როგორია SMS მარკეტინგის მომავალი

SMS მარკეტინგის პოპულარობა გასული წლების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ბევრი ბრენდი მას კვლავ არასწორად ან არასათანადოდ იყენებს. რეალურად კი ის საკმაოდ ძლიერი მარკეტინგული ხელსაწყოა და სწორი განვითარების შემთხვევაში, ნათელი მომავალიც ელოდება. ამ დროისათვის, SMS მარკეტინგი იმეილ მარკეტინგისა და სოციალური მედიის ჩრდილის ქვეშაა მოქცეული, თუმცა სწორი ნაბიჯებითა და გადაწყვეტილებით, მათ არაფრით ჩამოუვარდება.
რატომაა მნიშვნელოვანი SMS მარკეტინგი
SMS მარკეტინგი, ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის მომხმარებლისთვისაც ერთ-ერთი უმარტივესი და ეფექტური საკომუნიკაციო საშუალებაა. ის არ საჭიროებს ინტერნეტთან კავშირს, როგორც მაგალითად, სოციალური მედია, არ საჭიროებს სისტემაში ავტორიზაციას, როგორც მეილი და ა.შ.
სულ უფრო და უფრო მეტი ბიზნესი იწყებს SMS შეტყობინებებით დაკავშირებას საკუთარ მომხმარებელთან. ბრენდებმა გააცნობიერეს, რომ პოტენციურ მომხმარებელთან პირველადი კონტაქტის შემდეგ, მათი მომხმარებლებად ქცევა უფრო შესაძლებელია — სწორი და თარგეთირებული რეკლამირებით.
SMS მარკეტინგის სტატისტიკები
თუ ჯერ ეჭვობთ იმას, არის თუ არა SMS მარკეტინგი იმეილ მარკეტინგსა და სოციალურ მედიაზე ეფექტური, მაშინ რამდენიმე ისეთ სტატისტიკას გაგაცნობთ, რომლებმაც შესაძლოა აზრი შეგაცვლევინოთ.
SMS-ების გახსნის საშუალო მაჩვენებელი 98%-ია — შედარებითვის, იმეილების გახსნის საშუალო მაჩვენებელი 21.33%-ია, რაც SMS მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხელსაწყოდ აქცევს.
SMS-ის გამოხმაურების მაჩვენებელი, სატელეფონო ზარის გამოხმაურებას 295%-ით აჭარბებს — ადამიანები უფრო მეტად სატელეფონო ზარებს აიგნორებენ, ვიდრე ტექსტურ შეტყობინებებს.
ამერიკელ მომხმარებელთა 50% პირდაპირ შესყიდვას ანხორციელებს მას შემდეგ, რაც SMS შეტყობინებას იღებს — შეტყობინებაში ვაუჩერის ან ფასდაკლების კოდის შეტანით შეგიძლიათ საგრძნობლად გაზარდოთ, როგორც გაყიდვები, ასევე SMS შეტყობინებების ეფექტურობაც.
მომხმარებელთა 75% არ არის წინააღმდეგი, რომ კომპანიისგან SMS-ები მიიღოს — მიეცით ადამიანებს ის, რაც სურთ! თუ მომხმარებელი დაგთანხმდათ SMS შეტყობინებების მიღებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ თქვენი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება სურთ.
მილენიალების 83% ტექსტურ შეტყობინებებს მიღებიდან 90 წამში ხსნის — თქვენი მესიჯი გაგზავნიდან 2 წუთის განმავლობაში შეიძლება გაიხსნას.
მომხმარებელთა 77% დადებითად აღიქვამს კომპანიებს, რომლებიც SMS შეტყობინებებს მიმართავენ — ადამიანები უკვე ტექსტურ შეტყობინებებს ანიჭებენ უპირატესობას, შესაბამისად, SMS მარკეტინგული პლატფორმის გამოყენება თქვენი მომხმარებლების რიცხვს, მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის.
როგორია SMS მარკეტინგის მომავალი
ახალი ტექნოლოგიებისა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებები, SMS მარკეტინგის მომავალს კიდევ უფრო პოტენციურს ხდის. მოსალოდნელია, რომ უფრო და უფრო მეტმა ბრენდმა მიმართოს SMS მარკეტინგს და ის აუდიტორიასთან პერსონალიზებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში გამოიყენოს.
RCS შეტყობინებები
RCS (Rich Communication Services) შეტყობინებები — მდიდარი საკომუნიკაციო სერვისები SMS შეტყობინებების მოდერნიზებული ვერსიაა, რომელიც რეგულარულ მესიჯებში ისეთი აპლიკაციების ფუნქციებს იყებენს, როგორიცაა — iMessage ან WhatsApp. ეს ფუნქციები მოიცავს ნახვა/წაკითხის ფუნქციებს, ბეჭდვის ანიმაციებს, სურათებს, ვიდეოებს, ლაივ შეტყობინებებს, GIF-ებსა და ბევრ სხვა ბრენდულ მახასიათებლებს.
RCS კრიტიკულად მნიშვნელოვანია SMS მარკეტინგის მომავლისთვის, რადგან ის კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის დახვეწილი საკომუნიკაციო გამოცდილების შექმნას უწყობს ხელს.
დიალოგური მარკეტინგი
დროა, ბრენდები გადაეჩვივნონ მოძველებულ, ფორმალურ და გაყიდვებზე ორიენტირებული შეტყობინებების გაგზავნას. ნაცვლად ამისა, საჭიროა უფრო უშუალო კომუნიკაციის წამოწყება.
მაგალითად:
მისასალმებელი შეტყობინებები — გულწრფელი სამადლობელი მესიჯის გაგზავნა მომხმარებლისთვის, რომელმაც პირველად შეიძინა პროდუქტი ან დარეგისტრირდა თქვენს საიტზე, დიალოგის წამოსაწყებად შესანიშნავი გზაა.
მიტოვებული კალათები — ხშირად, ონლაინ მომხმარებლები ჯერ არჩევენ პროდუქტებს, შემდეგ ანთავსებენ მათ კალათაში, თუმცა შესყიდვას ვეღარ ან აღარ ასრულებენ. მათთვის მიწერა და შეხსენება არის სწრაფი და მარტივი გზა საიტზე დასაბრუნებლად. მათთვის მცირე ფასდაკლების შეთავაზებაც კარგი ბიძგი იქნებოდა შესყიდვისკენ.
ივენთის მოსაწვევები — თუ თქვენი კომპანია რაიმე ღონისძიების გამართვას აპირებს, შეგიძლიათ მომხმარებლებს პერსონალიზებული შეტყობინება გაუგზავნოთ და აცნობოთ, თუ რა სარგებლის მიღება შეეძლებათ მათ ამ ღონისძიებაზე.
პროდუქტის გამოშვება — გაავრცელეთ ინფორმაცია ახალი პროდუქტის გამოშვების შესახებ. შესაძლოა არსებული მომხმარებლები მარტივად დაინტერესდნენ მისი შეძენით.
პერსონალიზებული მარკეტინგი
ამჟამად, ბევრი ბრენდი ზოგად საკომუნიკაციო ენასა და ბრტყელ ტონს იყენებს, რაც ბევრ შეტყობინებას ეფექტურობას უკარგავს. შესაძლებელია, რომ ის მომხმარებელმა არასანდოდ ჩათვალოს და შესაბამისად, რეგისტრაციისგანაც თავი შეიკავოს. სამომავლოდ, SMS მარკეტინგი უფრო მკაფიო, მარტივი და უშუალო უნდა გახდეს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება SMS მარკეტინგის მომავალში
SMS მარკეტინგი სულ უფრო და უფრო პერსონალიზებული და მომხმარებელზე მორგებული ხდება, რაც ცალსახად ამაღლებს, როგორც ჩართულობას, ასევე ბრენდებსა და მათ აუდიტორიებს შორის კომუნიკაციის ხარისხს. ის მეტად ინდივიდუალური ხდება და ნაკლებად ორიენტირებულია გაყიდვებზე — ნაცვლად ამისა, ის მიზნად ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას ისახავს.
ასევე დაგაინტერესებთ: