სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური

მარტი 07, 2021

სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხური

სოციალური მედია სტრატეგია მოიცავს იმ ყველაფერს, რასაც გეგმავთ და იმედოვნებთ, რომ სოციალური მედიის დახმარებით მიაღწევთ.

სოციალური მედია სტრატეგია მოიცავს ყველაფერს, რასაც გეგმავთ და იმედოვნებთ, რომ მისი დახმარებით მიაღწევთ. ის გეხმარებათ, გაიგოთ, მიდიხართ თუ არა სწორი მიმართულებით, წარმატებით ან კრახით.

რაც უფრო სპეციფიკური და კონკრეტული იქნება თქვენი გეგმა, მით უფრო ეფექტური იქნება ის. ნუ ეცდებით, რომ ის ძალიან განაზოგადოდ და ამგვარად მისი მიზნების მიღწევა და შესრულება წარმოუდგენელი გახადოთ.

ჩვენი სტატიის ფარგლებში, დეტალურად გავივლით იმ საფეხურებს, რომლებიც წარმატებული სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავებაში დაგეხმარებათ.

 

როგორ შევიმუშავოთ სოციალური მედია სტრატეგია

 

ნაბიჯი 1. შეარჩიეთ სოციალური მედია მარკეტინგის ისეთი მიზნები, რომლებიც ბიზნესის მიზნებთან იქნება შესაბამისობაში.

დაისახეთ S.M.A.R.T მიზნები

წარმატებული გეგმის შემუშავებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია მიზნებისა და ამოცანების დასახვა, რომელთა გარეშეც ვერ შეაფასებთ სტრატეგიის ეფექტურობასა და ROI-ს.

თითოეული მიზანი და ამოცანა უნდა იყოს:

  • კონკრეტული
  • გაზომვადი
  • მიღწევადი
  • რელევნატური
  • დროში გაწერილი

სწორედ ეს არის S.M.A.R.T მიზნების კონცეფცია. ეს განსაზღვრავს თქვენს ბიზნეს საქმიანობას და უზრუნველყოფს სასურველი შედეგების მიღებას.

წარმოგიდგენთ ამ კონცეფციის ერთ-ერთი მაგალითს:

„ჩვენ მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის გამოვიყენებთ Twitter-ის პლატფორმას და კვარტლის მიწურულისთვის, გამოხმაურების მაჩვენებელს დავიყვანთ ორ საათამდე.“

 

განსაზღვრეთ გონივრული საზომები(KPI)

ზოგიერთი საზომი, როგორიცაა გამომწერთა რაოდენობა ან მოწონებები, სრულიად დამაჯერებელი არ არის, რადგან მათი რეალური ღირებულების გაგება შეუძლებელია. ნაცვლად ამისა, ყურადღება ისეთ საზომებზე გაამახვილეთ, როგორიცაა ჩართულობა და კონვერსია.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა პლატფორმისთვის შესაძლოა სხვადასხვა მიზანს ისახავდეთ.

მაგალითად თუ LinkedIn-ის საშუალებით გსურთ ტრაფიკის მოზიდვა თქვენი ვებ-გვერდისთვის, მაშინ უმჯობესია, კლიკების მაჩვენებელი დათვალოთ. იმ შემთხვევაში, თუ Instagram-ს ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად მოიაზრებთ, მაშინ ნახვების შეფასება დაგჭირდებათ. Facebook-ისთვის კი CPC წარმოადგენს ოპტიმალურ საზომს.

გახსოვდეთ, რომ სოციალური მედია მარკეტინგის მიზნები ყოველთვის თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ბიზნესის  საერთო მიზნებთან.

 

ნაბიჯი 2. მაქსიმალურად შეისწავლეთ საკუთარი აუდიტორია

 

შექმენით მომხმარებლის პერსონა

იცოდეთ ის, თუ ვინ არის თქვენი მომხმარებელი და რის ნახვას ისურვებდნენ ისინი სოციალურ მედიაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამგვარად, შესაძლებლობა გექნებათ, ისეთი კონტენტი შექმნათ, როგორიც მათ მოეწონებათ და გააზიარებენ. გარდა ამისა, ეს დაგეხმარებათ თქვენი გამომწერები რეალურ მომხმარებლებად აქციოთ.

როდესაც საქმე მომხმარებელს ეხება, აუცილებელია, რამდენიმე დეტალი იცოდეთ:

  • ასაკი
  • ადგილმდებარეობა
  • საშუალო შემოსავალი
  • მიახლოებითი სამუშაო სტატუსი ან ინდუსტრია
  • ინტერესები

გაიცანით საკუთარი მხარდამჭერები, გამომწერები და მომხმარებელები, როგორც რეალური პიროვნებები, რეალური საჭიროებებითა და მოთხოვნილებებით. ამგვარად გეცოდინებათ, როგორ მიმართოთ თქვენი სტრატეგია მათკენ და როგორ აამაღლოთ მათი ჩართულობა.

 

შეაგროვეთ მონაცემები

ნუ გააკეთებთ ვარაუდებს, იმსჯელეთ ფაქტებზე დაყრდნობით. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ Facebook Baby Boomer-ებთან დასაკავშირებლად უკეთესი იყოს, ვიდრე მილენიალებთან. თუმცა, რიცხვები საპირისპიროს ამტკიცებს.

სოციალური მედია ანალიტიკის დახმარებით, შეგიძლიათ მომხმარებელზე ძალიან ღირებული ინფორმაციაც მოიპოვოთ, გაიგოთ ვინ არიან თქვენი გამომწერები, სად ცხოვრებენ და როგორ არიან ისინი ბრენდთან დაკავშირებული. ამის გათვალისწინებით კი შეძლებთ, მეტად დახვეწოთ თქვენი სტრატეგია და მოარგოთ ის საკუთარ აუდიტორიას.

Jugnoo, რომელიც Uber-ის მსგავსი კომპანიაა ინდოეთში, სწორედ Facebook ანალიტიკას იყენებდა იმისათვის, რომ შეესწავლა საკუთარი აუდიტორია. მათ აღმოაჩინეს, რომ მომხმარებელთა 90%, ვინც რეკომენდაციას უწევდა მეგობარს, იყო 18-34 წლის ადამიანი, საიდანაც 65% იყენებდა Android-ს. შედეგად, მათ შეძლეს უფრო ზუსტი რეკლამირება, რამაც ხარჯების 40% შემცირება გამოიწვია.

 

ნაბიჯი 3. იცნობდეთ კონკურენტებს

სავარაუდოდ, თქვენი კონკურენტები უკვე იყენებენ სოციალურ მედიას, შესაბამისად შეგიძლიათ, მათი ქმედებებიდანაც ისწავლოთ.

 

ჩაატარეთ კონკურენტული ანალიზი

კონკურენტული ანალიზი საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, ვინ არის თქვენი კონკურენტი და რას აკეთებენ ისინი კარგად (და რას არა). მიხვდებით, თუ რას შეიძლება მოელოდეთ ინდუსტრიისგან, რაც საკუთარი მიზნების განსაზღვრაშიც დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, პოტენციურ შესაძლებლობებსაც უკეთ დაინახავთ.

შეიძლება, რომელიმე კონკურენტი Facebook-ზე იყოს დომინანტი, თუმცა Twitter ან Instagram-ს ნაკლებ ყურადღებას აქცევდეს. შეიძლება იფიქროთ, რომ ისეთი სივრცე აითვისოთ, რომელიც დაუფასებელი დარჩა კონკურენტს, ნაცვლად მათი მხარდამჭერების წართმევისა.

 

მოუსმინეთ სოციალურ მედიას

სოციალური მედიის მოსმენა კიდევ ერთი საშუალებაა კონკურენტებზე დასაკვირვებლად.

მოძებნეთ, რა იწერება კონკურენტის სახელის გარშემო, გამოიკვლიეთ რელევანტური ქივორდები მათ სოციალურ მედიაში. გაიგეთ რა სახის კონტენტს აზიარებენ და რას ფიქრობს ამაზე მომხმარებელი.

 

ნაბიჯი 4. ჩაატარეთ სოციალური მედიის აუდიტი

თუ სოციალურ მედიას უკვე იყენებთ, შეაფასეთ საკუთარი ძალისხმევა და დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:

  • რა მუშაობს და რა არა?
  • რომელ სოციალურ ქსელს იყენებს თქვენი სამიზნე აუდიტორია?
  • რამდენად მაღალია ჩართულობა?
  • როგორ შეედრება კონკურენტებს თქვენი სოციალური მედია აქტივობა?

მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას მოიკრებთ, უკვე მზად იქნებით, იფიქროთ გაუმჯობესების გზებზეც.

თქვენი აუდიტი ნათლად უნდა გაჩვენებდეთ იმას, თუ რა მიზანს ემსახურება სოციალური მედიის თითოეული ანგარიში. თუ ეს მიზანი აშკარაა არაა, მაშინ დაფიქრდით რამდენად ღირს მისი შენარჩუნება.

გადაწყვეტილება რომ გაიმარტივოთ, რამდენიმე კითხვა დაუსვით საკუთარ თავს:

  1. არის აქ ჩემი აუდიტორია?
  2. თუ ეს ასეა, როგორ იყენებენ ისინი ამ პლატფორმას?
  3. შემიძლია ამ ანგარიშის გამოყენება ჩემი მიზნების მისაღწევად?

ეს კითხვები დაგეხმარებათ, ფოკუსირება სტრატეგიაზე მოახდინოთ.

 

გამოააშკარავეთ თაღლითური ქსელები

აუდიტის პროცესში, შეიძლება თაღლითური ქსელებიც აღმოაჩინოთ, რომლებიც თქვენი ბიზნესის სახელს ან პროდუქტს იყენებენ.

მათ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენონ თქვენს ბრენდს, ამიტომ სწრაფად მიმართეთ სათანადო ზომებს.

დარწმუნდით, რომ თქვენი სოციალური მედია ქსელები ლიცენზირებული და ვერიფიცირებულია, რათა მომხმარებელი დარწმუნდეს, რომ ნამდვილად თქვენთან აქვს საქმე.

 

ნაბიჯი 5. შექმენით ანგარიშები და დახვეწეთ ისინი

 

გადაწყვიტეთ, რომელი პლატფორმის გამოყენება გსურთ

გარდა იმისა, რომ გადაწყვეტთ, რომელი სოციალური ქსელის გამოყენებას აპირებთ, საჭიროა ასევე თითოეული მათგანისთვის შესაფერისი სტრატეგია განსაზღვროთ.

Benefit Cosmetics-ის სოციალურმა მედია მენეჯერმა, Angela Purcaro-მ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „მაკიაჟის გაკვეთილებისთვის ჩვენ მხოლოდ Snapchat და Instagram ვიდეოებს ვიყენებთ. რაც შეეხება Twitter-ს, ის მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის არის განკუთვნილი“.

რჩევა: ჩამოწერეთ მისიის განაცხადი თითოეული პლატფორმისთვის. ეს იქნება ერთ წინადადებიანი განცხადება, რომელიც მიზნებზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ.

მაგალითად: „ჩვენ Twitter გამოვიყენებთ მომხმარებლთა მხარდაჭერისათვის, რათა შევამციროთ ელექტრონული ფოსტებისა და ზარების მოცულობა“.

„ჩვენ LinkedIn-ის მეშვეობით წარმოვაჩენთ და გავავრცელებთ ჩვენს ორგანიზაციულ კულტურას, რათა ხელი შევუწყოთ დასაქმებასა და რეკრუტირებას.“

 

შექმენით საკუთარი ანგარიშები

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ რომელ პლატფორმებზე გსურთ კონცენტრირდეთ, მაშინ დროა უკვე საკუთარი პროფილის შექმნაზეც იზრუნოთ ან დახვეწოთ უკვე არსებული.

  • დარწმუნდით, რომ ყველა გრაფა შევსებული გაქვთ
  • მოიცვით ის ქივორდები, რომლითაც ხალხი თქვენს მოძებნას შეძლებს
  • მუდმივად გამოიყენეთ ბრენდირებული კონტენტი, რათა თქვენმა მომხმარებელმა ადვილად გიცნოთ.

რეკომენდაცია: თითოეული სოციალური ქსელისთვის გამოიყენეთ მათი შესაფერისი მაღალ ხარისხიანი სურათები.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ყველა სოციალური ქსელის ათვისება აუცილებელი არ არის. ამან შესაძლოა, თქვენი ძალისხმევის პროდუქტიულობა საგრძნობლად შეამციროს.

 

ნაბიჯი 6. იპოვეთ შთაგონება

მართალია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბრენდი უნიკალური და გამორჩეული იყოს, თუმცა შესაძლოა, შთაგონების წყაროდ თქვენი კონკურენტების იდეებიც კი გამოიყენოთ.

 

სოციალური მედიის წარმატების ისტორიები

წარმატებული კომპანიის ისტორიები სხვადასხვა ბიზნესების შესახებ შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში მოიპოვოთ. აქედან შეგროვებული ინფორმაცია კი დაგეხმარებათ, თქვენი სოციალური მედია შედარებით დახვეწოთ.

 

ჯილდოს მფლობელი კამპანიები და ანგარიშები

ასევე შეგიძლიათ ის კომპანიები მიმოიხილოთ, რომლებსაც გარკვეული ჯილდოები აქვთ მოგებული, მაგალითად: The Facebook Awards, The Shorty Awards და შემდეგ მათი სამაგალითო წარმატების მიზეზები შეისწავლოთ.

მეტი ხალისისთვის შესაძლებელია ასევე Fridge-Worthy ან Hootsuite-ის ყოველკვირეულ გადაცემებსაც უყუროთ, სადაც ჭკვიანური სოციალური მედია კამპანიის მაგალითებს იხილავთ.

 

თქვენი რჩეული ბრენდები სოციალურ მედიაში

ვისი გამომწერი ხართ სოციალურ მედიაში? რას აკეთებენ ისეთს, რაც ხალხის ჩართულობას და მოწონებას იმსახურებს?

National Geographic მაგალითად, Instagram-ზე ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რომელიც შთამბეჭდავ გამოსახულებებს გვთავაზობს.

და აქვეა Shopify - ელექტრონული კომერციის ბრენდი, რომელიც Facebook  იყენებს საკუთარი თავის წარმოსაჩენად და ლამაზად მოგვითხრობს მომხმარებელთა ისტორიების შესახებ.

კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი, რომელიც Twitter-ის საშუალებით უმაღლესი ხარისხის მომხმარებელთა მხარდაჭერას ახორციელებს.

 

 

ყურადღება მიაქციეთ, რომ თითოეულ ბრენდს აქვს მისი დამახასიათებელი ხმა, ტონი და სტილი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას უნდა მოელოდეს ბრენდისგან.

 

გამოკითხეთ თქვენი გამომწერები

მომხმარებლებსაც შეუძლიათ გარკვეული იდეები შთაგაგონოთ.

რაზე საუბრობს თქვენი სამიზნე აუდიტორია? რისი სწავლა შეგიძლიათ მათი საჭიროებების და მოთხოვნილებების შესახებ?

თუ უკვე გაქვთ აქტიური სოციალური მედია არხი, მაშინ შეგიძლიათ, ჰკითხოთ თქვენს გამომწერებს, რისი მიღება სურთ თქვენგან. უბრალოდ დარწმუნდით, რომ აუცილებლად აკმაყოფილებთ მათ საჭიროებებს.

 

ნაბიჯი 7. შექმენით კონტენტის კალენდარი სოციალური მედიისთვის

მიმზიდველი კონტენტის გაზიარება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია გეგმის არსებობა - თუ როდის რას გამოაქვეყნებთ. ეს მაქსიმალური ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ. მაგრამ ეს ყველაფერი არ გამორიცხავს სპონტანური იდეების არსებობას.

 

შეიმუშავეთ პოსტების განრიგი

თქვენი სოციალური მედია კონტენტის კალენდარი მოიცავს იმ თარიღებსა და დროებს, როდესაც რაიმე სახის კონტენტს აქვეყნებთ. ეს საუკეთესო საშუალებაა სოციალური მედია აქტივობების დასაგეგმად - სურათებისა და ბმულების გაზიარებისთვის, თუ ბლოგ პოსტებისა და ვიდეოებისათვის. ის მოიცავს როგორც ყოველდღიურ აქტივობებს, ასევე ზოგად სოციალურ მედია კამპანიასაც.

კალენდარი ასევე გეხმარებათ იმის უზრუნველყოფაში, რომ თქვენი კონტენტი საჭირო ადგილას და ოპტიმალურ დროს იქნას გამოქვეყნებული.

 

სწორად შეუსაბამეთ კონტენტი

დარწმუნდით, რომ თქვენი კალენდარი ბიზნესის მისიასაც ემსახურება და მის მიზნებს შეესაბამება თითოეული ანგარიშისთვის.

შესაძლოა თქვენ ივარაუდოთ, რომ:

  • კონტენტის 50% თქვენი ვებ-გვერდისკენ მოიზიდავს ტრაფიკს
  • კონტენტის 25% წყაროებიდან იქნება კურირებული
  • კონტენტის 20% ხელს შეუწყობს ლიდების გენერირებას
  • კონტენტის 5% მიეძღვნება კომპანიის კულტურას

ამგვარად, სხვადასხვა ტიპის კონტენტის განთავსებით დარწმუნდებით, რომ სწორი კომპოზიცია გაქვთ შერჩეული.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ საწყის ეტაპზე ხართ და არ იცით რომელი კონტენტი გაამართლებს, მაშინ 80-20 პრინციპი მოსინჯეთ:

  • პოსტების 80% უნდა იყოს ინფორმაციული, საგანმანათლებლო ან სახალისო თქვენი აუდიტორიისთვის.
  • 20% კი პირდაპირ ბრენდის რეკლამირებას ან გაყიდვებს უნდა ემსახურებოდეს.

ასევე სოციალური მედიის „მესამედის“ წესიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • კონტენტის ერთი მესამედი იქნება ბიზნესის რეკლამირებისთვის და მოგების მოსაზიდად.
  • კონტენტის ერთი მესამედი იქნება იდეების, ისტორიების გასაზიარებლად.
  • ერთი მესამედიც კი პერსონალური ინტერაქციისთვის და აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის.

რჩევა: მას შემდეგ, რაც თქვენს გეგმას გაწერთ, შეგიძლიათ კალენდარული ხელსაწყოები გამოიყენოთ მესიჯების წინასწარ მოსამზადებლად, რაც მათ მუდმივად განახლებას აგარიდებთ თავიდან.

მაგალითად, ამისათვის შეგიძლიათ Hootsuite პროგრამაც გამოიყენოთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სოციალური მედიის კალენდარის შესადგენად.

 

ნაბიჯი 8. შეაფასეთ და დააკორექტირეთ თქვენი სტრატეგია

თქვენი სოციალური მედიის სტრატეგია ძალიან მნიშვნლოვანი ფაქტორია თქვენი ბიზნესისათვის, და დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ პირველივე ცდაზე ამას სწორად გააკეთებთ. როდესაც დაიწყებთ თქვენი გეგმის შემუშავებას და შედეგების შედარებას, აღმოაჩენთ, რომ ზოგი სტრატეგია იმდენად კარგად არ მუშაობს, როგორც ამას თქვენ ელოდით, მაშინ, როდესაც სხვა სტრატეგიები რომელთაგანაც ნაკლებად ელოდით შედეგს, მოლოდინს გადააჭარბებს.

დააკვირდით შესრულების საზომებსაც

გარდა სოციალური ქსელების ანალიტიკისა, შეგიძლიათ მნახველთა შესასწავლად UTM პარამეტრებით გამოიყენოთ. მისი მეშვეობით გეცოდინებათ, რომელ პოსტებს მოაქვთ ყველაზე დიდი ტრაფიკი თქვენს ვებ-გვერდზე.

 

გადააფასეთ, მოსინჯეთ და გააკეთეთ ახლიდან

მას შემდეგ, რაც ინფორმაციას მოიკრებთ, დაიწყეთ მისი სისტემატიური შეფასება, რათა სტრატეგია რეგულარულად დახვეწოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, სხვადასხვა პოსტები, კამპანიები და სტრატეგიები მოსინჯოთ და მათი შედეგები ერთმანეთს შეადაროთ. მუდმივი ტესტირება გეხმარებათ გაიგოთ, რა მუშაობს კარგად და რა არა.

გამოკითხვები კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა იმის გასაგებად, თუ რამდენად შედეგიანია სტრატეგია.  გამოკითხეთ თქვენი გამომწერები, ვებ-გვერდის მნახველები და დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ მათ საჭიროებებს და აწვდით შესაფერის ინფორმაციას.

სოციალური მედია სწრაფად ვითარდება, ვხედავთ ახალ-ახალ ქსელებს ეტაპობრივად, ხოლო სხვა დანარჩენი იერსახეს იცვლის.

თქვენი ბიზნესიც გაივლის სწორედ ამ ეტაპებს და შესაძლოა გზადაგზა ბევრი რამის შეცვლა მოგიწიოთ.

ყოველივე ეს გულისხმობს, რომ თქვენი სოციალური მედიის სტრატეგია რეალურ დროში, მუდმივად უნდა ფასდებოდეს, განიხილებოდეს და იცვლებოდეს საჭიროების შემთხვევაში. ხშირად მიაქციეთ მას ყურადღება, რომ არაფერი გამოგრჩეთ და არც ცვლილებების შეგეშინდეთ, რადგან მთავარია თქვენი სტრატეგია ბიზნესის მიზნებსა და ამოცანებს აკმაყოფილებდეს.

როდესაც სოციალური მედიის სტრატეგიას განაახლებთ, დარწმუნდით, რომ ეს გუნდის ყველა წევრმა იცის.  ამგვარად, შეძლებთ ყველამ შეთანხმებულად იმუშავოთ ბიზნესის წარმატებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

რას ეწოდება სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

ინსტაგრამის დასპონსორებული პოსტები: ყველაზე რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

ეფილიეიტ მარკეტინგი