media-4

ეფილიეიტ მარკეტინგი დამწყებთათვის

  • 18 თებ 2021
  • ეფილიეიტ მარკეტინგი
ეფილიეიტ მარკეტინგი დამწყებთათვის

სტატისტიკის მიხედვით 2022 წლისთვის ამერიკაში ეფილიეიტ მარკეტინგის შემოსავალი 8,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. თუ ამ მიმართულებით დღესვე დაიწყებთ მუშაობას, სამომავლოდ ნამდვილად უპირატესობა გექნებათ ბაზარზე.

რა არის ეფილიეიტ მარკეტინგი?

ეფილიეიტ მარკეტინგის საშუალებით მარკეტერები და ბლოგერები პრომოციას უწევენ სხვადასხვა კომპანიების პროდუქტებს. თუ თქვენ მიერ პრომოცირებულ პროდუქტს მომხმარებელი ეფილიეიტ ბმულიდან იყიდის, თქვენ საკომისიოს გამოიმუშავებთ.

როგორც ეფილიეიტი, თქვენ პარტნიორი კომპანიის ე.წ. გაყიდვების მენეჯერი ხდებით, ანუ თქვენ ეხმარებით მას პროდუქტის გაყიდვაში და ის ამისთვის საკომისიოს გიხდით.

ეფილიეიტ მარკეტინგის დადებითი მხარე ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ მასშტაბური გაყიდვები. სტანდარტული გაყიდვების მენეჯერები ერთი კომპანიის პროდუქტს ყიდიან, ეფილიეიტი კი ბევრ სხვადასხვა კომპანიას ეხმარება პროდუქტის რეალიზაციაში.

 

როგორ მუშაობს ეფილიეიტ მარკეტინგი?

მერჩანტი ეფილიეიტს აძლევს უნიკალურ ბმულს, რომლის საშუალებითაც ზუსტდება, რამდენი ადამიანი გადავიდა მასზე და განახორციელა შესყიდვა. ბმულზე გადასვლის შემდეგ ე.წ. cookies ინახება მის ბრაუზერში ან მოწყობილობაში. ეფილიეიტის cookies ორი ძირითადი ფუნქცია აქვს:

1. ეხმარება მერჩანტს, განსაზღვროს, თუ რომელი ეფილიეიტისგან გაიყიდა კონკრეტული პროდუქტი;

2. ინახავს ინფორმაციას და გაძლევთ საშუალებას, მაშინაც მიიღოთ საკომისიო, თუ ვიზიტორი მოგვიანებით შეიძენს პროდუქტს.

განვიხილოთ მაგალითი: წარმოიდგინეთ, მკითხველი ნახულობს თქვენს პოსტს საუკეთესო ზამთრის ქურთუკთან დაკავშირებით, აკლიკებს თქვენს ეფილიეიტ ბმულს და გადადის ამაზონის საიტის ბმულზე, სადაც ეს პროდუქტი იყიდება. ახსენდება, რომ  შვილი ჰყავს სკოლიდან გამოსაყვანი და გადის სახლიდან, მოგვიანებით კი უბრუნდება ამაზონის საიტს და ქურთუკთან ერთად ყიდულობს სათხილამურო აღჭურვილობასაც. გამომდინარე იქიდან, რომ ამაზონი 24 საათის განმავლობაში ინახავს cookies-ზე ინფორმაციას, თქვენ საკომისიოს ორივე პროდუქტის გაყიდვიდან მიიღებთ, რადგან მომხმარებელმა მანამდე თქვენი ეფილიეიტის ბმულს დააკლიკა. 

 

რა თანხის გამომუშავება შემიძლია როგორც ეფილიეტ მარკეტერს?

ლიმიტი არ არსებობს. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობთ. ყველაზე წარმატებული ეფილიეიტები თვეში 6-7 ათას დოლარს გამოიმუშავებენ.

მაგალითად Pat Flynn-მა 2017 წლის დეკემბერში 100,000 დოლარი გამოიმუშავა ეფილიეიტის საკომისიოებით. Ryan Robinson-მა 2019 ოქტომბერში 19,000 დოლარი.

გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს და წლები დასჭირდათ, რომ ამ დონემდე მისულიყვნენ.

თუ თქვენ ახლა იწყებთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

შეიქმენით სწორი მოლოდინები. თქვენ შეიძლება დასაწყისშივე ვერ გამოიმუშავოთ დიდი თანხა, მაგრამ ამის გამო უკან ნუ დაიხევთ. სხვისი წარმატების ისტორიების უკან ყოველთვის დიდი დრო, მუშაობა, გამოცდილება და მიღებული ცოდნა დგას.

 

როგორ დავიწყოთ ეფილიეიტ მარკეტინგი?

მიჰყევით ამ მარტივ ნაბიჯებს:

  • აირჩიეთ პლატფორმა
  • აირჩიეთ თქვენი ნიშა
  • იპოვეთ შესაბამისი ეფილიეიტ პროგრამა
  • შექმენით კარგი კონტენტი
  • გაზარდეთ ტრაფიკი თქვენს ეფილიეიტ საიტზე
  • გაზარდეთ კლიკები თქვენს ეფილიეიტ ბმულებზე
  • გადააქციეთ კლიკები გაყიდვებად

 

#1: აირჩიეთ პლატფორმა

თეორიულად ეფილიეიტ მარკეტინგის წარმოება ნებისმიერ პლატფორმაზე შეგიძლიათ, ინსტაგრამიც კი გამოდგება, თუმცა შესაბამის აუდიტორიაზე წვდომა და გაყიდვების გაზრდა უფრო მარტივია, თუ კონკრეტულ პლატფორმაზე დაკონცენტრირდებით, იქნება ეს ბლოგი თუ youtube არხი. ბლოგის დაწყება ყველაზე მარტივი და იაფი გამოსავალია.

როდესაც თქვენი საიტი გაეშვება, აუცილებლად მოახდინეთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, რომ თქვენი კონტენტი მაღალ რეიტინგული გახდეს. ამის შემდეგ უკვე თამამად შეგიძლიათ, დაამატოთ ეფილიეიტ ბმულები თქვენს კონტენტში. 

შეგიძლიათ, თქვენს ეფილიეიტ პლატფორმად youtube არხი გამოიყენოთ. კონტენტის შექმნა და youtube-ზე ატვირთვა უფასოა, რაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან ხელსაყრელია. მთავარია, მოახდინოთ თქვენი ვიდეოების საძიებო სისტემაში ოპტიმიზაცია და აღწერაში ეფილიეიტ ბმულებიც დაურთოთ.

 

#2: აირჩიეთ თქვენი ნიშა

გულწრფელად რომ გითხრათ, თუ თქვენ იწყებთ თქვენი ბლოგის წარმოებას, ძალიან კონკურენტულ გარემოში აბიჯებთ. სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით ამერიკაში 31.7 მილიონი ბლოგერია. 

იმისათვის, რომ წარმატების შანსები გაიზარდოს, შეარჩიეთ თემა, რომელიც კონკრეტულ კატეგორიას ეხება. მაგალითად, საკვები ძალიან ფართო კატეგორიაა, მაგრამ გრილზე დამზადებული საკვები მეტად კონკრეტული და სპეფიციკურია.

კონკრეტული საკითხის გარშემო კონტენტის შექმნით უფრო ზუსტ სამიზნე აუდიტორიას მიწვდებით და საძიებო სისტემაში თქვენი პოზიციებიც გაუმჯობესდება. 

უმჯობესია, თუ ისეთ თემას აირჩევთ, რაც თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ბევრი ეფილიეიტ საიტი ქრება კონტენტის არათანმიმდევრულობის გამო. ამიტომ, თუ თქვენ გატაცებული ხართ იმ თემით, რაზეც მუშაობთ, სამუშაო პროცესი გაცილებით მარტივი და საინტერესო გახდება.

 

#3: იპოვეთ შესაბამისი ეფილიეიტ პროგრამა

არსებობს სამი სახის ეფილიეიტ პროგრამა

 

1. მცირე მოცულობის - მაღალანაზღაურებადი 

არსებობს ეფილიეიტ პროგრამები, რომლებიც ნიშურ პროდუქტებზე მუშაობენ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ.

მაგალითად, ConvertKit’s-ის ეფილიეიტ პროგრამა თვეში 700 დოლარს იხდის 80 მყიდველის სანაცვლოდ. მაგრამ, ისინი ყიდიან სპეციფიკურ პროდუქტს მცირე ბიზნესებისთვის და შესაბამისად, მყიდველების აუდიტორიაც მცირე და კონკრეტული ყავთ.

 

2. დიდი მოცულობის - დაბალანაზღაურებადი 

არსებობს ეფილიეიტ პროგრამა მცირე ანაზღაურებით, მაგრამ მასიური პროდუქტის გაყიდვის შესაძლებლობით.

მაგალითად, PS4-ის თამაშები. ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს PS4-ს, ერთი თამაშის საშუალო ღირებულება 50 დოლარია და ეფილიეიტის საკომისიო კი ერთნიშნა რიცხვია, რაც ნიშნავს, რომ ერთი გაყიდვის შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ 2-3 დოლარი. ასეთი პროგრამის მთავარი სარგებელი ის არის, რომ მას მილიონობით პროდუქტის გაყიდვის პოტენციალი აქვს. ამაზონის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვიდან, როგორც წესი, 10%-მდე იღებთ და ამას ემატება ის ფაქტი, რომ შეიძლება ისეთი პროდუქტის გაყიდვიდანაც მიიღოთ საკომისიო, რომლის პრომოციაც არ გაგიკეთებიათ (ზემოთ განხილული მაგალითი).

ასეთი სახის პროგრამისგან შემოსავლის მიღებისთვის საიტზე დიდი ტრაფიკი გჭირდებათ. 

 

3. დიდი მოცულობის - მაღალანაზღაურებადი

ასეთი სახის პროგრამები მასიურად მოთხოვნად პროდუქტებსაც ყიდიან და მაღალ საკომისიოსაც გასცემენ, მაგალითად საკრედიტო ბარათები.

საკრედიტო ბარათები ყველას სჭირდება და ძირითად შემთხვევაში, ადამიანები წლობით რჩებიან კომპანიის მომხმარებლები.

ასეთი სახის პროგრამაზე საუბარი ბევრი შეიძლება, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეებიც და რადგან ამ სტატიაში ეფილიეიტ მარკეტინგს დამწყებთათვის განვიხილავთ მხოლოდ იმას გირჩევთ, რომ უბრალოდ გქონდეთ ინფორმაცია ასეთი პროგრამის არსებობის შესახებ.

 

როგორ ავირჩიოთ, რომელი პროგრამაა ჩვენთვის შესაფერისი?

დამოკიდებულია თქვენს ნიშასა და მიზანზე.

თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია უბრალოდ მომხმარებლები არიან, სჯობს მეორე მოდელი აირჩიოთ, თუ თქვენ ბიზნეს აუდიტორიისთვის ქმნით კონტენტს - მაშინ პირველი.

თუ კონკრეტულად რომელი პროგრამა აირჩიოთ, ამაში Google search დაგეხმარებათ.

ასევე, შეგიძლიათ, ეფილიეიტ პროგრამის გარეშეც დაუკავშირდეთ თქვენთვის სასურველ კომპანიას და შესთავაზოთ, გახდნენ თქვენი მერჩანტები.

 

#4: შექმენით კარგი კონტენტი

თუ გსურთ, რომ ეფილიეიტ მარკეტინგში წარმატებას მიაღწიოთ, მაღალი ხარისხის კონტენტი უნდა შექმნათ, რომელშიც ეფილიეიტ ბმულების განთავსება ბუნებრივი იქნება. მაგალითად, ტიმ ფერისმა ინტერვიუ ჩამოართვა 100-ზე მეტ ცნობილ ადამიანს, რომლებსაც ჰკითხა: ბოლო ექვს თვეში 100$-ზე ნაკლები ღირებულების რა ნივთი შეიძინეს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია მათზე. რესპოდენტების პასუხები თავის ბლოგში სტატიის სახით გამოაქვეყნა და ნახსენები პროდუქტების ეფილიეიტ ბმულები ჩასვა. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ნაბიჯმა ნამდვილად დადებითად იმოქმედა მკითხველებზე.

 

#5: გაზარდეთ ტრაფიკი თქვენს ეფილიეიტ პლატფორმაზე

მას შემდეგ, რაც კარგ კონტენტს შექმნით, იზრუნეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ეფილიეიტ ბმულებზე გადავიდნენ.

გთავაზობთ ტრაფიკ მოზიდვის სამ  სტრატეგიას:

 

1. რეკლამით მოპოვებული ტრაფიკი

ეს ძირითადად PPC (pay per click) რეკლამით ხდება. ამ სტრატეგიის უპირატესობა იმაშია, რომ როგორც კი თანხას ხარჯავთ რეკლამაში, ტრაფიკიც იზრდება. თუმცა უარყოფითი მხარე ის არის, რომ თქვენი მოგება მცირდება და შანსი იმისა, რომ მანამდე დაკარგოთ ფული სანამ გამოიმუშავებთ, დიდია.

რეალურად უნდა შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა და მას შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, გიღირთ თუ არა ტრაფიკის გაზრდისთვის ბიუჯეტის გამოყოფა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ როგორც კი ფულის გადახდას შეწყვეტთ, ტრაფიკიც შემცირდება.

ასეთი სტრატეგიის არჩევა მიზანშეწონილია, როცა მაღალანაზღაურებადი ეფილიეიტის პროგრამით სარგებლობთ.

 

2. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციით თქვენი კონტენტი Google-ში მოწინავე პოზიციებზე გამოჩნდება. რაც უფრო გაუმჯობესებული SEO გექნებათ, ტრაფიკის ნაკადიც მუდმივი და მზარდი იქნება.

SEO-ს საბაზისო დონეზე უნდა გაიგოთ, თუ რას ეძებს თქვენი სამიზნე აუდიტორია, რის შემდეგაც უნდა შექმნათ შესაბამისი კონტენტი. 

 

3. იმეილების სიის შექმნა

იმეილების სია საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს დაეკონტაქტოთ თქვენს აუდიტორიას.

გამოიყენეთ იმეილ მარკეტინგი იმისთვის, რომ აუდიტორიას ახალი კონტენტის შესახებ მიაწოდოთ ინფორმაცია. შეგიძლიათ, გაუგზავნოთ შეტყობინებები შეთავაზებების სახითაც და თან დაურთოთ ეფილიეიტ ბმულები.

იმისათვის, რომ იმეილების სია მოიპოვოთ, ვიზიტორები უნდა დააწრმუნოთ, რომ თქვენს საიტზე დარეგისტრირდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაცვლოდ თქვენგან რაიმე ღირებული უნდა მიიღონ.

 

#6: გაზარდეთ კლიკები თქვენს ეფილიეიტ ბმულებზე

ის ფაქტი, რომ შესანიშნავი კონტენტი შექმენით, არ ნიშნავს იმას, რომ ეფილიეიტ ბმულებზე მკითხველები აუცილებლად გადავლენ.

ამისათვის არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც დამატებით უნდა გაითვალისწინოთ:

 

1. ბმულის განთავსება (placement)

თუ ყველა ბმულს კონტენტის ბოლოში მოათავსებთ, სადაც მკითხველების უმეტესობა შეიძლება არც ჩავიდეს, კლიკები, რა თქმა უნდა, ცოტა გექნებათ.

ასევე, თუ სტატიაში ყველა სიტყვას გალინკავთ, თქვენი კონტენტი სპამად აღიქმება.

ამიტომ, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბმულების განთავსებას სტატიაში.

 

2. კონტექსტი

დავუშვათ, წერთ სტატიას სამზარეულოს საუკეთესო დანების შესახებ, სასურველია, თქვენი გალინკული სიტყვები შეესაბამებოდეს იმ პროდუქტს, რაზეც საუბრობთ და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვები არ გალინკოთ, მაგალითად:

დღეს განვიხილავ სამზარეულოს საუკეთესო დანებს“

რა თქმა უნდა, უფრო ლოგიკურია, თუ ამ წინადადებაში  გალინკავთ "დანებს".

 

3. Callouts

Callouts-ების გამოყენება, როგორიცაა ღილაკები და სხვა მსგავსი სახის ყურადღების მიმქცევი ელემენტები, ზრდის ეფილიეიტ ბმულზე გადასვლის შანსს. 

 

#7: გადააქციეთ კლიკები გაყიდვებად

ეფილიეიტ მარკეტინგში ორი ტიპის კონვერტაცია უნდა მოხდეს იმისათვის, რომ თანხა გამოიმუშაოთ.

პირველი არის ეფილიეიტ ბმულზე კლიკი, რომლის კონტროლიც თქვენ 100%-ით შეგიძლიათ, ხოლო მეორე - პროდუქტის გაყიდვა, რასაც მერჩანტი აკონტროლებს. ამის მოსაგვარებლად კი შეგიძლიათ ისარგებლოთ შესაბამისი ეფილიეტის პროგრამით, რომლის საშუალებითაც გაყიდვების კონტროლსაც შეძლებთ.

ამ პროგრამების საპოვნელად რამდენიმე გზა არსებობს:

 

1. Google

ბლოგერები ძირითადად საჯაროდ აქვეყნებენ რეპორტებს, თუ რა შემოსავალი მიიღეს ეფილიეიტის დახმარებით. ეს შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ კარგ პროგრამასაც იყენებენ. ასეთი სახის რეპორტების მოძიება Google-ში შეგიძლიათ.

 

2. დასვით კითხვები

თუ ვერ მოიპოვეთ საკმარისი ინფორმაცია იმ პროგრამის შესახებ, რომლითაც დაინტერესდით, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და ჩაერთოთ სხვადასხვა ფორუმებისა თუ სოც. მედია ჯგუფების დისკუსიებში. მაგალითად, გინდათ გაიგოთ, რა არის კონვერტაციის საშუალო მაჩვენებელი, ტოპ ეფილიეიტები თვეში საშუალოდ რა ოდენობის საკომისიოს გამოიმუშავებენ და ა.შ.

 

3. ენდეთ თქვენს ინტუიციას

ხანდახან ასეთი მიდგომაც ამართლებს. თუ მიგაჩნიათ, რომ კონკრეტული პროგრამა თქვენთვის შესაბამისია ან პირიქით, თვლით რომ არ გამოგადგებათ, შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენს ინტუიციაზე დაყრდნობით.

 

არ იფიქროთ, რომ ეფილიეიტ მარკეტინგი ამ ინფორმაციით სრულდება და ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამდენიმე დღეში შეძლებთ მისი საშუალებით დიდი შემოსავალი მიიღოთ.

თავდაპირველად, ორიენტირებული იყავით თქვენს პირველ გაყიდვაზე, შემდეგ კი დაისახეთ ახალი მიზნები . არასდროს მოერიდოთ ექსპერიმენტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამწყები ხართ ამ სფეროში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ეფილიეიტ მარკეტინგის 6 სტრატეგია გაყიდვების გაზრდისთვის

ეფილიეიტ მარკეტინის ძირითადი არხები

გამომცემელთა სახეობები ეფილიეიტ მარკეტინგში