რა არის Facebook Pixel  და როგორ ჩავაშენოთ ის ჩვენს ვებ-გვერდზე

მაისი 11, 2021

რა არის Facebook Pixel და როგორ ჩავაშენოთ ის ჩვენს ვებ-გვერდზე

რას ეწოდება და როგორ მუშაობს Facebook პიქსელი?

თუ თქვენი ბიზნესი ფეისბუქის რეკლამებს იყენებს, მაშინ არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო, რომელსაც აუცილებლად უნდა იყენებდეთ სარეკლამო ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის - Facebook პიქსელი.

სოციალური მედია რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა მისი ტესტირების, მონიტორინგისა და თარგეთირებისთვის შესაძლებლობაა. ფეისბუქის პიქსელი არის მონაცემების შემგროვებელი ხელსაწყო, რომელიც გეხმარებათ, თქვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ რეკლამებისგან მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.

თუკი უკვე იყენებთ, ან გეგმავთ ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამების გამოყენებას, მაშინ ფეისბუქის პიქსელი თქვენთვის აუცილებელია. განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ, როგორ გამოიყენება ის და რა გავლენას მოახდენს მასზე iOS 14-ის მიმდინარე ცვლილებები.

რას ეწოდება Facebook პიქსელი?

ფეისბუქის პიქსელი არის კოდი, რომელსაც თქვენი ვებ-გვერდის კოდში ათავსებთ. ის აგროვებს მონაცემებს, რომლებიც გეხმარებათ რეკლამებიდან მიღებული კონვერსიების მონიტორინგში, რეკლამების ოპტიმიზაციაში, თარგეთირებული აუდიტორიების შექმნასა და რემარკეტინგში.

როგორ მუშაობს Facebook პიქსელი?

ფეისბუქის პიქსელი იყენებს საიტზე არსებულ მომხმარებელთა ინფორმაციას - „cookies”, რათა შემდგომ მათი მონიტორინგი და რეთარგეთირება მოახდინოს როგორც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ასევე მათ გარეთ.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ინსტაგრამის მაღაზიაში უბრალოდ ინტერესიდან გამომდინარე, ეძებთ აბაზანის ინვენტარს, მაგალითად ხალიჩას. დავუშვათ, თქვენ გადაიტანეთ კონკრეტული პროდუქტი კალათაში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანეთ და შემდეგ ის საერთოდ გადაგავიწყდათ.

შემდეგ ჯერზე კი, როდესაც ინსტაგრამს გახსნით, რეკლამის სახით შემდეგი “Story” გამოგიჩნდებათ.

­­

 

ხოლო შემდეგ ჯერზე, როდესაც ფეისბუქს გახსნით ლეპტოპში, ნახავთ მათივე რეკლამას:

სწორედ ამას ეწოდება რეთარგეთირება. მარკეტოლოგებისთვის ეს იდეალური შესაძლებლობაა მომხმარებლებისთვის თავის შესახსენებლად, რათა ისინი დაუბრუნდნენ საიტს და განაგრძონ მათ მიერ დაწყებული შესყიდვის პროცესი.

რემარკეტინგი ფეისბუქ პიქსელის ერთადერთი ფუნქცია არ არის. ის არანაკლებ მნიშვნელოვანია მონიტორინგის, ანალიტიკისა და რეკლამის საერთო ოპტიმიზიაციისთვის.

პიქსელი ადამიანთა სხვადასხვა მოქმედებებს აკვირდება ვებ-გვერდზე, მაგალითად პროდუქტის შესყიდვა ან კალათაში რაიმეს დამატება. ასეთ მოვლენებს ფეისბუქი „events” - მოქმედებებს უწოდებს.

Facebook პიქსელის სტანდარტული მოქმედებები

ფეისბუქ პიქსელის 17 სტანდარტულ მოქმედებას მიეკუთვნება:

  • შეძენა: მომხმარებელი ასრულებს პროდუქციის შეძენის პროცესს ვებ-გვერდზე.
  • ლიდი: მაგ. მომხმარებელი რეგისტრირდება უფასო საცდელი ვერსიისთვის.
  • დასრულებული რეგისტრაცია: ადამიანი ასრულებს სარეგისტრაციო ფორმას თქვენს საიტზე, მაგალითად სიახლეების გამოსაწერად.
  • გადახდის მეთოდის დამატება: ადამიანს შეჰყავს საკუთარი გადახდის მონაცემები საიტზე შესყიდვის განსახორციელებლად.
  • კალათაში დამატება: მომხმარებელი ამატებს პროდუქტს საკუთარ კალათაში.
  • სასურველ ნივთებში დამატება: მომხმარებელი ამატებს პროდუქციას სასურველ ნივთებში.
  • განაღდების დაწყება: იწყებს განაღდების პროცესს, რათა საიტიდან პროდუქცია შეიძინოს.
  • ძიება: ვიღაც იყენებს ძიების ფუნქციას, რათა თქვენს საიტზე მოძებნოს რაიმე.
  • კონტენტის ნახვა: მომხმარებელი გადმოდის კონკრეტულ გვერდზე.
  • კონტაქტი: გიკავშირდებათ მომხმარებელი.
  • პერსონალიზებული პროდუქტი: მომხმარებელი ირჩევს პროდუქტის სპეციფიურ, პერსონალიზებულ ვერსიას, მაგალითად სასურველ ფერს.
  • დონაცია: მომხმარებელი ასრულებს დონაციას.
  • ადგილმდებარეობის მოძებნა: მომხმარებელი ცდილობს, თქვენი ბიზნესის ფიზიკური ადგილსამყოფელი დაადგინოს.
  • კალენდარი: ადამიანი ნიშნავს შეხვედრას თქვენთან.
  • საცდელი ვერსიის დაწყება: მომხმარებელი რეგისტრირდება უფასო ვერსიისთვის.
  • განაცხადის დადასტურება: ადამიანი აკეთებს განაცხადს თქვენი პროდუქტის, მომსახურებისა თუ პროგრამისთვის.
  • გამოწერა: მომხმარებელი იწერს თქვენს ფასიან პროდუქტს ან მომსახურებას.

ჩამოთვლილ სტანდარტულ მოქმედებებს შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი მოქმედებებიც დაუმატოთ, თუმცა კოდის მცირედი ცვლილების ხარჯზე. ეს საშუალებას გაძლევთ, სტანდარტული მოქმედებები თქვენს ბიზნესს მოარგოთ. მაგალითად შესაძლოა შეცვალოთ:

  • რა ღირს კონვერსიის მოქმედება
  • ვალუტა
  • კონტენტის ტიპი
  • ნავარაუდები გრძელვადიანი ღირებულება

მაგალითად, პიქსელის გამოყენება შეგიძლიათ თქვენს ვებ-გვერდზე კონკრეტული კატეგორიის ნახვების დასათვლელად, ნაცვლად ყველა ნახვის დათვლისა. შესაძლოა, გსურდეთ ძაღლისა და კატის მფლობელების განცალკევება იმაზე დაყრდნობით, თუ რომელ გვერდზე შევიდნენ ისინი საიტზე.

Facebook პიქსელი და iOS 14.5

მიმდინარე ცვლილებების ფონზე ფეისბუქ პიქსელის გარკვეული ფუნქციონალი გათიშული და უუნარო იქნება. თუმცა, სანამ თავს პანიკის უფლებას მისცემდეთ, გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელთა მხოლოდ 14.7% მოიხმარს ფეისბუქს iOS მოწყობილობით.

თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული ცვლილებები და მოთხოვნები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მარკეტოლოგებზე. ერთ-ერთი ცვლილება იქნება ის, რომ მარკეტოლოგებს შეეძლებათ მხოლოდ სტანდარტული მოქმედებისა და კონვერსიის ტიპის განსაზღვრა.

მაგრამ აშკარაა, რომ რეკლამის შემქმნელებს ნადვილად მოუწევთ საკუთარი მიდგომების შეცვლა ფეისბუქ პიქსელის გამოყენებისას.

ფეისბუქ პიქსელის ჩაშენება

ახლა, როდესაც უკვე იცით, რისი თრექინგი შეგიძლიათ და რატომ უნდა გააკეთოთ ეს, დროა ფეისბუქ პიქსელის შექმნა და მისი გამართვა ისწავლოთ.

#1 ეტაპი: ფეისბუქ პიქსელის შექმნა

  1. თქვენი Facebook Events Manager-დან, მენიუს მარცხენა მხარეს მონიშნეთ „Connect to Data Sources” და შემდეგ აირჩიეთ ვები. დააწექით დაწყებას და განაგრძეთ.

  1. აირჩიეთ ფეისბუქ პიქსელი და განაგრძეთ.

შეურჩიეთ სახელი თქვენს ფეისბუქ პიქსელს და დააწექით გაგრძელებას.

სახელის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ივენთ მენეჯერის გამოყენებისას, თითო ანგარიშისთვის მხოლოდ ერთი პიქსელის შექმნა შეგიძლიათ. სახელი თქვენს ბიზნესს უნდა ასახავდეს და არა რაიმე კონკრეტულ კამპანიას.

თუ ერთზე მეტი პიქსელის შექმნა გსურთ, ამის განხორციელება Facebook Business Manager-ის დახმარებით არის შესაძლებელი.

#2 ეტაპი: დაამატეთ ფეისბუქ პიქსელის კოდი თქვენს ვებ-გვერდზე

იმისათვის, რომ პიქსელმა თქვენთვის სასურველი ინფორმაციის შეგროვება დაიწყოს, საჭიროა მისი ვებ-გვერდის კოდთან ინტეგრირება.

ამის რამდენიმე გზა არსებობს, რაც დამოკიდებულია თქვენ მიერ გამოყენებულ ვებ-გვერდსა და პლატფორმაზე.

  • თუ თქვენ ფეისბუქთან ინტეგრირებულ რომელიმე პარტნიორს იყენებთ, მაგალითად WordPress ან SquareSpace, მაშინ აირჩიეთ „Use a Partner Integration.” შემდეგ კი მიჰყევით ჩამოთვლილ საფეხურს, რათა თქვენი პიქსელი ყველანაირი კოდის გამოყენების გარეშე დაუკავშიროთ საიტს.
  • იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერთან ერთად მუშაობთ, ან გყავთ ისეთი ადამიანი, რომელიც საიტის კოდის გადაკეთებაში დაგეხმარებათ, აირჩიეთ იმეილ ინსტრუქციების გაგზავნა, რომელიც თქვენს დეველოპერს ყველა საჭირო ინსტრუქციას გაუგზავნის.
  • თუ არც ერთი შემთხვევა ჩანს თქვენთვის შესაფერისი, მაშინ მოგიწევთ პიქსელის კოდი თქვენს ვებ-გვერდზე გადაიტანოთ. სწორედ ამას გასწავლით ახალ ჩვენ.
  1. აირჩიეთ Install Code manually”.
  2. შემდეგ დააკოპირეთ კოდი სპეციალური ღილაკის დახმარებით:
  3. გადაიტანეთ კოდი თქვენი საიტის სათაურში „header code” – „</head>tag’-მდე. ამის გაკეთება საიტის თითოეული გვერდისთვის მოგიწევთ. შემდეგ განაგრძეთ პროცესი.
  4. აირჩიეთ, გსურთ თუ არა ავტომატური შეთავსების გამოყენება. ეს ფუნქცია თქვენს მომხმარებელთა მონაცემებს აკავშირებს მათ ფეისბუქ პროფილებთან, რაც საშუალებას გაძლევთ, კონვერსიებზე დაკვირვება უფრო ზუსტი გახადოთ და შექმნათ უფრო მსვილი პერსონალური აუდიტორიები. მონიშნეთ სასურველი ფუნქცია და დააწექით გაგრძელებას.

#3 ეტაპი: შექმენით Facebook პიქსელის მოქმედებები

  1. დააწექით „Open Event Setup Tool” ღილაკს, რომელსაც სურათზე ხედავთ.

აირჩიეთ თქვენი ფეისბუქ პიქსელის ID, გადადით პარამეტრებში და ჩამოყევით ქვევით მოქმედებების შესაქმნელი ხელსაწყოს გასახსნელად.

  1. შეიყვანეთ თქვენი ბმული და დააწექით ვებ-გვერდის გახსნას - “Open Website.”


  1. ფეისბუქი წარმოგიდგენთ რეკომენდებულ მოქმედებებს. აირჩიეთ თითოეული მათგანის გასწვრივ არსებული ღილაკით მათი მიმოხილვა და შემდეგ დაადასტურეთ ის შესანახად ან უარყავით. დაასრულეთ მოქმედებების შერჩევა და განაგრძეთ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ პიქსელის ჩაშენების პროცესის გაწყვეტაც შესაძლებელია და ყოველთვის შეძლებთ, გააგრძელოთ იმ ეტაპიდან, რომელზეც გაჩერდით.

#4 ეტაპი: დარწმუნდით, რომ თქვენი პიქსელი გამართულად მუშაობს - Facebook Pixel helper-ის დახმარებით

მანამ, სანამ პიქსელის მიერ აღმოჩენილ ინფორმაციას გამოიყენებდეთ, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებს.

  1. დაამატეთ Facebook Pixel helper თქვენი გუგლის ბრაუზერში „extension”-ის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ის მხოლოდ Google Chrome ბრაუზერისთვის მუშაობს.

  1. ეწვიეთ საიტს, რომელშიც თქვენი პიქსელი ჩააშენეთ. სპეციალური ფანჯარა გიჩვენებთ, თუ რამდენი პიქსელი ფიქსირდება ამ კონკრეტულ გვერდზე. ის ასევე გეტყვით, თუ რამდენად გამართულად და სწორად მუშაობს პიქსელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფანჯარა აღმოჩენილ შეცდომებს გაჩვენებთ, რათა შემდგომი კორექტირება შეძლოთ.

#5 ეტაპი: დაურთეთ გაფრთხილება საიტზე Facebook პიქსელის გამოყენების შესახებ

ფეისბუქის წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელს ამცნოთ მათი მონაცემების შეგროვების შესახებ.

ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს უნდა ეცნობოს თქვენ მიერ პიქსელის გამოყენების შესახებ. მნახველები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საიტი მათ მონაცემებს ინახავს და იყენებს „cookies”-ების ან სხვა მეთოდების საშუალებით. აუცილებელია, რომ მათ ასევე გააჩნდეთ ნების დართვის უფლება და იცოდნენ, როგორ შეეძლებათ თქვენ მიერ მათი მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების უფლების შეწყვეტა.

რატომ უნდა გქონდეთ Facebook პიქსელი?

ზრდის სარეკლამო კამპანიის ROI-ს (უკუგება ინვესტიციიდან)

ფეისბუქ პიქსელის მონაცემები უზრუნველყოფს, რომ თქვენი რეკლამა ისეთმა ადამიანებმა ნახონ, რომელთა მომხმარებლად ქცევაც უფრო მეტად არის შესაძლებელი. ეს კი გაძლევთ საშუალებას, გაზარდოთ თქვენი სარკელამო ხარჯების ეფექტიანობა, მიიღოთ უკეთესი ROI და გაზარდოთ კონვერსიის მაჩვენებელი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერ არ იყენებთ ფეისბუქის და ინსტაგრამის რეკლამებს, პიქსელი მაინც უნდა ჩააშენოთ. ის მონაცემების შეგროვებას შექმნის მომენტიდან დაიწყებს და სამომავლოდ, როდესაც რეკლამის გამოყენებას დაიწყებთ, ყველაფრის ნულიდან დაწყება აღარ მოგიწევთ.

გამოიყენებთ ფეისბუქის კონვერსიის მონიტორინგს

ფეისბუქ პიქსელი საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, თუ როგორ იქცევა მომხმარებელი თქვენს საიტზე ფეისბუქ რეკლამის ნახვის შემდეგ.

გარდა ამისა, მისი ფუნქციონალი სხვადასხვა მოწყობილობებზეც ვრცელდება. სწორედ ამიტომ ნახავდით ლეპტოპში იმავე რეკლამას, რასაც მობილურში (ეხება დასაწყისში განხილულ მაგალითს).

პიქსელი საშუალებას მოგცემთ, შეიტყოთ გადადის თუ არა მობილურიდან დესკტოპ მოწყობილობაზე შესყიდვის განსახორციელებლად ან პირიქით. აღნიშნული ინფორმაცია დაგეხმარებათ სარეკლამო სტრატეგიის დახვეწასა და ინვესტიციიდან მეტი სარგებლის მიღებაში.

მართალია, ამ ფუნქციაზე გავლენას მოახდენს iOS 14.5 განახლება, თუმცა ფეისბუქი აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ მარკეტოლოგებმა მაინც მიიღონ კონვერსიების მონიტორინგის შესაძლებლობა - “Aggregated Event Measurement”-ის წყალობით.

თუმცა, იმისათვის რომ კონვერსიის მონიტორიგნი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, საჭიროა თქვენი საიტის დომენის ვერიფიკაცია. გარდა ამისა, კონვერსიის მონიტორინგისთვის მხოლოდ ერთი დომენი უნდა გამოიყენოთ, რადგან ახალი განახლება მრავალი დომენის გამოყენების უფლებას არ მოგცემთ.

გამოიყენებთ ფეისბუქის რეთარგეთირებას

ფეისბუქის რეთარგეთირების მონაცემები და დინამიური რეკლამები საშუალებას გაძლევთ, თქვენს სამიზნე აუდიტორიას, რომლებმაც უკვე გამოთქვეს გარკვეული ინტერესი ბრენდის მიმართ, ან მოინახულეს საიტი, რეთარგეთირების მეშვეობით დაუკავშირდეთ და წარუდგინოთ შესაბამისი რეკლამები.

მაგალითად, მომხმარებელს შეგიძლიათ, უჩვენოთ რეკლამა სწორედ იმ პროდუქტის შესახებ, რომელიც მან კალათაში მიატოვა და რომლის შეძენაც არ დაუმთავრებია. მართალია რეთარგეთირების აუდიტორიები შემცირდება iOS განახლებასთან ერთად, თუმცა ის არ გაქრება.

შექმნით მსგავს აუდიტორიებს

ფეისბუქის თარგეთირების მონაცემების დახმარებით შესაძლებლობა გაქვთ, რომ შექმნათ მსგავსი აუდიტორიები, მსგავსი ინტერესებითა და დემოგრაფიული მახასიათებლებით. ეს მსგავსი აუდიტორიები კი შესაძლოა, შექმნილ იქნას თქვენს არსებულ მომხმარებლებზე დაყრდნობით. ასეთი აუდიტორიების შექმნა დაგეხმარებათ, გაზარდოთ პოტენციურ მომხმარებელთა ბაზა.

განახლება, რა თქმა უნდა, ამაზეც მოახდენს გავლენას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ iOS  მომხმარებლების სოციალურ ქსელებში უმრავლესობას არ წარმოადგენენ, ეს გავლენა ძალიან შესამჩნევი არ იქნება და მაინც უამრავი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

შეძლებთ ფეისბუქ რეკლამების ოპტიმიზაციას

ვინაიდან, ფეისბუქი აგროვებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ ვინ ყიდულობს თქვენი საიტიდან და რამდენს ხარჯავს, მას შეუძლია თქვენი სარეკლამო აუდიტორიის ოპტიმიზირება ღირებულების მიხედვით. ეს გულისხმობს, რომ ფეისბუქი ავტომატურად უჩვენებს რეკლამებს ისეთ ადამიანებს, ვისთანაც  პროდუქტის შეძენის ყველაზე მაღალი შანსია.

გააძლიერეთ Facebook პიქსელის მონაცემები Conversions API-ს დახმარებით

იმისათვის, რომ iOS 14.5 განახლებით გამოწვეული დანაკლისი აენაზღაურებინა, ფეისბუქმა წარადგინა Conversions API. თქვენი საიტისა და მობილური ბრაუზერებიდან მონაცემების შეგროვების ნაცვლად, Conversions API მონაცემებს პირდაპირ თქვენი სერვერებიდან აგროვებს.

მისი და ფეისბუქ პიქსელის კომბინირებით, თქვენ წვდომა გექნებათ უფრო ხელჩასაჭიდ მონაცემებზე.

თუკი ფეისბუქის რომელიმე პარტნიორ პლატფორმას იყენებთ, მაგალითად Shopify ან WooCommerce, Conversion API-ს ინტეგრაციას ყოველგვარი კოდის გარეშე შეძლებთ.

  1. Events Manager-ში შესვლისას აირჩიეთ მონაცემთა წყაროები მარცხენა სვეტიდან და გადადით პარამეტრებში.

  1. ჩამოდით ქვევით Conversion API სექციამდე და მონიშნეთ პარტნიორის არჩევა.

აირჩიეთ თქვენი პლატფორმა და მიჰყევით შემდეგ საფეხურებს.

იმ შემთხვევაში, თუ ფეისბუქის რომელიმე პარტნიორ პლატფორმას არ იყენებთ, მოგიწევთ მცირეოდენი კოდის თავად შექმნა, რისთვისაც დეველოპერი აუცილებლად დაგჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ Conversion API-ს შეუძლია ისეთი მონაცემების მოპოვება, რომელსაც ფეისბუქ პიქსელის გამოყენებისას, სავარაუდოდ კარგავთ. მაგალითად, 2020 წლის მიწურულს ერთ-ერთმა კომპანიამ - Lull აღნიშნა, რომ პიქსელი შესყიდვების მოქმედებების დაახლოებით 8%-ს კარგავდა. ხოლო Conversion API-ს ჩაშენების შემდეგ კი ისინი თითქმის 100% მონაცემებს აგროვებდნენ. ასევე შესამჩნევი აღმოჩნდა ხარჯების 12.9%-იანი კლება სარეკლამო კამპანიის ფარგლებში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გადავურჩეთ iOS 14-ის განახლებას?

როგორ მუშაობს Facebook ალგორითმი 2021 წელს

Facebook Analytics ფუნქციონირებას წყვეტს