ეფილიეიტ მარკეტინგის 6 სტრატეგია გაყიდვების გაზრდისთვის

ეჭვგარეშეა, რომ ეფილიეიტ მარკეტინგს აქვს პოტენციალი, გაზარდოს გაყიდვები და შემოსავლები. ამავდროულად, ის ლიდების მოპოვების ძალიან ეფექტური საშუალებაა, რა დროსაც მხოლოდ შედეგის მიღებისას იხდით ფულს.
სწორედ ამიტომ, უფრო და უფრო მეტი ბრენდი იყენებს ამ მარკეტინგულ ტაქტიკას.
Google-ის ტრენდების მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში “affiliate marketing”-ის ძიების მაჩვენებელი უფრო და უფრო იზრდება.
თუ თქვენ ჯერ ისევ ფიქრობთ, გამოიყენოთ თუ არა ეფილიეიტ მარკეტინგი, მაშინ აუცილებლად გადახედეთ ამ სტატისტიკებს:
- ბრენდების 81% იყენებს ეფილიეიტ მარკეტინგს მომხმარებლების ყურადღების მისაპყრობად, არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად და გაყიდვების გასაზრდელად.
- მარკეტოლოგების 79%-ისთვის ეფილიეიტ მარკეტინგი არის გაყიდვების გაზრდის, 83%-ისთვის ბრენდის ცნობადობის გაზრდის და 79%-ისთვის არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის მთავარი ბერკეტი.
სანამ ეფილიეიტ მარკეტინგის სტრატეგიებზე გადავალთ, მანამდე განვიხილოთ, თუ რა არის ეფილიეიტ მარკეტინგი.
- ეფილიეიტ მარკეტინგი ასევე ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგი.
- ბრენდები თანამშრომლობენ სხვადასხვა ეფილიეიტებთან, რომლებიც პრომოციას უკეთებენ მათ პროდუქტებსა თუ სერვისებს. როცა ეფილიეიტის პრომოციის საშუალებით გენერირდება გაყიდვები, ბრენდები ამაში საკომისიოს იხდიან.
- საკომისიოები შეიძლება განსხვავებული იყოს. ბრენდმა შეიძლება გადაიხადოს გაყიდვების, კლიკების და ლიდების საკომისიოები.
გთავაზობთ 6 ეფექტურ ეფილიეიტ მარკეტინგის სტრატეგიას, რომლებიც ბრენდის გაძლიერებაში დაგეხმარებათ:
- აირჩიეთ სწორი ეფილიეიტი
ეფილიეიტ მარკეტინგს აქვს იმის ძალა, რომ ადამიანები დაარწმუნოს თქვენი პროდუქტის შეძენაში. თუმცა ამისთვის საჭიროა, სწორი ეფილიეიტი შეარჩიოთ, რომელსაც თქვენი პროდუქტის/სერვისის შესაბამისი აუდიტორია ჰყავს.
ეფილიეიტის შერჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე საკითხი:
- მათ კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ თავიანთ აუდიტორიასთან;
- მათი აუდიტორია დაინტერესებული უნდა იყოს თქვენი პროდუქტით ან ბრენდით;
- მათ უნდა ჰყავდეთ ბევრი ვიზიტორი, ჰქონდეთ საიტის მაღალი რეიტინგი და ჩართულობა აუდიტორიასთან.
ამ ყველაფრის გარეშე, თქვენი ყველანაირი მცდელობა წყალში ჩაიყრება. მაგალითად, თუ თქვენ ხართ კვების კომპანია და აირჩევთ ეფილიეიტს, რომელიც მოგზაურობის ბილეთებზე სთავაზობს ფასდაკლებას თავის აუდიტორიას, ამას არანაირი შედეგი არ მოყვება.
ასევე, ბლოგი, რომელსაც მხოლოდ 10 უნიკალური ვიზიტორი ყავს ნამდვილად ვერ გაზრდის თქვენს გაყიდვებს.
- გაზარდეთ გაყიდვები კუპონებით, შეთავაზებებითა და პრომოციით:
- ყველას უყვარს შესანიშნავი შეთავაზებები;
- კუპონებისა და შეთავაზებების ბერკეტები ეფილიეიტ მარკეტინგის სტრატეგიის საუკეთესო ნაწილია გაყიდვების გასაზრდელად;
- გადახედეთ სტატისტიკებს, რათა გაიგოთ, რამდენად უყვართ მომხმარებლებს კუპონები და შეთავაზებები.
არსებობს ძალიან ბევრი საიტი, რომლებიც თავიანთ მომხარებლებს კუპონებითა და შეთავაზებებით ანებივრებენ და ისე ყიდიან პროდუქტს. Groupon და Offers.com არის ის საიტები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბიზნესისთვის ტრაფიკის გასაზრდელად.
იმისთვის, რომ კუპონების დახმარებით მაქსიმალური სარგებელი ნახოთ, დარწმუნდით, რომ მაღალი ხარისხის საიტებტან თანამშრომლობთ. შეამოწმეთ მათი ტრაფიკის წყარო - მომხმარებლები პირდაპირ სტუმრობენ მათ თუ საძიებო სისტემებიდან.
- გამოიყენეთ ნიშური ინფლუენსერების ძალა
რაც დრო გადის, ინფლუენსერ მარკეტინგი უფრო და უფრო ძლიერი ინსტრუმენტი ხდება. ბევრი ბრენდი მუშაობს თავიანთი ნიშის ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან. ინფლუენსერებს ყველაზე ავთენტური ურთიერთობა აქვთ თავიანთ მიმდევრებთან. მათ მარტივად შეუძლიათ, თქვენი ბრენდის მიმართ ნდობა გაუჩინონ მომხმარებლებს და დაარწმუნონ თქვენი პროდუქტის/სერვისის გამოყენებაში.
კუპონების საიტებთან შედარებით შესაძლოა, ინფლუენსერებს არ შეეძლოთ თქვენთვის დიდი რაოდენობით ვიზიტორების გამოგზავნა, მაგრამ გარანტირებულად გეცოდინებათ, რომ ეს ვიზიტორები ნამდვილად დაინტერესებული არიან თქვენი პროდუქტის შეძენით.
შეგიძლიათ, ინფლუენსერები გამოიყენოთ, როგორც ეფილიეიტები, რომლებსაც გადაუხდით საკომისიოს ან ფულის ნაცვლად საჩუქრად გადასცემთ თქვენს პროდუქტებს.
Nordstrom Rack-მა, ამერიკის მოდის საცალო მოვაჭრემ, ინფლუენსერები თავისი პროდუქტებით დაასაჩუქრა. ინფლუენსერებმა გამოიყენეს ეს პროდუქტები სოციალურ მედიაში და თავიანთ ბლოგებში და შედეგად ბრენდს 500,000 პოტენციური მომხმარებელი გაუგზავნეს.
საუკეთესო შედეგების მისაღწევად ისეთი ინფლუენსერები უნდა შეარჩიოთ, რომლებიც შესაბამისობაში მოდიან თქვენს ბრენდთან.
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, კონკრეტული ინფლუენსერი ეფექტურია თუ არა, რამდენიმე საზომი ერთეული უნდა გამოიყენოთ:
- Reach
- Engagement
- აუდოტრიის დემოგრაფია
- მიმდევრების პერიოდული ზრდა
- თქვენი ბრენდის ღირებულებებთან და ნიშასთან შესაბამისობა
- შექმენით ძლიერი ეფილიეიტ ქსელი
სხვადასხვა ეფილიეიტ ქსელის გამოყენების ნაცვლად შექმენით თქვენი საკუთარი. პირველი ეფილიეიტის პოვნა შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს, მაგრამ, საკუთარი ეფილიეიტ ქსელის გაფართოება უფრო მარტივი.
იმისათვის, რომ მიიზიდოთ ეფილიეიტები გასაგებად მიაწოდეთ ყველანაირი საჭირო ინფორმაცია: რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმუშაონ და რაში მიიღებენ საკომისიოებს.
დაამოტივირეთ თქვენი ეფილიეიტები, რომ სხვა ქვე-ეფილიეიტები მოიზიდონ. ამაში დამატებითი საკომისიოები შეგიძლიათ შესთავაზოთ.
გამოყავით დრო იმისთვის, რომ ყველაზე ლოიალური ეფილიეიტები დააჯილდოვოთ. თვალყური ადევნეთ მათ შესრულებებს, ანალიზი გაუკეთეთ შედეგებს და დააკვირდით რამდენად ღირებული მომხმარებლები მოჰყავთ თქვენამდე.
შეგიძლიათ, ბონუსად მეტი საკომისიოები გადაუხადოთ, შესთავაზოთ თქვენივე პროდუტების შეძენა საუკეთესო ფასად ან ადგილზე უფასო მიწოდებით.
- ეფილიეიტ პრომოციისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა წყაროები
მხოლოდ ინსტაგრამ ინფლუენსერებზე და კუპონების საიტებზე ნუ შეჩერდებით, შეგიძლიათ, სხვადასხვა წყაროები გამოიყენოთ ეფილიეიტის საშუალებით მიზნობრივ აუდიტორიამდე ხმის მისაწვდენად.
შეგიძლიათ, დატესტოთ ბევრი ეფილიეიტ მარკეტინგის სტრატეგია და ნახოთ, რომელს აქვს საუკეთესო შედეგი. ესენი შეიძლება იყოს:
პროდუქტის მიმოხილვის ბლოგი: პროდუქტის პრომოციისთვის ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს მიმოხილვაზე ორიენტირებული ეფილიეიტ ბლოგი. ასეთი წყაროდან მოზიდული მომხმარებლები რეალურად დაინტერესებულები არიან თქვენი პროდუქტით.
იმეილ მარკეტინგი: ეფილიეიტები, რომლებიც თქვენი ნიშისთვის დამახასიათებელ გამომწერების სიას ფლობენ, ნამდვილად დაგეხმარებიან გაყიდვების გენერირებაში.
ვებინარები: ექსპერტები, რომლებიც ატარებენ ვებინარებს, თქვენი პროდუქტების შესაბამის თემებთან დაკავშირებით, შესანიშნავ გზას წარმოადგენენ ლიდების მოსაპოვებლად.
YouTube ვიდეოები: პოპულარული YouTuber-ის ვიდეოებში თქვენი პროდუქტის მოხვედრა გამოიწვევს მყისიერ ზრდას გაყიდვებში. მილენიალების 40%-ს მიაჩნია, რომ საყვარელ YouTuber-ებს უფრო ესმით მათი, ვიდრე საკუთარ მეგობრებს.
- ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენი პროდუქტების გვერდებს კონვერტაციებისთვის
ძალიან ბევრი ბრენდი ინვესტიციას დებს ეფილიეიტ მარკეტინგში და მოლოდინი აქვთ, რომ მხოლოდ ასე შეძლებენ საუკეთესო შედეგები მიღებას. შეუძლებელია, მხოლოდ ეფილიეიტის მუშაობას დაეყრდნოთ და გაყიდვების გაზრდას ელოდოთ. ეფილიეიტ მარკეტინგს შეუძლია, დაინტერესებული მომხმარებლები გადმოიყვანოს თქვენი პროდუქტის გვერდზე, მაგრამ კონკრეტული ქმედების განხორციელებისკენ თქვენ უნდა უბიძგოთ. თუ გსურთ, რომ გაყიდვები გაზარდოთ, თქვენს გვერდზე გადმოსულ პოტენციურ მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება უნდა მიაღებინოთ თქვენთან ურთიერთობისას. პირველ რიგში, პროდუქტების გვერდების ოპტიმიზაცია უნდა გააკეთოთ, რაც ძალიან მარტივია, უბრალოდ დარწმუნდით, რომ:
- თქვენი საიტი იტვირთება სწრაფად.
- ვიზიტორებს აწვდით საკმარის ინფორმაციას პროდუქტის შესაძენად.
- აჩვენებთ პროდუქტის შთამბეჭდავ, მაღალი ხარისხის ფოტოებს.
- პროდუქტის აღწერის ტექსტი უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტებს, რომლებიც დაამოტივირებს მკითხველს პროდუქტის შესაძენად.
- თვალსაჩინო გახადეთ მომხმარებლების უკუკავშირები ნდობის მოსაპოვებლად.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ A/B ტესტები, რომ დარწმუნდეთ, როგორი კამპანიები მუშაობს უკეთესად.
პროდუქტის გვერდები შეგიძლიათ გამოიყენოთ რელევანტური პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვებისთვისაც.
მზად ხართ გაყიდვების გენერირებისთვის?
ეჭვგარეშეა, რომ ეფილიეიტ მარკეტინგს შეუძლია მომხმარებლების მოზიდვა. მარკეტოლოგების 38% ეფილიეიტ მარკეტინგს ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად მიიჩნევს, მაგრამ უნდა გააანალიზოთ, რომ ეს ყველაფერი ერთ ღამეში არ მოხდება. თქვენ უნდა შეარჩიოთ სწორი ეფილიეიტი, სწორი არხები და სწორი სტრატეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
გამომცემელთა სახეობები ეფილიეიტ მარკეტინგში