იმეილ მარკეტინგი - დამწყებთათვის

იმეილ მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ელექტრონული ფოსტების გაგზავნას გულისხმობს და მათი მეშვეობით არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება. ეფექტური იმეილ მარკეტინგი პონტეციურ მომხმარებელს აქცევს რეალურ მომხმარებლად და გვეხმარება შევინარჩუნოთ ის ადამიანები, ვინც ერთხელ უკვე შეიძინა პროდუქტი. იმეილ მარკეტინგის ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ შესაძლებელია პროცესების ავტომატიზაცია.
- რამდენად აქტუალურია იმეილ მარკეტინგი დღეს?
თუ დავაკვირდებით ვიდეობს, ხელოვნურ ინტელექტს, ვირტუალურ რეალობასა თუ ჩათბოტებს, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ელექტრონული ფოსტების დრო წავიდა.
მაგრამ თუ თქვენც ასე ფიქრობთ, უნდა გითხრათ, რომ ცდებით. პირიქით, იმეილ მარკეტინგი ჯერ კიდევ მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციას და თქვენი ბიზნეს სტრატეგიის ერთ-ერთ ძლიერ რგოლად მოიაზრება.
2018 წლის მონაცემებით, იმეილ მარკეტინგი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მარკეტინგულ არხებს მიეკუთვნებოდა და იმ დროისათვის უსწრებდა სოციალურ მედიას, SEO და აფილიეიტ მარკეტინგსაც.
ალბათ გაინტერესებთ, როგორ არის ათობით წლის წინ გამოგონილი ტექნოლოგია კვლავ ასეთი ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიებისთვის.
ალბათ იმიტომ, რომ ხალხი მას უფრო ხშირად იყენებს, ვიდრე სხვა პლატფორმებს. მარკეტინგის მიზანიც ხომ სწორედ ეს არის - იყოს იქ, სადაც ხალხია.
2017 წლის კვლევებით დადგინდა, რომ ამერიკაში მოსახლეობის უმეტესობა ელექტრონულ ფოსტას იყენებს - აქედან 85% მოზარდი იყო. ეს მონაცემი საძიებო სისტემებს აჭარბებს 15% - ით, ხოლო სოციალურ მედიას 22% - ით, რაც არც თუ ისე მცირე მაჩვენებელია.
სწორედ ამიტომ არის მეწარმეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეფექტური იმეილ მარკეტინგის წარმოება. მაგრამ დღესაც ძალიან ბევრმა არ იცის მისი სწორად გამოყენება.
დღეს თქვენ ნულიდან დაიწყებთ იმის შესწავლას, თუ როგორ აწარმოოთ იმეილ მარკეტინგის კამპანია.
გახსოვდეთ - თქვენ სტუმრები ხართ
დღესდღეობით ყველგან, საითაც არ უნდა გავიხედოთ, რეკლამას ან რაიმე შეთავაზებას ვხედავთ.
შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენი მეილი გამორჩეულია, თუმცა, დიდი ალბათობით მას ხალხი მორიგ ჩვეულებრივ მეილად მიიჩნევს.
სწორედ ამიტომ უნდა გახსოვდეთ, სად იმყოფებით და შესაბამისი მანერებიც გამოიმუშავოთ. სხვის შეტყობინებებში შეძრომა იგივეა, რაც სადილზე სტუმრად მისვლა. თუ გთხოვენ, რომ ფეხსაცმელი შესვლამდე გაიხადოთ, ასეც უნდა მოიქცეთ.
იმეილ მარკეტინგშიც ასე ხდება. მთავარია გახსოვდეთ, რომ თქვენ სტუმარი ხართ და შესაბამისად მოქცევა გმართებთ.
პირველი ეტაპი: ნებართვის აღება
რა თქმა უნდა, არც ერთი კამპანია არ იწყება ნებართვის გარეშე. ეს ის არის, რაც პირველ რიგში უნდა მოიპოვოთ თქვენი მომხმარებლისგან.
ამის ბევრი გზა არსებობს: ზოგი რაიმე ინფორმაციას აწვდის ხალხს, ზოგიც განახლებული პროდუქტის შესახებ ატყობინებს მომხმარებელს ან სულაც, ნებართვის სანაცვლოდ უფასოდ გასცემს რაიმეს.
რთულია თქმა, როგორი მიდგომა იქნება თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო, თუმცა ერთ რამეს დანამდვილებით გირჩევთ - აუცილებლად იქონიეთ აშკარა დანიშნულება, თუ რისთვის ითხოვთ მონაცემებს.
პირველ რიგში, გაიმყარეთ იმიჯი, გახდით უფრო სანდო და აუხსენით ხალხს, რისთვის უგზავნით ელექტრონულ ფოსტას და დააინტერესეთ ისინი. უბრალოდ მეილის მოთხოვნა სიახლეების შესახებ არც თუ ისე ეფექტურია, სჯობს გარკვეული სპეციფიკაციებიც გაუზიაროთ მომხარებელს. ეს უფრო მეტი გამომწერის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
ხალხის დაინტერესების ყველაზე გავრცელებული ხერხებია:
- პერიოდული მეილები;
- უფასო პროდუქტები;
- უფასო ჟურნალები ან ელექტრონული წიგნები;
- ახალი პროდუქტის პრომოცია.
რაც არ უნდა იყოს, გახადეთ თვენი მესიჯი გასაგები და მიმზიდველი.
მეორე ეტაპი: განაგრძეთ დიდებული კონტენტით
იმეილ მარკეტინგი სრულიად მოლოდინებზეა დამყარებული და თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გაამართლებთ მათ. თუ მუდმივად ასრულებთ თქვენს დანაპირებს და თქვენი მომხმარებლის გვერდით ხართ, მაშინ პოზიტიური შედეგები გარანტირებულია.
თუმცა, თუ თქვენს მომხმარებელს დაპირდით, რომ კვირაში ერთხელ მეილს გაუგზავნიდით და ამის სანაცვლოდ ყოველდღიურად დაიწყეთ მისი გაგზავნა, ამით მომხმარებელს მხოლოდ იმედებს გაუცრუებთ. და პირიქით, თუ კი ვინმე თვენგან ყოველდღიურად ელოდება სიახლეების მიღებას რაიმე პროდუქტის შესახებ და თქვენ მას ეს ინფორმაცია არ მიაწოდეთ, ჩათვალეთ, რომ ის ძალიან გაანაწყენეთ.
ამიტომაც არის პირველი მეილი თქვენი იმეილ მარკეტინგის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის. თითქმის ყველა ელექტრონული ფოსტის მომსახურება გთავაზობთ ავტომატური პასუხის მიმდევრობის (auto reply) შექმნას, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ის გამოიყენოთ.
საწყისი მეილის გაგზავნა საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს, რათა მომხმარებელს თქვენი თავი უკეთ გააცნოთ და გააგებინოთ, თუ რის მიღებას შეძლებს თავის მეილზე. სჯობს, უფრო დეტალურად მიაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია და ბევრი ილაპარაკოთ, ვიდრე ცოტა და შეუმჩნევლები დარჩეთ. თუმცა, თუ ინფორმაციის მიწოდებას ლაკონურად და ზუსტად შეძლებთ, ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებთ.
როდის წარვადგინოთ პროდუქტი
ცხადია, მეილებს მხოლოდ გასართობად არ ქმნით - თქვენთვის მთავარია მომხმარებლის ჩართულობა და გაყიდვების გაზრდა.
თუმცა, ელექტრონული საფოსტო სიიდან იმ მომხმარებლის გამიჯვნა, რომლისგანაც შემოსავალს მიიღებთ, საკმაოდ რთულია.
ამ პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის საჭიროა, წინასწარ იფიქროთ, თუ როგორ წარადგენთ თქვენს პროდუქტს. არ არის აუცილებელი, ეს პირველივე ჯერზე გააკეთოთ. თქვენი კამპანია უფრო ეფექტურია, როდესაც მომხმარებელი პერიოდულად ელოდება თქვენგან გაყიდვების შეთავაზებას.
თუ ხშირად აპირებთ გაყიდვების წახალისებას, მაშინ მკითხველის გონებაშიც უნდა შეაღწიოთ. დარწუნდით, რომ თქვენი მესიჯები თანმიმდევრულია და თქვენ მიერ შექმნილ მოლოდინებსაც შეესაბამება. თუ ეს შესაძლებელია, გაიგეთ, რითი დაინტერესებულა აქამდე მომხმარებელი და ეცადეთ, მსგავსი შეთავაზება გაუგზავნოთ. ის კომპანიები, რომლებიც ბრმა შეთავაზებებს აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში საერთოდ კარგავენ კონკრეტულ აუდიტორიას.
შეგახსენებთ, რომ თითოეულ ბიზნესს განსხვავებული საჭიროებები აქვს და ამიტომაც, არ არსებობს ერთი კონკრეტული წესი იმისათვის, თუ რამდენად ხშირად ან რა სახით უნდა წარუდგინოთ თქვენი პროდუქტი და კონტენტი მომხმარებელს. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ელექტრონული ფოსტა მარტივად მისაღები ნამდვილად არ არის და სჯობს, მას მეტი სიფრთხილით მოეკიდოთ, ვიდრე იჩქაროთ და საერთოდ დაკარგოთ აუდიტორიის ნაწილი.
როგორ დავწეროთ შესანიშნავი იმეილი
ვინაიდან, ჩვენი ძირითადი თემა კონტენტია, მოდით ვისაუბროთ კარგ და ცუდ იმეილს შორის განსხვავებებზეც.
პირველი ნიშანი ცუდი წერილისთვის - მომხმარებლებს არც კი ახსოვთ, როდის მოითხოვეს მისი მიღება.
ძირითადად ეს ხდება მაშინ, როდესაც კომპანია ვერ ინარჩუნებს რეგულარულ რუტინას ან უბრალოდ, შემთხვევითობის პრინციპით ამატებს ვინმეს თავისი ელ. ფოსტის სიაში.
დარწმუნდით, რომ ყველას ახსოვხართ - ნუ გაქრებით დიდი ხნით თქვენს მეილებთან ერთად. გაუგზავნეთ ისინი მომხმარებელს კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ მაინც.
ყველაზე დამაჯერებელი იმეილები თანაბრად უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მესიჯსაც და ინფორმაციასაც ახალი პროდუქტების შესახებ. გამოიყენეთ მეილი, რათა შეინარჩუნოთ ურთიერთობა მომხმარებელთან, ხოლო პროდუქტის წარდგენისა და გაყიდვისთვის სპეციალური დროები შეარჩიეთ.
ავტომოპასუხის გამოყენება
თუ ელექტრონული ფოსტის სიის შედგენა ახალი დაწყებული გაქვთ, შეიძლება იფიქროთ, რომ დაჯდებით და ყოველ ახალ გამომწერს თავად გაუგზავნით მეილს.
მაგრამ რაც უფრო მეტი გამომწერი გეყოლებათ, ეს მით უფრო ძნელი გახდება. დრო და დრო, უფრო კომპლექსური იმეილ კამპანიების განხორციელება მოგიწევთ და თითოეული მომხმარებლისთვის წერილის გაგზავნა ალბათ შეუძლებელიც გახდება.
თუმცა, საუკეთესო მარკეტერები ამას მშვენივრად აკეთებენ. გაინტერესებთ როგორ?
მთელი საიდუმლო ავტომოპასუხეშია. ის ავტომატურად გზავნის წერილებს თქვენ მიერ შედგენილი განრიგის მიხედვით. ეს კი საშუალებას გაძლევთ, არ „გაუჩინარდეთ“ დიდი ხნით.
კომპანიები ხშირად გეგმავენ როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველთვიურ წერილებს. თუ რაიმე ახალი პროდუქტი გამოუშვით და მისი წარდგენა დაგავიწყდათ, შეგიძლიათ არ იდარდოთ, რადგან ავტომოპასუხე ამას თავად გააკეთებს.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელთან რამდენიმე კვირის ან თვის ურთიერთობას ააწყობთ, უკვე ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ ისინი გააღიზიანოთ ან შეაწუხოთ თქვენი მეილებით.
მესამე ეტაპი: ანალიტიკა და სეგმენტაცია
ვინაიდან, უკვე გაეცანით ეფექტური იმეილ კამპანიის ძირითადად ასპექტებს, დროა შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ. მეტად სასურველი შედეგების მისაღებად საჭიროა, გამოიყენოთ მომხმარებელთა სეგმენტაცია და გარკვეული ანალიტიკაც აწარმოოთ.
როგორ გვესმის იმეილ ანალიტიკა
მომსახურების სფეროში ნებისმიერი ფირმა აწარმოებს ანალიტიკას.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, ახლა ჩვენთვის მთავარია ელ-ფოსტის გახსნის კოეფიციენტი (open rate), ფოსტაზე დაკლიკების სიხშირე (CTR) და დაკარგული გამომწერების რაოდენობა (unsubscribe). სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი.
პირველი კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ რამდენი ადამიანი ხსნის ჩვენს გაგზავნილ მეილს. ეს იმის მაჩვენებელია, თუ როგორი ურთიერთობა დაამყარეთ მომხმარებელთან. თუ ისინი სწრაფად ხსნიან თქვენს მეილებს, ნიშნავს, რომ ეს მათთვის მისაღებია და ისინი კვლავ ელოდებიან თქვენგან მორიგ მეილს.
თუ ეს კოეფიციენტი დაბალია ესეიგი თქვენი მომხარებელი დიდად არ ინტერესდება და არ ხსნის თქვენს მეილებს. ამიტომაც, საჭიროა, ისინი მეტად ღირებული გახადოთ.
შემდეგი არის დაკლიკების სიხშირე - CTR (click-through rate). ის გვიჩვენებს, თუ რამდენმა ადამიანმა დააჭირა ამა თუ იმ ბმულს (თუ ასეთი მოიძებნება წერილში). სიხშირის დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ან მეილი სწორი აუდიტორიისთვის არ არის შერჩეული, ან უბრალოდ არა ეფექტურია და დამუშავება სჭირდება.
და ბოლოს, დაკარგული გამომწერების რაოდენობა - რომელიც გვიჩვენებს, რამდენმა გააუქმა გამომწერის სტატუსი და აღარ სურს ჩვენგან შეტყობინებების მიღება.
თუ CTR და მეილების გახსნის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ, უნდა გიხაროდეთ, რადგან ჩათვალეთ, თქვენ საკმაოდ ღირებული და ეფექტური იმეილ კამპანია აწარმოეთ.
გამომდინარე იქიდან, თუ როდის გტოვებთ მომხმარებელი, შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ პროცესს და შესაბამისი ზომებიც მიიღოთ. თუ ისინი რამდენიმე ავტომატური წერილის შემდეგ გტოვებენ, შეცვალეთ რაიმე ამასთან დაკავშირებით. თუკი მარკეტინგული მესიჯების შემდეგ გტოვებენ, მაშინ ხელახლა შეიმუშავეთ შეთავაზების ფორმა.
საკმაოდ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება დეტალებზე, რადგან მათზე დაკვირვებით, დაინახავთ რას აკეთებთ არასწორად.
სეგმენტაცია
სეგმენტაცია გულისხმობს მომხმარებელების დაყოფას ვიწრო სამიზნე ჯგუფებად. მაგალითად მომხმარებელთა სია, სიახლეების გამომწერები და ა.შ.
ამგვარად, თქვენ უკეთესად ხვდებით, ვისთან როგორი სახის კომუნიკაცია დაამყაროთ. ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა, სურდეს მხოლოდ პროდუქტების განახლებების, ზოგიერთს გაყიდვების, ზოგს კიდევ უბრალოდ საინფორმაციო სიახლეების მიღება. ამასთან ერთად, შეიძლება უბრალოდ ახალი მყიდველისთვის მადლობის გადახდა გინდოდეთ.
თუ მათ არჩევანის საშუალებას არ მისცემთ, შესაძლოა ბევრი მომხმარებელი დაკარგოთ. იმისათვის, რომ არსებულმა მომხმარებელმა კიდევ შეიძინოს თქვენი პროდუქცია, საჭიროა შეინარჩუნოთ ის, როგორც გამომწერი.
სეგმენტაციის საშუალებით შეგიძლიათ, წერილები გაუგზავნოთ მხოლოდ მათ, ვისაც მეილი არ გაუსხნია, ან მათ ვინც ინტერესი გამოხატა და სურთ, იხილონ თქვენი პროდუქტი.
იცოდეთ თქვენი სიის ფასი
ელექტრონული ფოსტების ბაზა თქვენი ერთ-ერთი ღირებული რესურსია და აუცილებელია მისი სწორად გამოყენება.
პერიოდულად შეგიძლიათ, გაიგოთ რამდენს ხარჯავს თითოეული ადამიანი თქვენი სიიდან და გამოითვალოთ საშუალო მაჩვენებელი. სწორედ ეს მაჩვენებელი განაპირობებს თქვენი ბაზის ღირებულებას.
მაგალითად, თუ 10,000 ადამიანი თითო კამპანიის ფარგლებში $50,000 დოლარს ხარჯავს და თქვენ წელიწადში ორ ასეთ კამპანიას ახორციელებთ, საშუალო მაჩვენებლით თითო გამომწერის ფასი $10 დოლარი იქნება. ასეთი გამოთვლების შედეგად, შეძლებთ გაიგოთ, თუ რამხელა დანაკლისია ასობით გამომწერის დაკარგვა.
შეჯამება
თუ აქამდე თვლიდით, რომ იმეილ მარკეტინგი არ გჭირდებათ - დროა, თქვენი სტრატეგია ხელახლა განიხილოთ, რადგან მას უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია და არც თუ ისე რთული პროცესია.
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ გამომწერების პირად სივრცეში თქვენ სტუმარი ხართ. იყავით თავაზიანი, პატივი ეცით მათ და მიაწოდეთ ღირებული ინფორმაცია, თორემ მხოლოდ ერთი „კლიკი“ და მათ სამუდამოდ დაკარგავთ.
დასაწყისისთვის დაგჭირდებათ მათგან ნებართვის მიღება. მნიშვნელოვანია, შეასრულოთ თქვენი დანაპირები და ყოველთვის მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც თავად ითხოვენ და არასდროს გაუცრუოთ მათ იმედები.
ეფექტური იმეილ მარკეტინგისთვის არანაირი მზა ფორმულა არ არსებობს - უბრალოდ აკეთეთ ის, რაც თქვენი ბიზნესისთვის უკეთესად იმუშავებს.
მას შემდეგ, რაც ძირითად ასპექტებს შეისწავლით, შეგიძლიათ უკვე ანალიტიკასა და სეგმენტაციაზეც გადახვიდეთ და სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ტიპის შეტყობინებები გაუგზავნოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
იმეილ მარკეტინგის 11 ხელსაწყო, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ
5 მარტივი ნაბიჯი წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანიისთვის