ეფექტური ქოფირაითინგის 10 რჩევა

არ აქვს მნიშვნელობა ფლობთ მცირე, საშუალო თუ დიდ ბიზნესს, გაყიდვებზე ორიენტირებული ქოფის შექმნა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ქოფირაითინგი მარკეტინგის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია. კარგად შედგენილ ქოფის შეუძლია უდიდესი წარმატება მოუტანოს კომპანიას, ან პირიქით, არაეფექტურმა ქოფიმ მთლიანად დაანგრიოს მარკეტინგული კამპანია.
ბევრი ადამიანი ეფექტური ქოფირაითინგის ინტერპრეტაციას არასწორად ახდენს. ძალიან ბევრჯერ გვსმენია, რომ ფრილანსერი მწერლები ქოფირაითერობაზე გადართვას აპირებენ, თითქოს ეს მათი არსებული შესაძლებლობების გაფართოება იყოს. ზოგს შესაძლოა ქოფირაითერობა ბუნებრივად გამოსდიოდეს, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში, ქოფის ტექნიკებს სწავლა და გამოცდილების მიღება სჭირდება. ქოფირაითინგი გაყიდვაზე ორიენტირებული კონტენტის შექმნას გულისხმობს, თუმცა არა უხეშად შედგენილ ტექსტებს, რომლებიც ყიდვას სთავაზობენ მომხმარებლებს და შედეგი გაღიზიანების გამოწვევა უფროა ხოლმე, ვიდრე გაყიდვების გაზრდა.
კარგად შემუშავებული ტექსტი ადამიანებს თვალში უხეშად არ ხვდებათ, მასში არ ჩანს დიდი და გამოკვეთილი ასოები. შეტყობინება უნდა იყოს მსუბუქი, მარტივ ენაზე დაწერილი, მძიმე გაყიდვების ტექსტის გარეშე.
წარმატებული ქოფირაითინგი 10 მარტივი ნაბიჯისგან შედგება:
- გამოაჩინეთ თქვენი პროდუქტის სარგებელი;
- გამოიყენეთ თქვენი კონკურენტის სისუსტე;
- გაიცანით თქვენი აუდიტორია;
- გააგებინეთ, თუ რისთვის არის თქვენი პროდუქტი კარგი;
- ორიენტირდით „შენზე“ და არა „ჩვენზე“;
- იცოდეთ თქვენი არხები;
- თავი აარიდეთ ზედმეტად დიდ ინფორმაციას;
- გამოიყენეთ call to action;
- დაიზღვიეთ თავი;
- გაუკეთეთ ტექსტს კორექტურა.
1. გამოაჩინეთ თქვენი პროდუქტის სარგებელი
ქოფირაითინგის პირველი ნაბიჯი თქვენი პროდუქტის ღირებულების სწორად წარმოჩენაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სარგებელი არის ის, რასაც მომხმარებლები ელიან, რომ მიიღებენ პროდუქტის შეძენის შედეგად. თქვენ სიტყვებით უნდა გადმოსცეთ ის მიზეზი, თუ რა სარგებელს მოუტანს ადამიანებს თქვენი პროდუქტი. წარმატების გასაღები კი იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად და ბოლომდე იცოდეთ, რა სარგებელი მოაქვს თქვენს პროდუქტს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ აუდიტორიის დარწმუნებას.
2. გამოიყენეთ თქვენი კონკურენტის სისუსტე
დამაჯერებელი ქოფის დასაწერად, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა განგასხვავებთ თქვენი კონკურენტებისგან. კონკურენტების სისუსტის წარმოჩენით, თქვენ შეძლებთ, დააარწმუნოთ აუდიტორია, თუ რატომ უნდა შეიძინონ თქვენი და არა კონკურენტის პროდუქტი. ამისათვის საჭიროა, შეისწავლოთ კონკურენტების პროდუქტები და შეთავაზებები.
3. გაიცანით თქვენი აუდიტორია
ყველა ადამიანი მსოფლიოში არსებულ ყველა რეკლამას, რა თქმა უნდა, ვერ ნახავს. ყველა რეკლამას ჰყავს თავისი კონკრეტული აუდიტორია და მარკეტოლოგების საქმეა მათი სწორად შერჩევა. მაგალითად, თუ თქვენ სკეიტბორდებს ყიდით, რეკლამის ჟურნალში განთავსება არარელევანტურია, რადგან თქვენი აუდიტორია არასდროს არ ნახავს ამ რეკლამას.
პირველ რიგში, გამოიკვლიეთ თქვენი მომხმარებლები. ბიზნესების უმეტესობაში, მომხმარებლების 20% აგენერირებს შემოსავლების 80%-ს. სწორედ ეს 20% წარმოადგენს თქვენს საუკეთესო მომხმარებლებს. შეაფასეთ ეს მომხმარებლები მათი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით და შემდეგ სწორ ადგილებში ეძებეთ მათი მსგავსი ადამიანები.
არსებობს ბევრი დეტალი, რის მიხედვითაც შეგიძლიათ თქვენი მომხმარებლების შეფასება:
- სქესი
- ასაკი
- ეროვნება
- ოჯახური მდგომარეობა
- შემოსავალი
- პროფესია
- ინტერესები
4. გააგებინეთ თუ რისთვის არის თქვენი პროდუქტი კარგი
არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ უნდა შექმნათ რეკლამა. სანამ ქოფის წერას დაიწყებთ, უნდა იცოდეთ, თუ რა მიზანს ემსახურება თქვენი რეკლამა. რისი მიღება გსურთ მისგან? კონკრეტული რეკლამის შექმნა შესაძლოა რამდენიმე მიზანს ემსახურებოდეს:
- სპეციალური შეთავაზების შესახებ კომუნიკაცია;
- ინფორმაციის გაზიარება და ცნობადობის გაზრდა;
- ლიდების გენერირება.
თქვენი მომხმარებლები უნდა მიხვდნენ, რომ თქვენი პროდუქტი გაუმარტივებს ცხოვრებას, აგრძნობინებს თავს უკეთესად, დააზოგინებს ფულს და დროს და ა.შ. ქოფის შედგენის ამ ეტაპზე თქვენ უნდა ისაუბროთ პროდუქტის სარგებელზე, თვისებებზე, განსხვავებულობაზე და კონკრეტულად აღწეროთ, თუ რა გავლენას იქონიებს პროდუქტი თქვენი მიზნობრივი აუდიტორიის პრობლემებსა თუ სურვილებზე. გახსოვდეთ, ქოფის შედგენისას თავად პროდუქტი და სერვისი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია პროდუქტის თუ სერვისის ის თვისებები, რაც მომხმარებლების საჭიროებებს აკმაყოფილებს.
უპასუხეთ თქვენი აუდიტორიის შეკითხვას „რა არის მასში ჩემთვის?“. გახსოვდეთ, რეკლამის განთავსებაში თქვენ ფულს იხდით. არ გაფლანგოთ ფული ისეთი არაეფექტური ქოფით შედგენილ რეკლამაში, რომელიც ნათლად არ გადმოსცემს, თუ რა სარგებელს მიიღებენ მომხმარებლები თქვენი პროდუქტის შეძენით. დიდ კომპანიებს, დიდი მარკეტინგული ბიუჯეტით, აქვთ ტესტირებების საშუალება იმისთვის, რომ საუკეთესო ქოფი შექმნან, მაგრამ პატარა ბიზნესებს მხოლოდ ერთი შანსი აქვთ, რომ სწორი და ეფექტური მესიჯები გამოიყენონ რეკლამაში.
5. ორიენტირდით „შენზე“ და არა „ჩვენზე“
აუცილებელია, იცოდეთ, თუ როგორ მიმართოთ თქვენს მომხმარებელს. ამისათვის სწორად უნდა გქონდეთ შერჩეული ნაცვალსახელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის თქვენი აუდიტორია, თუმცა ყველა შემთხვევაში თქვენი მესიჯები უნდა მიმართავდეს მათ და არ უნდა საუბრობდეთ საკუთარ თავზე, რადგან მომხმარებელი მთავარი ადრესატია.
გახსოვდეთ, როდესაც პირდაპირ თქვენს აუდიტორიას მიმართავთ, ისინი მარტივად უკავშირებენ თქვენს მესიჯებს თავიანთ ცხოვრებას და საჭიროებებს და უფრო გასაგები ხდება, თუ რაში დაეხმარება მათ თქვენი პროდუქტი.
6. იცოდეთ თქვენი არხები
ქოფის შედგენისას გახსოვდეთ, რომ ყველა არხი, რომელზეც თქვენი რეკლამა უნდა განათავსოთ მოითხოვს სხვადასხვა სასაუბრო ტონს და სტილს. იმის მიხედვით, თუ სად უნდა განათავსოთ რეკლამა, იცვლება აუდიტორიაც და შესაბამისად თქვენი ქოფიც. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა მარკეტინგული ელემენტი სხვადასხვანაირ ქოფის საჭიროებს.
7. თავი აარიდეთ ზედმეტად დიდ ინფორმაციას
ბევრი დეტალის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით მომხმარებელს ყურადღებას გაუფანტავთ და საბოლოოდ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიაწვდით. ეფექტური ქოფირაითინგით ზუსტად იმის შესახებ უყვებით მომხმარებლებს, რაც მათ სჭირდებათ. ზედმეტი დეტალები უფანტავს ყურადღებას მკითხველს და საბოლოოდ ვერც იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმახსოვრებს, რისი მიწოდებაც გსურდათ. ადამიანებს ყოველდღიურად უამრავი რეკლამა ხვდებათ და უმეტესობა ყურადღების მიღმა რჩება, თქვენი რეკლამაც ერთ-ერთი მათგანია, რომელშიც ფული გაქვთ გადახდილი, ამიტომ დარწმუნდით, რომ იმ მცირედ შანსსაც არ გაუშვებთ ხელიდან, რომ მათი ყურადღება მიიქციოთ და თქვენი მთავარი სათქმელი ნათლად გადასცეთ.
8. გამოიყენეთ call to action
ნებისმიერი რეკლამის მიზანს კონკრეტული ქმედების გამოწვევა წარმოადგენს. Call to action სწორედ ის ელემენტია, რაც თქვენთვის სასურველი ქმედებისკენ მოუწოდებს მომხმარებლებს. ეს ერთგვარი ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თქვენი რეკლამის ნახვის შემდეგ.
Call to action მესიჯი ქოფირაითინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. გაითვალისწინეთ, რომ ქმედება, რისკენაც მოუწოდებთ მარტივი შესასრულებელი უნდა იყოს.
პირველი ნაბიჯიდან მეშვიდე ნაბიჯის ჩათვლით, თქვენ უკვე დაარწმუნეთ თქვენი მომხმარებლები, რომ პროდუქტი, რომლის რეკლამასაც აკეთებთ მათ სჭირდებათ. ახლა კი უნდა დარწმუნდეთ, რომ მარტივად შეძლებენ საპასუხო ქმედების განხორციელებას პოტენციური მომხმარებლები.
დასაწყისისთვის, დარწმუნდით, რომ თქვენი ტექსტის სტრუქტურა შედგება პირდაპირი და არა ირიბი/პასიური ტონისგან. მიზეზი მარტივია, ქოფი რომელიც მოწოდების ტონით არის შედგენილი ქმედებაზე ორიენტირებულია, ქმედებისკენ მოუწოდებს, ხოლო, ირიბი ტონით შედგენილი ტექსტი ქმედებაზე უბრალოდ საუბრობს, ინფორმაციას აწვდის.
შემდეგი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, call to action მესიჯი გადაუდებლობის შეგრძნებას უნდა აჩენდეს. როდის გინდათ, რომ მომხმარებლებმა ქმედება განახორციელონ? ხვალ? ერთ კვირაში? თუ ერთ თვეში? თუ თქვენ ახლა უშვებთ რეკლამას შედეგების მიღებაც მყისიერად გსურთ. ამისათვის ისეთი სიტყვები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც დაამოტივირებს მომხმარებლებს, მაშინვე მიიღონ გადაწყვეტილება და განახორციელონ თქვენთვის სასურველი ქმედება.
9. დაიზღვიეთ თავი
დიდ კომპანიებს აქვთ იმის საშუალება, რომ ტექსტებს იურისტებმაც გადახედონ, იმისთვის, რომ დადგენილ წესებთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს მათი რეკლამები, თუმცა ამის ფუფუნება პატარა ბიზნესებს არ გააჩნიათ. პასუხისმგებლობა კი ამ ნაწილში ყველას ერთნაირად ეკისრება. დარწმუნდით, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ქოფიში გამოყენებული სიტყვების სისწორის დამტკიცება შეგიძლიათ.
ასევე, რისკის შემცველია თქვენი პროდუქტის თუ ბიზნესის შესახებ გაზვიადებული ინფორმაციის მიწოდება. თუ თქვენ ტყუილში გამოგიჭერენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი ან პატარაა იქნება ის, თქვენს რეპუტაციას აღარაფერი ეშველება.
ფრთხილად იყავით ისეთი სიტყვების და ფრაზების გამოყენებისას, როგორიცაა:
- უფასო
- გარანტირებული
- საუკეთესო, ყველაზე დაბალი (ფასი), ყველაზე სწრაფი და ა.შ.
- დაიბრუნებთ თანხას უკან
- არანაირი რისკი
- ყიდვა არ დაგჭირდებათ
- არანაირი ვალდებულება
- 100 პროცენტით
- გპირდებით
10. გაუკეთეთ ტექსტს კორექტურა
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ტექსტი გამართული იყოს. ყველაზე სწრაფად რეკლამის ეფექტურობის დაკარგვა ტექსტში გრამატიკულმა თუ სტილისტურმა შეცდომებმა შეიძლება გამოიწვიოს. მომხმარებლები ამას გულგრილობად იღებენ და უჩნდებათ განცდა, რომ თუ კომპანიამ იმდენი ყურადღება ვერ გამოიჩინა რომ ტექსტში ასოები სწორად დაეწერა, მაშინ ისინი მომხმარებლებსაც ვერ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას. გახსოვდეთ, პროფესიონალები პროფესიონალურ ქოფის ქმნიან და ამას მომხმარებლები მარტივად ამჩნევენ.
ქოფირაითინგი ნამდვილად არც ისე რთულია, ამიტომ არ შეგეშინდეთ რისკების, თუმცა ამავდროულად იყავით ყურადღებიანი.