სოციალური მედია გაყიდვების წარმომადგენლებისთვის

მარტი 30, 2021

სოციალური მედია გაყიდვების წარმომადგენლებისთვის

თუ სოციალურ მედია გაყიდვებს არ იყენებთ თქვენი სტრატეგიის ნაწილად, მაშინ დიდი ალბათობით, თქვენ დამატებით გაყიდვებსაც კარგავთ.

მუდმივად ცვალებად გარემოში, ჯანსაღი პერსონალური ბრენდის ჩამოყალიბება და შენარჩუნება სოციალურ მედიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა მომხმარებლებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. კვლევების თანახმად, B2B საწარმოების 49%-მა უკვე შექმნა ფორმალური სოციალური მედია გაყიდვების პროგრამა, ხოლო 28% კი პროცესშია.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ინდუსტრიაში სოციალური მედიის საშუალებით გაყიდვა უკვე საკმაოდ ათვისებულია, 2019 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ გაყიდვების მენეჯერთა მხოლოდ 12% იყენებს მას ეფექტურად.

თუ სოციალურ მედია გაყიდვებს არ იყენებთ თქვენი სტრატეგიის ნაწილად, მაშინ დიდი ალბათობით, თქვენ დამატებით გაყიდვებსაც კარგავთ.

Hootsuite სოციალურ გაყიდვებს განმარტავს, როგორც სოციალური ქსელების გამოყენების ხელოვნებას მომხმარებელთან ღრმა ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და მონაცემთა შესაგროვებლად, ლიდების მოსაზიდად და გაყიდვების დასაგენერირებლად.

Hubspot გაყიდვების გუნდის წარმატებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციას. მისი განმარტებით: „სოციალური მედია გაყიდვების დროს გაყიდვების წარმომადგენლები იყენებენ სოციალურ მედიას, რათა პოტენციურ მომხმარებლებთან ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია. გაყიდვების მენეჯერები წარუდგენენ მათ ღირებულ ინფორმაციას მათივე კითხვებზე პასუხით და სთავაზობენ მათ შესაფერის კონტენტს მანამ, სანამ ისინი პროდუქტის შესასყიდად იქნებიან მზად.“

სოციალური მედიის საუკეთესო პრაქტიკები გაყიდვების წარმომადგენლებისთვის

  1. მოსმენა

თქვენი არსებული და პოტენციური მომხმარებლები მუდმივად გეუბნებიან, თუ რა სურთ ან სჭირდებათ. თქვენს ხელთ უსაზღვრო ინფორმაციაა. თქვენ უბრალოდ შეჩერება და მოსმენა გჭირდებათ. ეს არის უფასო ინფორმაცია, რომელიც უნდა შეისწავლოთ და შემდეგ ეს ნასწავლი თქვენი გაყიდვების სტრატეგიაში გადაიტანოთ. გამოიყენეთ მონიტორინგისა და საძიებო სისტემების ხელსაწყოები, რათა სოციალურ მედიაში გამართული ციფრული დიალოგების მოსმენა შეძლოთ.

  1. ჩართულობა

იყავით ბუნებრივები და გახსოვდეთ, რომ სოციალური გაყიდვების მიზანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. მიჰყევით ცნობილ ლიდერებსა და სოციუმის წევრებს. ეძებეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენს სამიზნე აუდიტორიასა და სხვა პოტენციურ მომხმარებლებს უკავშირდებიან. გამოყავით დრო სიახლეებზე დასაკვირვებლად და სხვადასხვა მომხმარებლის კონტენტზე გამოსახმაურებლად.

  1. მიაწოდეთ ღირებულება

საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ნუ იქნებით ძალიან „გაყიდვებზე ორიენტირებული“. მიაწოდეთ ადამიანებს რელევანტური და ღირებული კონტენტი. განსაზღვრეთ თქვენი მომხმარებლის პერსონა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, თუ რისი მოსმენა ენდომება მომხმარებელზე და რა სახის კონტენტის მიღება თქვენგან.

  1. აირჩიეთ სწორი არხები

LinkedIn, Facebook, Twitter და Instagram ყველაზე ცნობილ სოციალურ მედია პლატფორმებს წარმოადგენენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველა მათგანზე უნდა იაქტიუროთ. თუ თქვენი აუდიტორია Snapchat-ზე იყრის თავს, გამოიკვლიეთ ის. თუ ტვიტერზე, მაშინ ნუ დახარჯავთ დროს ისეთ პლატფორმაზე, რომელსაც თქვენი აუდიტორია არ იყენებს.

  1. სრულყოფილი ანგარიში

თქვენი პროფილი უნდა იყოს პირველი შეხების წერტილი პოტენციური მომხმარებლისთვის, ამიტომ დარწმუნდით, რომ ის სრულყოფილად არის გამართული და შეიცავს პროფესიონალურ ფოტოსა და მოკლე აღწერას. სოციალური გაყიდვები ურთიერთობებია და ურთიერთობები ვერ აიგება, თუ თქვენ რაიმე ფოტოს ან აღწერას ამოეფარებით.

  1. იყავით ხელმისაწვდომი

ვინაიდან, სოციალური გაყიდვები ურთიერთობების ჩამოყალიბებას ეხება, აუცილებელია, რომ ხალხს შეეძლოს თქვენთან დაკავშირება. მკაფიოდ წარმოაჩინეთ ის არხები, რომლებზეც მომხმარებელს შეეძლება თქვენთან დაკავშირება, წარმოადგინეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია თითოეულ არხზე.

  1. დაკავშირება

თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ და შედეგად მომხმარებელთან დაკავშირებას მაინც ვერ შეძლებთ, გამოდის, რომ დრო დაგიკარგავთ. ლიდები უბრალოდ თქვენთან არ მოირბენენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი არსებობს, ამიტომ გაუგზავნეთ მათ მოწვევები, გაუგზავნეთ პერსონალური მესიჯები ან რეკლამები.

  1. შეუერთდით და მიიღეთ მონაწილეობა

LinkedIn გაყიდვების წარმომადგენლებისთვის არაერთ ეფექტურ ხელსაწყოს გვთავაზობს, მაგალითად LinkedIn ჯგუფები. გამოიკვლიეთ თქვენთვის რელევანტური ჯგუფები, ინდუსტრიები და აუდიტორიები, დაუკავშირდით მათ და ჩაერთეთ დიალოგებში, მიაწოდეთ მათ ღირებული კონტენტი და რჩევები. თქვენი ცოდნის გასაზიარებლად ერთ-ერთი მეთოდი კომენტარების დატოვება ან რელევანტური ბმულების დართვაა.

  1. დეტალური ინფორმაცია

სოციალური მედიის საშუალებით დაკავშირება იდეალურია. თუმცა, ისეთი პლატფორმების გამოყენება, რომლებიც მომხმარებელთან პირდაპირ დაგაკავშირებთ, ურთიერთობებს უფრო დახვეწავს. ასეთი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფოსტა ან საკონტაქტო ინფორმაცია. არაერთი ხელსაწყო არსებობს, რომელიც მომხმარებლის ინფორმაციას სოციალური მედიიდან უკავშირებს საკონტაქტო ინფორმაციას. ეს კი საგრძნობლად ეხმარება გაყიდვების წარმომადგენლებს, მისწვდნენ და დაუკავშირდნენ პოტენციურ მომხმარებლებს.

  1. ფრთხილად პრეზენტაციასთან!

როგორც გაყიდვების წარმომადგენელი, ხშირად შესაძლოა ისეთ პოზიციაში აღმოვჩნდეთ, როდესაც ზედმეტად „გაყიდვებზე ორიენტირებულნი“ გამოვჩნდებით. გახსოვდეთ, რომ სოციალური მედიის საშუალებით ჩვენ ურთიერთობებს ვაყალიბებთ. ეს არ არის შესაფერისი ადგილი და განსაკუთრებით დრო ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების წარდგენისა და პრეზენტაციისთვის. ის სამომავლოდ შემოინახეთ იმ მომენტისთვის, როდესაც თქვენი რჩევა და კონსულტაცია ყველაზე ღირებული იქნება და მეტი წონაც ექნება.

გახსოვდეთ, რომ სოციალური მედიის გამოყენების მიზანი პირველივე კონტაქტზე პროდუქტის გაყიდვა არ არის. ის ურთიერთობებს აყალიბებს. გამოიყენეთ ეს საუკეთესო პრაქტიკები სამიზნე აუდიტორიაზე ინფორმაციის მისაღებად, ლიდების გენერირებისა და გაყიდვების გასაზრდელად. შესაძლოა, პირველივე ჯერზე ეფექტურად არ გამოვიდეს ეს ყველაფერი. დაუთმეთ გარკვეული დრო და ძალისხმევა სოციალურ პლატფორმებს, მოუსმინეთ, რაზე საუბრობს ხალხი. დროა, ტრადიციული გაყიდვების ტექნიკები თაროზე შემოდოთ, ახალ, თანამედროვე ტექნიკებს დაეუფლოთ და გაყიდოთ განსხვავებულად.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

სოციალური მედიის 5 ტიპი: დადებითი და უარყოფითი მხარეები