media-4

12 SEO ტექნიკა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად

  • 15 მარ 2021
  • SEO
12 SEO ტექნიკა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად

შესაძლოა, ამ ეტაპისთვის უკვე გავლილი გქონდეთ ძირითადი პრინციპები თქვენი ვებგვერდის SEO-ს მართვისთვის და ახლა უფრო სიღრმისეულ ტექნიკებს ეძებდეთ, რომელიც ორგანული ტრაფიკის გაზრდაში დაგეხმარებათ. დასაწყისისათვის, აუცილებლად უნდა გქონდეთ გამართული რამდენიმე საკითხი:

  • საკვანძო სიტყვების (ქივორდების) კვლევა;
  • სათაურები და მეტა თეგები;
  • ოპტიმიზირებული კონტენტი.

ალბათ დაგაინტერესებთ, თუ რა არის შემდეგი. სტატიის ფარგლებში გაგაცნობთ SEO-ს 12 ტექნიკას, რომლებიც თქვენს საიტს ბევრად ეფექტურს გახდის და ამასთანავე, ხელს შეუწყობს მის ზრდასა და განვითარებას.

ახლა კი ვიწყებთ იმ ტექნიკების მიმოხილვას, რომლის გამოყენებაც 2021 წლისათვის არის რეკომენდებული. ეს ის ყველა ტექნიკა არ არის, რომელსაც შესაძლოა იყენებდეთ, თუმცა ისინი კომპანიის სტრატეგიის მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. თითოეული მათგანის დანერგვით კი, თქვენ ეტაპობრივად გაზრდით საიტის ტრაფიკს და მას უფრო თვალსაჩინოს გახდით.

 

  1. მოძებნეთ თქვენი მთავარი კონკურენტების ვებ-გვერდები

ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ თქვენი კონკურენტების SEO სტრატეგიის შესახებ, რადგან ამის გამოყენებას თქვენს სასარგებლოდ შეძლებთ. დროის დათმობა ამ საკითხისთვის გეხმარებათ, მიიღოთ ინფორმაცია ისეთი კონკურენტების შესახებ, რომლებთან ჭიდილიც საძიებო სისტემებში მოწინავე ადგილების მოსაპოვებლად გიწევთ. ეს ყველაფერი თქვენს ანალიტიკას შემდეგ საფეხურზე აიყვანს და საშუალებას მოგცემთ,  გაიგოთ რომელი მიდგომა  მუშაობს უფრო კარგად მანამ, სანამ ამას თქვენი გამოცდილებიდან შეიტყობთ.

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კონკურენტის რომელიმე ეფექტური გვერდის მოძიება და დაკვირვებაა. ამგვარად, თქვენ გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნით, თუ საიდან მოდის მათი ორგანული ტრაფიკი და რა იწვევს ამას. მსგავსი ანალიზის საფუძველზე თქვენთვის ცნობილი გახდება:

  • კონტენტი/ქივორდების ხარვეზები;
  • ბმულების ხარვეზები;
  • არსებული კონტენტის გაუმჯობესების გზები;
  • ქივორდების კანიბალიზაცია (ხშირად ქივორდების კანიბალიზაცია ხდება მაშინ, როდესაც თქვენი საკუთარი სტატიებიდან ან გვერდებიდან რამდენიმე ერთი და იმავე ქივორდზეა ორიენტირებული. ამ დროს, ეს გვერდები ხელს უშლიან ერთმანეთს და არ აძლევენ საშუალებას, რომ რომელიმემ უფრო მაღალი რეიტინგი მოიპოვოს.)

ასეთ შემთხვევაში დაგაინტერესებთ, თუ როგორ იპოვოთ კონკურენტების საუკეთესო გვერდები. ამისათვის SEMrush - ორგანული კვლევის ხელსაწყო შეგიძლიათ გამოიყენოთ, სადაც მხოლოდ შესაბამისი ბმულის შეყვანა დაგჭირდებათ.

 

პროგრამაში თქვენ შეძლებთ, ნახოთ ამ კონკრეტული საიტის ორგანული ტრაფიკის რაოდენობა და ასევე შეაფასოთ მისი საშუალო პერფორმანსიც. თუმცა, ეს შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. შეგიძლიათ, გახსნათ „გვერდების“ გრაფა და ჩამოშლილი მონაცემები დაალაგოთ ტრაფიკის მიხედვით, რაც საშუალებას მოგცემთ, ისინი ორგანული ტრაფიკის მიხედვით შეაფასოთ და მოძებნოთ მათგან საუკეთესო.

თუმცა, ამის შემდეგ უკვე საჭირო იქნება იმის გაანალიზება, თუ რატომ აქვთ ამ საიტებს ყველაზე მეტი ტრაფიკი და რისი საშუალებით აღწევენ ამას. ამგვარად, თქვენ შეძლებთ ისეთი სტრატეგიის ფორმირებას, რომელიც ამ ტრაფიკის გარკვეულ ნაწილს მაინც აგათვისებინებთ.  ეს შეგიძლიათ ერთ-ერთ შესაძლებლობად ჩათვალოთ და ქივორდების კვლევის სანაცვლოდ, თქვენი კონკურენტების სტრატეგია მიმოიხილოთ.

ეს მიდგომა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, რადგან ის გარვეკულ წარმოდგენას გიქმნით, თუ საით შეიძლება მიმართოთ თქვენი ძალისხმევა, თანაც, არა ქივორდების, არამედ უკვე ვებგვერდების დონეზეც. გარდა ამისა, მისი საშუალებით შესაძლოა ისეთი კონკურენტებიც აღმოაჩინოთ, რომლებიც აქამდე გამოგრჩათ, ან უბრალოდ კონკურენტებად არ მიიჩნევდით.

ამავე პროგრამაში შეგიძლიათ "კონკურენტების“ გრაფაშიც გადახვიდეთ და მიიღოთ ინფორმაცია მსგავსი ქივორდებისა და ტრაფიკის შესახებ.

 

  1. ქივორდების ანალიზის გამოყენება კონტენტ სტრატეგიისთვის

როდესაც საქმე კონტენტ სტრატეგიის შექმნას ეხება, ძირითადი ყურადღება ორ მხარეს ეთმობა:

  • არსებული კონტენტის ოპტიმიზაცია;
  • ახალი კონტენტის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული კონტენტის ოპტიმიზაცია საწყისი ეტაპისთვის საუკეთესო საშუალებაა, ვებ-გვერდების უმრავლესობა ხშირად დგება იმ მომენტის წინაშე, როდესაც მთელი კონტენტ მასალა უკვე ოპტიმიზირებულია.

ამ მომენტიდან, თქვენი ძალისხმევა ახალი კონტენტის შექმნისაკენ უნდა მიმართოთ. მაგრამ ერთი დიდი შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ, კონტენტის ბრმად წარმოებაა. აუცილებელია, რომ თქვენი კონტნეტი გამიზნული და საჭიროებებზე დაფუძნებული იყოს. შესაბამისად, კონტენტ სტრატეგიის შექმნას ყურადღებით და დაკვირვებით უნდა მიუდგეთ.

სტრატეგიის შექმნისას შეგიძლიათ ის ქივორდების ანალიზი გამოიყენოთ, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ. ამგვარი ანალიზის საფუძველზე, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, უკვე ქივორდებზე მორგებული კონტენტი შექმნათ. შეგიძლიათ კვლავ SEMrush-ს დაუბრუნდეთ და ქივორდების გრაფაში, ჩაწეროთ თქვენი და თქვენი კონკურენტის სახელები. 

მონიშნეთ „შედარების“ ღილაკი და ნახავთ, თუ რა შესაძლებლობების გამოყენება შეგიძლიათ ქივორდებისათვის. უფრო კონკრეტული შედარებებისთვის შეგიძლიათ, არსებული ფილტრებითაც ისარგებლოთ.

აქ შეგიძლიათ, ისეთი ქივორდები გამოყოთ, რომელსაც ყველა ან ერთ-ერთი თქვენი კონკურენტი მაინც იყენებს. გირჩევთ, რომ მონაცემები „მოცულობის“ მიხედვით ან „KD” - ქივორდების სირთულის მიხედვით გაფილტროთ. თუ საიტი ახლად შექმნილი გაქვთ, მაშინ თქვენთვის უფრო მართებული, დაბალი KD % მაჩვენებლიანი ტერმინების ათვისება იქნებოდა.

 

  1. სახელის მოსახვეჭად ციფრული პიარი გამოიყენეთ

ერთ-ერთი დიდი დაბრკოლება, რასაც SEO-ს მართვისას წააწყდებით, არის ავტორიტეტის მოპოვება. დამაკავშირებელი ბმულები, იგივე „ბექლინკები“ Google სარეიტინგო კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ბმულების ფორმირების არა ერთი სტრატეგია არსებობს, მათი პრაქტიკაში განხორციელება მაინც ძალიან რთულია. 

რა თქმა უნდა, თავად Google-საც აქვს ჩვენთვის გარკვეული რეკომენდაციები:

თუ გსურთ, რომ სხვა საიტებიდან ხარისხიანი და რელევანტური დამაკავშირებელი ბმულები მიიღოთ, ამისათვის საჭიროა რეალურად კარგი, რელევნატური და ხარისხიანი კონტენტი შექმნათ, რომელიც უნიკალური იქნება და ბუნებრივად მოიპოვებს პოპულარობას ონლაინ სივრცეში. რაც მთავარია, ხარისხიანი კონტენტის შექმნა აუცილებლად დაგიფასდებათ: რაც უფრო გამოსადეგი კონტენტი გექნებათ, მით მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ რომელიმე საიტი მას ღირებულად მიიჩნევს და საკუთარ მკითხველებსაც გაუზიარებს.“

ამის ერთ-ერთი გზა კი სწორედ ციფრული პიარის გამოყენებაა. ამ საკითხს ისე შეხედეთ, თითქოს თქვენი კონტენტი ჟურნალისტებს უნდა წარუდგინოთ, რომლებმაც შემდგომ ეს კონტენტი საკუთარ სტატიებს უნდა დაურთონ. ასეთი კონტენტი შესაძლოა იყოს:

  • ინფოგრაფიკა;
  • კვლევითი ნაშრომები;
  • ხელსაწყოები და კალკულატორები;
  • ექსპერტთა მოსაზრებები.

ამ სკაითხზე უნდა იფიქროთ როგორც პიარი, თუმცა აღასრულოთ როგორც SEO. ციფრული პიარი არ გულისხმობს თქვენი სარეკლამო მასალების პრესისთვის გაცნობას, თუმცა ის ხელს უწყობს გამოსადეგი აქტივების წახალისებას და მათი გავრცელების სტრატეგიის შექმნას. მთავარი პრინციპი ის არის, რომ საჭირო ისტორიას/ამბავს შეუძლია, პოტენციურ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა მოიზიდოს.

ციფრულ პიარს არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგალითად:

  • ზრდის რეფერალურ ტრაფიკს;
  • ხელს უწყობს სოციალური ჩართულობის ამაღლებას;
  • ზრდის ბრენდის ცნობადობას;
  • გაკავშირებთ პოტენციურ მომხმარებელთან;
  • ზრდის გაყიდვებს.

 

  1. გაზარდეთ ორგანული CTR - PPC ტესტირების საშუალებით

CTR (click through rate) ერთ-ერთი სარეიტინგო ფაქტორია. მოდით, დავყოთ ის რამდენიმე ნაწილად, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ამ მაჩვენებელზე, ესენია:

  • სათაური;
  • მეტა აღწერები.

მინიმუმ ეს ის ცნებებია, რომლებზეც თქვენ გავლენის მოხდენა შეგიძლიათ. მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, როგორი სათაური და აღწერები მოგვიტანს ყველაზე მაღალ CTR-ს?

ამისათვის მუდმივად ახალ-ახალი მიდგომები უნდა მოსინჯოთ. ამ პროცესში ეტაპობრივად ბევრი სხვადასხვა ცვლადიც ჩაერთვება. მაგალითად, თუ შედეგების მისაღებად დიდი დროის დათმობა არ გსურთ, შეგიძლიათ PPC გამოიყენოთ სათაურებისა და აღწერების ტესტირებისთვის.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ PPC კამპანიას თქვენი ბიზნესი არ იყენებს, უმჯობესია მისთვის მცირედი ბიუჯეტი გამოყოთ და რამდენიმე რეკლამა მაინც გაუშვათ, რათა სხვადასხვა სათაურები და მეტა აღწერილობები მოსინჯოთ. ამგვარად, თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვან და გამოსადეგ მონაცემებს შეაგროვებთ საკვანძო ფრაზებისა და სათაურების შესახებ.

მთავარია, სწორად ააგოთ ტესტირების პროცესი, რათა მიიღოთ ზუსტი და აშკარა შედეგი.

  1. იმისათვის, რომ საუკეთესო სათაური შეარჩიოთ, მოსინჯეთ მინიმუმ სამი სხვადასხვა სათაური, თუმცა აღწერილობა იგივე დატოვეთ.
  2. საუკეთესო აღწერილობის განსაზღვრისთვის კი, გამოიყენეთ მინიმუმ სამი განსხვავებული აღწერილობა, ერთი და იგივე სათაურისთვის.

ამ ხნის განმავლობაში მიღებულ კლიკებზე დაყრდნობით, უკვე შეძლებთ შეარჩიოთ ოპტიმალური სათაური, მეტა აღწერილობა და მათი საშუალებით გაზარდოთ თქვენი ორგანული CTR კოეფიციენტი.

 

  1. იმუშავეთხალხს ასევე აინტერესებს“ - ნაწილზეც

SERP (Search Engine Results Pages) მიდგომები და შეფასების მექანიზმები გაცილებით განსხვავებული იყო 2020 წლისთვის. ის მუდმივად იცვლება და იხვეწება, ამიტომაც საჭიროა, SEO უფრო გონივრულად გამოიყენოთ, რათა რაც შეიძლება დიდი უპირატესობა მოიპოვოთ საძიებო სისტემებში.

ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელზე მუშაობაც დაგჭირდებათ, არის - „ხალხს ასევე აინტერესებს“.

SEMrush კვლევების თანახმად, იმ საიტების საშუალო მაჩვენებელი, რომლებიც ამ სექციას იყენებენ, 40-42%-ით არის გაზრდილი. თუ ჯერ არ იცით რას გულისხმობს ეს ნაწილი, მაგალითისთვის თავად SERP-ს შეგიძლიათ შეხედოთ:

უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა მიაქციოთ ამ ნაწილს ყურადღება:

  • გეხმარებათ უფრო მაღალი რეიტინგების მიღებაში;
  • ის ზრდის თქვენს შანსებს, მოხვდეთ საძიებო სისტემების სათავეში, ვინაიდან, თქვენ მომხმარებლის შეკითხვებს სცემთ პასუხს;
  • მას Google საკუთარი მიზნებისთვისაც იყენებს გარკვეულ შემთხვევბში.

მართალია, ბევრი მარკეტერი PAA (People Also Ask)-ს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ მოქმედებს. მისი მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება რამდენიმე მახასიათებელზე დაყრდნობით შეგიძლიათ, რაც საერთო ჯამში დაგეხმარებათ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ საძიებო სისტემებში თქვენი შესაძლებლობების შესახებ, შექმნათ ისეთი კონტენტი, რომელიც მორგებული იქნება მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვებზე.

 

  1. მიითვისეთ თქვენი კონკურენტების დაზიანებული ბმულები

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს დამაკავშირებელი ბმულების შექმნა, თუმცა ერთ-ერთ გამოსადეგ ტაქტიკად შეიძლება დაზიანებული ბმულების გამოყენება მივიჩნიოთ.

ტაქტიკა შემდეგში მდგომარეობს: ეძებთ დაზიანებულ ბმულებს და ქმნით ისეთ კონტენტს, რომელიც მას მოერგება. თქვენი კონკურენტების საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ ისეთი ბმულები, რომლებიც 404 გვერდებს უკავშირდება და ისინი სათქვენოდ გამოიყენოთ.

ამის გასაკეთებლად შეგიძლიათ, SEMrush-ის ანალიტიკური ხელსაწყო გამოიყენოთ, სადაც შეძლებთ ინდექსების გვერდებზე გადასვლას და დაზიანებული ბმულების მოძებნას სპეციალური ფილტრის საშუალებით.

აქ ყველა ისეთ გვერდს წააწყდებით, რომლებიც 404 შეცდომას გადმოსცემს და შესაბამისად, სარეიტინგო სისტემაშიც არ არის ჩართული.

გაფილტრეთ ეს მონაცემები დომენების მიხედვით და ნახავთ, თუ რამდენი გვერდი უკავშირდება ამ კონკრეტულ ბმულს. მოდით პირველივე ბმული გავხსნათ და მის მაგალითს დავაკვირდეთ. ბმულის გახსნის შემდეგ, რა თქმა უნდა, მას 404 გვერდზე გადავყავართ.

მოცემულ ღილაკზე დაკლიკებით საიტი თქვენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით ამ ბმულის შესახებ.

შემდეგ, შეგიძლიათ „backlinks” გრაფაზე გადახვიდეთ და მონაცემები „follow” ბმულების მიხედვით გაფილტროთ.

აქ ნახავთ ყველანაირ შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ საჭირო კონტენტი შექმნათ და ეს ბმულები თქვენი მასალით ჩაანაცვლოთ. თუ ასეთი მიდგომა თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა, შეგიძლიათ, მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციაც მოიძიოთ.

  1. გამოიყენეთ მხარდაჭერითი კონტენტი თქვენი ცოდნის წარმოსაჩენად

Google-ს თავადაც სურს, რომ საუკეთესო და რელევანტური შედეგები უჩვენოს საკუთარ მომხმარებელს, ამიტომაც თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ქივორდებზე, არამედ ზოგად საკითხებზეც კონცენტრირდეთ.

საჭიროა, თქვენი ცოდნა გარკვეული საკითხების გარშემოც გამოავლინოთ, რათა Google-ის საძიებო სისტემებში მაღალი რეიტინგი მოიპოვოთ და დომინანტი გახდეთ თქვენს მთავარ ქივორდებში. ამისათვის ეფექტურ საშუალებას სწორედ მხარდაჭერის კონცეფციაზე აგებული კონტენტი წარმოადგენს.

თავისი არსით, ეს პროცესი გარკვეული კლასტერული კონტენტის შექმნას უკავშირდება, რომელიც ერთ საერთო გვერდს ემსახურება. ეს უკვე სიღრმისეული კონტენტია, რომელიც სპეციფიკურ კითხვებზე გვაწვდის ინფორმაციას და კონტენტის მაქსიმალური ოპტიმიზაციის საშუალებას გვაძლევს.

შეხედეთ ამ საკითხს ისე, თითქოს Google-ს პატარ-პატარა ნაწილებს აწვდიდეთ ერთი დიდი საკითხის გარშემო და ამგვარად ახდენდეთ თქვენი პროფესიონალიზმის დემონსტრირებას. გარდა ამისა, არ არის აუცილებელი, რომ ეს კონტენტი ყოველთვის ქივორდების კვლევაზე იყოს დამყარებული.

რეალურად, ახალ ტრენდულ საკითხებზე კონტენტის შექმნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც პატარ-პატარა საკითხებზე მოსაზრებების წერა, რომელსაც სოციალური მედიისა და სხვა არხებისთვის გარკვეული დინამიკისა და ჩართულობის მოტანა შეუძლია.

მართალია, მხარდაჭერითმა კონტენტმა შეიძლება ყოველთვიურად დიდი ორგანული ტრაფიკი არ მოგიტანოთ, თუმცა ის თქვენს მთავარ გვერდს ეხმარება, რომ საძიებო სისტემებში უფრო მაღალი რეიტინგი დაიკავოს და შესაბამისი ტრაფიკი სხვა არხების საშუალებით მოიპოვოს.

 

  1. გამოიყენეთ შემომავალი ბმულები (internal links) რეიტინგების წინ წამოსაწევად

გქონიათ ისეთი ვებ-გვერდები, რომლებიც საძიებო სისტემაში შედეგების მეორე გვერდზე აღმოჩენილა, მაგრამ მისი პირველ გვერდზე გადაყვანა გსურდათ? ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან ხშირად გამოყენებადი საშუალება შემომავალი ბმულების შექმნაა. ის არა მარტო საძიებო გვერდის რეიტინგზე მოქმედებეს, არამედ გარკვეულწილად რელევანტურობასაც მოიცავს.

იმისათვის, რომ შემომავალი ბმულები თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, პირველ რიგში, საჭიროა არსებული შესაძლებლობები გააანალიზოთ.

შეიყვანეთ თქვენი დომენი SEMrush-ის ორგანულ საძიებო ხელსაწყოში და გადადით „პოზიციების“ გრაფაზე. აქ თქვენ რამდენიმე ფილტრს შეხვდებით.

პოზიციების ფილტრში კი შეიყვანეთ #11-20. აქ გამოჩნდება ის გვერდები და სტატიები, რომლებიც მეორე გვერდზე არიან მოთავსებული.

საუკეთესო შესაძლებლობას ამ სურათში #14 – „სტუდენტური სესხები“ წარმოადგენს. მოდით სწორედ მის მაგალითს მივყვეთ.

პირველ რიგში, საჭიროა მასზე გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვოთ. ამისათვის შეგვიძლია ბექლინკების ანალიტიკის ხელსაწყო გამოვიყენოთ და მასში შევიყვანოთ ეს კონკრეტული დომენი.

აქ იმ რელევანტურ გვერდებს ვეძებთ, რომლებიც სხვა საიტების მიერ იქნა მონიშნული. ამ შემთხვევაში, გვერდი - „Sofi’s Student Loan Debt Survey” მონიშნულ იქნა 63 სხვადასხვა დომენის მიერ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ გვერდზე არსებული კონტენტი არ არის დაკავშირებული იმ გვერდთან, რომელიც „სტუდენტურ სესხებს“ უკავშირდება. ეს თავისთავად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რადგან ამის გაკეთება ბუნებრივადაც შესაძლებელია, შესაბამისი კონტენტის შექმნით.

ამიტომაც გირჩევთ, რომ სადაც შესაძლებელია, ყველა თქვენს მაღალ რეიტინგულ საიტებზე მიამაგრეთ შემომავალი ბმულები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი შესაძლებლობა არ არის. ძალიან დიდი ყურადღება იმ საკითხებსაც უნდა დაუთმოთ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რელევანტურობასთან.

 

  1. გამართეთ საიტის ძირითადი მახასიათებლები

2021 წლისათვის, საიტის ძირითადი მახასიათებლები უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს რეიტინგის განსაზღვრისას. მათ შორის არის შემდეგი მახასიათებლები:

  • ოპიტიმიზაცია მობილურ მოწყობილობაზე;
  • უსაფრთხო ძიება;
  • https;
  • შემაწუხებელი „pop-up“ რეკლამები.

შეიძლება აქედან უკვე ბევრ ფაქტორთან გქონიათ შეხება და მათზე ბევრიც გიმუშავიათ, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, ახლა საუკეთესო დროა, რომ მათ სათანადო ყურადღება დაუთმოთ.

სწორედ ამ წლის დასაწყისში ჩაეშვა ახალი საზომები, რომელთა ერთობლიობასაც წარმოადგენს საიტის ძირითადი მახასიათებლები. ეს რამდენიმე ფაქტორი ძირითადად სიჩქარეს, გამოხმაურებასა და ვიზუალურ სტაბილურობას ეხება. მათ შორის, გამოყოფილი გვაქვს რამდენიმე საზომი:

  • ჩატვირთვის მაქსიმალური ნიშნული

ეს ის დროა, რაც გვერდის მთავარ კონტენტს სჭირდება ჩასატვირთად. იდეალურ შემთხვევაში ეს დრო 2.5 წამია.

  • პირველი ქმედების დაყოვნება:

აღნიშნავს იმ დროს, რომელიც საიტზე პირველი მოქმედებისთვისაა საჭირო. იდეალური შემთხვევაში საიტი ამას 100 მილი წამს ანდომებს.

  • ვიზუალური განლაგების ცვლილება:

ტერმინი უკავშირდება ოდენობას, თუ რამდენჯერ იცვლება კონტენტის ვიზუალური სახე მოულოდნელად. სასურველია, რომ ეს 0.1 ან ნაკლები იყოს.

თავად Google-ის სიტყვებით: „საიტის ძირითადი მახასიათებლები არის საერთო მახასიათებლების ქვეჯგუფი, რომელიც საიტის ყველა გვერდზე ისახება და უნდა იზომებოდეს ყველა საიტის მფლობელის მიერ, რადგან ის Google-ის ყველა ხელსაწყოში იჩენს თავს. თითოეული მათგანი მომხმარებლის გამოცდილების მკაფიო მხარეს წარმოადგენს და ასახავს მათ რეალურ პრაქტიკაში, რომელიც ბუნებრივად გაზომვადი მაჩვენებელია.“

ამ მაჩვენებლებს უკვე Google-ის საძიებო კონსოლშიც შეხვდებით - „გაუმჯობესებების“ მენიუში.

  1. მომართეთ პიარ გუნდის ძალისხმევა SEO-სკენ და აქციეთ ბრენდის მონიშვნები ბმულებად

არა ერთ ბიზნესს აღმოუჩენია საკუთარი თავი სხვადასხვა ონალინ მედიაში მონიშნული, მიუხედავად იმისა, მუშაობდა თუ არა ამაზე მათი პიარი.

თუმცა, როდესაც სპეციალური გუნდი გყავთ გამოყოფილი ბიზნესის გასაპიარებლად, უამრავი შესაძლებლობა არსებობს, რომელთა გამოყენებაც თქვენი SEO-სთვის შეგიძლიათ. სამწუხაროდ, მედია ყოველთვის თქვენი საიტის ბმულს არ იყენებს, ისინი ხშირად მხოლოდ თქვენს სახელს ნიშნავენ.

შესაძლოა, ეს პიარ მენეჯერისათვის სავსებით დამაკმაყოფილებელი იყოს, თუმცა SEO უფრო მეტად იაზრებს ამგვარი ბმულების გავლენას და მეტ ყურადღებასაც აქცევს მას. რამდენიმე მიზეზი არსებობს, რატომაც ჟურნალისტები უბრალოდ მონიშვნას იყენებენ:

  • არ არსებობს ისეთი კონტენტი, რომელთანაც ბმულს დააკავშირებენ (რაც მეტ ღირებულებასაც სძენს);
  • შესაძლოა ჟურნალისტმა უბრალოდ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მონიშვნები დამაკავშირებელ ბმულებად აქციოთ. უბრალოდ გამომცემელთა დარწმუნება დაგჭირდებათ იმაში, რომ ეს ქმედება მათ სტატიას მეტ ღირებულებას შესძენს.

ბრენდის მონიშვნები შეგიძლიათ SEMRush დაკვირვების ხელსაწყოში მოძებნოთ. მთავარია, თქვენი ბრენდის სახელი შეიყვანოთ და მზა ინფორმაცია თქვენს ხელთ აღმოჩნდება. თუმცა, აქ მთავარია ისეთი ფილტრი დააყენოთ, რომელიც მხოლოდ ბმულების გარეშე მონიშვნებს გაჩვენებთ.

ამგვარად, თქვენ ნახავთ ყველა ონლაინ სტატიას, სადაც თქვენი ბრენდი მონიშნულ იქნა, თუმცა რეალური დამაკავშირებელი ბმული არ არსებობს. იფიქრეთ მათზე, როგორც  ხელსაყრელ შესაძლებლობაზე.

 

  1. ვიზუალური გამოსახულებების ოპტიმიზაცია

თუ სურათებით ძიებას სათანადო ყურადღებას არ უთმობთ, დიდი ალბათობით თქვენს კონკურენტებთან შედარებით გაცილებით უკან ხართ და ტრაფიკის მოსაზიდად უამრავ შესაძლებლობას კარგავთ.

ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ ვიზუალური SEO მხოლოდ სურათებზე თქვენი მონიშნვების (თეგების) მიბმას მოიცავს, თუმცა ის გაცილებით მეტია. მისი სწორად გამოყენება საშუალებას გაძლევთ ვიზუალურ საძიებო სისტემებში საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოიპოვოთ.

ეს კიდევ ცალკე ვრცელი ცნებაა, თუმცა მოკლედ რომ აღვწეროთ, ის რამდენიმე ფაქტორისგან შედგება:

  • Alt თეგები;
  • ფაილის სახელები;
  • სურათის სათანადო ზომაზე გადაკეთება;
  • ფაილის მოცულობის შემცირება;
  • საიტის ვიზუალური რუკის შექმნა;
  • სურათების CDN (content delivery network)-ზე განთავსება.

შესაძლოა, უკან დაბრუნებამ და უკვე არსებული სურათების ოპტიმიზაციამ დიდი დრო წაიღოს, თუმცა ეს ბევრად გაგიმარტივებთ პროცესებს ახალი ვიზუალური კონტენტის ატვირთვისას.

 

  1. მოიშორეთ ტოქსიკური ბმულები

რამდენადაც ბექლინკებს შეუძლია თქვენი რეიტინგის ამაღლება, ამდენადვე შეუძლია მისი დაწევა არასწორ და გამოუსადეგარ ბმულებს.

Google ამგვარ ბმულებს შემდეგნაირად ხედავს:

„ნებისმიერი ბმული, რომელიც რეიტინგის აწევისა და მანიპულირებისთვის არის შექმნილი და მოხვედრილია Google-ის საძიებო სისტემაში, შესაძლოა ჩაითვალოს თაღლითურ სქემად და მიიჩნეს დარღვევად. ეს ქმედება უკავშირდება როგორც თქვენს საიტზე არსებულ ბმულებს, ასევე საიტიდან გამავლ ბმულებსაც.“

საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა, ამ ბმულების იგნორირება მოხდეს, თუმცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თქვენს რეიტინგს ძალიან ავნებს.

ასე რომ, თუ თქვენი პროფილი ამგვარ ტოქსიკურ ბმულებს შეიცავს, დროა მათ გასუფთავებაზე დაიწყოთ ფიქრი. მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე მიზეზი არსებობს, რატომაც შეიძლება თქვენი საიტი ასეთ ბმულებს შეიცავდეს:

  • შეძენლი ბმულები (ან რაიმეს სანაცვლოდ მიღებული);
  • ბმულების აგების სტრატეგიისას ზუსტი დამთხვევის გამოყენება;
  • მსხვილი და ვრცელი სტატიების მარკეტინგული კამპანიები;
  • ნეგატიური SEO;
  • დაბალ ხარისხიანი ცნობარი.

ტოქსიკური ბმულების მოძებნა, SEMrush ბექილინკების აუდიტის ხელსაწყოშიც შეგიძლიათ. ამისათვის, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დომენის ჩაწერა დაგჭირდებათ. აქ ნახავთ ყველა შესაძლო ბმულს, რომელიც შესაძლოა ტოქსიკურად იქნეს მიჩნეული.

აქ შეგიძლიათ., სრული ინფორმაცია მიიღოთ მათ შესახებ და ასევე გადაიტანოთ ის ბმულები „თეთრ სიაში“, რომლებიც იცით, რომ ბუნებრივია და საფრთხეს არ წარმოადგენს და ასევე, გაგზავნეთ ბმულების წაშლის მოთხოვნებიც კონკრეტული დომენის მფლობელთან. ხელსაწყო ავტომატურად მოგაწვდით მათ საკონტაქტო ინფორმაციასაც.

 

შეჯამება

მიმოხილული ინფორმაცია მხოლოდ საბაზისო ინფორმაციაა იმასთან შედარებით, რაც კიდევ წინ გელოდებათ. თუ მეტად გსურთ თქვენი საიტის ორგანული ტრაფიკის გაზრდა, ამ საწყისებზე ბევრად შორს მოგიწევთ წასვლა და SEO ტექნიკების სიღრმისეული შესწავლა დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეს რთულად ჟღერდეს, თუმცა სხვაგვარად კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვებაც გაგიჭირდებათ.