media-4

2021 წლის 12 SEO ტრენდი

  • 18 მარ 2021
  • SEO
2021 წლის 12 SEO ტრენდი

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ეფექტური საშუალებაა თქვენს ონლაინ პლატფორმაზე პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად და ის მუდმივად ვითარდება. მართალია, მისი გამოყენება შესაძლოა არც თუ ისე მარტივი იყოს, თუმცა შედეგის მისაღებად ეს ნამდვილად ღირს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა 70-80% მხოლოდ ორგანულ შედეგებზე არის ორიენტირებული და ფასიან საშუალებებს უგულვებელყოფს. ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში, ძიებების 28%-ს რეალური შესყიდვები მოაქვს.

SEO-ს ტოპ რეიტინგებში მოსახვედრად დიდი ძალისხმევაა საჭირო და რამდენიმე საზომზე მნიშვნელოვან დაკვირვებასაც საჭიროებს. ისეთ საზომებზე, როგორიც არის ტრაფიკი, ბექლინკები და სოციალური გაზიარებები. სტატიის ფარგლებში გვსურს, იმ ტრენდებზე გესაუბროთ, რომლებიც 2021 წლისთვის თქვენი SEO სტრატეგიის მომზადებაში შეგიწყობთ ხელს. გთავაზობთ საძიებო სისტემების 12 ტრენდს 2021 წლისათვის:

  1. გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის როლი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში
  2. გაიზრდება აუდიო ძიებების გავლენა საძიებო მოთხოვნებზე
  3. მობილური მოწყობილობის მხარდაჭერა გავლენას მოახდენს რეიტინგებზე
  4. კონტენტი, რომელიც Google EAT პრინციპს აკმაყოფილებს, მაღალ რეიტინგებს მოგიტანთ
  5. მოცულობითი კონტენტი დაგეხმარებათ SERP გაუმჯობესებაში
  6. გამორჩეული ფრაგმენტები უფრო თვალსაჩინო გახდება
  7. გაუმჯობესდება პროგნოზირებული ძიება
  8. ეფექტური SEO სტრატეგია უნდა მოიცავდეს ვიდეოებს
  9. ვიზუალური ოპტიმიზაცია უფრო დიდ როლს ითამაშებს ძიებაში
  10. უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სემანტიკურად დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს
  11. გაიზრდება ადგილობრივი საძიებო შედეგების როლი SEO სტრატეგიებში
  12. მონაცემები და ანალიტიკა თქვენი პრიორიტეტი უნდა გახდეს რეიტინგის შესანარჩუნებლად

 

  1. გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის როლი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში

ხელოვნური ინტელექტი (AI) ცვლის მომხმარებლის კონტენტთან ინტერაქციის მეთოდებს. რამდენიმე წლის წინ შექმნილი ალგორითმი - RankBrain - უდიდეს როლს თამაშობს გუგლის საძიებო სისტემების რეიტინგის ფორმირებაში.

Greg Corrado, გუგლის უფროსი მეცნიერი, რომელიც ამ ალგორითმის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, ხაზს უსვამს ხელსაწყოს უნიკალურ თვისებას, შეისწავლოს: „სხვათა სიგნალები, რაც იმ აღმოჩენებზე და დაკვირვებებზეა დაფუძნებული, რომელიც ადამიანებს ძიების პროცესში უჩნდებათ.“ ეს ნიშნავს, რომ ალგორითმი სულ უფრო და უფრო განვითარდება, რაც ხელოვნურ ინტელექტს ერთ-ერთ ტოპ ტრენდად აქცევს SEO ისტორიაში.

მთავარი კითხვა კი აქ შემდეგნაირია: როგორ მოვახდენთ SEO ოპტიმიზაციას RankBrain-ის ალგორითმისთვის? ვინაიდან საძიებო სისტემების გიგანტი ამაზე მინიშნებებს არ აკეთებს, ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მისი ძირითადადი კრიტერიუმი მომხმარებელთა ინტერაქციასა და გამოცდილებასთან დაკავშირებული სიგნალები იქნება. ეს შეიძლება მოიცავდეს კლიკების მაჩვენებელსა და გვერდზე დახარჯულ დროსაც. ამგვარად, საჭიროა, რომ მომხმარებელი გამოსადეგი და შთამბეჭდავი ინფორმაციით მოიზიდოთ. არსებობს საძიებო სისტემების On Page შესამოწმებელი ხელსაწყოები, რომლებიც გვერდის სიძლიერის შეფასებაში დაგეხმარებათ.  

  1. გაიზრდება აუდიო ძიებების გავლენა საძიებო მოთხოვნებზე

ინოვაციური ტექნოლოგიების დამსახურებით, ისეთის, როგორიც არის Google Assistant, Siri და Alexa, საძიებო სისტემების აუდიო ტექნოლოგიებმა საკუთარი გზა წარმატებით გაიკვალეს. ტექნოლოგიის გაუმჯობესებასთან ერთად მისი პოპულარობაც იზრდება. ვარაუდობენ, რომ 2022 წლისათვის, საცხოვრებელთა რიცხვი, რომელსაც სმარტ სპიკერი ექნება დამონტაჟებული, 55%-ს მიაღწევს.

აუდიო საძიებო მოთხოვნების ოპტიმიზაციისთვის აუცილებლად უნდა განიხილოთ ქივორდები. გამოიკვლიეთ ის გრძელი ფრაზები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიური საუბრების დროს იყეებენ. აუდიო ჩანაწერებში უფრო ხშირად იქნება გამოყენებული გრძელი, ბუნებრივი ფრაზები. წერის დროს ადამიანები სიტყვების შემოკლებას და აბრევიატურების გამოყენებას ცდილობენ. მაგალითად, ხმოვანი ძიებისას, ადამიანმა შეიძლება წარმოთქვას - „რომელია 2021 წლის ახალი SEO ტრენდები“, მაგრამ წერის დროს ის აუცილებლად შემოკლდება და შესაძლოა იყოს „2021 წლის SEO ტრენდები.“

  1. მობილური მოწყობილობის მხარდაჭერა გავლენას მოახდენს რეიტინგებზე

2019 წელს, Google-მა დანერგა მობილური თავსებადობის ინდექსი, რაც გულისხმობს, რომ ამ დროიდან, საძიებო სისტემები ვებ-გვერდის შეფასებისას მის მობილურ ვერსიას ამოწმებდნენ და არა დესკტოპისას. მათი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ეს გახდა. აღნიშნული ცვლილება საკმაოდ გონივრულია, ვინაიდან მობილური მოწყობილობების მოხმარება დრო და დრო უფრო იზრდება და თანაც, 2025 წლისათვის პროგნოზირებულია, რომ ინტერნეტს ადამიანების 73% სწორედ მობილურის მეშვეობით გამოიყენებს. Google-ს გააჩნია სპეციალური სატესტო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შეამოწმებთ, თუ რამდენად გამართულია თქვენი ვებ-გვერდი მობილური მოწყობილობებისთვის.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი ვებ-გვერდი გამართულად მუშაობს მობილურ მოწყობილობებზე, Google-მა უნდა შეეძლოს თქვენი URL ლინკების „გადაქექვა“. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ Googlebot ვერ გახსნის ისეთი ტიპის კონტენტს, რომელსაც მომხმარებლის ურთიერთქმედება ესაჭიროება, მაგალითად კლიკი ან სენსორის გამოყენება. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ დესკტოპისა და მობილური მოწყობილობებისთვის იყენებდეთ მსგავს მეტა თეგებს.

  1. კონტენტი, რომელიც Google EAT პრინციპს აკმაყოფილებს, მაღალ რეიტინგებს მოგიტანთ

Google მკაფიოდ აღნიშნავს, რომ კონტენტის ხარისხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეიტინგის განსაზღვრისას. მაგრამ საინტერესოა, რას ნიშნავს გუგლსისთვის „ხარისხი“. ეს ისევ EAT პრინციპიდან გამომდინარეობს: ცოდნა, ავტორიტეტულობა და სანდოობა. ეს სამი ფაქტორი გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად გამოსადეგი და ხარისხიანი კონტენტი აქვს ვებ-გვერდს. პრინციპი განსაკუთრებით რელევანტურია ისეთი ბიზნესებისთვის, რომელიც „თქვენი ფული, თქვენი ცხოვრება“ ნიშაში ერთიანდება. ასეთია მაგალითად, ჯანდაცვა და ფინანსები.

ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, შექმენით მყიდველის პერსონა. ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ რა სახის კონტენტი იქნება თქვენი მომხმარებლისთვის მეტად ღირებული. შემდეგ, გამოიკვლიეთ საძიებო შედეგების დანიშნულება, ადამიანების განზრახვა, რაც მომხმარებლების მოგზაურობის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. საბოლოოდ, გამოიყენეთ ეს ინფორმაცია და შექმენით კონტენტი, რომელიც მომხმარებლისთვის სასურველ ფორმატში იქნება წარმოდგენილი. მაგალითად, თუ თინეიჯერების მოზიდვას ცდილობთ, ვიდეო ალბათ უკეთესი საშუალება იქნება. უფრო ზრდასრული აუდიტორიისათვის კი ის შესაძლოა ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდეს.

და ბოლოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ EAT პრინციპი კონტენტის შექმნისას. გაიმყარეთ პოზიციები სტატისტიკებითა და ფაქტებით. დაუკავშირეთ ბმულები ავტორიტეტულ ვებ-გვერდებს და ეცადეთ, მათგანაც დაიმსახუროთ იგივე.

 

  1. მოცულობითი კონტენტი დაგეხმარებათ SERP გაუმჯობესებაში

კონტენტ მარკეტინგის უკანსკნელი კვლევების თანახმად, მოცულობითი საკითხავები - 3,000 და მეტი სიტყვისგან შემდგარი, სამჯერ მეტ ტრაფიკს იზიდავს და ოთხჯერ მეტ გაზიარებებს აგროვებს. გარდა ამისა, ისინი 3.5-ჯერ უფრო მეტ ბექლინკებს იზიდავენ, ვიდრე საშუალო ზომის სტატიები, როგორიცაა 900 – 1,200 სიტყვამდე. ამიტომაც, თქვენი ფოკუსი მიმართეთ გრძელი საკითხავებისკენ, რათა საძიებო სისტემებში რეიტინგი აიმაღლოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მოცულობასთან ერთად ხარისხიც უნდა შეინარჩუნოთ. მიზანი მომხმარებლის ჩართულობა და მათთვის გაზიარებადი ინფორმაციის მიწოდებაა.

როგორ მიაღწევთ ამ ყველაფერს? პირველ რიგში, დაყავით თქვენი კონტენტი ნაწილებად და მიანიჭეთ მათ ქვესათაურები, რათა ის უკეთესად აღსაქმელი გახდეს. ქვესათაურები განსაკუთრებით ეფექტურია მობილური მოწყობილობებისთვის. შემდეგ, დარწმუნდით, რომ უკავშირდებით რელევანტურ, ავტორიტეტულ წყაროებს. საბოლოოდ კი დარწმუნდით, რომ თქვენი კონტენტი მარტივად ზიარდება. ჩასვით გასაზიარებელი ლინკები მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილებში, მაგალითად ქვესათაურებთან და, რა თქმა უნდა, სტატიის ბოლოში.

 

  1. გამორჩეული ფრაგმენტები უფრო თვალსაჩინო გახდება

პანიკა საჭირო არ არის. არ იქნება აუცილებელი მხოლოდ მოცულობითი კონტენტის წარმოება იმისათვის, რომ საძიებო სისტემებში მაღალი რეიტინგი მოიპოვოთ. გამორჩეული ფრაგმენტები (Featured Snippets), რომელიც 2017 წელს იქნა დანერგილი, შედარებით მარტივი საშუალებაა სისტემაში თვალსაჩინოების მოსაპოვებლად. ზოგჯერ, როდესაც რაიმეს მოძებნას ცდილობთ, რეალურ შედეგებთან ერთად ხედავთ გამოყოფილ ფანჯარას, ყუთს. სწორედ ეს არის გამორჩეული ფრაგმენტი.

გამორჩეულ ფრაგმენტებში მოხვედრა არა ნაკლებ გამოსადეგია და რეალურად, კონკურენტებისგან ის დიდი ოდენობით ტრაფიკსაც იპარავს.

გამორჩეული ფრაგმენტები ძირითადად მოკლე ინფორმაციას აჩვენებენ, ხშირად კითხვა-პასუხის სახით ფორმირებულსაც. ასევე არსებობს უფრო „მდიდარი“ ფრაგმენტებიც, რომლებიც სურათებს, მიმოხილვებს ან პროდუქტის ფასებს გვიჩვენებს. ფრაგმენტების შესაქმნელად ფოკუსი კითხვებზე დაფუძნებული მოთხოვნებისკენ და რელევანტური ქივორდებისკენ უნდა მიმართოთ. შთაგონებისთვის შეგიძლიათ Google-ის „ადამიანებს ასევე აინტერესებთ“ ფუნქციაც გამოიყენოთ.

  1. გაუმჯობესდება პროგნოზირებული ძიება

Google Discover 2017 წელს იქნა გამოშვებული, რაც საძიებო სისტემაში სრულიად ახალ სიტყვას ამბობდა - ის არ საჭიროებდა მომხმარებლის მოთხოვნას. ის კიდევ ერთი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოა, რომელიც კონტენტის რეკომენდაციაზეა ორიენტირებული. ის სწავლობს და ამჟღავნებს მომხმარებლის ქცევით ნიმუშებს დროთა განმავლობაში და სწავლობს მათ მახასიათებლებს. ამგვარად, პროგრამას შეუძლია, აღმოაჩინოს ყველაზე ზუსტი და რელევანტური კონტენტი, რომელიც მომხმარებელს შეიძლება აინტერესებდეს.

Google Discover-ს უკვე ჰყავს 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი. იმისათვის, რომ მის სისტემაში აღმოჩნდეთ, არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არ გჭირდებათ. თუ გუგლის ინდექსებში მოიაზრება თქვენ ვებ-გვერდი, მაშინ თქვენ ავტომატურად გაწევრიანდებით მათ რიგებში. კონტენტის რეიტინგი ალგორითმის კლევაზეა დაფუძნებული, რომელიც კონტენტის ხარისხსა და მომხმარებლის ინტერესებს აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ გუგლი ამაზე არაფერს ამბობს, ადგილმდებარეობა, საძიებო ისტორია, აპლიკაციის გამოყენება, კალენდარი, სახლისა და სამსახურის მისამართებიც უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში.

 

  1. ეფექტური SEO სტრატეგია უნდა მოიცავდეს ვიდეოებს

ონლაინ ვიდეოები, როგორც ჩანს მომავალია. YouTube-ს მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად, თუ ჯერ ვიდეოებს არ ქმნით, დროა ამაზე აქტიურად დაიწყოთ ფიქრი. როგორც Cisco ვარაუდობს, ვიდეო კონტენტი მოხმარების კუთხით ყველა სხვა სახის კონტენტს გადააჭარბებს.

როგორ ხდება ვიდეო კონტენტის ოპტიმიზაცია? პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ვიდეო არხის სახელი და აღწერა გამართულია. ვიდეოს განმარტება მხოლოდ რამდენიმე ქივორდისგან არ უნდა შედგებოდეს, ის მოკლე მიმოხილვა უნდა იყოს იმისა, თუ რას მოიცავს და რის შესახებ არის ვიდეო.

ამის შემდეგ, ქივორდები უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მაგალითად, თუ YouTube-ისთვის გსურთ საკუთარი არხის მორგება, იდეების მოსაკრებად პლატფორმის "ავტომატური დასრულების" ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩაწერეთ რაიმე სიტყვა, რაც თქვენს ვიდეოსთან არის დაკავშირებული და ნახეთ, რა გამოჩნდება საძიებო შედეგებში. ეს არსებითად თქვენთვის რეკომენდებული ქივორდებიც შეიძლება იყოს. ის ზუსტად გეუბნებათ იმას, თუ რას ეძებეს ხალხი პლატფორმაზე.

  1. ვიზუალური ოპტიმიზაცია უფრო დიდ როლს ითამაშებს ძიებაში

ვიზუალური ძიების გამოყენება უფრო და უფრო ხშირი ხდება. ეს ყველაფერი უბრალოდ სურათების ძიებითა და თვალიერებით დაიწყო. თუმცა, სამომავლოდ ადამიანებს სურათის მეშვეობით შეეძლებათ პროდუქტის შეძენა ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის მიღება. Google აქტიურად მუშაობს ვიზუალურ ოპტიმიზაციაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს მათ სამომავლო გეგმებთან არის დაკავშირებული და რომ ეს სამომავლო გეგმები საკმაოდ მნიშვნელოვანია.

თუ თქვენს ვებ-გვერდზე სურათები არ არის ოპტიმიზირებული, მაშინ დაიწყეთ ამის გამოსწორებაზე ზრუნვა. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის და რელევანტური სურათები, ყურადღება მიაქციეთ ფაილის დასახელებას და ეცადეთ, ის ვიზუალური კონტენტის შესაბამისი იყოს. გამოიყენეთ alt თეგები - ამას საძიებო სისტემა შემოწმებისას სურათების კლასიფიკაციისთვის იყენებს.

  1. უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სემანტიკურად დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს

დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი ქივორდები SEO სპეციალისტების ამომავალი წერტილი იყო, თითქოს მათ გარდა არაფერი არსებობდა. თუმცა, ახლა ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორული ქივორდებიც. ამასთან ერთად, სამომავლოდ სემანტიკური ძიება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. გუგლი მხოლოდ სიტყვებს აღარ უყურებს. ის აანალიზებს საძიებო მოთხოვნებს, მის შინაარსს და ცდილობს ის მომხმარებლის განზრახვებს დაუკავშიროს. შესაბამისად, რაც უფრო რელევანტურია ინფორმაცია - ლოგიკურად დაკავშირებული პირველად და მეორეულ ქივორდებთან, მით უკეთესი.

არა ერთი ქივორდის ხელსაწყო არსებობს, რომელიც სემანტიკურად დაკავშირებული ქივორდების მოძიებაში დაგეხმარებათ.

სემანტიკური ძიების შედეგების გასაზრდელად, შექმენით ისეთი სახის კონტენტი, რომელიც გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე იქნება ორიენტირებული. მოარგეთ კონტენტი გარკვეულ საკითხებს და არა კონკრეტულ ქივორდებს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, არც სტრუქტურირებული მონაცემების გამოყენებას მოერიდოთ და ნუ დაწერთ ბოტებისთვის, წერეთ ხალხისთვის.

 

  1. გაიზრდება ადგილობრივი საძიებო შედეგების როლი SEO სტრატეგიებში

როდესაც ადამიანები ინტერნეტზე ფიქრობენ, ამასთან ძირითადად მისი გლობალური ხასიათი ასოცირდება. სინამდვილეში, ხალხის უმრავლესობა საძიებო სისტემებს ადგილობრივი პროდუქტის ან მომსახურების მოსაძიებლად იყენებს. მაგალითად, ისინი შეიძლება რესტორანს ეძებდნენ მათ მეზობლად. ადგილობრივი SEO ძალზედ მნიშვნელოვანია და ის დრო და დრო უფრო ვითარდება. ამას კიდევ უფრო უწყობს ხელს „ნულოვანი კლიკების“ ტიპის ძიებები - რომელსაც ბევრი SEO მარკეტოლოგი ახალ ნორმასაც უწოდებს.

ნულოვანი კლიკების ძიებისას მომხმარებელთა მოთხოვნა პირდაპირ SERP სისტემის მიერ კმაყოფილდება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი საძიებო შედეგებზე რეალურად აღარ აკლიკებს. ერთ-ერთი მიზეზი მათი პოპულარობის ამაღლებისა, სწორედ გამორჩეული ფრაგმენტებია. ნულოვანი კლიკის მაგალითები ხშირად ადგილობრივი ძიების დროს იჩენს თავს.

ბიზნესის ადგილობრივ საძიებო შედეგებში მოსაქცევად სპეციალური მეთოდები არსებობს. თავდაპირველად, Google My Business შექმნა დაგჭირდებათ. ძლიერი ბექლინკ ანგარიშის ქონაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ, თქვენი კონკურენტებიც შეისწავლოთ, გაიგოთ რა ტიპის ბექლინკებს იყენებენ ისინი და შემდეგ ეს ინფორმაცია თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ.

 

  1. მონაცემები და ანალიტიკა თქვენი პრიორიტეტი უნდა გახდეს რეიტინგის შესანარჩუნებლად

მონაცემთა მეცნიერება გეხმარებათ, გაუგოთ თქვენს მომხმარებლებს, წარმოაჩინოთ კამპანია და შექმნათ მიზანმიმართული მესიჯები. ანალიტიკა გეხმარებათ, გაიგოთ, რომელი URL ლინკი იღებს ინდექსს, გეხმარებათ აღმოაჩინოთ სხვადასხვა წყარო, შეამოწმოთ გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე, ინდექსები, გადამისამართებები, გამოხმაურების დროს წარმოქმნილი ხარვეზები და ვებ-გვერდიდან დენადობის ხარისხიც. ამასთანავე, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ არა სასურველი ვებ-გვერდები, „სპამები“ და თავიდან მოიცილოთ ისინი.

ერთ-ერთი რამ, რის ნაკლებობასაც დღესდღეობით ნამდვილად ვერ იგრძნობთ, სწორედ SEO ანალიტიკური ხელსაწყოებია. მაგალითად, SEMRush SEO Toolkit  ტექნოლოგია გაძლევთ ყველაფერს, რაც კი გჭირდებათ - რეიტინგების მონიტორინგიდან დაწყებული, კონკურენტული ანალიზით, on-page SEO, ტექნიკური SEO და ლინკების სტრუქტურირებით დამთავრებული. ამ ყველაფრის შეფასება კი საშუალებას გაძლევთ, მუდმივად აკონტროლებდეთ თქვენს წარმატებას და რა თქმა უნდა, მარცხსაც. მათი საშუალებით ადრეულ ეტაპებზევე აღმოაჩენთ შეცდომებს, პრობლემებს და მათ გამოსწორებაზე დაიწყებთ ზრუნვას.

 

ისწავლეთ მეტი SEO ტრენდებისა და ტექნიკების შესახებ

SEO მხოლოდ და მხოლოდ ახლა ხდება კომპლექსური, როგორც ამას სტატიიდანაც მიხვდებოდით. უბრალოდ ქივორდებისა და მეტა სათაურების ოპტიმიზაცია წარსულს ჩაბარდა. მიმდინარე ტრენდების ფონზე მოგიწევთ ყველაფერზე იფიქროთ და იზრუნოთ, იქნება ეს აუდიო კონტროლი თუ ვიდეო SEO. საზომებიც არ რჩება იგივე, ისინიც მუდმივად იცვლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს არ ჩამორჩეთ და რეიტინგიც შეინარჩუნოთ. მხოლოდ საკუთარ ძალისხმევასა და ენერგიასაც ნუ შეწირავთ ამ საქმეს, გამოიყენეთ SEO პროგრამები, ხელსაწყოები და გაიმარტივეთ გონივრული SEO სტრატეგიის შექმნის პროცესები.

ასევე დაგაინტერესებთ:

12 SEO ტექნიკა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად

SEO vs SEM – რა განსხვავებაა SEO და SEM შორის, რომელია უკეთესი თქვენი ბიზნესისთვის