მარკეტინგული მეთოდი გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად

წარმოიდგინეთ, რომ ნაყინის ახალი ბრენდის შექმნა გსურთ. ადრეულ ეტაპზე, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ექცევით არაერთი ფაქტორის გამო. ბიზნესის დაწყების/გაშვების თარიღის შერჩევის შემდეგ ცდილობთ, ამ დღისთვის მაქსიმალურად მოეზმადოთ და რაც შეიძლება მეტი რამ გქონდეთ იდეალურად: ნაყინის არომატები, ლიცენზია, ბრენდინგი, ლოგო და სოციალური მედია არხები. ამ პროცესის განმავლობაში, ყოველდღიურად ფიქრობთ იმაზე, რომ პირველ დღეს - როდესაც პირველი მომხმარებელი მოვა თქვენთან, ყველაფერი იდეალურად იყოს.
ბევრი მეწარმე ბიზნესის გაშვების პირველ დღეზე უდიდეს იმედებს ამყარებს. რეალურად, ამ დღისათვის წნეხი იმდენად დიდია, რომ ხშირად ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო და თუ შეამჩნევთ, რომ რომელიმე ბიზნესის გაშვების თარიღი გადაიდო, ალბათ, მიხვდებით რატომაც - პროდუქტი ჯერ იდეალური არ არის. თუმცა, ბიზნესის წამოწყებისთვის ეს ერთადერთ სტრატეგიას არ წარმოადგენს.
საერთო ჩართულობის მეთოდი
ამ მეთოდის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს აუდიტორიას აცნობთ პროდუქტის შექმნის პროცესს. ეს აერთიანებს გასართობ და საგანმანათლებლო ელემენტებს პროდუქტის შესახებ. ნაცვლად იმისა, რომ კომპანიის მარკეტინგი ბიზნესის გაშვების დღიდან დაიწყოთ, შეგიძლიათ ამაზე გაცილებით ადრე იფიქროთ.
მაგალითად, თუ ამ მეთოდს ნაყინის მაღაზიისთვის გამოიყენებდით, თქვენ არ დაელოდებოდით პირველ დღეს სიახლეების გასაზიარებლად. ნაცვლად ამისა, თქვენ ლაივ ვიდეოების საშუალებით, პროცესის მსვლელობას საკუთარ აუდიტორიას გაუზიარებდით. პირველ დღეს ისაბურებდით თქვენს ხედვებსა და ოცნებებზე, მეორე დღეს ბიზნესის დეტალებს, რეგულაციებსა და მოპოვებულ ლიცენზიებს გააცნობდით პოტენციურ მომხმარებელს. რაც შეეხება მესამე დღეს, აუდიტორიას აჩვენებდით, როგორ არჩევდით იდეალური ნაყინის შესაქმნელად საჭირო არომატებს და როგორ გეხმარებოდათ აუდიტორია ამ პროცესში.
გვჭირდება არსებული აუდიტორია?
მას შემდეგ, რაც „უკანა სცენის“ გამოჩენისთვის გამბედაობას მოიკრებთ, შეიძლება ეჭვები აუდიტორიის შესახებაც გაგიჩნდეთ. რასაკვირველია, დიდ კომპანიებს, რომლებსაც სანდო და ცნობილი, პერსონალური ბრენდი აქვთ შექმნილი, ყველაფრის გაყიდვა შეუძლიათ. მაგრამ, იმუშავებს ეს მეთოდი თქვენთვის?
ამ კითხვაზე საპასუხოდ შეგვიძლია, ერთ-ერთი პოდკასტის მაგალითი - „Choose Unstoppable” მოვიყვანოთ. მისი გაშვებიდან სამი დღის შემდეგ, ეს პოდკასტი iTunes-ზე მესამე ადგილს იკავებდა მეწარმეთა კატეგორიაში (კანადაში). პირველივე წლის განმავლობაში კი ის iTunes-ის მთავარ გვერდზე იყო გამოტანილი - როგორც საყურადღებო და მნიშვნელოვანი პოდკასტი. ცხადია, ეს უჩვეულოდ არ მოგეჩვენებათ, რადგან ჯერ ამის უკან მდგარი ისტორია არ გაქვთ მოსმენილი. Kerri Macaulay-ის – “Choose Unstoppable” პოდკასტის შემქმნელის აუდიტორია მის დაწყებამდე მხოლოდ 800 ადამიანს და მცირე სოციალურ წრეს მოიცავდა. მისი აუდიტორიისთვის „კულისებს მიღმა“ კონტენტის ჩვენება სტრატეგიის დიდი ნაწილი იყო და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ღირებულიც.
კერიმ საკუთარ თავს შემდეგი მიზანი დაუსახა - 30 დღეში შექმნიდა პოდკასტს. ამ 30 დღის განმავლობაში კი, მან საკუთარი მოგზაურობის გაზიარება დაიწყო. მიზნის შესრულება ასეთი მცირე აუდიტორიის გათვალისწინებით მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა თამამი განცხადების შემდეგ,მისით არაერთი მეგობარი და მათი მეგობრები დაინტერესდნენ, რომლებიც კერის გამხნევებას ცდილობდნენ. კერიმ ამის საპასუხოდ შექმნა „პოდკასტის გაშვების“ ჯგუფი, სადაც ის დეტალურად უზიარებდა ჯგუფის წევრებს საკუთარ გამოცდილებას.
30 დღის მიწურულს, მისი ჯგუფი მხოლოდ 305 გამომწერისგან შედგებოდა. წარმოადგენდა ეს პრობლემას? პოდკასტის გაშვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, აქამდე უცნობი პოდკასტი სამ საუკეთესო პოდკასტის სიაში იყო შესული. ეს ყველაფერი კი ამ მცირე აუდიტორიის ექსტრემალური ჩართულობის დამსახურებით.
თქვენც შეგიძლიათ ასეთი ჯგუფის შექმნა? ალბათ, შეგიძლიათ. როგორც ჩანს, მონდომება და სურვილი მთავარი კომპონენტებია სტრატეგიის შესასრულებლად. თუმცა, დამატებით, კერის სტრატეგია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს მოიცავს:
- საჯაროდ დაიკისრეთ ვალდებულება - დაიწყეთ იმაზე საუბარი, თუ რაზე აპირებთ მუშაობას. რაც უფრო დიადია თქვენი მიზანი, მით უფრო საინტერესო იქნება მასზე დაკვირვება. გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აზრიანი, თუ მას 100%-ით შეასრულებთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული იქნება ის. რაიმე მიზნის გამოქვეყნება ფეისბუქზე და რამდენიმე დღეში მისი მიტოვება, ბრენდს კარგად, ნამდვილად არ წარმოაჩენს.
- გაუზიარეთ ადამიანებს კარგიც, ცუდიც და უშნოც - რთული გადაწყვეტილებების გაზიარება, წარუმატებელი მცდელობები - ეს ის ყველაფერია, რაც თქვენს აუდიტორიას დააინტერესებს.
- ჩართეთ ადამიანები გადაწყვეტილების მიღების პროცესში - სოციალური მედია იდეალური საშუალებაა იმისათვის, რომ აუდიტორიაც ჩართოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იქნება ეს წიგნის ყდის შერჩევა, კურსის თემა, ლოგოს ვიზუალი თუ სხვა რამ, სოციალური მედიის დახმარებით შეგიძლიათ, ხმის მიცემით აარჩევინოთ მომხმარებლებს სასურველი ვარიანტები. ამგვარად, ისინი უფრო ჩართულები იქნებიან პროცესში და საბოლოო შედეგებსაც დაელოდებიან.
- შეინარჩუნეთ სიმარტივე - ზემოთ განხილულ მაგალითში, კერიმ აუდიტორიის ჩართულობა მხოლოდ ფეისბუქის ლაივებით მოახერხა. დღესდღეობით, გულწრფელობა და სიმარტივე, ყველაზე მიმზიდველი და სასურველია.
დროში გამოცდილი მეთოდი
თუ გაეჭვებთ ის ფაქტი, რომ კულისებს მიღმა კადრების გავრცელება შედეგების მომტანი ნაკლებად არის, მაშინ კიდევ ერთ მარტივ მაგალითს მოვიშველიებთ.
1907 წელს, ქლაუდ ჰოპკინსი - რეკლამირების პიონერი, Shclitz Brewing Company-ის წევრი გახდა და მისი პირველივე დავალება კომპანიის წინა პლანზე წამოწევა და ლიდერად ჩამოყალიბება იყო. ქარხანაში სტუმრობის შემდეგ, ცნობილი ქოფირაითერი გაკვირვებული იყო ლუდის დამზადების პროცესით. მისი პირველი იდეაც სწორედ ამ პროცესის აღწერა იყო რეკლამის სახით, თუმცა მის მიმართ დამსაქმებლები სკეპტიკურად განეწყვნენ - მათი თქმით, სხვა ყველა კომპანიაც ზუსტად იმავე პროცესს გადიოდა და ამაში განსაცვიფრებელი არაფერი იყო. პროცესი, რომელიც ასეთი აშკარა და მოსაწყენი იყო კომპანიის შიგნით, ძალიან საინტერესო და მისტიური შეიძლება ყოფილიყო მომხმარებლისთვის. თანაც, ის გახდებოდა პირველი კომპანია, რომელიც ამ პროცესებზე ღიად ისაუბრებდა. საბოლოოდ, ჰოპკინსმა მოკლე ტექსტური რეკლამა შექმნა, რომელიც გაზეთებში გავრცელდა.
მომხმარებელთა ფსიქოლოგიის მისეულმა აღქმამ სასურველი შედეგები მოიტანა და კომპანიის გაყიდვებიც საოცრად გაიზარდა. ეს ყველაფერი კი რეკლამის ინდუსტრიაში ახალ ფურცლებზე დაიწერა.
ამ მეთოდის უკან მდგარი ფსიქოლოგიური პრინციპები ისეთივე ეფექტური იყო 100 წლის წინაც. ბუნებრიობა და ავთენტურობა დღეს შეიძლება მცირედით გაიცვითა, როგორც ტერმინი, თუმცა მათი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერ არ დამდგარა. ამ პროცესში მხოლოდ რთული და შემაძრწუნებელი მომენტების გაზიარება არაა მთავარი. აქ მნიშვნელოვანი თანმიმდევრულობა, ადამიანებთან საუბარი, გულწრფელობა, ბუნებრიობა და მათთან ერთად ამ გზის გავლაა.
ასევე დაგაინტერესებთ: