SEO სტრატეგია დამწყები ბიზნესებისთვის

ვინაიდან დღეს ბიზნესები მომხმარებლებს ძირითადად ონლაინ ემსახურებიან და მაღაზიებში მისვლის მაჩვენებელმაც საგრძნობლად დაიკლო, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის (SEO) მნიშვნელობაც საკმაოდ გაიზარდა. ბიზნესები ახლა უფრო მეტ ყურადღებას მათ ონლაინ ხილვადობას და მომხმარებლის ონლაინ გამოცდილებას უთმობენ.
სტატია წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ორგანული ტრაფიკისა და რიჩის გაზრდა. აქ გაეცნობით არაერთ SEO პრაქტიკასა და გამოწვევას, რომლებსაც შეიძლება შემდგომ ეტაპებზე თქვენი კომპანიაც წააწყდეს. მიზანი ტრაფიკის გაზრდა და კონვერსიების ამაღლებაა.
სცენარი #1: არ იცით, რომელი ქივორდებისთვის (საკვანძო სიტყვებისთვის) უნდა ეცადოთ რეიტინგის მოპოვებას
სწორი ქივორდების თარგეთირება, რომლებიც ყველაზე ღირებული და რელევანტურია თქვენი პროდუქტისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია SEO-სთვის.
როგორ გავიგოთ, რომელი ქივორდები უნდა შევარჩიოთ:
- ისინი თქვენი პროდუქტის/სერვისის რელევანტური უნდა იყოს.
- მათი საძიებო მოცულობა იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ მსხვილ სამიზნე აუდიტორიას წვდებოდეს. ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაზე, პროდუქტის სპეციფიკასა და სეზონურობაზე. აქ თქვენი ცოდნა საკუთარი ინდუსტრიის შესახებ ყველაზე გამოსადეგი იქნება და სწორედ ის დაგეხმარებათ რელევნატური და მოთხოვნადი ქივორდების შერჩევაში.
ხელსაწყოები ქივორდების გამოსაკვლევად
- Moz Keyword Explorer - ეს არის ქივორდების საკვლევი ხელსაწყო, რომელიც მილიონობით საკვანძო სიტყვაზე გვაძლევს წვდომას. აქ შეგიძლიათ, ნახოთ რეკომენდაციები, საიტების მიმდინარე რეიტინგები და სხვა საზომები ქივორდების შესახებ.
- Ahrefs’ Keyword Generator - ხელსაწყო იდეალური საშუალებაა ახალი ქივორდების მოსაძებნად, მათი საძიებო მოცულობის შესასწავლად და ახალი იდეების დასაგენერირებლად.
- Google Trends - არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ მიმდინარე ტრენდებს კონკრეტულ ქივორდთა ჯგუფის მიხედვით. ასევე შეგიძლიათ, ორი ქივორდი ერთმანეთს შეადაროთ და ნახოთ, რომელი უფრო მოთხოვნადია. ტრენდებზე დაკვირვება არასწორი ქივორდების შერჩევასაც აგარიდებთ თავიდან. შესაძლოა, რომელიმე ქივორდს საშუალო თვიური მოცულობა უფრო მაღალი ჰქონდეს, მაგრამ სხვა ქივორდმა მიმდინარე ტრენდის დამსახურებით გაცილებით მაღალი ინტერესი დაიმსახუროს.
- Answer The Public - საიტი საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ, თუ რა კითხვებს სვამს ხალხი თქვენს ქივორდთან მიმართებაში. ეს შესაძლოა კონტენტის იდეების გენერირებასა და ხალხის ინტერესების გაცნობაშიც დაგეხმაროთ. რაც ყველაზე კარგია, ის სრულიად უფასო პლატფორმაა.
- Google Search Console - პლატფორმა გეხმარებათ, თვალი ადევნოთ თქვენი საიტის პერფორმანსს ორგანულ საძიებო შედეგებში და ასევე შესანიშნავი საშუალებაა, როდესაც საქმე SEO-ს ეხება. მისი გამოყენება შესაძლებელია, რათა ნახოთ რომელი ქივორდები გამოირჩევიან უფრო მაღალი რეიტინგით და რომელ ქივორდს ვერ მოაქვს სასურველი შედეგი. ეს პლატფორმაც უფასოა!
როგორ მოვიქცეთ მას შემდეგ, რაც ქივორდების სიას შევქმნით:
მოახდინეთ საიტის ოპტიმიზაცია. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- მეტა მონაცემების განახლება:
- გვერდის სათაურები - სათაურები უნიკალური, ნათელი და რელევანტური უნდა იყოს. მისი სიმბოლოების რაოდენობა კი 60-ს არ უნდა აღემატებოდეს.
- მეტა აღწერილობები - შეიტანეთ მნიშვნელოვანი ქივორდები. ეს უნდა მოიცავდეს 150-160 სიმბოლოს.
- H1s - ეს არის საიტზე გვერდის სათაურები, რომლებიც ძირითადად გვერდის სათავეში ექცევა და ის გვერდის რელევანტური უნდა იყოს, ვინაიდან ისინი განსაზღვრავენ სტატიის სტრუქტურასა და კონტექსტს როგორც Google-ისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.
- შექმენით ქივორდებზე მორგებული კონტენტი
ისეთი ხელსაწყოები, როგორიც არის Answer The Public, დაგეხმარებათ თქვენი კონტენტისთვის იდეების მოფიქრებაში. აქ ნახავთ იმ კითხვებს, რომლებსაც ხალხი კონკრეტულ ქივორდებთან დაკავშირებით სვამს, ამიტომ მოარგეთ ამ თემებს თქვენი ბლოგი! მოიფიქრეთ ისეთი სათაური, რომელიც ამ ქივორდებს მოიცავს, რათა ის ადვილად მოსაძებნი და გასააზრებელი იყოს. რეიტინგების მოსაპოვებლად სტატიის შიგნით მოთავსებული ბმულებიც მნიშვენლოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩასვით მნიშვნელოვანი საიტის ბმულები უკეთესი რეიტინგების მოსაპოვებლად. ეს ყველაფერი Google-ისთვის იმის სიგნალია, რომ აღნიშნული გვერდები მომხმარებლისთვის ღირებული იქნება.
სცენარი #2: თქვენი რეიტინგები დაეცა
თქვენ შეამჩნიეთ, რომ საიტის რეიტინგი გარკვეული მიზეზების გამო საძიებო სისტემებში დაეცა, თუმცა არ იცით რატომ. სამწუხაროდ, ეს საკითხი საკმაო თავის ტკივილს უკავშირდება, ვინაიდან მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. თუმცა, მეტი სიმარტივისთვის რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელთა შემოწმებაც საწყის ეტაპზე გამოგადგებათ.
როგორ აღმოვაჩინოთ პრობლემა:
- მყისიერი გადამოწმება - ქივორდები, რომელსაც თქვენი საიტისთვის მაღალი რეიტინგი მოჰქონდა, ამჟამად უფრო დაბალ პოზიციებს იმსახურებს.
- „საშუალო პოზიცია“ Google Search Console-ში - ეს საზომი გვიჩვენებს საშუალო სარეიტინგო პოზიციას თქვენი საიტისთვის და ასევე სხვადასხვა ქივორდთა რეიტინგებსაც ასახავს.
- რეიტინგების აღმრიცხველი - ისეთი ხელსაწყო, როგორიც არის STAT, საშუალებას გაძლევთ, შეიყვანოთ ქივორდების სია და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მოახდინოთ მათი აღრიცხვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გექნებათ ინფორმაცია ყველა ქივორდსა და მათ რეიტინგებზე. ეს იდეალური ხელსაწყოა იმ მიზეზების გასაგებად, თუ რატომ იკლებს ან იმატებს ქივორდის რეიტინგი.
გამოსწორების გზები:
- აუცილებლად გადაამოწმეთ txt და sitemaps, რათა დარწმუნდეთ, რომ Google-ს მათზე წვდომა აქვს.
- ტექნიკური SEO აუდიტი - გაჩვენებთ ყველა შესაძლო ტექნიკურ ხარვეზს თქვენს საიტზე, რასაც რეიტინგის ცვლილება შეეძლო გამოეწვია. ეს შეიძლება ვებ-გვერდის „გადაქექვით“ მოხერხდეს (მაგალითად Screaming Frog ან Deepcrawl-ის გამოყენებით). ხარვეზები, რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ მოიცავს 404 გვერდებს, არაინდექსირებულ გვერდებს, არასწორ კანონიკურ თეგებს და სხვა.
- შეცდომები და გაფრთხილებები - გუგლის საძიებო კონსოლი გვიჩვენებს ყველა შეცდომასა და გაფრთხილებას, რაც კი საიტზე შეიძლება არსებობდეს.
- საბოლოო ცვლილებები თქვენს საიტზე - ისეთი ცვლილებები, როგორებიცაა გადამისამართებები ან რებრენდინგი, შეიძლება გავლენას ახდენდეს საიტის რეიტინგზე. ამ ცვლილებების მასშტაბის გათვალისწინებით, საიტის ორგანული შედეგები საგრძნობლად შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა თუ ყველა ტექნიკური საკითხი გამართულია, პრობლემაც არ იარსებებს.
- ალგორითმის განახლებები - ალგორითმის ცვლილებები განსაზღვრავს იმ ფაქტორებს, რომლებითაც თქვენი საიტი რეიტინგებს მოიპოვევს, ამიტომ მათი ცვლილებისას შეიძლება რეიტინგიც შეიცვალოს. ამიტომ, მუდმივად ყურადღებით იყავით ალგორითმის განახლებათა ანონსების მიმართ.
- დარწმუნდით, რომ თქვენი მთავარი გვერდების შემოწმება და ინდექსირება შესაძლებელია - გამოიყენეთ “Coverage” რეპორტი გუგლის საძიებო კონსოლიდან, რათა გაიგოთ, რომელი გვერდებია ინდექსირებული და რომელ გვერდებს აქვთ გაფრთხილება.
სცენარი #3: მომხმარებელთა ცუდი გამოცდილება
მომხმარებელთა გამოცდილება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა მნიშვნელოვანი ქივორდისთვის უმაღლესი რეიტინგებიც რომ გქონდეთ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება და მომხმარებელთა გამოცდილებას ვერანაირად შეცვლის. ისინი მომენტალურად დატოვებენ თქვენს საიტიდს და კონკურენტის ვებ-გვერდს ეწვევიან. ამიტომ, მომხმარებელთა გამოცდილების გამართვა და მოწესრიგება SEO-ს წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
როგორ აღმოვაჩინოთ ასეთი პრობლემა:
ეს საკითხი თქვენს განსჯას ექვემდებარება, ვინაიდან არ არსებობს ისეთი ხელსაწყო, რომელიც გეტყვით რამდენად კარგია მომხმარებელთა გამოცდილება. ზოგადად, თუ თქვენი საიტის მუშაობით იმედგაცრუებული რჩებით ან რაიმე გაღიზიანებთ სხვის საიტზე ნავიგაციის დროს, სწორედ ამას ვეძახით მომხმარებელთა „ცუდ“ გამოცდილებას. ზოგიერთი საკითხი, რაც ამის გარკვევაში შეიძლება დაგეხმაროთ, მოიცავს:
- შეადგინეთ კითხვარი სადაც მომხმარებელს შეაფასებინებთ მათ გამოცდილებას. მაგალითად, შეკითხვა შეიძლება იყოს: „შეძელით იმის პოვნა, რასაც ეძებდით?“ ეს მოკლე, მაგრამ პირდაპირი მიდგომა დაგეხმარებათ მყისიერი და რელევანტური უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის შესაძლოა, გამოიყენოთ Google Forms, SurveyMonkey ან WuFoo.
- შეადარეთ საიტის სიჩქარე კონკურენტების საიტებს. ამის გაკეთება Crux პლატფორმის მეშვეობითაც შეიძლება, რომელიც გიჩვინებთ რამდენად სწრაფად/ნელა მუშაობს საიტი სხვასთან შედარებით.
- HotJar -ს შეუძლია გიჩვენოთ, როგორ გადაადგილდება მომხმარებელი საიტზე და სად ატარებს უფრო მეტ დროს.
- Google Tag Manager-ს შეუძლია კლიკების მონიტორინგი, რაც კარგი საშუალებაა იმის სანახავად, თუ რამდენად ეხმაურება მომხმარებელი თქვენს მოწოდებებს ქმედებისკენ (CTA ღილაკებს).
გამოსწორების გზები:
- On-Page კონტენტის ოპტიმიზაცია. ეს მოიცავს კონტენტის განახლებას თქვენს საიტზე, რათა უზრუნველყოთ მომხმარებლისთვის რელევანტური ინფორმაციის მიწოდება. კონტენტი ადვილად უნდა იკითხებოდეს ნებისმიერი ადამიანის მიერ. ასევე შეგიძლიათ:
- დახვეწოთ კონტენტის წყობა. მაგალითად, შეიტანოთ დანომრილი სია, რომელიც მნიშვნელოვანი ფრაგმენტების გამოყოფაში დაგეხმარებათ.
- განაახლოთ ნებისმიერი ძველი ბლოგი და შეიტანოთ მასში ახალი, რელევანტური ინფორმაცია.
- დარწმუნდით, რომ ყოველი მეტა მონაცემი რელევანტურია კონკრეტული გვერდისთვის.
- CTA ღილაკები. აშკარა მოწოდება ქმედებისკენ, თითოეულ გვერდზე, ბლოგ-პოსტზე უნდა იყოს წარმოდგენილი. მისი დართვა შესაძლებელია მთავარ ნავიგაციაში, რათა შემდგომ ის ყველა გვერდზე გამოჩნდეს. CTA ღილაკები მომხმარებელს აძლევს მიმართულებას და უბიძგებს კონკრეტული ქმედებისკენ. მაგალითად, ასეთი ღილაკი შეიძლება იყოს: „დარეგისტრირდით“, „დაჯავშნეთ“...
- მარტივია კონვერტაცია? მთავარ გვერდზე გადასვლისას ხედავთ CTA ღილაკს? არსებობს რაიმე ბარიერი, რომელმაც შესაძლოა მომხმარებელი პროდუქტის შეძენისას შეაფერხოს? მომხმარებელთა მოგზაურობის გამარტივება კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონვერსიის გასაზრდელად, რადგან ნებისმიერი წინააღმდეგობა პოტენციური მომხმარებლის დაკარგვის რისკებს ზრდის.
შეჯამება:
სტატიაში 3 ძირითადი სცენარი განვიხილეთ, რომლებიც შესაძლოა ციფრულმა მარკეტოლოგებმა გამოსცადონ. საჭირო ქივორდების არარსებობა, ან იმის არცოდნა, თუ როგორ იპოვოთ ისინი, შესაძლოა საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდეს. ამიტომ, გამოიყენეთ რეკომენდებული ხელსაწყოები რელევანტური ქივორდების შესაგროვებლად, რათა გაზარდოთ თქვენი რეიტინგი საძიებო სისტემებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რამ გამოიწვია თქვენი საიტის რეიტინგების დაცემა ან ამაღლება და ბოლოს, შექმენით სასურველი მომხმარებელთა გამოცდილება და მაქსიმალურად გამართეთ საიტი, რათა ამ დეტალის გამო მომხმარებელმა კონკურენტის საიტზე არ გადაინაცვლოს.
ასევე დაგაინტერესებთ: