ონლაინ რეკლამირების გზამკვლევი

მარტი 25, 2021

ონლაინ რეკლამირების გზამკვლევი

ონლაინ რეკლამირება ყველა ბიზნესს აძლევს საშუალებას, სწრაფად, მარტივად, ეფექტურად და ხელმისაწვდომ ფასად მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას.

დღეისათვის ყველა ბიზნესს, იქნება ის შესამჩნევი თუ ნაკლებად, პროდუქტების გაყიდვა ენდომება თუ მომსახურების, ერთი მთავარი მიზანი აქვს: მისწვდეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, თანაც მინიმალური დანახარჯებით.

ტრადიციული რეკლამირებისგან განსხვავებით, ონლაინ რეკლამირება ყველა ბიზნესს აძლევს საშუალებას, სწრაფად, მარტივად, ეფექტურად და ხელმისაწვდომ ფასად მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას.  სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ონლაინ რეკლამირების ასეთი მზარდი მოხმარება და პოპულარობა.

ბლოგის მართვა ფუნდამენტურია, ონლაინ სივრცეში გამოჩენა შეუცვლელი, ხოლო ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიის ქონა კი აუცილებელი. სინამდვილეში, ონლაინ რეკლამირება უკვე არსებითად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორი ხდება ბიზნესებისთვის.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. თქვენ ისიც უნდა იცოდეთ, თუ რატომ არის ინტერნეტ რეკლამირება ასეთი მნიშვნელოვანი, რა სახის რეკლამები გვხვდება და რომელ რჩევებსა და რეკომენდაციებს უნდა მიჰყვეთ საუკეთესო შედეგების მისაღწევად. 

ინტერნეტ რეკლამირების ყველაზე დიდი სარგებელი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მაღაზიის ვიტრაჟი ძალიან მიმზიდველია და ის ერთ-ერთ საუკეთესო ქუჩაზე მდებარეობს, მუშაობს 24 საათი მთელი წლის განმავლობაში. დაახლოებით ასეთი რამ ხდება ონლაინ რეკლამირებაში ინვესტირების შემდეგ. თქვენ ავტომატურად ხდებით თვალსაჩინო ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც გამუდმებით გეძებდნენ, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ თქვენი არსებობის შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ ონლაინ რეკლამირებისას ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტიც. სულ რამდენიმე დოლარის დამატებითაც კი შესაძლოა უკეთესი ხილვადობა მიიღოთ, რაც თავისთავად უკეთეს შედეგებში - გაზრდილ კონვერსიასა და ტრაფიკზე აისახება.

„ონლაინ რეკლამირების ფასიან კამპანიას, რომელიც სწორად არის შემუშავებული და აღსრულებული, უამრავი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეუძლია.“

დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება ამას და შესაძლოა, სწორედ ამიტომ აბრუნებს ინტერნეტ რეკლამირება მილიონობით დოლარს მსოფლიოს გარშემო. რეალურად, კონტენტ მარკეტინგისა და ვიდეო მარკეტინგის შემდეგ, ონლაინ რეკლამირება ერთ-ერთი უმსხვილესი და მზარდი სფეროა.

ინტერნეტ რეკლამირებაში დახარჯული ფულის ოდენობამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ 137.53 მილიარდ დოლარს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ის უკვე სატელევიზიო რეკლამირებასაც გადააჭარბებს.

რასაკვირველია, ეს ონლაინ რეკლამირების მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის დამსახურებით ხდება. გარდა ამისა, ის გაცილებით უკეთესი სეგმენტაციის საშუალებას იძლევა და შეგიძლიათ, ნებისმიერი ტიპის აუდიტორიასაც მისწვდეთ.

ეს ყველაფერი კი ეფექტური, მარტივი, მოქნილი და რენტაბულური გზებით შეგიძლიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ თქვენი სარეკლამო კამპანიის შესრულების შედეგებს რეალურ დროში გაეცნობით და თუ რაიმეს ოპტიმიზაცია იქნება საჭირო, სწრაფადვე იმოქმედებთ.

დამატებით გთავაზობთ 10 მნიშვნელოვან მიზეზს, რომელიც დაგვანახებს ონლაინ რეკლამირების აუცილებლობას და საჭიროებას ბიზნესის განსავითარებლად:

ახლა უკვე იცით, თუ რატომ უნდა იფიქროთ სახსრების ინვესტირებაზე ფასიან რეკლამირებაში. ჩვენ ასევე გაგაცნობთ ონლაინ რეკლამირების საუკეთესო ფორმებს და დაგეხმარებით გაიგოთ, თუ რომელი მათგანი შეეფერება თქვენს მიზნებს ყველაზე მეტად, იქნება ის ტრაფიკის გაზრდა, ხილვადობის მოპოვება, ახალ ბაზარზე შესვლა, ბრენდის გაძლიერება, გაყიდვების გაზრდა თუ მომხმარებლების შენარჩუნება.

ონლაინ რეკლამირებს 9 საუკეთესო საშუალება

  1. საძიებო სისტემების რეკლამირება

ინტერნეტ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამოყენებადი მეთოდია საძიებო სისტემების მარკეტინგია(SEM).

ამ ყველაფერის უკან, რა თქმა უნდა, Google დგას და ტექნოლოგიურ გიგანტს შემუშავებული აქვთ მოდელი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დასპონსორებული რეკლამირების განთავსება - Google Adwords.

რეკლამირების აღნიშნული სახეობის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი ის არის, რომ საშუალებას გაძლევთ, თქვენი ვებ-გვერდი უკეთესად წარმოაჩინოთ და უფრო თვალსაჩინო გახადოთ. ამგვარად, SEM ტექნიკებთან ერთად შეგიძლიათ, თქვენი პროდუქტები, მომსახურება ან კონტენტი გუგლის სარეკლამო მომსახურების მეშვეობით გაარეკლამოთ. მომხმარებლები გაცილებით მარტივად გიპოვიან, რადგან თქვენი ბიზნესი მათთვის რელევანტურ საძიებო შედეგებში გამოჩნდება.

ასეთი ტიპის რეკლამები ძირითადად PPC (გადახდა თითო კლიკზე) მოდელით ფუნქციონირებს - თქვენ იხდით სარეკლამო თანხას ყოველ მიღებულ კლიკზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა არაერთი მეთოდი არსებობს, აღნიშნული ყველაზე ხშირად გამოიყენება. ის საკმაოდ პერსონალიზებულია და ამასთანავე, საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ კლიკების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომლისთვისაც თანხის გადახდა გსურთ.

რაც შეეხება რეკლამის ფორმატს, ის მხოლოდ ოთხი ან ნაკლები ხაზის ოდენობით განისაზღვრება, უფრო დეტალურად კი: 25 სიმბოლო სათაურში, 70 სიმბოლო ტექსტში და 35 ბმული მისამართში.

მაგალითად, თქვენ გსურთ ჯავშნის გაკეთება ფიჯის ერთ-ერთ სასტუმროში შემდეგი თვისთვის. ამისათვის, გუგლში იწყებთ ძებნას: „საუკეთესო სასტუმრო ფიჯიზე.“ როგორც ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, ზედა ნაწილში გვაქვს რეკლამირებული შედეგები, ხოლო მათ ქვევით ორგანული შედეგებია წარმოდგენილი, რომლებიც ამას მათი SEO ტექნიკების საშუალებით ახერხებენ.

საძიებო სისტემების მარკეტინგი ძირითადად ისეთი ბიზნესების მიერ გამოიყენება, რომლებსაც ვებ ტრაფიკისა და კონვერსიების გაზრდა სურთ - რეკლამირების ამგვარი მეთოდით თქვენ უკავშირდებით ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც თქვენს პროდუქტს ეძებენ. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური სარეკლამო ტექნიკაა.

  1. სოციალური მედია რეკლამირება

შეუძლებელია, ვერ დავინახოთ სოციალური ქსელების გავლენა და უმნიშვნელოვანესი წვლილი წარმატებული ბიზნესის შექმნაში. ონლაინ სივრცეში ამგვარი სარეკლამო სტრატეგია განსაკუთრებულ პოპულარობას აღწევს დღითიდღე, რაც მისი ეფექტურობისა და ეფექტიანობის დამსახურებაა.

სოციალური ქსელების უმრავლესობა საშუალებას გვაძლევს, რეკლამა პლატფორმაზევე შევქმნათ, იქნება ეს მესიჯებისა და კონტენტის გავრცელება, თუ რაიმე სპეციფიკური რეკლამის შექმნა. Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram და YouTube ასეთი ქსელების მაგალითს წარმოადგენენ.

გარდა ამისა, ისინი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სამიზნე აუდიტორია სეგმენტებად დავყოთ, რაც თავის მხრივ, გვიმარტივებს აუდიტორიის კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებას. დარეკლამებული მესიჯების დამხარებით კი თქვენ შეგეძლებათ, მიწვდეთ უფრო მეტ ადამიანს, მოიპოვოთ უფრო მაღალი რეიტინგი და მიიღოთ საუკეთესო შედეგები.

თუ გსურთ, ონლაინ სივრცეში მაქსიმალურად გამოჩნდეთ, მაშინ საუკეთესო გზა თქვენთვის ვებ ტრაფიკისა და სოციალური ქსელების ტრაფიკის გაზრდა იქნება.

მაგალითად, ასე გამოიყურება ტვიტერის რეკლამა მომხმარებლის კედელზე:

  1. ბანერები

ბანერები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარეკლამო ფორმაა, ვინაიდან ის პირველი იყო, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა.

ბანერები სტრატეგიულად განთავსებული სხვადასხვა ფორმატის, ზომისა და დიზაინის რეკლამებს აერთიანებს. მომხმარებელი, რომელიც ამ ბანერზე აკლიკებს, გადადის სპეციალურად განკუთვნილ საიტზე. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღესდღეობით იმდენად გაჯერებულია ინტერნეტი რეკლამებით, რომ მათ დიდ ყურადღებას აღარ ვუთმობთ. შესაბამისად, ონლაინ რეკლამირებისას პირველ რიგში, უნდა განიხილოთ ადგილობრივი მედია გამომცემლობები, რომლებსაც შესაბამისი აუდიტორიები ჰყავთ ვებ-გვერდზე. 

  1. Pop-ups

უდავოა, რომ თქვენ უამრავი სახის pop-up რეკლამა გაქვთ გათიშული, რომელიც ინტერნეტის მოხმარებისას შეგხვედრიათ. დღეს ეს ყველაფერი უკვე გარკვეულწილად ნორმაც არის და ამასთანავე გამაღიზიანებელიც.

pop-up რეკლამა არის ფანჯარა, რომელიც საიტზე გამოგიჩნდებათ და მასზე დაკლიკების შემთხვევაში, სხვა გვერდზე გადაგამისამართებთ. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტური იყო, დღეს მისი მოხმარება უფრო და უფრო იკლებს.

ახლა მისი ფორმა შეცვლილია და გამოყენებისთვის საუკეთესო გზას მისი ვებ-გვერდზე განთავსება წარმოადგენს, თუმცა ისეთი ფორმით, რომელიც მომხმარებელს მეილის მითითებას ან რეგისტრაციას სთხოვს გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ.

ასეთი მარტივი მეთოდი შესაძლოა, დაგეხმაროთ, უფრო მეტი პოტენციური მომხმარებლის მოზიდვაში, მონაცემთა ბაზის გაზრდასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში.

  1. რეკლამირება ბლოგებზე

ამ კატეგორიაში ჩვენ არ ვგულისხმობთ რეკლამებს, რომლებიც ბლოგებში იჩენენ თავს - ვინაიდან, ეს უბრალო ბანერისა და გუგლის რეკლამირების სახეა - არამედ ისეთ არაპირდაპირ რეკლამას, რომელიც ძირითადად ამბის გადმოცემით და ან ბრენდირებული კონტენტის სახით მიეწოდება მომხმარებელს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს შედარებით ახალი მეთოდია, რომელსაც ჯერ ბევრი ბიზნესი არ იყენებს და არც მისი სარგებელი აქვს გააზრებული.

რეკლამირების ეს სახეობა მოიცავს კოლაბორაციულ რეკლამირებას და მისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭიროა, მოძებნოთ ამ სფეროს ლიდერები. ისეთი ადამიანები, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ თქვენ შესახებ ისაუბრებენ და პროდუქტს ან მომსახურებას გაარკლამებენ. საფასურში მხოლოდ თანხა არ იგულისხმება, ის შეიძლება იყოს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება.

თუ უკვე იცით, რომელ ბლოგებს ეცნობიან თქვენი სამიზნე აუდიტორიის წევრები, მაშინ დროა, იფიქროთ მათთან თანამშრომლობაზე.

მაგალითად, TheFashionSpot არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოდელო ბლოგი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე საუბრობს.

  1. მობილური რეკლამირება

იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის მთელი მსოფლიო მოიხმარს უკვე მობილურს, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მობილური რეკლამირება ონლაინ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.

სწორედ ამიტომ უწევს ძალიან ბევრ კომპანიას სწრაფი რეაგირება და საკუთარი რეკლამების ოპტიმიზიაცია. დღესდღეობით, პერსონალურ კომპიუტერზე მეტად რეკლამა მობილური მოწყობილობებისთვის არის განკუთვნილი, სადაც ის ნაკლებად მოსაწყენი და უფრო ნახვადიც უნდა იყოს. იქნება ეს ტექსტური, ვიდეო, თუ ვიზუალური რეკლამა.

მობილური რეკლამა შეიძლება შეგვხვდეს, როგორც სოციალურ ქსელებსა და Google Adwords-ში, ასევე ბანერებსა თუ სხვა ტიპის რეკლამებზე. ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს მობილურისა და კომპიუტერის მოხმარებაც განსხვავებულია და მომხმარებელი განსხვავებულად აღიქვამს ყველაფერს. ამიტომ ეცადეთ, რომ მათთვის შესაფერისი დიზიანი შექმნათ და მოარგოთ ის თქვენს ვებ-გვერდს. ყველაფერთან ერთად დარწმუნდით, რომ თქვენი ჩატვირთვის სიჩქარე სწრაფია, CTA (მოწოდება ქმედებისკენ) ღილაკი კი გამართული და აშკარაა.

  1. იმეილ მარკეტინგი

დიდი ხნის განმავლობაში, რეკლამირების ეს სახეობა დომინირებდა ინტერნეტ სივრცეში და შეიძლება ითქვას, მომხმარებლისთვის გამაღიზიანებელ და არაეფექტურ მეთოდთანაც კი ასოცირდებოდა.

რეალურად, დღის განმავლობაში იმდენი სახის მეილსა და რეკლამას ვიღებთ, რომ მათ მიმართ თითქოს იმუნიტეტიც კი გამოვიმუშავეთ და უკვე რამდენიმე წამში შეგვიძლია გავფილტროთ რეკლამა.

რეკლამირების ეს ფორმა საკმაოდ მეგობრული და ტოლერანტულია, მთვარია, ის სწორად იქნას მიწოდებული და ინტეგრირებული თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაში.

Apple - ერთ-ერთი მაგალითია იმ კომპანიებისა, რომლებიც იმეილ მარკეტინგს ყოველდღიურად იყენებენ შეთავაზებებისა და რეკლამების მისაწოდებლად. თუმცა, არა ისეთი გზით, რომ მომხმარებელმა ეს პირდაპირ რეკლამად ჩათვალოს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „შეიძინე ახლავე“ ღილაკსაც ურთავს მეილს:

  1. ვიდეო რეკლამირება

დღითიდღე, ვიდეობი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და მათთვის განცალკევებული პლატფორმებიც კი იქმნება, მაგალითად YouTube და Vine. ეს პლატფორმები შესაძლოა, თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გასარეკლამებლადაც იდეალური ადგილი აღმოჩნდებს. YouTube, Dailymotion, Vimeo ან Vine-ის მეშვეობით შექმნილი ვიდეო რეკლამები მომხმარებელს იქამდე გამოუჩნდება, სანამ ის რეალურად დაიწყება. მათი განთავასება ასევე შესაძლებელია საიტებსა და სხვა საძიებო სისტემებში.

ამ ფორმის რეკლამირება ასევე მოიცავს ბანერებსა და ისეთ რეკლამებს, რომელთა ჩაშენებაც საიტზე ვიდეოს სახითაც არის შესაძლებელი. ძირითადად, ვიდეო კონტენტი ორჯერ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს, ვიდრე მარტივი ტექსტური ან ვიზუალური რეკლამა.

მაგალითად, თუ „ონლაინ მარკეტინგს“ მოვძებნით YouTube-ზე, პირველი რასაც ვნახავთ, იქნება რეკლამა.

  1. რემარკეტინგი

რემარკეტინგი როგორც მცირე, ასევე მსხვილი კომპანიებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო სარეკლამო ტექნიკას წარმოადგენს.

ეს არა უბრალოდ რეკლამირების ფორმა, არამედ ეფექტური მახასიათებელი და ფუნქციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი რეკლამა პერსონალურად მოარგოთ ისეთ ადამიანებს, ვინც უკვე მოინახულა თქვენი ვებ-გვერდი, მასზე განთავსებული პროდუქტი, მაგრამ არ შეუძენია ის.

ამ ფუნქციონალს Google Adwords - საძიებო სისტემებისა და ონლაინ რეკლამირების გიგანტი გვთავაზობს და ის ძირითადად ინვესტიციიდან მაღალი უკუგების მიღებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით მაშინ უნდა განიხილოთ ეს ვარიანტი, თუ ბევრი ისეთი მომხმარებელი გყავთ, რომელიც შესყიდვას არ ასრულებს ბოლომდე.

ამასთანავე, სიფრთხილეც გმართებთ, რადგან უხარისხო რემარკეტინგი შესაძლოა, ძალიან აგრესიულად და გამაღიზიანებლადაც მოეჩვენოს მომხმარებელს. თუმცა, სათანადო კონფიგურაციით ის საკმაოდ გამოსადეგი და მომგებიანი იქნება თქვენი ბიზნესისთვის.

 

ჩვენ მიერ განხილული ფორმები რეკლამირების მხოლოდ რამდენიმე სახეობას წარმოადგენენ, თუმცა კიდევ არაერთი საშუალება არსებობს, რომელთა გაერთიანებაც აღნიშნულ მეთოდებთან შეგიძლიათ.

მაგრამ სანამ ონლაინ სარეკლამო კამპანიის შემუშავებას დაიწყებდეთ, გვსურს, რამდენიმე რჩევა და რეკომენდაციაც გაგიზიაროთ, რომელიც სასურველია ამ პროცესში გაითვალისწინოთ.

 

როგორ მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს ონლაინ რეკლამირებით - 10 რჩევა

  1. შექმენით ხარისხიანი ვებ-გვერდი

მნიშვნელობა არ აქვს, რეკლამირების რომელ სახეობას იყენებთ - თითოეულის მიზანია, ადამიანები რეკლამაზე გადაიყვანოს და შედეგად, თქვენ მიერ მითითებულ ვებ-გვერდზე გადმოამისამართოს.

სწორედ ამიტომ, უნდა უზრუნველყოთ ხარისხიანი ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც სწრაფად იტვირთება, კარგი დიზაინი აქვს და მომხმარებელიც დაყოვნების გარეშე იყენებს.

დაუთმეთ ამას იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა და განსაზღვრეთ ის ინფორმაციები, რომელსაც მომხმარებელი საიტზე შემოსვლისას იხილავს, დარწმუნდით, რომ ის მიმზიდველია და კონვერსიებსაც მოგიტანთ.

„404 - გვერდი ვერ მოიძებნა როგორც ჩანს კედელს შეეჯახეთ. ისიამოვნეთ ფლამინგოთი ან დაბრუნდით მთავარ გვერდზე.“

  1. გამოიკვლიეთ თქვენი ბაზარი

შესაძლოა, მთელ სამყაროში საუკეთესო რეკლამა გქონდეთ შექმნილი, მაგრამ თუ ის ხალხისთვის დამაბნეველია ან შეცდომაში შეჰყას, კარგს არაფერს მოგიტანთ. ამიტომ გამოიკვლიეთ, შეისწავლეთ თქვენი ბაზარი, განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია, შექმენით სეგმენტირებული ჯგუფები და გახადეთ თქვენი მესიჯი და დანიშნულება რაც შეიძლება აშკარა.

  1. განსაზღვრეთ, რომელ სარეკლამო ფორმას გამოიყენებთ

იფიქრეთ, სად შეიძლება იყვნენ თქვენი პოტენციური მომხმარებლები და ამის მიხედვით შეარჩიეთ თქვენი რეკლამის სახეობაც, რომელიც მაქსიმალურად შეეფერება მათ. ფეისბუქზე ატარებს ყველაზე მეტ დროს თქვენი მომხმარებელი? მაშინ Facebook Ads-ს მიმართეთ. თუ ვიდეოებს უყურებენ ყველაზე ხშირად, მაშინ იუთუბის კამპანიები წამოიწყეთ.

  1. იფიქრეთ ონლაინ რეკლამირების მიზანზე

განსაზღვრა იმისა, თუ რას ემსახურება თქვენი ონლაინ რეკლამირება და რისი მიღწევა გსურთ მისი საშუალებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეფექტური რეკლამის შესაქმნელად. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ - მეტი ტრაფიკის მიღება, გაზრდილი ლიდები, გაყიდვები, თუ ბრენდის იმიჯის ამაღლება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ, თქვენი რეკლამა მოარგოთ თქვენივე მიზნებს.

  1. დაუთმეთ საკმარისი დრო რეკლამის დიზაინის შემუშავებას

გახსოვდეთ, რომ ძალიან პატარა სივრცეს ფლობთ თქვენი მესიჯის გადმოცემისთვის. ამიტომ, კარგად დაფიქრდით იმ სიტყვებზე, რომელსაც რეკლამაში გამოიყენებთ, იმ ვიზუალურ ელემენტებზე, რომლებიც ხაზს გაუსვამს თქვენს სათქმელს და CTA ღილაკზე, რომელიც მომხმარებელს საჭირო ქმედებისკენ მოუწოდებს.

განსაზღვრული დრო, რომელსაც თქვენი რეკლამის ხარისხიანად შემუშავებას დაუთმობთ, შესაძლოა ორმაგი და სამმაგი შედეგის მომტანი იყოს.

  1. იყავით მკაფიო და ლაკონური

როდესაც საქმე ონლაინ რეკლამირებას ეხება, კონტენტ მარკეტინგისგან განსხვავებით, თქვენ არ გაქვთ იმდენი სივრცე და საშუალება, რომ მუდმივად ეცადოთ აუდიტორიის დარწმუნებას იმაში, რომ თქვენ საუკეთესო არჩევანი ხართ. ამიტომ, ნუ დახარჯავთ 10 სიტყვას, როდესაც სათქმელი სამი სიტყვითაც შეგიძლიათ გადმოსცეთ.

ონლაინ რეკლამირება გარკვეულწილად გადაუდებლობის გრძნობას აჩენს, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თქვენი ლაკონურობა და მხოლოდ მნიშვნელოვანი სათქმელის წარმოჩენის შესაძლებლობა.

იფიქრეთ, რატომ გადავიდოდა მომხმარებელი თქვენს რეკლამაზე და ეს გაცილებით გაგიმარტივებთ პროცესებს.

  1. შექმენით ეფექტური CTA (მოწოდება ქმედებისკენ) ღილაკი

იმისათვის, რომ მომხმარებელმა თქვენთვის სასურველი ქმედება განახორციელოს, მათ უნდა მოუწოდოთ. სწორედ აქ ერთვება CTA (call-to-action) ღილაკი, რომლის არსებობაც ნებისმიერ რეკლამაში აუცილებელია.

  1. ყურადღება მიაქციეთ ვიზუალურ ელემენტებს

ადამიანებისთვის პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. ონლაინ რეკლამირებაშიც ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. თუ თქვენს რეკლამას ცუდი დიზაინი, გრამატიკული შეცდომები, დაბალი ხარისხის სურათი ან რეზოლუცია და შეუსაბამო ელემენტები გააჩნია, მაშინ დანამდვილებით გაუშვებთ ხელიდან უამრავ შესაძლებლობას კონვერსიის ამაღლებისთვის.

  1. ნუ დაივიწყებთ ბრენდის იმიჯს

თქვენი ბრენდი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ მისი ლოგოს დართვა რეკლამებზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ის თქვენი ბრენდის ფერებსაც უნდა შეესაბამებოდეს.

დღესდღეობით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ასახავთ თავდაჯერებულობას ბრენდის იმიჯში, ოპტიმიზმსა და პასუხიმგებლობას. რაც მთავარია, ამ ყველაფერის გაკეთება რეკლამითაც შეგიძლიათ.

  1. გაზომეთ აბსოლუტურად ყველაფერი

საბოლოოდ კი ყველაფერი შეფასებამდე და შედეგებამდე მიდის. ამიტომ, გაზომეთ თქვენი შედეგები რეალურ დროში - თუ რამდენად ეფექტურია რეკლამა, გაანალიზეთ თქვენი კამპანია დეტალურად და მაქსიმალურად გამოასწორეთ ის აპექტები, საიდანაც უკეთეს შედეგზე გასვლას შეძლებთ.

ინტერნეტ რეკლამირების მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა - სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე ისეთ ინფორმაციას ფლობთ, რომელიც დასაწყისისთვის სრულიად საკმარისია. მაგრამ წინ მთელი სამყარო გელოდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვიპოვოთ Facebook-ზე მეტი ლიდი და რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია ელექტრონული კომერციისთვის

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით