კონტენტ მარკეტინგი მილენიალებისთვის

დეკემბერი 06, 2021

კონტენტ მარკეტინგი მილენიალებისთვის

ხარისხიანი კონტენტის შექმნა და გამოქვეყნება არსებული შეთავაზებების წარმატებით გარეკლამებისა და მომხმარებელთა ჩართულობის ამაღლების პროცესში უკვე გადამწყვეტ როლს თამაშობს.

შეთავაზებების გარელამება მილენიალების თაობისთვის (1981-1996) შედარებით რთული და კომპლექსურია. მსოფლიოს გარშემო არსებულ მარკეტოლოგებს აღარ შეუძლიათ მარტივი, პირდაპირი და სწორხაზოვანი კონტენტით მსხვილი აუდიტორიის მოზიდვა. ახლა ეს გაცილებით მეტ გამოწვევასთანაა დაკავშირებული.

2021 წელს ციფრულ მარკეტინგში საკმაოდ დიდი როლი უჭირავს კონტენტ მარკეტინგს, იქნება ეს ონლაინ თუ ოფლაინ სტრატეგიები. ხარისხიანი კონტენტის შექმნა და გამოქვეყნება არსებული შეთავაზებების წარმატებით გარეკლამებისა და მომხმარებელთა ჩართულობის ამაღლების პროცესში უკვე გადამწყვეტ როლს თამაშობს.

მართალია, მილენიალებზე მორგებული კონტენტ მარკეტინგის შექმნა რთულია, თუმცა განვითარებისთვის ამას არაერთი სარგებელი მოაქვს. აუდიტორიის მუდმივად ცვალებადი ინტერესი და მოთხოვნილებები მარკეტოლოგებს ადაპტირებისკენ, ფიქრისკენ და რაიმე ახლის მოფიქრებისკენ უბიძგებს, რაც საერთო ჯამში მარკეტინგული სტრატეგიის დახვეწას იწვევს.

გარდა ამისა, თუ მილენიალებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათი დაინტერესება შეძელით, მათი ლოიალურობის იმედი კიდევ დიდ ხანს უნდა იქონიოთ. თუმცა, თუ ჯერ არ იცით, როგორ შეიძლება ამის მოხერხება, განაგრძეთ კითხვა.

შექმენით ხარისხიანი კონტენტი

როდესაც საქმე მილენიალების გულის მოგებას ეხება, ხარისხიანი კონტენტის შემცვლელი არ არსებობს. ვიდეოების შექმნას ფიქრობთ, სტატიების, ბლოგების თუ სურათების, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი აუდიტორია კონტენტის ალტერნატივებს უპრობლემოდ იპოვის თქვენს კონკურენტებთან.

შესაბამისად, ხარისხიანი კონტენტის წარმოების გარდა, ყოველგვარი „გზა მოჭრილი გაქვთ“. ჩართულობის გამომწვევი, ხარისხიანი კონტენტის რეგულარული წარმოება ზრდის მილენიალების აუდიტორიის შენარჩუნების შანსებს და შედეგების პერიოდულად გაუმჯობესების საშუალებასაც გაძლევთ.

უამბეთ მათ ამბები

მილენიალების ყურადღების მისაქცევად, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ამბების თხრობაა. აღნიშნული თაობა მათი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად ისმენდა ისტორიებს, ამბებს, რომლებიც შესაძლოა ზოგიერთ გამოგონილ პერსონაჟთანაც იყო დაკავშირებული. ნაცვლად იმისა, რომ მარკეტინგულ პროცესს მექანიკურად მიჰყვეთ, იფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენი მესიჯის გადაცემა თხრობის მეშვეობით.

ამასთანავე, კონტენტის თხრობით გადმოცემის დროს, ადამიანი ბრენდთან უფრო ახლოვდება. თუ მომხმარებელი საკუთარ თავს ამოიცნობს იმ ადამიანებში ან პერსონაჟებში, რომლებიც თქვენ მიერ გადმოცემულ ამბავში მონაწილეობენ, პროდუქტის შეძენის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ კარგად გესმოდეთ, რა მოსწონს თქვენს აუდიტორიას, რა არ მოსწონს და რა სჭირდება ახლა.

უბიძგეთ მომხმარებელს კონტენტის შექმნისაკენ

გარდა ბრენდის მიერ შექმნილი კონტენტისა, საკმაოდ ეფექტურია მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტის გაზიარებაც, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი. მილენიალები ხშირად მათი თანატოლების გავლენის ქვეშ ექცევიან - შესაბამისად, მათგან რაიმეს მოსმენა, განსაკუთრებით თქვენი ბრენდის გავლით, სასურველი და შედეგიანი იქნება.

მიუხედავად ამისა, მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტის კონტროლიც არის აუცილებელი, რადგან მისი უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა, ის ცუდად შემოგიბრუნდეთ. ყოველთვის დარწმუნდით, რომ მათ მიერ შექმნილი კონტენტი ბუნებრივია და ჯდება ბრენდის ხელწერაში.

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი გავლენას მოახდენს მილენიალების მსყიდველობით გადაწყვეტილებაზე და ბრენდს უფრო სანდოს გახდის.

შეაფასეთ თქვენი აუდიტორიის მიერ მოხმარებული მედია

თქვენი სამიზნე აუდიტორიის - მილენიალების მიერ მოხმარებული პლატფორმებისა და მედია საშუალებების შეფასება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე. სანამ რაიმე კონტენტის შექმნას გადაწყვეტდეთ, აუცილებლად დააკვირდით, რას მოიხმარს ყველაზე ხშირად თქვენი აუდიტორია. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რას ანიჭებს უპირატესობას თქვენი მომხმარებელი.

მაქსიმალურად აითვისეთ სოციალური მედია

გასული წლების განმავლობაში, სოციალურ მედიაში მილენიალების შესახებ საუბარი საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა. ეს არის თაობა, რომელმაც შექმნა და მოიხმარა სოციალური მედია. თუ მათზე კონტენტ მარკეტინგის მორგებას აპირებთ, სოციალური მედიის იგნორირება ნამდვილად დაუშვებელია.

ჩაატარეთ კვლევა, რათა გაიგოთ, რომელი სოციალური მედია პლატფორმებია იდეალური თქვენი შეთავაზების გასავრცელებლად. სწორად შერჩეული პლატფორმა განსაზღვრავს თქვენი კონტენტ მარკეტინგის მიმართულებასაც. მაგალითად, ტვიტერისთვის უმჯობესია მოკლე და ლაკონური კონტენტის შექმნა, ინსტაგრამისთვის მიმზიდველი სურათებისა და ვიდეოების, ხოლო ფეისბუქისთვის შესანიშნავია აუდიო და ვიდეო კონტენტის კომბინაცია.

სოციალურ მედია ქსელებში ეფექტური კონტენტ მარკეტინგის წარმოება დაგეხმარებათ, ბრენდის გარშემო ლოიალურ მომხმარებელთა ბაზა შემოიკრიბოთ. გახსოვდეთ, რომ თანმიმდევრულობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია - საჭიროა კონტენტის რეგულარულად შექმნა. არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, თქვენს მომხმარებელს არ გაუჭირდება მსგავსი შეთავაზებების სხვა ბრენდებისგან მიღება, ამიტომ მოზიდვასთან ერთად, მათ შენარჩუნებაზეც უნდა იზრუნოთ.

დაურთეთ ემოციური ფონი თქვენს მესიჯებს

კონტენტ მარკეტინგისთვის ემოციების დამატება გაცილებით მეტ კონვერსიებში აისახება. თუმცა, ემოციების სწორად შერჩევაც საჭიროა, გასათვალისწინებლია მათი სწორი დოზა და დრო. თუ კარგად იცნობთ საკუთარ აუდიტორიას და იცით, რა იმოქმედებს მათზე ემოციურად, მაშინ ეფექტური კონტენტ მარკეტინგის შემუშვება არ გაგიჭირდებათ.

მაგალითად, თუ ავია კომპანიის გარეკლამებას ცდილობთ მილენიალებზე, ემოიურ ფონად შეგიძლიათ სახლში დაბრუნების, ოჯახთან შეხვედრის ან მსგავსი შეგრძნებები გამოიყენოთ. ასეთი კონტენტი მომხმარებელს ბრენდთან უფრო მეტად დააახლოვებს.

მოერიდეთ აუდიტორიის შეწუხებას და მათთვის ხელის შეშლას

მილენიალების უმრავლეობა სულ მცირე ერთ სოციალურ მედია პლატფორმას მაინც მოიხმარს აქტიურად. ადამიანები დიდ დროს უთმობენ ფილმებისა და გადაცემების ყურებას, იუთუბის თვალიერებას ან მედია პლატფორმებზე სქროლვას. ტრადიციულად, მომხმარებლის სარეკლამო კონტენტით დატვირთვა შედეგიანი აღარ არის და ბრენდზე უარყოფითად აისახება.

მოერიდეთ ისეთი რეკლამების, კითხვარების ან სხვა სახის კონტენტის ჩვენებას, რომელიც მომხმარებლის ყურებას ან ძიების პროცესს ხელს უშლის. მილენიალების გასაღიზიანებლად ძალიან ცოტაც საკმარისია.

მხარი დაუჭირეთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს

მილენიალები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან სოციალური საკითხების მიმართ და ხშირად ცდილობენ, საზოგადოებაზე დადებითი გავლენა მოახდინონ შესაბამისი ცვლილებით.

თუ ბრენდი ასეთ საკითხებში ჩართულია ან ის რომელიმე არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ადამიანს მის მიმართ უკვე დადებითი წარმოდგენა ექმნება. როდესაც მილენიალები ბრენდს ირჩევენ, ისინი საერთო მახასიათებლებს, საერთო ინტერესებს ეძებენ. თუ თქვენი სოციალური ფასეულობები ერთმანეთს ემთხვევა, დიდი შანსია, რომ მომხმარებელი თქვენი ერთგული დარჩება.

გახადეთ კონტენტი ინტერაქციული

მილენიალები სარეკლამო კონტენტის ინფორმაციის პასიური გავრცელებით აღარ არიან დაინტერესებულნი. ისინი ისეთი კონტენტის მიღებას ამჯობინებენ, რომელიც ინტერაქციულია ბუნებით და საშუალებას აძლევს მათ, დაუკავშირდნენ ბრენდს სხვადასხვა პლატფორმაზე.

შესაბამისად, გირჩევთ, თქვენი კონტენტი მაქსიმალურად ინტერაქციული გახადოთ - შექმენით ქვიზები და პოლები, აამაღლეთ მომხმარებელთა ჩართულობა ხარისხიანი კონტენტით, გათამაშებებით, უკუკავშირის მოთხოვნით, მოუწოდეთ მათ სურათებისა და ვიდეოების გაზიარებისკენ... როდესაც მომხმარებელი რაიმე გზით ბრენდს უკავშირდება, ის თავს უფრო დაფასებულად გრძნობს და ბრენდთან ურთიერთობას უფრო დიდი ხნით აგრძელებს.

მართალია, კონტენტ მარკეტინგის საშუალებით მილენიალებთან დაკავშირება გამოწვევებსაც გულისხმობს, თუმცა მისი სწორად განხორციელებისას სარგებელიც დიდია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ისინი ინოვაციას ანიჭებენ უპირატესობას. თუ კონკურენტებისგან გამორჩევას მოახერხებთ, მათ ერთგულებასა და სიმპათიას უპირობოდ დაიმსახურებთ.

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

7 სოციალური მედია ხელსაწყო, რომელიც კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ

სოციალური მედია მარკეტინგის ახალი ტრენდები 2021 წლისთვის