media-4

როგორ შევქმნათ მეილები, რომლებსაც არ წაშლიან

  • 24 სექ 2021
  • იმეილ მარკეტინგი
როგორ შევქმნათ მეილები, რომლებსაც არ წაშლიან

ფიქრობთ, რომ პოტენციური მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მეილების შექმნა რთულია? შესაძლოა ასეც ჩანდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სასურველ შედეგებს ვერ იღებთ.

პოტენციური მომხმარებლებისთვის მეილების შექმნის დროს საკუთარი თავი მათ ადგილას წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, რა რეაქცია გექნებოდათ მეილის წაკითხვისას. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ძირითადად არ დაგიბრუნდებიან პასუხით, თუ მათ ხმოვან შეტყობინებას ან მესიჯს გაუგზავნით. მათ მიერ პასუხის შემთხვევები იშვიათია. პოტენციური მომხარებლებისთვის განკუთვნილი მეილების მთავარი მიზანი დიალოგის წამოწყება და ლიდების მოზიდვაა. არსებობს პროცესის წარმართვის სწორი და არასწორი გზები და თუ თქვენი გამოხმაურების მაჩვენებელი დაბალია, მაშინ დიდი ალბათობით, არასწორი გზით მიდიხართ.

შესაძლო მიზეზები, თუ რატომ ვერ იღებს თქვენი მეილები გამოხმაურებას

მეილებზე  გამოხმაურების დაბალი მაჩვენებლის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ყოველდღიურად უამრავი მეილი მისდით, რომელთა გახსნის დროც შესაძლოა სულაც არ ჰქონდეთ. ზოგჯერ ისინი შემთხვევითობის პრინციპით არჩევენ იმ მეილებს, რომელთა წაკითხვას ან წაშლასაც აპირებენ.

პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ მეილის „ცუდი“ სათაური მისი იგნორირების შანსებს საგრძნობლად გაზრდის. ისეთი სათაურის ველის შექმნა, რომელიც ყურადღებას მიიქცევს და დააინტერესებს ადამიანს, დახარჯულ დროდ და ძალისხმევად ნამდვილად ღირს.

მეილების გახსნის შემდეგაც არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მეილის წაშლას ან კითხვის გაგრძელებას გამოიწვევს. ყველაზე გავრცელებული შეცდომები შეიძლება იყოს:

  • რამდენიმე წუთს ვრცელი მეილის წასაკითხად არავინ გამოყოფს. მეილები მოკლე და აზრიანი უნდა იყოს და პირდაპირ მთავარ აქცენტებს ეხებოდეს. 
  • თუ მეილი მხოლოდ თქვენ შესახებ იქნება, მომხმარებელი მარტივად დაკარგავს ინტერესს. ფოკუსი მეილის ადრესატისკენ უნდა იყოს მიმართული და არა თქვენკენ. 
  • კომპანიასთან თანამშრომლობის სარგებელიც არ უნდა გამოგრჩეთ. მეილში ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი, თუ რას ეხება თქვენი შეთავაზება და შემდეგ სწრაფადვე უნდა გადახვიდეთ იმის აღნიშვნაზე, თუ რას ნიშნავს ეს პოტენციური მომხმარებლისთვის.
  • მეილი ნაჩქარევად არის დაწერილი და გრამატიკული შეცდომებიც უყურადღებოდაა დატოვებული.
  • მეილი ზოგადია და არ ეტყობა, რომ პერსონალურად რომელიმე მომხმარებლისთვისაა შექმნილი.
  • სუსტი CTA (მოწოდება ქმედებისკენ).

არსებული მიზეზები შეიძლება იყოს იმის მაბიძგებელი პოტენციური მომხმარებლისთვის, რომ თქვენი მეილი მომენტალურად წაშალოს. თუ მსგავსი შემთხვევები თქვენთვის ხშირია, მაშინ იფიქრეთ ამის გამოსწორების გზებზე.

რას უნდა შეიცავდეს პოტენციური მომხმარებლისთვის განკუთვნილი თითოეული მეილი

თუ თქვენი მეილები სისტემატიურად მოსაწყენი, ვრცელი ან ზოგადია, მაშინ ცვლილებების დროა. თქვენი მიზანი არა პოტენციური მომხმარებლისგან გაყიდვების გენერირება, არამედ მათი დახმარება უნდა იყოს.

მეილი აუცილებლად უნდა იწყებოდეს კონკრეტული მესიჯით, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ეხება. ამის შემდეგ მომხმარებელი უნდა ხედავდეს ჩართულობის გამომწვევ მესიჯს, საიდანაც ის გაიგებს თქვენი დაკავშირების მიზეზს.

ნათელი განცხადება იმის შესახებ, თუ რა ღირებულებას მოუტანს თქვენი შეთავაზება მომხმარებელს, აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი მეილში. ეს მათი ნდობის მოპოვებაშიც დაგეხმარებათ. აუცილებლად დაურთეთ მოწოდება ქმედებისკენ.

გესმოდეთ პოტენციური მომხმარებლის

პოტენციური მომხმარებლის მეილები პერსონალიზებული და თარგეთირებული უნდა იყოს. ზოგადი მეილი, რომელიც ათობით ან ასობით მომხმარებელს ეგზავნება, ეფექტური არ არის და შესაბამისად, გამოხმაურების დაბალი მაჩვენებლითაც ხასიათდება. იდენტური ადამიანები არ არსებობენ და სწორედ ამიტომ, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

დაუთმეთ მცირედი დრო იმის შესწავლას, თუ ვინ არიან თქვენი პოტენციური მომხმარებლები, რა ადარდებთ მათ ყველაზე მეტად. ამ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ კვლევა ლინკდინზეც ჩაატაროთ. დააკვირდით მათ სამუშაო ადგილებს და დაფიქრდით, რას შეიძლება მოიცავდეს მათი საქმიანობა.

ლინკდინის პროფილების შემოწმებით შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ადამიანის პასუხისმგებლობებზე, მიზნებზე და პრიორიტეტებზე. გამოიკვლიეთ თითოეული პროფილი და სცადეთ, მათი მტკივნეული წერტილები აღმოაჩინოთ. რა შეგიძლიათ მათ შესთავაზოთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად?

ისაუბრეთ პოტენციური მომხმარებლების ენაზე

LinkedIn-ზე ინფორმაციის ძიების შედეგად ბევრ რამეს შეიტყობთ კონკრეტული ინდუსტრიის შესახებ. ის ასევე გამოსადეგი იქნება კომპანიის ვებ-გვერდის შესასწავლად და მათ დიალოგებზე დასაკვირვებლად. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რაზე საუბრობენ კომპანიის გარშემო ყველაზე მეტად და როგორია მათი სასაუბრო ენა თუ ტონი.

დააკვირდით სოციალურ მედიაში გამართულ დიალოგებს იმ ადამიანის მიერ, რომელსაც თქვენს პოტენციურ მომხმარებლად მოიაზრებთ. როგორ სასაუბრო ენას იყენებს ის? ფორმალური ტერმინებით საუბრობს თუ უფრო ტექნიკური? რომელი ქივორდები მიიქცევს მის ყურადღებას? რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ მომხმარებელთა შესწავლას, მით უფრო გაიგებთ, რით შეგიძლიათ მათი დახმარება და რით შეძლებთ მათი პრობლემების მოგვარებას.

მიაწოდეთ ღირებულება და მოიპოვეთ ნდობა

პოტენციური მომხმარებლის მეილი თქვენზე არ არის ორიენტირებული და ის არ ფოკუსირდება გაყიდვებზე. თქვენი მესიჯი ადამიანისთვის ღირებული და სანდო უნდა იყოს. რაც უფრო ეფექტურად დაამტკიცებთ, რომ კვლევა გაქვთ ჩატარებული და იცით, რას საქმიანობს პოტენციური მომხმარებელი და მისი კომპანია, იცნობთ მათ საჭიროებებს, მით უფრო აიმაღლებთ სანდოობას და გაზრდით მათ მიერ მეილზე გამოხმაურების შანსებს.

რასაკვირველია, თქვენი მესიჯი არ უნდა იყოს სრულად გაყიდვებისკენ მიმართული. მომხმარებელმა არ უნდა შეამჩნიოს გაყიდვების აქცენტი. ამ ეტაპზე თქვენ მომხმარებლის დახმარებაზე უნდა ორიენტირდეთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რით შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ და არა იმაზე, თუ რისი მიყიდვა შეგიძლიათ მათთვის.

დაურთეთ მეილს აშკარა მოწოდება ქმედებისკენ (CTA)

ნაცვლად გაყიდვების გაზრდისა, თქვენი მეილის მიზანი პოტენციური მომხმარებლის ნდობისა და ინტერესის გაღვივებაა. მეილის დასასრულს კი აუცილებელია შემაჯამებელი მესიჯის მომზადება - ამის იდეალური მაგალითი კი შეიძლება ბლოგზე გადამისამართება იყოს. ჰკითხეთ მათ, შეუძლიათ თუ არა ბლოგის გაცნობა და შემდეგ მათი მოსაზრების დაფიქსირება.

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ პოტენციურ მომხმარებელს უგზავნით, უნდა აჩვენებდეს თქვენს შესაძლებლობას სასურველი შედეგების მისაღებად. კიდევ ერთი მოწოდება შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის იმის კითხვა, გაეცნენ თუ არა კონკრეტულ მარკეტინგულ სტრატეგიას და ამის შემდეგ მათთვის შესაბამისი ბლოგის შეთავაზება, სადაც უფრო სიღრმისეულ ინფორმაციას მიიღებენ.

მეტი ინფორმაციის გაცნობის რეკომენდაცია საკმაოდ მსუბუქი და ნეიტრალური მესიჯია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომხმარებელთა გაცნობასაც დაუთმეთ გარკვეული დრო. ეცადეთ, თქვენს მეგობრულ მეილში ისაუბროთ თქვენს საერთო ინტერესებზე ინდუსტრიის შესახებ და პოტენციურ მომხმარებლებს მათთვის გამოსადეგი ინფორმაცია მიაწოდოთ.

შეჯამება

სტატიაში განხილული რეკომენდაციების გათვალისწინებით და პერსონალიზირებული მეილების შექმნით, თქვენი იმეილ მარკეტინგის შედეგებს საგრძნობლად გაზრდით. პოტენციური მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მეილების მიზანი თქვენი ბიზნესისთვის სწორი ლიდების მოძიებაა. სწორი მიდგომის შერჩევით მეილებზე გამოხმაურების მაჩვენებელიც გაიზრდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოები ნებისმიერი მარკეტინგული ამოცანისა და ბიუჯეტისთვის

იმეილ მარკეტინგის 37 რჩევა ეფექტური მესიჯების შესაქმენლად

როგორ ავარიდოთ იმეილ მარკეტინგის შეცდომებს თავი