media-4

არის თუ არა Google Ads-ის გამოყენება მართებული თქვენი ბიზნესისთვის?

  • 14 მარ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
არის თუ არა Google Ads-ის გამოყენება მართებული თქვენი ბიზნესისთვის?

Google Ads პლატფორმა ძალიან დიდი ისტორიის მქონეა და ამ ისტორიის ფარგლებში, ის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მოიაზრება ახალი ლიდებისა და გაყიდვების გენერირებისთვის.

მაგრამ როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ასევე გააჩნია ყველაფერს მისი უარყოფითი მხარეც. იდეალური არავინ და არაფერია. პლატფორმის გარშემოც გავრცელებულა არაერთი ნეგატიური ამბავი: უარყოფითი ROI, წარუმატებელი კამპანიები და შემცირებული შემოსავლები.

ამიტომაც, თვალდახუჭული ნუ ენდობით პლატფორმის პოპულარობასა და წარმატებას და მის გამოყენებამდე დაფიქრდით, არის თუ არა ნამდვილად მართებული თქვენი ბიზნესისთვის მისი გამოყენება.

ამის გარკვევა იოლი საქმე ნადმვილად არ არის.

სწორედ ამიტომ, სტატიის ფარგლებში შევეცდებით, იმ საფეხურების გავლაში დაგეხმაროთ, რომლებიც გაპოვნინებთ პასუხებს თქვენს შეკითხვებზე.

Google მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საძიებო სისტემაა. შესაბამისად, ის ბიზნესებს საშუალებას აძლევს, თითქმის ყველა ტიპის სამიზნე აუდიტორიას დაუკავშირდნენ და მათი პროდუქცია/მომსახურება წარუდგინონ.

ჯერ კიდევ 2018 წელს, მისი საძიებო და სარეკლამო სისტემის მეშვეობით დაახლოებით $335 მილიარდი დოლარის ეკონომიკური საქმიანობა იქნა განხორციელებული სხვადასხვა ბიზნესებისთვის.

რთული არაა იმის შემჩნევა, თუ როგორ შეუძლია Google-ს ბიზნესების განვითარებაში საგრძნობი წვლილი შეიტანოს. თუმცა, სანამ ამას თქვენს ბიზნესზე გამოცდიდეთ, მანამდე საჭიროა, გაეცნოთ, თუ როგორ მუშაობს ის და რა ეტაპების გავლა დაგჭირდებათ მის გამოყენებამდე.

 

Google Ads მიმოხილვა: რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს?

Google Ads პლატფორმა საკუთარ თავში რამდენიმე არხს მოიაზრებს. ესენია: Google Search Network, Google Display Network და Youtube.

მაგალითად, საძიებო სისტემაში „მამაკაცის სალაშქრო ფეხსაცმელი“-ს მოძებნისას, ამ საძიებო შედეგისთვის ოთხ ყველაზე პოპულარულ რეკლამას ვიხილავთ.

ეს არის გუგლის საძიებო სისტემის მაგალითი.

მოცემული რეკლამებიდან ნებისმიერზე დაკლიკების შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად მოხვდებით ამ კომპანიების ლენდინგ გვერდზე, საიდანაც ისინი იმედოვნებენ, რომ მათ პროდუქტს შეიძენთ.

საძიებო ქსელში რეკლამირების დროს თქვენ იხდით ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე დააკლიკებს.

არ აქვს მნიშვნელობა ის საიტზე გადმოსვლისას თქვენს პროდუქტს შეიძენს თუ არა, სულაც შემთხვევით რომ დაეჭიროს თქვენს რეკლამაზე მომხმარებელს, საფასურის გადახდა მაინც მოგიწევთ.

სწორედ ამგვარ საფასო პოლიტიკას წარმოადგენს - CPC (cost per click), საშუალო თანხა, რასაც თითო კლიკისთვის იხდით. აღნიშნულის საშუალო მაჩვენებელი კი საგრძნობლად იცვლება თემებისა და ინდუსტრიების მიხედვით.

მაგალითად, სამართლის სფეროსათვის განკუთვნილი საკვანძო სიტყვები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ელექტრონული კომერციის პროდუქტებისათვის.

რატომ? იმიტომ, რომ საძიებო სისტემებში განთავსებული ქივორდების ფასი ფსონების მიხედვით განისაზღვრება. ადამიანები საკუთარი ფსონისათვის გარკვეულ ლიმიტებს აწესებენ. თანხის იმ მაქსიმუმს, რომლის გადახდის შემთხვევაშიც მოგებას მაინც შეინარჩუნებენ.

რაც შეეხება საძიებო შედეგებში თქვენს ადგილს, ეს სარეკლამო რეიტინგზეა დამოკიდებული (Ad Rank). სარეკლამო რეიტინგი რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება, კერძოდ კი: ფსონებით, ხარისხობრივი ქულითა და კიდევ ბევრი სხვა მახასიათებლით.

მთავარი პრინციპი ის არის, რომ თუ მაღალ ფსონებს განათავსებთ და თქვენი ხარისხობრივი ქულაც მაღალი იქნება, შესაბამისად, საძიებო შედეგებშიც უფრო მაღალ რეიტინგს მოიპოვებთ.

ამ ყველაფერს კი მთავარ კითხვამდე მივყავართ: რისთვის არის უფრო ეფექტური Google Ads-ის გამოყენება?

მისი მეშვეობით თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ: გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა, გაყიდვებისა და ლიდების მოცულობა... გარდა ამისა, შესაძლებელია ბლოგების და  სტატიების დარეკლამებაც.

მაგრამ მისი გამოყენება ძირითადად გაყიდვებისა  და ახალი ლიდების გენერირებისთვის არის უმჯობესი.

B2C კომპანიას ფლობთ, თუ მცირე B2B კომპანიას წარმოადგენთ, მისი საშუალებით უამრავი ლიდის გენერირება შეგიძლიათ.  

ოთხი ნაბიჯი იმის გასარკვევად, თუ რამდენად გამოსადეგია Google Ads თქვენი ბიზნესისთვის:

 

#1 - შეაფასეთ თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტი, დროში შეზღუდულობა და შესათავაზებელი პროდუქტები

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავის ტკივილი ნებისმიერი კომპანიისათვის, როდესაც საქმე რეკლამირებას და კამპანიის მართვას ეხება, ბიუჯეტია.

გავწვდები ამას? ტყუილად ხომ არ გაიფლანგება ეს ფული?

მსგავს ეჭვებს დანაკარგის აცილების ჩვენს ინსტინქტურ თეორიამდე მივყავართ: „ადამიანები ხშირად ამჯობინებენ, აირიდონ პოტენციური დანაკარგები მისი ექვივალენტური პოტენციური სარგებლის მიღების სანაცვლოდ.“

მარტივად რომ ვთქვათ, გვირჩევნია, ჩვენი ფული შევინარჩუნოთ, ვიდრე შესაძლო მოგების მისაღებად გავრისკოთ ის.

თუმცა, Google Ads ამ მხრივ საკმაოდ იმედის მომცემად გამოიყურება, ვინაიდან საშუალოდ მისი შედეგების თანახმად, მას ჩვენთვის ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია.

შევაფასოთ მარკეტინგული ბიუჯეტი:

ამ ეტაპზე კვლევის დასაწყებად საუკეთესო გზას თქვენი ინდუსტრიისათვის CPC ღირებულებისა და კონვერსიის მაჩვენებლების დადგენა წარმოადგენს.

ეს დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რამდენის დახარჯვა შეიძლება მოგიწიოთ კონკრეტული თვის განმავლობაში და შესაბამისად, როგორ უკუგებას უნდა ელოდეთ.

მარტივი ანალიზის საშუალებითაც კი შეგიძლიათ, თქვენი პონტენციური წარმატების შანსები და მოცულობა განსაზღვროთ.

ინდუსტრიების მიხედვით CPC და კონვერსიის საშუალო მაჩვენებლების მოძიება ძალიან მარტივია.

ამგვარად, ამ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, შეგიძლიათ, საკუთარ ისტორიულ მონაცემებს გადაავლოთ თვალი. თუ მსგავსი ინფორმაცია შენახული არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ, ვარაუდები ექსელის “scenario analysis” ფუნქციის საშუალებითაც გააკეთოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ თქვენი ინდუსტრიის საშუალო  CVR(კონვერსიის მაჩვენებელი) 2% არის, გამოიყენეთ 1% და 3% შუალედი პესიმისტური, მოსალოდნელი და ოპტიმისტური შედეგების მისაღებად.

მოცემული ცვლადების გამოყენების შემთხვევაში, ასეთი სურათი გვექნება:

CPC: $1.38

CVR(conversion rate): 2.77 %

2.77-ის ტოლი კონვერსიის პირობებში, თქვენ ერთი მომხმარებლის მოსაზიდად დაახლოებით 36 კლიკი დაგჭირდებათ. შესაბამისად, CPC-ს ამგვარი მაჩვენებლით, დაახლოებით $50 დოლარის გადახდა მოგიწევთ ერთი მომხმარებლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი თქვენს პროდუქტებზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ზოგადი იდეის წარმოსადგენად სრულიად საკმარისია.

ამგვარი ანალიზის საფუძველზე უკვე შეგეძლებათ გაიგოთ, გაწვდებით თუ არა ხარჯებს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაც, მაგალითად მომხმარებელთა სიცოცხლისუნარიანობის - LTV(lifetime value) მაჩვენებლის, რომელიც გიჩვენებთ, თუ რამდენს ხარჯავს მომხმარებელი თქვენს ბიზნესთან ურთიერთობისას.

შესაძლოა, $50 საკმაოდ დიდ თანხად ჩანდეს ერთი მომხმარებლისთვის, თუმცა თუ ის თვეში რამდენიმე ან წელიწადში რამდენიმე შესყიდვას ახორციელებს თქვენგან, მაშინ მას გაცილებით მეტი შემოსავლების მოტანაც შესძლებია.

 

შეზღუდულობა დროში:

თქვენი ბიუჯეტისა და მოსალოდნელი ხარჯების შეფასების შემდეგ, საჭიროა იმაზე იფიქროთ, თუ რამდენი დრო გაქვთ ამ ყველაფრისთვის.

გყავთ თუ არა ისეთი თანამშრომლები, რომლებიც Google Ads მართვაში დაგეხმარებიან? შეძლებთ ამისთვის გარეშე პირის დაქირავებას?

Google Ads-ის მართვა არც თუ ისე იოლი საქმეა და დიდ დროსაც მოითხოვს. შესაბამისად, გამოიკვლიეთ ის დრო, რომლის დათმობაც ამ კამპანიაზე შეგიძლიათ და დაუთმეთ მას რამდენიმე საათი ყოველკვირეულად.

 

მართებულია თქვენი პროდუქციისთვის Google Ads გამოყენება?

რასაკვირველია, იმის შემოწმებაც დაგჭირდებათ, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი პროდუქცია ამ არხს.

მიუხედავად იმისა, რომ Google პლატფორმა ყველა ბიზნესისთვის სახარბიელო სარეკლამო ადგილად გამოიყურება, მის გარდა კიდევ არაერთი პლატფორმა არსებობს, სადაც შესაძლოა თქვენი პროდუქტი უფრო მეტადაც გაიყიდოს.

ასეთები არის, მაგალითად: Facebook, Instagram, LinkedIn…

თუ თქვენი პროდუქციის გაყიდვა სურათების გარეშე საკმაოდ რთულია, მაშინ უმჯობესი იქნება, თუ Facebook Ads მიმართავთ.

არაერთი მაგალითი არსებობს ისეთი კომპანიისა, რომელმაც მისი გაყიდვები გუგლის საშუალებით ვერ გაზარდა და ამიტომ ინსტაგრამს მიმართა, სადაც გაყიდვების „ბუმი“ ჰქონდათ.

 

#2 - გამოიკვლიეთ ქივორდები პოტენციური ტრაფიკის შესაფასებლად

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Google Ads-ის მოხმარება შესაძლოა ძალიან შრომატევადი იყოს და დიდ დროსაც მოითხოვდეს. მის სრულყოფილად გამართვას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოველდღიურ საქმიანობაზე - ბიუჯეტის კორექტირება, ახალი დიზაინების გატესტვა და ნეგატიურ ქივორდებზე მუშაობა.

ეს სია კი საკმაოდ გრძელია.

თუმცა, მარტივი გზა იმის დასადგენად, თუ რამდენად მართებულია თქვენთვის Google Ads-ის გამოყენება, ქივორდების გამოკვლევაა. ეს გეხმარებათ გაიგოთ, თუ რამდენი ადამიანი ეძებს პოტენციურად თქვენს პროდუქტს.

თუ ყოველთვიურად მხოლოდ 15 ადამიანი ეძებს თქვენი პროდუქტის შესაფერის ქივორდს, მაშინ მისთვის თქვენი ღირებული დროისა და რესურსების შეწირვა გონივრული ნამდვილად არ იქნება.

ქივორდების კვლევისათვის შეგიძლიათ კარგად ნაცნობი SEMRush  პლატფორმა გამოიყენოთ, სადაც თქვენი მთავარი საყურადღებო ფაქტორი მათი მოცულობა იქნება.

მოცულობა იმ ოდენობას აღნიშანვს, რამდენჯერაც თვის განმავლობაში კონკრეტული ქივორდი იქნა გამოყენებული.

მაღალი მოცულობა კარგის მანიშნებელია, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს თქვენი პროდუქტი აინტერესებს და მის მოძებნას ცდილობს.

თუმცა, თუ ისეთი ქივორდის მოძებნას ვერ შეძლებთ, რომლის მოცულობაც ყოველთვიურად რამდენიმე ასეული არ იქნება, მაშინ სავარაუდოდ Google Ads-ის მეშვეობით გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდის იმედიც არ უნდა იქონიოთ.

 

#3 - შეისწავლეთ კონკურენტები

კონკურენტების შესწავლა შესანიშნავი გზაა იმის დასადგენად, ქმნიან თუ არა ადამიანები რეკლამას იმ საძიებო შედეგებისთვის, რომელთა გამოყენებაც თქვენ გსურთ.

თუ თქვენი კონკურენტები ამ ტერმინებზე გარკვეულ ფსონებს აკეთებენ, მაშინ არსებობს იმის შანსები, რომ აქედან საკმაო გაყიდვებსაც იზიდავენ. ამიტომაც, უბრალოდ ჯდომა და ბურთის და მოედნის კონკურენტებისთვის დათმობა დიდი შეცდომა იქნება.

გარდა ამისა, მათი შესწავლა დაგეხმარებათ გაიგოთ ისიც, თუ რამდენს ხარჯავს კომპანია მათი შედეგების შესანარჩუნებლად, რაც გეხმარებათ თქვენთვის საჭირო ბიუჯეტის მოცულობის გათვლაში.

უპირველესად, ყველაზე მარტივი გზა იქნება, თუ უბრალოდ Google-ს გახსნით და სასურველი ტერმინის ძებნას დაიწყებთ. ამგვარად ნახავთ, არის თუ არა რაიმე რეკლამა ამ ქივორდზე გაშვებული და აკეთებს თუ არა ამას თქვენი პირდაპირი კონკურენტი.

მაგალითისათვის დავუშვათ, რომ თქვენ სოციალური მედია მენეჯმენტის ახალი ხელსაწყოს მარკეტინგს ეწევით და ფიქრობთ, რომ ფსონი ქივორდზე - „ტვიტერის ავტომატიზაცია“ გააკეთოთ.

თუ ნახავთ, რომ ამ კონკრეტულ ქივორდზე ფსონებს თქვენი პირდაპირი კონკურენტიც ათავსებს, შეგიძლიათ SpyFu- პლატფორმას მიმართოთ და ჩაწეროთ მათი ვებ-გვერდი, საიდანაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მათ ქივორდებზე, სარეკლამო ტექსტებზე და ყოველთვიურ დანახარჯებზეც კი.

შეიყვანეთ ველში მათი საიტის მისამართი და შეძლებთ, მიიღოთ ყოველთვიურად განახლებადი ინფორმაცია მათ შედეგებზე სრული თვის განმავლობაში:

SpyFu შესანიშნავი საშუალებაა იმ ქივორდების აღმოსაჩენად, რომელსაც თქვენი კონკურენტები იყენებენ. რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, ის დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ დაახლოებით რამხელა ხარჯის გაღება მოგიწევთ მათთვის კონკურენციის გასაწევად.

ქივორდებისათვის იდეების მისაღებად კი შეგიძლიათ, მათი ქივორდების და სარეკლამო ტექსტების სია ჩამოტვირთოთ, რაც ერთბაშად დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში.

გონივრულად გამოიყენეთ ეს ინფორმაცია და გაიგეთ, რამდენს ხარჯავენ თქვენ კონკურენტები და რომელ ქივორდებს მოაქვთ მათთვის ყველაზე მაღალი უკუგება.

 

#4 - იპოვეთ შესაფერისი არხი თქვენი ბიზნესისთვის

Google-ის ეკონომიკური გავლენის კვლევის თანახმად, პლატფორმაზე რეკლამირებით ადამიანები თითოეულ დახარჯულ დოლარზე ორ დოლარს გამოიმუშავებენ.

რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენი ინვესტიციიდან ორმაგ შემოსავალს უნდა ელოდოთ.

როგორ შეუძლია პლატფორმას ასეთი მაღალი ROI გენერირება?

ეს ალბათ იმიტომ, რომ Google Ads პლატფორმას უამრავი შესაძლებლობა და ფუნქცია გააჩნია რეკლამირებისთვის. დაწყებული სხვადასხვა ტიპის თარგეთირებით და აუდიტორიების პერსონალიზაციით, დამთავრებული რეკლამის ტიპებით. თითქმის ყველა ბიზნესს შეუძლია, იპოვოს მისთვის სასურველი ტაქტიკა და არხი და შესაბამისად, აწარმოოს მისი მარკეტინგული კამპანია.

მაგრამ შესაძლოა თქვენი ბიზნეს საქმიანობის ფარგლებში ძირითადად იმეილ მარკეტინგს მიმართავთ ან ლიდების დასაგენერირებელი სტრატეგიის შექმნისაკენ იღწვით.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფოსტა ჯერ კიდევ მყარად დგას საკუთარ პოზიციაზე და ინარჩუნებს მის სიდიადეს. ამას კი არა ერთი კვლევა ადასტურებს.

რა შუაშია ეს ყველაფერი?

Google არც ამ საკითხში დაგაღალატებთ. მას სპეციალურად შექმნილი Gmail-ის სარეკლამო კამპანიებიც გააჩნია.

გარდა ამისა, შესაძლოა თქვენ ვირტუალური პროდუქტის მწარმოებელი ხართ. პროდუქტის, რომელიც დემო ვერსიის, პროტოტიპის გამოშვებას საჭიროებს.

ასეთ შემთხვევაში, თქვენი ბედი შეგიძლიათ Google Ads დამატებით პლატფორმა - TrueView Ads-ზე სცადოთ. მისი საშუალებით შეძლებთ თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის რეკლამები  და ვიდეო რეკლამები Youtube-ზეც განათავსოთ.

იდეას ალბათ მიხვდით: უამრავი გზა, მეთოდი და არხი არსებობს, რომელთა გატესტვასაც Google Ads პლატფორმაზე შეძლებთ, მაშინაც კი, თუ მცირე ბიუჯეტი გაქვთ.

თითქმის ყველა ბიზნესი იყენებს Google რეკლამირებას და არც ერთ მათგანს აფერხებს მცირე ბიუჯეტი. აქ შეგიძლიათ განსხვავებული კამპანიები მოსინჯოთ და ნახოთ, რომელს შეუძლია თქვენთვის ყველაზე მაღალი შედეგების მოტანა.

თანაც, ვერასდროს გაიგებთ ამას, თუ არ ცდით.

 

შეჯამება

Google Ads ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ტრაფიკის მოსაზიდად, ახალი ლიდებისა და გაყიდვების დასაგენერირებლად. მაგრამ იმის ცოდნა, მართებულია თუ არა მისი გამოყენება თქვენი ბიზნესისთვის, არც თუ ისე მარტივია.

ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა თქვენი მიმდინარე ბიუჯეტი გაანალიზოთ.

შეისწავლეთ, თუ რამდენის დახარჯვა მოგიწევთ და რა თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული თქვენი ინდუსტრიის საშუალო ხარჯებისა და კონვერსიის მაჩვენებელის მიხედვით. შეაფასეთ, რამდენად ხართ დროში შეზღუდული.

შეისწავლეთ არსებული კონკურენცია და კონკურენტების წარმატება.

თუ მათ დიდი რაოდენობით გაყიდვები აქვთ, დიდი შანსია რომ ის თქვენც მიიღოთ.

გამოიკვლიეთ თქვენთვის საინტერესო ქივორდები.

იმის ცოდნა, თუ რა მოცულობის ტრაფიკი შეიძლება იქნას მოზიდული კონკრეტული ქივორდით, დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად ღირს ამისათვის დროისა და რესურსების შეწირვა

 

და ბოლოს, თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული თქვენს გადაწყვეტილებაში, უბრალოდ მოსინჯეთ სხვადასხვა მეთოდები.

ბიზნესის წარმოსაჩენად და გასარეკლამებლად უამრავი გზა არსებობს. ერთი მათგანი ჩაფლავდება, მეორე სცადეთ. მეორეც ჩაფლავდება, მესამე სცადეთ.

შესაძლო სარგებელისთვის ეს ყველაფერი ნამდვილად ღირს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

12 SEO ტექნიკა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად

რა არის  CTR? როგორ შეუძლია მას გააუმჯობესოს რეკლამის შედეგები