როგორ გამოვიყენოთ TikTok ბიზნესისთვის

აპრილი 26, 2021

როგორ გამოვიყენოთ TikTok ბიზნესისთვის

TikTok ისეთივია, როგორიც სხვა სოციალური პლატფორმები - ხალხს უნდა გართობა და შთაგონება.

მარკეტინგი უძრავი ქონების ბიზნესს წააგავს - მთავარია ადგილი!

არხები, რომლებსაც თქვენი ბიზნესის გასარეკლამებლად შეარჩევთ, უმთავრეს როლს თამაშობს მის ხილვადობასა და თვალსაჩინოებაზე. როდესაც ისეთ პლატფორმას ხედავთ, რომელსაც მილიონობით რეგულარული მომხმარებელი ჰყავს, ალბათ, ის თქვენს ყურადღებასაც მიიქცევს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც TikTok მარკეტინგი თქვენს არსენალში უნდა შედიოდეს.

სოციალური ქსელი მხოლოდ ამერიკის მასშტაბით 100 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ითვლის ყოველთვიურად და მათი მომხმარებელთა 60% წარმოადგენს 16-24 წლამდე ახალგაზრდებს. შესაბამისად, თუ ეს თქვენს აუდიტორიასაც შეესაბამება, მაშინ ტიკტოკის ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშვებისთვის ახლა საუკეთესო დროა.

უპირველესად, დამატებითი სტატისტიკები.

აქ ნახავთ რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებლებს, თუ რატომ ღირს ტიკტოკის გამოყენება თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაში:

  • ის მსოფლიოს სოციალურ ქსელებში მე-6 ადგილზეა.
  • 2020 წელს, Apple Store-ში ის გადმოწერებით პირველ ადგილზე იყო.
  • ის ინფლუენსერთა მოედანია.
  • ტიკტოკერები დღეში დაახლოებით 40 წუთს ხარჯავენ პლატფორმაზე.
  • ჰეშთგები მუშაობს - ტიკტოკერთა 35% მონაწილეობას იღებს ჰეშთეგ შეჯიბრებში.

ამ რიცხვებიდან გამომდინარეც დარწმუნდებოდით, რომ პლატფორმა უამრავ ადამიანს მოსწონს და მას ბრენდებიც უკვე აქტიურად იყენებენ თაობა Z-თან დასაკავშირებლად. ამასთანავე, თუ უკვე მუშაობთ ან გიმუშავიათ ინფლუენსერებთან ერთად, მაშინ თქვენთვის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტია.

როგორ ტაქტიკებს იყენებენ ბრენდები TikTok პლატფორმაზე?

TikTok ისეთივია, როგორიც სხვა სოციალური პლატფორმები - ხალხს უნდა გართობა და შთაგონება. ხარისხიანი კონტენტით შეძლებთ, მიიზიდოთ მომხმარებლის ყურადღება, გამომწერები და პოტენციური მომხმარებლები თქვენი ბრენდისთვის. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ ტიკტოკის მარკეტინგის სტრატეგიებს, რომლებიც შესაძლოა თქვენს ბრენდსაც მოარგოთ.

ჰეშთეგ კონკურსები

ყველა კარგად ვიცნობთ ჰეშთეგების ძალას. ვიცით, რომ ის მუშაობს და ეფექტურია, შესაბამისად, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის ტიკტოკის მარკეტინგულ ხრიკებთან ერთად? თანაც, ისინი პლატფორმაზე უკვე ძალიან პოპულარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი მუდმივად ელის ახალ გამოწვევას. სასიხარულო ფაქტია ისიც, რომ ტიკტოკი ჰეშთეგების დასპონსორების საშუალებასაც იძლევა, რაც დამწყებებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, მოიზიდონ მეტი მონაწილეები.

ბრენდირებული კონტენტი

თუ ფიქრობთ, რომ TikTok-ზე სხვადასხვა სახის რეკლამებს გაუშვებთ, განსხვავებული თემატიკითა და სპეციფიკით, მაშინ ცოტა ხნით შეჩერდით და უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე დაფიქრდით. გახსოვდეთ, რომ ტიკტოკი თავდაპირველად შეიქმნა, როგორც Musica.ly - პლატფორმა, სადაც მომხმარებლები თავის რჩეულ სიმღერებზე ცეკვავდნენ. თემატიკა დღესაც მსგავსია, თუმცა გამრავალფეროვნდა კონტენტის სახეობები.

პირველ რიგში, საჭიროა თქვენი სანდოობისა და ავტორიტეტულობის მოპოვება, რასაც გასართობი ან საგანმანათლებლო კონტენტის საშუალებით შეძლებთ. შემდგომ უკვე შეძლებთ გარკვეული ბრენდირებული კონტენტიც შემოიტანოთ, როგორიც არის ვიდეო, სადაც ადამიანი თქვენს პროდუქტს იყენებს.

TikTok Ads

სოციალური მედია რეკლამები ბრენდებს ეხმარება, ის უფრო თვალსაჩინო გახადოს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს მის შესახებ. მისი გამოყენება შეგიძლიათ კონტენტისა და პროდუქტის გარეკლამებისთვის. ტიკტოკზე რეკლამის სამი სხვადასხვა სახეობა არსებობს:

  1. ჰეშთეგების საკონკურსო რეკლამა: ბანერული რეკლამა, რომელსაც მომხმარებელი თქვენს გვერდზე გადაჰყავს და უხსნის წესებს.
  2. რეკლამა სიახლეების კედლისთვის: ტრადიციული რეკლამა, რომელიც თქვენს პროდუქტთან ან ლენდინგ გვერდთან არის დაკავშირებული.
  3. ბრენდირებული რეკლამა: სხვადასხვა რეკლამათა სახეობების ერთობა (სურათები, ვიდეო, GIF), რომელიც თქვენს ლენდინგ გვერდს ან ჰეშთეგ კონკურსს უკავშირდება.

როგორც ჩანს, ეს რეკლამა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს - 2019 წელს, ტიკტოკის სარეკლამო შემოსავლები $176.9 მილიონს შეადგენდა.

შთამბეჭდავი ვიდეოები

ტიკტოკი ვიდეო პლატფორმაა, შესაბამისად სავსებით ლოგიკური იქნება, თუ თქვენს სტრატეგიას შთამბეჭდავი ვიდეო კონტენტის შექმნისაკენ მიმართავთ. მთავარი მიზანი არის მათი ვიზუალურად დახვეწა. მაგალითად, თუ თქვენ Halloween კოსტუმებს ყიდით, შეგიძლიათ შექმნათ ვიდეო, სადაც ადამიანები თქვენს კოსტუმებში გამოწყობილები ცეკვავენ. შესაძლოა შორსაც წახვიდეთ და საკუთარი სიმღერაც კი შექმნათ.

ვიდეოსთვის შესაძლოა განსხვავებული თემატიკები გქონდეთ, რაც დამოკიდებულია თქვენი პროდუქციის მრავალფეროვნებაზეც. უბრალოდ დარწმუნდთ, რომ ყველა თქვენს ვიდეოს შესაბამისი აღწერაც გააჩნია.

გონივრულად გამოიყენეთ ჰეშთეგები

როგორც ყველა სხვა სოციალურ მედია ქსელში, აქაც გჭირდებათ სწორი ჰეშთეგების გამოყენება, რათა თქვენი პოსტების ტრაფიკი მაქსიმალურად გაზარდოთ. ამისათვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას საძიებო ველის გამოყენება წარმოადგენს. დაწერეთ რელევანტური სიტყვა და შემდეგ დააწექით „ჰეშთეგებს“, რათა ნახოთ რა არის ტრენდული. იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი და დაამატეთ ისინი თქვენს ტიკტოკ პოსტს, რათა მომხმარებელს მისი პოვნა გაუმარტივდეს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ გადატვირთოთ თქვენი პოსტი ბევრი ჰეშთეგით - ეცადეთ მაქსიმუმ 10 გამოიყენოთ.

ტიკტოკ ინფლუენსერებთან მუშაობა

საბედნიეროდ, არ არის აუცილებელი ისეთი ინფლუენსერების მოძებნა, რომლებსაც 10+ მილიონი გამომწერი ჰყავთ. არსებობენ მიკრო ინფლუენსერებიც, რომლებთან თანამშრომლობაც შეგიძლიათ.

გარდა ამისა, ყოველთვის უნდა ეცადოთ ისეთ ინფლუენსერებთან იმუშავოთ, რომლებიც უფრო ბუნებრივები არიან და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობა აქვთ. ასეთი აუდიტორიის კონვერტაცია გაცილებით იოლია. ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეხმარებათ რეპუტაციისა და გამომწერების სწრაფად გაზრდაში. მთავარია, ისინი თქვენს აუდიტორიას შეესაბამებოდნენ.

ჩართულობა

TikTok ვიდეოების შექნის შემდეგ ნუ დაივიწყებთ მათ არსებობას. დაუბრუნდით მათ და შეამოწმეთ კომენტარები. ასევე კარგი იდეაა, თუ სხვის კონტენტზე დააკომენტარებთ და დიალოგს გამართავთ. შემდეგ, თუ მომხმარებელი თქვენს კომენტარს მოიწონებს ან გონივრულად ჩათვლის, შესაძლოა თქვენი გვერდიც მოინახულონ. აკეთეთ ეს რეგულარულად და შეძლებთ კავშირები უფრო სწრაფად გაამყაროთ.

პოსტეთ რეგულარულად

მარტივია - რაც უფრო ხშირად დაპოსტავთ, მით უფრო მეტი შანსია, რომ მომხმარებელმა თქვენ შესახებ შეიტყოს. ეს თითქის ყველა სოციალური პლატფორმის ფორმულაა. ადამიანებს მოსწონთ ისეთი ტიკტოკერების არხების გამოწერა, რომლებიც მათ მუმდივად სახალისო და გასართობ კონტენტს სთავაზობს. შესაბამისად, დარწმუნდით, რომ ყოველკვირეულად რამდენიმე ვიდეოს მაინც პოსტავთ.

TikTok ეფექტები

TikTok-ს უამრავი მომხმარებელი ჰყავს და მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ხარისხიან კონტენტს ქმნიან. ამიტომ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გახდეთ გამორჩეული. ერთ-ერთი მეთოდი ტიკტოკის ეფექტების გამოყენებაა. მისი გამოყენება უკანა ფონის ჩასანაცვლებლად შეგიძლიათ (როგორც მწვანე ეკრანი). ეს სხვადასხვა კატეგორიებში ერთიანდება, როგორიც არის სილამაზე, გართობა, ცხოველები და ა.შ.

ჯვარედინი რეკლამირება

როგორც წესი, ტიკტოების ვიდეოები შეზღუდულია ხანგრძლივობაში და ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ, რომ მოკლე ვიდეოები ჩაწეროთ. თუმცა, ამას ნუ დაჯერდებით და იზრუნეთ თქვენი ტიკტოკის სხვადასხვა პლატფორმებზე გარეკლამებაზეც, მაგალითად ინსტაგრამზე. რეალურად, ძალიან ბევრი ვიდეო, რომელსაც ინსტაგრამის რილსზე ხედავთ, ტიკტოკიდან არის გადატანილი. ასევე შეგიძლიათ, თქვენი კონტენტი „Story“-ის საშუალებითაც გაავრცელოთ. თუ 10 000-ზე მეტ გამომწერს ფლობთ ინსტაგრამზე, მაშინ შეძლებთ სპეციალური CTA ღილაკიც გამოიყენოთ, მაგალითად “Swipe Up”, რათა მომხმარებელი თქვენს ტიკტოკ არხზე გადაიყვანოთ.

TikTok Analytics

ძალიან კარგი იქნება, თუ ტიკტოკის პრემიუმ ანგარიშსაც გაააქტიურებთ, რადგან მისი დახმარებით ანალიტიკურ მონაცემებზეც მიიღებთ წვდომას. ამგვარად, შეძლებთ, დააკვირდეთ თქვენი პოსტების ეფექტურობას 7 ან 28-დღიან პერიოდებში. სტატისტიკები მოიცავს გამომწერთა რიცხვს, ნახვებს, სქესს, გამომწერთა ადგილმდებარეობებს და იმ ვიდეოების ჩამონათვალსაც, რომლებსაც თქვენმა გამომწერებმა უყურეს. გამოიყენეთ ეს მონაცემები კონტენტის იდეების გენერირებისა და ახალი გამომწერების მოსაზიდად.

TikTok მარკეტინგის შესანიშნავი კამპანიები

ახლა, როდესაც უკეთესი წარმოდგენა გაქვთ, თუ როგორ გამოიყენოთ ტიკტოკი, დროა შევხედოთ წარმატებული ბრენდების წარმატებულ კამპანიებს.

GUESS ჩელენჯი გახდა პირველი ბრენდირებული კონტენტი ამერიკის მასშტაბით

გასაკვირი არ არის, რომ მოდის სფეროში მოღვაწე ბრენდი გახდა ტიკტოკის დებიუტანტი ამერიკულ ბრენდებს შორის. Guess ტიკტოკთან ჯერ კიდევ 2018 წელს პარტნიორობდა - #InMyDenim ჩელენჯში.

რა თქმა უნდა, მათ საკუთარ კამპანიაში მილიონობით გამომწერის მქონე ინფლუენსერებიც გამოიყენეს. ისეთი ინფლუენსერების, როგორიც არიან @ourfire და @madusin_willow.

 

 

Chipotle-ს დამაჯერებელი ჰეშთეგ კონკურსები

Chipotle ტიკტოკს 2019 წელს შეუერთდა მისი ჩელენჯით - #ChipotleLidFlip. ამ გამოწვევაში ტიკტოკერების დავალება იყო,  Chipotle-ს ალუმინის ქაღალდის შესაფუთზე დაეგდოთ მისი თასი ისე, რომ ის ჰაერში დატრიალებულიყო. ის გარკვეულწილად ბოთლის დატრიალების ჩელენჯსაც წააგავს, რომელიც ხშირად შეგხვდებოდათ სოციალურ ქსელებში.

უამრავი მომხმარებელი ჩერთო ამ გამოწვევაში და არაერთი კრეატიული გზის მოფიქრება სცადეს დავალების შესასრულებლად. ეს იყო ექვს დღიანი კამპანია, რომელმაც 110 ათასი მონაწილე დააგროვა, ხოლო ვიდეოს ყურება დაიწყო 104 მილიონმა ადამიანმა. მან ასევე 315 მილიონი მნახველი დააგროვა ვიდეოებზე, რომლებზეც ჰეშთეგი იყო გამოყენებული.

Zalora იყენებს ჰეშთეგებს, სტიმულებსა და ბრენდირებულ რეკლამებს

Zalora არის  მოდის აზიური ბრენდი ელექტრონული კომერციით, რომელმაც ტიკტოკის უპირატესობები სათავისოდ გამოიყენა. მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ ჰეშთეგ ჩელენჯი საკუთარი მოდის ფესტივალის გასარეკლამებლად, რომელიც სინგაპურში უნდა გამართულიყო.

#ZStyleNow ჩელენჯი ტიკტოკერებს იწვევდა, გამოესახათ „Z“ ნიშანი ხელით, რასაც ჩაცმულობის ცვლილება მოჰყვებოდა.

მიზანი ბრენდის ტანსაცმლის გამოჩენა და მათი მომხმარებლების შესანიშნავი გემოვნების წარმოჩინება იყო. უფრო მეტი ადამიანის მოსაზიდად, მათ გადაწყვიტეს სტიმულად $200 დოლარიანი Zalora-ს ვაუჩერის გაცემა ჩელენჯის გამარჯვებულისთვის. ბრენდი ასევე იყენებდა სხვადასხვა ტიპის რეკლამებს, რაც ტრაფიკის ზრდას და აპლიკაციის ჩამოტვირთვებს იწვევდა.

შედეგი: 991 ათასი ვიდეო ნახვა, 1.1 ათასი მომხმარებლის ვიდეო და 19.75% CTR (რეკლამისთვის).

ჩამოაყალიბეთ თქვენი ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანია TikTok-ზე

უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ტიკტოკი თქვენს დროსა და ძალისხმევას იმსახურებს. სულ მცირე მაშინ, თუ ახალგაზრდა დემოგრაფიის მოზიდვა გსურთ.

თუმცა, იმისათვის რომ კამპანიიდან მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, საჭიროა სოლიდური სტრატეგია. ზემოთ არსებული რჩევების მიხედვით, შეგიძლიათ ხარისხიანი კონტენტი შექმნათ, რომელიც თქვენს მთავარ აუდიტორიას შეესაბამება. მაგრამ თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, გამოიყენეთ თქვენს კამპანიაში ინფლუენსერთა გავლენაც.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი?

ინფლუენსერ მარკეტინგის წარმატებული კამპანიის მაგალითები

ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის