მედია გაყიდვების სამუშაოს აღწერილობა, კვალიფიკაცია და მოთხოვნები

მაისი 20, 2021

მედია გაყიდვების სამუშაოს აღწერილობა, კვალიფიკაცია და მოთხოვნები

რა უნარები სჭირდება ციფრული მედიის გაყიდვებში მუშაობას

თუ თქვენ სხვადასხვა გარიგებების დახურვა და ფართო აუდიტორიებთან დაკავშირება გიზიდავთ, მაშინ ციფრული მედია გაყიდვები შესაძლოა, თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო სფერო იყოს. ვინაიდან ონლაინ სივრციდან სარეკლამო შემოსავლები არნახულად იზრდება, ციფრული მედია გაყიდვების პოზიციებმაც საგრძნობლად იმატა.

ალბათ გაინტერესებთ, რა უნარები სჭირდება ციფრული მედიის გაყიდვებში მუშაობას, ან როგორია ამ სამუშაოს ზოგადი აღწერილობა. ციფრული მედია გაყიდვების წარმომადგენლზე მზარდი მოთხოვნა ძალიან კარგია, თუმცა ზუსტად რა ევალებათ ამ ადამიანებს?

სტატიის განმავლობაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რა სჭირდება ციფრული მედია გაყიდვების წარმომადგენლს, რათა მაქსიმალურად ინფორმირებული იყოთ ამ სფეროს შესახებ.

მედია გაყიდვების აღმასრულებელი - სამუშაოს აღწერილობა, კვალიფიკაციები, მოთხოვნები და შემოსავლები

ვინ არის მედია გაყიდვების აღმასრულებელი? დასახელებიდან გამომდინარეც შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ეს ადამიანი ონლაინ ან ციფრული სარეკლამო სივრცეების მარკეტოლოგებისთვის შეთავაზებით არის დაკავებული, იმის იმედად, რომ კლიენტს დაეხმარება სწორ აუდიტორიაზე გასვლაში. სწორედ ამიტომ, სამუშაო ციფრული მედია არხებისა და პლატფორმების შესახებ სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, თუ როგორ იზრდება ინტერნეტი, როგორია სარეკლამო ინდუსტრია. არანაკლებ საჭიროა ეფექტური მოლაპარაკების უნარიც.

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ზოგადი აღწერაა და მომდევნო ნაწილებში სამუშაო სპეციფიკას უფრო დეტალურად გაგაცნობთ, რათა სწორი მოლოდინები   და წარმოდგენა შეგექმნათ ამ დარგზე.

მედია გაყიდვების აღმასრულებელი - სამუშაოს აღწერილობა

რას აკეთებს მედია გაყიდვების წარმომადგენელი? თუ აქამდე გამოცდილება გქონიათ სარეკლამო ინდუსტრიაში ან ნებისმიერი გაყიდვების მიმართულებით, მედია გაყიდვებამდე ნახტომი თქვენთვის შეიძლება გაცილებით მარტივი აღმოჩნდეს. გარდა იმისა, რომ უშუალოდ ეს საქმიანობაც ძალიან კარგია, ამ პროფესიიდან გადასვლის შანსი ძალიან ბევრ სხვა პოზიციაზეც გექნებათ, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ამ საქმიანობას. მაგრამ სანამ განაცხადის გაგზავნას და გასაუბრებაზე გადაწყვეტდეთ მისვლას, დარწმუნდით, რომ ზუსტად იცით, რაზე ლაპარაკობთ და კარგად გაქვთ გააზრებულია მედია გაყიდვების წარმომადგენლის საქმიანობა.

რას აკეთებს მედია გაყიდვების წარმომადგენელი?

თუ ოდესმე გინახავთ რეკლამა ონლაინ სივრცეში, ჟურნალში, გაზეთში, ტელევიზიაში, რადიოში თუ ქუჩაში ბილბორდზე, ეს მედია გაყიდვების აღმასრულებლის საქმიანობა გახლავთ. ისინი წარმოადგენენ დამაკავშირებელ რგოლს კომპანიებსა და ისეთ ადამიანებს ან ორგანიზაციებს შორის, რომლებიც სარეკლამო სივრცეს ფლობენ და მათი კოლაბორაციით ეცდებით ორივე მხარე ბედნიერი დატოვოთ.

მედია გაყიდვების წარმომადგენლები ხშირად მუშაობენ ასევე კომერციული ღონისძიებების დაგეგმვაზე, მათ შორის პროდუქტის გამოშვებაზე ან რესურსების მოძიებაზე. ინიციატივა - ეს არის მედია გაყიდვების წარმომადგენლის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი, რადგან სწორედ ის იწყებს მოლაპარაკებებს კლიენტებთან, წარუდგენს იდეებს პოტენციურ მომხმარებლებს და ამზადებს სხვადასხვა ანგარიშებს სხვადასხვა კლიენტებისთვის.

როგორია ერთი სამუშაო დღე?

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დღე მათთვის საკმაოდ განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს, არსებობს ზოგადი აქტივობები, რასაც მედია გაყიდვების პროფესიონალი ყოველდღიურად შეიძლება აკეთებდეს:

  • წარმატებული მედია გაყიდვების წარმომადგენელი მუდმივად აგზავნის ცივ ზარებს პოტენციურ მომხმარებლებთან, რათა დარწმუნდეს, რომ ყველამ იცის მათი სერვისის შესახებ. ეს შეიძლება იყოს სატელეფონო ზარი, ან ისეთი მარტივი რამ, როგორიც არის მეილი, პრეზენტაცია, სადილი და ხშირად პირისპირ შეხვედრებიც.
  • ის შესაძლოა, ტრენინგ პროცესშიც ჩაერთოს, სადაც ისწავლება, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი ეფექტურად.
  • ამის შემდეგ გარკვეული დრო არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გამყარებას დაეთმობა, რათა არსებული შეთანხმება, დიზაინი და განთავსება დადგენილ პირობებს დაემთხვეს და კლიენტის უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. მედია გაყიდვების წარმომადგენლის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება სწორედ კლიენტებთან მიმდინარე ურთიერთობის გამყარება და გაუმჯობესებაა.
  • ამის გასაკეთებლად ერთ-ერთი გზა იმ აღწერილობითი დოკუმენტის გამოყენებაა, რომელიც კლიენტმა თავდაპირველად გადმოაგზავნა, სადაც მათი ყოველგვარი მოთხოვნა და მიზნებია მოცემული. ამ ყველაფრის ცოდნა მათ ეფექტური პრეზენტაციის მომზადებაში ეხმარება.
  • მედია გაყიდვების აღმასრულებელი კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული სხვადასხვა საფასო პოლიტიკაში, რომელიც სარეკლამო ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამ პროცესში კი ეფექტური მოლაპარაკების უნარი უდავოდ ყველაზე გამოსადეგი საშუალება იქნება.
  • დღის განმავლობაში ის შესაძლოა კრეატიულ გუნდსაც შეხვდეს, რათა რეკლამის ხარისხის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოს. ის ასევე იმუშავებს სარეკლამო სივრცის გამცემ კომპანიასთანაც.
  • როგორც მედია გაყიდვების წარმომადგენლს, ერთდროულად რამდენიმე კამპანიის მართვა მოგიწევთ, ამიტომ კარგი ორგანიზაციული უნარები ნამდვილად წინ წაგწევთ. დღის განმავლობაში მოგიწევთ არა ერთი ჩანაწერის გაკეთება შესრულებული შესყიდვებისა და გაყიდვების შესახებ, კონტრაქტების მონიტორინგი და პოტენციურ შესაძლებლობებზე დაკვირვება.
  • კავშირების დამყარება ამ სამუშაოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია! წარმატებულმა მედია გაყიდვების წარმომადგენელმა საკუთარი დღე შესაძლოა რომელიმე წვეულებაზე ან ინდუსტრიულ ღონისძიებაზე დაამთავროს ან სხვადასხვა კონფერენციებზე იაროს.

საბოლოოდ, ეს სამუშაო შესაძლოა ყოველ დღე ახალ-ახალ სიურპრიზებს გთავაზობდეთ.

მედია გაყიდვების წარმომადგენლის კვალიფიკაციები

ახლა, როდესაც უკვე იცით ზოგადად რას მოიცავს მედია გაყიდვების წარმომადგენლის საქმიანობა, ალბათ გარკვეულ წარმოდგენა შეგექმნათ, შეგეფერებათ თუ არა ეს სამუშაო თქვენ. თუმცა, რეკრუტირების პროცესი ყოველთვის ისე არ მთავრდება, როგორც ჩვენ გვგონია. მომდევნო ნაწილში განვიხილავთ, თუ რას ეძებს ადამიანში დამსაქმებელი, როდესაც მედია გაყიდვების წარმომადგენელს ირჩევს.

განათლება

მოლოდინები ყველაზე მაქსიმალურია განათლების მიმართულებით. ძირითადად, ამ პოზიციასთან დაკავშირებით, განათლება ნამდვილად მოთხოვნადია და ბაკალავრის ხარისხი აუცილებლობას წარმოადგენს. მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანს, რა თქმა უნდა, უპირატესობაც მიენიჭება. განათლების სფერო კი შეიძლება იყოს მარკეტინგი, გაყიდვები, ინგლისური ან მათემატიკა.

ასევე წაგადგებათ ამ პროცესში თქვენ მიერ განვლილი კურსები და მიღებული სერთიფიკატები, რომლებიც ამ სფეროებთან არის კავშირში.

გარდა ამისა, დამსაქმებლის თვალში ძალიან მიმზიდველად გამოჩნდება თქვენი გამოცდილება. შესაბამისად, სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება გაყიდვებში, მედიაში, პროგრამირებაში ან მომხმარებელთა მომსახურებაში თქვენი უპირატესობა იქნება.

ბევრი აღიარებს, რომ მედია გაყიდვები ძალიან კარგი საშუალებაა სხვადასხვა პროფესიებიდან გადმოსასვლელად და ნულიდან დასაწყებად. თუ ფიქრობთ, რომ ფლობთ საჭირო უნარებს, ნუ შეუშინდებით საკუთარი თავის შეთავაზებას დამსაქმებლისთვის. გასაუბრებაზე მოხვედრის შემთხვევაში კი ეცადეთ, მაქსიმალურად გაამყაროთ თქვენი პოზიციები.

სასურველი უნარები

როდესაც დამსაქმებელი პოტენციურ მედია გაყიდვების წარმომადგენელს ეძებს, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რამდენიმე უნარს მიანიჭებს. მათ შორის:

  • ბუნებრივად სოციალური და უშუალო ადამიანი. ამ საქმიანობის უმსხვილესი ნაწილი კავშირების დამყარება და კომუნიკაციაა. მეორე მხარე კი გუნდთან ერთად მუშაობაა. ორივე შემთხვევაში, ამ უნარების დემონსტრირება მოგიწევთ: ემპათია, იუმორი, კომუნიკაბეულურობა, საიმედოობა.
  • შესანიშნავი კომუნიკაციის ტექნიკების ცოდნა, იქნება ეს სატელეფონო ზარისთვის, მეილისთვის თუ შეხვედრისთვის, აუცილებლობას წარმოადგენს. ამ საქმეში ნამდვილი ექსპერტი უნდა იყოთ და ისე არჩევდეთ თქვენს ტონს თუ მიდგომებს, რომ რთული გარიგების დროსაც კი მეგობრებს იძენდეთ.
  • პრობლემებისა და გამოწვევების მიღება, გააზრება და მათთვის გამოსავლების მოძებნა პროცესში აუცილებლად გამოგადგებათ. განსაკუთრებით კი მაღალ დონეებზე, სადაც უკვე მსხვილი კლიენტების მოთხოვნილებების და მოლოდინების დაკმაყოფილება მოგიწევთ.
  • პირადი დისციპლინა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და განრიგის შენარჩუნება - ეს ის უნარებია, რომლებიც ამ საქმიანობაში წაგადგებათ. როგორც მედია გაყიდვების წარმომადგენელს, ხშირად მოგიწევთ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა. შესაძლოა ბევრმა არ შეგიმოწმოთ თქვენი საქმიანობა, თუმცა ბევრი ნამდვილად იქნება თქვენზე დამოკიდებული და თქვენი იმედიც ექნება, ამიტომ ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით უნდა გააკეთოთ.

კარიერა მედია გაყიდვებში

ახლა შესანიშნავი დროა მედია გაყიდვებში ჩასართავად, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოთხოვნა ამ სფეროზე საგრძნობლად იზრდება. საწყისი პოზიციებისთვის მოთხოვნები ხშირად დაბალია, განსაკუთრებით მონათესავე სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის. ციფრული მედია პლატფორმები არნახული სისწრაფით იზრდება და მათი ზრდა მომდევნო წლების განმავლობაშიც პროგნოზირებულია, ამიტომ როგორი სამსახურიც არ უნდა დაიწყოთ ახლა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ის უსაფრთხო იქნება და კარიერული წინსვლის შანსებიც უფრო და უფრო გაიზრდება. თუ თვლით და მოახერხებთ, რომ ციფრული მედია გაყიდვების სამყაროში კონკურენტული ადამიანი გახდეთ, მაშინ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მშვენიერი პროფესია გექნებათ.

მედია გაყიდვების წარმომადგენლის სახელფასო მოლოდინები

მედია გაყიდვების წარმომადგენლის შემოსავლები უდავოდ დამოკიდებულია კომპანიაზე, იმ ინდუსტრიაზე, რომელშიც კომპანია მოღვაწეობს და რა თქმა უნდა, კანდიდატის კვალიფიკაციაზეც. მაგალითად ამერიკის მასშტაბით, ყოველწლიურად მედია გაყიდვების წარმომადგენელი დაბალ საფეხურზე $32,000 დოლარს გამოიმუშავებს. თუმცა, თუ თქვენს ფასს დაამტკიცებთ და სასურველ შედეგებსაც მიიღებთ, მაშინ წელიწადში $66,000-ის გამომუშავებაც შეიძლება შეძლოთ. ეს სახელფასო დიაპაზონი მართალია ქართული რეალობისთვის ნაკლებად შესაფერისია, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ წარმატებული გაყიდვებით მიღებული საბონუსე შემოსავალი ტოპ პოზიციებს იკავებს ქართულ ბაზარზეც.

შეჯამება

ახლა უკვე გაქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რასთან არის დაკავშირებული მედია გაყიდვების წარმომადგენლის საქმიანობა და ალბათ, გაიაზრეთ კიდეც, რამდენად შეგეფერებათ ის თქვენ. იფიქრეთ მოცემულ ინფორმაციაზე, მიუდექით მას კრიტიკულად და ყურადღებით, თუ სამომავლოდ მედია გაყიდვებში გეგმავთ კარიერის დაწყებას.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მედია შესყიდვების პროცესის 3 საფეხური

კომუნიკაციის 15 უნარი, რომელიც გადამწყვეტია გაყიდვებში წარმატების მისაღწევად

როგორ გავხდეთ წარმატებული მედია გაყიდვებში პირველივე წელს?