media-4

როგორ მოვიპოვოთ Facebook-ზე მეტი ლიდი და რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი

  • 28 აპრ 2021
  • სოციალური მედია
როგორ მოვიპოვოთ Facebook-ზე მეტი ლიდი და რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი

Facebook-ის ლიდების გენერირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ რატომ არის უამრავი ბიზნესის სარეკლამო პროცესები სოციალურ პლატფორმაზე დამყარებული. მას მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს კომპანიისთვის ახალი მომხმარებლების მოზიდვაში.

მაგრამ ხანდახან ის შესაძლოა, აზარტულ თამაშადაც კი მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით დასაწყისში.

შესაძლოა, კამპანიის არასწორი მიზანი შეარჩიოთ, ან სულაც განთავსების ადგილი, არასწორად განსაზღვროთ ბიუჯეტი და ამგვარად, ისეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ, რომელშიც თქვენი ფული და რესურსები გაფლანგული, ხოლო შედეგი არასახარბიელო იქნება.

საბედნიეროდ, შესაძლებელი გახდა იმ შეცდომების იდენტიფიცირება, რასაც კომპანიები ლიდების გენერირების პროცესში უშვებენ და ეს შეცდომები ძირითადად ექვსი ტიპისაა.

თანაც, საბედნიეროდ, მათი გამოსწორება არც თუ ისე რთულია.

სტატიის ფარგლებში სწორედ ამ შეცდომებზე და მათი გამოსწორების გზებზე ვისაუბრებთ.

Facebook ლიდების გენერირება

სანამ უშუალოდ ამ შეცდომების განხილვაზე გადავიდოდეთ, საჭიროა ისიც ვიცოდეთ, თუ როგორ იგება კამპანია და როგორ გამოიყენება ის უფრო მეტი ლიდის მისაღებად.

აუდიტორიამდე მისაღწევად საუკეთესო გზა, თავდაპირველად მათი შეცნობა და თქვენთვის იდეალური მომხმარებლის ტიპაჟის დადგენაა.

ვინაიდან, ის ადამიანები, რომლებიც თქვენს რეკლამაზე გადმოდიან, არიან ყველაზე დაინტერესებულები თქვენი პროდუქციით, შეგიძლიათ მათ ინფორმაციის მოსაკრებად რამდენიმე კითხვა დაუსვათ.

Facebook ლიდების რეკლამა საშუალებას იძლევა ლიდები გენერირების ფორმას გამოკითხვაც დაურთოთ თან, ერთგვარი სწრაფი კითხვარი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მარტივად და სწრაფად გაგიზიარებთ ინფორმაციას. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია მობილურ მოწყობილობებზე, სადაც ადამიანები საშუალოდ დღეში ოთხ საათს ატარებენ.

კითხვარების შევსების მაჩვენებლის გასაზრდელად, Facebook ავტომატურად ავსებს წინასწარ იმ ველებს ინფორმაციით, რომელიც მომხმარებელმა მასთან უკვე გააზიარა, მაგალითად სახელი, ელექტრონული ფოსტა ან საკონტაქტო ნომერი.

როგორ შევქმანთ Lead რეკლამა

ლიდების რეკლამის შესაქმნელად, საჭიროა გადახვიდეთ Facebook Ads Manager-ში და დააწვეთ ღილაკს „შექმნა“.

ვინაიდან, ჩვენი ორიენტირებულები ვართ მომხმარებლის მოზიდვაზე, ავირჩევთ “Lead Generation” (ლიდების გენერირება).

ამ ამოცანის ფარგლებში, თქვენი მიზანი ისეთი ადამიანების თარგეთირებაა, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტის მიმოხილვის სტადიაზე არიან. ეს კი განაპირობებს იმას, რომ თქვენს რეკლამას ნახავენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უფრო მაღალი მზაობა აქვთ შესყიდვისადმი.

გარდა ამისა, ისეთ ლიდებსაც მოიზიდავთ, რომლებიც საკუთარი პრობლემის თქვენეული გადაჭრის გზებით არიან დაინტერესებულნი. იმ დროისთვის, როდესაც რეკლამას ნახავენ, მათ უკვე დაწყებული ექნებათ სხვადასხვა არსებული გადაწყვეტების კვლევა.

შემდეგ ეტაპზე უკვე საჭიროა A/B ტესტირების და CBO (Campaign Budget Optimization) პარამატერები შეარჩიოთ. თუ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი გამოიყენებთ თუ არა მათ, შეგიძლიათ ეს ნაწილი ხელუხლებელიც დატოვოთ.

შემდეგ კი განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, განთავსების ადგილი, ბიუჯეტი და კალენდარი.

სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ, თქვენი პერსონალური მონაცემთა ბაზაც ატვირთოთ, სადაც მომხმარებლების ელექტრონული ფოსტები ან სატელეფონო ნომრები გაქვთ შენახული.

გარდა ამისა, შესაძლებელია “Lookalike” (მსგავსი) აუდიტორიების ფუნქციის გამოყენებაც, რომელიც ისეთი ტიპის მომხმარებლებს მონიშნავს, რომლებსაც თქვენი გვერდის მნახველების მსგავსი მახასიათებლები გააჩნიათ.

თქვენ მიერ შერჩეული აუდიტორიის მიხედვით განსაზღვრეთ მათი დემოგრაფიული მახასიათებლები, ინტერესის სფერო და ქცევები.

ამგვარად, გარანტია გექნებათ, რომ თქვენი რეკლამა „სწორ“ ადამიანებზე გაქვთ მორგებული.

რაც შეეხება განთავსების არეალს, დატოვეთ ის ავტომატურ რეჟიმში, რათა Facebook-მა თავად განსაზღვროს, სად იქნება მათი განთავსება უფრო ოპტიმალური.

და ბოლოს, განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი:

საბოლოო ეტაპს კი თქვენი რეკლამისთვის დიზაინის შექმნა წარმოადგენს.

აქ ირჩევთ, თუ რა ფორმატით იქნება თქვენი რეკლამა წარმოდეგნილი (სურათი, კოლაჟი, ვიდეო თუ სლაიდი), შეარჩიეთ თქვენი სურათები და შეიყვანეთ სარეკლამო ტექსტი. მზადაა!

როგორ შევქმნათ სწრაფი კითხვარი

რეკლამის შექმნის შემდეგ, შეგიძლიათ უკვე კითხვარზეც გადაინაცვლოთ.

“Instant Form”-ის ნაწილში მონიშნეთ „ახალი ფორმა“.

სწორედ აქ მოგიწევთ გადაწყვიტოთ, თუ რა სტილის იქნება თქვენი ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შედგენისას, პირველ რიგში, საჭიროა მას თქვენი უსაფრთხოების წესების ბმულიც დაურთოთ.

Voilà! ყველაფერი მზადაა.

მეტი ლიდის მისაღებად გამოყენებული 4 აპრობირებული მეთოდი

მანამ, სანამ თქვენს რეკლამასა და ფორმას საბოლოოდ ჩაუშვებდეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი რეკლამა სათანადო ჩართულობას დაიმსახურებს - მოწონებებს, კლიკებსა თუ გაზიარებებს.

#1 - გაეცით რაიმე უფასოდ

ხალხს უყვარს უფასოდ რაიმეს მიღება, ამიტომ გამოიყენეთ ეს შანსი და მოხიბლეთ ისინი ამგვარად და დააინტერესეთ თქვენი პროდუქტითა თუ მომსახურებით. მას შემდეგ, რაც მათ ყურადღებას მიიპყრობთ, გამოიყენეთ თქვენი სწრაფი ფორმები დამატებითი ინფორმაციის შესაგროვებლად, რაც საშუალებას მოგცემთ, მათთან შემდგომი ურთიერთობაც გააგრძელოთ.

უფასო პროდუქტების ან ნივთების გაცემის უამრავ მაგალითს წააყდებით ფეისბუქზე. მაგალითად:

 

ამგვარ მიდგომას ფსიქოლოგიური დადგენილებაც გააჩნია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ეფექტურობას ყურადღების მისაქცევად.

ზემოთ წარმოდგენილი მაგალითით, კომპანია არა მარტო იმაში გარწმუნებთ, თუ რამდენად კვალიფიციურები არიან ისინი დიზაინის სფეროში, არამედ საშუალებას გაძლევთ, რომ საჭიოების შემთხვევაში, თქვენც გახდეთ კვალიფიციური.

უფასო პროდუქცია საშუალებას გაძლევთ, მოიზიდოთ მომხმარებელი და შემდეგ დანარჩენი სერვისებიც შესთავაზოთ მათ, ის ერთგვარი ყურადღების სატყუარაა. ადამიანები, ვინც თქვენს უფასო პროდუქტს იყენებენ, გარკვეულწილად თქვენს ბრენდთან უკვე კავშირს აყალიბებენ, რაც არავინ იცის საბოლოოდ, როგორ ურთიერთობად გარდაიქმნება.

#2 - დასვით კითხვები

საუკეთესო ლიდები, თქვენთვის რელევანტური ლიდები არიან. ეს იმ ადამიანთა ჯგუფია, რომელიც თქვენი პროდუქტის შესაძენად უფრო მზადაა. ასეთი ხალხის საპოვნელად კი შეგიძლიათ, სპეციალური კითხვები დასვათ.

ამის შემდეგ კი შეძლებთ, თქვენი ლიდები გამოხმაურების მიხედვით დაყოთ.

სასურველ ლიდებთან დაკავშირებას კი მათ მიერ შევსებული კითხვარის და იქ არსებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით შეძლებთ.

აი მაგალითად, როგორ აკეთებს ამას ერთ-ერთი სამხრეთ აფრიკული კომპანია:

ისინი კითხვარს ავსებინებენ ადამიანებს და მათ უკუკავშირს ითხოვენ. ამგვარად, კომპანია ისეთ კვალიფიციურ ლიდებს იზიდავს, რომლებიც კომპანიის საქმიანობით უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი.

კითხვარის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისთვის, რამდენიმე იდეა არსებობს.

დაიწყეთ იმის გარკვევით, რამდენად სჭირდება ადამიანს ის ღირებულება, ფასეულობა, რასაც თქვენი პროდუქციით სთავაზობთ.

ასეთ შემთხვევაში, თქვენ უკეთ გეცოდინებათ, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროთ კონკრეტულ ადამიანს და მათაც მკაფიოდ ექნებათ გააზრებული, თუ რაში სჭირდებით თქვენ.

იყავით დროულები.

თუ თქვენი მომსახურების უფასო საცდელ ვერსიას, “free trial”-ს სთავაზობთ მომხმარებელს, მაშინ ძალიან კარგი იქნება, თუ მისი დასრულების შემდეგ, გამოკითხავთ მომხმარებელს მიღებული გამოცდილების შესახებ. ეს წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ როგორ შეიძლება შემდგომში ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება.

გამოიყენეთ კითხვარები სტრატეგიულად

კითხვარების გამოყენება არაერთი გზით შეგიძლიათ. პროდუქტების ნაწილში შეგიძლიათ, ის განათავსოთ და ჰკითხოთ მომხმარებელს, თუ რომელი მახასიათებლებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასეთი ინფორმაციის მიღება, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მოგიტანთ დამატებით ლიდებს ან მინიმუმ ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც თქვენი ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ. თანაც კითხვარები ყველა ვებ-გვერდისთვის მარტივი დამხმარე საშუალებაა, რომლის განთავსებაც საკმაოდ მარტივია.

#3 - ვიდეო

ვიდეომ შესაძლოა, თქვენი ბრენდის შექმნის პროცესში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ვინაიდან ის მესიჯის გადმოსაცემად, ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

ლიდებისათვის შექმნილ რეკლამაში შეგიძლიათ, ვიდეო რგოლი გამოიყენოთ, რომელიც მეტი მომხმარებლის მოზიდვაში და ეფექტურობის გაზრდაშიც დაგეხმარებათ.

მაგრამ გახსოვდეთ:

ფეისბუქის მომხმარებლები ძირითადად მხოლოდ ვიდეოების მესამედს უყურებენ, ამიტომ ეს წინასწარ გათვალეთ და თქვენი CTA (Call To Action) ადრეულად წარმოადგინეთ.

სამი რჩევა, რომელიც უკეთესი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ:

თუ ლიდების ოდენობაზე ხართ ორიენტირებული, მაშინ თქვენი CTA ღილაკები საგანმანათლებლო ვიდეოებს დაურთეთ.

თუ ლიდების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, CTA ღილაკები თარგეთირებულ ვიდეოებს დაურთეთ.

მაგალითად, მიაბით ის კონკრეტული აუდიტორიისათვის განკუთვნილ მოკლე „tutorial”-ს.

განთავსება.

დარწმუნდით, რომ თქვენი CTA შესაფერის დროს გამოჩნდება. ასეთი ღილაკები, რომლებიც ვიდეოს ბოლოში ჩნდება, შედარებით უფრო კვალიფიციური ლიდების მომტანია, ხოლო ვიდეოს შუა ნაწილში განთავსებული CTA, მაღალი კონვერსიით ხასიათდება. თუ მას ვიდეოს შუა ნაწილში განათავსებთ, მაშინ დარწმუნდით, რომ ამ ნაწილამდე მომხმარებლის დაინტერესებას მაქსიმალურად ახერხებთ.

#4 - გამოიყენეთ მობილური პოტენციალი

დრო, რასაც ადამიანები მობილურ მოწყობილობებში ატარებენ, დღითიდღე უფრო იზრდება.

სწრაფი, მყისიერი ფორმები ბევრი ფუნქციით გამოირჩევა, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას საკმაოდ ამარტივებს, ამიტომაც დარწმუნდით, რომ იყენებთ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მობილური მოწყობილობებისთვის გამოიყენება.

თუმცა, მხოლოდ ეს არაა საკმარისი! ყველა კომპანიისთვის, რომელიც ლიდების გენერირების არხებს იყეს, რეკომენდებულია, მათ სტრატეგიას SMS კამპანიაც დაუმატოს. ეს გაცილებით გაზრდის თქვენი კამპანიის ეფექტურობას.

დღესდღეობით, მომხმარებლები გაცილებით დახვეწილები არიან, განსაკუთრებით კი პროდუქტების გამოკვლევის და შედარებისას, ამიტომაც SMS კამპანია დაგეხმარებათ, იყოთ უფრო ინფორმაციულები და კონკრეტულები.

თქვენს ელექტრონულ ფოსტასა და მესიჯბოქსაც რომ დააკვირდეთ, რომელი უფრო ხელუხლებელი და გაუხსნელი რჩება? რა თქმა უნდა, ელექტრონული ფოსტა.

SMS მესიჯებს გახსნის 99%-იანი მაჩვენებელი აქვს და ამასთანავე, გამოხმაურების შედეგიც სამი-ოთხჯერ უფრო მაღალია.

აქედან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მისი დამატება თქვენი სტრატეგიისთვის.

SMS კამპანიის ინტეგრაციისთვის რამდენიმე მარტივი გზა არსებობს:

კითხვართან ერთად.

თუ მომხმარებელი კითხვარის შევსების შემდეგ საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციას გიტოვებთ, მაშინ შეგიძლიათ ის შემდგომი ინფორმაციის მისაწოდებლად გამოიყენოთ. მაგალითად, თუ თქვენი საფასო პოლიტიკა მათთვის ცოტათი გაურკვეველია, შეგიძლიათ სმს-ის სახით უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოთ.

ვიდეოსთან ერთად.

მიეცით ლიდებს წვომა ისეთი სექციებისთვის, სადაც პროდუქტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ნახავენ.

შეთავაზების დაწყებისას.

თუ რაიმე ფასდაკლებას, აქციას გეგმავთ ან ვაუჩერების დარიგებას აპირებთ, SMS-ის სახით მომხმარებლისთვის ამის შეხსენება ნაცადი და აპრობირებული მეთოდია. ის ზრდის ლიდების მომხმარებლად ფორმირებას, ვინაიდან მათ გარკვეულ სარგებელს, მხოლოდ დროის კონკრეტული მონაკვეთში სთავაზობთ. ამგვარად, მომხმარებელს ექმნება წარმოდგენა და სტიმული, შეიძინოს პროდუქტი ახლავე, ვინაიდან შემდეგ ასეთი შეღავათით შეძენის საშუალება აღარ ექნება.

ახლა, როდესაც უკვე გავეცანით ლიდების რეკლამის შექმნის პროცესს და თანდართულ კითხვარებს, დროა უკვე იმ შეცდომებზე ვისაუბროთ, რომლებიც შესაძლოა ამ პროცესში დაუშვათ.

შეცდომა #1: მყისიერ კითხვარებში არასწორი ინფორმაციის მოთხოვნა

ლიდების გენერირებისთვის რეკლამის გაშვება მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯია მომხმარებელთა ბაზის გასაზრდელად. შემდეგ ეტაპზე აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომხმარებელთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათთან სწორი კომუნიკაციაა. თუმცა, თქვენი ლიდების უკეთ გასაცნობად და შესასწავლად, რა თქმა უნდა, თავდაპირველად მონაცემები და ინფორმაციაც გესაჭიროებათ.

მყისიერი კითხვარის ფორმებით შეგიძლიათ, ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია შეაგროვოთ, იქნება ეს საკონტაქტო, ელექტრონული ფოსტა თუ მომხმარებლის მოსაზრება. მაგრამ წინასწარ უნდა იფიქროთ იმაზეც, თუ როგორ გამოიყენებთ სამომავლოდ ამ გამოთხოვილ ინფორმაციას.

ლიდებისგან საჭიროა, მაქსიმალურად კონკრეტული და გამოსადეგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, მსყიდველობითი ციკლის რა საფეხურზე არიან ისინი.

მაგალითად, Land Rover ერთ-ერთი კამპანიის ფარგლებში, რეკლამის შემდგომ ფორმაში ადამიანებს ეკითხება, თუ როდის აპირებენ ისინი შეძენას. ამგვარად, კომპანია იგებს, თუ რა სტადიაში არიან მისი მომხმარებლები, რაც შემდგომში მათზე მორგებული კამპანიების განხორციელებაში ეხმარება.

ნაცვლად სტანდარტული ფორმებისა, ამისათვის თქვენ შეგიძლიათ სპეციალურად პერსონალიზებული კითხვარებიც გამოიყენოთ და მასში კონკრეტული, მოკლე კითხვები შეიტანოთ.

მოარგეთ კითხვარს თქვენი საქმიანობისთვის შესაფერისი კითხვები. ამგვარი მიდგომა დაგეხმარებათ, გაცილებით გაზარდოთ კითხვარის ეფექტურობაც და მომხმარებელსაც გაუმარტივოთ მისი შევსება.

შეცდომა #2: არა ავტომატიზირებული პროცესები

ლიდების სარეკლამო კამპანიის აწყობა ერთია, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანია იმის გათვლა, თუ როგორ აპირებთ შეგროვებული მონაცემების მართვას.

არ აქვს მნიშვნელობა, 10 ლიდი გეყოლებათ თუ 100, მათგან შეგროვებული მონაცემების ხელით გადატანა სხვა პლატფორმაში, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, თანაც, ბევრი შეცდომის დაშვების რისკიც არსებობს.

გარდა ამისა, აზრს მოკლებულია Facebook-ზე ინფორმაციის მიღება, მისი ჩამოტვირთვა და შემდეგ სხვა CRM სისტემაში ატვირთვა. ეს, ფაქტობრივად, დროის ფუჭი ხარჯვა გამოდის.

მარტივად რომ ვთქვათ, დროს ისეთ მარტივ დავალებებს უთმოთ, თან იმდენად დიდ დროს, რომლის სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისკენ მიმართვა გაცილებით მეტ შედეგს მოგიტანდათ.

საბედნიეროდ, Facebook გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი ანგარიში სხვა CRM სისტემებსაც დაუკავშიროთ და მონაცემების მართვის პროცესი ავტომატური გახადოთ. ეს დრო, რასაც აქ დაზოგავთ, სჯობს მომხმარებლებზე ზრუნვას მოახმაროთ.

დასაწყისისათვის, საჭიროა ფეისბუქის CRM სისტემებიდან ერთ-ერთი, მაგალითად Mailchimp აირჩიოთ. როდესაც ახალი ლიდი შემოგივათ, მისი მონაცემები ავტომატურად გადამისამართდება ამ პლატფორმაზე და თქვენი იმეილ კამპანიაც იწყება.

ამგვარი პლატფორმების გამოყენება გეხმარებათ, უფრო მეტად მომხმარებელსა და თქვენი კამპანიების ეფექტურობაზე კონცენტრირდეთ. უფრო მეტიც, ეს შეცდომების დაშვების რისკსაც ამცირებს და თავიდან გაცილებთ იმაზე ფიქრს, თუ როდის უნდა გააგზავნოთ ესა თუ ის მეილი.

შეცდომა #3: შესავსები ფორმების მხოლოდ ერთი მიზნით გამოყენება

ლიდების გენერირებისას მარტივია, რომ მეილების შეგროვებაზე იყოთ ორიენტირებული და ამგვარად, ელექტრონული ფოსტის ბაზა გაზარდოთ.

თუმცა, Facebook ლიდების გენერირების რეკლამა შესაძლოა სამი დანიშნულებით იქნას გამოყენებული:

  • მეილით რეგისტრაცია, რაც შესანიშნავი საშუალებაა ბაზის გასაზრდელად.
  • გამოკითხვა, რისი გამოყენებაც აუდიტორიის შესასწავლად და მათი მოთხოვნილებების დასადგენად შეიძლება.
  • სპეციალური შეთავაზებები, რომელიც მომხმარებლის დაინტერესებაში და გაყიდვების ზრდაში დაგეხმარებათ.

ლიდების გენერირებისთვის გამოყენებული რეკლამების მთავარი დანიშნულება ძირითადად მეილების შეგროვებას წარმოადგენს და როგორც ხედავთ, ამისათვის არაერთი მეთოდი არსებობს.

მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი კამპანიის მიზანი.

იფიქრეთ თქვენს ამოცანებზე: გსურთ მხოლოდ ელექტრონული ფოსტების ბაზა გაზარდოთ შემდგომი კომუნიკაციისთვის, თუ პირდაპირ რაიმე პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზება გაქვთ მიზნად?

დავუშვათ, იმ ვებინარის რეკლამირება გსურთ, რომელშიც ახალი პროდუქტის ან მომსახურების დანერგვის შესახებ იქნება საუბარი. ასეთ შემთხვევაში მეილით რეგისტრაციას მიმართეთ, რათა ვებინარის შემდგომ მომხმარებელს რაიმე პროდუქტის შეძენა შესთავაზოთ.

ახლა მაგალითის საფუძველზე წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება იმუშაოს ამან. მაგალითად, გვაქვს კომპანია Quip-ის სარეკლამო ფორმა.

რეკლამა აპლიკაციის გამოყენების ყველა სარგებელს გვიჩვენებს. მისი CTA “Learn More” მომხმარებელს შესავსებ ფორმაზე ამისამართებს, სადაც ვებინარისთვის რეგისტრირდებიან.

მას შემდეგ, რაც მომხმარებლები საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციას დაადასტურებენ, ისინი იღებენ უკვე შემდგომ წერილებსა და მიმოხილვებს ვებინარის და შემდგომი შეთავაზებების შესახებ.

შეცდომა #4: სხვადასხვა მოწყობილობების უგულვებელყოფა

სწრაფი ფორმების გასაკეთებლად რამდენიმე ინოვაციური მეთოდი და ფუნქციაც არსებობს, რაც მომხმარებელთან დაკავშირებას გაცილებით გაგიმარტივებთ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფუნქციებიდან ზოგიერთი მათგანი ყველა მოწყობილობაზე ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, შეხვედრის ჩანიშვნა, დაგვეთანხმებით, ძალიან გამოსადეგი რამ არის, თუმცა, მისი დამატება მხოლოდ მობილური მოწყობილობებიდან არის შესაძლებელი.

თქვენი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მეტი ეფექტურობის მისაღებად, რა თქმა უნდა, საჭიროა გაითვალისწინოთ ის, თუ რომელ მოწყობილებობს იყენებს თქვენი მომხმარებელი უფრო ხშირად.

სწორედ ამიტომ, თქვენი რეკლამის შექმნამდე დაფიქრდით იმაზე, თუ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და სად ატარებენ ყველაზე მეტ დროს ისინი.

თუ თქვენს სამიზნე აუდიტორიას მილენიალები წარმოადგენენ - ადამიანები, რომლებიც დღეში საშუალოდ ოთხ საათს ტელეფონში ატარებენ, მაშინ ცხადია, თქვენი რეკლამა და ფუნქციები მობილურისას უნდა მოარგოთ.

შეცდომა #5: შესავლის არ ქონა

თითოეული ლიდის რეკლამა, საშუალებას გაძლევთ, რომ მას შესავალი, იგივე „intro” დაურთოთ.

ის გეხმარებათ, თქვენს რეკლამას თქვენი პროდუქტების ან მომსახურების შესახებ მცირე მიმოხილვა დაურთოთ, რათა მომხმარებელს წარმოდგენა ჰქონდეს, რას უნდა ელოდეს.

გარდა ამისა, ის მათი აღფრთოვანებისა და აჟიტირებისთვისაც გამოიყენება, რაც მათ მიერ კითხვის გაგრძელებასაც უწყობს ხელს.

შესავლის გამოუყენებლობა ხელიდან გაშვებული შესაძლებობაა, რადგან ამგვარად, თქვენ ვეღარ შეძლებთ:

  • მიმზიდველი სათაურის გაკეთებას
  • პერსონალიზებული სურათის დართვას, რომელიც სარეკლამო სურათისგან განსხვავებული იქნება, რაც ყურადღების მისაქცევად დამატებითი საშუალებაა.
  • მცირე აბზაცის ან ბულეტების დამატებას მყისიერი ინფორმაციისათვის.

სავარაუდოდ, ისეთი რეკლამის შექმნა, რომელიც ადამიანებს მოიზიდავს და თქვენს რეკლამაზე გადმოსვლისაკენ უბიძგებს, საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ მომხმარებელი ინფორმაციის გაზიარებამდე მაიტოვებს თქვენს რეკლამას ყურადღების გარეშე. ამიტომაც, შესავლის დამატებით თქვენს ფორმაში, მაქსიმალურად აირიდებთ თავიდან ამგვარ სიტუაციებს, რადგან მათ უკვე ეცოდინებათ, თუ კონკრეტულად რას სთავაზობთ.

მაგალითად, თუ ახალ „newsletter”-ს არეკლამებთ, მაშინ შეგიძლიათ, კონტენტის შინაარსიდან რამდენიმე ბულეტი გამოყოთ, რათა წარმოდგენა შეუქმნათ მომხმარებელს, თუ რა სახის ინფორმაციას უგზავნით მათ.

მაგრამ თუ ახალი პროდუქტის გამოშვებას აანოსნებთ, მაშინ აუცილებლად დაურთეთ რეკლამას შესავალი, სადაც იმ მნიშვნელოვან მახასიათებლებს გამოყოფთ, რასაც მომხმარებელი ითხოვდა.

შეცდომა #6: კითხვარის CTA დაუფიქრებლად შედგენა

ძირითადად, რეკლამისთვის რვა CTA ვარიაცია გაგვაჩნია:

  1. Apply Now
  2. Book Now
  3. Download
  4. Get Offer
  5. Get Quote
  6. Learn More
  7. Sign Up
  8. Subscribe

არაერთი კვლევის შემდეგ, დადგინდა, რომ ყველაზე პოპულარული და ეფექტური ოთხი CTA არის: Learn More (გაიგეთ მეტი), Shop Now (შეიძინეთ ახლავე), Sign Up (დარეგისტრირდით), Book Now (დაჯავშნეთ ახლავე).

სწორედ ეს CTA ღილაკები არის ყველაზე ეფექტური მომხმარებლის მოსაზიდად და მოქმედებისთვის ბიძგის მისაცემად.

თუმცა, სწრაფ კითხვარებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი არჩევანი და კრეატიულობის საშუალებაც გვაქვს. თქვენ არ ხართ შეზღუდული მის შინაარსში.

თქვენთვის უნიკალური CTA ღილაკის შესაქმენალდ საკმარისია, გადახვიდეთ საბოლოო გვერდზე და განაახლოთ „ღილაკის ტექსტი“.

იმისათვის, რომ რეკლამის და ფორმის სრული ციკლი შეიქმნას, საჭიროა რეკლამა, ფორმა და მისი CTA თანხვედრაში მოდიოდეს და ერთ მარკეტინგულ მიზანს ემსახურებოდეს, რაც ხშირად ასე არ ხდება.

იდეალურ შემთხვევაში, თქვენი CTA ღილაკი უნდა ახვედრებდეს მომხმარებლებს, თუ რას იღებენ ისინი. ის უნდა იყოს მოქმედებაზე ორიენტირებული და სპეციფიკური.

კამპანიის ფარგლებში შეგიძლიათ, სხვადასხვა ტიპის ღილაკებიც მოსინჯოთ და დააკვირდეთ, რომელ მათგანს მოაქვს თქვენთვის ყველაზე მაღალი CTR (click-through-rate) მაჩვენებელი.

შეჯამება

ამგვარად, გვაქვს ექვსი შეცდომა, რომელსაც მარკეტერები ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. გავიხსენოთ ისინი კიდევ ერთხელ:

  1. შეცდომა #1: მყისიერ კითხვარებში არასწორი ინფორმაციის მოთხოვნა
  2. შეცდომა #2: არა ავტომატიზირებული პროცესები
  3. შეცდომა #3: შესავსები ფორმების მხოლოდ ერთი მიზნით გამოყენება
  4. შეცდომა #4: სხვადასხვა მოწყობილობების უგულვებელყოფა
  5. შეცდომა #5: შესავლის არ ქონა
  6. შეცდომა #6: კითხვარის CTA დაუფიქრებლად შედგენა

შემდეგ ჯერზე, როდესაც რეკლამის შედგენას დაიწყებთ, იმედია ამ შეცდომებს გაითვალისწინებთ და დარწმუნდებით, რომ თქვენი რეკლამა სწორ მესიჯებს გადმოსცემს და სათანადო ჩართულობასაც იწვევს მომხმარებლების მიერ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

7 შეცდომა, რომელსაც მცირე ბიზნესები უშვებენ ფეისბუქ ბიზნეს გვერდის მართვისას

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური