როგორ განვსაზღვროთ ინფლუენსერთა ჩართულობის მაჩვენებელი და კამპანიის სავარაუდო შედეგები?

თუ მომავალი კამპანიისთვის საუკეთესო ინფლუენსერის პოვნა გსურთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ინფლუენსერთა ჩართულობის კონცეფციის მკაფიოდ გააზრება. ინფლუენსერის პერფორმანსისა და შედეგიანობის ანალიზი, უმნიშვნელოვანეს საფეხურს წარმოადგენს მათი კამპანიებისთვის შერჩევისას. ისინი შესაძლოა მართლაც პოსტავდნენ იდეალურ სურათებს და იყენებდნენ საჭირო ჰეშთეგებს, თუმცა ვერ აღწევდნენ რეალურ შედეგებს საკუთარი პარტნიორებისთვის. ინფლუენსერთა ჩართულობის შესწავლა დაგეხმარებათ მათი პროფილების გაფილტვრაში. ამგვარად, თქვენ შეძლებთ გაიგოთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყველაზე მეტი ყურადღება და როგორ გაზომოთ შედეგები.
რა არის ჩართულობა?
როდესაც ინფლუენსერთა ჩართულობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უშუალოდ სოციალურ მედიას ვეხებით. ჩართულობა არის ნებისმიერი ტიპის ინტერაქცია მომხმარებლის მხრიდან, იქნება ეს პოსტის მოწონება, გაზიარება, კომენტარის დატოვება თუ დაკლიკება. ეს ყველაფერი პლატფორმების მიხედვითაც განსხვავდება. მაგალითად, „retweet” შესაძლებელია მხოლოდ ტვიტერზე. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ჩართულობა, სხვაზე მეტად ფასობს. მაგალითად, მოწონებისა და გაზიარების ღილაკზე დაჭერა, უფრო ნაკლებ ძალისხმევასა და გავლენას საჭიროებს, ვიდრე კომენტარის დატოვება.
მაგალითად, Upfluence-ის საძიებო ხელსაწყო მომხმარებელს პირდაპირ ინფორმაციას აწვდის ინფლუენსერის ჩართულობის შესახებ. ის ზომავს ძირითად ინტერაქციებს — მოწონებებს, კომენტარებს, ნახვებს, ასევე, მომხმარებელს საშუალო მოსალოდნელ შედეგებს სთავაზობს.
რატომაა მნიშვნელოვანი ინფლუენსერთა ჩართულობა?
ინფლუენსერთა ჩართულობაზე დაკვირვებით ნახავთ, რეალურად რამდენად აქტიურია მათი აუდიტორია. სოციალურ მედიაში უამრავი ტიპის კონტენტი იქმნება და სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა ყურადღების მიქცევაც, სულ უფრო და უფრო რთული ხდება. მხოლოდ ის ინფლუენსერები ახერხებენ აუდიტორიის გააქტიურებას, რომლებიც ხარისხიან და საინტერესო კონტენტს ქმნიან. ინფლუენსერების ჩართულობა არ გვიხატავს მომენტალურ სურათს, არამედ გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად თანმიმდევრულად არის ჩართული აუდიტორია მათ პოსტებზე.
ის ინფლუენსერთა საერთო შედეგიანობის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებილია. სწორედ ის გვიჩვენებს, პოტენციურად რა შედეგების მოტანას შეძლებს ინფლუენსერი ჩვენი ბრენდისთვის. მათი ძიებისას შესაძლოა ასამდე ინფლუენსერი შეარჩიოთ, რომელიც თქვენი კამპანიისთვის შესაფერისად მოგეჩვენებათ. თუმცა, სწორედ მათი ჩართულობის ანალიზი, უფრო გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
Influencer Marketing Hub-ზე დაყრდნობით, მარკეტერების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჩართულობა და კლიკები ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ფაქტორებია ინფლუენსერთა შერჩევისას. მაღალი ჩართულობის მაჩვენებელი გულისხმობს იმას, რომ ინფლუენსერზე გაწეული ინვესტიცია მომგებიანი იქნება. აღსანიშნავია კლიკების მნიშვნელობაც, რადგან ისინი ხშირად კონვერსიებთანაც ასოცირდებიან. მაგალითად, თუ ინსტაგრამ სთორის კამპანიას მართავთ, მაშინ უნდა დააკვირდეთ იმას, თუ რამდენი ადამიანი აკლიკებს სთორიზე და გადადის შესაბამის ბმულზე.
როგორ ვითვლით ინფლუენსერის ჩართულობის მაჩვენებელს?
ინფლუენსერის ჩართულობის კოეფიციენტი არის ჩართულობის ის საშუალო მაჩვენებელი, რომელსაც ინფლუენსერი საკუთარი პოსტებით აგენერირებს. ის მოიცავს ყველა პოსტს გარკვეული დროის განმავლობაში და ყველა ტიპის ჩართულობას. ინფლუენსერის ჩართულობის საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა უფრო ფართო სურათის დანახვაში გვეხმარება და გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ აუდიტორიის რამდენი პროცენტი გამოხატავს ინტერაქციას პოსტებზე. ფორმულა შემდეგნაირია: ჩართულობის რიცხვი/გამომწერთა რაოდენობა x 100.
როგორია ჩართულობის კარგი მაჩვენებელი?
სანამ უშუალოდ რიცხვებზე დავიწყებდეთ საუბარს, საჭიროა კარგად გავიაზროთ კონტექსტიც. ვინაიდან, ინფლუენსერთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება, მათი ჩართულობის საერთო საშუალო მაჩვენებელი იკლებს. მეტი კრეატორი = მეტ კონტენს, ხოლო მეტი კონტენტი = მეტ კონკურენციას მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებებისთვის. სოციალურ მედია ქსელებში კონტენტის უსაზღვრო ოდენობიდან გამომდინარე, ყურადღების მისაქცევად ინფლუენსერის პოსტი საკმაოდ გამორჩეული უნდა იყოს.
საშუალო ან დიდი აუდიტორიის მქონე ინფლუენსერისთვის, დადებითი ჩართულობის მაჩვენებელი — 3%-დან იწყება. ინფლუენსერთა უმრავლესობისთვის, ეს მაჩვენებელი — 1-3%-მდე მერყეობს. მიკრო ინფლუენსერებისთვის, რომლებსაც შედარებით მწირი აუდიტორია ჰყავთ, ჩართულობის მაჩვენებელი უფრო მაღალია. მათთვის დადებითი მაჩვენებელი — 5%-დან იწყება.
გახსოვდეთ, რომ „კარგი“ მაჩვენებლის ოდენობას ყოველთვის ინფლუენსერთა გამომწერების რიცხვი და სოციალური მედია არხი განსაზღვრავს. მოდით განვიხილოთ, თუ რატომ არის გამორჩეული ზოგი ინფლუენსერი და რატომ აგენერირებს მეტ ჩართულობას ზოგიერთი სოციალური არხი.
ინფლუენსერთა ჩართულობის მაჩვენებელი და ტენდენციები
ინფლუენსერთა ჩართულობის მაჩვენებელი თითოეული კრეატორისთვის განსხვავებულია, თუმცა გარკვეული ტენდენციების გამოყოფა მაინც შეგვიძლია. ის შესაძლოა მერყეობდეს ინფლუენსერთა დონის (გამომწერთა რიცხვი) და სოციალურ მედია ქსელის მიხედვით. ზოგიერთი პლატფორმა უფრო მაღალ ჩართულობას აგენერირებს.
მიკრო ინფლუენსერები უფრო მაღალი ჩართულობით გამოირჩევიან
როგორც ზემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, მიკრო ინფლუენსერებს, რომლებსაც 15,000-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავთ, მუდმივად უფრო მაღალი ჩართულობის მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე უფრო მსხვილ ინფლუენსერებს. ეს ფაქტი კი იხსნება იმით, რომ მიკრო ინფლუენსერები ვიწრო ნიშაში მუშაობენ და მაქსიმალურად დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებენ. შესაბამისად, მომხმარებლებიც უფრო ჩართულები არიან. გაცილებით მარტივია იცნობდე საკუთარ გამომწერებს და გქონდეს მათთან კავშირი, თუ მათი რიცხვი შედარებით მცირეა.
ტიკტოკის ინფლუენსერები უფრო მაღალი ჩართულობით ხასიათდებიან
აშკარაა, რომ სხვადასხვა ტიპის ინფლუენსერების ჩართულობა განსხვავებულია, თუმცა ასევე განსხვავებულია ჩართულობა სხვადასხვა პლატფორმებზეც. მაგალითად, ვხედავთ, რომ ტიკტოკი ამ მხრივ ლიდერია და უკან ინსტაგრამსა და იუთუბსაც იტოვებს. ის მოკლე ვიდეოების, რომელიც თავის მხრივ, ყველაზე მაღალი ჩართულობის მქონე კონტენტია, ფუძემდებელია. საკუთრივ პლატფორმაც, კონტენტის აღმოსაჩენადაა შექმნილი და მისი “For you” სექციაც ამის აშკარა გამოხატულებაა. თუ შედარებით ახალგაზრდა აუდიტორიასთან ცდილობთ დაკავშირებას და მათთვის სახალისო და გასართობი კონტენტის შეთავაზებაც შეგიძლიათ, მაშინ ტიკტოკ ინფლუენსერთან თანამშრომლობა, თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ყალბი გამომწერების გავლენა ინფლუენსერთა ჩართულობაზე
სამწუხაროდ, ბევრი ინფლუენსერის გამომწერთა რიგებში, ყალბი ანგარიშები მრავლად გხვდება. ბრენდებისთვის, ცხადია, ეს უსიამოვნო სიახლეა, რადგან რეკლამას უბრალოდ ბოტებს და ყალბ ადამიანებს წარუდგენთ — გაფლანგავთ ბიუჯეტს.
ამიტომაც, ინფლუენსერის შერჩევისას ამის გათვალისწინება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ყალბმა ანგარიშებმა და ბოტებმა, ავტომატური კომენტარებისა და მოწონებების გენერირებით, შესაძლოა ჩართულობის კოეფიციენტი საგრძნობლად გაზარდონ. საბედნიეროდ, მარკეტერებს ამის თავიდან აცილება შეუძლიათ. საჭიროა დააკვირდეთ, თუ რამდენი პროცენტია ინფლუენსერის აუდიტორიიდან რეალური. ძირითადად, 90%-ზე მაღალი მაჩვენებელი უკვე დადებითი ინდიკატორია. შეგიძლიათ ასევე დააკვირდეთ კომენტარებს მათ პოსტებზე და მოძებნოთ განმეორებადი კომენტარები ან ისეთი მესიჯები, რომლებიც რეალურს არ ჰგავს.
ზემოთ აღნიშნული Upfluence-ის ინფლუენსერთა საძიებო ხელსაწყო ითვლის რეალური გამომწერების პროცენტულ მაჩვენებელს. შესაბამისად, ბრენდებს შეუძლიათ გაფილტრონ ავთენტური ინფლუენსერები და მიიღონ რეალური მონაცემები. მაგალაითად, ვხედავთ, რომ ინფლუენსერის @lisa.scharff-ის რეალური გამომწერთა რიცხვი — 93%-ს შეადგენს.
კამპანიისთვის ინფლუენსერის შერჩვისას, მათი ჩართულობის მაჩვენებლის გაანალიზება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახლა უკვე იცით, რა ინფორმაციას გაწვდით ჩართულობის მაჩვენებელი ინფლუენსერთა შედეგიანობის შესახებ. შესაბამისად, თქვენ შეგეძლებათ უფრო გონივრულად შეარჩიოთ ისინი და მაქსიმალურად გაზარდოთ შედეგები.
ასევე დაგაინტერესებთ: