რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი?

ინფლუენსერ მარკეტინგი ტრადიციული და თანამედროვე მარკეტინგული საშუალებების ნაზავია. მისი იდეა ტრადიციული სელებრითების შერჩევასა და მათი დახმარებით ახლებურ, თანამედროვე, კონტენტზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიების წარმოებაში მდგომარეობს. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ინფლუენსერ მარკეტინგისათვის არის შედეგი, რომელიც ბრენდისა და ინფლუენსერის კოლაბორაციით მიიღწევა.
ინფლუენსერი არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია:
- შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ადამიანების ყიდვის გადაწყვეტილებაზე მისი ავტორიტეტის, ცოდნის, თანამდებობისა თუ აუდიტორიასთან ურთიერთობების გათვალისწინებით.
- გამომწერების რიცხვი სპეციფიკური ნიშიდან, რომელთანაც მუდმივად კომუნიკაციაშია. გამომწერების რიცხვი კი დამოკიდებულია მისი თემატური ნიშის მოცულობაზე.
ტრადიციული მედიის ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ვერ ხედავს განსხვავებას ცნობილ სახეებსა და ინფლუენსერებს შორის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სწორედ ინფლუენსერები ქმნიან დაინტერესებულ და ენთუზიაზმით სავსე აუდიტორიებს. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი სწორედ ინფლუენსერებს მიჰყვებიან და არა ბრენდებს. მართალია, აუდიტორიას ბრენდიც აღელვებს და აინტერესებს, თუმცა ინფლუენსერთა აზრი მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ნუ ეცდებით მათთან თამაშს, რადგან აუდიტორია ინფლუენსერებს ეკუთვნით და ნებისმიერ დროს შეიძლება ზურგი გაქციონ და საკუთარი გამომწერებიც თან წაიყოლონ.
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი?
ინფლუენსერ მარკეტინგი გულისხმობს ბრენდისა და ონლაინ ინფლუენსერის კოლაბორაციას კომპანიის პროდუქტის ან მომსახურების სარეალიზაციოდ. პროცესი საკმაოდ მარტივია, ბრენდი მუშაობს ინფლუენსერთან, რათა საკუთარი ბრენდის ცნობადობა გაზარდოს.
ინფლუენსერ მარკეტინგის ადრეულ მაგალითს წარმოადგენს youtube სელებრითი - PewDiePie. ის გაერთიანდა საშიენელებათა ფილმების გადამღებ ჯგუფთან, რომლებიც ფრანგულ სამარხებში, პარიზში იღებდნენ ფილმს და შექმნა ვიდეოების სერია, სადაც ის გარკვეულ „ჩელენჯებს“ - გამოწვევებს ასრულებდა. ეს შესანიშნავი კონტენტი გახდა მისი 27 მილიონი გამომწერისთვის და თითქმის ორჯერ მეტი ნახვები დააგროვა, ვიდრე კერძოდ ფილმის თრეილერმა.
მაგალითი საკმაოდ მარტივი იყო. ადვილად წარმოსადგენია რომელიმე ცნობილი სახისა და კომპანიის თანამშრომლობა რაიმე პროდუქტის წარსადგენად - მაშინაც კი, თუ ეს წარდგენა 10 წუთიანი ვიდეოების სერიას მოიცავს და არა 30 წამიან სატელევიზიო რეკლამებს.
ინფლუენსერები, ცნობილი სახეებისგან განსხვავებით, შესაძლოა იყვნენ ყველგან და ინფლუენსერი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს. ის შეიძლება პოპულარული ფოტოგრაფი იყოს ინსტაგრამიდან ან კიბერუსაფრთხოების ბლოგერი, ან წარმატებული მარკეტერი ლინკდინზე. ნებისმიერ ინდუსტრიაში არსებობენ ასეთი ადამიანები - უბრალოდ მათი პოვნაა საჭირო. ზოგიერთს შეიძლება ასობით ათასეული გამომწერი ჰყავდეს და უბრალო ადამიანი იყოს, ზოგიერთს კი შესაძლოა 10,000 ან ნაკლები გამომწერი ჰყავდეს, თუმცა ორივე კატეგორია, თავის სფეროში გარკვეული რეპუტაციით სარგებლობდეს. ისინი ხალხის კითხვებს პასუხობენ და საჭირო ინფორმაციასაც აწვდიან, მათი ინდუსტრიის მიხედვით, სოციალურ მედიაშიც მათ პოსტებს ყველაზე დიდი გამოხმაურება აქვს. ისინი ქმნიან ყველაზე სახალისო ვიდეოებს, ფოტოებს და მართავენ ყველაზე ინფორმატიულ დისკუსიებსაც.
რა მუშაობს უკეთ ინფლუენსერ მარკეტინგში?
გულდასმით შეარჩიეთ თქვენი მიდგომა ინფლუენსერ მარკეტინგისთვის
- იყავით ორგანიზებული, შეიმუშავეთ სტრატეგია, გაწერეთ ბიუჯეტი და დაუთმეთ დრო კვლევას;
- შეარჩიეთ ინფლუენსერების მოძებნის ტაქტიკა - იპოვეთ ისინი ბუნებრივი გზებით, გამოიწერეთ პლატფორმა ან იმუშავეთ სააგენტოსთან ერთად;
- იყავით მომთმენი და ჰუმანურები - ერთმანეთში საუბრობს ხალხი და არა კომპანიები.
შეადგინეთ კალენდარი
- ინფლუენსერი ყოველთვიურ, კვარტალურ თუ წლიურ შეტყობინებებსა და სიახლეებს ამჯობინებს?
- მოერგეთ თქვენს PR კალენდარს, პროდუქტის განახლებებს, ახალი პროდუქტის შექმნას და ა.შ.;
- დააგზავნეთ ელექტრონული ფოსტები, დაგეგმეთ მივლინებები და პირისპირ შეხვედრები.
ინფლუენსერ მარკეტინგი არ არის მხოლოდ იმ ადამიანის მოძებნა, რომელსაც მსხვილი აუდიტორია ჰყავს და ფულის გადახდის ან რაიმეს შეთავაზების შემდეგ თქვენზე კარგ რაღაცებს ილაპარაკებს. ამისთვის ვირუსულად ცნობილი სახეები არსებობენ. ინფლუენსერები ის ადამიანები არიან, ვინც საკუთარი ბრენდის შექმნისა და აუდიტორიის ჩამოყალიბებისთვის შრომობდა. ისინიც ყველანაირად ეცდებიან მათი რეპუტაციის შენარჩუნებასა და ხალხის ნდობის გამყარებას. მათ გააჩნდათ საკმარისი მოთმინება და მიზანმიმართულობა, რათა სოციალურ მედიაში წარმატებულები ყოფილიყვნენ. ერთი ორგანული გამომწერი ერთ ეტაპზე - ასეთი მიდგომის ხალხი არ გაცვლის საკუთარ ინტერესებს მხოლოდ ფულის გამო.
ინფლუენსერ მარკეტინგი არც სწრაფი შედეგების მიღწევაა. ეს იგივენაირი მშვიდი და სტაბილური პროცესია, როგორიც ზოგჯერ თქვენი სოციალური მედიისა და კონტენტ მარკეტინგის პროცესები.
რამდენადაც საქმე სოციალურ მედია მარკეტინგს ეხება, ეს საკმაოდ ნელი თამაშია იმ გამომწერთა მოსაგროვებლად, რომლებიც თქვენი ერთგული მომხმარებელები გახდებიან. შესაძლოა იფიქროთ, რომ ინფლუენსერებთან გაერთიანებით იოლად მოიპოვებთ მათი გამომწერების გულსა და გონებას, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივია, ვინაიდან ინფლუენსერებთან თანამშრომლობისთვის ჯერ მათი ნდობა და პატივისცემა უნდა დაიმსახუროთ. მაგრამ როგორ?
რა არ მუშაობს ინფლუენსერ მარკეტინგში:
- ინფლუენსერთა ძიებისა და მათი გამოყენების მიდგომების განზოგადება. ყველას ერთი მიდგომა არ შეესაბამება. სპეციფიკურ ინფლუენსერებს შესაბამისადაც უნდა მიუდგეთ.
- მხოლოდ ინფლუენსერთა პოპულარობით გადაწყვეტილების მიღება. გავლენა მხოლოდ პოპულარობით არ მოდის. გახსოვდეთ, რომ მომხმარებლისგან კონკრეტულ ქმედებას ელოდებით. ავტომატურად ნუ ჩათვლით, რომ ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ადამიანი იმ ნიშის ინფლუენსერია.
ერთი უბრალო წესი: ინფლუენსერ მარკეტინგი არის მარკეტინგი ინფლუენსერებისთვის
ნებისმიერ ბრენდს, სოციალური მედია მარკეტინგის ფარგლებში შეუძლია სხვადასხვა არხების საშუალებით წარმოაჩინოს საკუთარი იდენტობა და ჩამაოაყალიბოს საკუთარი იმიჯი. სხვადასხვა პლატფორმებზე აქტიურობით, ბრენდები პერიოდულად ახალ მომხმარებლებს იძენენ, ხოლო არსებული მომხმარებლები, მეტად ლოიალურები ხდებიან. ასეთ ადამიანებს მოსწონთ ის, რასაც კომპანია აკეთებს და ხშირად მათ კონტენტსაც აზიარებენ, დადებითად საუბრობენ მათზე სოციალურ ქსელებში და ამგვარად ხელს უწყობენ ბრენდის ცნობადობის ამაღლებასაც.
მსგავსი მომხმარებლების გარშემო შესაძლოა ხანდახან გარკვეული სოციუმი - სეგმენტირებული ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც მის მოსაზრებებს მოისმენს და მის რჩევებსაც გაითვალისწინებს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ზოგჯერ ასეთ ადამიანებს იმდენად საკმარისი გამომწერები არ ჰყავთ, რომ რაიმე გავლენა მოახდინონ ბრენდზე, ისე, როგორც ამას ინფლუენსერები აკეთებენ. ძირითად შემთხვევებში, ონლაინ მომხმარებლებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ასეული მეგობარი ან გამომწერი ჰყავთ, თუმცა ბრენდებს გავლენის მოსახდენად გაცილებით დიდი აუდიტორია სჭირდებათ.
ამიტომაც ამგვარ ადამიანებზე შეჯერებამ,შეიძლება, ბევრი სარგებელი ვერ მოგიტანოთ. სწორედ ამიტომ, საჭიროა ისეთ ადამიანებზე კონცენტრირება, ვისაც ვრცელ აუდიტორიამდე მიუწვდება ხმა - ასეთ ადამიანებს კი ონლაინ სივრცეში ინფლუენსერები წარმოადგენენ. სწორედ მათ უნდა დაეთმოს დიდი დრო ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიის ფარგლებში. მათ ბრენდისათვის გაცილებით მაღალი ჩართულობისა და გამოხმაურების მოტანა შეუძლიათ, რასაც თავისთავად ახალ მომხმარებლებამდეც მივყავართ.
როგორც ბრენდმა, ამგვარი მიდგომებით ორ რამეს შეიძლება მიაღწიოთ:
ინფლუენსერთა სოციალურ გვერდზე მცირედი, თუმცა პოზიტიური გამოხმაურებით, შეგიძლიათ, აუდიტორიას საკუთარი თავი გააცნოთ როგორც მათი სოციუმის წევრი. ამგვარად, თქვენ გარკვეულ ცნობადობას და ამავდროულად, მათ ნდობასაც მოიპოვებთ.
შემდეგ კი, როდესაც უკვე ინფლუენსერთან დაკავშირებას და ბიზნეს შეთავაზების გაკეთებას გადაწყვეტთ, თქვენ მათთვის უცხოები უკვე აღარ იქნებით და ბრენდზეც ექნებათ გარკვეული წარმოდგენა. საყურადღებოა, რომ ამ პროცესს საკმაოდ სერიოზულად უნდა მიუდგეთ. მართალია, ისინი სატელევიზიო ვარსკვლავები არ არიან, თუმცა სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამიტომაც საჭიროა, რომ მათი ყურადღებაც რაიმე ორიგინალური გზებით მიიქციოთ და დაარწმუნოთ, რომ მათი აუდიტორიისთვის შესაფერისი ბრენდი ხართ.
ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანია: Case Study
PewDiePie-ის განხილული მაგალითით შეიძლება გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგექმნათ ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიების შესახებ. თუმცა, მაინც საკითხავი და საეჭვოა, როგორ იმუშავებს მსგავსი სტრატეგია ნაკლებად მიმზიდველი ბიზნეს სამყაროსთვის. მოდით დავაკვირდეთ ერთ მაგალითს - კამპანია, რომელიც კონტენტ მარკეტინგის მსოფლიო კონფერენციაზე ხალხის მოზიდვასა და მისი ცნობადობის ამაღლებას ემსახურებოდა. თუკი ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ტრადიციულ მარკეტინგულ მიდგომებს გამოვიყენებდით, შესაძლოა, ჩვენი მარკეტინგული არსენალი Google-ის რეკლამებითა და SEO ოპტიმიზაციით შემოფარგლულიყო. ალბათ, ამ თემასთან ახლოს, სპეციალური ბლოგიც შეიქმნებოდა.
მაგრამ სანაცვლოდ, კონტენტ მარკეტინგის ინსტიტუტმა და Top Rank Marketing-მა ერთობლივად, გაცილებით ეფექტური ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანია შეიმუშავეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონტენტ მარკეტინგის ინსტიტუტს გარკვეული კონტაქტები უკვე მოეპოვებოდა ინფლუენსერების სახით, ამიტომაც მათ მოსაძებნად ბევრი წვალება არ დასჭირვებიათ. მათ საკუთარ სპიკერებს, რომლებიც ამ კონფერენციაზე უნდა გამოსულიყვნენ, სთოხვეს, რომ კონტენტ მარკეტიგნის შესახებ, მომხმარებლისთვის ონლაინ სივრცეში გარკვეული რჩევები და მოსაზრებები გაეზიარებინათ. ამასთან ერთად, ზოგიერთმა მათგანმა, მომხმარებელს ელექტრონული წიგნებიც შესთავაზა, რომლებიც შემდგომში Slideshare-ის პლატფორმაზე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. მთელ ამ პროცესს, სათავეში Curata-ს პროგრამული უზრუნველყოფა ედგა. ეს არის კომპანია, რომელიც კონტენტის კოორდინირებითა და პლატფორმების მართვით არის ცნობილი.
აშკარაა, რომ ამ პროცესში არა ერთი მოთამაშე იყო ჩართული და თითოეულმა მათგანმა, გარკვეული სარგებელი მიიღო:
- იმ სამიზნე აუდიტორიამ, რომლებიც დასასწრებად იყვნენ მოწვეულნი, მიიღეს უფასო, საინტერესო და ღირებული ინფორმაცია. დაახლოებით 230,000 ადამიანმა ნახა ელქტრონული წიგნები და 4,000 ადამიანმა მისი PDF ვერსია ჩამოტვირთა.
- ინფლუენსერებმა, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ, პლატფორმა საკუთარ სესიებზე ხალხის მოსაზიდად გამოიყენეს. ელექტრონული წიგნების გაზიარებით მათ საშუალება მიეცათ, ხალხისთვის ეცნობებინათ, რომ ისინი სპიკერებად გამოდიოდნენ.
- თავად კონტენტ მარკეტინგის ინსტიტუმა სწორედ ისეთი დასწრება მიიღო, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდა.
- Curata-მ, ვინც ეს ყველაფერი დააფინანსა, ათასამდე ახალი ლიდი მიიღო, რომლებიც მათი პოტენციური მომხმარებლები გახდნენ.
კამპანიის ფარგლებში არანაირი სარეკლამო ხრიკი არ ყოფილა გამოყენებული, არც მომხიბვლელი ვარსკვლავები უღიმოდნენ პროდუქტს, რომელიც თავადაც არასდროს გამოუყენებიათ. CMI კონფერენციის კამპანია კონტენტ მარკეტინგის თამაში იყო, დაფინანსებული იმ ადამიანების მიერ, ვისაც კონტენტ მარკეტინგზე არა ერთი წიგნი აქვს დაწერილი. ამ კამპანიის ზეგავლენის ქვეშ ყველა ის ადამიანი მოექცა, ვინც საკმაოდ კარგად იცნობს „სავაჭრო და სარეკლამო ხრიკებს“ . თუმცა ფაქტია, ამ კამპანიამ იმუშავა და იმუშავა ძალიან კარგად.
ყველაზე კარგად სოციალური მარკეტინგი მაშინ მუშაობს, როდესაც ის ბუნებრივია.
საუკეთესო კონტენტ მარკეტინგი გამოსადეგ და დამხმარე ინფორმაციას შეიცავს.
საუკეთესო ინფლუენსერ მარკეტინგი კი ჰარმონიულად იყენებს როგორც სოციალური მედიის, ასევე კონტენტ მარკეტინგის ხელსაწყოებსაც.
ასევე დაგაინტერესებთ: