35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

ივნისი 01, 2021

35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

ბრენდისთვის ინსტაგრამზე პოზიციების გამყარება თავდაპირველად შესაძლოა, დამაბნეველი და რთული აღმოჩნდეს.

ბრენდისთვის ინსტაგრამზე პოზიციების გამყარება თავდაპირველად შესაძლოა, დამაბნეველი და რთული აღმოჩნდეს. რა უნდა გააკეთოთ პირველი? მოიზიდოთ გამომწერები სწრაფად.

მაგრამ როგორ?

გამომწერების ყიდვისა და ბოტების გამოყენება უბრალოდ წარსულს ჩაბარდა. ასეთი მეთოდებით შეიძლება, გამომწერთა რაოდენობა მოკლე ვადით გაზარდოთ, თუმცა გრძელვადიან სარგებელს ნამდვილად არ მოგიტანთ.

ეს იმიტომ, რომ ინსტაგრამის ყველაზე ღირებულები გამომწერი რეალური ადამიანია, რომელსაც სურს, თქვენს ბრენდთან იყოს დაკავშირებული. ყალბი გამომწერები მხოლოდ თქვენს ეგოს დააკმაყოფილებენ, მაგრამ ინსტაგრამის სტრატეგიას არანაირად არ წაადგებიან.

 

35 გზა ინსტაგრამ გამომწერების მოსაზიდად

  1. შეიმუშავეთ საზრიანი მაკრეტინგული სტრატეგია ინსტაგრამისთვის

სოციალური ქსელის ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ დეტალური გეგმა.

ინსტაგრამ გამომწერების გაზრდა კი ამ გეგმის საუკეთესო დასაწყისი იქნებოდა. თუმცა, მხოლოდ გამომწერები ვერ მოგიტანთ წარმატებას. ეს საკმაოდ გრძელვადიანი გეგმის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც თქვენი ბიზნესის სტრატეგიასთან და სოციალური მედია მარკეტინგის აქტივობებთან იქნება დაკავშირებული.

იფიქრეთ მიზეზებზე, თუ რატომ გსურთ მეტი გამომწერი. რისი მიღწევა გსურთ საბოლოოდ? ეს შეიძლება იყოს:

  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა
  • პროდუქტების გაყიდვების წახალისება
  • საიტზე ტრაფიკის მოზიდვა

ასეთ ბიზნეს მიზნებზე ორიენტირება დაგეხმარებათ, თანმიმდევრულად გაზარდოთ თქვენი ინსტაგრამის ანგარიში. ეს დაგეხმარებათ, მოყვეთ მიმზიდველი ამბავი, რომელიც ახალ მნახველებს დააკმაყოფილებს და ლოიალურ მომხმარებლებსაც შეგმატებთ.

  1. განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები თქვენი აუდიტორიის შესახებ:

  • რომელ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი?
  • სად ცხოვრობენ?
  • რა საქმით არიან დაკავებული?
  • როდის და როგორ იყენებენ ინსტაგრამს?
  • რა აწუხებთ მათ და რა გამოწვევების წინაშე დგანან?

ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ, თქვენი ინსტაგრამისთვის სწორი და თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი შექმნათ, რომელიც დაგეხმარებათ ამ ადამიანებს მისწვდეთ. ასევე, მათ მუდმივად მიაწოდებთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც მათ სურვილს გაუჩენს, ადევნონ თვალი თქვენს ინსტაგრამს.

  1. შექმენით ბრენდის თანმიმდევრული ისტორია

შესაძლოა, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ეცადოთ და აჩვენოთ მომხმარებლებს, როგორ ამზადებთ პროდუქციას ან თქვენი დასაქმებულის ხედვა გამოიყენოთ ბრენდის ჰუმანიზაციისთვის. შესაძლოა, თქვენი მომხმარებლების მიღწევები ან ცხოვრების სტილიც წარმოაჩინოთ.

არ აქვს მნიშვნელობა, რის მიღწევას ეცდებით, მთავარია, თანმიმდევრულობა მუდმივად შეინარჩუნოთ.

თქვენი პოსტები პირველივე შეხედვისთანავე უნდა იყოს ცნობადი, ამიტომ იფიქრეთ რაიმე სპეციფიკურ კონცეფციაზე თქვენი ინსტაგრამისთვის. ამასთანავე, შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ ინსტაგრამის „სთორი“, როდესაც რაიმე კონკრეტული კონტენტი თქვენი მთავარი კედლის სტილში არ ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ყველა პოდუქტი ერთნაირად არ გამოიყურება, მაინც შეგიძლიათ, მათ რაიმე კონკრეტული სტილი შეურჩიოთ. მაგალითად ისე, როგორც ამას @themillerswifecustomcookies აკეთებს:

  1. გამოიყენეთ ქივორდები საძიებო შედეგებში მოსახვედრად

სანამ ხალხი ინსტაგრამზე გამოგყვებათ, საჭიროა მათ გიპოვონ. ინსტაგრამზე არც თუ ისე ბევრი ტექსტი იძებნება. სინამდვილეში, ორი ველი, რომელიც ინსტაგრამის საძიებო შედეგებში ივსება არის: სახელი და გვარი, ან ბრენდის სახელი.

თქვენი სახელი ინსტაგრამის „სახელურია“ და უმჯობესი იქნება, თუ ამ პლატფორმაზეც იმავე სახელს გამოიყენებთ, რითიც ხალხი სხვა სოციალურ ქსელებში გიცნობთ. ეს გაუმარტივებს ადამიანებს თქვენს მოძიებას. გამოიყენეთ ისეთი ბრენდის სახელი ან ამ სახელის ვარიაცია, რომლითაც უფრო მაღალი შანსია, რომ ხალხმა თქვენი მოძებნა სცადოს.

სახელი შესაძლოა, ნებისმიერი რამ იყოს, მთავარია 30 სიმბოლოს არ აღემატებოდეს. ასევე სასურველია, რომ რელევანტური ქივორდის ჩასმა მოახერხოთ თქვენი სახელის ველში, რათა ბრენდის აღმოჩენა უფრო მარტივი გახდეს.

მაგალითად, სამოგზაურო ბლოგერი - Claudia Laroye-ს თავის ინსტაგრამ გვერდის სახელში შეტანილი აქვს ქივორდი (@travellingmom) მოგზაურობა, რაც ზრდის შანსებს მისი აღმოჩენისა - ისეთი ადამიანების მიერ, რომლებიც სამოგზაურო კონტენტს ეძებენ.

  1. გამოიყენეთ რელევანტური ჰეშთეგები ახალ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ თქვენი ინსტაგრამის პოსტებზე დატანილი ტექსტები არ იძებნება, თუმცა იძებნება ჰეშთეგები. ეს ნიშნავს, რომ ჰეშთეგების გონივრულად გამოყენება შესაძლოა, საკმაოდ ეფექტური გზა აღმოჩნდეს ახალი გამომწერების მოსაზიდად.

რელევანტური ჰეშთეგების დატანა თქვენს პოსტებზე დაეხმარება მომხმარებელს, მოძებნოს თქვენი კონტენტი ან გადმოვიდეს მასზე კონკრეტული ჰეშთეგიდან. ინსტაგრამის მომხმარებლებს ჰეშთეგების გამოწერაც შეუძლიათ, შესაბამისად შესაძლოა, თქვენი კონტენტი პირდაპირ მათ კედელზე აღმოჩნდეს.

ინსტაგრამის პოსტზე შესაძლებელია 30 ჰეშთეგის დატანა, მაგრამ ისინი უფრო ეფექტური ხშირად ხარისხის გამო არიან და არა რაოდენობის. სცადეთ განსხვავებული ოდენობები, რათა თქვენთვის ოპტიმალურ ვარიანტზე შეჯერდეთ.

ეცადეთ, მაქსიმალურად ორიენტირდეთ თქვენი ბრენდისთვის რელევანტურ და მიზნობრივ ჰეშთეგებზე, რომლებიც თქვენს ფოტოსთან, პროდუქტთან ან ბიზნესთან იქნება დაკავშირებულა.

  1. ინსტაგრამის ბიოგრაფიისა და პროფილის ოპტიმიზიაცია

ინსტაგრამზე ბიზნეს პროფილის მნახველთა ორი-მესამედი არ არიან გამომწერები. ეს ახალი მნახველები კი თქვენი პოტენციური მომხმარებლები და გამომწერები არიან, მაგრამ ამისათვის მათ რაიმე დამარწმუნებელი სჭირდებათ. ისინი არ გამოიწერენ თქვენს გვერდს, თუ მათთვის ის არ არის აშკარა, მიმზიდველი და სრულყოფილი.

სახელთან ერთად თქვენი პროფილის აღწერა მოიცავს ველს თქვენი საიტისთვის და ბიოგრაფიისთვის.

მაქსიმალურად გამოიყენეთ ბიოგრაფიისთვის განკუთვნილი 150 სიმბოლო, რათა წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდის ვინაობა და აჩვენოთ ახალ მნახველებს, თუ რატომ უნდა გამოიწერონ თქვენი გვერდი. რა სახის კონტენტს უნდა მოელოდნენ თქვენთგან?

თუ პროფესიონალურ ანგარიშს ფლობთ, მაშინ შეგიძლიათ პროფილში დამატებითი დეტალებიც შეიტანოთ, მაგალითად საკონტაქტო ინფორმაცია, ბიზნესის სახეობა და ადგილმდებარეობა. გამოიყენეთ თითოეული ველი, რომელიც რელევანტურია თქვენი ბიზნესისთვის და მიეცით მომხმარებლებს ყველა საჭირო ინფორმაცია.

  1. შეიმუშავეთ მიმზიდველი დიზაინი გვერდისთვის

ეს შესაძლოა საკმაოდ აშკარა ფაქტორი იყოს, თუმცა როდესაც საქმე ახალი გამომწერების დაგროვებას ეხება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თითოეული პოსტი თქვენი ინსტაგრამის გვერდზე მაღალ ხარისხიანი და ვიზუალურად მომხიბვლელი იყოს.

როდესაც ახალი მომხმარებელი ნახულობს თქვენს პროფილს, აქ არსებულმა კონტენტმა უნდა მოანდომოს მას, ნახოს უფრო მეტი. სწორედ ეს უბიძგებს ახალ მომხმარებელს, გამოიწეროს თქვენი გვერდი.

  1. დაურთეთ პოსტებს ვრცელი, დამაჯერებელი ტექსტები

მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამი მეტწილად ვიზუალური პლატფორმაა, ეფექტური ტექსტების წერაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რიჩისა და ჩართულობის ამაღლებაში. ეს ორი უკანასკნელი კი ძირითად ფაქტორებს წარმოადგენენ ახალი ინსტაგრამ გამომწერების მოზიდვისას.

რამდენიმე გასათვალისწინებელი სტრატეგია:

  • დაიწყეთ უმნიშვნელოვანესი სიტყვებით. თუ ტექსტის მოცულობა 125 სიმბოლოს აღემატება, მომხმარებელს მოუწევს, დააწვეს „ნახეთ მეტი“, რათა სრული ტექსტის წაკითხვა შეძლოს. ამიტომ ყველაზე ეფექტური და შთამაგონებელი ტექსტი დასაწყისშივე მოათავსეთ.
  • დასვით შეკითხვები. ეს ამარტივებს აუდიტორიისთვის კომენტარის დატოვებას. ამგვარი ჩართულობა კი დაგეხმარებათ, თქვენი გვერდი უფრო ხილვადი გახადოთ.
  • სცადეთ emoji-ს გამოყენება. ემოჯის შეუძლია, მკითხველთა ყურადღება მიიპყროს და ზოგადად, რეკომენდებულია ასეთი სოციალური ქსელებისთვის მისი გამოყენება.
  • სცადეთ განსხვავებული ტექსტის მოცულობები. ინსტაგრამი საშუალებას გვაძლევს, მოცულობითი ტექსტი დავწეროთ (2,200 სიმბოლომდე), ამიტომ შეგიძლიათ, სხვადასხვა ზომის ტექსტებიც მოსინჯოთ ამბის მოსათხრობად. ძალიან მოკლე ტექსტი გაცილებით ეფექტურია, თუ ვიზუალები თავადაც საუბრობენ. თუმცა, დაკვირვებები აჩვენებს, რომ მოცულობითი ტექსტები საკმაოდ აუმჯობესებს მომხმარებელთა ჩართულობას.

მაგალითად, Will Tang (@goingawesomeplaces) აქვეყნებს ფოტოებს დეტალური აღწერებით, რომელიც გარკვეულ ამბავს უყვება მომხმარებელს. მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ასეთი ტექსტები მისთვის სწორედაც რომ შესაფერისია.

  1. გამოყავით საუკეთესო კომენტარები

ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფუნქციის საშუალებით, შესაძლებელია თითოეული პოსტიდან სამი კომენტარის გამოყოფა - „pin”.

ამ ფუნქციის გამოყენება რამდენიმე გზით შეიძლება ახალი გამომწმერების მოსაზიდად.

პინების გამოყენების ერთ-ერთ მეთოდს ტექსტის მოცულობის გაზრდა წარმოადგენს. შეგიძლიათ, კომენტარებში განაგრძოთ დაწყებული ამბის თხრობა. ეს საშუალებას გაძლევთ, უფრო დეტალურად გადმოსცეთ თქვენი ამბავი.

ასევე შესაძლებელია, თქვენი რჩეული კომენტარი მონიშნოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მაღალ ჩართულობას იწვევს.

რა დანიშნულებითაც არ უნდა იყენებდეთ ამ ფუნქციას, ის გეხმარებათ, უკეთ მართოთ თქვენს პოსტებთან დაკავშირებით გამართული დიალოგები და შექმნათ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩართულობის ასამაღლებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად.

  1. გაარეკლამეთ თქვენი გვერდი სხვა სოციალურ ქსელებში

ინსტაგრამის გამომწერების მოძიების ერთ-ერთი ყველაზე იოლი და უფასო გზაა - გახადოთ ადამიანებისთვის მარტივი თქვენი მოძებნა.

თქვენი ინსტაგრამ გვერდის მოძიება მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი. თუ უკვე გყავთ გამომწერთა ჯგუფი სხვა სოციალურ ქსელში, აცნობეთ ამ ადამიანებს თქვენი გვერდის არსებობის შესახებ.

გაუზიარეთ მათ თქვენი პროფილის ბმული და მიეცით მიზეზი მისი დათვალიერებისთვის.

თუ ჯერ მხოლოდ ახლა იწყებთ ინსტაგრამ ანგარიშის შექმნას, დარწმუნდით, რომ გვერდის სხვა ქსელებში გარეკლამებადე შესაბამისი კონტენტიც გაქვთ მომზადებული. ეცადეთ, სულ მცირე 12 პოსტი მაინც იქონიოთ.

სხვადასხვა სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ, თქვენი საუკეთესო პოსტებიც წარმოაჩინოთ. განიხილეთ მათთვის ფასიანი სარეკლამო კამპანიაც, რათა დარწმუნდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნახულობს თქვენს სარეკლამო პოსტს.

  1. დაურთეთ თქვენი ინსტაგრამ პოსტები ბლოგებში

ამ სტატიაშიც უკვე იხილეთ რამდენიმე თანდართული ინსტაგრამის პოსტი. ამგვარი პოსტების დართვა თქვენივე ბლოგში გაგიმატივებთ საკუთარი კონტენტის წარმოჩენას აუდიტორიისთვის და თქვენს ინსტაგრამ გვერდზეც გაზრდის ტრაფიკს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეული ახალი მნახველი თქვენი პოტენციური მომხმარებელია.

ნებისმიერ დროს, როდესაც ვიზუალურ კონტენტს - ფოტოს, დიაგრამებს ან ინფოგრაფიკებს აზიარებთ თქვენს ბლოგში, ყოველთვის არის თქვენივე ინსტაგრამ პოსტის გამოყენების შესაძლებლობა.

  1. დაპოსტეთ კონტენტი, რომელზეც ფიქრობთ, რომ გადაზიარდება

თუკი ისეთ კონტენტზე ფიქრობთ, რომელსაც თქვენი ბლოგ-პოსტების საილუსტრაციოდ გამოიყენებთ, იფიქრეთ ისეთ კონტენზეც, რომელსაც ხალხი უფრო მეტად გააზიარებს.

ადამიანებს უყვართ ლამაზი ინფოგრაფიკების გაზიარება, ამიტომ ესეც ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე თქვენს ინსტაგრამის პოსტს საკუთარ ბლოგს დაურთავს, მაშინ თქვენ სრულიად ახალი აუდიტორიის წინაშე წარდგომის საშუალება მოგეცემათ.

ასევე იფიქრეთ კონტენტზე, რომლის გაზიარებასაც ხალხი საკუთარი ინსტაგრამის „სთორისთვის“ მოინდომებს. ყველას შეუძლია, გადააზიაროს თქვენი პოსტი, როგორც story. თანაც აქედან პოსტზე გადასვლაც უმარტივესია და დამატებით გზას წარმოადგენს ახალ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.

  1. გააზიარეთ თქვენი ინსტაგრამის გვერდი სხვა საკომუნიკაციო არხებში

იფიქრეთ სოციალურ ქსელებს მიღმა, როდესაც საქმე თქვენი გვერდის გაზიარებას ეხება.

აუცილებლად დაუკავშირეთ თქვენი ინსტაგრამ გვერდი საიტს, ჩასვით ის ელექტრონულ ფოსტებსა და სიახლეებში. ბმული სულაც არ არის საჭირო მოცულობითი იყოს, ამისათვის პატარა ინსტაგრამის „icon”-იც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ ინსტაგრამის გვერდის გარეკლამებას ახლა იწყებთ, მარტივი და სწრაფი მეილი, რომელიც თქვენს შესანიშნავ პოსტებს გაუსვამს ხაზს, იდეალური მეთოდი იქნება პირველი გამომწერების სწრაფად დასაგროვებლად.

ნუ დაივიწყებთ ოფლაინ მატერიალებსაც. პოსტერები, სავიზიტო ბარათები და შეფუთვები ერთ-ერთ პოტენციურ ადგილებს წარმოადგენენ თქვენი ინსტაგრამის გასარეკლამებლად - მარტივი გზა გამომწერების მოსაზიდად.

  1. გამოიყენეთ ინსტაგრამის “nametag”

თქვენი ინსტაგრამის “nametag” არის სკანირებადი კოდი, რომელიც ინსტაგრამის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მომენტალურად გამოიწეროს თქვენი გვერდი. მისი დატანა აქამდე აღნიშნულ ოფლაინ მატერიალებზეც შეგიძლიათ.

მისი საშუალებით შეგიძლიათ, მარტივად შეიძინოთ ახალი გამომწერები რაიმე ღონისძიებებზე ან კონფერენციებზე. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დაეკონტაქტებით, შეუძლია მარტივად დაასკანეროს თქვენი კოდი და გამოგყვეთ ინსტაგრამ გვერდზე. სცადეთ მისი ამობეჭდა და სამკერდე ნიშანზე დატანა.

მისი მოძიება ინსტაგრამის მთავარი მენიუდან შეგიძლიათ.

  1. ეცადეთ, იყოთ გამორჩეული

გამორჩეული გვერდები წარმოადგენენ ინსტაგრამის ანგარიშებს, რომლებიც სხვადასხვა მომხმარებლის კონტენტს აზიარებენ კონკრეტული ჰეშთეგების მიხედვით. ზოგიერთ ასეთ გვერდს ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს და თუ მოახერხეთ, რომ თქვენი პოსტი მათ გადააზიარებინოთ, შეიძლება, გამომწერების სრულიად ახალი წყარო მიიღოთ.

თითქმის ყველა ნიშისთვის არსებობს ასეთი გამორჩეული ანგარიშები. მათ აღმოჩენას კი ჰეშთეგების კვლევისას შეძლებთ, რაც მე-5 რჩევით არის რეკომენდებული. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ძალიან სპეციფიკურიც არის.

მაგალითად, @damngoodstitch  წარმოადგენს ნაქარგი პროდუქტების პოსტებს და მას 180,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

  1. სცადეთ იყოთ აღმოჩენად გვერდებში

აღმოჩენის (explore) გვერდი არის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელზეც ინსტაგრამის ქვედა ნაწილიდან, გამადიდებელი შუშის სიმბოლოს მეშვეობით გადავდივართ. როგორც თავად ინსტაგრამი ამბობს, აქ შეიძლება ფოტოებისა და ვიდეოების აღმოჩენა ისეთი გვერდებისგან, რომლებიც ჯერ გამოწერილი არ გყავთ.

აღმოჩენის სექციაში შეგიძლიათ, იხილოთ ინსტაგრამის პოსტები, სთორები და IGTV კონტენტი. პირველ რიგში, მომხმარებელი ინსტაგრამის ალგორითმის მიერ შერჩეულ სტილს წარმოგვიდგენს, თუმცა მომხმარებელს შეუძლია, უფრო დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნოს სპეციფიკურ კონტენტს. თემების გაფილტვრა ეკრანის ზედა ნაწილიდან არის შესაძლებელი.

ინსტაგრამის მომხმარებელთა 50% აღმოჩენის ნაწილს ყოველდღიურად სტუმრობს. ამიტომ ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ბრენდებისთვის, გაზარდონ საკუთარი აუდიტორია.

როგორ შეგიძლიათ გამოაჩინოთ თქვენი კონტენტი აქ? ეს არც თუ ისე მარტივია. ერთ-ერთი საშუალება სპეციალურად ამ ადგილისთვის განკუთვნილი რეკლამის განთავსებაა.

  1. მონიშნეთ თქვენი ადგილმდებარეობა

ნებისმიერ დროს, როდესაც რაიმე გეოგრაფიული ელემენტი ფიგურირებს თქვენს პოსტში, აუცილებელია, რომ თქვენი ადგილმდებარეობაც მონიშნოთ. ამგვარად ხალხს გაუმარტივებთ თქვენს მოძებნას.

თუ თქვენს ბიზნესს გააჩნია ფიზიკური ადგილმდებარეობა, აუცილებლად მონიშნეთ ის თქვენს პოსტებზე და მომხმარებლებსაც მოუწოდეთ იმავესკენ. მომხმარებელს შემდეგ შეუძლია, გადავიდეს ამ ლოკაციაზე და იხილოს მასთან დაკავშირებული თითოეული სურათი ან ვიდეო. რასაკვირველია, ეს ბრენდს დაეხმარება, მიწვდეს უფრო მეტ ადამიანს.

მაგალითად, აი რა შეგხვდებათ ინსტაგრამზე, თუ ადგილმდეობარეობაში „ციხისძირს“ მიუთითებთ:

  1. მონიშნეთ რელევანტური მომხმარებლები

სასურველია, ინსტაგრამის პოსტზე მონიშნოთ ის ადამიანები, რომლებიც სურათში ფიგურირებენ. ამის გაკეთება შესაძლებელია „@“ სიმბოლოს ან თავად ინსტაგრამის ფუნქციით. ორივე შემთხვევაში, ისინი მიიღებენ შეტყობინებას მონიშვნის შესახებ.

მონიშვნა ადამიანს მოუწოდებს, ჩაერთოს პოსტში, გააზიაროს ის ან დატოვოს კომენტარი. თქვენი პოსტი ასევე მათ კედელზეც აღმოჩნდება, მონიშნული სურათების ნაწილში.

რელევანტური მომხმარებლების მონიშვნა ინსტაგრამის სთორიზეც შეგიძლიათ, რის შემდეგაც ისინი საკუთარ სთორიზე გადააზიარებენ მას. ასეთ შემთხვევაში თითოეული მათი გამომწერი ნახავს თქვენს სახელს და გაიცნობს თქვენს ბრენდს.

შეამჩნევდით, რომ ჩვენ მხოლოდ რელევანტური მომხმარებლის მონიშვნისკენ მოგიწოდებთ. უბრალოდ ადამიანის მონიშვნა მათი ყურადღების მისაპყრობად კარგი იდეა ნამდვილად არ არის. მხოლოდ ის ადამიანები მონიშნეთ, ვისთვის ეს ფოტო ან კონტენტ მასალა რელევანტურია.

ასეთი შეიძლება იყოს:

  • მომხმარებელი
  • მომწოდებელი
  • სხვა რელევანტური ბიზნესი
  • კოლეგა ან თანამშრომელი
  • ვინმე, ვინც გასწავლათ რაიმე, ან გითხრათ რაიმე თქვენივე გაზიარებულ პოსტზე
  • ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფოტოზე ჩანს.
  1. უბიძგეთ სხვებს, მოგნიშნონ

მოუწოდოთ სხვებს, მონიშნონ თქვენი ინსტაგრამის გვერდი, არის ერთ-ერთი გზა ახალი აუდიტორიის გასაცნობად. როდესაც ისინი პოსტზე მოგნიშნავენ, მათი აუდიტორიაც გაეცნობა თქვენს გვერდს და სურვილის შემთხვევაში გამოიწერენ კიდეც თქვენს გვერდს.

ამის სათხოვნელად შესაბამისი ადგილი შესაძლოა თქვენი გვერდის „bio” იყოს. სწორედ მას იყენებს @visittheusa გვერდიც.

  1. გამოიწერეთ რელევანტური მომხმარებლები

ინსტაგრამის პოსტებზე ადამიანების მონიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, როდესაც კონტენტი პირდაპირ მათთვის არის რელევანტური. თუმცა, შეგიძლიათ, გამოიწეროთ ვისი გვერდიც მოგესურვებათ. როდესაც ამას გააკეთებთ, დიდი შანსია, რომ მათაც შეამოწმონ თქვენი გვერდი და გამოგვყნენ ინსტაგრამზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ინსტაგრამი სავსეა მათთვის რელევანტური კონტენტით.

სოციალური მოსმენა არის იდეალური შესაძლებლობა იმის გასაგებად, თუ როგორ და რას საუბრობს ხალხი თქვენს ბრენდთან დაკავშირებით. აქედან უკვე მარტივად შეძლებთ, იპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვების გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენენ და გამოიწეროთ მათი გვერდები. კარგი იქნება, თუ მათ გამომწერებსაც გაჰყვებით ინსტაგრამზე.

ინსტაგრამის სექცია - „Suggested for you” შესანიშნავი წყაროა რელევანტური გვერდების საპოვნელად. ასეთი შემოთავაზებები თქვენს კედელზე პოსტებს შორის ჩნდება.

მასზე წვდომა ასევე შესაძლებელია თქვენი ინსტაგრამის პროფილიდან - მთავარი მენიუს ნაწილში გადადით და აირჩიეთ „Discover People”. აქვე იპოვით ინსტაგრამის პოპულარული გვერდების ჩამონათვალს.

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი არ უნდა გამოიწეროთ სწრაფად. თქვენი გამომწერების კოეფიციენტი მნიშვნელოვანია სანდოობისთვის. ეს კოეფიციენტი არის იმ ადამიანთა ფარდობა, რომლებსაც თქვენი გვერდი აქვთ გამოწერილი და რომელთა გვერდებიც თქვენ გაქვთ გამოწერილი.

ასევე ნუ ითამაშებთ თამაშს, სადაც ადამაინების გვერდებს იწერთ ყურადღების მისაქცევად და შემდეგ ამ გამოწერას აუქმებთ. ეს არ არის კარგი ინსტაგრამის რეპუტაციისთვის, რადგან არც თუ ისე საამაყო სვლაა.

  1. აამაღლეთ არსებული სოციუმის ჩართულობა

როგორც სხვა სოციალური ქსელები, ინსტაგრამის მთავარი ხიბლიც მასში ჩაშენებული სოციუმებია, რომელთან დაკავშირება და ჩართულობაც თქვენი მიზანი უნდა იყოს.

ჩაერთეთ მათი პოსტების მოწონებით, კომენტარებით და კონტენტის გაზიარებით. თავიდან აირიდეთ ისეთი კომენტარები, რომლებიც ბოტების დაწერილს ემსგავსება.

ეს ყურადღების მიქცევაში (და პოტეციური გამომწერების მოზიდვაში) ორი გზით გეხმარებათ:

  1. ადამიანები იღებენ შეტყობინებას, როდესაც მათ პოსტს მოიწონებთ ან მასზე დააკომენტარებთ და სანაცვლოდ თქვენს გვერდს ნახულობენ.
  2. სხვებიც ნახულობენ თქვენს კომენტარებს და შესაძლოა, თქვენი გვერდიც მოინახულონ.
  3. იმუშავეთ თქვენი ნიშის ინფლუენსერებთან ერთად

წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან სტატისტიკას ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, თუ საიდან მოიძიოს ახალი გამომწერები: მომხმარებელთა 60% აღნიშნავს, რომ ბრენდის გვერდს უფრო მეტად მას შემდეგ გამოიწერენ, როდესაც ინფლუენსერის მიერ დარეკლამებულ პოსტს ნახავენ (ამ გვერდის შესახებ).

  1. ითანამშრომლეთ სხვა ბრენდებთან

ნუ მოერიდებით სხვადასხვა ბრენდებთან დაკავშირებას, თუ შეამჩნევთ, რომ არსებობს მათთან თანამშრომლობის გზა. სწორი კოლაბორაცია თითოეულ მხარეს ეხმარება მეტი გამომწერის დაგროვებაში.

იფიქრეთ ისეთ ბიზნესებზე, რომლებთანაც გარკვეული გზით უკვე ითანამშრომლეთ და გქონდათ შეხება. ეს შეიძლება ადგილობრივი ბიზნესიც იყოს. დაფიქრდით, როგორ შეიძლება ინსტაგრამზე თქვენი კოლაბორაცია შედგეს?

ერთ-ერთი გზა კონკურსის წამოწყებაა, სადაც სხვადასხვა პროდუქტები იქნება წარმოდგენილი რამდენიმე კომპანიისგან. მაგალითად, ასე მოიქცა rocky mountain soap co ანიკა მენგთან თანამშრომლობისას @borntobeadventurous.

  1. ინსატგრამის Story

მართალია უკვე ბევრჯერ აღვნიშნეთ ინსტაგრამის სთორის შესახებ, თუმცა ცალკეულად გამოყოფას მაინც იმსახურებს. თუ მეტი გამომწერის მოზიდვა გსურთ, აუცილებლად დაგჭირდებათ მათი გამოყენება. ნახევარი მილიარდი ადამიანი ინსტაგრამზე იყენებს სთორის ყოველდღიურად და 45% ასეთი სთორებისა სწორედ ბიზნესებისგან მოდის.

სთორი საკმაოდ მაღალ ჩართულობას იწვევს. ინსტაგრამის კვლევის მიხედვით, სამიდან ერთ სთორის პირდაპირი შეტყობინება მოჰყვება.

გამოიყენეთ ჰეშთეგებისა და ადგილმდებარეობის ფუნქციები თქვენს სთორიში, რათა ის უფრო მეტ ადამიანს გამოუჩნდეს. ეს ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დაფასებული.

  1. გამოიყენეთ ინტერაქციული ფუნქციები

ინსტაგრამის სთორი უამრავ ინტერაქციულ საშუალებას გვთავაზობს ხალხის ჩართულობის ასამაღლებლად. ეს შეიძლება იყოს გამოკითხვები, „poll”, უბრალოდ კითხვები ან სტიკერები.

თუ მომხმარებლები თქვენს სთორიზე ჰეშთეგიდან ან კონკრეტული ლოკაციიდან გადმოვლენ, ასეთი მყისიერი ჩართულობის საშულებები იდეალური გზაა პოტენციური გამომწერების შესაძენად.

  1. მაქსიმალურად გამოიყენეთ “Story highlight“-ები

სთორის ჰაილათიები - მნიშვნელოვანი მომენტები, შესანიშნავი საშუალებაა ბრენდის ხალხისთვის გასაცნობად. გააერთიანეთ ამ ჰაილაითებში მნიშვნელოვანი მომენტები და შესანიშნავი კონტენტი, რომელიც მომხმარებელს თქვენი გვერდის გამოწერას მოანდომებს.

ასევე ეცადეთ, ხარისხიანი გარეკანის ფოტებიც შექმნათ ჰაილაითებისთვის. მაგალითად როგორც ამას balibody იყენებს:

  1. სცადეთ ინსტაგრამის ლაივ კოლაბორაცია

ინსტაგრამი იდეალური პლატფორმაა ლაივ ვიდეოების უპირატესობის გამოსაყენებლად. ეს არის ტრენდი, რომელიც მუდმივად იზრდება სოციალურ მედიაში. ინტერაქციული კითხვებისა და კომენტარების საშუალებით შეგიძლიათ, რეალურ დროში ჩაერთოთ მომხმარებელს და აამაღლოთ თქვენი რიჩი (მიღწევადობა).

ლაივ ვიდეოები თქვენი ბრენდის სთორის ადგილას ჩნდება. მისი დამთავრებისას კი შეგიძლიათ, ის გააქროთ ან დატოვოთ ის ხელმისაწვდომი 24 საათის განმავლობაში, რათა ხალხმა კომენტარების დატოვება ან კითხვების დასმა შეძლოს. მისი დამატება IGTV-ზეც შეიძლება. მომხმარებელს ყოველთვის მისდის შეტყობინება, თუ მის მიერ გამოწერილი გვერდი ლაივ ჩართვას იწყებს.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ აუდიტორიის მოცულობა, გამოიყენეთ ლაივ ვიდეო მოგობართან ერთად და ჩაწერეთ ის ერთობლივად. სთხოვეთ ვინმეს თქვენი ინდუსტრიიდან ლაივ ვიდეოს ჩართვა და შემდეგ თქვენი მოწვევა. ვიდეოში ორივე თქვენგანი გაყოფილ ეკრანზე გამოჩნდებით და ერთმანეთის გამომწერებს გაეცნობით.

კოვიდ-19-ის პერიოდში ინსტაგრამის მომხმარებლები ხშირად იყენებდნენ ამ ფუნქციას სხვადასხვა მცირე გადაცემების ჩასაწერად. მაგალითად, design Emergency ყოველკვირეულად უშვებს ლაივ ვიდეოებს საკუთარ მეგობრებთან ერთად დიზაინის სამყაროდან.

  1. სცადეთ IGTV სერიები

მართალია, ჩვენ მიერ ზემოთ აღნიშნული სერიები ინსტაგრამის ლაივ ვიდეოს სახით იპოსტება, თუმცა მათი გაშვება IGTV-ზეც არის შესაძლებელი.

IGTV ვიდეოების ხანგრძლივობა შესაძლოა ერთი საათიც კი იყოს, რაც საშუალებას გაძლევთ, კონკრეტულ საკითხზე დეტალურად ისაუბროთ. ასევე შეგიძლიათ, შექმნათ სერიები, რომლებიც მომხმარებელს უბიძგებს თქვენი გვერდის გამოწერისკენ, რათა განაგრძონ ამ სერიების ყურება და მიიღონ სრული ინფორმაცია.

IGTV პოსტების მოცულობა ოთხჯერ უფრო დიდია აღმოჩენის გრაფაში, ვიდრე ჩვეულებრივი ფოტოების, ამიტომ ხალხისთვის თქვენი აღმოჩენა უფრო მარტივი ხდება.

მაგალითად, @hootsuite-მა შეიმუშავა IGTV სერიები, სახელად Fridge-Worthy, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და პრესტიჟულ სოციალურ მედია დაჯილდოვებას ეხება, სადაც ბრენდები საკუთარი უნიკალური პოსტებით ფასდებიან.

  1. შექმენით AR ფილტრი

AR ფილტრები ინსტაგრამის სთორის ფოტოების ეფექტებია, რომლებსაც ინსტაგრამერები ძალიან ხშირად იყენებენ საკუთარი მობილურებიდან. ფოტოები კურდღლის ყურებით? ასეთი ფილტრები სწორედაც რომ AR ფილტრებია.

დღეს უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ასეთი ფილტრების გამოყენება. ალბათ გაინტერესებთ, როგორ გეხმარებათ AR ფილტრები მეტი გამომწერების მოზიდვაში. როდესაც ვინმე თქვენ მიერ შექნილ ფილტრებს იყენებს, თქვენი გვერდის სახელი ზედა მარცხენა კუთხეში ჩნდება. მასზე გადასვლა ყველას შეუძლია, რაც შესაბამისად ახალი მნახველების მოზიდვის წყაროა.

  1. დაპოსტეთ თანმიმდევრულად

თქვენს არსებულ გამომწერებს სურთ, თქვენი კონტენტი იხილონ. ეს არის მიზეზი, რატომაც ისინი თქვენს გვერდს იწერენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც ადამიანი თქვენს პოსტს ეხმაურება ნებისმიერი სახით, ასეთი გაზრდილი ჩართულობა ინსტაგრამის ალგორთმის მოხიბვლაში გეხმარებათ. შესაბამისად, არსებული მომხმარებლისთვის რაიმე ინტერაქციული კონტენტის შეთავაზებას შეუძლია, ახალი გამომწერებიც მოგიყვანოთ.

რამდენად ხშირად უნდა პოსტოთ? კვლევების თანახმად, ყოველდღიურად პოსტის გამოქვეყნებას შეუძლია, ოთხჯერ უფრო სწრაფად გაზარდოს თქვენი გვერდი, ვიდრე კვირაში ერთხელ დაპოსტვას.

  1. დაპოსტეთ სწორ დროს

როგორც მოგეხსენებათ, ინსტაგრამი ალგორითმს იყენებს და უბრალოდ ქრონოლოგიას არ მიჰყვება. თუმცა, დრო მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ალგორითმის ყურადღების ცენტრში ექცევა.

კვლევების თანახმად, ინსტაგრამზე საუკეთესო დრო დასაპოსტად ოთხშაბათი და პარასკევია, დილის 12 საათამდე ან 16:00-17:00 საათამდე შუალედი. (უფრო დეტალურად იხილეთ აქ).  თუმცა შესაძლებელია, თქვენს სამიზნე აუდიტორიას განსხვავებული მახასიათებლები ჰქონდეს, ვინაიდან თითოეული ინდუსტრია სპეციფიკურია.

უმჯობესია, თუ სხვადასხვა დროის მოსინჯვას დაიწყებთ და თქვენთვის ოპტიმალურ დროს მიაკვლევთ. თუ საცალო ვაჭრობის ბრენდს ფლობთ, მაშინ შესაძლოა, ლანჩის პერიოდში დაპოსტვა იყოს თქვენთვის საუკეთესო დრო.

  1. შეადგინეთ პოსტებისა და სთორების განრიგი

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ვერ ახერხებთ კონკრეტული დროისთვის კონკრეტული პოსტის გამოქვეყნებას. შესაძლოა, დილით ძალიან ადრე ან საღამოს ისეთ დროს გიწევდათ დაპოსტვა, როდესაც ინსტაგრამზე შესვლას ვერ ახერხებდით. ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად არსებობს სპეციალური პლატფორმები, რომლებიც სოციალური მედია კალენდარის შედგენაში გეხმარებათ.

თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი დღე და საათი, თუ როდის გსურთ პოსტის გამოქვეყნება და პლატფორმა ამას თქვენს მაგივრად გააკეთებს. ამისათვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ისეთი აპლიკაციები, როგორიც არის hootsuite, Later ან სხვა პლატფორმები.

  1. გამართეთ კონკურსები

ინსტაგრამზე კონკუსების გამართვა დაგეხმარებათ, მარტივად მოიპოვოთ ახალი გამომწერები, თუ კონკურსის პირობები ადამიანებს თქვენი გვერდის გამოწერას და ფოტოზე რამდენიმე მეგობრის მონიშვნას სთხოვს. ასეთ მეთოდს იყენებს @hotelcasa_amsterdam.

მათ მიერ მონიშნული მეგობრებიც ნახავენ თქვენს პოსტს და შესაძლოა, მათაც გადაწყვიტონ კონკურსში ჩაბმა.

მოუწოდოთ მომხმარებელს, შექმნან კონტენტი თქვენთვის, შესანიშნავი გზაა უფრო მეტ ადამიანთან დასაკავშირებლად. ადამიანები შეიტყობენ თქვენი კონკურსის შესახებ მათივე მეგობრებისგან, რაც ეფექტური გზაა ახალი გამომწერების ნდობის მოსაპოვებლად.

  1. განიხილეთ რეკლამირება ინსტაგრამზე

მართალია, ეს არ არის უფასო გზა გამომწერების მოსაპოვებლად, თუმცა ინსტაგრამის რეკლამები საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ახალ გამომწერებთან დასკავშირებლად.

გამომწერების ყიდვისგან განსხვავებით, ეს სრულიად ლეგალური და ეფექტური მეთოდია, რომელიც მცირე ინვესტიციის საშუალებით სწრაფად და მარტივად მოგაპოვებინებთ გამომწერებს.

მონიშნეთ აუდიტორია ლოკაციის, დემოგრაფიის, მათი ინტერესებისა და ქცევების მიხედვით. ასევე შეგიძლიათ, არსებული მომხმარებლების მსგავსი აუდიტორიაც შექმნათ.

გარდა სიახლეების კედლისა, რეკლამირება ინსტაგრამის სთორის საშუალებითაც შეგიძლიათ და ასევე აღმოჩენის სექციითაც.

  1. ისწავლეთ ინსტაგრამის Insight-დან.

ინსტაგრამის ანალიტიკური ხელსაწყოები მოგაწვდით მონაცემებს თითოეული პოსტის რიჩის, ჩართულობის, მოწონებების, ჩვენებების და რეიტინგების შესახებ. ასევე აქ ნახავთ თქვენი გამომწერების დემოგრაფიულ მახასიათებლებსაც, მათი სქესის, ასაკისა და საცხვორებლის ჩათვლით.

ამ ინფორმაციის რეგულარულად გადამოწმება დაგეხმარებათ ისეთი არეალებისა და პრობლემების პოვნაში, რომლებიც თქვენი სტრატეგიას გააუმჯობესებს.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის ის, თუ რა დროს არიან თქვენი მომხმარებლები ინსტაგრამზე, რათა სწორედ ამ დროს მიაწოდოთ მათ კონტენტი და მაქსიმალურად აამაღლოთ ჩართულობა. შეგიძლიათ, არაერთი სოციალური მედიის სამართავი ხელსაწყო გამოიყენოთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციასა და მონაცემებს მოგაწვდით.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვიზიდოთ პირველი ან შემდეგი 1,000 მიმდევარი ინსტაგრამზე?

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტები: ყველაფერი, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

როგორ მოვიპოვოთ ინსტაგრამ მიმდევრები უფასოდ: 8 მეთოდი, რომელიც 2021 წელს უნდა გამოიყენოთ

 

 

ეფილიეიტ მარკეტინგი