10 საფეხური YouTube-ზე ვიდეო ოპტიმიზაციისთვის

წლების განმავლობაში, ვიდეო SEO საგრძნობლად იცვლებოდა. თუ კვლავ 2008 წლის კონფერენციაზე ექსპერტისგან მოსმენილ რჩევებს მიჰყვებით ან 2015 წელს YouTube-ზე ნანახ რეკომენდაციებს ითვალისწინებთ, მაშინ გასაკვირი არ იქნება, თუ თქვენი შედეგებით კმაყოფილი არ ხართ.
დღესდღეობით, YouTube-ის ალგორითმი ცდილობს, თითოეული ვიდეო იმ მნახველს შეუსაბამოს, რომელსაც ის ყველაზე მეტად მოეწონება. ყოველ წუთს პლატფორმაზე 500 საათის ვიდეო კონტენტი იტვირთება, რაც ამ უკანასკნელს ალგორითმისთვის საკმაო გამოწვევად აქცევს.
სტატიის განმავლობაში ისწავლით, თუ როგორ მუშაობს იუთუბის ალგორითმი და გაეცნობით სამოქმედო რჩევებს თქვენი ვიდეოს SEO ოპტიმიზაციისთვის.
როგორ მუშაობს YouTube-ის საძიებო ალგორითმი?
იუთუბის საძიებო სისტემა ამ მნიშვნელოვან და რთულ დავალებას ვიდეოების დახარისხებითა და მათი ანალიზით ახერხებს, რაც საშუალებას აძლევს მას, რომ ვიდეოები მაქსიმალურად შეუსაბამოს მომხმარებელთა ინტერესებს თუ საძიებო შედეგებს.
ვიდეოს ჩვენების შემდეგ იუთუბი „მიყვება აუდიტორიას“ და აკვირდება შემდეგს:
- რას უყურებენ ისინი
- რას არ უყურებენ
- რა დროს ხარჯავენ ვიდეოს სანახავად
- რას იწონებენ და რას არა
-
YouTube ძიება
Google-ის საძიებო სისტემის მსგავსად, იუთუბის საძიებო სისტემაც ყველაზე რელევანტურ შედეგებს გვიჩვენებს კონკრეტული ქივორდების მიხედვით.
ვიდეოებისთვის რეიტინგის მინიჭება სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით ხდება, მაგალითად სათაურზე, აღწერილობაზე და უშუალოდ კონტენტზე დაყრდნობით. გარდა ამისა, იუთუბი აკვირდება, თუ რომელი ვიდეო იღებს ყველაზე მეტ ნახვას, ნახვის ხანგრძლივობას და ჩართულობას. მარტივად რომ ვთქვათ, იუთუბის საძიებო შედეგები არ არის დამყარებული უბრალოდ ყველაზე მეტი ნახვის მქონე ვიდეოებზე.
ვიდეოების ოპტიმიზაციისთვის ქივორდები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, შესაბამისად მათ შერჩევაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. თქვენ მიერ შერჩეული ქივორდები სამიზნე აუდიტორიას არა მარტო მის მოძებნაში უნდა ეხმარებოდეს, არამედ მათ გრძელვადიან ჩართულობასა და კმაყოფილებასაც უნდა უზრუნველყოფდეს.
-
რეკომენდებული ვიდეოები
რეკომენდებული ვიდეოების სექცია პერსონალიზებული ვიდეოების კოლექციას წარმოადგენს, რომლითაც პოტენციური მნახველი შეიძლება იყოს დაინტერესებული - მისი წარსული აქტივობის გათვალისწინებით.
ეს ვიდეოები მომხმარებელს ეკრანის მარჯვენა მხარეს უჩნდება კომპიუტერზე „Up next” სექციის ქვევით, ხოლო მობილურ აპლიკაციაში ვიდეოს ქვევით.
კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებლები სხვადასხვა არხების რეკომენდებული ვიდეოების დანახვისას უფრო მეტ ვიდეოს უყურებენ - რეკომენდებული ვიდეოების მიზანიც ხომ სწორედ ეს არის. მნახველთა ჩართულობის გასაზრდელად მათი რეიტინგების შეფასებაც ხდება.
სარეკომენდაციო სიგნალები შეიძლება მოიცავდეს:
- ვიდეოებს, რომლებსაც მნახველები მიმდინარე ვიდეოსთან ერთად უყურებენ ან ვიდეოებს, რომლებიც თემატურადაა მასთან დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს იმავე ან განსხვავებული არხებიდან.
- ვიდოებს მნახველის ისტორიიდან.
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ, რეკომენდებული ვიდეოებიდან რომელს მოაქვს თქვენი არხისთვის ტრაფიკი. ამას YouTube Analytics-ის საშუალებით შეძლებთ.
თუ გსურთ, თქვენი ვიდეოც იხილოთ რეკომენდებულ სექციებში, ამისათვის რამდენიმე ფაქტორის ოპტიმიზაცია დაგჭირდებათ:
- შექმენით მკაფიო მოწოდებები ქმედებისკენ, რათა მომხმარებელს თქვენი ვიდეო სერიების ნახვისაკენ უბიძგოთ.
- გრძელი დასასრულები შესაძლოა, ვიდეოს ყურების შეწყვეტის მიზეზიც გახდეს, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ თქვენი ვიდეოს დასასრულს.
- გამოიყენეთ „playlist”-ები, ლინკები, ბარათები და ვიდეოს ბოლო ეპიზოდები, რომლებიც სხვა ვიდეოებს ურჩევს მომხმარებელს.
- განავითარეთ ვიდეო სერიები და ორგანულად დაუკავშირეთ ისინი ერთმანეთს.
- ვიდეოები პლატფორმაზე გავრცელებულ პოპულარულ ფორმატებს მოარგეთ.
-
სათაურები და “Thumbnail”-ები
სათაურები და გარეკანის ფოტოები არის პირველი, რასაც მომხმარებელი ხედავს იუთუბზე ძიებისას. ისინი ერთობლივად განაპირობებენ იმას, უყურებს თუ არა მომხმარებელი თქვენს ვიდეოს და მიიჩნევს თუ არა მას რელევანტურად.
თუ მნახველი თქვენს ვიდეოზე დააკლიკბს და მის ყურებასაც განაგრძობს, ეს იუთუბს მიანიშნებს იმაზე, რომ მნახველს მოსწონს და კმაყოფილია თქვენი კონტენტით.
თუმცა, თუ თქვენი სათაურები და გარეკანის ფოტოები არ შეესაბამება ვიდეოს შინაარს, მომხმარებელი დიდი ალბათობით, ვიდეოს ყურებას მომენტალურად შეწყვეტს. ამან კი შესაძლოა, პლატფორმაზე თქვენი ნაკლებად გამოჩენაც გამოიწვიოს.
რაც უფრო დიდ ხანს მოახერხებთ მომხმარებელთა დაყოვნებას თქვენს ვიდეოზე, მით უფრო აიმაღლებთ რეიტინგს ალგორითმის თვალში. სათაურების ოპტიმიზაციისთვის:
- მოიფიქრეთ ისეთი სათაურები, რომლებიც აჩენენ ინტერესს, ცნობისმოყვარეობას და შეიცავენ საჭირო ქივორდებს.
- შექმენით ლაკონური და ზუსტი სათაურები (60 სიმბოლო) ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით.
- დარწმუნდით, რომ სათაურები არ იჭრება რეკომენდებული ვიდეოების სექციაში ან საძიებო შედეგებში.
რაც შეეხება გარეკანის ფოტოს, მას მომხმარებელი მომენტალურად ამჩნევს და აფასებს. საუკეთესო ვიდეოების 90%-ს პლატფორმაზე პერსონალიზებული გარეკანის ფოტოები აქვს.
როდესაც მის შექმნას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ გამოყენებული სურათი მკაფიო და „ცოცხალია“ და ვიდეოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გადმოსცემს. ტექსტების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად შეარჩიეთ მარტივად აღსაქმელი ფონტები და დაფიქრდით, რითი შეძლებთ მომხმარებლის ყურადღების მომენტალურ მიპყრობას.
გარეკანის ფოტოების ოპტიმიზაციისთვის ეცადეთ:
- შექმნათ რაც შეიძლება მაღალი რეზოლუციის სურათი, მაგრამ მოცულობით 2MB-ს არ გადააჭარბოთ.
- 1280 x 720 პიქსელი (16:9 თანაფარდობა). ფორმატი შეიძლება იყოს .JPG, .GIF, .BMP, .PNG
- შეადარეთ თქვენი გარეკანის ფოტო სხვა ვიდეოებისას და დააკვირდით, რამდენად გამორჩეული იქნება ის.
-
აღწერილობა და ჰეშთეგები
აღწერილობის გრაფა საკმაოდ გამოსადეგია მომხმარებლებისთვის, რადგან მისი დახმარებით ისინი ეცნობიან, თუ რის ნახვას, რის სწავლას შეძლებენ ვიდეოს ყურებისას და ამაგვარად, წყვეტენ უყურონ თუ არა მას.
აღწერილობაზე ფიქრისას ორ რამეზე უნდა გააამახვილოთ ყურადღება - რას ხედავს მნახველი სანამ „მეტის ჩვენებას“ დააჭერს და რას ხედავს ამის შემდეგ.
აღწერილობის ოპტიმიზაციისთვის:
- დარწმუნდით, რომ თითოეულ ვიდეოს გააჩნია უნიკალური აღწერილობა - ეს ამარტივებს მის ძიებას და ეხმარება სხვა მსგავსი ვიდეოებისგან გამორჩევაში.
- გამოიყენეთ პირველი რამდენიმე ხაზი ვიდეოს შინაარსის ასახსნელად - ამ პროცესში გამოიყენეთ ისეთი ქივორდები, რომლებიც მომხმარებელს ვიდეოს მოძებნაში დაეხმარება.
- ტექსტის დარჩენილი ნაწილი (რაც „მეტის ჩვენების“ შემდეგ ჩნდება) გამოიყენეთ 300-2100-მდე სიმბოლოს დასაწერად. აქ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ შეიტანოთ არხის შესახებ, დაურთოთ ბმულები და სხვა.
YouTube-მა მისი საძიებო სისტემების ვიზუალური პრეზენტაციის ცვლილებაც მოახდინა. მაგალითად, მნახველები თითოეული ვიდეოს ყურებისას ხედავენ მის ნაწილებს (Chapter), რომლებიც დროების მიხედვით არის დაყოფილი და ერთმანეთისგან განსხვავებულ თემებს გამოყოფს. ეს კი მნახველს საშუალებას აძლევს, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილიდან განაგრძოს ვიდეოს ყურება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ალგორითმზე გავლენას არ ახდენს, თამაშის წესებს გარკვეულწილად მაინც ცვლის. და მაინც, როგორ ახდენთ ნაწილების ოპტიმიზაციას? შეგიძლიათ, ვიდეოს დროითი მონაკვეთები დაურთოთ და აღწერილობაში თითოეული მათგანი გამოყოფილად უჩვენოთ მომხმარებელს.
გარდა ამისა, იუთუბმა მისი საძიებო შედეგების გვერდიც განაახლა. ეს განახლებული გვერდი ჩნდება მაშინ, როდესაც მნახველი ვიდეოს ჰეშთეგების საშუალებით ეძებს. გამოიყენეთ ვიდეოსთან დაკავშირებული ჰეშთეგები სათაურსა და აღწერილობაში, რათა მომხმარებელს მისი მოძებნა კიდევ უფრო გაუმარტივოთ.
ჰეშთეგებზე ოპტიმიზაციისთვის:
- დარწმუნდით, რომ მხოლოდ ვიდეოს რელევანტურ ჰეშთეგებს იყენებთ. მაგალითად, თუ კონკრეტული ფილმის განხილვის ვიდეოს ატვირთავთ, ნუ დაამატებთ აღწერაში რაიმე სხვა ფილმის ჰეშთეგს, სხვა მსახიობის და ა.შ.
- ხშირად ცოტა უფრო მეტია - ნუ გადატვირთავთ ვიდეოს აღწერილობას ბევრი ჰეშთეგით. იუთუბი ავტომატურად დააიგნორებს ყველა ჰეშთეგს ვიდეოზე, თუ მათი რაოდენობა 15-ს აღემატება.
- ჰეშთეგების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ტრენდული კონტენტისთვის. ეს შეიძლება იყოს მიმდინარე მოვლენები ან სიახლეები.
-
მთავარი გვერდი
მთავარი გვერდი არის ის, რასაც იუთუბის მნახველები პლატფორმაზე შემოსვლისას ხედავენ. ეს მომხმარებლის პერსონალური სივრცეა, სადაც მას ყველაზე რელევანტური და მისთვის შესაფერისი კონტენტის აღმოჩენა შეუძლია.
ეს შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ თქვენთვის უცხო მომხმარებლებმაც აღმოაჩინონ თქვენი ვიდეო. მსოფლიოს გარშემო დაახლოებით 200 მილიონზე მეტი სხვადასხვა ვიდეო ჩნდება მთავარ გვერდზე ყოველდღიურად.
როდესაც მომხმარებელი მთავარ გვერდზეა, YouTube მას უჩვენებს ვიდეობს მისი საყვარელი არხებიდან, მის მიერ ნანახი ვიდეოების მსგავს კონტენტს ან სრულიად ახალ ვიდეოებს.
მთავარ გვერდზე მოხვედრილი ვიდეოების შერჩევა დამოკიდებულია:
- პერფორმანსზე: რამდენად ეფექტურად ახერხებს ვიდეო მომხმარებელთა ჩართულობას და დაკმაყოფილებას.
- მნახველთა ნახვისა და ძიების ისტორიაზე: რამდენად ხშირად უყურებს მნახველი კონკრეტულ არხს ან ვიდეოს გარკვეულ თემაზე და რამდენად ხშირად უჩვენებია YouTube-ს ეს ვიდეო მნახველისთვის.
მთავარ გვერდზე ოპტიმიზაციისთვის:
- ატვირთეთ ახალი ვიდეოები რეგულარულად, რათა მომხმარებელს გარკვეული მოლოდინი შეუქმნათ თქვენი კონტენტის ნახვისათვის.
- ეცადეთ, მომხმარებელთა ჩართულობა დიდ ხანს შეინარჩუნოთ და უბიძგოთ მათ უკან - თქვენს არხზე დაბრუნებისკენ. იქნება ეს მოკლე ვიდეო თუ ვრცელი, რაც უფრო დიდ ხანს უყურებს მომხმარებელი მას, მით უფრო მეტი შანსი ექნება თქვენს კონტენტს გავრცელებისთვის.
- აკეთეთ ის, რაც მუშაობს. როდესაც დაინახავთ, რომ რაიმე კონტენტი ეფექტურად მუშაობს თქვენს აუდიტორიაზე, განაგრძეთ მსგავსი კონტენტის შექმნა. YouTube უფრო მეტად გაავრცელებს იმ ვიდეოებს, რომლებიც თქვენს მნახველებს მოსწონთ. ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებსაც, თუმცა ამასაც გონივრულად მოეკიდეთ. დააკვირდით მომხმარებელთა უკუკავშირს და საჭიროებისამებრ, შეიტანეთ ცვლილებები კონტენტში.
- დააკვირდით, რამდენად ხშირად ჩნდება თქვენი არხი მთავარ გვერდზე, გლობალური მასშტაბით. ამას YouTube Analytics Traffic-ის დახმარებით შეიტყობთ.
-
YouTube Shorts (მოკლე ვიდეოები)
პლატფორმაზე YouTube Shorts - მოკლე ვიდეოების ნახვა, მომხმარებლებს სპეციალურ გრაფაზე გადასვლით შეუძლიათ. ეს მოკლე ვიდეოების შექმნის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. აღნიშნული ვიდეოების ხანგრძლივობა 60 წამამდე მერყეობს.
მნახველებს Shorts-ის ნახვა შეუძლიათ:
- YouTube-ის მთავარ გვერდზე.
- მათი შეტყობინებების ველში.
- გამოწერების შემოწმებით.
- კონკრეტული არხის გვერდზე.
მოკლე ვიდეოების ჩაწერისას, სასურველია #Shorts ჰეშთეგის გამოყენებაც ვიდეოს აღწერაში - ეს მნახველს, ისევე როგორც იუთუბს, დაეხმარება თქვენი ვიდეოს რელევანტურობის შეფასებაში.
როგორ განსაზღვრავს იუთუბი მოკლე ვიდეოების ნახვის დროს და ჩართულობას? YouTube-ის სისტემა იყენებს აბსოლუტურ და შედარებით ნახვის დროებს, როგორც სიგნალს აუდიტორიის ჩართულობისთვის.
რასაკვირველია, YouTube-ს სურს, მისი მოკლე ვიდეოები ისეთივე წარმატებული იყოს პლატფორმაზე, როგორც სტანდარტული ვიდეოები, ამიტომ ისინი კრეატორებს ვიდეოს ოპტიმალური ხანგრძლივობისკენ მოუწოდებენ.
ზოგადად, ნახვის შედარებითი ხანგრძლივობა უფრო მნიშვნელოვანია მოკლე ვიდეოებისთვის, ხოლო აბსოლუტური ხანგრძლივობა სტანდარტული, ვრცელი ვიდეოებისთვის. შეგიძლიათ, აუდიტორიის შენარჩუნების რეპორტი გამოიყენოთ YouTube Analytics-დან და ნახოთ, საშუალოდ რამდენ დროს უთმობს მომხმარებელი თქვენი ვიდეოს ნახვას და შემდეგ, კონტენტი ოპტიმალურ დროს მოარგოთ.
აღსანიშნავია, რომ მოკლე ვიდეოების ნახვები ისევე ითვლება, როგორც ვრცელი ვიდეოების. გარდა ამისა, მოკლე ვიდეოებიდან მოპოვებულ გამომწერებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და კრეატორთა დაჯილდოების პროგრამაშიც მონაწილეობს.
მოკლე ვიდეოებისთვის საუკეთესო პრაქტიკები შეგიძლიათ გაითვალისწინოთ:
- ეცადეთ, რომ პირველი რამდენიმე წამი მომენტალურად იქცევდეს მნახველის ყურადღებას.
- გახსოვდეთ, რომ მოკლე ვიდეოები მეორდება, ამიტომ დააკვირდით კონტენტის გამართულობას
- ეცადეთ, თქვენი კონტენტი უფრო რელევანტური იყოს - შეიტანეთ მასში ტრენდული მომენტების, ივენთების ან სიმღერების ელემენტები.
- გამოიყენეთ თქვენი ბუნებრივი ხმა, ან აჩვენეთ მომხმარებელს „კულისებს მიღმა“ კადრები.
- შექმენით საგანმანთლებლო, სახალისო კონტენტი, რომელიც მნახველს კმაყოფილს დატოვებს.
- შეგიძლიათ, მოკლე ვიდეოები თქვენს არხზე ატვირთოთ ან ცალკეული არხი შექმნათ. ასევე, შესაძლებელია მათი სპეციალურ სექციაში მოქცევა თქვენი არხის მთავარ გვერდზე - ეს მომხმარებელს გაუმარტივებს ამ ორი ტიპის კონტენტის გარჩევასა და განცალკევებას.
-
ბარათები და საბოლოო კადრები (ეკრანზე)
ბარათები, რომლებიც ვიდეოს დასასრულს ჩნდება ეკრანზე, მომხმარებელს ქმედებისკენ უბიძგებს - ეს ქმედება კი ხშირ შემთხვევაში არხის სხვა ვიდეოების ნახვაა. ბარათები წინასწარ შედგენილი შეტყობინებებია, რომელთა შექმნაც ბრენდის და მისი სხვა ვიდეოების გარეკლამებისთვის შეგიძლიათ.
ბარათების შექმნის შემდეგ გამოჩნდება მცირე მართკუთხა გრაფა ან თიზერი, რომელიც ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში იქნება წარმოდგენილი.
თუ მნახველები მასზე დააკლიკებენ, შესაბამისი ბარათი მცირე ზომით გამოჩნდება ვიდეოსთან ერთად, მობილურის შემთხვევაში ვიდეოს ქვევით, პორტრეტის ფორმატით. თუ მნახველი მას უყურადღებოდ დატოვებს და არ დააჭერს ამ თიზერს, მაშინ ის მცირე დროის შემდეგ გაქრება.
ბარათები იდეალურად მუშაობს მაშინ, როდესაც ისინი კონკრეტული მოწოდების შემდეგ ჩნდებიან ვიდეოზე, შესაფერის დროს. მაგალითად, როდესაც მას სხვა ვიდეოს ნახვასაც ურჩევენ.
ბარათების ოპტიმიზაციისთვის:
- გამოიყენეთ ბარათები და შესაბამისი მოწოდებები ქმედებისკენ, რათა სხვა ვიდეოების, „playlist”-ის ან ვებ-გვერდების გალინკვა შეძლოთ.
- გამოიყენეთ ბარათები შედარებით ძველ ვიდეოებში და მისი საშუალებით მომხმარებლებს ახალი ვიდეოები გააცანით.
- თითო ვიდეოში ხუთამდე ბარათის გამოყენებაა რეკომენდებული.
- მათი გამოყენება ჯვარედინი რეკლამირებისთვისაცაა შესაძლებელი.
ვიდეოს საბოლოო კადრები, რომლებიც ეკრანზე ჩნდება, ასევე შესანიშნავი საშუალებაა ნახვის დროის გახანგრძლივებისთვის, რადგან მისი დახმარებით მომხმარებელი არხის სხვა ვიდეოებსაც ხედავს, რომლებიც მისთვის საინტერესო შეიძლება იყოს და სურვილისამებრ, გადადის მათ სანახავადაც.
რეკომენდებული ვიდეოების დამატება ვიდეოს ბოლო 5-20 წამში შეგიძლიათ. საბოლოო კადრის ოპტიმიზაციისთვის:
- გამოიყენეთ საბოლოო სცენა ოთხამდე სხვადასხვა ელემენტის გასარეკლამებლად: ვიდეო ან „playlist”, მოუწოდეთ მნახველს არხის გამოწერისკენ, ჯვარედინი რეკლამირებისთვის ან საიტის გალინკვისთვის.
- დატოვეთ გარკვეული სივრცე/დრო ვიდეოს ბოლოს ამ ელემენტების წარმოდგენისთვის.
- ნუ გამოიყენებთ ბარათის თიზერებს და ბრენდირებულ ელემენტებს ერთობლივად ვიდეოს ბოლოს, ვინაიდან ეს გადატვირთავს კონტენტს.
-
Likes & Dislikes
ახდენს გავლენას ვიდეოს რეკომენდაციაზე ის, თუ რამდენი ადამიანი იწონებს თქვენს კონტენტს და რამდენი იწუნებს? - ნაწილობრივ დიახ.
მოწონება და დაწუნება იუთუბის ასობით სასიგნალო ფაქტორს ნამდვილად მიეკუთვნება. პლატფორმა, ცხადია, სწავლობს ყველა სახის ფაქტორს, რომლითაც ვიდეოს ხარისხის განსაზღვრა შეუძლია.
YouTube საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორიის ტიპური შენარჩუნების მონაცემებსაც, რაც კრეატორს საშუალებას აძლევს, YouTube Analytics-ის დახმარებით გაეცნოს აუდიტორიის შენარჩუნების პროცესში არსებულ მთავარ მომენტებს. ეს დაგეხმარებათ იმის გააზრებაშიც, თუ რა მუშაობს ეფექტურად და რა არა.
სწორედ ამ მიზეზების გამო სთხოვონ კრეატორები საკუთარ მნახველებს ვიდეოს მოწონებას, კომენტარის დატოვებას ან მათი ვიდეოს გაზიარებას სხვა სოციალურ ქსელში. ეს ყველაფერი ასახავს ჩართულობას და კმაყოფილებას, რომლის მაღალი მაჩვენებელიც კრეატორზეც დადებითაც მოქმედებს.
-
“New to You” (შენთვის ახალი) და აღმოჩენის სექციები
YouTube მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ „შენთვის ახალი“ სექცია განსხვავდება აღმოჩენის (Explore) სექციისგან.
იუთუბს მისი მომხმარებლებისგან ხშირად მისდიოდა კომენტარები იმის შესახებ, რომ მნახველების მთავარი გვერდი ერთი და იმავე კონტენტით და რეკომენდაციებით იყინებოდა. ამიტომაც იუთუბმა „შენთვის ახალი“ სექცია წარუდგინა მობილურ მომხმარებლებს. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ ტიპური რეკომენდაციების გარდა სხვა, მათთვის ახალი ტიპის ვიდეოები აღმოაჩინონ.
“Explore” სექცია მნახველებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს გარშემო არსებულ ტრენდულ კონტენტს გაეცნონ. ის ასევე კონკრეტული მიმართულებითაც გვეხმარება ვიდეოების აღმოჩენაში, მაგალითად ეს მიმართულება შეიძლება იყოს მუსიკა, ფილმები, გეიმინგი, სიახლეები, სპორტი ან განათლება. აღნიშნული სექცია არ არის აუცილებლად პერსონალიზებული და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული, შესაბამისად რეკომენდაციებსაც ნაკლებად ითვალისწინებს.
როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენი ვიდეოების ამ სექციაში გავრცელებას? დაიწყეთ ტრენდული თემების შემოწმებით, გაეცანით, რა არის ახლა პოპულარული. განსაკუთრებით, თქვენი მიმართულებით. შემდეგ კი სწრაფად შექმენით ახალი ვიდეო, რომელიც შესაძლოა, რეკომენდებული იქნას ტრენდული ვიდეოების გარშემო.
- ატვირთვა და “Playlist”-ები
და ბოლოს, მნახველების თქვენს არხზე დაბრუნებას ხელი შეგიძლიათ რეგულარული კონტენტ კალენდრის მართვითაც შეუწყოთ. დამატებით შეგიძლიათ ვიდეო ფლეილისტების გამოყენება - ეს მომხმარებელს დაეხმარება, მარტივად იპოვოს მისთვის საინტერესო კონტენტი თქვენს არხზე.
მნახველების გონებაში მუდმივი პოზიციონირებისთვის ბევრი კრეატორი მიიჩნევს, რომ რეგულარული კალენდრის მართვა და კონტენტის მუდმივად გამოქვეყნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამგვარად, მნახველმა იცის, თუ როდის რას უნდა ელოდოს არხისგან.
გამომწერებს თქვენ მიერ ატვირთული ახალი ვიდეოების შესახებ ინფორმაცია შეტყობინებების სახით მიუვათ.
კონტენტ კალენდრის ოპტიმიზაციისთვის:
- გამოაქვეყნეთ კონტენტი ფიქსირებული ინტერვალებით. მაგალითად, ყოველკვირეულად ან ყოველ სამშაბათს და პარასკევს. თქვენი კონტენტის სიხშირე პერსონალზე და თავად კონტენზე იქნება დამოკიდებული.
- იყავით მოქნილი, რათა სწრაფად შეძლოთ ტრენდებისა და თემატური თემების ათვისება. მაგალითად, შესაძლოა რეგულარულ პროგრამას გადაუხვიოთ, თუ რაიმე ექსკლუზიური და გამორჩეული მოხდა.
- აცნობეთ მომხმარებელს, როდის აპირებთ ახალი ვიდეოების გამოქვეყნებას. ეს შესაძლოა თქვენს ვიდეოში, ვიდეოს აღწერაში ან არხის თრეილერში მოახერხოთ.
დამატებით გამოიყენეთ ფლეილისტები, რათა მომხმარებელს ნახვის გამოცდილება გაუმარტივოთ. ფლეილისტი არის თანმიმდევრული სია ძირითადად კონკრეტული თემის გარშემო. მისი გამოჩენა შესაძლებელია როგორც საძიებო შედეგებში, ასევე რეკომენდებულ ვიდეოებშიც.
მათი დახმარებით შეგიძლიათ, მნახველებს დამატებით, პოტენციურად საინტერესო ვიდოები შესთავაზოთ. აქ კონტენტი შესაძლოა გამოიყენოთ როგორც საკუთარი არხიდან, ასევე სხვა არხებიდანაც. ეფექტური ფლეილისტები ახანგრძლივებს მნახველების ჩართულობას. ზოგიერთი კრეატორი მათ დიდი, ვრცელი ივენთების გარშემო იყენებს.
მიადევნეთ თვალი ვიდეო ოპტიმიზაციის განვითარებას
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ვიდეო SEO საგრძნობლად შეიცვალა წლების განმავლობაში და ის ამ ცვლილებებს განაგრძობს. გამოიყენეთ ეს 10 რჩევა ოპტიმიზაციისთვის - რაც მალე, მით უკეთესი.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ გავზარდოთ ჩვენი რეიტინგი საძიებო სისტემებში
ვიდეო მარკეტინგის წარმატების 5 საიდუმლო
მარკეტინგული ვიდეოს 12 სახეობა