რატომ არის აუცილებელი ავტომატიზებული იმეილ მარკეტინგი მცირე ბიზნესებისთვის

თითოეული ბიზნესი ათასობით ლარს ხარჯავს მისი მარკეტინგული მესიჯის გასავრცელებლად. არ აქვს მნიშვნელობა ეს B2C პროცესია თუ B2B, ყოველი მათგანი საკმაოდ დიდ თანხებს გამოყოფს პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად და საკუთარი საბაზრო წილის გასაზრდელად.
აღსანიშნავია, რომ მეთოდისა და მიზნის მიუხედავად, მარკეტინგული კომუნიკაციების უმრავლესობა ერთჯერადი შესაძლებლობაა, რომლის შემდეგაც პოტენციური მომხმარებლები კვლავ ტოვებენ ბიზნესებს. სოციალური მედია კომუნიკაციის პასიური მეთოდია და მართალია, ის მნიშვნელოვანია საერთო მარკეტინგული სტრატეგიისთვის, მაგრამ თუ მომხმარებელი შეწყვეტს ბიზნესთან ურთიერთობას, მისთვის განკუთვნილი მესიჯიც უბრალოდ დაიკარგება.
ბიზნესის გაგებით კი ეს დაკარგულ გაყიდვებს ნიშნავს. საჭიროა, რომ მომხმარებელს ბიზნესთან რამდენიმე შეხების წერტილი ჰქონდეს მანამ, სანამ ის საბოლოო შესყიდვას გადაწყვეტს. თუ თქვენ პოტენციური მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვებას არ ცდილობთ და არც პერიოდულად ეხმიანებით, სავარაუდოდ საკმაო შემოსავლებს უშვებთ ხელიდან.
პოტენციურ მომხმარებლებთან საკონტაქტოდ არაერთი გზა არსებობს და ტექნოლოგიებმა ისინი კიდევ უფრო მარტივი გახადა:
- ტექსტური შეტყობინებები
- Follow-up სატელეფონო ზარები, მათ შორის ავტომატიზებული ხმოვანი შეტყობინებები.
- სარეკლამო კამპანიები (რეთარგეთირება, საიტებზე და სოციალურ მედია არხებში თრექინგი)
- იმეილ მარკეტინგი
თითოეულ მეთოდს მისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია, თუმცა ამ მეთოდებიდან იმეილ მარკეტინგი ყველაზე რენტაბელურია მომხმარებლებთან დასაკვშირებლად. სხვა მეთოდები მომხმარებლისგან ან არასათანადოდ აღიქმება, ან მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ტექსტური შეტყობინებები საკმაოდ პერსონალურია და თუ მომხმარებელი ბრენდთან რაღაც დონეზე არ არის დაკავშირებული, დიდი შანსია, რომ მისთვის ეს მესიჯები შემაწუხებელი გახდეს. Follow-up სატელეფონო ზარები ადამიანურ რესურსს მოითხოვს და შესაბამისად, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თარგეთირებული რეკლამირება, მართალია, შედარებით ძვირია, თუმცა სწორად განხორციელების შემთხვევაში - საკმაოდ ეფექტური. მიუხედავად ამისა, ყველაფერს თავისი ნორმა აქვს და ძალიან ბევრი და ძალიან ხშირი არაფერია კარგი.
რაც შეეხება იმეილ მარკეტინგს, ის გაცილებით იაფი და მსუბუქია. ამასთანავე, მისი დროულობის სწორად შერჩევისას ის „ცივი“ ლიდების მოზიდვისთვისაც ეფექტური საშუალებაა. ყოველდღიური მეილების გაგზავნა ახლად შეძენილ პოტენციურ მომხმარებელთან სწორი ნამდვილად არ არის და ამ შეცდომას ბევრი ბიზნესი უშვებს. ვინაიდან, თქვენი მეილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მომხმარებელი იღებს, ბევრი მეილი უკვე შემაწუხებელი და გამაღიზიანებელი ხდება.
ავტომატიზებული მეილები, რომლებსაც მომხმარებელი ყოველ ხუთ დღეში ან ორ კვირაში მიიღებს, დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ მასთან კავშირი და ეტაპობრივად, ლიდი უკვე მყიდველად გარდაქმნათ.
მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ მოვიპოვოთ ელექტრონული ფოსტის მისამართები. ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია, იქნება ეს სატელეფონო ზარი, ვებ-გვერდის ინტერაქცია თუ სოციალური მედია, შესაძლოა გამოყენებული იქნას პოტენციური მომხმარებლის სახელის, მეილის და მათი ნებართვის მოსაპოვებლად.
მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია:
- გაყიდვების წარმომადგენლის მიერ სატელეფონო ზარის განხორციელებით.
- მაღაზიის წარმომადგენლებისა და კონსულტანების მიერ მომხმარებლის ვიზიტის დროს. სთხოვეთ მომხმარებელს მისი საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება, რათა შეძლოთ მათთვის შეტყობინებების გაგზავნა სპეციალური აქციების არსებობის შემთხვევაში.
- შესაძლოა, რეკლამამ მომხმარებელი გადაამისამართოს სარეგისტრაციო გვერდზე, სადაც ის საკუთარ მეილს და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას შეავსებს. სანაცვლოდ მომხმარებელსაც უნდა შესთავაზოთ რაიმე ღირებული, მაგალითად ელექტრონული წიგნი.
- საიტზე განთავსებული უნდა იყოს სარეგისტრაციო ფორმა, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული მომხმარებელი ყოველდღიურად მიიღებს აქ გამოქვეყნებულ სიახლეებს მეილის საშუალებით.
იმეილ მარკეტინგის მოხმსახურების პროვაიდერები, როგორიც არის მაგალითად, MailChimp მომხმარებლებს ავტომატიზებული მეილების სისტემას სთავაზობენ. ისინი მოიცავს შაბლონურ მეილებს, მათ შორის ტექსტებს და გრაფიკებს, რომელთა გამოყენებასაც პროგრამირების ან HTML-ის ცოდნა არ სჭირდება. ასევე მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაგეგმოს მისი მეილების გაგზავნის პერიოდები და რაოდენობები.
ავტომატიზებული იმეილ პროგრამები შესაძლებლობას გაძლევთ, რომ გამომწერთა საკონტაქტო ინფორმაცია დაამატოთ როგორც ხელით, ასევე სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობითაც და შექმნათ მეილების კალენდარი - გაუგზავნოთ მომხმარებელს მეილები ავტომატურად. მაგალითად: პირველ კვირას მეილი #1, მეორე კვირას მეილი #2, მესამე კვირას მეილი #3... ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის, მას შესაბამისი მეილი წინასწარ დადგენილი გრაფიკით გაეგზავნება. ასევე შეგიძლიათ, ერთი მეილი სპეციალური შეთავაზების გასავრცელებლად მთლიან ბაზას გაუგზავნოთ.
ავტომატური მეილები კომპანიას საკმაოდ დიდი დროისა და ძალისხმევის დაზოგვაში ეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის საიტის სარეგისტრაციო ფორმასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს რთული ჩანს, ნებისმიერ ინდივიდუალურ მეწარმესა თუ მცირე ბიზნესსაც შეუძლია მისი ათვისება და მარტივად გამოყენება. მას შემდეგ, რაც ავტომატური მეილების კალენდარს და თავად მეილებს შექმნის, კომპანიას შეუძლია სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაერთოს. მეილები კი თავის საქმეს უპრიობოდ შეასრულებენ და ეცდებიან, პოტენციური მომხმარებლები მყიდველებად გარდაქმნან.
ასევე დაგაინტერესებთ: