როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია ელექტრონული კომერციისთვის

აპრილი 14, 2021

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია ელექტრონული კომერციისთვის

სოციალური მედია და ელექტრონული კომერცია ერთმანეთის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

სოციალური მედია და ელექტრონული კომერცია ერთმანეთის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

დიდი ხანია, რაც მარკეტოლოგები სოციალურ მედია პლატფორმებს იყენებენ, რათა ელექტრონული კომერციის მომხმარებლებს დაუკავშირდნენ. ამასთანავე, საკმაოდ გონივრული მიზეზების გამო, უფრო და უფრო მეტი ინტერენტ მომხმარებელი იწყებს ონლაინ ვაჭრობას და სოციალური მედიის საშუალებით ბრენდების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

გაგაცნობთ მიმდინარე სტატისტიკებს:

  • 2020 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა 76.8%-მა პროდუქცია ონლაინ შეიძინა.
  • ინტერნეტ მომხმარებელთა 44.8% ბრენდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით იკვლევს.
  • 16-24 წლამდე ადამიანებიდან, ინტერნეტ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი სოციალური მედიის საშუალებით იკვლევს მისთვის საინტერესო ბრენდს.

ძირითად სოციალურ მედია ქსელებს ჩაშენებული აქვთ და უფასოდ გვთავაზობენ სხვადასხვა საშუალებებს რეკლამირებისთვის, გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურებისთვის.

მიმდინარე სტატიაში ვეცდებით, სრულად მიმოვიხილოთ ის მეთოდები და გზები, რომლებითაც შეძლებთ, სოციალური მედია თქვენი ელექტრონული კომერციისთვის გამოიყენოთ. შესაბამისად, თუ ელექტრონული კომერციისთვის ცდილობთ თქვენი სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავებას ან უბრალოდ ახალი იდეები გჭირდებათ, მაშინ საჭირო ადგილას მოხვდით.

რას ნიშნავს ელექტრონული კომერციის სოციალური მედია მარკეტინგი?

ელექტრონული კომერციის სოციალური მედია სტრატეგია მოიცავს იმ ტაქტიკებს, რომლების მეშვეობითაც შეძლებთ თქვენი ელექტრონული კომერციის ბიზნესის რეკლამირებასა და გავრცელებას.

თქვენი მიზნებისა და ბიზნეს მოდელის გათვალისწინებით, სტრატეგია შესაძლოა ორიენტირებული იყოს:

  • ვებ-გვერდისთვის ტრაფიკის მოზიდვაზე
  • სოციალური მედიის საშუალებით პროდუქტის გაყიდვაზე
  • მომხმარებელთან კომუნიკაციაზე, როგორც გაყიდვამდე, ასევე მის შემდეგაც
  • ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე (კონკურენტების შესწავლა, ა.შ.)
  • ან სულაც ყველა მათგანზე ერთდროულად.

ერთი და იგივეა თუ არა ელექტრონული კომერციის სოციალური მედია მარკეტინგი და სოციალური მედია გაყიდვები, ან სოციალური კომერცია?

ელექტრონული კომერციის სოციალური მედია მარკეტინგი გაცილებით ფართო საკითხია და შეიძლება მოიცავდეს როგორც სოციალური კომერციის, ასევე სოციალური მედია გაყიდვების ელემენტებსაც.

დეტალურად განვმარტოთ თითოეული მათგანი:

  • სოციალური კომერცია არის პროდუქციის გაყიდვის პროცესი პირდაპირ სოციალური მედიიდან - ფეისბუქისა და ინსტაგრამის მაღაზიების დახმარებით.
  • სოციალური მედია გაყიდვები ეძებს პოტენციურ მომხმარებელს და მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებით საბოლოოდ, ცდილობს პროდუქტის გაყიდვას.
  • ელექტრონული კომერციის სოციალური მარკეტინგი კი შეიძლება მოიცავდეს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას, რეკლამირებას, მომხმარებელთა მომსახურებას, სოციალურ მოსმენას, კონკურენტულ ანალიზსს, სოციალურ კომერციასა და გაყიდვებს.

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია ელექტრონული კომერციისთვის

აქ გაეცნობით სხვადასხვა გზებს, რომლის საშუალებით სოციალურ მედია მარკეტინგს თქვენი ელექტრონული კომერციის ბიზნესის გასარეკლამებლად და გაყიდვების გასაზრდელად გამოიყენებთ.

ბრენდის ცნობადობის ამაღლება

თუ სულ ახალ მაღაზიას ხსნით ან სრულიად ახალ პროდუქტს ქმნით, პირველ რიგში, მასზე ინფორმაცია უნდა გაავრცელოთ და ინტერესი გამოიწვიოთ და მხოლოდ შემდეგ გაუშვათ რეკლამები გაყიდვებისთვის. თუმცა, მწარე რეალობა ის არის, რომ გაყიდვები იქამდე ვერ გექნებათ, სანამ ადამიანებს თქვენ შესახებ არ გააგებინებთ.

2021 წლისთვის, სოციალური მედია ბრენდებით საკმაოდ გადატვირთულია, თუმცა ახალი ბრენდებისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. უნიკალური ხმა და თანმიმდევრული სტრატეგია დაეხმარება თქვენს ბრენდს, მოიპოვოს ცნობადობა და მიწვდეს სამიზნე აუდიტორიას. დასაწყისისთვის შეგიძლიათ იმ რჩევებს მიჰყვეთ, რომლებიც სტატიის მიწურულს შეგხვდებათ.

ბრენდის ცნობადობის ამაღლება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც თავისთავად, დრო და ძალისხმევაც სჭირდება. თუმცა, თუ ამ პროცესების დაჩქარება გსურთ, მაშინ ფასიან სოციალურ მედია აქტივობებს უნდა მიმართოთ.

რეკლამირება

უახლესი სტატისტიკების თანახმად, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით:

  • ფეისბუქის რეკლამირებით შესაძლოა 190 მილიონ ადამიანთან დაკავშირება
  • ინსტაგრამის რეკლამირებით დაკავშირება შესაძლებელია 140 მილიონ ადამიანთან
  • ლინკდინის რეკლამირებით დაკავშირება, შესაძლებელია 170 მილიონ ადამიანთან

რა თქმა უნდა, ამ ადამიანებიდან ყველა თქვენს სამიზნე აუდიტორიას არ მიეკუთვნება და თქვენი ბიუჯეტიც შესაძლოა ამდენს ვერ გაწვდეს.

მაგრამ, სოციალური მედია პლატფორმები გვთავაზობენ უფრო დახვეწილ სარეკლამო ხელსაწყოებს, რომლებიც ასეთი ფართო აუდიტორიიდან სპეციფიკურ, კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებაში და ჩვენი მიზნების მიღწევაში გვეხმარებიან.

რაც შეეხება მიზნებს, დარწმუნდით, რომ თქვენთვის რელევანტურ და სწორ დანიშნულებას უთითებთ სარეკლამო მასალას. როგორც ელექტრონული კომერციის ბიზნესს, თქვენთვის ყველაზე სასურველი მომხმარებლის მაღაზიამდე ან კონკრეტულ პროდუქტამდე მოზიდვა იქნება.

ფეისბუქი და ინსტაგრამი ბრენდებს საშუალებას აძლევს, კონვერსიასთან დაკავშირებით რამდენიმე დანიშნულება აირჩიონ. ესენია:

  • კონვერსია. ამ დანიშნულებით შეძლებთ, მომხმარებელს კონკრეტული ქმედებისკენ უბიძგოთ, მაგალითად საიტზე გადასვლისკენ, საკონტაქტო ინფორმაციის დატოვებისკენ, ან სულაც პირდაპირ შესყიდვისკენ.
  • კატალოგის გაყიდვები. მისი დახმარებით თქვენი კატალოგიდან პროდუქციას რეკლამისთვის გამოიტანთ.
  • მაღაზიის ტრაფიკი. თუკი ფიზიკურ მაღაზიას ფლობთ, მაშინ ეს დანიშნულება იდეალური იქნება თქვენს მახლობლად მცხოვრები მომხმარებლის მაღაზიამდე მოსაყვანად.

გთავაზობთ ელექტრონული კომერციის მაღაზიის მაგალითს „შეიძინეთ ახლავე“ ქმედებისკენ მოსაწოდებელი ღილაკით:

თუ თქვენი მიზანი ბრენდის ცნობადობის ამაღლება, ან სამიზნე აუდიტორიის ჩართულობის გაზრდაა, მაშინ შეგიძლიათ, დანიშნულება ცნობადობის ან განხილვის ეტაპიდან შეარჩიოთ.

თუმცა, მხოლოდ სწორი დანიშნულების შერჩევა რეკლამისთვის გარდაუვალი წარმატების საწინდარი არ არის. ასევე საჭიროა რეკლამის სწორი ფორმატის შერჩევა თქვენი კამპანიისთვის. ფეისბუქსა და ინსტაგრამზე მთავარი ფორმატებია:

  • ვიზუალური რეკლამა
  • ვიდეო რეკლამა
  • კარუსელი
  • საკოლექციო რეკლამა

საკოლექციო რეკლამები სწორედ ელექტრონული კომერციისთვის არის შექმნილი. ის აერთიანებს სარეკლამო ტექსტსა და თქვენს კატალოგში არსებულ პროდუქციას, რათა მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს.

მართალია, ფეისბუქის სარეკლამო პლატფორმა ძალიან გამორჩეული და ეფექტურია, მაგრამ სხვა სოციალური მედია პლატფორმებიც გვთავაზობენ მსგავს შესაძლებლობებს. შესაბამისად, თუ ტვიტერს ან ლინკდინს იყენებთ, ამის გაკეთება მათი საშუალებითაც თავისუფლად შეგიძლიათ.

პროდუქტის გაყიდვა პირდაპირ სოციალური მედიიდან

სწორედ აქ იკვეთება ელექტრონული კომერციის სოციალური მედია მარკეტინგი სოციალურ კომერციასთან - ყიდის პროდუქტს პირდაპირ სოციალური მედია ანგარიშიდან ან „მაღაზიიდან.“

ფეისბუქი, ინსტაგრამი და პინტერესტი ბიზნეს ანგარიშებისთვის შიდა მაღაზიებს გვთავაზობენ. რაც შეეხება Snapchat-ს, მან პარტნიორობა დაიწყო Shopify-სთან, რათა საკუთარი სოციალური კომერცია შეემუშავებინა, თუმცა ამ დროისთვის ეს შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე ანგარიშს აქვს. თუ თვლით, რომ ის თქვენი ბიზნესისთვის სწორი მედია არხი შეიძლება იყოს, მაშინ მუდმივად ადევნეთ თვალი განახლებებს.

სოციალური კომერციის გამოყენებას არა ერთი სარგებლის მოტანა შეუძლია:

  • მისი წამოწყება სრულიად უფასოა
  • ქმნის ინტერაქციულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებას ონლაინ მომხმარებლისთვის
  • ხელს უწყობს გაყიდვების პროცესს. მომხმარებლებს შეუძლიათ, პირდაპირ სოციალური მედიიდან შეიძინონ პროდუქტი, საიტზე გადაუსვლელად, რასაც თქვენი კონვერსიის მაჩვენებლის გაზრდაც შეუძლია.
  • ეს არის ის, რაც სოციალური მედიის მომხმარებლებს სურთ! შოპინგის მოყვარულთა 70% სწორედ ინსტაგრამს იყენებს ბრენდებისა და პროდუქტების აღმოსაჩენად და რატომ არ უნდა დაეხმაროთ მათ ამაში?

ასე გამოიყურება პროდუქტის გვერდი ფეისბუქის მაღაზიაში:

ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ მომხმარებელს საიტზე გადასვლა უწევს პროდუქტის შესაძენად. პლატფორმაზევე შესყიდვის ფუნქცია ჯერ მხოლოდ ამერიკის მასშტაბით არის შესაძლებელი.

მომხმარებელთა მომსახურება

შესაძლოა, თქვენი სოციალური მედიის მთავარი მიზანი ახალი მომხმარებლების მოძიება იყოს, თუმცა არც არსებული მომხმარებლები უნდა დაივიწყოთ.

მიუხედავად იმისა, გყავთ თუ არა მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ სპეციალური გუნდი გამოყოფილი, ვინც მათ სატელეფონო ზარებსა და მეილებს პასუხობს, სოციალური მედია მაინც ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო არხი გახდება.

თქვენი მომხმარებელი შესაძლოა, თქვენს პროფილს ეწვიოს ინფორმაციის მისაღებად, დაგისვათ შეკითხვა ან უკუკავშირი დაგიბრუნოთ და როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, თქვენ მზად უნდა იყოთ შემომავალი კომენტარებისა და შეტყობინებების პასუხისთვის.

ის, თუ როგორ პასუხობთ მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვას სოციალურ მედიაში, თქვენს ბრენდზე ძალიან ბევრს მეტყველებს, ისევე როგორც გამოქვეყნებული კონტენტი. კმაყოფილი მომხმარებლების აზრები სოციალურ მედიაში ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ გადაწყვეტის სტადიაზე არიან. მათთან გამოხმაურების საშუალებით შეგიძლიათ, ადამიანებს დაანახოთ, რომ თქვენს მომხმარებელს აფასებთ და მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია.

მაგრამ რას მოიმოქმედებთ, თუ უკუკავშირი უარყოფითი იქნება? ნეგატიური უკუკავშირი შესაძლებლობად უნდა აქციოთ, რათა მომხმარებელს დაეხმაროთ და ისევ და ისევ წარმოაჩინოთ, რომ მათზე ზრუნავთ.

საბოლოოდ, ნუ უარყოფთ სოციალურ მედიას მომხმარებელთა მომსახურებისთვის, პირიქით, მაქსიმალურად გამოიყენეთ მისი პოტენციალი.

სოციალური მოსმენა

სოციალური მოსმენის პროცესი მოიცავს სოციალურ მედიაზე დაკვირვებას, პროდუქტისა და ბრენდის მონიტორინგს, მომხმარებლის მიერ მონიშვნებსა და სოციალურ არხებში გამართულ დიალოგებზე დაკვირვებას.

რატომ უნდა იყოს ის თქვენი სტრატეგიის ნაწილი? იმის ცოდნა, თუ რას ამბობს მომხმარებელი თქვენი ბრენდის შესახებ, შეუფასებელია. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ:

  • რომელი პროდუქტი უყვართ ადამიანებს ყველაზე მეტად
  • პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემები
  • საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება თქვენი ბრენდის მიმართ

ამ ყველაფერზე მუდმივი დაკვირვება დაგეხმარებათ, თქვენი ბრენდის სახელი მუდმივად დაიცვათ. თუ შემთხვევით რამდენიმე დეფექტურ პროდუქტს გაუშვებთ, იმის შანსი, რომ მომხმარებლები ამაზე ონლაინ სივრცეში ისაუბრებენ, ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, პრობლემაზე სწრაფი რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება სოციალური მედია კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

ელექტრონული კომერციის 6 ძირითადი რჩევა

ამ დროისთვის, თქვენ უკვე კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული, თუ როგორ შეიძლება სოციალური მედიის დახმარებით ელექტრონული კომერციის ბიზნესის გარეკლამება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ დამატებით 6 რჩევას, რომელიც ამ პროცესებში კიდევ უფრო შეგიწყობთ ხელს.

  1. წარმოაჩინეთ თქვენი პიროვნული მახასიათებლები

ბრენდის ცნობადობა გამოიხატება იმ შემთხვევებით, როდესაც მომხმარებელი თქვენს პროდუქტს ნახულობს და ამბობს: „ეს ის ბრენდია! ახლა სწორედ ის მჭირდება.“

თქვენ საგრძნობლად გაამარტივებთ პოტენციური მომხმარებლისთვის თქვენი ცნობისა და დამახსოვრების პროცესს, თუ თქვენს ბრენდს გარკვეულ პიროვნულ მახასიათებლებს შესძენთ. ეს შეიძლება იუმორიც იყოს, შესაძლოა სოციალური ჩართულობა ან სხვა ღირებულებები და ფასეულობები.

  1. ითანამშრომლეთ სხვებთან

თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის საყვარელ ინფლუენსერთან ერთად მუშაობას ან ამავე ინდუსტრიისთვის ცნობილ ბრენდთან კოლაბორაციას შეუძლია, თქვენი ბიზნესი სრულიად ახალ აუდიტორიებს დააკავშიროს.

თუმცა, ნუ გააკეთებთ ამას მხოლოდ მომხმარებლამდე მისაღწევად. იფიქრეთ იმაზე, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კოლაბორაციას თქვენი პოტენციური მომხმარებლისთვის და როგორ ერგება ის თქვენი ბრენდის ღირებულებებს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას, თუ როგორ შეგიძლიათ კოლაბორაციით თქვენი ელექტრონული კომერციის წახალისება:

  • მოიწვიეთ ინფლუენსერი და სთხოვეთ მას თქვენი პროდუქტის მოსინჯვა და შემდგომი მიმოხილვის გაკეთება.
  • ითანამშრომლეთ სხვა ბრენდებთან და ერთობლივად შეიმუშავეთ კონკურსის იდეა, გაავრცელეთ ის თითოეული ბრენდის სოციალურ ქსელში და დაელოდეთ შედეეგბს.
  • მოაწყვეთ ლაივ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მიეცით ხალხს საშუალება, დასვან კითხვები

ონლაინ კონკურსების გამართვა სხვადასხვა ადგილობრივ ბიზნესებთან ერთადაც შეგიძლიათ, მაგალითად როგორც ამას კომპანია Fig აკეთებს.

  1. გამოიყენეთ მოკლე-ვიდეო კონკურსი

იმისათვის, რომ გადატვირთულ სოციალურ მედიაში ყველასგან გამორჩეული იყოთ და ამავდროულად შეძლოთ საკუთარი პიროვნული მახასიათებლებისა და სახის შენარჩუნება, უმჯობესია, თუ სხვადასხვა ექსპერიმენტებს მიმართავთ და ინტერაქcიული კონტენტისთვის გამოიყენებთ:

  • Instagram Stories
  • Instagram Reels
  • Instagram Live
  • TikTok

500 მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს ინსტაგრამის „Story”-ებს და გარდა ამისა, პლატფორმა მუდმივად ამატებს ახალ შესაძლებლობებს გაყიდვებისთვის, როგორც ინსტაგრამ ლაივის დახმარებით, ასევე სთორების მეშვეობითაც. ბრენდების “Story”-ებს სრულად ყურების 86%-იანი მაჩვენებელი აქვს.

ფეისბუქმა სთორები 2020 წელს დანერგა, ტვიტერს კი ამჟამად “Fleets” გააჩნია. ლინკდინიც აყვა ამ ტენდენციას და მათ სთორის საკუთარი ვერსია წარმოადგინეს. დავამატოთ ამ ყველაფერს ტიკტოკის საუცხოო ზრდა და მივიღებთ დასკვნას: მსოფლიოს გარშემო ადამიანებს უყვართ მოკლე ტიპის ვიდეოები.

როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ცოდნა აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად?

როგორც მოგესურვებათ, შესაძლებლობები უსაზღვროა. ერთადერთი შეზღუდვა, კრეატიულობაა.

გახსოვდეთ, რომ არაა საჭირო თქვენი ყველა კონტენტ მასალა გაყიდვაზე იყოს ორიენტირებული. მოიძიეთ ის გზებიც, რა გზითაც შეძლებთ უბრალოდ მომხმარებლის გამხიარულებას და ამგვარად მათთან უფრო მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

უამრავი ბრენდი მიმართავს ამ ხერხს. მაგალითად Lazy Oaf, რომელიც პანდემიის დაწყებიდან საკუთარ მომხმარებელს სახალისო ტიკტოკ ვიდეოებს სთავაზობს. მათ სერიას ეწოდებოდა „იცხოვრე, იცინე და იწექი.“

  1. გამოაქვეყნეთ მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასიკეთოა მომხმარებლის პოზიტიური და დადებითი მიმოხილვა, თუმცა იცით რა არის ამაზე გაცილებით უკეთესი? - მათ მიერ შექმნილი კონტენტი.

მოუწოდეთ მომხმარებელს, რომ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ სურათები და ვიდეოები, რომლებიც თქვენს პროდუქტთან იქნება დაკავშირებული. შემდეგ კი ეს პოსტები თქვენივე პროფილზე გადააზიარეთ.

იმის წარმოჩენა, რომ თქვენს მომხმარებელს თვალს ადევნებთ და ყურადღებას აქცევთ, მათ თვალში კიდევ უფრო მიმზიდველ ბრენდად გაქცევთ. გარდა ამისა, მომხმარებლის მიერ საკუთარ ქსელში თქვენი პროდუქტის გაზიარება კიდევ უფრო სანდოს გაგხდით პოტენციური მომხმარებლისთვის.

დამატებით, თითოეული გაზიარებისას თქვენს პროდუქტს მათი გამომწერები და მეგობრებიც იხილავენ, რაც დამატებით შესაძლებლობებს გაძლევთ. არაფერია იმაზე უკეთესი, რომ პოტენციურ მომხმარებელთა აუდიტორიას ამგვარი სანდო და ორგანული გზით წარუდგინოთ თქვენი ბრენდი.

  1. დაპოსტეთ ხშირად

მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში ფეხს მოიკიდებთ და გამომწერთა ბაზასაც შეიქმნით, რა თქმა უნდა, საჭიროა, მომხმარებლის გონებაში მუდმივად იტრიალოთ და თავი არ დაავიწყოთ.

რეგულარული პოსტების განრიგი დაგეხმარებათ, თქვენი ბრენდი უფრო ხილვადი და რელევანტური გახადოთ. გარდა ამისა, პოტენციური მომხმარებელი ვერ დაგიკავშირდებათ თუ მას სათანადო კონტენტს არ შესთავაზებთ.

  1. იმუშავეთ გონივრულად

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთად შესაძლოა ძალიან ბევრი მოგვეჩვენოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი მარკეტინგული გუნდი მხოლოდ თქვენგან შედგება, თუმცა არ არის აუცილებელი ეს ყველაფერი ხელით აკეთოთ. უამრავი პროგრამა არსებობს, რომელიც მარკეტინგული პროცესების თითოეულ ეტაპზე დაგეხმარებათ. ასე რომ, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას და მიმართეთ ასეთ უნიკალურ საშუალებებს. ისინი დაგეხმარებათ:

  • შეადგინოთ, დაგეგმოთ პოსტების გამოქვეყნების პროცესი სოციალურ ქსელებში
  • იპოვოთ საუკეთესო დრო პოსტების გამოსაქვეყნებლად
  • ორგანული პოსტების გავრცელებასა და ფასიანი რეკლამების შექმნაში
  • შემომავალი შეტყობინებების მართვაში
  • სოციალური მედიის მონიტორინგსა და მოსმენაში
  • რაც მთავარია, თქვენი შედეგების შეფასებასა და ანალიზში

ავტორი: ლაშა ხორგუაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქის სარეკლამო კამპანიის სტრუქტურა 2021 წლისთვის - გზამკვლევი

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით

7 შეცდომა, რომელსაც მცირე ბიზნესები უშვებენ ფეისბუქ ბიზნეს გვერდის მართვისას

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი