახალი სარეკლამო კამპანია და სასურველი დანიშნულებაც აირჩიოთ კამპანიის გამოქვეყნებამდე. მას შემდეგ კი, რაც ახალ კამპანიას გაუშვებთ, გათიშეთ წინა კამპანია, რათა ორი იდენტური კამპანიისთვის არ გადაიხადოთ ფული.
შეჯამება
ახლა, როდესაც უკვე კარგად გესმით, რას მოიცავს ფეისბუქის კამპანიის თითოეული დანიშნულება, შეგეძლებათ მარტივად აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი კამპანია და მოარგოთ ის საკუთარ გეგმებს - იქნება ეს ტრაფიკის მოზიდვა, გაყიდვების გაზრდა თუ კომუნიკაციის დაწყება.
მთავარი, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ დანიშნულება, რომელსაც კამპანიისთვის აირჩევთ, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ და ვის უჩვენებს ფეისბუქი თქვენს რეკლამას. შედეგებიც, რომლებსაც Ads Manager-ში ნახავთ, სწორედ ამ კამპანიის დანიშნულებაზე და მის ოპტიმიზაციაზე იქნება დამოკიდებული.
საუკეთესო შედეგების მისაღებად სცადეთ განსხვავებული დანიშნულებების მოსინჯვა და დარწმუნდით, რომ ეს დანიშნულება შეესაბამება თქვენს მიზნებს.
ასევე დაგაინტერესებთ: