როგორ ცდილობს უკრაინული ბიზნესი გადარჩენას და ქვეყნის შენარჩუნებას

მარტი 21, 2022

როგორ ცდილობს უკრაინული ბიზნესი გადარჩენას და ქვეყნის შენარჩუნებას

24 თებერვალს უკრაინელი ხალხის და ზოგადად, მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეიცვალა. ამ დღემდე, უკრაინული ბიზნესი თამამად განაგრძობდა გლობალური სტრატეგიების შემუშავებას, ახალ-ახალი სერვისების შეთავაზებას და უკრაინის მოქალაქეებიც, მშვიდი და ლაღი ცხოვრებით ტკბებოდნენ

24 თებერვალს უკრაინელი ხალხის და ზოგადად, მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეიცვალა. ამ დღემდე, უკრაინული ბიზნესი თამამად განაგრძობდა გლობალური სტრატეგიების შემუშავებას, ახალ-ახალი სერვისების შეთავაზებას და უკრაინის მოქალაქეებიც მშვიდი და ლაღი ცხოვრებით ტკბებოდნენ. თუმცა, ომი და ბოროტება ყველაფერს ცვლის.

ბევრ უკრაინულ კომპანიას მოუწია ბიზნესების შეჩერება, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და უამრავი ბიზნესი გაკოტრდა კიდეც. თუმცა, საინტერესოა, როგორ ახერხებენ ის ბიზნესები გადარჩენას, რომლებიც დღემდე იბრძვიან და საკუთარ თავთან ერთად, ქვეყნის გადარჩენასაც ცდილობენ?

Choice31 უკრაინული კომპანიაა, რომელიც ონლაინ განათლებაშია ჩართული. ისინი საკმაოდ საპასუხისმგებლო და გამოწვევებით სავსე საქმეს ასრულებენ - ცდილობენ, პროფესიის შეცვლა წაახალისონ. კერძოდ კი ისინი ადამიანებს IT სფეროში ყოველგვარი ტექნიკური უნარ-ჩვევების გარეშე შეღწევაში ეხმარებიან. ომის დაწყებამდე ისინი მხოლოდ უკრაინულ ბაზარზე ოპერირებდნენ, თუმცა არსებული რეალობა საგრძნობლად შეიცვალა. არავინ იცის უკრაინაში, გაიღვიძებს თუ არა მომდევნო დღეს, ამიტომ ახალი პროფესიის დაუფლება, ნაკლებად რელევანტური ხდება.

„ომის პირველ დღეებში, ჩვენი კომპანია სრულ ქაოსში იყო გახვეული, ისევე როგორც მთელი ქვეყანა. უამრავი ადამიანი ჩაეწერა მოხალისედ და ბრძოლისათვის საჭირო რესურსების შეგროვებაც დაიწყო. ჩვენ სხვადასხვა ტიპის ჩატები შევქმენით, რათა უკრაინის სიტუაციის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია. ზოგიერთმა თანამშრომელმა, საკუთარ კიბერ დივიზიებიც კი შექმნა.

უამრავი ადამიანი საკუთარი ოჯახებისთვის უსაფრთხო ადგილის ძებნით იყო დაკავებული. რამდენიმე დღის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა უფრო ორგანიზებული გზებით იყო საჭირო და ჩვენ ამ გზების მოძიება გვევალებოდა.“ – Choice31

კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესის გადასარჩენად სხვა ქვეყნის ბაზრებზე იყო შესვლა საჭირო. ვინაიდან, ახალი პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა არ არსებობდა, Choice31-მა გადაწყვიტა, აერჩია არსებული პროდუქტებიდან ისეთი, რომელიც სხვა ქვეყნებისა და მოსახლეობისთვის რელევანტური იქნებოდა. მათ სპეციალურად მოარგეს კურსები სხვადასხვა ტრეინინგ ფორმატებს და ხარჯიც საგრძნობლადაც შეამცირეს.

როგორ ინარჩუნებს უკრაინული ბიზნესი ქვეყანას?

„ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია. პირველ რიგში, ეს უკრაინის გადარჩენაა. ჩვენთვის უზომოდ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება გამარჯვებაში, ამიტომ იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, თუ რა იქნება ომის დასრულების შემდეგ. უკრაინის ეკონომიკური განვითარება ახლა მხოლოდ უცხოელ მომხმარებლებზე და ქვეყნებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიღებული თანხის 50%-ის გადარიცხვა დახმარების ოფიციალურ ფონდში გადაწყვიტეთ.

ჩვენ ასევე გვსურს, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. თითოეული მათგანი უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდანაა, საიდანაც ზოგიერთი მათგანი ძალიან მძიმე სიტუაციაშია. ამ დროისათვის, თითოეული დასაქმებული განაგრძობს კომპანიაში მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეც დარჩება. თუმცა, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ კურსის ეფექტურ ცვლილებას და უცხოურ ბაზარზე გადასვლას, სხვა გზა ნამდვილად არ დაგვრჩება.“ - ევგენია გლიზერი, Choice31-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Choice31 ამ დროისათვის, Google SpreadSheets და B2B გაყიდვების კურსებს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. მიღებული თანხის 50%-ს კი ისინი რუსული აგრესიის მსხვერპლთა დასახმარებლად გასცემენ. ფონდი უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ შეიქმნა.