media-4

რა არის ქოფირაითინგი       

  • 30 მარ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
რა არის ქოფირაითინგი       

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქოფირაითინგის სამყაროში.

მნიშვნელობა არ აქვს, მას სამომავლო კარიერად განიხილავთ, თუ უბრალოდ დამატებითი შემოსავლის წყაროდ, ჩვენი გზამკვლევი იმ ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, რომელიც ქოფირაითინგის სფეროს უკავშირდება. ასევე გაეცნობით იმ ეტაპებს, რომელთა გავლაც დაგეხმარებათ - გახდეთ წარმატებული ქოფირაითერი.

რას ეწოდება ქოფირათინგი

ქოფირაითინგი დამარწმუნებელი მარკეტინგული თუ სარეკლამო მატერიალების შექმნის პროცესია, რომელიც ადამიანებს კონკრეტული მოქმედებისაკენ უბიძგებს. იქნება ეს პროდუქტის შესყიდვა, ბმულზე გადასვლა, დონაცია თუ კონსულტაციაზე ჩაწერა.

აღნიშნული მატერიალები შეიძლება მოიცავდეს როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ მასალებსაც. მათ სიაში შედის ასევე სკრიპტები და ვერბალური მასალებიც, რომლებიც ვიდეობისა და სარეკლამო რგოლებისთვის გამოიყენება.

სწორედ ამ მასალებში გამოყენებულ ტექსტს ეწოდება „copy” - ქოფი, საიდანაც გამომდინარეობს ტერმინი ქოფირაითინგი (copywriting).

შესაძლოა ვერც აანალიზებდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ქოფირაითინგი ჩვენ გარშემო მუდმივად ტრიალებს.

რეალურად, თუ თქვენს ელექტრონულ ფოსტას შეამოწმებთ, აქაც ქოფირაითინგის უამრავ მაგალითს იპოვით. აუცილებლად შეგხვდებათ ადგილობრივი რესტორნების რეკლამები, კატალოგები, ორგანიზაციების შეტყობინებები ან სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვების წერილები. ყველა ეს ფორმა ქოფირაითინგს მიეკუთვნება.

თუმცა, დღესდღობით, ქოფირაითნგი საგრძნობლად სცდება ბეჭდური მედიის ფარგლებს.

უმეტესობა მასალებისა, რასაც ონლაინ სივრცეში ეცნობით, არის ქოფირაითინგის შემადგენელი ნაწილი. მაგალითად, ვებ-გვერდები ან რაიმე უფასო მოხსენებები, რომლისთვისაც რეგისტრაციას გადიხართ და ის ელექტრონული ფოსტები, რომლებსაც რეგისტრაციისას ღებულობთ.

მაგალითად, ავიღოთ ერთ-ერთი კომპანია Stitch Fix, რომელიც ხალხს მათთვის შესაფერისი სტილის მოძებნაში ეხმარება. ასევე საიტზე სხვადასხვა სახეობისა და სტილის ტანსაცმელიც იყიდება. 

ვებ-გვერდი სრულად იმისთვისაა შექმნილი, რომ თქვენი გარკვეული ქმედებისაკენ გიბიძგოთ. ისინი მოგიწოდებენ, გამოიწეროთ მათი სოციალური მედია, „განაგრძოთ კითხვა“, ან „ითხოვოთ სტილისტის რჩევა“.

ეს ის ფორმებია, რომლებსაც ონლაინ სივრცეში გამუდმებით ვხვდებით. გარდა ამისა, შეიძლება ქოფირაითინგი იყოს ისიც, რასაც ისმენთ.

სატელევიზიო რეკლამები, პროდუქტების მიმოხილვა იუთუბზე და მოკლე აღწერები, თუ როგორ გამოიყენოთ ესა თუ ის პროდუქტი - ყველა ზემოთ აღნიშნული ვერბალური ქოფირაითინგის მაგალითია.

[შენიშვნა: ქოფირაითინგი არ უნდა აგვერიოს სიტყვა „copyright”-ში, რაც ექსკლუზიურ უფლებას გულისხმობს რაიმე პროდუქტის ან ნამუშევარის გამოყენებისთვის. მაგალითად, წიგნის, მუსიკის ან ხელოვნების ნიმუშის. მისი მიზანი ორიგინალი მასალის დაცვა და მისი ლეგალური გამოყენებაა. სწორედ მისი აღმნიშვნელი სიმბოლოა ©. ]

ვინ არის ქოფირაითერი?

ქოფირაითერი პროფესიონალი მწერალია, რომელიც მარკეტინგული და სარეკლამო მასალებისთვის ქმნის საჭირო ტექსტებს.

არა ერთი მითი გსმენიათ ალბათ მწერლების შესახებ, რომ ნამდვილი მწერალი ამ ნიჭით იბადება და მისი შესწავლა შეუძლებელია.

ან შეიძლება, ის მოსაზრება გსმენიათ ხშირად, რომ არანაირი ნიჭი არ არის აუცილებელი და ყველას შეუძლია, ისწავლოს წერა.

როდესაც საქმე ქოფირაითინგს ეხება, არც ერთი დებულება სიმართლეს არ შეესაბამება.

ქოფირაითერები პროფესიონალები არიან, რომლებმაც საკუთარი უნარები სწავლისა და პრაქტიკის საფუძველზე გამოიმუშავეს. არავინ დაბადებულა იმ ცოდნით, როგორ დაეწერა შესანიშნავი ტექსტი, თუმცა, ცხადია, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ამაზე იმუშავოს და ამ მხრივ განვითარდეს.

მიუხედავად ამისა, ამგვარი მითების საფუძველზე, ქოფირაითინგი ისეთ ექსკლუზიურ პროფესიად ჩამოყალობდა, რომელსაც ბევრი ადამიანი არ ეუფლება.

თუმცა, ეს თქვენს სასარგებლოდაც მუშაობს, რადგან ბევრი კარგად მომზადებული ქოფირაითერის პოვნა საკმაოდ რთულია. ეს კი მათ ფასსაც, რა თქმა უნდა, ზრდის.

რაც მთავარია, იმისათვის, რომ მაღალ ანაზღაურებადი ქოფირაითერი გახდეთ, ზღვა რაოდენობით რეკომენდაციები და დოკუმენტები საჭირო არ არის. ამ სფეროში შეგიძლიათ, საკმაოდ სწრაფად უფასოდ, ან მხოლოდ მცირეოდენი ინვესტიციით განვითარდეთ.

სარგებელზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ერთადერთი რაზეც ქოფირაითერები წუხან, არის ის, თუ აქამდე რატომ არ დაიწყეს ეს საქმიანობა.

ვინ მიმართავს ქოფირაითერებს?

ქოფირაითინგი თითქმის ყველა ბიზნესის საყრდენია. ქოფირაითერების გარეშე ბიზნესები ვერ შეძლებდნენ საკუთარი მესიჯების პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანას, ან ჩართავდნენ სხვადასხვა აქტივობებში არსებულ მომხმარებლებს.

ეს მოიცავს ვებ-გვერდებს, ორგანიზაციებს, სხვადასხვა სერვის პროვაიდერებს და ასე შემდეგ.

მათ ყველას სჭირდებათ და იყენებენ კიდეც ქოფირაითერებს.

ქოფირაითერებს უამრავი სხვადასხვა სახის კომპანია მიმართავს, როგორც მცირე და საშუალო, ისე დიდი ბიზნესებიც. მაგალითად:

  • ფინანსური ინსტიტუტები და საინვესტიციო ფირმები
  • სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიები
  • საკვები მწარმოებლები
  • ადგილობრივი სერვისის პროვაიდერები
  • ფიტნესისა და სხვა სახის მწვრთნელები
  • სამედიცინო დოქტორები, სტომატოლოგები
  • ჯამრთელობისა და სხვადასხვა თავის მოვლის საშუალების მიმწოდებლები

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვილია იმ ბიზნესებისა, ვინც ქოფირაითინგს იყენებს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის შეძლებთ ამ სფეროში ისეთი ადგილი იპოვოთ, რომელიც თქვენს ინტერესებს შეესაბამება.

რა განსხვავებაა ქოფირაითინგსა და კონტენტის წარმოებას შორის?

ალბათ გსმენიათ, რომ ქოფირაითინგი და კონტენტის წარმოება გასნხვავებული ცნებებია. თავისთავად, ამაში არის სიმართლის მარცვალი და ახლა სწორედ ამ განსხვავებას ავხსნით.

ზოგადად, ქოფირაითინგი მარკეტინგული და სარეკლამო მასალებისთვის წერას მოიცავს. ხოლო კონტენტი, ინფორმაციული ვებ-გვერდების შექმნას, ბლოგებისა და სტატიების წერას გულისხმობს.

ერთი მხრივ, ეს განმარტებები ზუსტად ასახავს თითოეულს.

არსებობს მოსაზრება, რომ კონტენტი სრულად ინფორმაციულია და არანაირ დამარწმუნებელ ელემენტებს არ შეიცავს, მაგრამ ბევრი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმება.

არსებითად, ყველა ვებ-გვერდი გარკვეულ დამარწმუნებელ  და მოქმედებისაკენ მოწოდების ელემენტებს შეიცავს, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს პროდუქტის გვერდებზე, სადაც მოცემულია ღილაკი „შეიძინეთ ახლავე“. თუმცა, ძირითადად სტატიებშიც შეხვდებით მსგავს მესიჯებს. აქ ხშირად გვესმის მოწოდება რომელიმე ბმულზე გადასასვლელად, რასაც დამატებით წყარომდე მივყავართ.

ეს ყველაფერი დამარწმუნებელი ელემენტებია.

ამიტომაც, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ კონტენტის წარმოება და ქოფირაითინგი აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია. შეიძლება, ერთი უბრალოდ მეორეს სახეობა იყოს.

როგორც კარგი ქოფირაითინგი, კონტენტიც მომხმარებლის ჩართულობის ამაღლებისთვის იქმნება და მათ გარკვეული ქმედებისკენ მოუწოდებს.

რამდენად მზარდი ინდუსტრიაა ქოფირათინგი?

მოკლედ რომ ვთქვათ, ქოფირაითინგი საკმაოდ მზარდი ინდუსტრიაა.

ქოფირაითინგი, ათწლეულების განმავლობაში განიხილებოდა, როგორც მარკეტინგის არსებითი ნაწილი.

თუმცა, ქოფირაითინგის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. აშკარაა, რომ ჯერ კიდევ ძველ რომშიც, გამყიდველებს აუცილებლად დასჭირდებოდათ პოტენციურ მომხმარებლებთან დამარწმუნებელი ელემენტების გამოყენება.

ქოფირაითინგის ისტორია ძალიან ვრცელი და ადრეულია.

ბიზნესისთვის ყოველთვის საჭირო იყო, პოტენციურ მომხმარებლამდე მისასვლელი გზა სცოდნოდა და მათთვის ეფექტური კომუნიკაციის საშუალებაც გამოენახა. ეს კი, დღესდღეობით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. დღეს ხალხი გამუდმებით იღებს ახალ-ახალ მესიჯებს მედიის ყველანაირი ფორმის საშუალებით, ამიტომაც, საჭიროა რაიმე განსაკუთრებული მიდგომის გამოძებნა. სწორედ ამის გამო დებს ბევრი ბიზნესი დიდ ინვესტიციას მარკეტინგსა და ქოფირაითინგში.

სტატისტიკა გვაცნობს, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ქოფირაითინგი ბიზნესების საქმიანობაში:

  • ტრადიციული ელექტრონული ფოსტები, რომლებიც ხალხთან იგზავნება, კომპანიების 56%-ის მიერ გამოიყენება.
  • ამ კომპანიების 81% კი გეგმავს, რომ შეინარჩუნოს ან გაზარდოს მისი გამოყენება მომავალი წლისათვის.
  • 90% ორგანიზაციებისა იყენებს ონლაინ კონტენტ მარკეტინგს.
  • კომპანიების 70% აქტიურად დებს ინვესტიციებს კონტენტ მარკეტინგში, ხოლო 53% მისი ბიუჯეტის გაზრდასაც გეგმავს.
  • დაახლოებით 67 პროცენტი კი, ცდილობს ქოფირაითინგისთვის პროფესიონალები გარედან დაიქირავონ.

Rober Half International-ის განცხადებით, „მოთხოვნა პროფესიონალ ქოფირაითერებზე დღითიდღე იზრდება, ვინაიდან ბიზნესებს უფრო მეტად სჭირდებათ მიმზიდველი და ეფექტური კონტენტის შექმნა მათი ონლაინ და ბეჭდური მედიისათვის. სარეკლამო და მარკეტინგული ფირმების 60%-ის თქმით კი, ისინი დამატებით ქოფირათერების დაქირავებას გეგმავენ.“

ერთი სიტყვით, ქოფირაითინგის მომავალი საკმაოდ ნათელი ჩანს. ის ისეთ უნარებს მოიცავს, რაც ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება გადასარჩენად. სწორედ ამიტომ არის ქოფირაითინგი მზარდი ინდუსტრია, რომელიც ამავდროულად საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. მას შემდეგ, რაც ქოფირაითინგს სრულყოფილად აითვისებთ, ყოველთვის იქნებით მოთხოვნადი პროფესიონალი, თანაც მაღალი და სტაბილური შემოსავლის წყაროთი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ეფექტური ქოფირაითინგის 10 რჩევა